Полу-милорд, полу-купец,
Полу-мудрец, полу-невежда,
Полу-подлец, но есть надежда,
Что будет полным наконец.
„ლე კლან“-ის კარს შესვლის მსურველთა არმადა მოსდგომოდა. ეს კლუბი, სხვა მისნაირი კლუბების მსგავსად, მელიქ აზარიანცის სახლის მეორე თუ მესამე სართულზე გაეხსნათ ძველი ორნამენტებითა და ბარელიეფებით მორთულ შენობაში, საიდანაც საქართველოს უახლესმა ისტორიამ ყველა მცხოვრები გამოაძევა, სარდაფებსა და პირველ სართულზე სახინკლეები და ფეშენებელური მაღაზიები დახსნა, უფრო მაღლა კი ნაირ-ნაირ კლუბებს მოუყარა თავი. ამ გარემოებების გამო შენობა ისტორიული ნაგებობიდან ერთგვარ გასართობ „ოლ ინკლუზივად“ იქცა, სადაც შეიძლებოდა კარგად გაზმანულიყავი, გეცეკვა, ელექტრონული მუსიკისთვის მოგესმინა, დაგელია და გეჭამა.
„ლე კლანში“ ყველას არ უშვებდნენ – მხოლოდ მათ, ვისი სახეც მოეწონებოდათ: შემსვლელს კართან დაცვა აჩერებდა და ვიდეოკამერისთვის მზერის გასწორებას სთხოვდა, რომლის დახმარებითაც კლუბის მეპატრონის მიერ სპეციალურად შერჩეული თანამშრომელი, რომელიც სახეებზე სპეციალიზდებოდა, ადამიანის გამომეტყველებას კარგად დაათვალიერ-შეამოწმებდა (უბრალო ხალხი ამ პროცედურას ფეისკონტროლს უწოდებს) და თუკი მოეწონებოდა, კლუბში შესვლის ნებას დართავდა, თუ არადა, გართობას მოწყურებული ახალგაზრდა იძულებული იყო, გაეცნობიერებინა თავისი მეორეხარისხოვნება და კუდამოძუებულსა და დემორალიზებულს რომელიმე სხვა დაწესებულებისკენ აეღო გეზი – ვაკო მოსწონდათ. თავად ვაკო საკუთარი თავით ბოლომდე არ იყო აღფრთოვანებული… უფრო სწორად, იცოდა, რომ ცუდი გარეგნობა არ ჰქონდა, მაგრამ დარწმუნებული იყო, შეეძლო უკეთესიც ყოფილიყო, თუკი თავის მოვლას მეტ დროს დაუთმობდა: ცოტას ივარჯიშებდა და ჩაცმა-დახურვაზე მეტად დახარჯავდა ფულს.
ვაკო მშობლებთან ერთად სოლოლაკში, ვუკოლ ბერიძის ქუჩაზე, ცხოვრობდა. დედისერთა იყო და მშობლები დღემდე რამდენადაც შეეძლოთ, ანებივრებდნენ. „კლანში“ (მოფერებით ასე მოიხსენიებდნენ ამ კლუბს ისინი, ვინც მასში შესვლის პრივილეგიას ფლობდა) მის სახელზე ერთი პლუსი ყოველთვის იყო და, თუ საქმე მოითხოვდა, რამდენიმეს დამატებაც არ იყო პრობლემა.
„კლანი“ მთლად კლუბი არ იყო – უფრო გასახურებელ ადგილად ითვლებოდა. „ჰარდქორ“ ქლაბერები, საერთოდაც უკადრისობდნენ იქ შესვლას, მაგრამ ვისაც „ბასიანში“ წასვლამდე რამდენიმე შოთის გადაკვრა უნდოდა, მისთვის ზედგამოჭრილი ადგილი იყო. ყოველთვის ისეთი დიჯეი ჰყავდათ, კარგ ხასიათზე რომ დაგაყენებს და ჩაბნელებული ბითებით ნევროზამდე რომ არ ჩაგაჭერს მუსიკას. ცოტა სასმელი, ცოტა პლანი ან ცოტა „ემდი“ (ძალიან ცოტა) ზედ აკვდებოდა ატმოსფეროს. გოგოები მხიარულ მუსიკას მსუბუქად და სექსუალურად აყოლებდნენ ხოლმე ტანს, ამ ყველაფრის და ერთმანეთის შემხედვარე ბიჭების უმეტესობა ცეკვას ვერ ბედავდა, თუმცა ტეკილით ან სხვა რაიმე „კრეპკით“ იკეთებდა გულს.
ვაკო უკვე ნასვამი იყო, წამოსვლამდე ძმაკაცთან ერთი-ორი ჭიქა ჩაარტყა. სასმელი იმდენად არ მოჰკიდებოდა, რამდენადაც საღერღელი აშლოდა; თუმცა ამ აცუნდრუკებას მხოლოდ სასმელი არ ედო მიზეზად – „ლე კლანში“ მისი დღევანდელი ვიზიტი ძალიან კონკრეტული მიზნით იყო განპირობებული – მაკო მელაძის ნახვას აპირებდა. მაკოსთან სექსი უკვე ორჯერ ჰქონდა და ორივეჯერ მინიმალური ძალისხმევა დასჭირდა ჩანაფიქრის განსახორციელებლად. პირველად რაღაცნაირად იგრძნო, რომ მაკოს მოსწონდა და იმის ნაცვლად, რომ ფლირტის ნაცადი ხერხებისთვის მიემართა, თავი მოიმთვრალიანა და კლუბის ერთ-ერთ ოთახში მდგარ დივანზე მიწვა, ვითომ ჩაიძინა. მაკოსაც დიდხანს არ უფიქრია, მისი სიმთვრალით აფორიაქებულმა იზრუნა, წამოაყენა, თავის თავზე იტვირთა მისი სახლში გაცილება, ტაქსი გამოიძახა და კიბეზე ჩაჰყვა, მასთან ერთად ჩაჯდა მანქანაში. ამის შემდეგ ორივემ ვითომ მოულოდნელად რომელიღაც მიგდებული სასტუმროს ნომერში ამოყო თავი. ერთი კვირაში ზუსტად იგივე ამბავი განმეორდა: ისევ თავის მომთვრალიანება, ისევ მეურვეობა და ისევ სექსი. მესამე კვირა იდგა და ვაკოს კვლავ ამ მარტივი და სისულელემდე ბანალური სქემის იმედი ჰქონდა.
„ლე კლანის“ ძველისძველ და კარგად მოცვეთილ სოფაზე, რომელსაც დიდი ხნის წინ შელახოდა გადაკრული ხავერდი, ვაკო თავდავიწყებით იმკვდარუნებდა თავს. როლში ბოლომდე იყო შეჭრილი, თუმცა მაინც ახერხებდა და ცალ თვალს ოსტატურად აპარებდა მაკოსკენ, რომელსაც უკვე ორჯერ მოესწრო მისთვის გულგრილად აევლო გვერდი. ვაკოს ეს ინდიფერენტული დამოკიდებულება ცოტა აფორიაქებდა, მაგრამ იმედს მაინც არ კარგავდა. არავინ იცის, რატომ, მაგრამ დარწმუნებული იყო, რომ მაკოს კვლავ „შეეცოდებოდა“, აუცილებლად მივიდოდა მასთან, სახლში წაიყვანდა და სექსუალურ ოცნებათა ოკეანეში ამოაყოფინებდა თავს. კარგა ხანი ამგვარ მსახიობობაში გაატარა და როდესაც მიხვდა, რომ ბედი სახარბიელოს არაფერს უმზადებდა, წამოდგომა გადაწყვიტა. შორიახლოს ორი ნაცნობის ლაპარაკი შემოესმა:
– კაროჩე, ამ ღამით აპირებ ნატკას ნახვას, სახლში დაადგები და რამე? – გაისმა ღირსეული ტონით ნათქვამი პირფერული სიტყვები.
– მე რა უნდა დავადგე? ნაქირავებში მოვა – ჩემთანაა სტრელი. იქ უნდა შევხვდე. ახლა მივდივარ და ისიც მოვა. მაგის ქმარი კი არის მაგარი გამოსირებული, მაგრამ მთლად ეგრე არაა, სახლში რომ დავიწყო მაგასთან დვიჟენია.
– იასნია.
ამ სიტყვების გაგონებაზე ვაკომ ყურები ცქვიტა და ცალი თვალი ისე ოსტატურად მოჭუტა, რომ მაფიოზობანაში ყველაზე გამობრძმედილი „იგროკიც“ კი ვერ მიხვდებოდა, ვინმე თუ უყურებდა. მოლაპარაკე წყვილს ქუთუთოების ჭუჭრუტანიდან დაუწყო დაკვირვება. ორივე ამოიცნო – „ძველი გვარდიიდან“ იყვნენ. ვერელები, ოთხმოცდაათიანები რომ აქვთ გამოვლილი – ნაომრების ოდნავ უმცროსი თაობა, ომი რომ არ მოუწიათ, მაგრამ უბნურ პერესტრელკებში რომ გამოიდეს თავი – ჯიბლო და ონჩიკა. ჯანმრთელ და ჯან-ღონით სავსე აგრესიას ასხივებდნენ. დანახვისთანავე მიხვდებოდი, რომ მათთან საქმის დაჭერა არ იყო კარგი იდეა. ისეთები იყვნენ, აი ყველაფრისთვის რომ მზად არიან: სროლისთვის, დალევისთვის, ვარჯიშისთვის, შიგადაშიგ გაჩხერისთვის და მაინც ისეთ ჯანზე, მარტო ტყვია რომ მოერევათ (თუმცა ისიც ბევრჯერ რომ მოხვედროდათ). ახლა ახალი დროება იდგა, უკვე გაჯიგრებულიყვნენ, მაგრამ ყველამ კარგად იცოდა მათი ძველი დაუნდობლობის ამბები – დღესაც თვალს არ დაახამხმებდნენ, ისე მოგიტაცებდნენ, მოგკლავდნენ ან, საჭიროებისამებრ, დაგაუთოებდნენ. ვაკო ორივეს იცნობდა, ჭონქაძის ქუჩაზე მოდიოდნენ ხოლმე მის უფროს უბნელებთან, თუმცა თვლიდა, რომ განსაკუთრებით კარგად ჯიბლოსთან იყო.
– ამ საცოდავს შეხედე?! – თქვა უცებ ჯიბლომ და სოფაზე გათხლაშულ ვაკოზე მიანიშნა.
– მგონი „ძენ სურკა“ აქვს ამჩემისას. მოვა აქ, დალევს ორ ჭიქას და ითიშება. მესამედ ვხედავ უკვე ამ დივანზე. ტოტო უნდა გავაფრთხილო, რო აღარ მისცეს პლიუსები.
–რა გინდა, რას ერჩი? გდია თავისთვის, – ირონიული გულგრილობით უპასუხა ონჩიკამ. ცოტა დაფიქრდა და უფრო დამცინავად დაამატა – ისე, მამენტ, ეს ნატკას ქმრის კროვნი ძმაკაცია ხო იცი?
– კი, მაგარი ძმები არიან. დაჟე მეჯვარეცაა, მგონი.
– ამის იმედზეა გიორგა!? – გესლიანად ჩაიცინა ჯიბლომ.
ვაკო არ ინძრეოდა, ერთი პერიოდი სუნთქვა უპირებდა აჩქარებას, მაგრამ რაღაცნაირად მოახერხა გულის დაშოშმინება. „გიორგა“, როგორც ეს ორი ვიგინდარა მის ძმაკაცს უწოდებდა, მართლაც მისი საუკეთესო მეგობარი იყო, ნატკა კი – მისი ცოლი. თითქმის ბავშვები დაქორწინდნენ და მათი კავშირი დღემდე მთელი სამეგობროსთვის სამაგალითო იყო. არადა, როგორც ამ ორი ყაჩაღის დიალოგიდან ირკვეოდა, მთლად ისე იდეალურად არ უნდა ჰქონოდათ საქმე, ყველას რომ ეგონა. ვაკო თავს იმთვრალიანებდა, თან ფიქრობდა, რისი გაკეთება შეეძლო. თავიდან იმ აზრმაც მოუფრიკინა, რომ ფეხზე წამოვარდნილიყო და მოულოდნელად ეწყვიტა რომელიმესთვის, მაგრამ მიხვდა, რომ მთლად კარგი პერსპექტივა არ ელოდა ამ წამოწყებას და ეს სცენა აუხდენელ ოცნებათა სიაში გადაუძახა. აშკარად რაღაც უფრო ჭკვიანური იყო საჭირო. მაინც რა უნდა ექნა?! გიორგის ხომ არ დაურეკავდა?! ამიტომ ერთადერთ მისაღებ ვარიანტად დალოდება და ონჩიკას ადევნება ჩათვალა. იქნებ იტყუება ჩათლახი, საძმაკაცოს თვალში რომ იმარიაჟოს. თუ არ იტყუება, სიმართლეს მაინც გაიგებს, სიმართლეს მაინც ეტყვის მეგობარს. ან სულაც გააფრთხილებს ნატკას, რომ დაანებოს ტრაკის თამაშს თავი და ისევ დაუბრუნდეს სამაგალითო ცოლის ცხოვრებას – ალბათ ასე აჯობებს. ამ ფიქრებში გართულმა ბოლომდე მოისმინა ჯიბლოს და ონჩიკას საუბარი, ბაზრის დედაკაცებივით ჰქონდათ ენები გადმოგდებული, მითქმა-მოთქმის კორიანტელი იდგა კლუბში, ისეთი ამბები დაყარეს, რომ თმა ყალყზე დაგიდგებოდა, მაგრამ ვაკოს გონება სხვაგან ქროდა – ერთადერთი მიზანი ის იყო, რაც შეიძლება მალე ადევნებოდა ონჩიკას, რათა გაერკვია ჭეშმარიტება.
