პირველი ნაწილი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2wI9RFg
IX. ფულის ნეგატიური ეთიკა
ბურჟუაზია, როგორც კლასი, ვერ ახერხებს საქართველოში საკუთარ ფასეულობათა სისტემის შექმნას და, შესაბამისად, კულტურული ჰეგემონიის მოპოვებას. მიუხედავად ამისა, ფული, როგორც ბურჟუაზიული ფასეულობების ამოსავალი წერტილი, ქართული კულტურის სისტემაში შემოდის და მნიშვნელოვან ადგილს იმკვიდრებს.
მიუხედავად იმისა, რომ სოციალური პრესტიჟის საზომი და მისი მკვებავი ფასეულობათა სისტემა არ იცვლება, ფული სიმბოლური კაპიტალის მატარებლების შეცვლას იწყებს ისე, რომ სიმბოლური კაპიტალის მატარებელს ეს გაცნობიერებული არ აქვს.
მნიშვნელობა, რომელსაც ფული იძენს (არა როგორც საშუალება, არამედ როგორც ფასეულობა, რომელიც უპირისპირდება ძველ რაინდულ ეთოსს), კარგად ჩანს ლავრენტი არდაზიანის ლექსში „ფულები“, რომელიც ჟურნალ „ცისკარში“ გამოქვეყნდა 1859 წელს. არდაზიანის ლექსში (რომელიც ფულის ირონიული პანეგირიკია) ფული არა მარტო ფეტიშია (მარქსისეული გაგებით), ანუ მას მიეწერება არა მარტო (საკრალიზებული) საგნის ძალა და შუამავალი ფუნქცია, არამედ მოქმედების უნარიც. ფული პერსონიფიცირებულია და სიუჟეტის მატარებელია. ლექსის სიუჟეტში ფული სწორედ იმას ახერხებს, რასაც ვერ ახერხებენ ეკონომიკური კაპიტალის მატარებლები: ბურჟუაზიისგან განსხვავებით ლექსში „ფული“ სოციალურ პრესტიჟს და ჰეგემონიის მოპოვებას. აქვე ლექსს მთლიანად მოვიყვან:
უწესოდ გაჩენილო, ურიცხვთ დასამხობელად,
იუდას სისხლით სვრილო, ბოროტად სახმარებლად,
კაცთა ამპარტავნების ამწეო მეტად მაღლად,
მაგრამ, ამასთან ეგრეთ კეთილს იქ დიად მრავლად.
მარემ, ისევ ფულებო,
ვერცხლის სიამოვნებო,
ჩვენი თვალის სინათლევ,
გონების მიმტაცებო.
ხშირად გვიყვარს სტუმრობა მარად განურჩეველი
ამოა ფუფუნება, ჟამი დაუდგრომელი,
კაცთ ბუნების აღმძვრელი და შურით აღმვსებელი,
სიმართლის დამჩაგვრელი, კაცთ ზნეობის გამრყვნელი,
რა ვსთქვა? ისევ, ფულებო,
ყოვლნი სულნი გეტრფიან, გაქვს ესრეთი ბუნება,
არა გწამს მეგობრობა, არც ნათესავთ თვისება,
ახვალ ზევით, გეძლევა ხარისხი და დიდება,
სააქაოს ცხოვრება არს კაცთ ფულის მონება.
რახან ასე ფულებო,
რა გინდ ვინმემ გაძაგოს, კვალად და კიდევ ვართ შენი,
ლხინსა თუ ჭირვებაში შენ გიგალობს ხმა ჩვენი,
ბნელის ღამის გამნათი, უცნობისა გზის მჩენი,
პყრობილთ ტყვეთ გამომხსნელი, ფულებო, არს დრო თქვენი
აბა, ისე, ფულებო,
ძილი აღარ მოუვა, ვის ეწვევი სტუმრათა,
პირს ევლება მარად ჟამს მოღიმება ხშირათა,
მიხვალ, მიგდევს, ფულებო, რაზმი კარგი წყობითა,
მოხვალ, მოგდევს, მარამა, ნუთუ ღალატობითა?
თურმე, ასე, ფულებო,
ძლივს გავბედე, ფულებო, ამგვარი შენი ქება,
უმჯობეს ხარ ყველაზე, ვერვინ შეგედარება,
რა არ ხელთა გიპყრიეს: შექცევა, შვება, ვნება,
ვინცა უმცირეს იყოს, იგიც შენით შენდება.
რადგან ასე, ფულებო.
ფული უპირისპირდება რაინდულ (და რელიგიურ) ეთოსს, როგორც უზნეო – ზნეობრივს: ის არ იცნობს მეგობრობას, არის შურის, ამპარტავნების წყარო, ჩაგრავს სიმართლეს და რყვნის ზნეობას. მეორე მხრივ, ფულს უკვე დადებითი თვისებებიც მიეწერება, ის „კეთილს იქს დიდად მრავლად“ „ანათებს ბნელ ღამეს“, აჩენს „უცნობ გზებს“ და გამოიხსნის „პყრობილ ტყვეთ“ (აქვე გავამახვილებ ყურადღებას ზოგად ტენდენციაზე: როდესაც ფულს დადებითი თვისებები მიეწერება, ეს თვისებები უტილიტარულია და არა ეთიკური). ნებისმიერ შემთხვევაში, ის აღიარებულია თუმცა ამბივალენტურ, მაგრამ უპირობო ფასეულობად.
ფულის ეთიკას, უფრო სწორად, ნეგატიურ ეთიკას შეგვიძლია დავაკვირდეთ გიორგი ერისთავის „გაყრიდან“ მოყოლებული. „სარგებელს რას ართმევ?“ – ეკითხება ივანე მიკირტუმს, „ცოტა, სამი შაური!“
„ეტო უჟასნო, მირტიჩ! ეტო ნე ჩესნო!“ – ამბობს ივანე.
მიკირტუმისთვის კი პატიოსნება მისი ეთიკის ნორმებს არ განსაზღვრავს:
„კტო ნა სვიტე ჩესნა ბუდით
ბუდით ნასიტ ხლება გუდით“
(როგორც ვნახეთ, „პირველ ნაბიჯში“ „ქუთაისელი ურიები“ ფულს თვეში 4%-იანი სარგებლით გაასესხებენ, 40 წლით ადრე მიკირტიჩი თავის მევალეებს ნაკლებს, 1,5 %-ს ართმევს. ივანეს (რაინდული) ეთიკის ფარგლებში ფულის გასესხება პრინციპულად მიუღებელია, მაგრამ ამ შემთხვევაში პროცენტის ოდენობაზეა ლაპარაკი. ნიშანდობლივია, რომ მიკირტიჩი აღიარებს პროცენტის არაეთიკურობას, მაგრამ, როგორც კაპიტალის ეთიკის წარმომადგენელი, პრინციპულად უარყოფს „პატიოსნების“ ეთიკას. მისი აზრით, ის ეკონომიკაში გამოუსადეგარია).
„სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის“ ფული უკავშირდება ტყუილსა და უმადურობას (სოლომონ ისაკიჩი თავის კეთილისმყოფელ დიდებულიძეებს 300 მანეთში 4739, 25 მანეთს გადაახდევინებს, მიუხედავად სინდისის ქენჯნისა).
? დღევანდელ პირობებთან შედარებით XIX საუკუნის მევახშეები შეიძლება ანგელოზებადაც მოგვეჩვენოს, მაგრამ ვალთან ერთად წლის ბოლოს ნასესხები თანხის „ძირიც“ იმატებს და პროცენტი უკვე იმ ვალს ემატება. რაინდიძეები დაახლოებით 30 წლის ვალს იხდიან. ისიც უნდა ითქვას, რომ სოლომონი გარკვეულ დათმობაზე მიდის და თუმანში ჩვეულ 2 შაურზე – 10 კაპიკზე ნაკლებს ართმევს). ქართულ ლიტერატურაში ვხედავთ საპროცენტო განაკვეთს წელიწადში 7,2 პროცენტიდან („სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“) 48 % მდე („პირველი ნაბიჯი“). ნატალია აზიანის „ფული და ხარისხში“ ლაპარაკია უკვე 100 %-ზე, რომელსაც მევახშეები გლეხებს ახდევინებდნენ. გარდა ამისა, პროცენტის შეფარული ფორმა იყო =„ნეუსტოიკა“ (პირგასამტეხლო), რომელიც შეიძლებოდა ვალის ოდენობისაც ყოფილიყო, რაც საბოლოო ვალს მნიშვნელოვნად ზრდიდა. რუსეთის იმპერიაში არსებობდა კანონები, რომლებიც ზღუდავდა მევახშეობას წლიური 12 %-ით (12 %-ის ზემოთ მევახშეობა 1903 წლიდან ითვლებოდა სისხლის სამართლის დანაშაულად).
არდაზიანი დიდ ყურადღებას უთმობს სოლომონის გამდიდრების ეკონომიკურ დეტალებს – რამდენად და როგორ ყიდულობს საქონელს სოლომონი და რამდენად ყიდის, ასევე მოტყუების როლს მის გამდიდრებაში). შესაბამისად, არდაზიანის რომანში არაეთიკურობა არა მარტო მევახშურ კაპიტალს, არამედ სავაჭრო კაპიტალსაც მიეწერება.
