დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“: ლეგენდის პრაგმატიზაცია

 

 

ბელა წიფურია

 

დანიელ ჭონქაძის „სურამის ციხე“: ლეგენდის პრაგმატიზაცია

 

 

ვრცელი მოთხრობა „სურამის ციხე“ 1859 წლის მიწურულს და 1860 წლის დასაწყისში დაიბეჭდა ჟურნალ „ცისკრის“ ორ ნომერში.[1] დანიელ ჭონქაძეს (1830-1860), ახალგაზრდა ქართველ მწერალს, ფოლკლორისტს, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულს და შემდეგ – პედაგოგს, ოსურ ენაზე სასულიერო ლიტერატურის მთარგმნელს, რუსულ-ოსური (დაუსრულებელი) ლექსიკონის შემდგენელს, მოთხრობის გამოქვეყნების შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია, 30 წლის ასაკში ჭლექით გარდაიცვალა. მისი ნაწერები, ისევე როგორც მის მიერ შეგროვილი ძველი ხელნაწერები და ფოლკლორული მასალა, ინფექციის გავრცელების შიშით გარდაცვალების შემდეგ დაწვეს. „სურამის ციხე“ დანიელ ჭონქაძის ერთადერთ მხატვრულ ნაწარმოებად დარჩა, მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა ამით შემოიფარგლა.

ამ მოთხრობაში ჩანს მწერლის, ფოლკლორისტის, ლიბერალის მისწრაფებები (მწერალი თვითირონიულად შემოიყვანს ტექსტში ერთ-ერთ ნარატორსაც, კნიაზ-ლიბერალს). ავტორმა ერთ ჩარჩოში მოაქცია ხალხური თქმულება, შუა საუკუნეების აღმოსავლური და დასავლური ნარატიული ტრადიცია, გვიანი შუა საუკუნეების საქართველოს სოციალური და ეკონომიკური სურათი, რუსული და ევროპული რეალისტური ლიტერატურის პრობლემები, სხვადასხვა სოციალური ფენისა და ეთნიკურ-რელიგიური ჯგუფის ასახვა, თავისი დროის სოციალური შეხედულებები – ბატონყმობის კრიტიკა. სწორედ ბატონყმობის სისტემის უსამართლობის, ბატონის მიერ გლეხის თუ ყმა-მსახურის ჩაგვრის მიუღებლობა არის კიდეც ტექსტის სიუჟეტური განვითარების საწყისი წერტილი. მართალია, მოთხრობის სიუჟეტი სიყვარულისა და შურისძიების მარადიული თემების ირგვლივ განვითარდება, მაგრამ კონფლიქტი იწყება სწორედ უუფლებო და ბატონისაგან ჩაგრული ყმების თემით. სულ რამდენიმე წელიწადში რუსეთის იმპერიაში და, შესაბამისად, 1801 წლიდან მის ნაწილად ქცეულ საქართველოშიც, ბატონყმობა გაუქმდება, ქართულ ლიტერატურაში მოვა ახალი, დანიელ ჭონქაძეზე ათიოდე წლით ახალგაზრდა თაობა – სამოციანელები, ანუ თერგდალეულები – რომელიც შეცვლის ქართული სოციუმის კულტურულ და მსოფლმხედველობრივ რეალობას, ქართული მწერლობის მიზანდასახულებას, შექმნის მოდერნულ განვითარებაზე, სუვერენულ სახელმწიფოებრივ მომავალზე ორიენტირებულ საზოგადოებას, მოახდენს ქართველი ერის კონსოლიდაციას. მაგრამ ამ პროცესებში დანიელ ჭონქაძე თავის წვლილს ვეღარ შეიტანს.

