გოდერძი ჩოხელის მაგიური რეალობა

ბელა წიფურია

ქართველ ავტორთა გერმანული გამოცემების წინასიტყვაობები

 

გოდერძი ჩოხელის მაგიური რეალობა

წიგნიდან: Goderdsi Tschocheli: Eine Krähe für zwei. Lubwigsburg: Pop Verlag, 2019

 

გოდერძი ჩოხელის, მწერლისა და კინორეჟისორის, სახელი დღეს საქართველოში ყველამ იცის. მისი არსებობა ქართველი მკითხველისათვის ისეთივე ბუნებრივ მოვლენად აღიქმება, როგორც მთის, ხის ან მდინარისა. მეოცე საუკუნის ქართულ სინამდვილეში არიან მწერლებიც და რეჟისორებიც, რომლებიც ბევრად უფრო მნიშვნელოვან ფიგურებად ითვლებიან, ისინი ახდენენ საქართველოს ძირითადი კულტურული და ნაციონალური მისწრაფებების რეპრეზენტაციას და ქმნიან მის კულტურულ ლანდშაფტს, თუმცა ასევე არის გოდერძი ჩოხელი.

1980-1981 წლებში, როცა მისი პირველი პატარა წიგნები გამოიცა, ის სრულიად ბუნებრივად გახდა პოპულარული. რამდენიმე წლით ადრე აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთიდან, გუდამაყრის ხეობის სოფელ ჩოხიდან, ჩამოსული ბიჭის წინაშე უჩვეულოდ ადვილად იხსნებოდა იმ დროისთვის საქართველოს ყველაზე ელიტარული უმაღლესი სასწავლებლის, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის, კარი (ჯერ – კინომცოდნეობის, შემდეგ კი – კინოსარეჟისორო ფაკულტეტი, სადაც მხოლოდ ერთეულებს იღებდნენ). შემდეგ ასევე ადვილად ეძლეოდა პირველი ფილმის გადაღების თუ პირველი წიგნის გამოცემის საშუალება. თბილისის სახელოვნებო ელიტის წრე თითქოს უარს ვერ ეუბნებოდა მის მარტივ სურვილს, ეწერა წიგნები და გადაეღო ფილმები და, უბრალოდ, აძლევდა მას თავის ადგილს, თავის ნიშას. მართალია, საბჭოური რეგულაციები „ლიმიტირებულ“ ადგილებს, შეღავათიან პირობებს განუსაზღვრავდა პროვინციებიდან სასწავლებლად ჩამოსულ ახალგაზრდებს, მაგრამ ეს სრულიადაც არ ნიშნავდა, რომ ისინი მართლაც გაიკვლევდნენ გზას თბილისური ცენტრის მეტისმეტად ექსკლუზიურ სახელოვნებო სივრცეში; მით უფრო არ ნიშნავდა, რომ ამ დროისათვის საკმაოდ მომთხოვნი და განებივრებული ქართველი მაყურებელი და მკითხველი მას გულითად ყურადღებას დაუთმობდა.