ბოლოს და ბოლოს, გამობრძმედილი ძველი ბიჭებიც მორჩნენ ჭორაობას და ონჩიკა გამბედავი და თავხედური ნაბიჯის კომბინაციით („ძერსკს“ რომ უწოდებენ, ისეთით) გასასვლელისკენ დაიძრა, ჯიბლოც აედევნა, ჩაღეღილი პერანგითა და მოკლე ხელებით, ამაყად რომ ჩაემოეყარა დუნდულების გასწვრივ. იყო ამ პახოდკაში რაღაც პერფექციონისტული – მრავალწლიანი პრაქტიკით დახვეწილი და ჩამოქნილი, ისეთი სრულყოფილი, იფიქრებდი ამ პახოდკით დაიბადაო; მაგრამ ჩვენ ხომ ყველანი ბევრჯერ ვეცემით, ვიდრე სიარულს ვისწავლით?! დაახლოებით ასეთივე იყო ამ თავდაჯერებული და თავხედური სიარულის მანერის ისტორიაც: ის ვერის ბირჟაზე დაიბადა, ვიღაცების მიბაძვით წლების განმავლობაში სტრელკებზე, ჩხუბებში, დაბადების დღეებზე, ფართებზე, ტუსოვკებზე, სხოდკებზე თუ გარჩევებზე მიდიოდა მისი ბრძმედა და წრთობა. ახლა კი ის უსრულყოფილესი ნაბიჯი გახლდათ, რომელიც პატრონს სიმთვრალეშიც არ ეშლებოდა.
ვაკომ ცოტა ითმინა და ფრთხილად წამოდგა, კლუბის მალებნელში (პოლუმრაკს რომ უწოდებენ) საიდუმლო მზერა გააპარა. ჯიბლო და ონჩიკა არ უნდა დაეკარგა. დერეფანში ნელა მიიწევდა, თან ტაქტიკასაც არ ღალატობდა, გალეშილი მთვრალის როლის თამაშს აგრძელებდა. ონჩიკა და ჯიბლო უკვე საგარდერობოსთან იდგნენ და კურტკებს იღებდნენ. ჯიბლოს ტყავები ეცვა, მოკლე შავი ტყავის კურტკა, მოკლე საყელოთი, მარდი, ზიზინა ზმეიკით და საყელოსთან შავი წკაპაწკუპა კნოპკებით. ონჩიკაც შავებში იყო გამოწყობილი, მოსაწვიმრო პალტო (ელეგანტურს რომ ეძახიან, ეგეთი) შიგნიდან დათბილული უნდა ყოფილიყო. ვაკომ დაინახა, როგორ დაიხურა ჯიბლომ ნაქსოვი ქუდი ღიმილით და რაღაც რეპლიკაც მიაყოლა, წესით. იუმორისტული. ერთმანეთში ლაპარაკობდნენ, ლამის ყვიროდნენ, მაგრამ კლუბის ხმაურში უკვე კარგად მოშორებით ვერაფერს გაიგებონედა კაცი. საუბრის აგრესიული მანერა ჰქონდათ, თავდაჯერებული, მინიმალისტური, მაგრამ მაინც ჟესტიკულაციით გამაგრებული. ყოველი წინადადების ბოლოს რამე უნდა მოემოქმედათ – მაგალითად, ღილები შეეკრათ, იქვე კედელზე ჩამოკიდებულ სარკეში ჩაეხედთ და თმაზე ხელი გადაესვათ, ჯიბეზე ხელი დაერტყათ მობილურის შესამოწმებლად, საათზე დაეხედათ და ასე ნაჭერ-ნაჭერ ელაყბათ ერთმანეთთან. საუბარი უფრო მეტად ტექნიკური სამუშაოს შესრულებას ჰგავდა, პროფესიონალები რამე მანქანას რომ ცდიან და ერთმანეთს ინფორმაციას აწვდიან, რომელმა რა ხელსაწყო ჩართო – გადაკონტროლების, მექანიზმის დატესტვასავით სცენა გაგახსენდებოდათ.
კლუბიდან როგორც კი გავიდნენ, ვაკო საგარდერობოსთან მიიჭრა. რიგი დიდი არ იყო, მაგრამ ერთი-ორი კაცი მაინც ელოდა ქურთუკს. ანერვიულებულმა ვაკომ ბოდიშის მოხდით გაარღვია რიგი და მეგარდერობეს სწრაფად გამოართვა პალტო, ელვის უსწრაფესად მოიცვა და თავქუდმოგლეჯილი გავარდა სადარბაზოში. ერთი სართულის კიბე ენერგიულად რომ ჩაირბინა, მიხვდა, ძალიანაც არ უნდა ეჩქარა, რადგან შესაძლოა უეცრად დასწეოდა, ვისაც მისდევდა და უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩენილიყო, ეს კი მის გეგმებში სრულებითაც არ შედიოდა. ამიტომ მერანს ლაგამი ამოსდო, თავის თხელი პალტოს ლამაზი კაპიუშონი თავზე დაიფარა, კიბეზე ხტუნვას შეეშვა და ენერგიულად, თუმცა საქმიანად დაეშვა ქვევით. კიბეები ჩაიარა, სადარბაზოდან გავიდა, თვალი მოჰკრა, ონჩიკა თავის შავ მერსედესში ჯდებოდა (ყველაფერი ხუთიანზე ჰქონდა აწყობილი). ამიტომ შესასვლელთან ოდნავ შეყოვნდა, რათა არავის შეემჩნია და, როგორც კი დაინახა, რომ მანქანა დაიძრა, რევოლუციის გმირივით ხელგაშვერილი ტაქსის გასაჩერებლად მოსწყდა ადგილს.
მელიქ აზარიანცის სახლთან მანქანის დაჭერა რთული არ იყო, ტაქსისტები იქვე იყვნენ ჩასაფრებულები პოტენციური კლიენტის მოლოდინში. ვაკოს გამოჩენა და ჰორიზონტზე ტაქსის გამოგრიალება ლამის ერთდროულად მოხდა. მაგრამ მაინც უცნაური იყო, რომ სტანდარტული ,,პრიუსის” ნაცვლად, ვაკოს ფეხებთან თარსი შავი „ვოლგა“ მოქანდა[1]. მაგრამ ცრურწმენებზე ფიქრისთვის ვის სცხელოდა – ვაკოს აუცილებლად უნდა ემოქმედა. მანქანის უკანა კარი გამოაღო და ფასზე შეუთანხმებლად, საჩქაროდ მოთავსდა ვოლგის ძველ სავარძელზე. კარის სახელური ეუცნაურა – ასეთს ბავშვობის შემდეგ არ შეხვედროდა, ვერცხლისფერი ლითონისგან დამზადებული, განსხვავებული თანამედროვე სახელურებისგან, კარში ისე იყო ჩამაგრებული, რომ საერთოდ არ სცდებოდა მის ზედაპირს, თითები სახელურსა და კარს შორის არსებულ სიცარიელეში უნდა ჩაგეყო და შენკენ, ქვევიდან ზევით, გამოგეწია, ამ მოძრაობას კი მოჰყვებოდა გაუგებარი ღრჭიალი, რომელიც არც ერთი სხვა ნივთისთვის არ იყო დამახასიათებელი, გარდა „ვოლგის“ მარკის ამ ავტომობილის კარის სახელურისა, მოკლედ, სრულყოფილი არასრულყოფილება იყო.
– აი, იმ შავ ესკლასს მიყევი რა ძმურად, – გასცა ბრძანება ვაკომ, – ოღონდ ძაან იავნადაც არა, ისე, რომ არ დაიწვა…
ტაქსისტი უსიტყვოდ დაემორჩილა. სტარტერში გარჭობილი გასაღებების გროვა გადაატრიალა და დაიძრა. უკანა სავარძელზე მოკალათებულმა ვაკომ ფანჯრიდან ქუჩას მოავლო თვალი. ჯერ სადარბაზოს შეხედა, მერე – კლუბთან მობირჟავე გოგო-ბიჭების მხიარულ ბანდას. მანქანამ ოციოდე მეტრი რომ გაიარა, ტელეფონზე მოლაპარაკე ჯიბლოს მოჰკრა თვალი – ზურგით იდგა და, როგორც სჩვეოდა, ლაპარაკს ხელების ენერგიულ მოძრაობებს უხამებდა. მობილური მარცხენა ხელით მიებჯინა ყურთან, მარჯვენას კი რიტმულად შლიდა. „ვიღაცას საქმე რომ არ გაურჩიოს, ხომ შანსი არაა?!“ ირონიული სიმაღლიდან გადმოაგდო ფიქრი ვაკომ და ამ დროს ისეთი რამ მოხდა, რაც გათვლილი არ ჰქონდა – როგორც კი მანქანა ჯიბლოს გაუსწორდა, ჯიბლო შემოტრიალდა და თავის გამჭოლი მზერა პირდაპირ თვალებში ატაკა ვაკოს. ვაკომ სასწრაფოდ მოაშორა თვალები თვალებს, მაგრამ რას გააწყობდა, როცა ორი მზერა ხვდება ერთმანეთს, იქ უკვე ვეღარაფერს იზამ (ან თუმცა, ვინ იცის, იქნებ მოეჩვენა, რომ ასე მოხდა)…
ვაკო ცოტა ხნით ნერვულმა ფიქრებმა აიტაცა. შეეცადა, თავი დაერწმუნებინა, რომ ჯიბლო კაპიუშონის გამო ვერ მოახერხებდა მის ცნობას, მაგრამ პარანაოიდული სცენარების მთელმა რიგმა მაინც ჩაირბინა მის სულში. „ერთი მაგის დედაც ვატირე …“ – გაიფიქრა და ვითომ უდარდელად სცადა ყურადღება რამე სხვაზე გადაეტანა.
ამ ტაქსიში კი ყურადღების გადატანას რა უნდოდა – ტაქსი კი არა, პატარა კელია იყო. მანქანის სალონი ბზინვარებამდე იყო მოვლილი, ტორპედო და ჭერის წინა ნაწილი, პარპრიზის გასწვრივ, ხატებით შეემკო ღვთისმოშიშ შოფერს. განსაცვიფრებელი და აღსაფრთოვანებელი იყო, თუ როგორ მოეჭედა იქაურობა – უბრალოდ ტაქსისტი ან მძღოლი კი არა, ავტოოპიზარი იყო. არა ერთი და ორი ან თუნდაც მძღოლებში ფართოდ გავრცელებული მცირე ზომის ტრიპტიქი, არამედ მთელი ჯარი საშუალო ზომის ხატებისა, ეკლესიაში თავისუფლად რომ ნახავ რომელიმე კედელზე ჩამოკიდებულს – წმინდა გიორგით და ნიკოლოზით დაწყებული, სერაფიმ საროველით და სხვა მრავალი რუსი წმინდა მამის თუ დედის გამოსახულებებით დამთავრებული. სარკეზე ფსკვნილები, მედალიონები და ჯვრები ეკიდა, რადიოდან კი მღვდლის მოგუდული ქადაგება იღვრებოდა:
– არა გული გითქმოდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, – ისმოდა მოძღვრის თავდაჯერებული ბარიტონი – ეს თავისთავად ცხადი ჭეშმარიტება დღეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თანამედროვე ახალგაზრდობამ სექსუალური რევოლუციისა და ლიბერალური იდეოლოგიის შეგონებით ათ მცნებას რამდენიმე გამოაკლო, თითქოს ეს მცნებები უმნიშვნელო და მოძველებული იყოს თანამედროვეობისთვის. არადა, ვითომ არ იციან, რომ ათი მცნება მარადიულია. ჭეშმარიტება არ ემორჩილება ჟამთასვლას, სწორედ იმიტომ, რომ ის ვერ შეიცვლება ისტორიული გარემოებებით. ღმერთი გარემოებებიდან კი არა, მარადიულობიდან გამოდის. ეს ასე რომ არ ყოფილიყო, ღმერთი ამქვეყნიურ მოდას აუწყობდა ფეხს, ამა სოფლის მოთხოვნების მიხედვით იმოქმედებდა, მაგრამ უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვეუბნება: „მეუფებაი ჩემი არა ამის სოფლისაგანი არს. უკეთუმცა ამის სოფლისაგანი იყო მეუფებაი ჩემი, მსახურნიცა ჩემნი იღუწვიდეს ჩემთვის, რაითა არამცა მივეცი ჰურიათა. ხოლო აწ მეუფებაი ჩემი არა არს ამიერ სოფლით.“
– ძმობას გაფიცებ, ცოტა რომ ჩაუწიო რადიოს, არ შეგიძლია? – იკითხა ქადაგებისგან გაღიზიანებულმა ვაკომ.
