გამომცემლობა „არტანუჯი” მკითხველისთვის ამერიკული ლიტერატურის კლასიკოსის, თომას ვულფის ეპოქალურ რომანს ამზადებს. „მოხედე შენს სახლს, ანგელოზო” ქართულ ენაზე პირველად გამოიცემა და რომანი წიგნის მაღაზიების თაროებს წლის ბოლოს შეავსებს. რომანი ხელმისაწვდომი იქნება წიგნის საახალხლო ფესტივალზეც.
თომას ვულფის „მოხედე შენს სახლს, ანგელოზო“ გვიამბობს ჩრდილოეთ კაროლინის პატარა ქალაქში მცხოვრები განტების ოჯახის ამბავს და აღწერს მთავარი გმირის, იუჯინ განტის ცხოვრებას დაბადებიდან 20 წლამდე. მწერალი განსაკუთრებულად მძაფრად და ემოციურად აღწერს მორცხვი, მდიდარი წარმოსახვის, გამორჩეული ბიჭის ცხოვრებას პატარა ქალაქში, მის განცდებსა და ტკივილებს, მარტოობასა და სწრაფვას, გაექცეს სინამდვილეს, საკუთარ ოჯახს და სადღაც შორს ჰპოვოს ბედნიერება.
„ეს წიგნი მკითხველს არასდროს დაავიწყდება. ვულფის გამაოგნებლად მოზღვავებული გრძნობები, გულისშემძვრელი ეპიზოდები, პოეტური პასაჟები, უაღრესად მეტყველი ენა განსაკუთრებულ ადგილს უმკვიდრებს მის რომანებს” – ვკითხულობთ წიგნის აღწერაში.
„მოხედე შენს სახლს, ანგელოზო” ინგლისურიდან ნინო ქაჯაიამ თარგმნა.