თუმცა, ყველაფერთან ერთად, ნიშა, რომელიც გოდერძი ჩოხელმა დაიკავა, დიდი ქართველი პოეტის, ვაჟა-ფშაველას (1861-1915) შემდეგ ელოდა ახალ ფიგურას (გოდერძი ჩოხელის ბიოგრაფიებშიც აღნიშნულია, რომ მის გამოჩენას სწორედ ასე შეხვდნენ თბილისში – მთიდან პატარა ვაჟა-ფშაველა ჩამოსულაო). სწორედ იმიტომ, რომ ქართულ ლიტერატურულ კანონში მტკიცედ არის დამკვიდრებული ვაჟა-ფშაველას ტექსტები, გაუგებრობა არ გამოიწვია იმან, რომ მთის სამყაროდან კვლავ გახმიანებულიყო კითხვები: ღვთის ძიების, სულის რაობის, სიკვდილ-სიცოცხლის, მარადისობის, ბუნების, ადამიანის შესახებ (იმის მიუხედავად, რომ გვიანი საბჭოური პერიოდის ქართულ ლიტერატურაში ამ კითხვების გახმიანება სრულიადაც არ იყო იოლი). მოხდა ისე, რომ თბილისურმა კულტურულმა ცენტრმა, რომელიც ქართული ნაციონალური და საბჭოური დისკურსების ჰიბრიდს წარმოადგენდა, სწორედ გოდერძი ჩოხელისგან მიიღო ეს ბუნებრივად. მთიდან ბარში ჩამოსული ახალგაზრდის სტატუსი, როგორც აღმოჩნდა, მის ტექსტებს გზას გაუხსნიდა და საკუთარ ადგილს აპოვნინებდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ ჯერ კიდევ რეგულირებულ კულტურულ რეალობაში. მოდერნიზმისეული ეგზისტენციალური კითხვები, საბჭოური სისტემის მიერ 1930-იანი წლებიდანვე ტაბუდადებული, ამ ახალგაზრდის მხრიდან არ ჟღერდა ისე სარისკოდ, ამიტომ მას ეპატიებოდა ბევრი რამ – მთის რიტუალებზე წერა, გარდაცვლილებთან საუბარზე ფილმის გადაღება, სულის რაობაზე კითხვის დასმა პერსონაჟებისა და მკითხველისთვის. ეპატიებოდა მატერიალური ცნობიერების საზღვრების დარღვევა და ხევსურეთის ყოფაში შეჭრილი რელიგიურ-მითოსური ცნობიერების აღწერაც. საბჭოური მატერიალისტური იდეოლოგიისათვის ეს თემები სრულიად არ გახლდათ მისაღები, მაგრამ როცა ამაზე წერდა ან ფილმს იღებდა ახალგაზრდა გულწრფელი პროვინციელი – რომელიც, ყველაფერთან ერთად, იუმორს მიმართავდა მთის სოფლის ყოფის ჩვენებისას და საკუთარ თანასოფლელებსა და ნათესავებს სთხოვდა ფილმში როლის შესრულებას – თვით უმაღლესი ქართველი საბჭოთა ჩინოსნები (რეალური ცენზორები), თავს მოვალედ თვლიდნენ, მისი ჩანაფიქრის განხორციელებისთვის ხელი შეეწყოთ.

იმ დროისათვის, როცა გოდერძი ჩოხელი თავისი მოთხრობების გამოქვეყნებას იწყებს, მეოცე საუკუნის ქართულ ლიტერატურას ძალზედ რთული გზა აქვს გავლილი. ამ საუკუნის პირველივე წლებმა საქართველოში დაასრულა მეცხრამეტე საუკუნის მძლავრი რეალისტური პერიოდი. თავდაპირველად ვაჟა-ფშაველამ მატერიალური და სულიერი რეალობების ზღვარი წარმოაჩინა, ერთი მხრივ, ქრისტიანული მსოფლმხედველობის, მეორე მხრივ კი, ნატურფილოსოფიის მეშვეობით. მანვე შემოიტანა ქართულ ლიტერატურულ დისკურსში საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთის მითოლოგია, ხალხური პოეტური ტრადიცია და დიალექტები. ვაჟა-ფშაველა განსაკუთრებით დააფასა შემდგომმა თაობამ, ქართველმა მოდერნისტებმა, თუმცა მათ ქართული ლიტერატურის განახლება ევროპული მოდერნიზმის ათვისებით დაიწყეს. 1910-1920-იანი წლების ქართული მოდერნიზმი, ცხადია, იმდენად მნიშვნელოვანი კულტურული ტენდენცია იყო, რომ სტალინურმა ტოტალიტარიზმმა ბრძოლა გამოუცხადა არა მარტო რუსულ მოდერნიზმს, ვერცხლის ხანის ლიტერატურას, არამედ საქართველოშიც ყოველმხრივ ეცადა კულტურული მეხსიერებიდან ქართული მოდერნისტული გამოცდილების წაშლას. თუმცა პოსტსტალინურ პერიოდში, როგორც კი „დათბობამ“ გარკვეული კულტურული თავისუფლება მოიტანა, ლიტერატურაში აღდგა ერთგვარი შინაგანი კავშირი ამ გამოცდილებასთან. მაგრამ, სინამდვილეში, ეს არ იყო ნათლად გააზრებული კავშირი; ქართულ ლიტერატურაში, განსაკუთრებით კი ქართულ პოეზიაში, რეალიზმი მძლავრობდა. 1970-იანი წლების ქართულმა რომანმა ახალი სახე და თანადროული დასავლური რომანის მასშტაბი შესძინა ქართულ მწერლობას. შეიძლება ითქვას, რომ 1960-1980-იანი წლების ქართულ მწერლობაში არაერთი ქართველი პროზაიკოსი და პოეტი საკუთარი გზებით ცდილობს საბჭოური სისტემის მიერ მონიშნული კულტურული საზღვრების გაფართოებას და რკინის ფარდის მიღმა მიმდინარე კულტურულ პროცესებთან თანაზიარობას. ოთარ ჭილაძე და გურამ დოჩანაშვილი ქართულ მწერლობაში აამოქმედებენ მაგიური რეალიზმის შესაძლებლობებს, ლათინური ამერიკის მწერლობა მათთვის ამ შემოქმედებითი იმპულსის მომცემია.