– არა, მეგობარო არ შემიძლია! – გულწრფელობაგარეული აგრესიით უპასუხა მძღოლმა, – პარასკევს, ღამის ეთერში, მამა სოკრატეა ხოლმე და ძალიან საინტერესოდ ქადაგებს. თავად გეტყობა, რომ არ ხარ მორწმუნე.
– მორწმუნე ვარ, უბრალოდ ეკლესიური არ ვარ, – შეაგება გამზადებული პასუხი ვაკომ.
– ხო, სულ მანდ ცდებით თქვენ, ყველანი, ვინც ფიქრობთ, რომ მორწმუნეები შეიძლება იყოთ და ეკლესიურნი არა. ეკლესია ხომ ქრისტეს სხეულია?!
– დიდი ბოდიში, ძმაო, – უკვე ოდნავ უკან დაიხია ვაკომ, – ძალიან საინტერესო კი არის შენთან ლაპარაკი, მაგრამ, რაც მთავარია, იმ მანქანას ისე უნდა მივყვეთ, რომ არც დავკარგოთ და არც შეგვამჩნიოს. კარგი?!
– კარგი, მაგრამ, როგორც ხედავ, აქ მე მხოლოდ სატაქსაოდ არ გამოვდივარ, თუკი ვინმე მიჯდება, აუცილებლად ვცდილობ, რომ ეკლესიის გზაზე დავაყენო!
– ხოო?! – ირონიულად იკითხა ვაკომ, ––ზნაჩიტ „ვასწავლნე უსჯულოთა გზანნი შენნი და უღმრთონი შენდა მოიქცენ?“
– მთლად ურჯულო არ ყოფილხარ, – გაუხარდა მძღოლს, – უმეტესად აბსოლუტური ურწუნოები გამოდიან ხოლმე მაგ კლუბიდან.
– მერვე კლასამდე წმინდა ივლიტას და კვირიკეს სახელობის სკოლაში ვსწავლობდი. თუ მანამდე რამე რწმენა იყო ჩემში, ბოლომდე გამომიბერტყა ამ ხნის განმავლობაში დამრიგებელმა.
– რას ამბობთ, – რატომღაც ზრდილობიან ფორმაზე გადავიდა მძღოლი, – იქ ისეთი კარგი კაცია დირექტორი, რომ ვერც კი წარმომიდგენია, პედაგოგიურ კოლექტივში ვინმე მაინც მიეღო, რომელიც რწმენაში დააბრკოლებდა ბავშვებს.
– ხო, ჩვენ კი არ გვაბრკოლებდნენ, გვაძალებდნენ! – თქვა მოგონებებით აღელვებულმა ვაკომ და უცბად მიხვდა, რომ აშკარად არ იყო ის საუბარი, რაც ამ დაძაბულ მომენტს შეეფერებოდა. მართლაც რა შუაში იყო საუკეთესო მეგობრის ცოლის სავარაუდო საყვარლის საიდუმლო თვალთვალი და ეკლესიასთან დაკავშირებული ბავშვობის ტრავმები. ან ეს ფსალმუნის ციტირება რაღა უბედურება იყო. არა, აშკარად რადიოქადაგებამ აურია ტვინი, თან ეს „არა გული გითქმოდეს“ ხომ საერთოდ ძალიან უცნაურად დაემთხვა ამ ღამის პარანოიულ ატმოსფეროს. ხვდებოდა, რომ ახლა უნდა დაწყნარებულიყო და ცივი გონებით ემოქმედა.
ქადაგად დავარდნილი მძღოლი საუბარს აგრძელბედა, მაგრამ ვაკო უკვე აღარ უსმენდა. წინ, ცოტა მოშორებით, მიმავალ დინჯ მერსედესზე ფიქრობდა, მძიმედ რომ მიაპობდა გვიანი ნოემბრის ნოტიო ჰაერს. გზას რომ გახედა, მიხვდა, რომ უკვე რუსთაველი ქუჩას გასცდენოდნენ და კოსტავას იმ უკაცურ მონაკვეთზე გადასულიყვნენ, სადაც ფილარმონიასთან ქუჩა ორად იყოფა და ემსგავსება მრავალი წლის ერთად სიარულით დაღლილ ძმებს, დასანახად რომ ვეღარ იტანენ ერთმანეთს და უსიტყვოდ, „ბუნებრივად“ რომ აგრძელებენ თავიანთ უპერსპექტივო, სამომავლო გზებზე სიარულს. ეს გზაგასაყარი ყოველთვის ცუდ გრძნობას აჩენდა ვაკოს გულში, მაგრამ დღეს პირველად დაფიქრდა ამაზე. უეცრად თავში კიდევ ერთხელ გაუელვა ნერვულმა აზრმა: ამ უცნაური საეკელესიო ღამის რადიოს სმენისა და მძღოლთან დისპუტის გადამკიდეს ონჩიკას მანქანა ხომ არ გამოეპარა და სხვა მსგავს მერსედესს ხომ არ მისდევდა. მართლაც საკმაოდ დიდი შანსი იყო, რომ რელიგიური კამათით ვნებაატანილებს ვერც კი შეემჩნიათ, როგორ შეუხვია ონჩიკას გემივით მანქანამ, მაგალითად, ია ეკალაძის ქუჩაზე. თან თბილისი ხომ სავსე იყო ამ დაწყევლილი მეორადი შავი მერსედესებითა და ბეემვეებით. ონჩიკასაც მაინც და მაინც მერსედესი ჰყავდა, კი, ახალი, მაგრამ მაინც მერსედესი. ღამის თბილისში კი ყველა მერსედესი შავია, ისინიც კი, რომლებიც სხვა ფერისაა.
– დღეს ისეთი დრო დადგა, რომ მორალი საერთოდ აღარ არსებობს. რომ შეხედო, ვეღარ გაარჩევ, ვინ ვინაა. აი, ჩაგიჯდება კაცი, რომ იფიქრებ, ნორმალურია, მაგრამ… – აგრძელებდა ჯიუტად ტაქსისტი.
– ბოდიში, ბრატ, რომ გაწყვეტინებ, მაგრამ ამ ლაპარაკში ის მანქანა ხომ არ დაკარგეთ, რომელზე დახვოსტვაც გთხოვეთ? – ნერვულად გამიქსა შენობითი და თქვენობითი ვაკომ.
– არა, მეგობარო, არ დამიკარგია, – გამოფხიზლდა ქადაგებიდან ტაქსისტი, – იგივე მანქანაა, რომელსაც თავიდანვე დავედევნეთ.
– იმედია, – ოდნავ წყნარად, მაგრამ მაინც გესლიანად ჩაისისინა ვაკომ.
მძღოლს აშკარად გულზე მოხვდა ვაკოს დაძაბული საუბარი და გაჩუმდა, ახლა მხოლოდ რადიოდან ისმოდა შეგონებები… შავი ვოლგა დაჟინებით მისდევდა მერსედესს. გმირთა მოედანზე ონჩიკას მანქანამ „თერთმეტსართულიანის“ „არკაში“ შეუხვია. ვაკო უეცრად საშინლად აფორიაქდა, აღელდა, გულმა ბაგაბუგი აუტეხა, ჯიბეების ჩხრეკა დაიწყო – ფულს ეძებდა.
– აქ გააჩერე, თუ შეიძლება, – ნერვულად უთხრა მძღოლს და ათლარიანი გაუწოდა, – თუ შეგიძლია, დამიცადე და დაგიმატებ კიდევ, რომ გამოვალ.
შოფერმა თანხმობის ნიშნად უსიტყვოდ დააქნია თავი. ვაკო ფრთხილად გამოვიდა მანქანიდან და მოკლე, მაგრამ სწრაფი ნაბიჯებით წავიდა თაღისაკენ. საბჭოთა ორნამენტებით მოჩუქურთმებული თაღი შემზარავად გამოიყურებოდა: კოსტავა, გმირთა მოედანი და მისი შორიახლო ადგილები ესტაკადებით ჩახერგვის შემდეგ უკაცრიელ კუნძულს დაემსგავსა. შუაღამისას მხოლოდ მანქანები და მათი ხმები თუ სერავდა ქუჩას. თაღის შესასვლელთან შავი ცელოფნებით დაბურული დაცვის ჯიხური იდგა, საიდანაცრის ვაი-ვაგლახით გამოდიოდა ყვითელი დაბალი ძაბვის შუქი. ვაკო შეეცდა, ისე გაევლო, რომ არავის დაენახა. ჯიხურს სწრაფად ჩაუარა და სწრაფადვე სტყორცნა მზერა, რომ შეემოწმებინა, ვინმე ხომ არ ხედავდა, მაგრამ ვერაფერი გაარჩია. სანამ ტაქსიდან გადმოვიდოდა, დაინახა, რომ ონჩიკას მანქანამ მარჯვნივ შეუხვია, ამიტომ თაღის მარჯვენა კედელს აეკრა და ფრთხილად შეიხედა ბნელ ეზოში. თავიდან ვერაფერი გაარჩია, მაგრამ უეცრად მანქანის საკეტების ჩაკეტვის ხმა გაისმა და ამ ხმამ ვაკო უკეთ გაარკვია ჩაბნელებული ეზოს შუქ-ჩრდილებში – ბნელში ონჩიკა იდგა. ნაქირავებში აპირებდა ასვლას და ალბათ იქ დაუცდიდა ნატკას.
როგორც კი ონჩიკა სადარბაზოს კარში გაუჩინარდა, ვაკოს თავში უცნაურმა ფიქრებმა დაუწყეს ტრიალი. თუ აქამდე ყველაფერი ასე თუ ისე ცხადი იყო მისთვის, ახლა უკვე ბევრ საზრისს სიმძაფრე დაჰკარგოდა. ვერ ხვდებოდა, რამ გადააწყვეტინა ამ ნაბიჯის გადადგმა: ბოლოს და ბოლოს, ხომ ყველას აქვს ინტიმური ცხოვრების უფლება და თუ ნატკა ქმარს ღალატობდა, ესე იგი, რაღაც პრობლემა უნდა ყოფილიყო ოჯახში, რაც მხოლოდ ქალის ბრალი ვერ იქნებოდა და, საერთოდ, ოჯახურ საქმეებში ჩარევა არ იყო გონივრული და ზნეობრივი საქციელი. ძმაკაცობისა და მეგობრობის ის გაგებაც, რომელიც თბილისში იყო დეკლარირებული, უეცრად ერთობ გადაჭარბებულ და გაბუქებულ რამედ გადაექცა. მეგობარი იმისთვისაა, რომ ჭირსა თუ ლხინში შენთან ერთად დალიოს, უბედურებაში მოგისამძიმროს, ბედნიერების ჟამს გეპირფეროს და გაქოს – ეს არის და ეს. როცა საქმე პირად ცხოვრებაზე მიდგება, დისტანციის ზედმეტად გაუჩინარებამ ყველაფერს და ყველას შეიძლება ავნოს. ვაკოს ტვინი უდუღდა, მაგრამ ფეხებს ახლა უკვე ნაკლები თავდაჯერებით, მაგრამ მაინც მიჰყავდა ონჩიკას კვალდაკვალ. გრძნობდა, რომ ამგვარი იმპროვიზებული დევნა ძალიან სულელური იყო – თუ ახლოს მივიდოდა, მარტივად შეიძლებოდა დაენახათ, თუ შორს დარჩებოდა, თვითონ ვერ დაინახავდა ვერაფერს. თანაც რა გარანტია ჰქონდა, რომ მოახერხებდა ნატკას გამოჭერას? იქნებ ნატკა უკვე ბაითზე ელოდებოდა თავის ახვარ საყვარელს.
