სოლომონ ისაკიჩისა და თბილისის გარდასახვა, ევროპეიზაცია, კარნავალურობა

 

 

ბელა წიფურია

ქართველ ავტორთა გერმანული გამოცემების წინასიტყვაობები

 

სოლომონ ისაკიჩისა და თბილისის გარდასახვა, ევროპეიზაცია, კარნავალურობა

წიგნიდან: Lawrenti Ardasiani, Solomon Isakitsch Medschghanuaschwili. Ludwigsburg: Pop Verlag, 2021.

 

 

ლავრენტი არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ (1861) ფორმატით ვრცელ მოთხრობასა და რომანს შორისაა, ჟანრობრივადაც კი – განვითარების რომანსა და სოციალურ რომანს შორის. ის ხშირად მიიჩნევა პირველ ქართულ რეალისტურ რომანად. 1840-იან წლებში შექმნილ გიორგი ერისთვის (1813-1864) კომედიებსა და დანიელ ჭონქაძის (1830-1860) ვრცელ მოთხრობასთან, „სურამის ციხესთან“ (1859) ერთად არდაზიანის რომანი ქართულ მწერლობაში სოციალური ცვლილებების პროცესებს ეხება და პროტაგონისტებად გამოჰყავს ვაჭრები, რომელთა წრეშიც იქმნება ახალი კლასი, ბურჟუაზია. რომანს დღეს ბევრი მკითხველი არ ჰყავს, თუმცა ტექსტის გააზრებას და კონტექსტუალიზაციას ახდენენ ისინი, ვისაც სპეციალური კვლევითი ინტერესი აქვს მე-19 საუკუნის საქართველოს სოციალური თუ ლიტერატურულ-კულტურული პროცესებისადმი.[1] საბჭოთა პერიოდში ნაწარმოები თითქოს ნაძალადევად იყო შეტანილი უფროსკლასელთა სასკოლო სახელმძღვანელოში, თუმცა სასწავლო პროცესში ყურადღება თითქმის არასოდეს ეთმობოდა. არც ლიტერატურათმცოდნეები თვლიდნენ, რომ ტექსტს მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში ქართველი მკითხველისთვის მნიშვნელოვანი გზავნილების გადაცემა შეეძლო. თუმცა, ვერ უარვყოფთ, რომ მე-19 საუკუნის შუახანებში ამ ნაწარმოებებმა ახალი გზა მონიშნა ქართული პროზის განვითარებაში, რეალიზმის პრინციპებით დაიწყო სოციალური მრავალფეროვნების, ქვეყნის ეკონომიკური ტრანსფორმაციის, არისტოკრატიის როლის დამცრობის, ღარიბი და მდიდარი ფენების ცხოვრების ჩვენება. გამოკვეთილი ინტერესი მე-19 საუკუნის შუა ხანების ქართულ ლიტერატურაში ვაჭართა ფენის მიმართ შეიძლება შევადაროთ ევროპულ ლიტერატურაში ბურჟუაზიის ასახვის პროცესს. ქართველი მწერლების და, ცხადია, ქართული სოციუმის ყურადღებას, როგორც ჩანს, იპყრობს არა იმდენად ვაჭართა ფენის არსებობა, რაც მედიევალურ სოციალურ იერარქიაშიც ბუნებრივია, არამედ ამ ფენის ახალი სოციალური როლი და მათ მიერ იერარქიის შეცვლის სურვილი – არისტოკრატიის, ელიტის საარსებო სივრცესა და სტატუსთან თანაზიარობის მცდელობა. ეს ახალი ტენდენცია სრულიად აშკარად არის ნაჩვენები ლავრენტი არდაზიანის რომანში. ბედის ცნებისადმი, ცხოვრების ცვალებადობის ამპლიტუდისადმი მიმართებით რომანი იზიარებს ძველ ქართულ მწერლობაში დამკვიდრებულ მოდელს (იმ განსხვავებით, რომ ძველ მწერლობაში ვაჭრები მარგინალიზებულნი არიან და პროტაგონისტებად, ცხადია, არისტოკრატები გვევლინებიან). გარდა ქართული კლასიკური პოემისა, შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნისა“ (მე-12 საუკუნის ბოლო), ვაჭართა ფენა, მასთან დაკავშირებული ისტორიები, კარგად არის ნაჩვენები სულხან-საბა ორბელიანის (1658-1725) იგავთა წიგნშიც, „სიბრძნე-სიცრუისა“ (1698 წ-მდე). აქაც ვაჭრის სიმდიდრე და მისი სოციალური მდგომარეობა ბედის თამაშის საგანია. მათ ცხოვრებას არ ახლავს ის სიმყარე, რაც არისტოკრატისას, ვისაც, სიკვდილის გარდა, ვერაფერი შეეცილება სტატუსს. ლავრენტი არდაზიანის რომანი დიალოგურ მიმართებაშია სულხან საბა ორბელიანის წიგნთან. იგავების მორალი, რაც, ზოგადად, თავისი დროის ქართული სოციუმის მსოფლმხედველობის გამომხატველია, ხშირად ცხოვრებისეული რჩევების სახით არის გაჟღერებული რომანში (მაგალითად, სულხან-საბას იგავის „ძუნწი და ოქრო“ მორალი არდაზიანთან ამგვარად არს გადათქმული: „სიმდიდრე კარგია, თუ მოიხმარებ, და თუ დაჰფლავ მიწაში, მდიდარი აღარა ხარ, შენზე უსაცოდავესი და უგლახაკესი აღარავინ იქნება“). ლავრენტი არდაზიანის ეპოქა გვიჩვენებს არისტოკრატიის დაცემასაც და ვაჭართა აღზევებასაც, თუმცა ვაჭრის მდგომარეობა კვლავ ბედის ტრიალსა და ცვალებადობას ექვემდებარება.