როგორია „სურამის ციხის“ წვლილი ქართულ მწერლობაში? შეიძლება ითქვას, რომ იმავე პერიოდში, 1861 წელს, იმავე ჟურნალ „ცისკარში“ გამოქვეყნებულ კიდევ ერთ მოთხრობასთან, ლავრენტი არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილთან“, ერთად „სურამის ციხემ“ შექმნა ერთგვარი გარდამავალი სივრცე ქართულ მწერლობაში; რომანტიზმიდან რეალიზმამდე, თაობიდან თაობამდე, თემებიდან თემებამდე. არა მხოლოდ ლიტერატურულ პროცესში, არამედ ამ პროცესის შემდგომ რეფლექსიაშიც, დანიელ ჭონქაძის მოთხრობა არ შექმნის ეტაპს, მაგრამ შექმნის ხიდს.

მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის ქართული ლიტერატურა პოეტურ ფორმაშია განსხეულებული, რომანტიზმის ესთეტიკით შთაგონებული, ნაციონალური თემებზე ორიენტირებული. ამ საუკუნის მეორე ნახევრის ქართული მწერლობა კი ევროპული რეალიზმის რეპრეზენტაციულ სისტემას აირჩევს. პოეზია, საკუთრივ კი რეალისტური პოეზია, კვლავ უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ვითარდება რეალისტური პროზა და, რაც განსაკუთრებით საყურადღებოა სალიტერატურო და საზოგადოებრივი პროცესებისათვის, ვითარდება და თავის როლს ასრულებს პუბლიცისტიკა. ითვლება, რომ მე-19 საუკუნის შუა ხანების ქართულ ლიტერატურაში რეალიზმის საფუძვლებს გიორგი ერისთავი (1813-1864), ჟურნალ „ცისკრის“ დამაარსებელი, ქმნის თავისი დრამატურგიით, კომედიებით, თუმცა დანიელ ჭონქაძის, როგორც რეალისტური პროზის ავტორის, როლი საყურადღებოა.

ქართული პროზის ტრადიცია მე-5 საუკუნიდან, ჰაგიოგრაფიული პროზაული თხზულებებიდან, იწყება და პირველივე ჩვენამდე შემონახული თხზულება, „შუშანიკის წამება“ (476-483) არის არა სქემატური, ინდოქტრინაციაზე ორიენტირებული ტექსტი, არამედ ინდივიდის მძაფრი შინაგანი ჭიდილისა და ადამიანური ვნებების ამსახველი პროზაული თხზულება. საუკუნეების მანძილზე ქართულ მწერლობაში უწყვეტი იყო ჰაგიოგრაფიული ტრადიცია, გვიან შუა საუკუნეებში კი ჩნდება სამოგზაურო ჟანრის თხზულებებიც. ამდენად, გადაჭარბებული იქნება საუბარი იმაზე, რომ სწორედ „სურამის ციხეს“ უნდა ვუმადლოდეთ მე-19 საუკუნეში თანამედროვე პროზის შესაძლებლობებისადმი ქართული მწერლობის ინტერესის გაღვივებას. ამავე პერიოდში ევროპული და რუსული თანადროული პროზის მნიშვნელოვან ტექსტებს იმ დროის ქართული საზოგადოება რუსეთის იმპერიიდან ჩამოსული რუსული გამოცემებითაც ეცნობა და ზოგ მათგანს „ცისკრის“ თარგმანებითაც. თუმცა „სურამის ციხემ“ ნამდვილად აჩვენა ქართულ სალიტერატურო წრეებს სოციალური სინამდვილის აღწერის, ფოლკლორული მოტივების მხატვრულ ტექსტში გამოყენების შესაძლებლობები; აჩვენა ადამიანური განცდების: სიყვარულის, შურისძიების, მომხვეჭელობის, მონანიების თემების აქტუალობაც.