მრავალთაგან კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვან ნატალია აზიანის „ფული და ხარისხიდან“. თავად დავით ლამბაძეს უნდა ისესხოს 400 მანეთი სოფლელი ჩარჩი ივანე მუშტაძისაგან ვენახის გარანტიით (რომელიც ყველაზე დაბალი რანგის იპოთეკურ გარანტიად ითვლებოდა). დავითი სხვადასხვა არგუმენტით ცდილობს მუშტაძის დაყაბულებას. მუშტაძეზე არც ეთნიკური არგუმენტი ჭრის – „სომხების მეტს აღარავის აქვს ჭკუა? უთუოდ კაცი სომეხი უნდა იყვეს, რო ფულის მოგების შნო ჰქონდეს?“, არც ეთიკური – „რას ამბობ, კნიაზ, რა დროს კარგი და ავის გარჩევაა, დედა შვილს ვერ იცნობს!“, არც მეტაფიზიკური არგუმენტი – „შენში ღმერთი, რჯული ხატი არ არი? ნათელ მირონი არ გცხია? თუ ამ ქვეყნათ არ გეშინიან, იმ ქვეყნათ მაინც სულისთვის არასა ზრუნავ? წარწყმენდისა არ გეშინიან?“. იმას, რასაც მუშტაძე „ჭკუად“ წარმოაჩენს, ლამბაძე ჭკუად არ თვლის – „მე შენ გითხრა, დიდი ჭკუა უნდა ძმის გაყვლეფასა! იმიტომ „ფილოსოფოსი“ ბრძანდები, რომ გლეხკაცებს სამ პირ ტყავს აძრობ და მანათზე მანათს ართმევ?“. მუშტაძის რაციო მარტივია, მას უნდა ვალის უზრუნველსაყოფად ჩადებული ვენახი „ოხრათ“ ჩაიგდოს ხელში. ეთიკურ ვალებს მუშტაძე ასევე ეკონომიკური ლოგიკით იხდის (რომელიც თანამედროვე ქართული კულტურისთვისაც კარგადაა ნაცნობი): „მე ღმერთს თაყვანსა ვცემ! რამდენიც საყდარში შევდივარ, ორი და სამი შაურისა რო კელაპტარი არ მივართვა ხატებსა, ვენაცვალე იმათ მადლსა და სახელსა, არ შემიძლიან!“.
? იმავე „ფულსა და ხარისხში“ ორი ვაჭარი – არტემა და ბაგრატი ელაპარაკება ერთმანეთს. არტემი ეუბნება ბაგრატას: „ეხლა მოგება, ჩემო ბაგრატ, ისევ აღებმიცემობაშია: თუ გინდა რომ ერთი-ორი გროში იშოვა, იეფათ იყიდე და ძვირად გაყიდე. ნახევარ ფასათ ჭირნახული დაიკვეთე თავადებისგან…“ აქვე შეგვიძლია გავიხსენოთ ანალოგიური სცენა თომას მანის „ბუდენბროკებიდან“. „ბუდენბროკებში“ სენატორი თომას ბუდენბროკი ნახევარ ფასად ყიდულობს ჭირნახულს ადგილობრივი აზნაურისაგან. ნიშანდობლივი ამ შემთხვევაში სოციალური და სიმბოლური კაპიტალია, რომელიც არ აქვთ არტემასა და ბაგრატას და აქვს კონსულ ბუდენბროკს. თავადთან დიალოგში იერარქიები შეცვლილია, ბუდენბროკს არც თავი ჰგონია აზნაურზე ნაკლები და არც სინამდვილეში არის. სოციალური, კულტურული, ეკონომიკური და სიმბოლური კაპიტალი ბურჟუაზიის მხარესაა. „ბუდენბროკებში“ ვაჭრობის და ფულის მოგების არაეთიკურობის საკითხი მაინც დგას. მიუხედავად იმისა, რომ ვაჭრობა სრულებითაც არაა არაეთიკური, სპეკულაცია ბუდენბროკებისავე სავაჭრო ეთიკას ეწინააღმდეგება. რომანში თომას ბუდენბროკი თავისი სპეკულაციით ვერ ისარგებლებს. მოსავალს სეტყვა დაღუპავს, ბუდენბროკი კი ფულს დაკარგავს.
თუკი არდაზიანის ლექსს მისივე რომანს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ფული, როგორც ფასეულობა, უფრო ძლიერია, ვიდრე მისი კონკრეტული მატარებელი ან მისი მატარებელი სოციალური ჯგუფი.
ქართული რომანტიკული ანტიკაპიტალიზმის სიუჟეტურ ლოგიკას თუ დავაკვირდებით, იოლად შევამჩნევთ მის ერთ მნიშვნელოვან თავისებურებას: ბურჟუას გენეალოგიური გაგრძელება არა აქვს. ვაჭრების შვილები ან თვითონ ითვისებენ მათთვის უცხო ფასეულობებს (როგორც კარაპეტა ამბობს, „ჩვენი ვაჭრების შვილები ქართველებზედ ბედოვლათები გახდნენ. მიხვალ სახლში, სულ იუროპიულათ ნაქნარია: ეკიპაჟი, პოვარ, ლაქეი. აბა ახლა ზანდუკი უნახეთ, ისე ცარიალია, როგორც ქალაქიდან გასული თავადის ჯიბე“, იმავეს ვხვდებით „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილში“) ან/და ქართველ თავადებზე თხოვდებიან. ვაჭარს, როგორც სიუჟეტის მატარებელს, გენეალოგიური გამგრძელებელი არ ჰყავს. გიორგი წერეთლის „პირველ ნაბიჯში“ ბახვა ფულავას მემკვიდრე და გამგრძელებელი თაღლითი ადვოკატი „წუნკალაა“ (კაპიტალისტური ლოგიკა პირდაპირ დაიყვანება თაღლითობამდე), სოლომონ ისაკიჩს რჩება ერთი შვილი, რომელიც ჩინოვნიკი გახდება. ნატალია აზიანის პიესის „ინჯილერი თუ დოხტური“ სწორედ მისი „შთამომავლები“ არიან. ამ სიუჟეტურ ჩიხში ჩანს, რომ ფინანსური კაპიტალი ვერ ახერხებს საკუთარი თავის სიმბოლური რეპრეზენტაციის წარმოდგენასაც კი და რჩება მისთვის უცხო ფასეულობითი ლოგიკის ჩარჩოებში, სხვის კულტურულ ჰეგემონიას ემორჩილება.
კონფლიქტი (ან საერთოდ კავშირი) ბურჟუაზიასა და არისტოკრატიას შორის ორივეს ცვლის: სოციალური და სიმბოლური კაპიტალი, იქამდე უმნიშვნელო ვაჭრებისათვის, მნიშვნელოვანი ხდება. ეკონომიკური კაპიტალი, იქამდე გარანტირებული თავად-აზნაურობისათვის, დეფიციტური ხდება და თავადაზნაურობა ეკონომიკური კაპიტალისთვის იწყებს ბრძოლას. თუ პირველები ეკონომიკური კაპიტალის ლოგიკასთან ერთად სიმბოლური კაპიტალის და მისი ფუძემდებლური ფასეულობის ლოგიკასაც ნაწილობრივ მაინც აღიარებენ და მისით მოქმედებას იწყებენ, მეორენი იწყებენ ეკონომიკური კაპიტალის ლოგიკით მოქმედებას. ორივე სოციალური ჯგუფი შესაბამის ტრანსფორმაციას განიცდის.
X. ფული, როგორც ტრანსფორმატორი
როგორც ვნახეთ, ფული ქართულ კულტურაში შემოდის როგორც ნეგატიური ფასეულობა. მიუხედავად ამისა, ეს ნეგატიური ფასეულობა ახერხებს თუ არსებული ეთოსის ტრანსფორმაციას არა, ყოველ შემთხვევაში, მისი მატარებლების ტრანსფორმაციას მაინც, რომელსაც (არსებული ეთოსის გადმოსახედიდან) თამამად შეგვიძლია დავარქვათ „კორუფცია“.
„სურამის ციხეში“, განსხვავებით „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილისგან“, ფული დურმიშხანს არ ცვლის, მისი ხასიათი თავიდანვე ჩამოყალიბებულია, ოღონდ ფული ამ ხასიათს უკეთ გამოაჩენს (ფული მაგ., საერთოდ არ ცვლის ოსმან-აღას). ფული და დურმიშხანის ნეგატიურ ეთიკას შორის არჩევითი ნათესაობა, ურთიერთმიზიდულობა არსებობს. „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილში“ ფული უკვე აშკარა ტრანსფორმატორია: სოლომონ ისაკიჩი კონფლიქტში მოდის ორ ეთიკურ სისტემასთან, ერთის („ფულის“) მიხედვით ის მოქმედებს, მეორეთი (მისი აღზრდის „რაინდული“ ეთიკით) ის თავის მოქმედებას აფასებს. სწორედ ამ ეთიკის გადმოსახედიდანაა დაწერილი მისი „ავტობიოგრაფია“.
რაინდულ ეთოსსა და მის მატარებლებს შორის კავშირის გაწყვეტა პირდაპირაა დაკავშირებული ფულთან და მას შეგვიძლია დავაკვირდეთ „გაყრიდან“ მოყოლებული. „გაყრაში“ არა მარტო სათავადოს ეკონომიკურ დაშლას ვხედავთ. „ფულის“ გავლენით რაინდი, ქართული ეთოსის მატარებელი, სამ პერსონაჟად იშლება. ანდუყაფარი, ოჯახის უფროსი, მამათა თაობის წარმომადგენელია, შუათანა ძმა, პავლე, ლუარსაბ თათქარიძის წინამორბედია, ხოლო ივანე „თერგდალეულების“ პროტოტიპია (ანდუყაფარი მას „თერგდალეულად“ მოიხსენიებს, ოღონდ ამ სიტყვას ჯერ არ აქვს შეძენილი ილია ჭავჭავაძის შემდგომი, დადებითი მნიშვნელობა და უფრო უარყოფითაა კონოტირებული). სამივე ძმა თავისებურად უკვე ფულის ლოგიკას მისდევს: უფროსი ძმები უმცროსს მოტყუებით დააკისრებენ ოჯახის ვალს, უმცროსი ძმა კი ამ ვალის დასაფარავად მიკირტუმას ქალიშვილს მოიყვანს ცოლად.