ცხადია, ახალგაზრდა, რომელიც მწერლობას იწყებს, ეცნობა ამ პროცესებსაც, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ გოდერძი ჩოხელის პროზაში რეალობის მაგიურობის შეგრძნება უწინარესად აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის სამყაროდან შემოდის. როგორც ჩანს, ეს მკაცრი, ყინულოვანი მთებით შემოსაზღვრული სივრცეც ისეთივე ლიმინალურია, აქაც ისევე მყიფეა ზღვარი მატერიალურისა და მიღმიერის განცდათა შორის, აქაც ისევე შეგრძნებადია ტრანსცენდენტურ სამყაროსთან შეხება, როგორც ცხელსა და ფერადოვან სამხრეთ ამერიკაში. წინამდებარე გერმანული კრებულის გამოცემის ინიციატორის, პოეტ დათო ბარბაქაძის შეხედულებით, გოდერძი ჩოხელის პროზა შეიძლება განისაზღვროს როგორც მაგიური რეალიზმი.

გოდერძი ჩოხელთან ცხოვრების სიმარტივე და მარტივი ჭეშმარიტებებია ნაჩვენები: შვილის თუ შვილიშვილისადმი დედის თუ ბებიის სიყვარული, სატრფოს სიყვარულის გამოცდა, უფროსის მიერ უმცროსის დაცვა, მაგრამ ასევე – სულთა სამყაროდან ცოცხლების დაცვა, სიკვდილის მოსვლა და მისი მიღება, ადამიანის სათხოვარის მნიშვნელობა სამყაროსთვის და, მეორე მხრივ, სინამდვილის მიღების უნარი, სიზმრისა და რეალობის ერთიანობა, საბოლოოდ კი – ღვთის იმედი ან შეუცნობი მფარველობის მოლოდინი, რაც ამ მარტივ ყოფაში მარადიულობის განცდას ქმნის.

ამასთანავე, მწერალი გვაჩვენებს რეალობის მაგიურობის დანახვის შესაძლებლობებს იმ ეპოქაში, საბჭოურ სინამდვილეში, რომელშიც ერთადერთი დასაშვები ხედვა სამყაროს მატერიალისტური ხედვაა. ამ სინამდვილის მხილება გოდერძი ჩოხელის მოთხრობებში თითქოს სრულიადაც არ არის პირველადი ამოცანა, თუმცა ეს თემა მის ტექსტებში მაინც შემოდის და ის უკავშირდება უწინარესად ინდივიდის ნიველირების პრობლემას. ინდივიდის წინააღმდეგ, წესით, მთის ტრადიციული სოციუმის კანონები უნდა მოქმედებდეს (მაგალითად, ვაჟა-ფშაველასთან ეს სწორედ ასეა). თუმცა გოდერძი ჩოხელთან ჩვენ დავინახავთ, რომ ინდივიდს უპირისპირდება საბჭოური სისტემა, რომელმაც ტრადიციული სამყაროს ორგანიზების ამოცანა თავის თავზე აიღო და დაარღვია როგორც სოციუმის, ისე პიროვნების არსებობის შინაგანი ლოგიკა. მწერალი მოგვითხრობს ინდივიდის სურვილზე, დაიცვას საკუთარი თავი ნიველირებისგან და, რაც ნიშანდობლივია, ეს გააკეთოს რეალობის სტანდარტების დარღვევით. საინტერესოა, რომ ინდივიდის/მწერლის ამგვარი პროტესტი სწორედ მაგიური ძალით (სასწაულით, ამოუხსნელი მოვლენით, აუხსნელი ადამიანური პოზიციით) რეალობის გარღვევას დაუკავშირდება.