მოთხრობაში სურამის ციხის ფოლკლორული ლეგენდის მნიშვნელობა დიდია. ციხის ადგილას პირველი საფორტიფიკაციო ნაგებობა ძვ. წ. მე-2 საუკუნეშივე უნდა მდგარიყო. დღეს მოღწეული ნაგებობა საქართველოს ისტორიის ყველაზე მძლავრ პერიოდს, განვითარებულ შუა საუკუნეებს, განეკუთვნება; გვიან შუა საუკუნეებში კი სურამის ციხე საქართველოს ტერიტორიაზე სპარსეთისა და ოსმალეთის ინტერესების გადაკვეთის ერთ-ერთი საკვანძო პუნქტია. ლეგენდა, რომელიც ციხის კედელში ადამიანის ცოცხლად ჩატანებას უკავშირდება, ადგილობრივ თქმულებებში მსოფლიო ფოლკლორის „მოხეტიალე სიუჟეტის“ ადაპტირების ერთ-ერთი მაგალითია. ქართულ თქმულებაში ეს სიუჟეტი პოეტიზებული და ამაღელვებელია: ფიგურირებს კედელში ჩატანებული ახალგაზრდის ხმაც, მგლოვიარე დედის სახეც, ციხის კედლიდან დედის ცრემლის ნაჟურიც, ემოციური პოეტური სტროფებიც. დანიელ ჭონქაძეს, როგორც ქართული და ასევე ოსური ფოლკლორის ერთ-ერთ პირველ მკვლევარს, ცხადია, არ გამორჩებოდა ლეგენდის შთამბეჭდავი დეტალების, პოეტური განწყობის, ჰეროიკული სულისკვეთების მხატვრული მნიშვნელობა. მოთხრობაში მან გადმოიტანა თითქმის ყველა დეტალი, შეიტანა ფოლკლორული სტროფიც, თუმცა არ ჩათვალა საჭიროდ სწორედ ჰეროიკული თემის განვითარება თავის მოთხრობაში.

ციხის კედელში ჩაკირული მსხვერპლი ქართულ ხალხურ თქმულებაში მტერთან ბრძოლისას სამშობლოსათვის თავგანწირვის იდეას უკავშირდება: მსხვერპლი მზად არის თავის გასაწირად, თუ ციხე აშენდება, მტერი უკუიქცევა, ხალხი გადარჩება. ეს ნებელობითი აქტია. ციხის კედელი იქცევა, არ შენდება მსხვერპლის გარეშე, მაგრამ მას გაამყარებს ცოცხლად ჩამარხული ადამიანის სხეული, სხეულზე მეტად კი – მისი სულიერი ძალა, მისი გაცნობიერებული ნაბიჯი. მსხვერპლშეწირვის აქტი, მისი მნიშვნელობის და შედეგიანობის გათვალისწინებით, სცდება ხორციელი, ნივთიერი სამყაროს ლოგიკას და კანონებს, მასში მისტიკური შინაარსია. მატერიალური სამყაროს ბალანსი სულიერი ძალისხმევის გარეშე არ მიიღწევა. მსხვერპლშეწირვა აქ არ იწვევს ჯგუფის, კოლექტივის ბრალეულობას. რამდენადაც საკუთარ სიცოცხლეს ადამიანი მსხვერპლად ნებაყოფლობით გაიღებს, მისი სისხლი არავის ეკისრება. პირიქით – ამ სისხლით ის ადუღაბებს არა მხოლოდ ციხის კედელს, არამედ სოციუმს, რომლის თითოეული წევრი ამიერიდან გრძნობს პასუხისმგებლობას გმირის წინაშე, რაც ავალებს მათ ბრძოლებში თავგანწირვას. ქართულ ხალხურ სიტყვიერებაში რამდენიმე ციხეს უკავშირდება მსგავსი თქმულება, რაც, თავის მხრივ, მსოფლიო ფოლკლორის ერთ-ერთი მოარული სიუჟეტის ვერსიებია. შესაძლოა, საქართველოში, როგორც აბრეშუმის გზის ერთ-ერთ კვანძში, ის აზიური, ჩინურ-იაპონური კულტურიდანაც შემოვიდა, სადაც ჰიტობაშირა არა მხოლოდ თქმულება, არამედ კულტურული პრაქტიკა იყო, რომლის ერთ-ერთი ბოლო აღწერილი პრეცედენტი იაპონიაში მე-18 საუკუნის ბოლოსაც კი გვხვდება.

