ჯონ ქითსი “ოდა ლარნაკს”

თარგმანი და წინასიტყვაობა რატი ამაღლობლისა

გაზაფხულზე, ”ლიგამუსში“, გიგა ზედანიასთან ჯონ ქითსის პოეზიაზე  საუბარისას გაირკვა, რომ ლექსს – „ოდა ბერძნულ ლარნაკს“, წელს 200 წელი უსრულდება, სწორედ ამ საუბარის შემდეგ გადავწყვიტე,   ეს ლექსი ქართულად მეთარგმნა.

1819 წელი ქითსისათვის და, არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, მთელი ევროპული რომანტიზმისათვის ერთგვარი “Annus Mirabilis” იყო.  მისი „ოდების“ უმრავლესობა, ამ დროს დაიწერა.

„ბერძნული ლარნაკისთვის“ ქითსის ინსპირაციად  მხატვარ ბენჯამინ რობერტ ჰეიდონთან  მეგობრობა იქცა.  ბრიტანეთის მუზეუმში მათ ერთად ნახეს ე.წ. „ელგინის (პართენონის) მარმარილო“, ქითსმა ამ ამბის აღსანიშნავად მეგობარ ჰეიდონს ორი სონეტი უძღვნა (Two Sonnets. To Haydon, With A Sonnet Written On Seeing The Elgin Marbles), ხოლო ჰეიდონის ავტორობით ბრიტანულ ყოველკვირეულ გამოცემაში (The Examiner)  გამოქვეყნებული  ორი სტატია  ძველი ბერძნული კულტისა და მსხვერპლშეწირვის კვლევის შესახებ, მკვლევართა აზრით, ქითსისთვის მეტად შთამაგონებელი გამოდგა.

ამავე დროს, ქითსი, თავისი ნაცადი „ექიმი-აფთიაქარის“ ხელით „სოსიბიოსის ვაზის“ (Sosibios Vase) კალკირებას იწყებს.  ელინური ხელოვნებისგან მიღებული ვიზუალური შთაბეჭდილებებით ბერძნული ლარნაკისადმი მიძღვნილ ოდაში ქითსი პოეტური ეკფრასისის ფორმას აცოცხლებს. ლიტრატურული ეკფრასისის საწყისთა ძიებას ქითსის საყვარელ ჰომეროსთან მივყავართ, კერძოდ, ილიადას XVIII (478-609) სიმღერასთან, სახელწოდებით „აქილევსის ფარი“.

ჰექტორის ხელით  მოკლული პატროკლოსის გამო შურის საძიებლად აღძრული აქილევსი დედას, თეტისს  თხოვს, რომ ჰეფესტომ მისთვის გამოჭედოს საჭურველი, ჰეფესტოც ერთ ღამეში ასრულებს თხოვნას. ჰეფესტოს მიერ ფარზე აღბეჭდილი სცენები და სიუჟეტები, რომელთაც ჰომეროსი აღგვიწერს – ცენტრიდან პერიფერიისკენ წრიულად მოძრაობენ და ვითარდებიან.

ფარის შუაგულში ვხედავთ დედამიწის, ცის, ზღვის, მზის, მთვარის, სხვადასხვა თანავარსკვლავედისა და ოკეანის შესაქმე-გამოჭედვის პროცესს. შემდეგ ორ მშვენიერ, ხალხით სავსე ქალაქს, აქედან ერთი საქორწილო ზეიმს მოუცავს, მეორე კი – შიშს, რადგან ალყა შემორტყმულია და აქვე, ფარზევე იწყება  ქალაქზე შეტევა და დაპირისპირებულთა შეტაკება.

მომდევნო სცენაში სამეფოა აღწერილი და მოსავლის აღება,  შემდეგ ვენახი და რთველი. შემდეგ ვხედავთ, თუ როგორ ესხმის თავს ორი ლომი ნახირსა და მის წინამძღოლ ხარს, როგორ ცდილობენ მათ მოგერიებას მწყემსები და მათი ძაღლები, თუმცა უშედეგოდ.  ამას მოსდევს ტყისპირა, ვრცელ მინდორში ცხვრების ბალახობის სცენა, შემდეგ ქალ-ვაჟების მგზნებარე ცეკვა, ფერხული. ბოლოს კი ფარს ერთგვარ სალტედ კრავს მდინარე ოკეანოსის ნაკადი.