არისტოკრატიის როლის დამცრობისა და ღარიბი ფენის ასახვის ნიშნით საბჭოური სალიტერატურო კრიტიკა ერისთავის, არდაზიანის, ჭონქაძის ტექსტების მნიშვნელობის ხაზგასმას ცდილობდა, მაგრამ ვერ უარყოფდა იმ რეალობას, რომ 1840-1850-იანი წლების ქართული ლიტერატურისა და სოციუმის ორიენტირები მთლიანად შეცვალა 1860-იან წლებში მოსულმა თაობამ, რომელსაც ასეც ეწოდა – სამოციანელები. რომანტიკული ნაციონალიზმის, ეროვნული იდეალიზმის სულისკვეთებისა და რეალიზმის გამომსახველობითი პრინციპების სინთეზით მათ იმდენად განსაზღვრეს ქართული ლიტერატურისა და საზოგადოების მსოფლმხედველობრივი და კულტურული არეალი, რომ დღემდე ქართულ ლიტერატურაშიც და სოციუმშიც მათ მიერ დამკვიდრებული პრიორიტეტებია დეკლარირებული. სამოციანელთა მკაფიო გზავნილებმა და მძლავრმა ტექსტებმა დაჩრდილა ლავრენტი არდაზიანისა და დანიელ ჭონქაძის ერთგვარად ნაივური პროზა; ამ უკანასკნელთა ლიტერატურული მემკვიდრეებიც თითქმის აღარ გამოჩენილან. თუ დღეს ქართველი მწერლები ხელახლა აღმოაჩენენ ლავრენტი არდაზიანის რომანს, შეეძლებათ ცხოვრების სიჭრელისა და კარნავალურობის ასახვის გაკვეთილიც მიიღონ. თუმცა, შესაძლოა, ეს გამოცდილება მისგან გადაეცა ორ მნიშვნელოვან ქართველ მწერალს: მიხეილ ჯავახიშვილს, (1880-1937) ტრიქსტერულ რომანში „კვაჭი კვაჭანტირაძე“ (1924), და აკა მორჩილაძეს (დაბ. 1966), მადათოვის ციკლის რომანებში (1998-2004).

„სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ გვიამბობს თბილისის უღარიბესი სოციალური ფენიდან გამოსულ კაცზე, რომელიც ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქე გახდება. მთავარი გმირის, სოლომონ ისაკიჩის მიერ ნათლიმამისთვის მიწერილი, აღსარებასავით მონათხრობი ისტორია ასეთია: თბილისური უღარიბესი ოჯახის შვილს, მცირეწლოვან სოლომონს, დაქვრივებულ ახალგაზრდა დედასთან ერთად, შეიფარებს და სრულწლოვანებამდე თავის მამულში აღზრდის თავად რაინდიძის ოჯახი; ქალაქში დაბრუნებული სოლომონი ჯერ წვრილმან ვაჭრობას მიჰყოფს ხელს, ბოლოს კი დიდვაჭარი ხდება; ის შეიძენს სახლს თბილისის მდიდრულ უბანში და სიძედ მოინდომებს რაინდიძეების ჩამომავალს; ახალგაზრდა თავადი არ ირთავს სოლომონის ქალს, თამარს, და ის დარდისგან დაჭლექდება; ამის ნაცვლად, თავადი სიყვარულით ქორწინდება და თავის მამულში ბრუნდება; სოლომონი მდიდარია და პატივცემული, მაგრამ თავის ნაწერს ასრულებს დარდიანი, სულიერად დაცარიელებული.

ცხადია, გამდიდრების ან უფრო მაღალ სოციალურ წრეებში დამკვიდრების თემები იმ დროისთვის კარგად იყო დამუშავებული მე-19 საუკუნის ევროპულ და რუსულ რეალისტურ რომანში, თუმცა საკმაოდ ახალი იყო ქართულ ლიტერატურაში; არც არდაზიანამდე და არც მის შემდეგ სავაჭრო გარიგებები და ფინანსური საქმეები ქართულ ლიტერატურაში ასე დეტალურად არავის აღუწერია; ერთი სოციუმის, ქალაქის თუ ერთი პერსონაჟის შინაგანი სამყაროს ფარგლებში ღარიბულ და მდიდრულ სამყაროთა თანაარსებობა აქამდე ასე არავის უჩვენებია.