ამ ფონზე კი დანიელ ჭონქაძის მოთხრობაში, ფაქტობრივად, თქმულების დეკონსტრუირება ხდება. სურამის ციხის კედელში მოთხრობის მთავარი გმირის, დურმიშხანის ვაჟს, ზურაბს ჩაატანენ. თუმცა, ამ ქმედებას ტექსტში პატრიოტული, ჰეროიკული, სულიერი ან მისტიკური შინაარსი არ გააჩნია. მოთხრობის სიუჟეტის განვითარების შესაბამისად, ავტორი ნათლად გვეუბნება, რომ ზურაბის ციხის კედელში ჩატანებას აქვს სულ სხვა საფუძველი: ადამიანური ვნებები, სიყვარული, შურისძიება – სამაგიეროს გადახდის სურვილი გატეხილი გულისა და გამრუდებული ბედის გამო. ზურაბი უმანკო მსხვერპლია, მაგრამ ის თავს არ სწირავს, მას გასწირავს შურისმაძიებელი მიტოვებული ქალი, გულისვარდი/ვარდუა, რომელსაც მკითხავის სახელი მოუხვეჭავს და ადამიანებით მანიპულირება შეუძლია. ცრუ მკითხავი ხალხის ცრურწმენებით სარგებლობს. მისი ვნებაა დურმიშხანზე შურისძიება, რომელმაც, თავის მხრივ, 20 წლის წინ სიმდიდრისა და პატივმოყვარეობის ვნების გამო მიატოვა. ირაციონალური წარმოდგენებით მოცული სოციუმი მკითხავის ინსტრუმენტია. ხალხიც განუსჯელად მიღებს და აღასრულებს მკითხავის მითითებასა თუ განაჩენს. ვარდუა დაარწმუნებს მეფის ვეზირს, რომ ადამიანის ცოცხლად ჩატანების გარეშე ციხე არ აშენდება. მსხვერპლს აქ არ ითხოვს რაიმე მაღალი იდეა. არც სოციუმი ერთიანდება ამ მსხვერპლის გარშემო. ურჯულო მტრის შიშიც ცრუა. მსხვერპლი ფიქციაა.

ამდენად, რაც ძალიან ნიშანდობლივია, ხალხური თქმულების ინტერპრეტაციისას დანიელ ჭონქაძე ახდენს ორი უმნიშვნელოვანესი მოტივის დაშლას: ჰეროიკულ-პატრიოტული წარმოდგენებისა და ცრურწმენებისა. აქ არც გმირია გმირი და არც მკითხავია მკითხავი; არც ჰეროიკული პათოსია მოქმედების მამოძრავებელი და არც რაიმე მისტიკური შთაგონებით მოქმედებს შურისმაძიებელი ქალი; მსხვერპლშეწირვის აქტს არც გმირულ-პატრიოტული განზომილება აქვს და არც ზემატერიალური.