ეჭვის სიმები იმდენად დაეძაბა, რომ მოტრიალდა და შინ წასვლაც კი დააპირა, მაგრამ გაუგებარმა ძალამ მაინც აიძულა, დარჩენილიყო და იმ სადარბაზოსკენ წასულიყო, სადაც ონჩიკა შევიდოდა. ან, თუნდაც, ხომ შეიძლებოდა, სადმე კიბის ქვეშ ან სადარბაზოსთან ახლოს დამალულიყო და იმდენ ხანს ეცადა, სანამ ნატკა მოვიდოდა ან ბინიდან გამოვიდოდა. სადარბაზოს ძალიან ნელა უახლოვდებოდა – ჯერ ონჩიკა უნდა ასულიყო სახლში. გულისცემა გაუხშირდა, ხელები გაუოფლიანდა, მაგრამ თავს მაინც მოერია და ფრთხილად შეაღო სადარბაზოს კარი. ბნელი ელექტრონათურა დერეფანში საცოდავად ბჟუტავდა, არც ლიფტიდან გამომავალი ვიწრო სხივი ან გამოძახების ღილაკი ანათებდა იქაურობას, ორივე ჩამქრალი იყო. ალბათ, ბინა მეორე ან მესამე სართულზე იყო და ონჩიკამაც ფეხით ასვლა გადაწყვიტა. ვაკო კიბის მოაჯირთან მივიდა და ზევით აიხედა. კიბეზე არავინ იყო, ჩქამიც კი არ ისმოდა. ისიც კი იფიქრა, ხომ არ შემეშალა სადარბაზოო, მაგრამ უეცრად კიბის გასწვრივ პატარა გასასვლელს მოჰკრა თვალი – ერთი ეზოდან მეორეში რომ გაჰყავხარ. რაღაც ძალიან ეხამუშა, მაგრამ თავს მოერია და დერეფნისკენ წავიდა. გრძელი და ბნელი დერეფნის ბოლოს მოჩანდა სუსტი შუქი, რომელიც, სავარაუდოდ, მეზობელი ეზოდან შემოდიოდა. ვაკომ იფიქრა, რომ ონჩიკა სწორედ ამ ეზოში გავიდოდა და გადაწყვიტა გაჰყოლოდა. რატომღაც ძალთა მოზღვავება იგრძნო და სწრაფი და გამბედავი ნაბიჯით დაიძრა დერეფანში. მობილურ ტელეფონზე ფანარი აანთო, თავი ამაყად ასწია და ეზოსკენ გაეშურა. სწრაფად მიდიოდა, თითქოს ფრთები შესხმოდა, სიფრთხილის ყველანაირი შეგრძნება დაკარგოდა. ისე მოურიდებლად მოძრაობდა, რომ მისი ნაბიჯების ხმა ექოდ ისმოდა სადარბაზოში. უკვე ლამის ჩაბნელებული დერეფანი გავლილი არ ჰქონდა, რაღაცას რომ წამოჰკრა ფეხი. წაიქცა, მაგრამ შიში ჯერ კიდევ არ დაბრუნებულიყო მის სხეულში. ინსტინქტურად ფანარი იქით მიანათა, რასაც, სავარაუდოდ, ფეხით დაეჯახა: დერეფანში კედელთან ჩაკეცილი ონჩიკა ეგდო, სისხლში მოთხვრილი მძიმედ სუნთქავდა, რაღაცის თქმა უნდოდა და ვერ ამოეღერღა. ვაკოს მოულოდნელობისგან სახე დაემანჭა, უნდოდა, რომ ეყვირა, მაგრამ ნაცვლად ამისა უცნაური ჭრიალით ჩაისუნთქა ჰაერი. წამოდგომა და გაქცევა ერთდროულად სცადა, მაგრამ მოუხეშავი მოძრაობის გარდა არაფერი გამოუვიდა – ხელები იატაკს დააყრდნო, ფეხები უსუსურად ააფართხალა, მაგრამ ისევ აუცურდა და ტრაკით დაეცა. ხელისგულებზე თბილი სისველე იგრძნო – ონჩიკას სისხლი იყო. წაქცევის დროს ხელიდან გავარდნილი მობილური მოშორებით ეგდო. მისი ფანარი ცივად ანათებდა იქაურობას. ამ მკრთალ შუქზე მათი მზერები მრავალმნიშვნელოვნად შეხვდა ერთმანეთს. ონჩიკას სახე სულ სისხლიანი ჰქონდა. ვაკო რომ დაინახა, თვალები გაკვირვებით აევსო, ძალები მოიკრიბა და ძლივს ამოიხრიალა: „შენ რაღა გინდა აქ, შე საცოდავო?“. ვაკო წამით გაშეშდა, ონჩიკას თვალებს დააკვირდა და მიხვდა, რომ სიტყვები, რომლებიც იმ წუთას მოისმინა, ონჩიკას უკანასკნელი აზრები და, ამავე დროს, მისი ამჟამინდელი და სამომავლო მდგომარეობის საუკეთესო დახასიათება იყო.
როგორც კი გონს მოეგო და გაჭირვებით მოახერხა ფეხზე წამოდგომა, ფართიფურთით დასწვდა იქვე დაგდებულ ტელეფონს და მთელი სისწრაფით გამოვარდა სადარბაზოდან. რამდენიმე წუთის წინ მის გულში მოგიზგიზე სიმამაცის ნატამალიც კი აღარ იყო დარჩენილი. მისი სული და სხეული პანიკას მოეცვა. მისი მზერა იმ წამს ვინმეს რომ ენახა, მიუხედავად უკუნეთისა, მაინც გაარჩევდა შიშის ნეონისფერ კაშკაშს, ცხოველები რომ ღვრიან ხოლმე ღამღამობით თვალებიდან.
თერთმეტსართულიანის ეზო სწრაფად გამოირბინა. გამოირბინა პირქუში და დაწყევლილი თაღიც, დაუფიქრებლად აუყვა აღმართს და კოსტავას ქუჩა პირდაპირ, დაუფიქრებლადვე გადასერა. დიდი სისწრაფით მომავალმა მანქანამ, რომელსაც, როგორც ჩანს, ძალიან ეჩქარებოდა გმირთა მოედნის ქვეშ გაჭრილ გვირაბში გაძრომა, დედის გინებით ჩაუშხუილა. აშკარად გადარჩა ავარიას, მაგრამ ახლა ეს საერთოდ არ ადარდებდა, მთავარი იყო, ამ საზიზღარ ადგილს გასცლოდა. ტელევიზიასთან ცოტა ხანს გაჩერდა, გადაწყვიტა, ტაქსი გაეჩერებინა, მაგრამ მანქანა არსად ჩანდა, ის დაწყევლილი შოფერიც არ დალოდებია. ამ გაურკვევლობაში ადგილს მოსწყდა და დაღმართზე სირბილით დაეშვა, სად მიდიოდა, არც თვითონ იცოდა – გარბოდა და თან ცდილობდა, ეფიქრა, საით უნდა წასულიყო. გასცდა ზოოპარკს, ესტაკადის ქვეშ შეირბინა, სირბილით აუყვა ვარაზის ხევს. გული ამოვარდნაზე ჰქონდა, მისი სუნთქვა კონტროლდაკარგულ საქანელას ჰგავდა, ისე ადი-ჩამოდიოდა ზევით-ქვევით. ვარაზის ხევში ამაყად მდგარ ალკოჰოლის მაღაზია „ვისკის სახლთან“ უკვე ისეთი აქოშინებული იყო, რომ გულისრევისა და მოშარდვის სურვილი ერთდროულად გაუჩნდა. შეჩერდა, ხელები მუხლისთავებს დააყრდნო და სულის მოთქმას შეეცადა. გული სულ ოდნავ რომ დაუწყნარდა, უეცრად გვერდიდან ხმა შემოესმა – „ხომ მშვიდობაა ძმაო?“. შეშინებულმა იქით გაიხედა – შავი ვოლგის გაღებული წინა კარიდან მისთვის უკვე კარგად ნაცნობი მძღოლი მიმართავდა. ვაკომ არც უპასუხა, ისე ისკუპა მანქანაში და მთელი ძალით მიიჯახუნა კარი. მძღოლმა კი ისე დაძრა, ვაკოსთვის არც უკითხავს, საით წასულიყო. რომც ეკითხა, ვაკო ვერაფერს უპასუხებდა, ოც წამამდე ქშენის პაუზა ჰქონდა აღებული – სული ყელში მობჯენოდა.
– მიცკევიჩზე გავიდეთ! – ამოიგმინა, ბოლოს და ბოლოს.
– ხო მშვიდობა გაქვს-მეთქი, ძმაო? – არ ეშვებოდა ტაქსისტი, ისე გადაირბინე წეღან, კინაღამ მანქანამ გაგიტანა.
– კი, კი… ყველაფერი ნორმალურადაა.
– ღმერთმა გისმინოს, – თქვა მძღოლმა და უცნაურად მოარიდა ავის მომასწავებელი მზერა.
მანქანა კი კვლავ ზანტად მიაპობდა თბილისის მოწამლულ ჰაერს. ვარაზის ხევიდან კვლავ მელიქიშვილის დედააფეთქებულ გამზირზე ამოუხვიეს, სადაც სირენებით ჩაიქროლა რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟმა, გამყივანმა ხმამ ისარივით გაიწუილა ვაკოს ბეღურასავით მოფრთხიალე გულში. მიცკევიჩზე მოხვედრას ტაქსისიტი, როგორც ჩანს, კვლავ გმირთა მოედნის გავლით აპირებდა, რაც ვაკოს დიდად არ ეხატებოდა გულზე. იფიქრა, რომ მიმართულება შეეცვალა, თანაც მიცკევიჩზე ხომ ისედაც არაფერი ესაქმებოდა, გარდა ამ ცნობისმოყვარე შოფრის შეცდომაში შეყვანისა და ცრუ კვალზე დაყენებისა.
– ძალიან აირია მონასტერი, ხო იცი შენ?! – გაიბღინძა გლეხური დიდკაცობით მძღოლი.
-– ხო, აბა?!
– წარმოიდგინე… თბილისელი კაცი ვარ და ჩემს ახალგაზრდობაში დანის ჯიბეში ჩადება ისეთ პაზორად ითვლებოდა…
– ხო და მაგიტომ დახოცეთ ერთმანეთი ოთხმოცდაათიანებში?!
– ეგ რა შუაშია, ძმაო, ეგ სულ სხვა მომენტი იყო!
– რა სხვა მომენტი?! – ნერვულად აიქნია ხელი ვაკომ და შეამჩნია, რომ ხელისგული სისხლიანი ჰქონდა.
– რა სხვა მომენტი და ეს ჩვენი, როგორც ერის, გამოცდა იყო – განსაცდელი, რომელიც ღმერთმა გამოგვიგზავნა. ჩვენ კი ვერ დავხვდით მას ღირსეულად. ღმერთი უბედურებას იმას უგზავნის, ვინც უყვარს და ფაქტია, რომ ჩვენ ვუყვარვართ.
– ხო, მართალი ხარ, ბოდიში, ცოტა უხეშად მომივიდა, – ლამის კანკალით უპასუხა ვაკომ, რომელიც სისხლიანი ხელის დამალვას ცდილობდა და თან შარვალზე იყურებოდა, რომ ენახა, კიდევ სადმე ხომ არ ჰქონდა სისხლი წაცხებული. არა, რასაც ხედავდა, ჯინსზე საბედნიეროდ არაფერი ჰქონდა. თავი რომ ასწია, დაინახა, სასტუმრო „საქართველოს“ გასცდენოდნენ და მძღოლიც მალე ჩაუხვევდა ფილარმონიის მხარეს კოსტავასკენ და კვლავ გმირთა მოედნის გავლა მოუწევდა.
– აქ გამიჩერე, – ნერვულად უბრძანა ტაქსიტს.
– ეს არ არის მიცკევიჩი…
– ვიცი, უბრალოდ აქ ჩამოვალ, – კარი გამოაღო, ხუთლარიანი მიაჩეჩა და სწრაფად გადმოვიდა, – მადლობა, ძმაო!
– ღმერთს ებარებოდე, – დაემშვიდობა ტაქსისტი.
ყაზბეგის კუთხესთან იყო (ახლა რომ ერეკლე ტატიშვილი ჰქვია). ბევრი არ უფიქრია, ისე აუყვა ქუჩას. უკვე გვიანი იყო, ისედაც უკაცრიელი ღამის ქალაქი კიდევ უფრო უკაცრიელი მოეჩვენა. სიცივემ ძვლებში გაუარა. გადაწყვიტა, რომ ყაზბეგის ქუჩას აჰყოლოდა და მერე ორმოცდამეცამეტე სკოლასთან გაეჩერებინა ტაქსი. ასე უკეთ მივიდოდა სახლში. მანამდე რომელიმე ეზოში შეივლიდა და ონკანზე დაიბანდა ხელს.
დღის განმავლობაში ყაზბეგი ზედმეტადაა გადატვირთული და მელიქიშვილის გამზირზე მოხვედრის სურვილით გატენილი მანქანებიდან ვერავინ ამჩნევს, რომ არაჩვეულებრივი ენერგეტიკით გამოირჩევა. თუ ოდესმე ამ ქუჩაზე ღამით გასეირნებას გადაწყვეტთ, ნახავთ, რომ მართლაც არსებობს ეს ენერგია, ჩუმი, წყნარი და ამავე დროს ძლიერი – ენერგია, რომელიც მხოლოდ ზემო ვერას ახასიათებს. ვაკომაც იგრძნო ეს და ცოტა დაწყნარდა. გაახსენდა, ბავშვობაში როგორ ბირჟაობდა აქ, როგორ მოდიოდა ძმაკაცთან და მის საძმაკაცოსთან სალაყბოდ. ძველი ბიჭი არასდროს ყოფილა, მაგრამ ბირჟაზე მაინც იდგა ხოლმე – ასე, უბრალოდ, დროის გასაყვანად… ალბათ.