ქართულ საზოგადოებაში სოციალური ნაპრალი, შესაძლოა, მატერიალური საზომით, არ იყო ძალიან დიდი (ქართული არისტოკრატია არ ფლობდა დიდ სიმდიდრეს), მაგრამ ძალზედ ღრმა იყო ტრადიციული იერარქიისა და სიმბოლური კაპიტალის თვალსაზრისით. თავადთა წრეს დაბალი ფენებისაგან განასხვავებდა ჰუმანიტარულ განათლებასა და ტრადიციულ ღირებულებებზე ორიენტაციაც. ლავრენტი არდაზიანის ტექსტში ეს ნათლად არის ნაჩვენები თავად რაინდიძეების ოჯახის მაგალითზე: თავადის ოჯახი კეთილშობილური მისწრაფებების ფონზე უანგაროდ აღზრდის ყმაწვილ სოლომონს; აღზრდის ზნეობისა და ზრდილობის პრინციპებით, აზიარებს ბიბლიას, კლასიკურ ქართულ ლიტერატურას. წლების შემდეგაც, როცა სოლომონ ისაკიჩის მიერ დაგროვებულმა სიმდიდრემ უნდა ამოავსოს სოციალური ნაპრალი, ის მაინც ღრმა რჩება – არა მატერიალური, არამედ, სწორედ ღირებულებითი თვალსაზრისით. ახალგაზრდა ალექსანდრე რაინდიძე არ ცვლის სულიერ ღირებულებებს მატერიალურზე, დიდძალი მზითვის შეთავაზების მიუხედავად, უარს ამბობს სოლომონის ქალიშვილზე – არა ქედმაღლობის, არამედ წრფელი გრძნობების ნიადაგზე; ის დაქორწინდება სიყვარულით და არა ანგარებით. რომანის დაწერის დროისათვის, გიორგი ერისთავის კომედიებიდან, ქართული საზოგადოება უკვე იცნობს თავქეიფა, დარდიმანდი ქართველი თავადის ტიპს, რომელიც მზად არის, უგულისყუროდ მოექცეს მამულებს, დათმოს ქონება, მაგრამ არა – ცხოვრების წესი;[2] საკუთარი მდგომარეობის გადასარჩენად კი ნაცად გზას მიმართავს – მდიდარი (როგორც წესი, სომეხი) ვაჭრის ქალზე ქორწინებას. გიორგი ერისთავს „გაყრაში“ (1849) უკვე შემოაქვს არა მხოლოდ ამგვარი სიუჟეტი და პერსონაჟები, არამედ სტერეოტიპებიც, და მათ გააზრებაშიც ეხმარება მკითხველს და მაყურებელს. მდიდარი სომეხი ვაჭარი, როგორც წესი, დასცინის თავქარიან ქართველ თავადს, მაგრამ თავადზე ქალიშვილის დაქორწინების გზით მაინც სურს მისი სოციალური სტატუსის მოწილე გახდეს. ლავრენტი არდაზიანი არ იმეორებს ამ სტერეოტიპს, მდიდარი ვაჭრის ოჯახის მხრიდან ქორწინება არა სტატუსის, არამედ ქალის გრძნობების გამოა ინიცირებული. თუმცა სოლომონ ისაკიჩი რაინდიძეების ოჯახში გასესხებული ფულის სარგებლით დაბრუნებისას მაინც აღნიშნავს, რომ ქართველმა თავადებმა ფულის ყადრი არ იციან. საზოგადოდ კი, თუ ჩავთვლით, რომ ლავრენტი არდაზიანიც თავისი დროის სტერეოტიპებს მიმართავს თავის რომანში, ეს სტერეოტიპი უკავშირდება ქართული არისტოკრატიის წრეში ქრისტიანული სიქველეების სიმტკიცეს, ხოლო ვაჭრების წრეში – მათ სიმცირეს (მომხვეჭელობის, საჭირო დროს კი მოტყუებისა და შურისძიების მიზნების ფონზე).