შეიძლება თუ არა, აქ დავინახოთ მე-19 საუკუნის პრაგმატული, რაციონალური პოზიცია, რომელსაც გვთავაზობს ავტორი? მე-19 საუკუნის საქართველოს რეალობა პრინციპულად ახალი ფაზაა საქართველოს ისტორიაში. დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე ქართული ტომების მიერ დაფუძნებული სამეფოების ისტორია ანტიკურ პერიოდშივე იწყება. განვითარებულ შუა საუკუნეებში გაერთიანებული საქართველოს სამეფოს პერიოდი კულტურული და პოლიტიკური თვალსაზრისით ყველაზე აღმატებულია. ბიზანტიის იმპერიის დაცემის შემდეგ, გვიანი შუა საუკუნეების/ადრეული მოდერნულობის პერიოდში, მცირე სამეფოებად და სამთავროებად დაშლილი ფეოდალური საქართველო სპარსეთისა და ოსმალეთის დომინაციის ქვეშ ექცევა, რაც საქართველოს ევროპული ორიენტაციისა და ქრისტიანული რელიგიის დაცვის საშუალებას უზღუდავს. 1783 წელს ქართლ-კახეთის სამეფო რუსეთის იმპერიასთან სამხედრო-პოლიტიკური პარტნიორობის შეთანხმებას, გეორგიევსკის ტრაქტატს დებს, რუსეთი ხელშეკრულების პირობებს არღვევს, აუქმებს მრავალსაუკუნოვანი ქართული სამეფო სახლის, ბაგრატიონების მმართველობას და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიას. 1801 წელს ჯერ ქართლ-კახეთს, მერე კი იმერეთის სამეფოსა და სხვა ქართულ სამთავროებს თავისი იმპერიის ნაწილად აცხადებს – ცხადია, სამხედრო ძალისა და რუსული ეკლესიის ჩარევით. ამ ფონზე მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურას აქვს მკვეთრად გამოხატული პოზიცია – კოლონიური რეალობის მიუღებლობა, იმპერიული დისკურსისადმი რეზისტენტობა. რომანტიკოსები, მერე კი, ცხადია, რეალისტების თაობა ააქტიურებს ნაციონალურ იდეას და პატრიოტულ თემატიკას. „სურამის ციხე“ კი არც ნაციონალური იდეალიზმით არის შთაგონებული, არც, განსხვავებით მე-19 საუკუნის ქართველ მწერალთა უმრავლესობისაგან, რაიმე ფორმით ეპასუხება რუსული კოლონიალიზმის პრობლემას. ტექსტში მოქმედების სივრცე, ცხადია, დაკონკრეტებულია, რადგან სურამის ციხის ტოპოსს უკავშირდება, თუმცა დრო დაუზუსტებელია: მოხსენიებულია მხოლოდ საქართველოს სამეფო და მეფე, ანუ, ქრონოსი, რუსეთის იმპერიამდელი უნდა იყოს, თუმცა ოსმალეთის იმპერია და სტამბოლი უკვე ფიგურირებს, როგორც სავაჭრო სივრცე. განსხვავებით გასული ორი საუკუნის ქართული ტექსტების უმრავლესობისაგან, დანიელ ჭონქაძე არ ცდილობს წარსულის იდეალიზაციას და არც სუვერენული და ღირსებით სავსე ქართული სამეფოს ნოსტალგიურ აღწერას. სიუჟეტი ვაჭართა ფენის ცხოვრებას მიჰყვება, დურმიშხანისა და დიდვაჭრის, ოსმან აღას მოქმედებებს უმეტესად სრულიად კონკრეტული პრაგმატული მიზნები ამოძრავებს: მოგება, მოხვეჭა, გამდიდრება. აქვე გაჟღერდება ევროპული ბურჟუაზიული რეფორმების შესაბამისი თემა, არისტოკრატიის მიერ მდიდარი ვაჭრის ოჯახის სტატუსისადმი ქედმაღლური დამოკიდებულება, სოციალური სტერეოტიპების გადასინჯვის აუცილებლობა. ავტორი ნარატორების მეშვეობით ირონიულ პოზიციას გამოხატავს ყველა იმ იდეალისადმი, რომლებიც ქვეყნის, სოციუმის, ადამიანის პრაგმატული მიზნებით არ აიხსნება. შეიძლება ითქვას, მოთხრობა მოდერნულობისთვის, კაპიტალიზმის სულისკვეთებისთვის ამზადებს ქართულ საზოგადოებას, რომელმაც უნდა უარყოს მედიევალური ფეოდალური ურთიერთობებიც, ბატონყმობაც და ადამიანის ჩაგვრაც, სისხლიანი შურისძიებაც, მსხვერპლის იდეალიზაციაც, ფეოდალური სამეფოს ნოსტალგიაც, წარსულის გაიდეალებაც, ურჯულოთა შიშიც და ომიანობის მოლოდინიც, ჯადოსნობის ცრურწმენებიც (თუმცა, რაც ძალიან ნიშანდობლივია, ავტორი არ აუქმებს ადამიანის შინაგანი საქმიანობის, საკუთარი წარსულის გადააზრების, რელიგიური მორალის, სინანულის განზომილებას. ეს განცდები ამოძრავებს სიცოცხლის ბოლოს ერთ-ერთ პერსონაჟს, ოსმან-აღას; მის მიმართ უგულისყურობის გამო კი სინანული გაჩნდება დურმიშხანის ფიქრებშიც). შეიძლება ითქვას, რომ დანიელ ჭონქაძის ეს მოთხრობა რაციონალიზაციის, პრაგმატიზაციის, მოდერნიზაციის იდეებით არის შთაგონებული. ის ერთგვარი განჯადოების ამოცანას ასრულებს თავის დროში – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობითაც, როცა მკითხავის მიკერძოებულობას და რაიმე ჯადოს, მაგიური ძალის არარსებობას ამხელს; და, რაც მთავარია, ამ ცნების აკადემიური მნიშვნელობითაც, როცა მედიევალურ იდეალიზმს მოდერნული პრაგმატულობით ანაცვლებს.

