H2SO4 – ქართველ ფუტურისტთა ჯგუფი

 

ბელა წიფურია
ქართველ ავტორთა გერმანული გამოცემების წინასიტყვაობები

 

H2SO4 – ქართველ ფუტურისტთა ჯგუფი
წიგნიდან: H2SO4. Futurismus und Dada in Tiflis. Berlin: Ciconia Ciconia, 2019

 

 

H2SO4 ყველასათვის გოგირდმჟავას ფორმულაა. მხოლოდ იმ მცირერიცხოვანი მკითხველისთვის, რომელიც საკმაოდ კარგად იცნობს ქართულ ლიტერატურას თუ ევროპულ ფუტურიზმს, ეს შეიძლება იყოს ლიტერატურული დაჯგუფებისა და ამავე სახელწოდების ჟურნალის (ალმანახის) დასახელება. მეოცე საუკუნის ოციან წლებში რადიკალური ავანგარდის განწყობებით შთაგონებულმა ქართველმა ფუტურისტებმა განაცხადეს, რომ მათი პოეზია გოგირდმჟავასავით დაწვავდა ყოველივე დრომოჭმულს ქართულ ლიტერატურაში.

ქართველ ფუტურისტთა დაჯგუფებამ საკუთარი არსებობა საზოგადოებას აცნობა 1922 წელს მანიფესტით „საქართველო-ფენიქსი“; პირველი საღამო 1923 წელს გამართეს; ჟურნალი H2SO4 1924 წელს გამოსცეს; ჟურნალი „ლიტერატურა და სხვა“ – 1925-ში; ამავე წელს გაზეთი „დროულიც“ გამოვიდა და სიმონ ჩიქოვანის ლექსების წიგნიც „ფიქრები მტკვრის პირას“; 1928 წელს კი ჯგუფის მიერ ჟურნალი „მემარცხენეობა“ გამოიცა. ისტორიამ ჯგუფს საარსებოდ ექვსიოდე წელიწადზე მეტი არ განუსაზღვრა. ჯგუფის საქმიანობა 1920-იანი წლების ბოლოსთვის საბჭოთა საქართველოში უკვე შეუძლებელი გახდება. ყველა ის ცვლილება, რაც 1920-იანი წლების დასაწყისიდან მოხდა საქართველოში – ქართულ კულტურაში, ისტორიაში, პოლიტიკასა და იდეოლოგიაში –- ამ დაჯგუფების პრიზმიდანაც შეგვიძლია დავინახოთ.