მიუხედავად იმისა, რომ მისი გული ისევ ნერვებთან ერთად ფეთქავდა, რატომღაც კარგად მოაგონდა ეს ყველაფერი. როცა ყაზბეგის ქუჩის პირველ კვეთას მიუახლოვდა, რომლის მარცხენა კუთხეში ბაქრაძის ქუჩა მთავრდება, ხოლო მარჯვენა მხარეს ხორავა იწყება, გაახსენდა, რომ სულ ათიოდ მეტრში ინოლა გურგულიას სახელობის პატარა ქუჩა შედიოდა, სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო რამდენიმე „იტალიური ეზო“, რომელთა ცენტრში, როგორც წესი, საერთო ონკანი იდგა. ალბათ სწორედ იქ აჯობებდა შეხვევა, რადგან არავინ მიაქცევდა ყურადღებას. მერე სვენებ-სვენებით ავიდოდა ბარნოვის ქუჩაზე და იქ გააჩერებდა მანქანას, ან სულაც ფეხით გადაისეირნებდა სოლოლაკში იმ ძველი, სამოციან წლებში გაჭრილი გზით, ამ უბნების მაცხოვრებლები ახალს რომ უწოდებენ. ეს აზრი ჭკუაში დაუჯდა, მარცხნივ გადაუხვია და ეგრევე გურგულიაზე შეტეხა. გული ცოტა დაუწყნარდა, ქუჩა სულ ოდნავ იყო განათებული, მაგრამ სიცარიელე და სიმშვიდე, რომელიც მას თან ახლდა, ისეთ აღუშფოთველობას აღძრავდა ვაკოს სულში, ბავშვობის შემდეგ რომ აღარ განეცადა. ცოტა ხნით გაჩერდა კიდეც და მარჯვენა მხარეს ფოთოლდაცვენილ ვაზს შეხედა, ძველი პატარა სახლის აივანზე რომ აცოცებულიყო – რაღაცნაირად ესიამოვნა. ამ სახლის ეზოში შეიძლებოდა დაებანა სისხლიანი ხელები. ძველ გისოსებიან რკინის ჭიშკარს ფრთხილად მიუახლოვდა, მიაწვა, ოღონდ ისე, რომ ხმაური არ გამოეწვია, კარმა ოდნავ დაიჭრიალა, უფრო სწორად, დაიწრიპინა. ეზო ჩაბნელებული იყო, მხოლოდ მეორე სართულის საერთო აივნის სიღრმიდან ერთ ფანჯარაში მოჩანდა სინათლე. ეზოს ცენტრში ამაყად იდგა ცემენტით შელესილი აგურის გალავნით გარშემორტყმული მდუმარე ონკანი. ნერვიულობისგან დაღლილი ვაკო ონკანს მიუახლოვდა, ვინტილი გადაატრიალა, ცოტა ზედმეტი მოუვიდა, რადგან წყალი სწრაფად და თქრიალით, უფრო სწორად, შიშინით წამოვიდა. ამ პატარა ხმაურმა ვაკო გამოაფხიზლა, შეეცადა წყლის ნაკადი ისე დაერეგულირებინა, რომ რაც შეიძლება ნაკლები ყურადღება გამოეწვია. ხელები სწრაფად გადაიბანა, თან მობილური ამოიღო და შარვლისა და ტანსაცმლის თვალიერება დაიწყო, სისხლის ლაქებს ეძებდა მოსაწმენდად. წყალმა და სიცივემ საერთოდ გამოუბერტყა თავიდან ის სენტიმენტალური წვინტლები, ცოტა ხნის წინ რომ მოაწვა. ჩქარობდა, რათა სწრაფად გასცლოდა იქაურობას. მაგრამ უეცრად სიბნელიდან ვიღაცის ყრუ ხმა გაისმა.
– ჩემი ძმა, რამე პრობლემა ხომ არაა?
ვაკომ ინსტინქტურად ზევით აიხედა, აივანზე სპორტულებში ჩაცმული ორმოცდაათიოდე წლის კაცის სილუეტი გამოჩნდა, ჩახსნილი ჟაკეტიდან თეთრი „ედუარდკები“ მოუჩანდა. ლაპარაკის მანერაზე ეტყობოდა, რომ ძველი ვერელი უნდა ყოფილიყო.
– არა, ძმაო, უბრალოდ შემოვედი, წყალი მწყუროდა, – დაბნეულად უპასუხა ვაკომ, ონკანი სწრაფად დაკეტა და ეზოდან გასვლა დააპირა, მაგრამ ხმამ ისევ შეაჩერა.
– ძმას ვენაცვალე, ერთი წამით მოიცადე, რაღაც საქმე მაქვს შენთან!
ეს სიტყვები უკვე ახლოდან მოესმა, ძალიან სწრაფად მოესწრო ეზოში ჩამოსვლა. ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული კაცი იყო, ხმასა და დგომაზე ეტყობოდა, რომ ცხოვრებას უკვე კარგა მაგრა მოეცვითა, თუმცა მთლად მწყობრიდნ გამოსულსაც ვერ დაარქმევდით, ეტყობოდა, რომ მის სულში ჯერ კიდევ მუშაობდნენ ძველი ზამბარები. ვაკო შედგა და მისი თვალიერება დაიწყო. ვითომ არაფერი, არც ფული ეტყობოდა, არც რამე განსაკუთებულად საშიშს ასხივებდა, თუმცა მაინც იყო მასში რაღაც, ახალგაზრდობის წლებიდან რომ უნდა ჰქონოდა გამოყოლილი.
– ბოდიში, ძმაო, მეჩქარება, ვერ გავჩერდები, ხომ გითხარი, წყლის დასალევად შემოვედი-მეთქი!
– მოიცა, რა გეჩქარება? ღამით შემოდიხარ ეზოში, ხალხს გვაღვიძებ და პასუხის გაცემა არ გინდა? იცი, ვაბშე ვინ ცხოვრობს ააქ?
– რა გინდა, ბიძაჩემო, გითხარი წყლის დასალევად შემოვედი-მეთქი…
– ბიძაჩემო კი არა, შე ნაბიჭვარო ბავშვო, შემოეთელსა ეს ახვარი და ოჯახებს აღვიძებს!
ვაკომ ერთი პირობა იფიქრა, რომ მუშტით გაეცა პასუხი ამ შეურაცხყოფისთვის – წარმოიდგინა კიდეც, როგორ მოუქნია მუშტი, როგორ დაასვა ყბაში, მიაგორა მოასფალტებულ ეზოში, როგორ მოტრიალდა საქმიანად და დატოვა იქაურობა აუჩქარებლად, მაგრამ ვერ გაბედა, ჩხუბი კიდევ უფრო მეტ ხმაურს გამოიწვევდა, თან ბოლომდე არ იყო დარწმუნებული, რომ მოერეოდა.
– წესიერად მელაპარაკე და ნუ იგინები! გითხარი, წყლის დასალევად შემოვედი- მეთქი და გავდივარ!
– წყლის დასალევად… შენ აქ აბშესტვენნი კალოდეცი ხომ არ გგონია?!
უცბად აივნიდან ვიღაც მეორის ხმა გაისმა.
– მერაბ, რა ხდება, ვინ ატრაკებს, მაგის დედას რომ შევეცი მე?
კიბეზე უკვე მეორე სილუეტი გამოჩნდა. მერაბზე ბევრად უფრო დიდი და საშიში. ვაკო ცდილობდა, ისე დაეხია უკან, რომ ნერვიულობა არ დასტყობოდა, მაგრამ მერაბი და მისი მეგობარი სწრაფად მიიწევდნენ მისკენ. ზვიგენებს ჰგავდნენ, თითქოს სისხლის სუნი იგრძნესო, ალყაში მოქცეულს ისე დასტრიალებდნენ თავს, როგორც სასიკვდილოდ განწირულ აკვალანგისტს.
– რა იყო, ბიჭო, რას გარბიხარ, თუ პატიოსანი კაცი ხარ? – ეშმაკობაგარეული ირონიით ამბობდა მერაბი.
მეორე უსიტყვოდ უახლოვდებოდა. ამ დროს ვაკოს უკვე მიეღწია ჭიშკრამდე და რკინის სახელური უნდა ჩამოეწია, როდესაც დაინახა, რომ მთასავით კაცმა მარჯვენა მხრიდან რაღაც მოუქნია (ალბათ ჯოხი უნდა ყოფილიყო). ვაკომ აცდენა მოასწრო, მაგრამ სიამაყის ეს წამი დასრულებულიც არ იყო, რომ მარცხენა ფერდში საშინელი ტკივილი იგრძნო, რომელსაც ორი მოკლე დარტყმაც მოჰყვა სახეში. თუმცა ეს ბოლო ორი არაფერი იყო პირველთან შედარებით, რომელიც პირდაპირ ღვიძლს მოხვედროდა (თუკი ოდესმე ღვიძლში დარტყმა მიგიღიათ, დანამდვილებით გეცოდინებათ, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საშუალებაა ადამიანის გასანეიტრალებლად და გასამწარებლად. განსხვავებით მძიმე დარტყმისგან, რომელიც თქვენ შეიძლება სახეში მიიღოთ და გაითიშოთ, ღვიძლში მიყენებული დარტყმა ბევრად უფრო მტანჯველია, რადგან თუკი პირველის შემთხვევაში ტკივილს ვერ გრძნობთ, გონებას ვეღარ აკონტროლებთ, გაბრუებული ხართ და სხეულის დამორჩილებას ვერ ახერხებთ, ღვიძლში მოყენებული დარტყმა გონებას ბოლომდე გინათებთ, ტკივილი აუტანელია, ტვინი კიდევ უფრო კარგად მუშაობს, ვიდრე აქამდე მუშაობდა, განძრევას კი იმიტომ ვერ ახერხებთ, რომ ტკივილი გკრუნჩხავთ). ვაკო სველ ასფალტზე ეგდო, სპაზმს მოეკუჭა, ადგომა ეწადა, მაგრამ ვერაფრით ახერხებდა სიმწრისგან გახელებული, თავს ვეღარ იკავებდა და ღნაოდა. ის მეორე, სახელდახელოდ მერაბის დასახმარებლად რომ ჩამოვიდა, საქმიანი ნაბიჯით მიუახლოვდა და მუცელში წიხლი კიდევ ორჯერ უთავაზა. ვაკოს კვლავ შეეკრა სუნთქვა, რამდენიმე უსასრულო წამის განამავლობაში ჰაერთან წვდომა დაკარგა. ცდილობდა ჩაესუნთქა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. გაკვირვებული იყო – გარშემო ყველაფერი ჰაერს მოეცვა, მაგრამ ჩასუნთქვას ვერაფრით ახერხებდა. ბოლოს, როგორც იქნა, ამოისუნთქა, შეეცადა ფეხზე ამდგარიყო, მაგრამ, როგორც კი წამოიწია, მერაბმა და მისმა „პადდელნიკმა“ მაშინათვე შემართეს მუშტები. შეშინებულმა სახეზე ხელი აიფარა და ისტერიულად წარმოთქვა:
– რას მერჩით, ძმებო, რა დაგიშავეთ, რატომ მირტყამთ, რატო?
– რატომ?! – მერაბის ხმაში ისევ დაუნდობელი ირონია დაცურავდა, – მესამე ღამეა, აქ მოდის, გვაღვიძებს და მე უნდა ავუხსნა, რატომ ვურტყამ! გაიგე, ვაჟა?!
– ხო, თვითონ ჯვამს და ჩვენ უნდა ავუხსნათ! – თქვა მკაცრად ვაჟამ და ფეხი კიდევ ერთხელ ჩააზილა მუცელში გემრიელად, მერე წაქცეული ვაკოსკენ დაიხარა, ორივე ხელით მისი ქურთუკის საყელოს ჩააფრინდა, თავისკენ მიიზიდა და რისხვით და ცოფით გაჟღენთილი სიტყვები ნერწყვის პატარა წვეთებთან ერთად პირდაპირ სახეში მიაყარა:
– ახლა კარგად მომისმინე, ვაჟკაც: მესამე ღამეა აქ დასუნსულებ და მეზობლებს აღვიძებ! აზრზე არ ვარ, რა გინდა, მაგრამ იცოდე, კიდევ ერთხელ აქ გნახავ და ღორივით გამოგჭრი ყელს. გაიგე?
– გავიგე, დიახ, გავიგე, დიდი ბოდიში, თუ გაგაღვიძეთ, ნამდვილად არ მინდოდა, უბრალოდ წყლის დასალევად შემოვედი, ბოდიში, დიდი ბოდიში.