გოდერძი ჩოხელის ერთ-ერთი პირველი მოთხრობის – „წერილი ნაძვებს“ – გმირს მხარზე ნაძვი ამოსდის, რაც, პრინციპში, მატერიალური კანონების მიხედვითაც შეიძლება რამენაირად აიხსნას (როგორც სოფლის ექიმი ახსნის, კაცი „ომში დაჭრილა და ტყეში ნაძვის მტვერი ჩაჰყრია ჭრილობაში“). მაგრამ ის, როგორი თავგანწირვითაც ეს პერსონაჟი, სახელად ბერი, თავის სხეულში ახალი სიცოცხლის დაცვას ცდილობს, უკვე სოციუმის და მატერიალური სამყაროს წესების მიღმაა. სწორედ ამას ამბობს სოფლის ახალი მასწავლებელი: „ღრმად გასარკვევი“, „ღრმად შესწავლის ღირსი“ ის კი არ არის, რომ კაცს მხარზე ნაძვი ამოუვიდა, არამედ ის, რომ კაცი ნაძვს „შვილივით ეპყრობა“. სოციუმი და, განსაკუთრებით, მისი ემანსიპირებული, საბჭოურად განათლებული წევრები – ექიმი, გეოგრაფიის მასწავლებელი – მატერიალისტური წესების დაცვას ითხოვენ ინდივიდისაგან. „საიდან გაჩნდა ეს მამაშვილური მზრუნველობა, ჰა?!“ – იკითხავს მასწავლებელი. ბერი კი სიცოცხლეს, თუნდაც პატარა ნაძვის სიცოცხლეს, ისე იღებს, როგორც ღვთის ნაბოძებს – მადლობითა და მზრუნველობით. მართალია, მას ღმერთმა შვილი არ მისცა, მაგრამ როცა თანასოფლელი ღმერთს ამის გამო სამართალს დაუწუნებს, ბერი არ ეთანხმება: „განა ეს ნაძვი კი ცოცხალი არ არის?!“. რასაკვირველია, აქვე ჩნდება ღვთის რწმენა-არრწმენის თემა. რა სახით იჩენს ამქვეყნად თავს სასწაული: ნაძვის ამოსვლით თუ სიცოცხლის ნებისმიერი გამოვლინების გაფთხილებით? რა განცდით უნდა მივიღოთ სხვისი სიცოცხლე და რისი გულისთვის უნდა დავთმოთ საკუთარი? მართლა ღმერთმა შექმნა სამყარო, მართლა ის აწესებს წესს?

ამ მოთხრობაში საბჭოთა სისტემისადმი, მისი წესებისადმი უნდობლობა უკვე ნაჩვენებია: ეს გულგრილი და ცინიკური სისტემაა, აქ პიროვნებას, ინდივიდს, თავისი ადგილი არა აქვს. სწორედ ასეთი ცინიკურია ბერის მიმართ კოლმეურნეობის თავმჯდომარე (მთის მოწყვეტილ სოფელში ამ თანამდებობის პირი საბჭოთა ხელისუფლების მთვარი წარმომადგენელია). სისტემა არ აღიარებს ინდივიდის უფლებას, დაიცვას საკუთარი პოზიცია. ტექსტს ღია დასასრული აქვს, ამ ადრეულ მოთხრობაში პრობლემა ნახევარტონებითაა გადმოცემული – შესაძლოა, სწორედ ამით გახდა ის საინტერესო მკითხველისთვის, რომელიც იქნებ მიუჩვეველიც იყო ღია დასასრულს ან რეალისტური თხრობის მანერის დარღვევას, მაგრამ ნაციონალური, ანტირუსულ-ანისაბჭოური განწყობების მატარებელი ქართველი მწერლების მიერ უკვე მიჩვეული იყო გადაკრული სიტყვის ან ალეგორიულად ნათქვამი სიმართლის ამოკითხვას. ქართველ მკითხველთა მიერ მოთხრობა იმგვარი სიხარულით იქნა მიღებული, რომ ცხადი გახდა საჭიროება მსგავსი თემებისა, ხედვისა, გამოხატვის წესისა ქართულ ლიტერატურაში. ეს მოთხრობა დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველასათვის ცნობილ ტექსტად თანამედროვე ქართულ მწერლობაში. ყველამ იცის იმ კაცის ამბავი, რომელიც აკეთებს არჩევანს – გაუფრთხილდეს შეუცნობს და დაუპირისპირდეს სოციუმს, სტანდარტებს, სისტემას, დაიცვას საკუთარი განსხვავებულობა.