? თავადაზნაურობის ეთიკური პრობლემა საქმიანობის პრესტიჟის შესაფერის ფორმებთანაცაა დაკავშირებული, რომლებიც ასევე ფულთან ან ფულისა და ხარისხის კონფლიქტთანაა დაკავშირებული: მემამულეობა (ძველი არისტოკრატიული ცხოვრების სტილი) ამ იერარქიაში პირველ ადგილზე დგას. მეორეზეა სამხედრო სამსახური (რომელიც ნელ-ნელა კარგავს პრესტიჟს, ამის მაგალითს უკვე მამათა და შვილთა ბრძოლის დროს ვხვდებით. ბოლო ადგილზე კი კოლონიურ ადმინისტრაციაში სამსახურია. (ყოველ შემთხვევაში, ქართული ლიტერატურული დისკურსის მიხედვით ეს იერარქია ძალაშია). სახელმწიფო სამსახურს სთავაზობს ივანეს მიკურტუმ გასპარიჩი: „სამსახურ ლავე, პატივე; ზასედატელს ასი თუმანი აქვს, ასიც ისე მოვლენ“.
კოლონიურ ადმინისტრაციაში მუშაობა „გაყრაში“ – და ქართულ „ბურჟუაზიულ“ ლიტერატურაში – უშუალოდაა დაკავშირებული კორუფციასთან.
„ქრთამი უნდა ავიღო?“ – პასუხობს ივანე მიკირტუმს, ის კი მიუგებს: „ვაა, ინჩის ასუმ! ჩემთვის რომ საქმე ჰქნა, შენი ოფლისათვის ოცი ოქრო მოგცე – ეს ქრთამია?!”
ანდუყაფარის მოურავი, ბარამი კორუფციას სახელმწიფოსთან ურთიერთობის ლეგიტიმურ ფორმად მიიჩნევს:
„ასის თუმნითა, აბა რას ბრძანებ,
სუდსა, პალატას ხელით ვაქანებ.
ჩვენს სუდიასა – აიმ კუკნასა,
სულ ვათამაშებ ლეკურ ბუქნასა,
და სეკრეტარსა მე ოც თუმნათა
გნებავთ გაგიხდით მაიმუნათა!“
სახელმწიფო სამსახური კორუფციასთან ერთად რაინდული ეთოსის დაკარგვასაც ნიშნავს. ამისი მაგალითი „გაყრაში“ არის რევაზი, სასამართლოს ჩინოვნიკი და უპატიოსნო მედიატორი. მედიატორები ქონების გაყოფისას ვალებს ივანეს მიაკუთვნებენ, ხოლო ქონებას – უფროს ძმებს, ანდუყაფარსა და პავლეს. „ეტო ტვოი კავერზი, მარტიშკა!“ – მიმართავს რევაზს გაბრაზებული ივანე. ის კი პასუხობს: „თქვენო ბრწყინვალებავ, მაგ აბიდისათვის სტატიით 125 უგოლოვნაღო ულოჟენია ო ნაკაზანიახ, ვი ბუდეტე ლიშენი: ჩინა, ზვანია ი სოსლანი ვ სიკლუ“.
მაშინ ივანე კონფლიქტის გადაწყვეტას ძველი, რაინდული მეთოდით ცდილობს – „მე შენ დუელში გამოგითხოვ!“, თუმცა რამაზი ღირსების ბრძოლაზე უარს ამბობს. „დუელი აღკრძალულ არიან სტატიით 532-თა“.
სახელმწიფო სამსახური არც ერთი დიდებულიძისთვის მისაღები არაა და სამივე ჩინოვნიკ, თუმცა თავადიშვილ რევაზს ზემოდან უყურებს.
„გაყრასა“ და „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილში“ ერთმანეთს უპირისპირდება, ერთი მხრივ, პოლიტიკური და ფინანსური კაპიტალი (ბიუროკრატია და ბურჟუაზია), მეორე მხრივ, კი სოციალური კაპიტალი (რაინდი და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი ინტელიგენტი). პოლიტიკური და ფინანსური კაპიტალი ერთმანეთთან დაკავშირებულია: სოლომონ ისაკიჩი თავის უსწავლელ შვილს კოლონიურ ადმინისტრაციაში ქრთამით უყიდის ადგილს, რომელიც ალექსანდრე რაინდიძეს უნდა დაეჭირა. ბიუროკრატია და ბურჟუაზია ერთობლივად მოქმედებენ (ეს კარგად ჩანს როგორც გიორგი ერისთავის „დავაში“, ისე გაბრიელ სუნდუკიანის „პეპოში“, რომელშიც ბურჟუაზია და ბიუროკრატია ერთად უპირისპირდება უკვე არა არისტოკრატიას, არამედ ყარაჩოხელ პეპოს).
„გაყრის“ პერსონაჟი ანდუყაფარი, როგორც პიესიდან ვიგებთ, არა მარტო ძმის მიმართ იქცევა არაკეთილსინდისიერად და ფულის საშოვნელად გლეხების დაწიოკებასაც ყველაზე ცოტა ერთხელ მაინც მიმართავს. სამაგიეროდ გაბრიელისთვის, ივანეს მსახურისა და ივანესთვის შემოსავლის ეს ფორმა მიუღებელია: ორივესთვის ეს „ქურდობა“ და „რაზბოინიკობაა“.
ეს ჯერ კიდევ შეფარული „რაზბოინიკობა“ უკვე ნამდვილ ყაჩაღობად იქცევა 1864 წლის შემდეგ დაწერილ ტექსტებში.
„ფულის და ხარისხის“ პერსონაჟი, თავადი დავითი ამ პროცესს მოკლედ ასე აღწერს: „მამულს აგირავებენ, ზიან და სჭამენ, მერე როცა მამული ტორგით ეყიდებათ, ავაზაკობას იწყებენ და ბოლოს ციმბირით ათავებენ“. ის, განვითარება, რომელიც ნატალია აზიანის პიესის პერსონაჟს ერთ ფრაზაში აქვს ჩატეული, 9 წლით ადრე გიორგი წერეთელს გაშლილი აქვს რომანში „პირველი ნაბიჯი“.
იერემია ფირალიძის, რომანის ანტაგონისტის გვარი უკვე მიგვანიშნებს გზას, რომელიც გაიარა თავადაზნაურობამ „რაინდიძიდან“ „ფირალიძემდე“. ძველი ყაიდის რაინდი მოშორებული თავის ზნეობრივ საფუძველს იქცევა ყაჩაღად.
? გიორგი წერეთელი ცდილობს ამ განვითარებას ახსნა მოუძებნოს: იერემია, გონებაგახსნილი და სწავლას მოწადინებული ბავშვი, კოლონიური განათლების სისტემის მსხვერპლი ხდება. 1870 წლის განათლების რეფორმით სკოლებიდან ამოიღეს ქართულის სწავლება და ქართულის მაგივრად შემოიტანეს ბერძნული და ლათინური, რომლებიც ქართველ მოსწავლეებს რუსულად უნდა ესწავლათ, რომელიც ჯერ წესიერად არ ესმოდათ. სწორედ ეს აუცრუებს იერემიას გულს სწავლაზე და დანაშაულის გზაზე დააყენებს.
XIX საუკუნის ლიტერატურიდან, „არსენას ლექსიდან“ მოყოლებული დამთავრებული „დათა თუთაშხიათი“ საპირისპირო ტენდენციაც ჩანს, ფირალი იქცევა რაინდად სწორედ იმ ზნეობრივი საფუძვლის გამო, რომელიც იარაღის გამოყენებას ლეგიტიმაციას სძენს. ოღონდ ეს რაინდობა აღარ არის წოდებრივი: რაინდული ფასეულობა მოსწყდა თავის უწინდელ სოციალურ ჯგუფს და ახლა მისი მატარებელი რომელიმე სოციალური ჯგუფისაგან დამოუკიდებელია, თუმცა ამ ტიპის ნაწარმოებებში ახალი რაინდები ძირითადად გლეხები არიან). სოციალური კაპიტალის კავშირი ზნეობასთან კარგად ჩანს ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობშიც“. დათიკო, ისევე როგორც მის შემდეგ იერემია ფირალიძე, გარეგნულად ჯერ კიდევ ჰგავს ძველ რაინდს, ოღონდ ამ გარეგნულ ფორმას გაწყვეტილი აქვს კავშირი შინაარსთან.
„რაინდობის“ ფორმასა და შინაარსს შორის კავშირის გაწყვეტა ფასეულობების ინფლაციას და ცვლილებასთანაა დაკავშირებული: ყოფილი რაინდები მოქმედებენ არა რაინდული ეთოსის შესაბამისად, არამედ ეგოისტური ინტერესიდან გამომდინარე, ეს ინტერესი ზოგჯერ პირდაპირ და ზოგჯერ ირიბად დაკავშირებულია ეკონომიკურ კაპიტალთან ან მის დერივატებთან: (ზნეობრივი) ზღვარი რაინდსა და მევახშეს შორის იშლება, მათ შორის განსხვავება აღარაა შინაარსობრივი და მხოლოდ ფორმალური ხდება.
XI.
ფასეულობათა სისტემის და მისი მატარებლების გაყოფის მიუხედავად თვითონ ფასეულობათა წამყვანი („რაინდული“) სისტემა ხელშეუხებელი რჩება (ან, ყოველ შემთხვევაში, ბევრად უფრო ნელა ტრანსფორმირდება, ვიდრე მისი მატარებლები). ფასეულობათა სისტემისა და მისი მატარებლების გაყოფას დამატებითი ეფექტიც სდევს თან: ფასეულობათა სისტემა იზიდავს სხვა მატარებლებს, რომლებსაც ამ სისტემის გათავისება შეუძლიათ. რაინდი, ინტელიგენტი, ბურჟუა და გლეხი ერთი და იმავე ფასეულობითი ლოგიკით მოქმედებენ, ოღონდ იმ შესწორებით, რომ ამ ფასეულობათა სისტემას აღარ ჰყავს პრივილეგირებული მატარებელი. ამის საილუსტრაციოდ კლასთაშორისი კონფლიქტის ორი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ: ერთში თავადი უპირისპირდება გლეხს, მეორეში კი – ბურჟუას.