მოთხრობის ნარატიული სტრუქტურაც მედიევალური წარმოდგენების ფიქციონალიზაციას, მათგან თანამედროვე, ლიბერალური განწყობების მქონე ახალგაზრდული სოციუმის დისტანცირებას, წარსულის რეფლექსიას, მისგან მოდერნულობის გამიჯვნას ემსახურება. მოთხრობას რამდენიმე ნარატორი ჰყავს, ისინი ზაფხულის ცხელი საღამოების გასამხიარულებლად იკრიბებიან რიყეზე, მდინარის პირას, იმდროინდელი თბილისის ურბანული გარემოს რეკრეაციულ სივრცეში. სხვა გასართობებთან ერთად ახალგაზრდები ამბებს ჰყვებიან. ამგვარ თხრობის პრინციპს დასავლური და აღმოსავლური ლიტერატურაც აცნობს დანიელ ჭონქაძეს: მაგალითად, „დეკამერონში“ რამდენიმე ნარატორია, თუმცა ამბები ერთმანეთთან სიუჟეტურად არ არის დაკავშირებული; „ათას ერთი ღამეში“ კი ერთი ნარატორია, რომელიც თხრობისას იმპროვიზაციას მიმართავს. ამ შემთხვევაში კი „სურამის ციხეში“ ნარატორიდან ნარატორს სპონტანურად დაწყებული ამბის მთხრობლის როლი გადაეცემა, ისინი იმპროვიზაციას მიმართავენ და ერთ ძირითად სიუჟეტს ავითარებენ. განსხვავებით ამ დიდი ტექსტებისაგან, „სურამის ციხეში“ ნარატორების/მსმენელების შეკრება ან ამბის თხრობა თვითგადარჩენის ამოცანას არ უკავშირდება, მათ საფრთხე არ ემუქრებათ. ისინი არ ცდილობენ გარესამყაროსაგან ან თავისი დროისაგან დისტანცირებას. პირიქით, დროის გადასახედი და ის ფაქტი, რომ ამბის მთხრობელები და მსმენელები ახალი დროის ადამიანები არიან, ტექსტში თითოეული ეპიზოდის დაწყებისას აქცენტირებულია. ის სალაღობო გარემო, სადაც თხრობა მიმდინარეობს და ის ირონიული, მსუბუქი ტონი, რითაც მთხრობელები თავიანთ საქმეს შეუდგებიან ხოლმე წარსულის მძაფრი ისტორიის მოსათხრობად, ამ წარსულის იდეალებს ფიქციონალობად და ფიქციად აქცევს. რაც განსაკუთრებით საინტერესოა სწორედ ნარატიული სტრუქტურის თვალსაზრისით, მოთხრობაში ვხედავთ თხრობაზე ექსპერიმენტაციას: მთხრობელები ყოველ საღამოს მორიგეობით, მოუმზადებლად ჰყვებიან ამბავს, აგრძელებენ წინა საღამოს სხვის მიერ დაწყებულ ისტორიას, მიჰყვებიან სიუჟეტურ ხაზს, შემოჰყავთ ახალი პერსონაჟები, კვანძის გახსნის და ფინალის მოახლოებისას კი, როგორც ნარატორიც ამბობს, ორ მთავარ გმირს, როგორც ფალავნებს, დატოვებენ ასპარეზზე. დანიელ ჭონქაძის ეს მოთხრობა რომ სულ რაღაც ნახევარი საუკუნის შემდეგ, მეოცე საუკუნის დასაწყისში, ავანგარდიზმის ტალღაზე დაწერილიყო, შესაძლოა, მწერალი კიდევ უფრო განავითარებდა თხრობის ინოვაციურობასა და კომპოზიციის ორიგინალობას და პროზაული ტექსტის, როგორც კოლექტიური ნარატიული ექსპერიმენტის, იდეა კიდევ უფრო გამოიკვეთებოდა.