სოციალური ფენების გარდა, რომანში სტერეოტიპები უკავშირდება თბილისის ეთნიკურ ჯგუფებსაც: რომანის დასაწყისშივე ახალგაზრდა ქვრივის მიმართ სომეხი ვაჭრის ინტერესი ხორციელია, საკვებისა და საჩუქრების სანაცვლოდ ის ღამის გატარებას მოსთხოვს ქალს; რაინდიძეების ოჯახი კი სულიერი ღირებულებებით, სიკეთით არის მართული და უანგაროდ, ყმაწვილის სრულწლოვანებამდე, შეიფარებს და იზრუნებს ქვრივზე და მის ობოლზე. ლავრენტი არდაზიანის ეს იდეალიზმი შეიძლება მივაწეროთ ავტორის პოზიციას ან სოციალურ და ნაციონალურ სტერეოტიპებს. ასეა თუ ისე, რომანში ქართველი და სომეხი პერსონაჟები სწორედ სტერეოტიპულად არიან დახატულნი. მე-19 საუკუნის საქართველოში სომხური ეთნოსის სტერეოტიპი უმეტესად სწორედ ვაჭრის ან მევახშის სახეს უკავშირდება; როგორც ნინო ფირცხალავა მიიჩნევს, ქართულ ლიტერატურაში სომხის სახე იმ „სხვის“ ფუნქციას ასრულებს, რასაც ებრაელისა – ევროპულ ლიტერატურაში.[3] სოლომონის ეთნიკური იდენტობა კი რომანში ნათლად არ არის ნაჩვენები. ის შეიძლება იყოს ქართველიც ან სომეხიც, რომელიც სწორედ ვაჭრისა და მევახშის საქმიანობას მიჰყოფს ხელს. ის ხაზგასმით ამბობს, რომ რაინდიძეების ოჯახში მიღებული აღზრდა და ტრადიციული ცოდნა ახალი ეკონომიკური პროცესებით მართულ ქალაქში მას არ გამოადგება. შეიძლება ითქვას, რომ პროტაგონისტის ეთნიკური იდენტობა ხაზგასმული არ არის სწორედ იმიტომ, რომ მე-19 საუკუნის საქართველოში ეკონომიკური მოწყობის ცვლილებასთან ერთად თანდათან იშლება სოციალური და ნაციონალური სტერეოტიპები.

რომანის სივრცული კომპოზიცია ძალიან თვალნათელია და უშუალოდ აჩვენებს ტრადიციების, ღირებულებების, ეთიკის, საქმიანობის წესის არეალების განლაგებასაც. სიმდიდრისა და სიღარიბის დანაწილების თვალსაზრისით ოპოზიციური სივრცეებია ქალაქის უბნები; ღირებულებების დანაწილების თვალსაზრისით კი – ქალაქი და სოფელი.

სოლომონ ისაკიჩის პირველადი საცხოვრისია თბილისი, ციხის უბანი, პაპისეული ქოხი, რომელსაც ნარატორი ღრმა სოროს თუ დათვის სადგომს ამსგავსებს. ეს არის ხტონური სივრცე, უფანჯრო, უმზეო, მიწიერი. ის ერთხანს იცავს, იფარავს გმირს, რომელმაც, ადრე თუ გვიან, მზის სინათლე უნდა იხილოს, გამოვიდეს ბუნაგიდან, სხვა სივრცეში მოახდინოს თვითრეალიზაცია. ასეთივე მიმართება აქვს მიწის სივრცესთან მატერიალური სამყაროს საზომს – ფულს. სრულწლოვანებისას პაპისეულ ქოხში დაბრუნებული ახალგაზრდა სოლომონ ისაკიჩი ტახტის ქვეშ ნახავს სამალავს, სადაც იწყებს ნავაჭრი და დანაზოგი ფულის დაგროვებას. ის არც ხარჯავს და არც აღრიცხავს მონაგებს, ფული მხოლოდ გროვდება გარკვეულ მომენტამდე, სანამ სოლომონი არ ამოიღებს მას მიწისქვეშა სამალავიდან, არ გამოიტანს და თავადაც არ გამოვა სამზეოზე. ბნელისა და ნათლის, მიწისა და მზის, სიღარიბისა და სიმდიდრის, დაბლისა და მაღლის ოპოზიცია რომანში არსებითია – როგორც სივრცული, ისე ღირებულებითი თვალსაზრისით.

ქალაქის სივრცეთა მიმართების მხრივ მნიშვნელოვანია უბნების კომპოზიცია. თბილისის – საქართველოს სატახტო ქალაქის, მე-19 საუკუნეში კი რუსეთის იმპერიაში კავკასიის ადმინისტრაციული ცენტრის – კულტურული მრავალფეროვნება, აღმოსავლური და დასავლური უბნების ოპოზიცია თავისთავად ქმნიდა მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ლიტერატურაში ქალაქის სივრცის ასახვის ლოგიკას. სავაჭრო სივრცე, თათრის მოედანი და მიმდებარე უბნები, შუა საუკუნეებიდანვე აბრეშუმის გზის ერთ-ერთი საერთაშორისო სავაჭრო კვანძი იყო და მეოცე საუკუნის დასაწყისამდეც მასპინძლობდა აღმოსავლურ ქარავნებს (სანამ საბჭოური რეკონსტრუქცია და ეკონომიკური პოლიტიკა არ გააუქმებდა მის რეალობას, ეკონომიკურ ფუნქციას და ცხოვრების სტილს). ლავრენტი არდაზიანის თბილისი მე-19 საუკუნის ქართულ ლიტერატურაში ქალაქის ურბანული სივრცის ერთ-ერთ ყველაზე ნათელ სურათს გვიხატავს. სივრცეთა განაწილების თვალსაზრისითაც ეს რომანი ერთ-ერთი სამოდელო ტექსტია თბილისის თემაზე. თათრის მოედანი, როგორც სავაჭრო სივრცე, თავის თავში მოიცავს ერთმანეთში აღრეულ მახასიათებლებს: სიჭრელე, მრავალფეროვნება, მყიდველი და გამყიდველი, სოფლელი და ქალაქელი, უცხოელი და ადგილობრივი, მდიდარი და ღარიბი, მოგება-წაგება, ყიდვა-გაყიდვა, ბედთან თამაში. აი, როგორ აღწერს ამ სივრცეს ავტორი:

„ერთ მშვენიერ მაისის დილას ჯერ მზე არ ამოსულიყო, მივრბოდი მე თათრის მოედანზე სარჩოს მოსაპოებლად, თითქოს ჩემს ცოლ-შვილსა სარჩო გასწყვეტოდა და მე სიღარიბისაგან ვიყავი დევნილი. თითქოს, თუ არ გავქცეულიყავ, დავკარგავდი ისეთ შემთხვევას, რომლისაგან ფრიად გავმდიდრდებოდი. მოედანზე დამხვდა სხვადასხვა თემის ხალხი: რუსი, ქართველი, სომეხი, თათარი, ნემეცი, ლეკი, ოსი, ფრანცუზი და სხვადასხვ., რომელნიცა ირეოდნენ, ყაყანებდნენ და ვაჭრობდნენ ზოგი პურსა, ზოგი ყველსა, მაწონსა და ერბოსა და სხვ. მე ძლიერ მეწყინა, რომ ამოდენა ხალხმა მიმასწრო მოედანზე. ვიფიქრე, რომ ბედნიერების შემთხვევას უთუოდ ავცდი-მეთქი“.

თათრის მოედნის სივრცე – დასახელებით, საქმიანობით, არქიტექტურით, სიჭრელით – აღმოსავლური კულტურის ნაწილია. ამ სივრცეში წლების მანძილზე დაგროვებული ფულით სოლომონ ისაკიჩი იყიდის სასახლეს ქალაქის ევროპულ უბანში, სოლოლაკში. ეს უბანი ევროპეიზებული თბილისის სახეა. თუკი თბილისის აღმოსავლური უბნების შენობები და ქუჩების დაქსელვა შუა საუკუნეების მემკვიდრეობაა, სოლოლაკი და ქალაქის ახალი განაშენიანება უფრო დაგეგმარებული, ორგანიზებული სივრცეებია, ევროპული ურბანიზმის, რაციონალიზმის იდეებით შთაგონებული. ამ უბნის მოსახლეობის ცხოვრების წესიც, მათი ღირებულებებიც უფრო ერთგვაროვანი და დაბალანსებულია. სოლოლაკის მცხოვრები საყიდლებზე დადის თათრის მოედანზე, მაგრამ თათრის მოედნის მიმდებარე უბნების მცხოვრებს სოლოლაკში არაფერი ესაქმება, იქაური სიჭრელე აქ ვერ აღწევს. სახლების ევროპულ არქიტექტურასთან შესაბამისობაშია ინტერიერის მოწყობაც. რომანის ამ ეპიზოდში საინტერესოა იმ პროცესის დანახვა, თუ როგორ გასცდება ევროპული ცხოვრების სტილი ქართველ თავადთა ელიტარულ წრეს და როგორ იზიარებს მას მოსახლეობის სულ უფრო დიდი ნაწილი. რომანის დაწერამდე სულ რაღაც ოცდაათიოდე წლით ადრე ევროპელი ლანდშაფტის დიზაინერების მიერ დაგეგმარებული პარკი ან ევროპიდან გამოგზავნილი ნივთები – როიალი, კაბინეტი, წყვილის სავარძელი – მხოლოდ უმაღლესი ელიტის საცხოვრებელ გარემოში შემოდიოდა (ვთქვათ, ალექსანდრე ჭავჭავაძის (1786—1846), ქართველი თავადის, რომანტიკოსი პოეტის, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტის მამულში, წინანდალში). 1860-იანი წლების დამდეგს კი საცხოვრებელი გარემოს ევროპულად მოწყობა დაბალი წრიდან გამოსული გამდიდრებული ოჯახებისთვისაც ჩვეულებრივი მოვლენაა. ამ ფენისათვის ახალი და უკეთესი ცხოვრების დაწყება თავისთავად გულისხმობს ცხოვრების ევროპულ სტილზე გადასვლას. ამასთანავე, ეს ცხოვრების ტენდენციაა და არა საკუთარი არჩევანი. სოლომონ ისაკიჩი ახლად ნაყიდი სასახლის ნაწილს (საგულისხმოა – სტუმრების მისაღებად განკუთვნილ ნაწილს) გამართავს „ევროპის გემოვნებაზე“ მეორეს კი – ქართულად. სხვისი (ნათლიმამა ოჰანეზის) რჩევით ახალი ცხოვრების დაწყება, ევროპეიზებულ უბანში გადასვლა, ევროპული ცხოვრების სტილის არჩევა, ისევე როგორც სტუმრების შესაბამისი გემოვნებისთვის ანგარიშის გაწევა, ლავრენტი არდაზიანის ტექსტში ნათელი გზავნილია მე-19 საუკუნის შუა ხანების ქართული საზოგადოების პრიორიტეტების თაობაზე. სოლომონ ისაკიჩი გაოცებულია, რა უცებ ივიწყებს მისი ოჯახობა ბნელ ქოხში გატარებულ წლებს და რა მალე უჩნდება ცხოვრების მდიდრული, ევროპული წესისადმი საკუთარი მოთხოვნები. თეატრში სიარული სოციალური კეთილდღეობისა და კეთილშობილების ნიშანია, ამიტომ სოლომონის ოჯახიც თავს მოვალედ თვლის, როსინის „სევილიელი დალაქისა“ თუ ბელინის „ნორმას“ წარმოდგენებს დაესწროს.