ილია ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობში“ (1873) თავადი დათიკო მოიტაცებს და გააუპატიურებს თავისი ყოფილი ყმის და ერთგული მსახურის, გაბრიელის საცოლეს, თამროს. გაბრიელი დათიკოზე შურს იძიებს და მას ორთაბრძოლაში მოკლავს. „ამით გათავდა შენი შერმადინობა?“ – ირონიულად ეკითხება დათიკო გაბრიელს. „როგორიც ავთანდილი შენ იყავ, მეც იმისთანა შერმადინობა გაგიწიე“, – პასუხობს გაბრიელი. კონფლიქტი აქ არა იმდენად კლასობრივი ანტაგონიზმის შედეგია, არამედ არსებული პატრონყმური კონტრაქტის დარღვევიდან გამომდინარეობს, უფრო სწორად, კონფლიქტის მონაწილენი თარგმნიან თავიანთ კონფლიქტს პატრონყმური ურთიერთობების ენაზე. პატრონი თუ კონტრაქტს არღვევს, ამით ყმას აჯანყების – მეტ-ნაკლებად ლეგიტიმურ – უფლებას ანიჭებს, მაგრამ მათი ურთიერთობის სტრუქტურა პატრონყმურია. გლეხი და თავადი ფასეულობათა სისტემას იზიარებენ. ამ სისტემას თუ დავარქმევთ სახელს „ღირსება“, დავინახავთ, რომ გლეხი იმავვე იარაღს მიმართავს, რომელსაც თავადი მიმართავდა. შეურაცხყოფას სისხლით ჩამოირეცხავს.
„ვეფხისტყაოსანი“, რაინდული ეთოსის კარაბადინი, „გლახის ნაამბობის“ უმნიშვნელოვანესი ინტერტექსტია. „ვეფხისტყაოსანს“ აჩუქებს მღვდელი თავის მოსწავლე გაბრიელს, როგორც „ქართველების გულის საუნჯეს და ასწავლის, რომ „რასაცა გასცემ შენია, რაც არა – დაკარგულია“ და „სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა, სიკვდილი სახელოვანი“ (გლეხობის კლასობრივი ფასეულობები XIX საუკუნის ბოლოს ყალიბდება და ეს ეგნატე ნინოშვილის დამსახურებაა. ეს ცალკე მოსაყოლი ამბავია). გიორგი წერეთლის „პირველ ნაბიჯში“ კონფლიქტი ისევ და ისევ რაინდული ეთოსის ლოგიკით ვითარდება. რომანის სიუჟეტური ხაზები თითქოს ბურჟუაზიის დაბადებას გვიჩვენებს (ამაზე მიგვანიშნებს რომანის სათაურიც). მიუხედავად ამისა, რომანის პერსონაჟი ბახვა ფულავა წარმატებული ბურჟუაა, მისი „სოციალური ეროსი“ მაინც ძველი არისტოკრატიის ცხოვრების ფორმასთან, მამულსა და მემამულეობასთანაა დაკავშირებული. ფულავა იყიდის გაკოტრებული თავადის მამულს, სადაც მას თავს დაესხმება გაკოტრებული და გაყაჩაღებული თავადი იერემია ფირალიძე, რომელიც ბახვას ცოლს, ესმას, გატაცების წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მოკლავს. ბახვა ფულავა შურისძიებისათვის არ მიმართავს მისთვის, როგორც ახალი ბურჟუასთვის, ხელმისაწვდომ საშუალებას, ფულს (ასე ხდება მაგ. „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილში“). პირიქით, ის ივიწყებს თავის „ბიზნესს“ და „კლასიკური“ შურისძიების გზას დაადგება. კონფლიქტი „პირველ ნაბიჯშიც“ ისევე წყდება, როგორც „გლახის ნაამბობში“. შეურაცხყოფილი გაბურჟუებული გლეხი ბახვა ფულავა მოქმედებს ღირსების არისტოკრატული კოდექსის შესაბამისად და შურს იძიებს „რაინდული“ გზით.
XII. კულტურული კაპიტალი
როგორც ვხედავთ, იმ ფონზე, რომ არისტოკრატია სიმბოლურ კაპიტალს ნელ-ნელა კარგავს (თუმცა ინარჩუნებს სოციალურ კაპიტალს), ხოლო „ბურჟუაზია“ ვერ ახერხებს სიმბოლური კაპიტალის მოპოვებას, სიმბოლური კაპიტალის პოზიცია გარკვეულწილად „ობლად“ რჩება. XIX საუკუნის შუა წლებიდან მოყოლებული სიმბოლური კაპიტალი (სოციალური პრესტიჟი) კულტურულ კაპიტალს, განათლებას უკავშირდება. გიორგი ერისთავის პიესებიდან იღებს დასაბამს ქართული თავადაზნაურობის გაყოფა ორ საწინააღმდეგო ბანაკად: ძველი ყაიდის თავადებად (ანდუყაფარი და პავლე) და ახალი ყაიდის ნასწავლ თავადებად (ივანე), რომელიც ქართული, უკვე წოდებრივად არამარკირებული ინტელიგენციის წინამორბედი ხდება.
ეს განვითარებაც ნიშანდობლივია იმდენად, რამდენადაც სოციალური კაპიტალის მატარებელი ხდება უკვე არა მარტო რაინდი, არამედ ახალი ეპოქის შვილი, განათლებული ადამიანი, გვიანდელი ინტელიგენტი. XIX საუკუნის განმავლობაში განათლების სოციალური ფასი იზრდება, რაინდულისა კი მცირდება. მეომარს მწერალი ანაცვლებს. სიმბოლური კაპიტალის ტრანსფორმაციას ზუსტად გამოხატავს ამირინდო, „დავის“ პერსონაჟი: „კალამი ხმლათ გარდაიქცაო“ (მწერალსა და მეომარს შორის კონფლიქტი XX საუკუნეში ცოცხლდება მიხეილ ჯავახიშვილის რომანებში „ჯაყოს ხიზნები“ და „თეთრი საყელო“, ჯავახიშვილი ამ დროისათვის ჩამოყალიბებულ ფასეულობათა სისტემას კიდევ ერთხელ აყენებს თავდაყირა).
განათლება, გვარიშვილობისაგან განსხვავებით, სოციალური მობილობის მეტ შესაძლებლობას იძლეოდა და თეორიულად მაინც ღია იყო ყველა წოდებისათვის. განათლებისადმი უტილიტარულ დამოკიდებულებას მოგვიანებით დავუბრუნდები, იქამდე კი ვიტყვი, რომ „დავის“ კომიკური ეფექტი იქმნება ახალი (რუსეთში), განათლებული, და ძველი, ტრადიციული, შინაური განათლების მქონე თაობების კონფლიქტის ხარჯზე (სწორედ პირველი განათლება იძენს განათლების, ხოლო მეორე – კარჩაკეტილობის, ჩამორჩენილობის კონოტაციას). ამ კონფლიქტის მიღმა კომედია გვიჩვენებს უფრო სერიოზულ (და ნაკლებად კომიკურ) კონფლიქტს ძველ თავადაზნაურობას და კოლონიურ ადმინისტრაციას და მასთან დაკავშირებულ ბურჟუაზიას შორის. ძველი თაობა, რომელმაც არ იცის კოლონიური ადმინისტრაციის ენა და არაფერი ესმის ახალი კანონებისა, იოლად ხდება კორუმპირებული ჩინოვნიკების მსხვერპლი. ძველი თაობა, მიუხედავად იმისა, რომ ახალ, რუსულ/ევროპულ განათლებასთან დაკავშირებულ ფორმებს არ იღებს და დასცინის (კომიკური ეფექტი კი იმის ხარჯზე იქმნება, რომ ერისთავის კომედიების მაყურებელი სწორედ ამ ძველ თაობას დასცინის), ხვდება ახალი განათლების აუცილებლობას. განსხვავება ძველი და ახალი თაობის (განათლებულ და „კარჩაკეტილ“) თავადაზნაურობას შორის ქართული კომედიის კონსტანტაა (ოღონდ ამ კომედიის ბოლო ეტაპზე, ნატალია აზიანის „დეზერტირკაში“ ძველი და ახალი თაობის, რუსეთუმე და ტრადიციული ქართველი თავადის შეფასება ადგილს იცვლის). „გვარიშვილობა“ აღარაა საკმარისი რესურსი რუსეთის გუბერნიად ქცეულ საქართველოში სიმბოლური კაპიტალის დასანარჩუნებლად. ამისათვის მას სწორედ „ახალი“ განათლება სჭირდება.
„სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილში“ გვარიშვილობა და განათლება უკვე პირდაპირ და განუყრელად არის დაკავშირებული ერთმანეთთან. სოლომონი პატივს სცემს ლუარსაბ და ალექსანდრე რაინდიძეებს სწორედ განათლებისა და გვარიშვილობის კავშირის გამო და პატივს აღარ სცემს ისეთ თავადიშვილებს, რომლებიც ქედმაღლობენ მხოლოდ გვარიშვილობის გამო. „ხანუმაში“ გვარიშვილობა უკვე განათლებაზე უკანაა დაყენებული, თუმცა მასთან კავშირი ჯერ არ დაუკარგავს. „გაყრისაგან“ განსხვავებით ხანუმას პროტაგონისტს, სონას არათუ საკუთარი პრეფერენციები აქვს საქმროს არჩევაში, არამედ ეს პრეფერენციები დაკავშირებულია ახალ ფასეულობით სისტემასთან. სონას „ემანსიპაცია“ პირდაპირაა დამოკიდებული განათლებაზე. გიორგი ერისთავის „ძუნწშიც“ არჩილი და ხამფერა სიყვარულით ქორწინდებიან, მათ ქორწილს არავითარი ეკონომიკური სარჩული არ უდევს (განსხვავებით ქართული კომედიების უდიდესი ნაწილისა, არჩილს „მზითვად“ მხოლოდ პაპამისის, როგორც ჩანს, თავის დროზე დაგირავებული ხმალი რჩება). „ხანუმაში“ არჩევანის განმსაზღვრელი აღარც მხოლოდ სიყვარული და აღარც მხოლოდ ფულია (მიუხედავად იმისა, რომ სიყვარული ფულზე მნიშვნელოვანია). სონას არ უნდა „უტვინო“, ანუ გაუნათლებელ „კნიაზს“ მისთხოვდეს და არჩევანს განათლებულ „კნიაზზე“, „უჩიტელ“ კოტეზე შეაჩერებს. სწორედ განათლება (ამას „გაყრიდან“ მოყოლებული ვხედავთ) ხდება სიმბოლური კაპიტალის მთავარი მატარებელი და ნელ-ნელა ანაცვლებს მხოლოდ „გვარიშვილობაზე“ დამყარებულ სოციალურ კაპიტალს.