თუმცა, ამ ირონიულობის, ლეგენდის დეკონსტრუქციის, პრაგმატიზაციის ფონზე არის ერთი დიქოტომიური ძალა და მსოფლიო ლიტერატურის მარადიული თემა – სიყვარული/სიკვდილი – რაც მოთხრობაში არ არის დეკონსტრუირებული ან ირონიზებული. სასიყვარულო ისტორიის ფინალურ სცენაში კვანძი იხსნება. ახალგაზრდობისდროინდელ სიყვარულთან შეხვედრა და შეყვარებულთა აღსასრული კლასიკური ტექსტების სიმძაფრით არის აღწერილი. მთელი ცხოვრების მანძილზე შურისძიების ვნებით მართული ქალი ხვდება ვაჟს, რომელმაც ის დაივიწყა და მომხვეჭელობის, პატივმოყვარეობის ვნებით იყო მართული. ეს შეხვედრა ორივესთვის საკუთარ სიკვდილთან, ბედისწერასთან, სინანულთან შეხვედრას ნიშნავს. ქალი დანას ჩასცემს კაცს, ის კი ასწრებს და ახრჩობს ქალს. სიკვდილი თითქოს გაისტუმრებს ყველა მიწიერ ვალს და იკვრება მარადიულობის წრე, ყველაფერი ბრუნდება სიყვარულის საწყის წერტილთან. სიკვდილი სიყვარულის ლოგიკური დასასრულია და მას ორივე გმირი თანხმობით იღებს; განქარდება ყოველივე ყოფიერი, ჟამიერი, ამაო; მიწიერ სამყაროში განცდილი ყველა ტკივილი კი სიყვარულისა და სიკვდილის ტკივილში განიცდება; წინააღმდეგობათა ერთიანობის მომენტი დგება; სიკვდილთან თანხმობა მათთვის სიყვარულთან თანხმობის აღდგენას ჰგავს: „რამდენიმე საათს უკან მოსამსახურეებს ეპოვნათ ისინი მკვდარნი, მიწოლილნი ტახტზე, როგორც ორი საყვარელი მოხვეულნი ერთმანეთსა. ეტყობოდა, რომ არც ერთი მათგანი არ ცდილიყო სიკვდილისაგან დაცვას“.

ტექსტის ეპილოგში კი მწერალი კვლავ სურამის ციხის ლეგენდას უბრუნდება და ამჯერად იცავს ლეგენდის პათოსს, სულისკვეთებას, მეტაფორებს, პოეტურ სტროფს.