განათლებული ევროპის წარმატების მიზეზი სოლომონ ისაკიჩის ერთ-ერთი მთავარი კითხვაა, რასაც ის ნასწავლ თავად რაინდიძეს დაუსვამს: „ერთი მიბრძანეთ, კნიაზო: ევროპა რად არის განათლებული და სხვა ქვეყნები სიბნელეში?“. ნიშანდობლივია, რომ როგორც სოლომონ ისაკიჩის კითხვა, ისე ალექსანდრე რაინდიძის პასუხი მე-19 საუკუნის შუა ხანების საქართველოში არსებული წარმოდგენების, გლობალური აღქმის გამოხატულებად უნდა მივიჩნიოთ. სამყაროს სურათი ქართველების მსოფლაღქმაში სწორედ ამგვარია: ქართული საზოგადოების ყველა ფენა მიიჩნევს, რომ თანადროულ მსოფლიოში მხოლოდ ევროპა არის სინათლის, განათლების, პროგრესის არეალი. თავადი კი ასე ხსნის ამის მიზეზს: ევროპა განათლებულია, რადგან „სახარება არის ხელთმძღვანელი ყოვლის მოქმედებისა“. თავადის პასუხში შეიძლება ვიგულისხმოთ ქრისტიანულ ეთიკაზე დაფუძნებული ქვეყნის მოწყობის მოდელი: კანონმდებლობის განვითარება, ინდივიდის სოციალური როლის აღქმა, მოყვასის სიყვარულზე დამყარებული სოციალური პასუხისმგებლობის გაძლიერება.

ამდენად, რომანში მთავარი გმირისა და მისი ოჯახის გადანაცვლება ახალ, ევროპეიზებულ სივრცეში, ცხოვრების მოწყობა ევროპული სტილით შეიძლება გავიგოთ როგორც მეტაფორა ქართული საზოგადოების განვითარების პერსპექტივისა.

ამ ფონზე ჩნდება კითხვა: რა მიმართება აქვს ლავრენტი არდაზიანის რომანს რუსულ იმპერიულ რეალობასთან, იმ ფაქტთან, რომ საქართველო, ქართული მოსახლეობა და მათი სამოსახლო მიწა რუსეთის იმპერიის ნაწილია? შეიძლება ითქვას, რომ ტექსტი ამ პრობლემასთან დამოკიდებულებას სავსებით არ ავლენს – განსხვავებით იმ გამოცდილებისაგან, რაც აქტუალური იყო ქართულ ლიტერატურაში, საკუთრივ კი ქართულ რომანტიკულ პოეზიაში მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში; და იმ პოზიციისაგანაც, რომელიც განვითარდება 1860-იანი წლებიდან მოყოლებული ქართველ სამოციანელთა მიერ. ამ თვალსაზრისით დანიელ ჭონქაძისა და ლავრენტი არდაზიანის პროზა გამონაკლისია მე-19 საუკუნის ერთიანი კულტურულ-საზოგადოებრივი ტენდენციის ფონზე. რომანის მხოლოდ ერთ ეპიზოდში, სრულიად ნეიტრალური პოზიციიდან არის ნაჩვენები რუსული სივრცე – როცა თბილისში ჩამოდიან მოსკოველი ვაჭრები და, მალევე, ამავე საჭიროებისამებრ, სოლომონ ისაკიჩიც გაემგზავრება იქ სავაჭროდ. მოსკოვი, რუსეთი რომანში ეკონომიკური კავშირების სივრცეა და არა პოლიტიკურ-ადმინისტრაციული დომინაციისა; თბილისი და საქართველო თითქოს ავტონომიურად ცხოვრობს, კულტურულად და ეკონომიკურად ვითარდება. ამასთანავე, განვითარების მოდელად ევროპაა მიჩნეული და არა რუსეთი. უაღრესად ნიშანდობლივია, რომ არა ერთმორწმუნეობის ნიშნით თავის დროზე მოკავშირედ არჩეულ რუსეთის იმპერიას, არამედ სწორედ ევროპას მიიჩნევს ქართველი მწერალი ქრისტიანული ეთიკის ზეიმის სივრცედ.