საქართველოში ცნობები ფუტურიზმისა და ავანგარდიზმის შესახებ მარინეტის პირველი ფუტურისტული მანიფესტის გამოსვლიდან (1909) მალევე აღწევს: 1911 წელს მხატვარი ბორის ლოპოტინსკი პარიზიდან ჩამოიტანს გამოცემებს და თავის მოწაფეებს, ილია და კირილ ზდანევიჩებს გააცნობს. 1914-ში ვლადიმერ მაიაკოვსკი, ვასილი კამენსკი და დავიდ ბურლიუკი ფუტურისტული პოეზიის საღამოებს თბილისსა და ქუთაისში მართავენ. ქართული საზოგადოება მაიაკოვსკის თავისიანად მიიღებს, ქუთაისის მახლობლად დაბადებული და გაზრდილი ბიჭი პუბლიკას მშობლიურ ქართულ ენაზე მიმართავს. ორიოდ წელიწადში კი უკვე ახალგაზრდა ქართველი პოეტები გამოაცხადებენ, რომ ქართული პოეზიის გარდასახვასა და განახლებას ისახავენ მიზნად. ისინი ფუტურიზმს პარიზსა თუ მოსკოვში გატარებულ საუნივერსიტეტო წლებშივე გაიცნობენ, მაგრამ ქართულ ლიტერატურაში მოდერნიზმის დამკვიდრებას მის საწყისებთან მიახლებით, სიმბოლიზმის ნიადაგზე გადაწყვეტენ და სიმბოლისტურ ჯგუფს, „ცისფერ ყანწებს“ დააფუძნებენ; ამავე სახელწოდების ჟურნალს 1916 წელს დასავლეთ საქართველოს ცენტრში, ქუთაისში გამოსცემენ. პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი ამ დროისთვის ოც წელს არიან გადაცილებულები, მხოლოდ გრიგოლ რობაქიძეა მათზე ათიოდე წლით უფროსი. ცისფერყანწელებს გაუმართლებთ და თავიანთი საქმიანობის პირველ, უაღრესად აქტიურ და საინტერესო, წლებს თავისუფალ ქვეყანაში წარმართავენ. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის, რუსეთის იმპერიის დაშლის, პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მსოფლიო რუკაზე ახალი სახელმწიფოები ჩნდება, მათ შორისაა სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანაც. საქართველოს რუსული კოლონიზაციიდან საუკუნეზე მეტია გასული; ქართველები დამოუკიდებელ, თავისუფალ თანამედროვე რესპუბლიკას აფუძნებენ და სუვერენული სახელმწიფოებრიობის აღდგენას ზეიმობენ. ამისათვის მათ მეცხრამეტე საუკუნიდანვე ამზადებდა სამოციანელთა თაობა და მისი ლიდერი ილია ჭავჭავაძე, ამ თაობამ შეძლო ქართული საზოგადოების კონსოლიდირება და შექმნა თანამედროვე ქართული ნაციონალური იდენტობისა. ახალი ქართული სახელმწიფო ევროპული დემოკრატიის პრინციპებით იქმნება, უზრუნველყოფილია სიტყვის თავისუფლება და საყოველთაო საარჩევნო უფლება. მრავალპარტიულ არჩევნებზე უმრავლესობას ქართველი სოციალ-დემოკრატები, მენშევიკები მოიპოვებენ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა ოფიციალურად 1918 წლის 26 მაისს დაფუძნდა. რამდენიმე წელიწადში ოსიპ მანდელშტამი ასე დაწერს: „პატარა „დამოუკიდებელ“ სახელმწიფოს, სხვების დაღვრილი სისხლის ხარჯზე შექმნილს, სურდა უსისხლო ყოფილიყო. იმედი ჰქონდა, რომ სუფთად და კეთილსაიმედოდ შევიდოდა ისტორიაში. მრისხანე ძალებს შორის მოქცეულს უნდოდა რაღაც ახალი შვეიცარიის მსგავსი გამხდარიყო, ნეიტრალური და დაბადებითვე „უმანკო“ მიწის ნაგლეჯი“ (ო. მანდელშტამი, „მენშევიკები საქართველოში“, 1923). მართალია, პირველ მსოფლიო ომში რუსული იმპერიული ჯარების შემადგენლობაში ქართველთა სისხლიც ბევრი დაიღვარა, თუმცა დამოუკიდებლობა საქართველომ მართლაც უსისხლოდ მიიღო. ის, რომ ქართულ საზოგადოებას მართლაც სჯეროდა თავის პატარა მიწის ნაგლეჯზე პროგრესული და უმანკო ქვეყნის შექმნისა, ქართველ ხელოვანთა ახალგაზრდა თაობის, უწინარესად კი ცისფერყანწელების, კულტურული საქმიანობიდანაც ჩანს. მათთან ერთად ეს ირწმუნეს რუსეთიდან – პეტერბურგიდან თუ მოსკოვიდან – ბოლშევიკურ რევოლუციასა და სამოქალაქო ომს გამოქცეულმა პოეტებმა, მხატვრებმა, მსახიობებმა, რომელთა უმრავლესობაც ავანგარდისტი იყო. საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ქართველი და რუსეთიდან დევნილი ხელოვანები დედაქალაქში, ტფილისში/თბილისში, ქმნიან უნიკალურ კულტურულ მომენტს, მულტიკულტურულ ავანგარდს – აქტიურ შემოქმედებით ატმოსფეროს, ესთეტიკური დიალოგის სიტუაციას. აქ ჩამოდის ალექსეი კრუჩენიხი, მოაქვს ფუტურიზმისა და ზაუმის იდეები. მულტიეთნიკური ჯგუფი „ფუტურისტების სინდიკატი“ 1917 წლის შემოდგომაზე იქმნება. მასში შედიან ალექსეი კრუჩენიხი, ძმები ილია და კირილ ზდანევიჩები, ნიკოლაი ჩერნიავსკი, ლადო გუდიაშვილი, ყარა დარვიში, ზიგმუნდ ვალიშევსკი. მალევე კრუჩენიხი, ილია ზდანევიჩი, იგორ ტრენტიევი ცალკე ჯგუფს შექმნიან სახელწოდებით 41°. დასახელება გულისხმობს 41-ე პარალელსაც, რომელზეც თბილისი მდებარეობს, და სხეულის ტემპერატურასაც, რომელზეც ადამიანი ბოდვას იწყებს. იმ პერიოდის მრავალი გამოცემიდან, ლიტერატურული ჟურნალებიდან, ავანგარდული პოეტური კრებულებიდან, ქართველი და დევნილი პოეტების ერთობლივი პოეზიის საღამოების ქრონიკებიდან და აფიშებიდან, მხატვრების მიერ ერთობლივად მოხატული კაფეების კედლებიდან ჩანს, რომ ყველანი ხარობდნენ შემოქმედებითი თავისუფლებით და მართლაც არ ფიქრობდნენ „მრისხანე ძალებზე“.