– წყალი კი არა, თავს მოგაჭრი-მეთქი, შე არაკაცო, – არ ცხრებოდა ვაჟა, რომელსაც მარჯვენა მუშტი მახვილივით აღემართა ვაჟას თავზე, – აბა დროზე თქვი, რა გინდოდა, აქ რომ დასუნსულებ?
– არაფერი, მართლა არაფერი, მართლა წყლის დალევა მინდოდა, – დასაკლავად განწირული გოჭივით ჭყიოდა ვაკო.
– ვაჟა, შეეშვი, ხომ ხედავ, დებილია ვიღაცაა?! – გაისმა უეცრად აივნიდან ქალის ხმა. ვითომ არაფერი, მაგრამ ვაკოს ყურებში ეს მარტივი სიტყვები უშველებელ შვებად ჩაიღვარა და მცირე იმედი გაუჩინა, რომ, ბოლოს და ბოლოს, მაინც დაანებებდნენ თავს.
– ნათელა, შენ რაღას ეტენები იქ, სადაც არ გეძახიან? შედი, ქალო, დროზე სახლში და დაიძინე, თორე ამოვალ და მოგხედავ შენც!
– შენ ვის რა უნდა მიხედო, შე იმპოტენტო? გაანებე-მეთქი ამ საცოდავ ბავშვს თავი და, თუ რამის თავი გაქვს, ამოდი, მაგასაც ვნახავ, რა ბიჭი ხარ! – არ იხევდა უკან ქალი.
ამ სიტყვებმა ვაჟას მრისხანება ვაკოდან ნათელასკენ მიმართა. აღმართული მუშტი ნერვულად დაუშვა ქვევით და კბილებში გამოსცრა:
– დავაი, დროზე გააჯვი აქედან და კიდევ ერთხელ თუ დაგინახავ აქ, სადმე, იცოდე, ვერ გადამირჩები!
მერე ნათელასკენ შეატრიალა თავი და ამოიღრიალა:
– ვინაა შენი იმპოტენტი, შენ შიგ ხომ არ გაქვს, ქალო?! ახლა ამოვალ და დაგალურჯებ ცემაში!
ვაკოს ამასობაში ფეხზე ადგომა მოესწრო და ძლივძლივობით მიიწევდა რკინის ჭიშკრისკენ, ღვიძლი ჯერ კიდევ სტკიოდა, აშკარად სახეც არ ჰქონდა წესრიგში. ჯაჯგურით გააღო კარი და რატომღაც ისევ ბაქრაძის ქუჩისკენ წავიდა. ზურგს უკან ვაჟას ხმა ისმოდა „რეებს პრუტუნებ, ქალო? მე ვარ იმპოტენტი?“.
ვაკო რამდენიმე წამში უკვე ბაქრაძის ქუჩაზე იყო. ოციოდ ნაბიჯზე, ერთ-ერთი სადარბაზოს წინ, ორსაფეხურიანი ქვის კიბე დაინახა და გადაწყვიტა, იქ ჩამომჯდარიყო, ოდნავ რომ მოეთქვა სული. სჯეროდა, რომ ჩამომჯდარი უკეთ მოიფიქრებდა უახლოესი წუთებისა და საათების გეგმას. აშკარად ისე უნდა მიეღწია სახლამდე, რომ ვეღარავის შეემჩნია უკვე ახალი სისხლი მის სახესა და ტანსაცმელზე. აღელვება, რომელიც უკვე დიდი ხანია, პანიკაში გადაზრდილიყო, ბოლომდე გამჯდარიყო მასში.
ცივ ქვაზე ჩამომჯდარი ვაკო შინ უსაფრთხოდ მისვლის გეგმებს აწყობდა. გურგულიას ქუჩაზე ვეღარ გავიდოდა, ვაჟა თუ არა, მერაბი მაინც კიდევ იქ იქნებოდა. ბაქრაძეს რომ გაჰყოლოდა და იქიდან ბელინსკზე აეხვია, ეგეც შარი იყო – ბელინსკი ხომ ბოლო წლებში ბროდვეიდ გადაქცეულიყო, ათასი ჯურის უცხოელი მიდი-მოდიოდა, ათასი ნაცნობი დაეხეტებოდა და არც პატრულების ნაკლებობა იყო. ამიტომ გადაწყვიტა, ჯერ მილორავას ქუჩით გასულიყო ზანდუკელზე, გაევლო ყველაზე სახიფათო მონაკვეთი, რომელიც მოიცავდა ბელინსკის ზემო ნაწილისა და ზანდუკელის ქუჩის კვეთას და შემდეგ კი ასიოდე მეტრი რაც შეიძლება შეუმჩნევლად ემოძრავა კერესელიძის ქუჩამდე, საიდანაც მეტ-ნაკლებად მშვიდი ქუჩები იწყებოდა. თუმცა, როცა კარგად დაფიქრდა, მიხვდა, რომ მილორავას ქუჩიდან ბელინსკის სწრაფად გადაჭრას და კერესელიძეზე შეტეხვას სჯობდა, არაგვის ქუჩას აჰყოლოდა, რომლიც ოდნავ დიდი იყო, ვიდრე გურგულია და მილორავა, თუმცა საკმაოდ წყნარი და უკაცური. გეგმა ასეთი ჰქონდა: არაგვით ემოძრავა იქამდე, სადაც ზანდუკელისა და ბარნოვის ქუჩები ერთმანეთს ხვდება, მაყაშვილის ქუჩამდე ბარნოვს გაყოლოდა, მერე მაყაშვილის აღმართი აევლო და ახალი გზის გავლით სამშვიდობოს გასულიყო, თუმცა გურგულიას ქუჩაზე ცემა-ტყეპის მერე ვერაფრით მოეფიქრებინა, სად შეიძლებოდა ჩამოებანა სისხლი, ჩამოებერტყა მტვერი და გაესწორებინა ტანსაცმელი. ბევრი ფიქრის შემდეგ მიხვდა, რომ ეს ისეთი ამოცანა იყო, რომელიც გზად უნდა ამოეხსნა და ამიტომ თავისი ფრთხილი გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ჩამობანვის და თავის მოწესრიგებას კი დამატებითი იმპროვიზაცია დასჭირდებოდა.
გეგმამ გაამართლა: არაგვის ქუჩა უსაფრთხოდ გაიარა, არაგვის, ზანდუკელის და ბარნოვის შეერთების ადგილას, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი დაბორიალობდა, აბსოლუტური სიცარიელე და სიწყნარე დახვდა. ბარნოვს გაუყვა, მაყაშვილი აიარა, ახალ გზას დაადგა, სიარულ-სიარულში ოდნავ დაწყნარდა და მომხდარ ამბებზე ფიქრი დაიწყო. გაახსენდა, როგორ შეხვდა მისი და ჯიბლოს თვალები ერთმანეთს. „რამე არ იფიქროს ჩემზე, მე არ დამაბრალოს“, გაუელვა თავში. ტაქსისტსაც შეიძლება რამე ეჭვი აეღო მასზე. თუმცა რა რამე ეჭვი?! უეჭველად აიღებდა. კიდევ ვინ იცის, იქნებ დაცვის ბუდკიდანაც დაინახეს თერთმეტსართულიანთან. რაღაცნაირად უნდა მოეხერხებინა და ამ ამბებიდან ისე უნდა გამოსულიყო მშრალი, რომ ვერავის ვერაფერი გაეგო. ამ აზრებმა თავში ისე დაუწყო ტრიალი, რომ ისევ პანიკის შეტევა დაემართა. მისი შფოთს აყოლილი ლოგიკა ამ ამბის მხოლოდ სავალალო დასასრულს თუ ხედავდა, რომელიც ან ონჩიკას ძმაკაცების შურისძიებით და სიკვდილით მთავრდებოდა, ან ციხით, რომელშიც ისევ ონჩიკას საახლობლო იჯდა. ნერვიულობისგან სისხლმა თავში აასხა, იგრძნო, როგორ გაებერა საფეთქლები, როგორ დაუწყო შუბლმა ფეთქვა. მიხვდა, რომ შეშლილივით მიდიოდა, დიდი, შეურაცხადი ნაბიჯებით, თვალებში შიშის სიგიჟე ჩასდგომოდა. გაჩერდა, მიმოიხედა, მთაწმინდის კალთებზე შეფენილ ფიჭვებს დააკვირდა, დასაწყნარებლად ზამთრის ცივი ჰაერი ჩაისუნთქა – წმინდა და სუფთა. უკვე ტვერელის ეკლესიასთან იყო – მის წინ იდგა, პატარა ბაღთან. ეკლესია ახლოს, თუმცა ოდნავ ქვემოთ აეშენებინათ, ამიტომ მისი ორი გუმბათი მისტიკურად ამოზრდილიყო ქუჩაზე. ამ სანახაობამ ვაკო რატომღაც დაამშვიდა, თან გაახსენდა, რომ ეკლესიის ეზოსთანაც იყო პატარა ონკანი, სადაც სულის მოთქმა და სისხლის ჩამობანა შეიძლებდა. სკვერის გვერდზე კიბე ჩადიოდა, რომლითაც ეკლესიის ეზოს შესასვლელთან ხვდებოდი. იქვე იყო აგურით მოპირკეთებული ონკანიც, რომელიც ვაკომ განსაკუთრებული სიფრთხილით გადაატრიალა. წყლის ნაკადი თანაბრად და წყნარად წამოვიდა, ხმაურისა და თქრიალის გარეშე. ჯერ ხელები შეუშვირა ცივ წყალს, მერე პეშვებში დააგროვა და სახეზე შეისხა, სახე კარგად ჩამოიბანა, სველი ხელი თმაზეც გადაისვა, ტანსაცმელს ჩამოუსვა, მტვერი ჩამოიცილა, მერე მობილური ამოიღო, ფანარი აანთო, მიინათა, არც ისე ბევრი აღმოჩნდა, როგორც ეგონა. რამდენჯერმე გაიმეორა ეს პროცედურა, კვლავ დაიგროვა წყალი და კიდევ ერთხელ შეისხა სახეზე. თავი რომ წამოწია და ზევით აიხედა, წამწამებში ჩალაგებული წყლის წვეთების მიუხედავად, წინ საოცარი სანახაობა გადაეშალა – ტვერელის ეკლესია ღამით: ჩუმი, უთქმელი, თეთრი და ცივი. ვაკომ იგრძნო, რომ მის შიგნით ისეთ არაამქვეყნიურ სიმშვიდეს დაესადგურებინა, რომ მის უკან მხოლოდ უშველებელი ზნეობრივი ძალა შეიძლება მდგარიყო. ეს ძალა ასევე ძალაუფლებაც იყო, ყოვლისმომცველი და, რაც მთავარია, მოწყალე, რომელსაც ხელეწიფება ყველაფერი აპატიოს ადამიანს, ყველაზე საშინელი ცოდვაც; განსაცდელის ჟამს დაეხმაროს, ჩაერიოს ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაში, შეეწიოს და დაიცვას, ჩაიხედოს ადამიანის გულის ისეთ კუნჭულებში, რომელთა შესახებაც თავად ამ ადამიანსაც კი არ აქვს წარმოდგენა. და თუ აღმოაჩენს, რომ ამ ყველაზე მიუწვდომელ ადგილებში სიკეთის სულ მცირე ნაპერწკალი მაინც ანათებს, აპატიოს, შეუნდოს და მოვლენათა მდინარება ისე განსაზღვროს, რომ ამ სიკეთის ნაპერწკლით დაჯილდოებული ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ წავიდეს.
ვაკომ სველი ხელები კარგად მიიწმინდა ქურთუკზე, ეკლესიასთან მუხლებზე დაემხო, პირჯვარი გადაიწერა და გულში იესოს ლოცვის კითხვა დაიწყო, რომელიც ისეთი მხურვალე იყო, რომ გონების საზღვრები გამოარღვია და ტუჩებს ჩურჩულად მოსწყდა – „უფალო ისეო ქრისტეო, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“. ლოცვა კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა, პირჯვარი გადაიწერა, წამოდგა, ტაძრის ეზოს კარს ემთხვია და კიდევ ერთხელ შეხედა ელექტრონის შუქით განათებულ, ღამის ნისლში გახვეულ თეთრ ეკლესიას. ამ დროს უეცრად მცირე ნიავმა წამოუბერა, ეკლესიის გვერდით მდგომი კვიპაროსის კენწერო შეარხია და ააშრიალა, ეს ჩუმი ხმა ვაკოს ნაგვემ სხეულსაც მოესალბუნა და იმედი ჩაუსახა. თითქოს ღმერთმა რაღაც ნიშანი მისცაო, თითქოს იგრძნო, რომ მის გვერდზე ყოვლისშემძლე არსება იდგა. მის სულში სასოებამ ფრთები გაშალა, ეს ენერგია სხეულსაც გადაედო და თავისდა უნებურად ახლებურად დამუხტულს აიძულა შინისაკენ გზა განეგრძო.