შეიძლება თუ არა ჩავთვალოთ, რომ თბილისის/საქართველოს ევროპეიზაციის ტენდენცია ლავრენტი არდაზიანთან რუსეთის იმპერიის გვერდის ავლით არის წარმოჩენილი? თავდაპირველად უნდა აღნიშნოს, რომ რომანის გამოქვეყნების დროისათვის თბილისის ევროპეიზაციის ეკონომიკური და კულტურული პროცესი მიხეილ ვორონცოვის (1782-1856), კავკასიაში რუსეთის მეფისნაცვლის, საქმიანობას უკავშირდება (1844-1854). ვორონცოვის სახელი, ერთი მხრივ, რუსეთის მიერ ჩრდილო კავკასიაში წარმოებულ დაპყრობით ომებთან ასოცირდება, მეორე მხრივ კი, მაგალითად, თბილისში იტალიური ოპერის გახსნასთან. მეფისნაცვლის კოლონიური პოლიტიკა, როგორც დადასტურება, „რბილი ძალით“ ქართველთა გულის მორბილების და იმპერატორის ტახტისადმი მათი მორჩილების ამოცანას ემსახურებოდა. თუმცა, ლავრენტი არდაზიანთანაც ჩვენ ვხედავთ, რომ ევროპეიზაციის ძლიერი ტენდენცია (რაც ქართული ისტორიულ-კულტურული განვითარების მთავარი მიმართულება იყო ანტიკურ თუ ბიზანტიურ პერიოდებში, სანამ გვიან შუა საუკუნეებში, სპარსეთისა და ოსმალეთის პოლიტიკური დომინაციის გამო შეფერხდებოდა) ქართულ სოციუმში მუშაობს რუსული კოლონიური პოლიტიკისაგან დამოუკიდებლად; ის კიდევ უფრო ძლიერი იქნებოდა, მე-19 საუკუნის საქართველოს რუსული კოლონიალიზმის პირობებში რომ არ მოსწეოდა განვითარება. თუმცა, რომანში ლავრენტი არდაზიანი ამაზე არ საუბრობს. რომანის გამოქვეყნებიდან ორიოდე წელიწადში ამ საკითხზე მკაფიოდ დაიწყებს საუბარს ილია ჭავჭავაძე და მისი თაობა, სამოციანელები.

სოლომონ ისაკიჩის, მისი ოჯახის, თბილისის, საქართველოს იდენტობათა ტრანსფორმაცია რომანში თავბრუდამხვევი, კარნავალური პროცესია – კარნავალურობის მიხაილ ბახტინისეული გაგებით. არსებული წესრიგის დამხობის, ინდივიდისა და სოციუმის ფარულ მისწრაფებათა გამომზეურების, იდენტობათა ცვალებადობის პროცესი რომანში თვალსაჩინოა, იუმორნარევი, ქაოსური. მწერალი გვიჩვენებს არა მხოლოდ ერთი გმირისა და მისი ოჯახის ტრანსფორმაციას, არამედ გარდასახვის, ახალი სახის მორგების, იდენტობათა ცვლის, წესრიგის შეცვლის პროცესს, რომელიც მოიცავს ქალაქს, სოციუმს, კულტურას, ქვეყანას.