მაგრამ მრისხანე ბოლშევიკური რუსეთი 1921 წლის თებერვალში ბრძოლებში დაამარცხებს ქართულ ჯარს, 25 თებერვალს მოხდება რუსეთის მიერ საქართველოს ხელახალი ანექსია და ოკუპაცია. საქართველოში ბოლშევიკური ხელისუფლება მყარდება. რუსული ცენტრიდან ქართველი ბოლშევიკები ბრუნდებიან, რუსი ხელოვანები კი თბილისს ტოვებენ, ბევრი კვლავ რუსეთში, ზოგი კი ევროპაში მიემგზავრება. ევროპაში მიდის ემიგრაციაში ქართული მენშევიკური მთავრობა და ელიტის ნაწილიც, თუმცა ქართველი მწერლები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, სამშობლოში რჩებიან. 1922 წლის დეკემბერში საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი იქმნება, საქართველო მისი ნაწილი ხდება. ქართველი ხალხი ამ ბედს არ ურიგდება. 1924 წლის აგვისტოში ბოლშევიკები სისხლში ახშობენ ეროვნულ აჯანყებას, მსხვერპლი 12 ათასს აღწევს. 1920-იან წლებში ბოლშევიზმი სასტიკია, მაგრამ კულტურის კონტროლის თანმიმდევრული პრინციპები ჯერ არ არის ამოქმედებული. გასაბჭოებიდან რამდენიმე წლის მანძილზე ქართველი მოდერნისტები ახერხებენ საკუთარი ესთეტიკური პრიორიტეტების შენარჩუნებას.

სწორედ ამ დრამატული მოვლენების ფონზე და ამ შემოქმედებით ტალღაზე გამოჩნდებიან კიდევ უფრო ახალგაზრდა ქართველი პოეტები და მხატვრები, ქმნიან ჯგუფს H2SO4. მათი უმრავლესობა ქუთაისის სასწავლებლების დასრულების შემდეგ თბილისში ახლახან გადმოვიდა, ამდენად, ტფილისის ავანგარდის მონაწილენი არ ყოფილან, თუმცა უშუალო მემკვიდრეობად მიიღეს აქაური გამოცდილება: ავანგარდიზმით გატაცება, ზაუმი, ფუტურიზმის იდეებისა და დადაიზმის ვერბალურ-ფონეტიკური ექსპერიმენტების სინთეზური ესთეტიკა. ჯგუფის შექმნის ფაქტი და მისი შემოქმედებითი პროფილი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად ძლიერი შეიძლება იყოს კულტურული ტენდენცია და რამდენად ქმედითი – კულტურული გამოცდილება.

