ამას წინათ მეგობართან ერთად ჯავახეთში გავემგზავრე და გზად ბევრი ველაპარაკე ამ წიგნზე. ჩემი მეგობარი თელაველია და ვეუბნებოდი, რომ მინდოდა მისი მშობლიური ქალაქი ამ რომანით ხელში მომევლო და სხვა თვალით შემეხედა ჩემთვის თითქოს კარგად ნაცნობი გარემოსთვის. ვამბობდი, რომ ქართულ ლიტერატურულ რუკაზე თელავი არასოდეს მონიშნულა ასე მძაფრად და ახლა, წიგნის წაკითხვის შემდეგ, ჩემთვის ისედაც საყვარელმა პატარა ქალაქმა ბევრად ღრმა მნიშვნელობა შეიძინა-მეთქი…
შინარსიდან ბევრი არაფერი მომიყოლია, უბრალოდ ავუხსენი, რის შესახებ იყო წიგნი და ვინ იყო მისი დამწერი ქალი… რეპრესიები და დახვრეტები რომ ვახსენე, გამაწყვეტინა და ეგეთი რამ მითხრა: ჩემს ბავშვობაში ჩემი სახლიდან არც ისე შორს, გვირაბის ქუჩის განაპირა, ალიზით შეთითხნილ სახლში, ცხოვრობდა ერთი კაცი, სახელად გარეგინა, რომელზეც ამბობდნენ, რომ ჯალათი იყო და გიგოს გორაზე ეგ ხვრეტდა ხალხსო…
მე ძალიან ამაღელვა ამ ამბავმა, რადგან ჯალათი გარეგინა ერთ-ერთი პერსონაჟი იყო იმ წიგნისა, რომლის კითხვა ორი დღით ადრე მქონდა დამთავრებული.
მეგობარმა მითხრა, სულ პატარები ვიყავით, ჯერ სკოლაში არ დავდიოდით, როცა ამ კაცმა სილა გამარტყაო. ეტყობა, რაღაცეები გვქონდა მასზე უფროსებისგან გაგონილი და ვერჩოდითო. ეზოში რაღაცა გადავუგდე, დამიჭირა და მცემაო. სხვა ჩემხელა ბიჭმა სათამაშო პისტოლეტი მიუშვირა და ხელები მაღლაო, რომ უთხრა, გარეგინა გაეკიდა და დიდხანს სდია, ბავშვი ორმოში ჩავარდა და ფეხი მოიტეხა, ის კიდევ აბღავლებულს დაადგა თავზე, შეხედა, უხმოდ გატრიალდა და წავიდაო. არ დავუვიწყეთ და სანამ ცოცხალი იყო, სულ ვამწარებდით, შუშებს ვულეწავდით, ათი წელი ეგეთ დღეში ვამყოფეთ, კარგი თხუთმეტების ვიყავით, რომ მოკვდა, 1993 წელს, ვნახე, სახელდახელოდ ფანერით შეკრული კუბოთი ლამის იღლიაში ამოჩრილი როგორ მიჰყავდათ ნათესავებს სოფელში დასამარხად. ის სახლიც, სადაც არასოდეს მისვლია სტუმარი, იმ ნათესავებს დარჩათო…
ჯავახეთის გზაზე მანქანაში მოყოლილმა ამ პატარა ამბავმა თითქმის ისე ამაფორიაქა, როგორც წიგნმა, იმიტომ, რომ მე სხვა შეხვედრა წარმოვიდგინე. თითქოს დავინახე, როგორ ხვდებოდა თელავის ქუჩებში ავტორი მკვლელს, რომელიც ამავე დროს მისი წიგნის პერსონაჟიც იყო, რომელიც ხორციელი ადამიანი ყოფილა, თურმე, აგე, რამდენ ხანს უცოცხლია, ცას გამოკიდებია ლამის!
შვიდი წლის ზაირა არსენიშვილს 37 წელს დაუხვრიტეს მამა. ავტორი არ არის მომსწრე 1924 წლის აჯანყებისა, არც ქაქუცაზე ნადირობისა და მისი შემფარებლების ამოწყვეტისა, არც კოლექტივიზაციის დროინდელი გლეხობის დაწიოკება უნახავს. ეს ყველაფერი მან სხვათა ნაამბობიდან იცის. რომანშიც ამ ამბებს მას ბებია უყვება, სხედან ბებია და შვილიშვილი ოდესღაც ყველაზე ლამაზი ქალის კუბოსთან და იხსენებენ, წინ გრძელზე გრძელი ღამე აქვთ. ერთმანეთის მოგონებები უნდა შეავსონ, შეაკოწიწონ წარსული იმისთვის, რომ ეს ლამის შვიდასგვერდიანი წიგნი დაიწეროს. წიგნი, რომელიც თან დაგვიანებით და თან ძალზე დროულად მოვიდა ჩვენამდე და რომელმაც ცხადი გახადა, რომ თუკი ვინმეს რამე ახსოვს, ეს სწორედ ამ წიგნის ავტორია.