ამ განვითარებას ვხედავთ, მაგალითად, ნატალია აზიანის პიესებში. მართა, ნატალია აზიანის „დეზერტირკას“ პერსონაჟი, კულტურული კაპიტალის მნიშვნელობის ზრდას პირდაპირ უკავშირებს ძველ სიმბოლურ კაპიტალს: „ვინც სწავლას მიიღებს, ის გლეხი აღარ არის, აზნაური ხდებაო.“
„ეხლანდელ დროში საქმე არც ფულია, არც ღირსება, მარტო სწავლაა, სწავლა!“ – ამბობს ანუშკა, ვაჭრის ცოლი, ნატალია აზიანის კომედიის „ინჯილერი თუ დოხტურის“ პერსონაჟი. დავითი, „ფულის და ხარისხის“ პერსონაჟი ამბობს: „ცარიელი კნიაზობა […] ვერას გიშველით“. იგივე დავითი ძველი იერარქიების რღვევას აღიარებს: „ის დრო წავიდა […] როცა თავადობას მნიშვნელობა ჰქონდა რამე! […]აი დამენაძლიე, ხვალ რო ერთ-ერთ ვაჭარს კაცი მივუგზავნო, ის შემომითვლის: „მე უსწავლელ თავადიშვილს ქალს არ მივცემო“.
კულტურული და ეკონომიკური კაპიტალის კავშირზე ყურადღებას ამახვილებს სანდუხტა, მდიდარი პატარძალი, „ინჯილერი თუ დოხტურის“ პერსონაჟი: „ინჟინერ და დოკტორს დიდი პატივი აქვთ, იმიტომ რომ ისინი დიდ ჯამაგირს იღებენ და დიდი ნასწავლები არიან. აფიცერი კი რაღაც ექვს თუმანს იღებს თვეში და უმაღლესი სწავლაც არ მიუღია“. საქმროს ის სწორედ ამ ლოგიკით ირჩევს. როგორც ვხედავთ, რაინდობას (ოფიცრობა ჯერ კიდევ რაინდულ პროფესიად ითვლება) მის თვალში უკვე ნაკლები წონა აქვს, ვიდრე „არარაინდულ“, მაგრამ განათლებასთან (და ფულთან) დაკავშირებულ პროფესიებს. „ხარისხის“ დამადასტურებელი „დიპლომი“ ხდება. „თქვენი დიპლომი ქამარ-ხანჯალია“ – უკვე ირონიულად მიმართავს „ფული და ხარისხის“ პერსონაჟი დავითი თავის შვილ კოწიას.
გიორგი ერისთავის პიესა შეგვიძლია წავიკითხოთ, როგორც არა მარტო ოჯახის, არამედ ერთ დროს ერთმანეთთან დაკავშირებული რაინდობის, განათლების, სიმდიდრისა და პრესტიჟის გაყრაც.
? ცოტა ხნით ლიტერატურას გადავუხვიოთ და იმ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე შევჩერდეთ, რომელთა მიღება ქართულ საზოგადოებას XIX საუკუნეში მოუხდა და ეს გადაწყვეტილებები შევაფასოთ ფასეულობების მიხედვით. იმპერატორ ალექსანდრე II-ის ვიზიტისას ქართული საზოგადოება არჩევანის წინაშე იდგა, იმპერატორისათვის ან უნივერსიტეტის, ან სამხედრო სასწავლებლის გახსნა ეთხოვა. თავადაზნაურობის უმრავლესობამ ფორმალურად „რაინდულ“ გადაწყვეტილებას დაუჭირა მხარი და იმპერატორს კადეტთა კორპუსის გახსნა სთხოვა.
საადგილმამულო ბანაკის დაარსებისას ბანკი შეიძლებოდა ორი მიმართულებით წასულიყო: გამხდარიყო ვიწრო წოდებრივი სოლიდარობის ორგანიზაცია, რომელიც თავადაზნაურობას გაკოტრებისაგან დაცავდა, ან საბაზრო ლოგიკით ემუშავა (ოღონდ ყოფილიყო უფრო შეღავათიანი, ვთქვათ, მევახშეებთან შედარებით). მეორე გადაწყვეტილებას (რომელმაც, საბოლოო ჯამში, გაიმარჯვა კიდეც) მხარს უჭერდა ილია ჭავჭავაძეც. ოღონდ შემოსავალი, რომელსაც ბანკი იღებდა (მათ შორის გაკოტრებული თავადაზნაურობის ქონების გაყიდვის ხარჯზე) მიემართებოდა საგანმანათლებლო პროექტების დასაფინანსებლად. ეს გადაწყვეტილება უკვე „რაინდულის“ საწინააღმდეგოდ და განათლების სასარგებლოდ იყო მიღებული.
XIII. განათლების ნეგატიური ეთიკა
შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ სიმბოლური კაპიტალი, რომელიც აღარ არის დაკავშირებული გვარიშვილობასთან, დაუკავშირდა განათლებას. თუმცა ეს კავშირი სწორხაზოვანი არ არის და განათლება, ისევე, როგორც გვარიშვილობა, ავტომატურად ვერ უზრუნველყოფს სიმბოლურ კაპიტალს. ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ სიმბოლური კაპიტალის ინფლაცია დაკავშირებულია „რაინდობის“ ფასეულობითი სისტემის „კორუფციასთან“, რომელიც, თავის მხრივ, დაკავშირებულია ფულის ნეგატიურ ეთიკასთან. ისევე, როგორც გვარიშვილობა (სოციალური კაპიტალი) ან ფული (ეკონომიკური კაპიტალი), განათლება (კულტურული კაპიტალი) კაპიტალის ფორმაა, რომელიც თავისთავად ვერ უზრუნველყოფს სიმბოლურ კაპიტალს. სიმბოლურ კაპიტალს სჭირდება (დამატებითი) საყრდენი ეთიკის სახით, რომელიც მას ლეგტიმურობას შესძენს. ისევე, როგორც სოციალური კაპიტალის (გვარიშვილობის) შემთხვევაში არსებობს განსხვავება ისეთ კულტურულ კაპიტალს შორის, რომელიც ეკონომიკური კაპიტალის ლოგიკას ეყრდნობა, და კულტურულ კაპიტალს შორის, რომელიც „რაინდულ“ ეთიკას ეყრდნობა. კულტურული კაპიტალის ამ ორ ტიპს შორის კონფლიქტს შეგვიძლია ნატალია აზიანის პიესების მაგალითზე დავაკვირდეთ.
ინჟინერი ავეტიქა, ნატალია აზიანის „ინჯილერი თუ დოხტურის“ პერსონაჟი, აღიარებს განათლების, როგორც კულტურული კაპიტალის, მნიშვნელობას (განათლების ღირებულებას): „ეხლა საქმე სწავლაა, სწავლა“ უბრალო ვაჭარმაც კი გაიგო, სწავლა რას ნიშნავს. „[…] მე და ჩემი ძმა ნასწავლი რომ არ ვიყვეთ, ჩვენი ხარისხის პატრონებს ორიათას თუმნიან ქალებს ვინ მიართმევს? ჩვენ ჩვენი თავი სწავლით დავიმსახურეთ!“. გასპარასთვის განათლება თავისთავადი ღირებულების მატარებელი არაა, ის ეკონომიკური კაპიტალის მოპოვების წყაროა. ასევე ფიქრობს დედამისი, სალომე უზარნოვიც: განათლება ინვესტიციაა (სალომეს შვილების განათლებაში 30.000 მანეთი აქვს ჩადებული), რომელსაც კომპენსაცია სჭირდება. ამ კომპენსაციის წყარო, ერთი მხრივ, თვითონ პროფესიაა, რომელიც ყველაფერთან ერთად კორუფციასთანაცაა დაკავშირებული, მეორე მხრივ კი – ქორწინება: სალომე თავისი შვილისათვის მდიდარ საცოლეს ეძებს, რომელსაც 3.000 მანეთზე ნაკლები მზითევი არ უნდა ჰქონდეს.
განათლების მიმართ უტილიტარული დამოკიდებულება ბურჟუაზიის პრეროგატივა არაა. ჯერ კიდევ ამირინდო, გიორგი ერისთავის „დავის“ პერსონაჟი, შვილის განათლებას პრაქტიკულ საჭიროებას უკავშირებს. განათლება, მისი წარმოდგენით, შვილს იმისთვის სჭირდება, რომ სასამართლო საჩივარი გამართულად დაწეროს, ერთი მხრივ, დაზოგოს შუამავლების ფული, მეორე მხრივ კი, უპირატესობა მოიპოვოს კონკურენტებზე. გიორგი ერისთავის კომედიაში დამატებითი კომიკური ეფექტი იმით იქმნება, რომ ამირინდოს შვილი ბეგლარი, კომედიის პროტაგონისტი, მართალია შესანიშნავ განათლებას მიიღებს, მაგრამ იურისტობის მაგივრად პოეტი გახდება და მამას ვერაფრით ეხმარება (მიუხედავად იმისა, რომ ბეგლარი და მიხეილი, მოდავე თავადების შვილები, მამებს შორის კონფლიქტის მოგვარებას მაინც ახერხებენ). შვილის პოეტობას როდესაც გაიგებს, იმედგაცრუებული ამირინდო ფრიად „არაკნიაზურ“ მოთქმას დაიწყებს: „ლექსები? როგორ თუ ლექსები? ღერბის ქაღალდზე ლექსები! ვაი, ოჯახო დაღუპულო, ვაი სიბერის დროს შერცხვენილო, ვაი, იმედო დაკარგულო! ოჰ, არზის წერა ვერ უსწავლია! ვაი, ოთხასო თუმანო, ოფლით ნაშოვნო და ტყუილად დაკარგულო!“ ოფიცერი მიხეილი, კომედიის კიდევ ერთი პროტაგონისტი, ბეგლარის მეგობარი, პირდაპირ ამბობს „კლიაუზების წერა, აბა რა ჩემი საქმეა?“ განსხვავება პოეტსა და იურისტს, „დაინტერესებულ“ და „დაუინტერესებელ“ განათლებას შორის, რომელიც „დავაში“ ჯერ კიდევ კომიკურობის წყაროა, მნიშვნელოვან სემანტიკურ დატვირთვას იძენს, რომელზეც მოგვიანებით შევჩერდები.