რაც მთავარია, ქართველ ფუტურისტთა დაჯგუფების გამოჩენის წინაპირობად უნდა მივიჩნიოთ ცისფერყანწელთა ფაქტორი. სწორედ მათ შექმნეს ქართულ ლიტერატურაში შესაბამისი კულტურული ატმოსფერო და საყრდენი წერტილი ფუტურისტებისთვის. მოდერნიზმის ზოგადევროპული კულტურული ლოგიკა, მაღალი მოდერნიზმის რადიკალური ავანგარდით ჩანაცვლების ტენდენცია ქართულ ლიტერატურაშიც ამუშავდა. ჯგუფი ქართულ ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებაში გამოაცხადებს საკუთარ დიქტატურას (პროლეტარიატის დიქტატურის მსგავსად). როგორც რადიკალურ ავანგარდისტულ დაჯგუფებას შეეფერება, H2SO4 ყველაზე კატეგორიული განცხადებებით გამოდის ცისფერყანწელთა სიმბოლისტური ჯგუფის მისამართით, უწოდებს მათ „პოეზიის პარალიტიკებს“; როგორც ცისფერყანწელებს, ისე სხვა ქართულ დაჯგუფებებს „ძველ საფეხურებზე“ გაჩხერილებად თვლის; ფრანგულ სიმბოლიზმს – რემბოს, ლაფორგის, ლოტრეამონის ჩათვლით – ძველმოდურად მიიჩნევს. ჯგუფი მიზნად დაისახავს ქართული პოეზიის გათავისუფლებას სიმბოლიზმის ნიშნებისგან და ცისფერყანწელთა პოეტური განწყობებისგან, რომელთა შორის ჩამოთვლის: სენტიმენტალიზმს, სიკვდილ-სიცოცხლეზე ფიქრს, სამყაროს მშვენიერებისკენ სწრაფვას, მისტიკას, მიღმიერი სამყაროს განჭვრეტის სურვილს, სნეულებას და ქინაქინას. რა თქმა უნდა, ქართული ლიტერატურა მე-19 საუკუნის პატრიოტული რეალისტური პოეზიის ნაშთისგანაც უნდა გათავისუფლდეს. ამიტომ ნიოგოლ ჩაჩავას ლექსებში აკაკი წერეთლისა და ვალერიან გაფრინდაშვილის ციტატები ერთნაირად დამცინავი ტონით არის მოყვანილი.

ჯგუფი თავის დამოკიდებულებას შეიმუშავებს იმ ფაზისადმი, რომელზეც მეოცე საუკუნის ოციანი წლებისთვის ევროპული და რუსული ავანგარდი იმყოფება. განვლილ ეტაპად ცხადდება როგორც რუსული, ისე იტალიური ფუტურიზმი, გაკრიტიკებულია ლეფი. გამოცხადდება, რომ ქართულ ლიტერატურაში დგება ნამდვილი ავანგარდიზმის ხანა. რასაკვირველია, ამ მომენტისთვის ტიციან ტაბიძის დადაიზმით გატაცებას ყურადღების ღირსად არ თვლიან, თუმცა იმ კვალს, რაც თბილისში ზაუმმა დატოვა, ნამდვილად აცნობიერებენ. სიმონ ჩიქოვანის თუ სხვა პოეტების ლექსების ფონეტიკურ სტრუქტურაში ეს გამოცდილება აშკარად იჩენს თავს. ქართველი ფუტურისტები თავიანთ თანამედროვე პოეტურ ტექსტებში ქართული ფოლკლორის არქაული ჟღერადობის აღდგენასაც ისახავენ მიზნად. შეგნებულად ხდება ლექსების აზრობრივი მახასიათებლების დამცრობა, ლოგიკური საზრისისგან დაცლა. ტექსტების შინაარსობრივი მნიშვნელობის გააზრება რთულია, ემოციური ზემოქმედების პოტენციალი კი ძლიერდება რიტმული ინტენსივობის წყალობით.