წიგნის დამთავრებისთანავე აფორიაქებულმა Youtube-ში ჩავწერე ავტორის სახელი და გვარი და აღმოჩნდა, რომ 2013-ში ნინო ბექიშვილს მასთან ვრცელი ინტერვიუ ჩაუწერია. მოსმენილმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა იმაში, რასაც ჩემით მივხვდი, რომ რომანი ავტობიოგრაფიულია, რომ მასში თითქმის არაფერია გამოგონილი, რაც სულაც არ აკნინებს წიგნის მხატვრულ ღირებულებას. პირიქით, განცდილისა და საკუთარ თავში გატარებული ამბებისთვის მხატვრული ფორმის მინიჭება ყველაზე რთული რამ მგონია.
იმ ინტერვიუში ზაირა არსენიშვილი ამბობს: არც ფოლკნერი მოსწრებია ამერიკის სამოქალაქო ომს, მაგრამ მისი დამთავრებიდან 60 წლის მერეც ამაზე წერდა იმიტომ, რომ ეს იყო მისთვის მნიშვნელოვანიო. ჰოდა, ზაირა არსენიშვილიც წერდა იმას, რაზე წერაც ყველაზე მნიშვნელოვნად მიაჩნდა. მუშაობდა წიგნზე, რომლის ცალკეულ თავებსაც არ უქვეყნებდნენ მაშინაც კი, როდესაც „პერესტროიკა“ დაიწყო, როდესაც შევარდნაძის მიერ თაროზე შემოდებულმა და მერე კი იმ თაროდან დროულად ჩამოღებულმა „მონანიებამ“ მთელ საბჭოთა კავშირში დაიქუხა. არ უქვეყნებდნენ, ის კი წერას განაგრძობდა და საკუთარ წიგნს სულ უფრო ხვეწდა, ფერებითა და ამბებით ამდიდრებდა. მე ასე წარმომიდგენია… რომანის კითხვისას რამდენჯერმე დავიბენი, დამავიწყდა პერსონაჟების გენეალოგია, რამდენჯერმე მივხვდი, რომ ავტორი თხრობაში გაერთო, გასცდა ძირითად ღერძს, სადღაც გადაუხვია, მხოლოდ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი აქვს სათქმელი და მოსაყოლი, კიდევ, კიდევ მეტი ძვირფასი ადამიანის შემოყვანა უნდა, კიდევ მეტი ამბის გაზიარება. ტყუილად არ ჰქვია ამ წიგნს ქრონიკები.
რომანში, რომელიც მცირე ტირაჟით 2002 წელს გამოვიდა პირველად, ავტორი ახსენებს, რომ კახეთში გამგზავრება ყველაზე უფრო მატარებლით უყვარს. კახეთის რკინიგზა კი უკვე ათი წლის გაუქმებული მაინც არის… ჰოდა, ამას ჰქვია ალბათ ცხოვრების წიგნი, როცა არ გეჩქარება, როცა რეჟიმის წინააღმდეგობა კი არ გასუსტებს, პირიქით, გაძლიერებს. როცა ყველაზე კარგად თავად უწყი, რა განძის მფლობელი ხარ საკუთარი და სხვათა მეხსიერების სახით და ხელთ კიდევ გიპყრია იარაღი, რომელსაც საუკეთესოდ ფლობ. უკლებლივ ყველა, ვინც არსენიშვილის წიგნი ჩემამდე წაიკითხა და შთაბეჭდილება გამიზიარა, უპირველეს ყოვლისა, ენას აღნიშნავდა, რაღაცნაირ ძარღვიან და გადაპრანჭულობების გარეშე ქართულს… ზოგმა ისიც კი თქვა: მეგონა, მშობლიური ენა ვიცოდი და არა მცოდნიაო.
ამ ყველაფრის შედეგად გამოვიდა ის, რაც გამოვიდა – რომანი, რომელმაც პირდაღებული სიცარიელე ამოგვივსო, რადგან ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ გასაბჭოებისა და სტალინური რეპრესიების პერიოდზე ასეთი მნიშვნელოვანი წიგნი აქამდე არა გვქონია და, ვფიქრობ, აღარც მომავალში გვექნება, რადგან უკვე წასულია ხალხი, რომელთაც ის პერიოდი უშუალოდ შეეხო, უმეტესობას ცხოვრება დაუმახინჯა, სამუდამო დაღი დაასვა, ხედვა გაუმრუდა.
ზაირა არსენიშვილს კი ვერაფერი დააკლო. ისიც გაღიმებული, უკვე იმქვეყნიდან გვითვლის სალამს და შავზე შავს ამბობს, თეთრზე – თეთრს.
რომანში არის ერთი სცენა – პატარა გოგოს სიზმარი, რომელშიც ბიძია სტალინი შარვალს ჩაიხდის, გოგონას ბებიას სთხოვს, ჩადენილი უსამართლობებისთვის ასი როზგი დაარტყას. აი, ასეთი ჩახდილი სტალინი უზარმაზარ პოსტსაბჭოთა სივრცეში შექმნილ არც ერთ წიგნში არ მახსოვს და სულ არ მიკვირს, რომ ასეთი გრაციოზული შურისძიება ქალმა მოახერხა, მან, ვისაც ქვის და თოფის სროლა არ შეუძლია, ვისაც ყველაზე მეტი, რაც ძალუძს, ხელი არ ჩამოართვას, გამარჯობა არ უთხრას მკვლელსა და კომფორმისტს და წეროს, სულ წეროს და ჩვენამდე მოიტანოს მართალი სიტყვა.