დანიელ ჭონქაძის შემდეგ მოსულმა თაობამ, სამოციანელებმა, ილია ჭავჭავაძის მეთაურობით, საკუთარი ერის ისტორიასთან კავშირის აღდგენის მიზნით, ქართულ მწერლობაში დააბრუნა წარსულის იდეალიზაციის ტენდენცია, თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პრაგმატიზმის, ლიბერალიზმის პრინციპებიც აქტიურად შემოიტანა ქართული სოციუმის ცხოვრებაში. რუსული კოლონიზაციის მსხვერპლის როლის ნაცვლად მათ აირჩიეს სოციალური თვითორგანიზების, დასავლური განვითარების ამოცანები; ურჯულო მტერთან ბრძოლის ფანტომური მოლოდინის ნაცვლად რეალური მოწინააღმდეგის, კოლონიზატორის დისკურსთან დაპირისპირება კალმით ბრძოლას, ანუ მსოფლმხედველობრივ რაციონალიზაციას, და თვითგამოხატვის პროცესის გააქტიურებას დაუკავშირეს. ამ პრინციპების საფუძველზე მათ შექმნეს თანამედროვე ქართული იდენტობა, რომელმაც, ავად თუ კარგად, რუსეთის იმპერიის დაშლისა და რამდენიმეწლიანი სუვერენიტეტის შემდეგ გაუძლო ხელახალი რუსული კოლონიზაციის სამოცდაათწლიან საბჭოურ პერიოდს.

დანიელ ჭონქაძის ტექსტი ვერ გადაურჩა საბჭოურ აპროპრიაციას, საბჭოთა სალიტერატურო კრიტიკა ეცადა ტექსტის სწორხაზოვან, ცალსახა ინტერპრეტაციას, მის დაყვანას სოციალურ პრობლემატიკამდე; ეცადა მის დამკვიდრებას ქართულ სალიტერატურო კანონსა და სასკოლო პროგრამაში.

„სურამის ციხე“ ვერ გახდა ქართველი მკითხველის ყველაზე საყვარელი მოთხრობა, მაგრამ მან მოახერხა ლეგენდის პოპულარიზაცია. ამ ნაწარმოებმა და ლეგენდამ შთააგონა სხვა ქართველი მწერლებიც (ნიკო ლორთქიფანიძე, დავით სულიაშვილი) და თქმულების თემაზე მოგვიანებით შეიქმნა კიდევ ორიოდე პროზაული თხზულება. 1984 წელს კი გამოვიდა მოთხრობის თავისუფალი ეკრანიზაცია, „ამბავი სურამის ციხისა“ (რეჟ. სერგო ფარაჯანოვი და დოდო აბაშიძე, კინოსტუდია „ქართული ფილმი“). ფილმში ფარაჯანოვისეული ესთეტიზაციის, ეკლექტიზმის, პირობითობის პრინციპებით მსხვერპლისა და ბედისწერის თემებია გადააზრებული. რეჟისორმა, ისევე როგორც ფილმისა თუ მოთხრობის თანამედროვე მკვლევრებმა[2] დანიელ ჭონქაძის ნაწარმოებში დაინახეს ის საინტერპრეტაციო პოტენციალი, რაც დროულად ვერ დაინახა ქართული ლიტერატურის ისტორიამ.

 

 

[1] იხ. „ცისკარი“, 1859, N12-1860, N1 http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/49/1/Ciskari_1859_N12.pdf და file:///C:/Users/User/Downloads/Tsiskari_1860_N01.pdf

[2] იხ. გიგა ზედანია, „სურამის ციხე”: ინტერპრეტაციისათვის“, https://burusi.wordpress.com/2010/03/13/giga-zedania-5/ ; თეო ხატიაშვილი, „ფარაჯანოვი. ილიაუნის გზამკვლევი“. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2019.