ტფილისის ავანგარდის პერიოდიდან ათვისებულია ავანგარდის ზოგადი ესთეტიკური მიდგომები. მართალია, ჯგუფი H2SO4 ფუტურიზმთან არის იდენტიფიცირებული, მაგრამ ჟურნალის გვერდებზე დადაც სრულუფლებიანი ესთეტიკური პრინციპების სახით გვხვდება. ქართველი პოეტისა და ბიბლიოფილის, ქართველ ფუტურისტთა უფროსი თანამედროვის, იოსებ გრიშაშვილის ბიბლიოთეკაში შემონახულია დღეისთვის რარიტეტული ჟურნალ H2SO4-ის ერთი ეგზემპლარი, რომელშიც სარჩევის მინაწერებში პოეტები სწორედ ფუტურიზმისადმი ან დადაიზმისადმი კუთვნილების ნიშნით არიან დახარისხებულნი.

სახვითი ხელოვნების დარგს ჟურნალში ჯგუფის წევრები, ირაკლი გამრეკელი და ბენო გორდეზიანი წარმოადგენენ თავიანთი გრაფიკული ნამუშევრებით და ესთეტიკური პოზიციებით. გორდეზიანის განცხადებით, სწორედ ისინი შეცვლიან პრიმიტივისტ ნიკო ფიროსმანს და ავანგარდისტებს ლადო გუდიაშვილსა და დავით კაკაბაძეს. გორდეზიანი მხატვრობის პრიორიტეტული მიმართულებების სიას ადგენს: იმპრესიონიზმი, კუბიზმი, ფუტურიზმი, სუპრემატიზმი, პუანტილიზმი, კონსტრუქტივიზმი და, რა თქმა უნდა, დადა. ირაკლი გამრეკელს ეკუთვნის ყდის დიზაინი, ჟურნალის მონტაჟი, სავარაუდოდ, ნიოგოლ ჩაჩავასა, პავლო ნოზაძისა და სხვათა ტექსტების ჩათვლით. ვიზუალური კონცეფციის მხრივ ჟურნალი, ცხადია, მემკვიდრეობად იღებს თბილისელი ძმები ზდანევიჩების მიღწევებს, თუმცა ახალ საფეხურზე აიყვანს ავანგარდის რეპრეზენტაციულ შესაძლებლობებს, პოეტური და რიტორიკული ტექსტების (ესეები და ტრაქტატები) გრაფიკული გამომსახველობის მეთოდებს.

ჯგუფი გაახმიანებს თავის განზრახვას, მოახდინოს საკუთარი ესთეტიკური პოზიციების სინქრონიზება თანადროული მსოფლიოს არა მხოლოდ კულტურულ, არამედ ინდუსტრიულ, ტექნოლოგიურ, პოლიტიკურ მიღწევებთან. კინემატოგრაფი და ფოტოგრაფია მათთვის თანამედროვე ადამიანის საქმიანობის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო სფეროებია, თანადროული პოეზია და სახვითი ხელოვნება სწორედ მათ უნდა დაესესხოს გამომსახველობით ხერხებს.

ჯგუფის დამოკიდებულება პოლიტიკასთან, რევოლუციასა და კომუნიზმთან რუსი ავანგარდისტებისა და ლეფის შეხედულებებს შეესაბამება. სარედაქციო წერილში რევოლუცია განზოგადებული და რომანტიზებული სახითაა წარმოდგენილი, ინდუსტრიალიზაცია და მასობრივი მოძრაობა კი პროგრესის ძალად მიიჩნევა. ამ განცხადებებით ამოიწურება კიდეც ჯგუფისთვის ეს საკითხი. ამის შემდეგ ჟურნალი წმინდა შემოქმედებით ამოცანებს ისახავს და გადაჭრის. საბჭოურ ცენტრზე სწორება არ არის გამოკვეთილი; ჟურნალი ორიენტირებულია ევროპული ავანგარდის ერთიან და ზოგად კონტექსტზე; თვითდამკვიდრების მიზანი კი საკუთრივ და საგანგებოდ ქართული კულტურული და ენობრივი გარემოსადმია მიმართული.

