ლორკას შედევრი დავით წერედიანისგან

მალე გამომცემლობა „ინტელექტი” მკითხველის წინაშე ფედერიკო გარსია ლორკას საეტაპო წიგნს „ბოშურ რომანსეროს” წარადგენს, რომლიც ქართულად დავით წერედიანმა თარგმნა.

„ბოშური რომანსერო” ფედერიკო გარსია ლორკას შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და წარმატებული  კრებულია, რომელიც 1928 წელს გამოიცა და საყოველთაო აღიარება დაიმსახურა როგორც ლიტერატურულ წრეებში, ასევე რიგით მკითხველებში. პირველი ტირაჟი – 3500 ეგზემპლარი რამდენიმე დღეში გაიყიდა.

ფედერიკო გარსია ლორკამ „ბოშურ რომანსეროში” ანდალუზიის ეპოპეა შექმნა. ავტორი აღნიშნავდა, რომ წიგნის მთავარი პერსონაჟი ანდალუზიური ნაღველია.

გამომცემლობა „ინტელექტის” მიერ დასტამბული წიგნის ანოტაციაში ვკითხულობთ: „რომანსი ესპანურენოვან ტრადიციაში ბალადური წყობის ხალხურ ან ხალხურთან მიახლოებულ ლექსს აღნიშნავს. აქ ბოშურობა არსებითად პოეტური პირობითობაა, ლექსების შემკვრელი და ერთ წიგნად გამაერთიანებელი. ამ ლექსთა ბოშები ესპანელებისგან არაფრით განირჩევიან, არც სახელებითა და გვარებით, არც ქცევებითა თუ ცხოვრების ნირით”.

„ბოშური რომანსერო” წიგნის მაღაზიების თაროებს წლის ბოლომდე შეავსებს. კრებულის შეძენას მკითხველი წიგნის საახალწლო ფესტივალზეც შეძლებს.