ქითსის „ბერძნული ლარნაკიც“ აქილევსის ფარის მსგავსადაა სტრუქტურიზებული. წრიულად, თუმცა ყოველგვარი კომპოზიციური ცენტრის გარეშე, ამბები და სცენები აქ, ლარნაკის სხეულზე, თანმიმდევრულად ვითარდება. ოდა, ხუთი ათტაეპიანი სტროფისგან შედგება,  თითოეულ  ათტაეპიან სტროფში  სხვადასხვა სცენას ვხედავთ. პირველ სტროფში თავად ლარნაკი წარმოგვიდგება თავისი მთლიანობით, რომელსაც პოეტის ხმა მიმართავს, როგორც სიმშვიდის მარადიულ საცოლეს. შემდეგ სტროფებში ვაჟის მიერ ქალის მარადიული დევნაა ასახული და ა.შ.  დანარჩენს ქვემოთ, ლექსის ქართულ თარგმანში იხილავთ.

კიდევ ერთი, რაც აუცილებლად უნდა აღინიშნოს:  ქითსის ამ ლექსიდან მოყოლებული, ეკფრასისმა, როგორც პოეტური მეტყველების უძველესმა ფორმამ, ახალი სიცოცხლე დაიწყო ევროპულ და მოგვიანებით ამერიკულ ლიტერატურაში.

ქითსის გარდაცვალებიდან დაახლოებით 30 წლის მერე, ინგლისში გამოჩნდა გარკვეულ დრომდე გასაიდუმლოებული საძმო, აბრევიატურით  P. R. B.  რომელიც ამგვარად იშიფრებოდა (Pre-Raphaelite Brotherhood). პირველად ხსენებული აბრევიატურა  დანტე გაბრიელ როსეტის ფერწერულ ტილოზე გამოჩნდა, სახელწოდებით  (The Girlhood of Mary Virgin 1849). სწორედ პრე-რაფაელიტებმა აიტაცეს პოეზიაში ქითსი და ქითსისეული ეკფრასისი, განსაკუთრებით პოეტმა-მხატვრებმა –  დანტე გაბრიელ როსეტიმ და უილიამ მორისმა.

დაახლოებით საუკუნის შემდეგ, 1940 წელს, იუსტან ჰიუ ოდენი აქვეყნებს თავის საეტაპო ტექსტს: “Musée des Beaux Arts”.  სათაურიდანვე მივხვდებით, რომ ქითსის მსგავსად, როდესაც მან ბრიტანეთის მუზეუმში ე.წ. „ელგინის (პართენონის) მარმარილო“ ნახა, ოდენმაც დაახლოებით მსგავსი ინსპირაცია გაინიცადა ბრიუსელის სახვითი ხელოვნების მუზეუმში ექსპონირებული ბრეიგელის ფერწერული ტილოს „პეიზაჟი იკაროსის დაცემით“ ნახვისას. ოდენის ხსენებულ ეკფრასისს 1960 წელს მოჰყვა ამერიკელი პოეტის, უილიამ კარლოს უილიამსის ამავე სახელწოდების ლექსი „Landscape with the Fall of Icarus“.

თავად ოდენისთვის ეს არ ყოფილა არც პირველი და არც უკანასკნელი ქითსისეული ეკფრასისი. 1952 წელს, ოდენი, მეორე მსოფლიო ომის პოეტური რეფლექსიით შთაგონებულ თავის ერთ-ერთ გამორჩეულ ლექს-ეკფრასისს აქვეყნებს, რომელსაც პირდაპირ ჰომეროსის „ილიადას“  XVIII სიმღერის სახელს არქმევს – „აქილევსის ფარი“.  იოსიფ ბროდსკიც, ოდენის გავლენითა და სიყვარულით მიდის, ჩადის ქითსამდე. თავის დიდ და მონოლითურ ლექსში “პეპელა” ბროდსკი თითქოს ქითსის ორ შედევრს – „ოდა ბერძნულ ლარნაკს“ და „ოდა ბულბულს“- ერთ მთლიანობად აქცევს.  ქითსის „ბერძნული ლარნაკის“ ვიზუალურ-იმაგინაციურ ელემენტს,  ქითსისვე ‘ბულბულის“ ხმოვან-ინსპირაციულთან აზავებს. ხსენებული ტექსტების გახსენების მიზანიც სწორედ ის გახლავთ, რომ ვაჩვენოთ, თუ როგორი გავლენა იქონია ქითსის შემოქმედებამ  ამ ორი საუკუნის მანძილზე მსოფლიოს გამორჩეული პოეტების მხატვრულ ევოლუციაზე.