გასპარასა და სანდუხტასგან განსხვავებით, გასპარას ძმა, ექიმი ავეტიქა, მიუხედავად იმისა, რომ იზიარებს ძმისა და სარძლოს ძირითად ფასეულობებს, სოციალურ კაპიტალს მაინც გვარიშვილობას უკავშირებს და „არისტოკრატკა“ ცოლი უნდა. ოღონდ თავადაზნაურობასთან დამოყვრებაც, საბოლოო ჯამში, ფულის ლოგიკას ექვემდებარება: „ეხლანდელ დროში საქმე პროტექციაა. პროტექციით ღირსებასაც იშოვნი და ფულსაც“.
კონფლიქტი „ფულსა” და „ხარისხს“ შორის ტრანსფორმაციას განიცდის: იმ მომენტში, როდესაც „ხარისხიც“ ფულის წყაროდ იქცევა და ეკონომიკური კაპიტალის ლოგიკას ექვემდებარება, ზედაპირული კონფლიქტი სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს შორის გადაიქცევა სიღრმისეულ კონფლიქტად ფასეულობებს – „რაინდობასა“ და „ფულს“ შორის. სწორედ ეს კონფლიქტია გადამწყვეტი ბურჟუაზიული ფასეულობების ჩამოყალიბება/ ვერჩამოყალიბებისთვის ქართულ კულტურაში.
ამ კონფლიქტის ერთ-ერთი გამოხატულება ქორწინებაა. ქორწინებაა ქართულ კომედიაში ტრადიციულად წყვეტდა კონფლიქტს სოციალურ და ფინანსურ კაპიტალს შორის. „გაყრაში“ მიკირტუმ გასპარიჩის ქალიშვილზე ქორწინება ივანესათვის ვალების გადახდის ერთადერთი ფორმაა. „ექვსასი თუმანი შენი ვალი, ეს დავხიოთ; ხუთასი თუმანიც რამეები მზითევი მოგცე; ასი თუმანიც ჯიბის ფული. კნიაზის მზემ, ასე აზიზი შეგინახამ, სულ, სულ ყაბლუ ფლავს გაჭმევ“. სამაგიეროდ ივანეს რაინდული ეთოსის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილზე, სიყვარულზე უწევს უარის თქმა.
უსიყვარულო, სოციალურ, ფინანსურ და კულტურულ კაპიტალზე დამოკიდებული ქორწინება ქართული კომედიის კრიტიკის საგანია („ხანუმაც“ ამგვარად შეგვიძლია წავიკითხოთ). სიყვარული (მიჯნურობა) ძველი რაინდული ეთოსის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია და როგორც „დაუინტერესებელი“ უპირისპირდება „ინტერესზე“, სარგებელზე დამყარებულ ქორწინებას. ნატალია აზიანიც კრიტიკის ამ ხაზს აგრძელებს და ამძაფრებს. ნატალია აზიანთან სიუჟეტური კვანძი იქ იკვრება, სადაც ის ძველ კომედიებში იხსნებოდა. თუ ძველ კომედიებში კონფლიქტი ძირითადად ქორწილით წყდებოდა, ნატალია აზიანი დრამატულ კონფლიქტს აგებს განსხვავებაზე იმედებს შორის, რომელსაც მისი პერსონაჟები ქორწინებას (და მასთან დაკავშირებულ სოციალურ წინსვლას) უკავშირებენ და ამ იმედების გაცრუებაზე ინტერესზე დამყარებული ქორწინების შემდეგ.
ბურჟუაზიის წარმომადგენლები, ინჟინერი გასპარა და ექიმი ავეტიქა, ისევე როგორც თავადი კოწია ლამბაძე, რომლებიც სიმბოლური კაპიტალის მატარებლად მიიჩნევიან, ჩვეულებრივი ოჯახური მოძალადეები აღმოჩნდებიან, ანუ ეთიკურ სკალაზე ნეგატიური პოლუსზე დგანან. აქაც „პირველი ნაბიჯის“ ლოგიკას ვხედავთ, სიმბოლური კაპიტალი, მოშორებული ეთიკურ საწყისს, იქცევა ძალადობად. გარდა იმისა, რომ ნატალია აზიანი, როგორც ქალი მწერალი, ბევრად უფრო მგრძნობიარეა ოჯახური ძალადობის თემის მიმართ და, თუ არ მეშლება, პირველი ქართველი მწერალი უნდა იყოს, რომელიც ამ თემას პირდაპირ ეხება, ოჯახური ძალადობა პირდაპირაა დაკავშირებული „უსიყვარულობასთან“. გასპარა, ავეტიქა და კოწია თავიანთ ცოლებს აღიქვამენ „რესურსად“, სოციალური ან ეკონომიკური კაპიტალის წყაროებად და, შესაბამისად, საგნებად, მათი ინდივიდუალობის გამოვლენას კი ძალადობით პასუხობენ. მატერიალურ ინტერესზე დამყარებული ქორწინება, მარქსის ენაზე რომ ვთქვათ, ადამიანის „გასაგნობრივებას“ იწვევს. მეორე მხრივ, ბურჟუა ქალები, სანდუხტა („ინჯილერი თუ დოხტური“) და მაშო („ფული და ხარისხი“) ქორწინებას ასევე სოციალური მობილობის კუთხით უყურებენ და სოციალური სტატუსის გაუმჯობესების წყაროდ აღიქვამენ (იმავე ლოგიკით აფასებს ქორწინებას უკვე ელენე, თავადი ლომგულაძის ქალიშვილი („დეზერტირკა“) . აზიანის პიესების სიუჟეტური ლოგიკა ინტერესზე დამყარებული ალიანსების შეუძლებლობას გვიჩვენებს: „ინჯილერი თუ დოხტური“ და „ფული და ხარისხი“ განქორწინებით (და მოძალადე ქმრების სამართლებრივი დასჯით) მთავრდება. მორალი, რომელიც სანდუხტას, „ინჯილერი თუ დოხტურის“ პერსონაჟს გამოაქვს, მატერიალურ ინტერესზე დაფუძნებული ეთოსის უარყოფას უკავშირდება: „ფულის გამომდევარი ბოლოს ბევრს ინანებსო“.
როგორც დავინახეთ, სიმბოლური კაპიტალისათვის ცალკე აღებული არც სოციალური კაპიტალი („გვარიშვილობა“), არც კულტურული კაპიტალი (განათლება), არც ეკონომიკური კაპიტალი (ფული) საკმარისი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ სოციალური, კულტურული და ეკონომიკური კაპიტალი არ ეყრდნობა გარკვეულ ეთოსს, ის საბოლოო ჯამში დაიყვანება ეკონომიკური კაპიტალის, ანუ კერძო ინტერესის ლოგიკამდე, რომელიც ეყრდნობა ფულის ნეგატიურ ეთიკას და რომლის გაშიშვლებული ფორმა ძალადობაა. იმისთვის, რომ სოციალური, კულტურული და ეკონომიკური კაპიტალი სოციალურ კაპიტალად იქცეს, მას სჭირდება ეთოსი, რომელიც არ არის დაკავშირებული კერძო ინტერესთან. ვნახოთ, რა ეთოსი განაპირობებს სიმბოლურ კაპიტალს XIX საუკუნის ქართულ ლიტერატურაში.