ეს თემა გოდერძი ჩოხელის მოთხრობაში „თევზის წერილები“ უკვე დრამატული სახით ვითარდება: კაცი აშკარა პროტესტს უცხადებს საბჭოურ ცხოვრების წესს (მისი უფლებების შემლახველ კოლმეურნეობის თავმჯდომარეს) და ამ წესის მიხედვით მოქმედ სოციუმს. აქაც ინდივიდი იცავს საკუთარ სახეს და არ სურს ნიველირება. ის დაინახავს, რომ თავად ადამიანის ცნება შეუთავსებელია მსგავს სისტემასთან. ის უარს აცხადებს ადამიანებსა და ადამიანობაზე, გადაწყვეტს, გახდეს თევზი. თევზი უფრო ახლოს არის სამყაროსთან, ბუნების არსებობის წესთან, ვიდრე ხარბი და სახედაკარგული ადამიანი. რასაკვირველია, თევზის მეტაფორაც შეიძლება სხვადასხვაგვარად წავიკითხოთ. საბჭოთა ეპოქაში ის იდეოლოგიის მიერ დამორჩილებული და უსამართლობასთან შეგუებული კაცის სიმბოლოა, რომელსაც თევზივით პირში წყალი აქვს დაგუბებული. მეორე მხრივ, ცხადია, საქართველოში მაინც ცოცხალია ქრისტიანული ტრადიცია, რომელიც თევზს ქრისტეს სიმბოლოდ წარმოისახავდა. თუმცა მწერალი არ ტვირთავს ტექსტს სიმბოლური მნიშვნელობების ძიების აუცილებლობით. ის მარტივი ადამიანის ამბავს მოგვითხრობს, რომელმაც საკუთარი რეალობის საზღვრების გადალახვა ასეთივე მარტივი გულწრფელობით და შეუპოვრობით, უცნაური პირობითობის დაშვებით გადაწყვიტა. ამჯერად მწერალი ნამდვილად დრამატულ განწყობას ავითარებს. უფრო მეტიც, აქ ყველაფერია კლასიკური ტრაგიკული კონფლიქტის შესაბამისი: გმირი, რომელიც უსწრებს თავის დროს და უფრო ახლოს არის ჭეშმარიტებასთან; სოციუმი, რომელიც უფრო მდაბალი მატერიალური ვნებებით არის შეპყრობილი; გმირის თავგანწირვა და დაღუპვა; შედეგად – სოციუმის კათარზისი.

გოდერძი ჩოხელის მოთხრობები მაგიური რეალიზმის განცდას განსაკუთრებით მაშინ ქმნის, როცა მწერალი რეალობასა და სიზმარს, ან სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ზღვარის არარსებობაზე, საზღვრების დაძლევაზე გვესაუბრება. რასაკვირველია, ყველაზე მეტად ამ საზღვრის გადალახვაში მას ის ადამიანი ეხმარება, რომელიც ამქვეყნიურ სამყაროშიც მოავლენს, მის არსს დაანახებს, მერე კი იმქვეყნიური სამყაროსაკენ გაუკვალავს გზას. „ანგელოზთღამეობა“ მთლიანად ზემატერიალურის შეგრძნებაზე, სიზმრისა და ცხადის ერთიანობაზე, მითისა და რეალობის მიმართებაზე და, საბოლოოდ, უფლისა და ადამიანის კავშირზე გვესაუბრება. ამ კავშირის გარანტი კი დედაა. მოთხრობა ავტობიოგრაფიულია, მწერალი გვიჩვენებს, რომ საკუთარ თავსა და საკუთარ დედაზე გვესაუბრება. ამავე დროს, იუმორისტული თხრობა, რომელსაც ის ირჩევს (რაც, როგორც ჩანს, თავად დედის რეალური სახითაა ნაკარნახევი), ტექსტს დამაჯერებლობას უქმნის. ის გვიამბობს დედაზე, რომელიც ხანდახან კომიკურ სიტუაციებში ვარდება; დედაზე, რომელიც იცავს შვილის სიცოცხლეს და გასაჭირში უფალს სთხოვს დახმარებას მის გადასარჩენად. დედა თავად ასწავლის შვილს, როგორ სთხოვოს უფალს შეწევნა, მაგრამ თავადვე დაადებს სათხოვარის წესს ტაბუს, როცა დაინახავს, რომ ბიჭი ბუნების მართვას საკუთარი ამქვეყნიური საჭიროებისთვის მოისურვებს. ამ ტაბუს მწერალი/ნარატორი შემდგომში ერთგულად დაიცავს. თუმცა, როცა უკვე რეჟისორია და თავის სოფელში გადამღებ ჯგუფთან ერთად ჩამოდის, მას სჯერა, რომ ის სათხოვარი, რომლის გამოც დედის საყვედური დაიმსახურა – უზენაეს ძალას ბუნების წესი შეაცვლევინა და საკუთარი ფილმის გადასაღებად გამოზაფხულზე თოვლი მოაყვანინა, არ იყო უღირსი. ის არ ემსახურებოდა რაიმე მიწიერ, მატერიალურ მიზანს, არამედ – შემოქმედებას. მისი დროის ადამიანისთვის კი, რომელიც გამოვიდა მითოსური ან რელიგიური ცნობიერების ხანიდან, სწორედ შემოქმედებაა მატერიალურისა და არამატერიალურის დაკავშირების ერთადერთი ლეგიტიმური გზა.