თუმცა, რაღა თქმა უნდა, ახალი სტალინური კულტურული პოლიტიკა, რუსულ-საბჭოური ცენტრიდან გაძლიერებული იდეოლოგიური და ესთეტიკური კონტროლი ქართულ ლიტერატურაშიც შეცვლის ვითარებას. აგრესიული ბოლშევიკური მიდგომები შეიცვლება, ერთი მხრივ, ხელოვანთა წახალისების, მეორე მხრივ კი, დასჯის მეთოდებით. ავანგარდის ესთეტიკა ტოტალიტარული სახელმწიფოსთვის გაუგებარი და მიუღებელია. ქართველ ფუტურისტებსაც ისევე უწევთ უარის თქმა თავიანთ ესთეტიკურ ინტერესებზე, როგორც ყველა მოდერნისტსა და ავანგარდისტს საბჭოურ ცენტრშიც და ნაციონალურ რესპუბლიკებშიც. 1930-იანი წლებიდან სოციალისტური რეალიზმის მეთოდი და საბჭოთა პატრიოტიზმის იდეოლოგია თანმიმდევრულად იქნება დანერგილი მთელს საბჭოურ კულტურაში. ქართველი მწერლები, ერთი მხრივ, მისდევენ მითითებებს და ქმნიან კომპრომისულ ნაწარმოებებს, მეორე მხრივ კი პოულობენ ახალ კულტურულ რეალობასთან წინააღმდეგობის გზებს, ალტერნატიულ ფორმებს; სოციალისტური რეალიზმის ნაცვლად კლასიკური რეალიზმის ესთეტიკას მიმართავენ, საბჭოური პატრიოტიზმის საფარქვეშ კი ნაციონალურ განწყობებს აძლიერებენ. სწორედ აქ თანხვდება ერთმანეთს ქართველი სიმბოლისტებისა და ფუტურისტების, ტიციან ტაბიძისა თუ სიმონ ჩიქოვანის გზები; ადრე დაპირისპირებული ჯგუფების წარმომადგენლები ახლა კოორდინირებულად მოქმედებენ ნაციონალური თვითგადარჩენის მიზნების შესაბამისად.

H2SO4 -ის წევრებიდან ჟანგო ღოღობერიძესა და პავლო ნოზაძეს დიდი ტერორის დროს, 1937 წელს დახვრეტენ ათიათასობით ქართველისა და ქართული კულტურის არაერთი წარმომადგენლის მსგავსად. ბიძინა აბულაძეს, მეორე მსოფლიო ომიდან და ტყვეობიდან დაბრუნებულს, გადასახლებაში, საბჭოთა ბანაკში გაგზავნიან. სიმონ ჩიქოვანი გამოჩენილი რეალისტი პოეტი გახდება, დემნა შენგელაია და აკაკი ბელიაშვილი – პოპულარული პროზაიკოსები, ირაკლი გამრეკელი – ქართული თეატრის ცნობილი სცენოგრაფი, ნიკოლოზ შენგელაია – ცნობილი კინორეჟისორი, ბესარიონ ჟღენტი – მკაცრი და გავლენიანი საბჭოთა სალიტერატურო კრიტიკოსი.

მოდერნისტულ-ავანგარდისტული კულტურის ცოდნა და ინტერესი ათწლეულების მანძილზე ამოიშლება ქართული კულტურული მეხსიერებიდან. თუმცა სწორედ ეს გამოცდილება დაფასდება ქართველთა ახალი თაობების მიერ პოსტსაბჭოთა პერიოდში, როცა ქვეყანა კვლავ მოისურვებს კუთვნილი ადგილის მოპოვებას ევროპული მოდერნიზმის კულტურულ რუკაზე.