XIV. განათლების პოზიტიური ეთიკა
განათლებასა და ზნეობას შორის კონფლიქტს შეგვიძლია დავაკვირდეთ გიორგი წერეთლის „პირველი ნაბიჯის“ მაგალითზე. მკვლელობისთვის დაპატიმრებულ იერემია ფირალიძეს მისი შეძლებული ნათესავი ვალიდა საუკეთესო ვექილ „სივილას“ აუყვანს. ბახვა ფულავას შეფასებით, სივილას „სინდისის ნატამალი არ აქვს“, რადგანაც ის აშკარა მკვლელს იცავს. განათლება, მისი შეფასებით, იქცევა იარაღად, რომელიც შეიძლება სამართლიანად ან უსამართლოდ გამოიყენო, სივილა კი მას უსამართლოდ იყენებს: „განათლებაო!.. მაგისათვის იზრდებიან უნივერსიტეტებში, რომ ქვეყანა გარყვნან და საწყალი კაცი ამოიჭამონ?“. როგორც ვხედავთ, განათლება ამ შემთხვევაში ნეგატიურადაა კონოტირებული ზნეობასთან კავშირის გაწყვეტის გამო. განათლებასა და ზნეობას შორის კავშირის მექანიზმის გასაგებად სივილას ბიოგრაფიაზე გიორგი წერეთელთან ერთად ცოტა საფუძვლიანად უნდა შევჩერდეთ. გიორგი წერეთელი სივილას ასე ახასიათებს: „ნაფიცი ვექილი სივილა ერთი იმ განთქმულ ახალგაზრდათაგანი იყო, რომლის ცოცხალი ბუნება, ბასრი ენა და მოძრავი ტვინი ჯერ კიდევ გიმნაზიაში ბევრს იმედს იძლეოდა. მან მშვენიერათ დაათავა აქ სწავლა და გაემგზავრა უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. მისი ნორჩი და მღელვარე მგრძნობელობა ბევრი კარგი მოქმედების თავდები იყო, რომ ჰქონოდა მტკიცე საფუძველი აღზრდაში“. სივილას კონტექსტში გიორგი წერეთელი პირდაპირ ახსენებს ზნედაცემულობას (რომელსაც ის აღზრდის დეფიციტებს უკავშირებს) – სივილას პრობლემა არა განათლების, არამედ ზნეობის პრობლემაა.[1] სივილა შესანიშნავ განათლებას მიიღებს, ოღონდ ამ განათლებას, როგორც ბახვა ფულავას, ისე მთხრობელის თვალსაზრისით, არასწორად იყენებს. სივილას თავდაპირველი განზრახვები პატრიოტული და საზოგადოებრივია: „იმას მუდამ ენაზე ეკერა საზოგადოებისათვის თავგანწირულება, იმის გულისთვის დაუღალავი შრომა და მსხვერპლის მოტანა. […]მამულის სიყვარულ[ი], სამშობლოს შვილის მოვალეობა[], ქველმოქმედება[] და სხვ.“ სტუდენტ სივილას წარმოდგენები არაფრით განსხვავდება პირველდასელ თერგდალეულთა შეხედულებებისაგან: მამულიშვილობა და საზოგადოებრივი სამსახური (მამათა თაობის ოპორტუნიზმისა და კოლაბორაციონიზმის მაგივრად). სივილა რუსეთიდან იურისტის დიპლომით ბრუნდება (ის უკვე არის კულტურული კაპიტალის მატარებელი). მისი შეხედულებების ცვლილებას გამოიწვევს სივილას დაკავშირება ეკონომიკურ და სოციალურ კაპიტალთან. „პირველ შემთხვევაშივე მას გარს შემოედვენ სულ ჩარჩები და იმისთანა კაცები, რომელნიც ათი-თორმეტად ასესხებდენ ფულსა და რაც უფრო მაგრათ გააძრობდენ ტყავს თავის მევალეებს, რაც უფრო ბევრს წაართმევდენ, მით უფრო ესახელებოდათ თავი, თუმცა იმავე დროს სივილასთან თავს იკატუნებდენ და დღენიადაგ შესჩიოდენ თავის მევალეებზე, რომ ისინი ვითომც უსინდისოდ მოექცენ, ვითომც განზრახვა აქვთ სულ დაგვიკარგონ ჩვენი ნაშრომი მით, რომ აპირებენ ცოლზე, ან სხვებზე მამულების გადამტკიცებასო“. სივილა „ყოველ მევალეს, პირიანს და უპირულს, ყველას ერთ ტაფაში აქცევდა, ყველას მომჩივან ჩარჩების თვალებით დაუწყო ცქერა. იმათ ეძახდა გაიძვერებს, რომელთაც ვითომ სურდათ, მოსესხეებისათვის ქეჩა ქვეშიდან გამოეძროთ. ხშირად საზოგადო ლაპარაკში ისეთ ახირებულ აზრებს წამოურევდა სივილა, რომ გეგონებოდათ, ეს მაღალი განათლების პატრონი კაცი ჩარჩებს უჭერდა მხარს და არა მათგან ჯვარზე ცმულებსო“. სივილას მაგალითზე ვხედავთ, რომ განათლება (კულტურული კაპიტალი) მთლიანად უკავშირდება ეკონომიკურ კაპიტალს და იწყებს მისი ლოგიკით მოქმედებას. სწორედ კულტურული კაპიტალის ეკონომიკური კაპიტალის ლოგიკაზე გადასვლა ითარგმნება ზნეობის დაკარგვად. ზნეობა ამ შემთხვევაში არის რაღაც, რაც არ მოქმედებს კაპიტალის ლოგიკით.
ნატალია აზიანის „ინჯილერი თუ დოხტურშიც“ განათლება, რომელიც მოკლებულია ზნეობრივ საყრდენს (ანუ მოქმედებს კაპიტალის ლოგიკით), სიმბოლურ კაპიტალს კარგავს. ანუშკა გულადოვი, ამ პიესის პერსონაჟი, თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებს ბახვა ფულავას სიტყვებს: „განა იმ ოხერ უნივერსიტეტში იმას გასწავლიან, რომ „ცოლებსა სცემეთო და სიდედრები სახლიდან აგდეთო!““
განათლების ნეგატიურ და პოზიტიურ ეთიკას შორის კონფლიქტს გადავაწყდებით ნატალია აზიანის პიესაში „გაცრუებული იმედი“. ამ პიესის პერსონაჟს, სტეფანე ივანიჩ ზარალოვს, შვილის სამედიცინო განათლებაში „ორი ათასი ნაღდი – კაკალი თუმანი“ (20 000 მანეთი) აქვს გადახდილი. ისევე, როგორც „ინჯილერი თუ დოხტორის“ პერსონაჟები, ზარალოვიც განათლებას ინვესტიციად აღიქვამს. ვანო ზარალოვის სამედიცინო განათლება რესუსია, რომელმაც ეს ინვესტიცია მოგებით უნდა აანაზღაუროს. ზარალოვის ქალიშვილის მეგობარი ლიზაც განათლებას ზარალოვის მსგავსად უყურებს: „ეპიდემია გამოჩნდება რამე და ისე მოჰხვეტს ფულებსა, რომ мое почтение!“. სტეფანესგან განსხვავებით ვანო კაპიტალის ლოგიკით არ მოქმედებს: ვანოს კურსი „ფულის საშოვნელად“ არ დაუმთავრებია, ის არ ართმევს ფულს ღარიბ პაციენტებს, პირიქით მათ ფულსა და წამლებს აძლევს. ვანო არ ეთანხმება მამამისს, რომ ექიმი „ლოვკი“ უნდა იყოს, ანუ პაციენტები შემოიტყუოს, და მოატყუა-ს და ამგვარ საქციელს „აფერისტობას“ არქმევს. ვანო მოქმედებს არა კაპიტალის აკუმულაციის, არამედ კაპიტალის ხარჯვის ლოგიკით: სტეფანე ზარალოვის თქმით, ვანო „დარდიმანდია“. ოღონდ ამ დარდიმანდობას სპეციფიკური მიმართულება აქვს, ეს არ არის უბრალოდ ხარჯვა – ასეთი დარდიმანდული ხარჯვის მაგალითები შეიძლება ყარაჩოხელებთანაც მრავლად ვიპოვოთ, ქართულ კომედიაში კი „არაპროდუქტიულ ხარჯვაზე“ ქართველი კნიაზია პასუხისმგებელი. „ხანუმას“ პერსონაჟის, ლევან ფანტიაშვილის გვარში ეს არაპროდუქტიული ხარჯვა პირდაპირაა ჩადებული. ვანო ზარალოვის ხარჯვა არაპროდუქტიული არ არის. მისი ლოგიკა კაპიტალის, როგორც რესურსის, სხვებისთვის განაწილებაა. ამას, როგორც ჩანს, სტეფანეც ხედავს და შვილს „საცვიალისტს“ ეძახის. სტეფანე ზარალოვის კაპიტალის ლოგიკით ვანო „დურაკია“, რადგან არ იცის „თავისი სასარგებლო რა არი და რა არა“. მსგავს კონფლიქტს ვხედავთ ნატალია აზიანისვე ერთმოქმედებიან კომედიაში „ვაი კალმისაგან“ (1905). თედო ლაბაძეს, ამ კომედიის პერსონაჟს, იმედი ჰქონდა, რომ მისი შვილი ადვოკატი გამოვიდოდა და, შესაბამისად, ფულის მომტან პროფესიას დაეუფლებოდა. მისი შვილი ლადო კი ჟურნალისტი, „ლანღვის მწერალი“, ხდება. თედოს აზრით, ეს პროფესია „ნაგვის ზიდვაზე“ უარესია. ლადოს საზოგადოებრივი საქმიანობა, კრიტიკული კალამი ანტიეკონომიკურია: ვანოს არა მარტო ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებიან, არამედ მამამისი კრედიტს კარგავს და ბინის დაცლაც უწევს. მიუხედავად ამისა, ამ პიესაშიც სიმბოლური კაპიტალი მაინც ანტიკაპიტალისტურ ლოგიკასთანაა დაკავშირებული და არა კაპიტალისტურთან. გიორგი ერისთავისა და ავქსენტი ცაგარლის კომედიებში ინტელექტუალური პროფესიები ჯერ არ არის დაკავშირებული „ხარჯვის“ ლოგიკასთან, თუმცა, მათი „აკუმულირების“ ლოგიკასთან დაუკავშირებლობის გამო მაინც დადებითადაა კონოტირებული. „დავის“ პროტაგონისტი ბეგლარი პოეტია (რომელიც ჯერ შორსაა პოეტის ილიასეული გაგებისაგან), „ხანუმას“ პროტაგონისტი კოტე კი უბრალოდ – „უჩიტელი“. ვიქტორ დოლიძის ოპერაშიც კოტე დიდად არ იცვლება, სამაგიეროდ ფილმში „ქეთო და კოტე“ კოტე უკვე „სახალხო“ პოეტია და მის სიმღერებს „ხალხი მღერის“. იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ფილმი საბჭოთა პერიოდშია გადაღებული, კოტეს პერსონაჟის ასეთი ინტერპრეტაცია იმთავითვეა მოცემული.