ახალი გზის დარჩენილი ნაწილი მშვიდად და მსუბუქად გადაიარა. მთაწმინდის პანთეონის ასასვლელ აღმართთან ცოტა ხნით გაჩერდა. იქვე, ტაქსისტების ბირჟაზე, ფუნიკულიორის შესავლელთან, შოფრები შეკრებილიყვნენ და რაღაცას განიხილავდნენ ხმამაღლა. ერთ-ერთი აღელვებული ლაპარაკობდა, ხელების შლით ყვებოდა ამბავს. რატომღაც ხმაზე ეცნო, ვერ მიხვდა, ვინ შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ თავზე მაინც გადმოიფარა კაპიუშონი.
– დაუბრედიათ, ტო! – ამბობდა აღგზნებით.
ვაკოს სულის სიმშვიდე სადღაც გაქრა, პირი გაუშრა. ფრთხილად გააპარა თვალი მოსაუბრე ტაქსისტებისკენ. ზუსტად ის ვოლგის მძღოლი ლაპარაკობდა, ვარაზის ხევში რომ დაეწია. ვაკოს კინაღამ კიდევ ერთხელ სძლია პანიკის შეტევამ, მაგრამ ამჯერად მაინც მოხერხა თავის ხელში აყვანა და ფრთხილად, ფეხაკრეფით ჩაუარა მოსაუბრეებს.
აქედან უკვე თითქმის სამშვიდობოს იყო გასული, ჩიტაძის ქუჩამდე ორასიოდე მეტრი დარჩენოდა, ჩიტაძიდან კი მისი სახლი სულაც ორ ნაბიჯზე იყო. ნელ-ნელა უმატა სიარულის ტემპს. ხვდებოდა, რომ ემოციური დაძაბულობის შემდეგ ძალიან ცოტა ენერგია შერჩენოდა და ცდილობდა, რაც შეიძლება მალე მისულიყო სახლში. დაღმართი ინერციით ჩაიარა, ბერიძეზე რომ შეუხვია, დაღლილობამ აჯობა და მთვრალი კაცივით დაიწყო ბარბაცი. მადლობა ღმერთს, სახლამდე სულ ასიოდე მეტრი ჰქონდა დარჩენილი. თითქმის ფინიშამდე გასული მარათონელივით მილასლასებდა. ეჩვენებოდა, რომ ბნელი ქუჩა, ცივი, თეთრი შუქით მანათობელი ლამპიონები და ყვითელ-ნაცრისფრად აელვარებული ჭადრები თავზე ემხობოდნენ. სადარბაზოს კარი ლოდივით მძიმე ეჩვენა, მაგრამ მაინც შეძლო და მოერია. კიბეზე კედელ-კედელ ალასლასდა და ჩუმად შეიძურწა ბინაში. მშობლების ოთახს თითის წვერებზე ჩაუარა და თავისი ოთახის კარი ფრთხილად შეაღო. უეცრად დედამისის ძილ-ბურანას შორეული ხმა მოესმა:
– მოხვედი, ვაკო?
– კი, დედა, მე ვარ. დაიძინე! – დაღლილი ხმით უპასუხა და პასუხის დაულოდებლად შევიდა და მოიხურა კარი.
საათს დახედა, მისდა გასაოცრად მხოლოდ ორი საათი იყო. არადა ამგვარად დრო და სივრცე არასდროს გაწელილა მისთვის. ლოგინს გადასაფარებელი გადახადა, ფეხსაცმელი უდიერად გაიძრო, იატაკზე მიაგდო, ქურთუკი და ტანსაცმელი კი ზევიდან დააყარა. ლოგინში ისე ჩაწვა, ბალიშიც არ აუფუშფუშებია. მკვდარივით გაითიშა. ღამე სიზმარიც კი არ გაჰკარებია – თითქოს ანესთეზიოლოგმა შეიყვანა ღრმა, ლეთარგიულ ძილშიო.
მეორე დღეს დაახლოებით პირველ საათზე გამოეღვიძა. ძილით გამომტყვრალი თავიდან ვერაფრით ახერხებდა გამოფხიზლებას, მაგრამ უცბად ღამის მოგონებებმა ისე დაჰკრა, რომ მთელი ბურანი გამოუბერტყა თავიდან. ტანსაცმელ-ფეხსაცმლის გროვაში ხელები შეყო და მობილურს დაუწყო ძებნა. შარვალში ვერაფერი ნახა, მერე ქურთუკის ყველა ჯიბე მოსინჯა და, ბოლოს და ბოლოს, იპოვა. ბატარეა მხოლოდ ათ პროცენტს აჩვენებდა, მაგრამ მაინც მოასწრებდა იმის ნახვას, რაც ასე აინტერესებდა. ჯერ ფეისბუქზე შევიდა ხელის კანკალით და სერჩში Nanu Ka ჩაწერა – Nanu Ka ჯიბლოს და ონჩიკას მეგობარი და ამავე დროს მათი ძმაკაცის ცოლი იყო, რომელსაც ძალიან ეამაყებოდა ონჩიკა და, საერთოდ, თავისი ქმრის საძმაკაცო. Nanu Ka ხშირად დებდა ონჩიკასთან გადაღებულ ფოტოებს, ახლაც მისი ფოტო ედო, ოღონდ გატეხილი გულისა და აცრემლებული ემოჯით ჰქონდა გამოტანილი. სურათის ქვეშ ტიროდნენ მისი და ონჩიკას მეგობრები. ზოგს არ სჯეროდა, ზოგს ვერ წარმოედგინა, ვის შეიძლება ეს გაეკეთებინა, ზოგი უბრალოდ წუხდა და ასე შემდეგ.
ვაკო ცოტა დაწყნარდა, გაუხარდა, რომ ონჩიკა ვერ გადარჩა და აღარაფრის გამოძიებას აღარ დაიწყებდა. მერე ნიუს ფიდის სქროლვას მოჰყვა, შეუძლებელი იყო, რომ ვინმეს მაინც არ დაეპოსტა ონჩიკას სიკვდილის შესახებ და ძალიან მალე იპოვა, რასაც ეძებდა: ერთ-ერთი საიტი წერდა, რომ დღეს, დილით, კოსტავას გამზირის 63 ნომერში იპოვეს ზაზა ონიანის გვამი, რომელიც, სავარაუდოდ, კრიმინალური გარჩევის შედეგად გამოწვეულ კონფლიქტს შეეწირა. სტატიის ქვეშ ვაკომ ასევე მოძებნა მეორე ცნობაც, რომელშიც ეწერა, რომ ზაზა ონიანის სავარაუდო მკვლელი სამართალდამცავ ორგანოებს უკვე დაკავებული ჰყავდათ. მისი დაკავება ცხელ კვალზე მოხერხდა, როდესაც ეჭვმიტანილი მიმალვას ცდილობდა.
სიხარულისგან ფრთაშესხმული ვაკო ენერგიულად წამოხტა საწოლიდან. ტელეფონის დამტენს დაუწყო ძებნა, უნდოდა, მუსიკა ჩაერთო – ცეკვის ხასიათზე იყო. იპოვა, შეაერთა, იუთუბზე შევიდა და ბიჩ ბოისის “Wouldn’t it be nice” ჩააგდო. თავის ტანსაცმელს გადახედა, შარვალს, რომელსაც ოდნავ ეტყობოდა სისხლის ლაქები და ჩხუბში გაჭუჭყულ კურტკას ხელი სტაცა და სამზარეულოში გააქანა სარეცხ მანქანაში შესაგდებად.
შაბათის მზიანი დილა იყო, ცას ღამის ბურუსი და ნისლი გადაეყარა – გაზაფხულივით ზამთარი იდგა. ვაკოს მშობლები შინ იყვნენ, დედა ტრადიციულად საჭმელის გასაკეთებლად დაფუსფუსებდა, მამა სასტუმრო ოთახში, სარწეველაში იჯდა და წიგნს კითხულობდა. დედამ სამზარეულოში შესული ვაკო რომ დაინახა, გაუღიმა და მოჩვენებითი საყვედურით დაუყვავა:
–- როგორ ხარ, ვაკო, კიდევ დალიე ხომ გუშინ, რომელზე მოხვედი, არც კი გამიგია.
– არა, ცოტა ლუდი მოვწრუპე. მერე რაღაც კლუბში ვიყავი „ლე კლანში“, – კლუბის სახელი ალა ფრანციცული აქცენტით წარმოთქვა – თუ რაღაც ეგეთში, მაგარი დებილობა იყო და წამოვედი.
– ისე, საქმეს თუ მიხედავ, კარგი იქნება.
– კაი რა, დედა, არა მაქვს ახლა ამის თავი!
– ხო, შენ არასდროს არ გაქვს არაფრის თავი… ჩიხირთმა გვაქვს და შეჭამე!
– აუ, სიამოვნებით, ოღონდ ჯერ ვიბანავებ და მოვწესრიგდები. გასეირნება მინდა მერე ცოტა. ძაან კაი ამინდია.
ვაკო ოთახში შებრუნდა და პირსახოცი გამოიღო კარადიდან, მხარზე გადაიკიდა, ჩუსტები ფლოსტებით ჩაანაცვლა, მკვირცხლად შეხტა სააბაზონოში, ჯერ კარგად გაისაპნ-ჩაშამპუნდა და, როცა წინა დღის სიბინძურეების ჩამობანა დაიწყო, იგრძნო, რომ სხეულთან ერთად მისი სულიც იწმინდებოდა, ჭუჭყს ყველა ის სტრესი მიჰყვებოდა, რაც წუხელ მიიღო – აქამდე არ ეგონა, შხაპს რომ შიშის, შეურაცხყოფის, პანიკის და წინა ღამის ნევროზის მოშორება შეეძლო. წყლის ძალა ყველაფერს წმენდდა და აქათქათებდა. საპონი რომ ჩამოიშორა, წყალი კიდევ უფრო გააცხელა და აბაზანის ტრაპს სარქველი დაახურა. სანამ გაივსებოდა, ფეხზე იდგა, როცა ბოლომდე გაივსო, ჩაწვა და ჩაყვინთა კიდეც. ცოტა ხანს თვალდახუჭული იწვა და დაგუბებულ წყალში შემოსულ გაუგებარ, მოგუდულ ხმებს უგდებდა ყურს, მერე თვალები გაახილა და ამოისუნთქა, ბუშტები გრიალით აიჭრნენ ზევით, ამის შემდეგ, რადგან უკვე ჰაერი სჭირდებოდა, ამოიმართა, ტანზე დაიხედა და მოეჩვენა, რომ კუნთების მასა მომატებოდა.
ცხელი წყლის ორთქლიდან ახლად დაბადებული ღმერთივით გრძნობდა თავს. აბაზანიდან გადმოვიდა, თეთრ პირსახოცს დასწვდა, ტანზე ენერგიულად აიმუშავა, შემდეგ წელზე შემოირტყა, სარკის წინ დადგა, დაორთქლილ მინას ხელი გადაუსვა, თავის ანარეკლს დააკვირდა (მისდა გასაოცრად, „ფინგალი“ არ აჩნდა – მხოლოდ პატარა, შეუმჩნეველი ნაკაწრი მარცხენა უპესთან), თვალი ჩაუკრა, სახეზე სულელის გამომეტყველება და ღიმილი მოირგო და ტეტიური ტონით, გამიზნულად უნიჭოდ, გაეხუმრა: „რა იყო, პარიკმახერი მოგიკვდა?“, სარკესთან მიგდებული სავარცხლით თმა უკან იტალიელი მაფიოზივით გადაილაგა, აბაზანის საკეტი გადაატრიალა, გარეთ გამოვიდა, გადაორთქლილი ჰაერის ცივით ჩანაცვლება ესიამოვნა. ოთახში შევიდა, სიხარულის გრძნობამ შეიპყრო, როცა დაინახა, რომ ამასობაში დედამისს მისი ლოგინის ალაგება მოესწრო, კომოდში კელვინ კლაინის ახალი ტრუსი ამოირჩია, კარადა გამოაღო, საუკეთესო ტანსაცმელს დაუწყო ძებნა, მხოლოდშობილი შავი პიჯაკი, თეთრი, მუდამ გაუთავებული, გახამებული პერანგი, ნაჭრის „სალიდნი“ შარვალი და ჩაუცმელი, მეგობრის ნაჩუქარი, პიერ კარდენის წინდები გამოიღო, ეს ყველაფერი ლოგინზე დაალაგა, დერეფანში გავიდა, კედელში ჩაშენებული განჯინიდან თითქმის ჩაუცმელი, შავი ტყავის ფეხსაცმელი გამოიღო, ფეხსაცმლის საწმენდიც გამოაყოლა, გულდასმით გადაუსვა, გაალაპლაპა, საწმენდი უკან შეაგდო, ოთახში დაბრუნდა, ლოგინზე ლამაზად დალაგებულ ტანსაცმელს დახედა, თეთრ პერანგს დასწვდა, ჩაიცვა, ღილები ზემოდან ქვემოთ შეიკრა, მაჯაზე მოივლო ხელი, გაახსენდა, პერანგს სახელოებზე ღილები არ ჰქონდა, „ზაპონკები“ სჭირდებოდა. „ზაპონკები“ სახლში მარტო მამის ოთახში იშოვებოდა. ვაკომ ოთახის კარი გამოაღო, თავი გაყო და მამას გასძახა:
– მამა! – პასუხი არ იყო.