ეკფრასის კუთხით, ქართულ პოეზიასაც თუ გავიხსენებთ, პირველი, რაც მეხსიერებაში „ამოვა“,  გრიგოლ ორბელიანის „თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ და გალაკტიონის „ქებათა ქება ნიკორწმინდას“ იქნება. რაც შეეხება ჯონ ქითსს, გალაკტიონი ლექსში „ვილანელი“ თითქმის უცვლელად ციტირებს „ბერძნული ლარნაკის“ ფინალურ აკორდსა და დასკვნას, რომელიც გალაკტიონისეულად ამგვარად ჟღერს: „მარადია ერთადერთი: შვენება…“

 

 

ოდა ბერძნულ ლარნაკს

 

შენ, კვლავ უმანკო, უძრავქმნილო სიმშვიდის სასძლოვ,

შვილივით გზრდიდა სიჩუმე და სინელე დროთა,

მემატიანე ტყისპირეთის, უკეთ რომ აღძრავს

ფერად თქმულებებს, ვიდრე ჩვენი ლექსების ხოტბა.

რა ფოთლ-ხშირი ამბავი სდევს შენს ტანს გარშემო,

ღმერთების, იქნებ მოკვდავების, ან მათი – ერთად?

ეს ტემპეა, თუ არკადია ჭალებ-გაშლილი,

სად ქალწულ-უარს დევნის ვნება კაცთა, თუ ღმერთთა?

ეს რა დევნაა? რა გაქცევა – განზე განზიდვა?

რა სტვირი უკრავს, რა დაირა, რა ექსტაზია?

 

მოსმენილ მელოსს მძაფრი ტკბობით აღემატება

მელოსი ჯერ არ სმენილი და შენც სტვირთა სტვენავ

არა გრძნობად ყურს, მასზე ძვირფას, ნატიფ ხატებას –

უმღერე უხმო სიმღერები სულიერ სმენას.

ამ ხშირ ხეივანს ვერ იხილავ ვერასდროს შიშველს,

შენი სიმღერაც ვერ შეწყდება მის ხეთა ჩრდილ ქვეშ

ახალგაზრდობავ, შენც მიჯნურო ქალწულის გასწვრივ

ხარ შორი-ახლოს, მაგრამ მაინც ვერასგზის შეძლებ

გულისწორს შენსას ნეტარების ამბორით შესწვდე,

ისიც სულ ასე, ტრფობით დამწვარს გედგება თვალწინ.

 

ტოტებო, თქვენი ნეტარება უფოთოლცვენო

გარემოცულა გაზაფხულით მარად უცვლელით,

შენც ნეტარექმნილხარ მემუსიკევ, რომ ვერ მოცდები

სიმღერას მარად ახალშობილს და განუწყვეტლივს.

შენ, სიყვარულო, კიდევ უფრო ხარ ბედნიერი,

ტკბობის სიმძაფრით, სიმხურვალით სუნთქვისმიერით,

უცვლელად ნორჩი, ახალგაზრდა, ყოველგვარ ქვენას

ზვერავ ზემოდან – კაცთა მოდგმას, რაც ოდით მოდგამს –

გულს რომ გვიტოვებს მოყირჭებულ ტანჯვით და მოთქმით,

შუბლს – გადაბუგულს, ხურვისაგან გამომშრალ ენას.

 

ეს, რა მსვლელობა-თავშეყრაა ხალხის, ვინ უწყის?

ცას რომ შეჰღმუის, აბრეშუმის ყვავილწნულებით

მოგირთავს კურო – შენ, ქურუმო, წინ რომ მიუძღვი

მისტერიული მსხვერპლშეწირვის აღსასრულებლად.

და ეს ქალაქი ზღვისპირა თუ მდინარისპირა,

გორაკზე მდგარი გალავნებით და ციტადელით

იმავ ხალხისგან რომ დაცლილა სრულად ამ დილით,

ო, აღარასდროს შენს ქუჩებში არ გაისმება

ჩქამიც, ვერასდროს დაგიბრუნდეს ძე-ხორციელი,

ვერ თქვას – რატომ ხარ ასე ყრუ და უკაცრიელი?

 

ატიკურ ფორმის მართებული პოზით, მოტივით

შენში მღელვარებს ქალ-ვაჟებად მარმარილოს ქვა,

მცენარე სანდლით გათელილი, ტყე განტოტვილი

შენი მდუმარე ფორმით ცდილობს განგვაკვირვოს და

გვემცნოს, ვით ცივი პასტორალი – მარადისობა.

როცა სიბერე ამ თაობას მოუღებს ბოლოს,

შენ სხვა ტკივილში მყოფი გვეტყვი მეგობრულ სათქმელს,

რომ: “სილამაზე სიმართლეა, და რომ სიმართლე

სილამაზეა.” – საბოლოოდ ეს არის მხოლოდ

ამ ქვეყანაზე, რისი ცოდნაც ძალგვიძს და გვმართებს.

 

2019 მაისი

მთარგმნელი: რატი ამაღლობელი