ეკონომიკური, კულტურული და სოციალური კაპიტალი კაპიტალის ფორმებია და ასე თუ ისე მათი ლოგიკა დაიყვანება ეკონომიკური კაპიტალის აკუმულაციურ ლოგიკამდე. სიმბოლური კაპიტალი XIX საუკუნის ქართულ კულტურაში ამ ლოგიკასთან დაკავშირებული არ არის. პირიქით, სიმბოლური კაპიტალი ეკონომიკური კაპიტალის საწინააღმდეგო ლოგიკით მუშაობს და უკავშირდება არა აკუმულაციას, არამედ ხარჯვას. ამ ხარჯვასაც აქვს ორი ფორმა: პირველი დაკავშირებულია დარდიმანდობასა და ბოჰემასთან და მას ცალკე, სხვა წერილში დავუბრუნდები. ხარჯვის მეორე ფორმა კი კაპიტალის გადანაწილების ლოგიკას უკავშირდება. თუ დარდიმანდობა ეკონომიკური კაპიტალის ფლანგვასთანაა დაკავშირებული, განათლების (კულტურული კაპიტალის) დახარჯვის ლოგიკა სხვაა, ის არ იფლანგება, არამედ ნაწილდება. სწორედ ასეთი, საზოგადოებრივ სამსახურში ჩაყენებული კულტურული კაპიტალი იძენს სიმბოლურ კაპიტალს.
XV. დასკვნები
დასავლეთ ევროპისგან განსხვავებით, სადაც ბურჟუაზიამ XVIII საუკუნიდან მოყოლებული კულტურული ჰეგემონია მოიპოვა და არისტოკრატიასთან დაპირისპირებაში პოლიტიკურადაც და კულტურულადაც გამარჯვებული გამოვიდა, ლუი ბონაპრატის თვრამეტ ბრიუმერში კარლ მარქსი სამართლიანად წერდა, რომ ლუი ფილიპის სამეფო კარის ფასეულობათა სისტემა უკვე მთლიანად ბურჟუაზიული იყო და არა არისტოკრატიული. ინგლისში არისტოკრატია ბურჟუაზიულ ფასეულობებზე კიდევ უფრო ადრე გადადიოდა და მის კვალს ჯერ კიდევ XVIII საუკუნის რომანებში შეგვიძლია მივაგნოთ, მაგალითისათვის ლორენს სტერნის რომანებიც საკმარისი იქნება (ოღონდ საფრანგეთისაგან განსხვავებით ინგლისურმა არისტოკრატიამ ბურჟუაზიად ტრანსფორმაცია შეძლო, საფრანგეთში კი კონფლიქტი რევოლუციით და მესამე წოდების გამარჯვებით დასრულდა). საქართველოში XIX საუკუნის განმავლობაში ბურჟუაზიას უპირისპირდებოდა ოთხი ფასეულობათა სისტემა, რომელიც განსხვავებული და ხანდახან ერთმანეთთან დაპირისპირებული იყო, მაგრამ ანტიკაპიტალისტურ ეთოსში (და პათოსში) ერთიანდებოდა. არისტოკრატიულ ფასეულობათა სისტემა, ინტელიგენციის ფასეულობათა სისტემა (რომელიც საქართველოში არისტოკრატიულიდან გამოვიდა, გარკვეული თვალსაზრისით მისი მემკვიდრეც იყო, ოღონდ მას კიდეც უპირისპირდებოდა), მოქალაქეების ფასეულობათა სისტემა (ყარაჩოღელების ეთოსი, რომელსაც ჰქონდა გადაკვეთის წერტილები და გარკვეული სულიერი ნათესაობა არისტოკრატიის ეთოსთან, რაც კარგად ჩანს მაგ. გრიგოლ ორბელიანის პოეზიაში) და პროლეტარული ეთოსი (რომელიც საქართველოში უფრო გლეხური იყო და არა მუშური და რომელიც ჩამოყალიბდა ყველაზე გვიან, XIX საუკუნის ბოლოს, ეგნატე ნინოშვილიდან მოყოლებული).
ამ ოთხივე ფასეულობათა სისტემას – რაინდულს, ინტელიგენტურს, ყარაჩოხელურსა და პროლეტარულს – აერთიანებს ერთი რამ, რასაც პირობითად დავარქმევ „რომანტიკულ ანტიკაპიტალიზმს“. საქართველოს ბურჟუაზიამ, მართალია ევროპულზე უფრო გვიანდელმა, საკმაო ფინანსური და პოლიტიკური ძალაუფლების მიუხედავად ვერ მოახერხა არათუ კულტურული ჰეგემონიის მოპოვება, დამოუკიდებელი ფასეულობითი სისტემის ჩამოყალიბებაც კი. მიუხედავად ამისა, ფული, როგორც ფასეულობა და კაპიტალის ლოგიკა, რომელიც ბურჟუაზიული ფასეულობების ბირთვს წარმოადგენს, ქართულ კულტურაში შემოვიდა და დაუპირისპირდა ანტიკაპიტალისტური ხარჯვის ლოგიკას. ამ ანტიკაპიტალისტურმა ხარჯვის ლოგიკამ შეითვისა ძველი რაინდული ანტიკაპიტალისტური ხარჯვის ლოგიკა („რასაცა გასცემ შენია“), ოღონდ ამ ლოგიკის მოდერნიზაცია შეძლო. თუ ადრე რაინდული ეთოსი დაკავშირებული იყო, პირველ რიგში, სიმბოლურ კაპიტალთან და კულტურული კაპიტალი მასში იგულისხმებოდა, მაგრამ სპეციალურად მარკირებული არ ყოფილა, თანამედროვე ფორმით პირველ ადგილზე სწორედ კულტურული კაპიტალი გადმოვიდა, ოღონდ კულტურული კაპიტალი, რომელიც კაპიტალის გადანაწილების და არა მისი აკუმულაციის ლოგიკით მუშაობდა. ეკონომიკური კაპიტალის ლოგიკა ქართულ კულტურაში შემოვიდა მინუსის ნიშნით, როგორც ნეგატიური ფასეულობა (რომელიც, გერმანული რომანტიზმისაგან განსხვავებით, დემონურს მხოლოდ „სურამის ციხეში“ მიუახლოვდა).
აქედან შეგვიძლია ორი შესაძლო დასკვნა გამოვიტანოთ: 1) არსებობს განსხვავება რეალურად მოქმედ ფასეულობათა და ქცევის ნორმებს შორის და სიმბოლურ რეპრეზენტაციებს შორის. სწორედ ამ შემთხვევაში ცნება „რომანტიკული ანტიკაპიტალიზმი“ გამართლებული იქნება, როგორც რეალური ვითარების ესთეტიკაში გადაფარვა და ამ შემთხვევაში რომანტიკული ანტიკაპიტალიზმი იქნებოდა XIX საუკუნის პირველი ნახევრის პოლიტიკური რომანტიზმის გაგრძელება. 2) ქართული კულტურა XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა, როგორც ანტიკაპიტალისტური, მისმა ფასეულობითმა სისტემამ კაპიტალიზმის ლოგიკა და ფასეულობათა სისტემა ვერ მიიღო. ეს დამოკიდებულება შეიძლებოდა შეცვლილიყო, საქართველოს ისტორია სხვაგვარი რომ ყოფილიყო, მაგრამ საქართველოს იძულებითი გასაბჭოების შემდეგ XIX საუკუნეში ჩამოყალიბებულმა ფასეულობათა სისტემამ კონსერვაცია განიცადა და დღემდე განაგრძობს მოქმედებას (როგორც თანამედროვე კულტურული რეპრეზენტაციებიდან ვხედავთ). ფულის თემას ქართული კულტურა 1960-იანი წლებიდან დაუბრუნდა. აქედან მოყოლებული ფულის და მასთან დაკავშირებულ ფასეულობით კონფლიქტებს ცალკე გამოკვლევა სჭირდება და ამ თემას სხვა დროს დავუბრუნდები. წინასწარ კი შემიძლია ვთქვა, რომ ეს კონფლიქტები XIX საუკუნეში შექმნილ თარგზეა გამოჭრილი და აქაც ფული ნეგატიურ ფასეულობებთან – ტყუილთან, უზნეობასა და დანაშაულთან – არის დაკავშირებული, ოღონდ ეს საბჭოთა ანტიკაპიტალიზმი კი არაა, XIX საუკუნის ქართული ანტიკაპიტალიზმის გაგრძელებაა.
[1] „ძველი აღზრდითი წესი მოიშალა, სარწმუნოება, უმცროს-უფროსობითი მორჩილება და ბუნების ენაზე გონებითი წარმატება შეფერხდა. ნივთიერი შეძლება, რომლითაც განისაზღვრებოდა წინათ დედ-მამის ოჯახის მუდმივი ზედამხედველობა ყმაწვილზე, დღეს აღარავის შერჩენია. ვაჟი, ან ქალი ცხრა წლიდან მოკიდებული, მოშორებულია დედ-მამას და შორს ქალაქში გაგზავნილია სხვის ანაბარათ. იქ იგი ისეთ სახლობაში იზრდება, საცა მომეტებულ ნაწილათ დღიური ლუკმის ვარამი თვით იმასვე აგდებს გარყვნილების ლექში, და აი, სად ეძლევა ჩვენს მოზარდ თაობას ესევითარი მაგალითი, აი, რა ნიადაგი ზრდის ქართველს ყმაწვილსა. ამისთანა გარემოებაში იმას რა ზნეობა უნდა შერჩეს, ან რა სარწმუნოებრივი გრძნობა უნდა განეღვიძოს, ან რა პატივისმოყვარეობა უნდა შეითვისოს! ბავშვი დედ-მამის უსაშვალობის გამო შორს გაბარებული, ვიგინდარათ და უპატრონოთ მიგდებული, გამოდის ან ზნეობით მახინჯი, ან ადრევე ესპობა სიცოცხლე. ასეთს მკაცრ გარემოებას იშვიათად თუ ვინმე აიტანს, რომ შემდეგ ცხოვრებაში დარჩეს მტკიცე ხასიათისა და მტკიცე ზნეობის მექონი. ის კი არა, ჯერ ამის მაგალითი არც ჩემს თვალს უნახავს, არც სხვას მოსწრებია. მომეტებულ ნაწილად, თუ ვინმე ყმაწვილობიდანვე მაგარი ბუნებისა და გონების პატრონი გადურჩა ამ გარემოებას, ის მაინც ცხოვრებაში მტკიცე ხასიათს მოკლებულია. მას ადვილად რყვნის ცხოვრების ვითარება და დაბალის ხარისხის მიმართულებანი“ („პირველი ნაბიჯი“).