– მამა! – პასუხი არ იყო.
– მამა! – ახლა უკვე მთელი ძალით იღრიალა.
– რა იყო, რა გაყვირებს?
– ზაპონკები ხომ გაქვს?
– კი, რათ გინდა?
– დღეს სადღაც მივდივარ სერიოზულ ამბავზე და მათხოვე რა!
– აიღე, ჩემი კომოდის უჯრაში დევს, პატარა შკატულკაში, მაგრამ, იცოდე, არ დამიკარგო, საჩუქარია, სოფიიდან ჩამომიტანეს.
– არა, რა უნდა დავკარგო?! მაგრა გავუფრთხილდები.
ვაკომ თეთრი პერანგის და ტრუსების ამარამ შეაჭრა მამის კაბინეტში. კომოდის უჯრაში ჩაიხედა, „შკატულკა“ ამოიღო, მაგიდაზე დადო და კვლავ უჯრას ჩააცქერდა – იქ ისეთი რაღაც იდო, რასაც აქამდე დიდ ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ ახლა გაუცნობიერებელი მიზეზების გამო მისი მზერა მიიჯაჭვა. უჯრაში მაკაროვის სიტემის პისტოლეტი იყო, რომელსაც ტყვიებით გაძეძგილი მჭიდი ედო გვერდზე. სარეკლამო სურათს ჰგავდა: პისტოლეტი და ტყვიებით გაჭედილი მჭიდი, მოკლელულიანი, ყავისფერტარიანი, ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც ლეგენდის მიხედვით რელსის გახვრეტა შეეძლო. ვაკო ცოტა ხანს მონუსხული უცქერდა ამ სანახაობას, მერე თავი გააქნია და ზარდახშას დაუბრუნდა, რომელსაც რატომღაც მის ოჯახში „შკატულკის“ თიკუნით აკნინებდნენ. ძალიან ლამაზი ნივთი იყო, ძველი, ხისგან დამზადებული, ფერად-ფერადი აღმოსავლური ორნამენტებით მორთული.
ვაკომ ზარდახშა დინჯად გახსნა, მისგან ამოფრქვეული არომატი უეცრად ცხვირში დაეჯახა. წარსული დროის სურნელმა ნესტოების ყველა რეცეპტორს დაუარა – პაპა-დიდედას და მათი მეგობრების პატარა ზომის სურათები, ძეწკვები, ნიშნობისა და ქორწინების ბეჭდები, ბაბუამისის ნაქონი თვლიანი ბეჭედი, პერსტენად რომ იწოდება, რევოლუციამდელი ბანქო, ტაროს კარტი, საუკუნეს კარგა ხნის გადაცილებული, მუყაოს დაწებებული ცნობილი ადამიანების პორტრეტები (ვის არ შეხვდებოდი: ბაირონს, გოეთეს, ბარკლაი დე ტოლის, კუტუზოვს, ნაპოლეონს, ბეთჰოვენს…), იქვე იდო ნათლობის ძველი რუსული ვერცხლის ჯვარიც და, რაც მთავარია, ასევე ვერცხლისგან დამზადებული, ნახევრად ძვირფასი ქვით გაფორმებული „ზაპონკებიც“. ვაკოს ბევრი არ უფიქრია, ზარდახშას ხელი დასტაცა და თავის ოთახისკენ დაიძრა, მაგრამ კართან შეყოვნდა, დაბრუნდა, უჯრა გამოაღო, პისტოლეტსა და მჭიდს ხელი დასტაცა და თავისი ოთახისკენ გაბრუნდა. დერეფანში არავინ შეხვედრია, მამა ისევ დიდ ოთახში კითხულობდა, დედა კვლავ საჭმელს აკეთებდა.
ვაკოს ლოგინზე ტანსაცმელი, ძველი ბანქო, ვერცხლის „ცეპი“, ჯვარი, „პერსტენი“, პისტოლეტი და მჭიდი იყო ჩამოწიკწიკებული. იატაკზე გაზიზინებული ფეხსაცმელები, პერფექციონისტული ნევროტულობით ზუსტად საწოლის შუა ნაწილის გასწვრივ ეწყო. თეთრ პერანგში გამოწყობილმა ვაკომ „ზაპონკების“ მორგება დაიწყო ჯერ ერთ ხელზე, მერე – მეორეზე, შემდეგ უცმელი წინდები ჩაიცვა, მერე შავი შარვალი დაითრია, სწრაფად, ბიჭურად, აგრესიულად გაუყარა ფეხები ტოტებში, შემდეგ ქამარი შემოირტყა, შარვალში პერანგი ჩაიტანა, ღილები შეიკრა, ქამარი ბალთაში გააძვრინა, ყუნწი ნახვრეტში გაარჭო და ის იყო პიჯაკი უნდა მოეგდო მხრებზე, რომ დენში შეერთებული მობილურიდან მესიჯის ხმა შემოესმა – მაკო მელაძე სწერდა – „რას შვები? გუშინ სად გაქრი? გეძებდი“. ვაკოს ტანში სიამოვნების ჟრუანტელმა დაუარა: მაკოს იგნორისა და მთელი ღამის ნერვიულობის შემდეგ დრამატულად დაცემულმა თვითშეფასებამ ისევ მაღლა იწყო სვლა. „ცოტა რომ დამეცადა, უეჭველი მოვიდოდა. მაგარი ქლიავი ვარ“, – ფიქრობდა ვაკო. პასუხის გაცემა გადაწყვიტა, თუმცა მიხვდა, რომ არსად ეჩქარებოდა, ასეთ საქმეში აჩქარება არას არგებდა. უზომოდ კმაყოფილმა ისევ ჩაცმაზე გადაწყვიტა გადაეტანა ყურადღება. გულში გადაწყვეტილებაც მიიღო, რომ ამიერიდან ყოველთვის ძალიან კარგად „შემოსილი“ ივლიდა და არავის გააბედინებდა რამე ზედმეტს, და რაც შეეხებოდა იმ ნაბოზრებს, ვინც გუშინ ასე აწამა გურგულიას ქუჩაზე, იმათ აუცილებლად მოსთხოვდა პასუხს. თუმცა ჯერ ფეხსაცმელები უნდა ჩაეცვა. რაღაც ძველისძველი რეკლამა გაახსენდა, ვიღაც დერსკი და სიმპატიჩნი ბიძერი ტანსაცმელს რომ იცვამს და თან ბარი ვაითის სიმღერა „Let the music play” აქვს ჩართული და ხმას რომ აყოლებს. ტელეფონს დახედა, უკვე კარგად დატენილიყო. აიღო და ჩართო. ფეხსაცმელი კარგად მოერგო, პიჯაკი ჩაიცვა, ყელთან პერანგის რამდენიმე ღილი ჩაიხსნა, ჩაიღეღა, ვერცხლის „ცეპს“ ნათლობის ვერცხლის ჯვარი გაუყარა, ძეწკვი ყელზე შეიბა, ლოგინზე ბოლოს წინა აქსესუარს, პერსტენსაც დასწვდა, მარჯვენა ხელის შუა თითზე წამოიცვა და სარკეში ჩაიხედა. თავისი თავის დანახვისას უცნაური გრძნობა დაეუფლა, ანარეკლი აშკარად მისი იყო, მაგრამ ამავე დროს ძალიან განსხვავებული – წუხელ დამცირებული და შეურაცხყოფილი მირბოდა ახალ გზაზე, ეკლესიის წინ მუხლმოყრილი ფოთოლივით თრთოდა და ღმერთს ებარებოდა, დღეს სარკიდან კარგად ჩაცმული, ყველაფერზე წამსვლელი თავხედი უყურებდა ცინიკური ღიმილით. ამგვარი გარდასახვით აღფრთოვანებულმა მაკაროვი აიღო, მჭიდი გაუკეთა, გადატენა, პისტოლეტი მაღლა ასწია, სარკეს დაუმიზნა და მოურიდებლად მიახალა:
– ვაჟა, ხომ?
სარკემ პასუხი არ გასაცა.
– ვაჟა ხომ, ხო შე ახვარო?! – კბილებში გამოსცრა ვაკომ.
ვაჟა პასუხის გაცემას არ აპირებდა. ვაკო ჩახმახ საჩვენებელი თითით ოდნავ დააწვა, მაგრამ არ გამოუკრავს.
– ნათელა დეიდასთვის მიჩუქნია შენი სიცოცხლე, – თქვა ახლა უკვე ოდნავ დაწყნარებულმა, – ეს ტყვია შენ გქონდეს. სასთუმალთან დაიდე და ძილის წინ იცოდე, რომ ეგ შენი სიცოცხლე აღარაა, ნათელა დეიდასია.
მაკაროვი კიდევ ერთხელ გადატენა და ლულაში პირველი გადატენის შემდეგ სავაზნეში მოხვედრილი ტყვია ამოაგდო. ტყვია მარდად ამოხტა იარაღის პირიდან, ვაკომ მარცხენა ხელით მკვირცხლად დაიჭირა, მარჯვენა ნელ-ნელა დაუშვა და დარჩა სარკის წინ გაწვდილი მარცხენით, რომელშიც მტევნის ბოლოს, ცერა, საჩვენებელი და შუა თითის შეერთების ადგილას, მაკაროვის ტყვია გაექვავებინა. ოციოდ წამი ასე გაჩერდა. ამასობაში ტელეფონში მუსიკაც შეიცვალა და ბარი ვაითის სიმღერა ისევ ბარი ვაითმა ჩაანაცვლა, მაგარი „ვეშჩი“ გაეძრო – „Practice what you preach”. ეს მუსიკა განსაკუთრებით ესიამოვნა, ამიტომ გადაწყვიტა, ცოტაც გაეგრძელებინა თამაში, ტყვია ლოგინზე მიაგდო, წელში მოიხარა, მარჯვენა ხელი მოადუნა ისე, რომ ოდნავ საქანელასავით დარწეულიყო, ისევ სარკეს მიუბრუნდა და უთხრა:
– გაიგე, ბიჭო, ვაკომ თურმე გურგულიაზე გუშინ ვიღაცეები დააგდო რეშკაზე?
მერე პატარა პაუზა გააკეთა და გააგრძელა:
– ვინ ვაკომ, ტო, სოლოლაკელმა? ჩვენმა?
– ხო, გურგულიელი ვაჟა რომ არის და მაგის ბრიაშკა, მაგათთან მოსვლია სტიჩკა და მაგრა უცემიათ იმათ და ეს წასულა, ვაფშე არავისთვის არაფერი უთქვამს, დაუთრევია მაკეტი და დაუშვია. აზრზე მოდი, მაკეტი, ტო! დაუფშვნა კოჭები.
ამ მონოწარმოდგენით კმაყოფილი ვაკო კვლავ სარკის წინ იდგა და „მაკეტით“ და პერსტენით დამძიმებულ მარჯვენას ინერციით აქანავებდა წინ და უკან. ქამარზე დაიხედა, ძალიან დააინტერესა, ქამარში გარჭობილი იარაღით რა „ვიდზე“ იქნებოდა და სწრაფი მოძრაობით პისტოლეტი ქამრისკენ გაიქანა. ჩაიდო. ოთახი უცბად გასროლის საშინელმა ხმამ გააყრუა. ტყვია გაუვარდა. დარტყმის ძალამ იატაკს მიაჭედა. ჯერ არაფერი სტკიოდა, თუმცა ხედავდა, როგორ გამოდიოდა მისი შავი შარვლიდან წითელი, თბილი სითხე, სავარაუდოდ, ტყვია სწორედ იმ ორგანოში მოხვდა, რომელიც ღამის ოდისეის მიზეზად იქცა.
„ალბათ მაკოს ნახვას აზრი აღარ აქვს“, – გაიფიქრა თავისთვის და გონება დაკარგა.
ჩაკეტილ კარს მშობლების მუშტების ბრაგაბრუგი გაუდიოდა. პანიკური წივილ-კივილი მოგუდულად აღწევდა ოთახში. ბარი ვაითის ჩახლეჩილ ბანს ჯერ კიდევ ვერ დაემთავრებინა ძველი სიმღერა: „Cause you keep telling me this and telling me that / You say once I’m with you, I’ll never go back / You say there’s a lesson that you want to teach/ Well here I am baby, practice what you preach.“
[1]ეს ამბავი მაშინ მოხდა, სანამ ჩვენს ქალაქში ტაქსების გათეთრების ლეგენდარული რეფორმა მოხდებოდა, თორემ შეიძლება არც მომხდარიყო.