რომანში სოლომონ ისაკიჩი იცვლის სამოსს, სტატუსს და, მასთან ერთად, იდენტობას. ეს არის სწორედ კარნავალური ცვალებადობა და არა, უბრალოდ, ქრონოლოგიურად თანმიმდევრული, სწორხაზოვანი ტრანსფორმაცია. სოლომონი სახეს და ცხოვრების წესს იცვლის ვითარების შესაბამისად: ქალაქში, ქოხში დაბადებული ბავშვი თავადის მამულში, თავადური წესებით იზრდება; სრულწლოვანი, კარგად აღზრდილი და შემოსილი, ისევ ქოხში ბრუნდება; ძველ მეზობლებთან ვინაობას მალავს, მერე კი საკუთარი ამბების დამალვა და ტყუილი აუცილებლობად ექცევა; ღარიბულ სახესა და ძონძებს მოირგებს, ფეხშიშველი ჩარჩობას იწყებს; ღარიბიც არის და მდიდარიც: ერთი აბაზის მოსაგებად თავს არ დაზოგავს, მიწის ქვეშ კი, მისდა გასაკვირადაც, ასიათასობით თუმანს დააგროვებს; ხან მდიდრულად იმოსება, და ხან – ღარიბულად, გააჩნია, როგორც სჭირდება მის საქმეს; საჭიროებისამებრ, სამოსსაც იცვლის და სახესაც, ისე რომ ვერავინ ცნობს – ჩარჩობისას ღარიბული იერი აქვს, მსხვილი სავაჭრო და სავახშო საქმეებისას კი – მდიდრული; შურისძიების მიზნით, დაფარული ვინაობით, სავაჭრო მაქინაციასაც ატრიალებს, მერე კი სინდისის ქენჯნით სიკეთესაც თავის გაუმჟღავნებლად აკეთებს; ცოლსაც, სოფიოს, ქალის დალაქი მამა მოტყუებით, ქალის ვინაობის შეცვლით შერთავს; სოლომონი კი ერთხანს საკუთარ მეუღლეს და შვილებსაც არ აჩვენებს თავის სიმდიდრეს და დიდვაჭრის სახეს; ქონების გამომზეურებისკენ, ახალი ცხოვრების დაწყებისკენ, ღირსების აღდგენისკენ ის მომენტი უბიძგებს, როცა ჩარჩობისას რაინდიძის შინამოსამსახურე ამოიცნობს და თავმოყვარეობა გაეღვიძება; სოფიო და სოლომონი საკუთარ ცხოვრებას უკიდურესი სიღარიბიდან უკიდურეს სიმდიდრემდე ერთბაშად გარდასახავენ; შეუერთდებიან ქალაქის თეატრს, თეატრალიზებულ საზოგადოებას; ის მდიდარ ოჯახს მზადყოფნით, თუმცა ოდნავი ირონიით მიიღებს და ჩართავს ტრანსფორმაციის, სახეცვლილების კარნავალში.

რომანის ბოლოს ლავრენტი არდაზიანი თავისი პერსონაჟის, ალექსანდრე რაინდიძის მაგალითით, მაინც გაარღვევს კარნავალურობის წრეს: ახალგაზრდა თავადი უარს ამბობს ქალაქზე, მის სიმბოლურ და რეალურ თეატრზე, სოლომონის ქონებაზე; მოიპოვებს სიყვარულს; მამაპაპისეულ მამულში დასახლდება და ოპერის კეთილხმოვანების ნაცვლად ბუნების ჰარმონიის სმენას ამჯობინებს. სოლომონ ისაკიჩი კი ხორციელად რჩება კარნავალურობაში, სულიერი თვითგანცდით კი – მის მიღმა.

საერთო ჯამში კი სოლომონ ისაკიჩი, როგორც პერსონაჟი, არ არის ავანტიურისტი, ტრიქსტერი. მას სინდისის ხმის მოსმენაც სჩვევია და ტექსტიც შემოთავაზებულია როგორც მის მიერ საკუთარ ცხოვრებაზე რეფლექსია. როგორც ნარატორი, სოლომონი აღნიშნავს, რომ მას თავს შეახსენებს ხოლმე თავადის ოჯახში მიღებული ზნეობრივი აღზრდა. სიუჟეტურადაც, ამ ოჯახთან ურთიერთობისას სოლომონი ცდილობს ხოლმე დაიბრუნოს ღირსება და თავმოყვარეობა. მთელი ტექსტის მანძილზე თავადის მამული, სოფელი, რჩება ქართული ტრადიციის, ღირებულებების სივრცედ. ეს მიმართება, ბუნებისა და ურბანიზმის ოპოზიციის სახით მოდერნისტული პოზიციიდან გააზრებული, შემდგომში შენარჩუნდება ქართულ მოდერნიზმშიც.

რომანი მთავრდება იქ, სადაც შემდგომში, ევროპულ და ქართულ ლიტერატურაშიც, დაიწყება მოდერნისტული რომანების ისტორიები: გმირის ჩაფიქრებით საკუთარ შინაგან სამყაროზე, „განუსაზღვრელი ჭმუნვის“ შეგრძნებით, რომლის მიზეზიც მისივე შინაგან არსებაშია და არა გარე სამყაროში:

„მართალია, ბოლომდის მე ვიყავ სავსე მდიდარი, პატივცემული, მხიარულად ვეჩვენებოდი ხალხს და მრავალნი დამნატროდნენ, მაგრამ იმ დღიდან, როდესაც დავიწყე დიდებით ცხოვრება, ჩემს გულს ჰქენჯნიდა რაღაცა განუსაზღვრელი ჭმუნვა და მე აღარ მესიამოვნებოდა-რა ქვეყანათაზე. ამ ჭმუნვის მიზეზი იყო ჩემში, ჩემს გარეთ არა ყოფილა.

ამ ჩემს აღსარებას განდობ შენ.

შენი სოლომონ მეჯღანუაშვილი“.

 

 

 

[1] იხ. ზაალ ანდრონიკაშვილი, „ფული და ხარისხი. ქართული რომანტიკული ანტიკაპიტალიზმი“. https://literature.iliauni.edu.ge/literature/phuli-da-khariskhi-qarthuli-romantikuli-antikapitalizmi-pirveli-natsili/

[2] ეს რეალისტური ტიპი შემდგომაც განაგრძობას არსებობას ქართულ ლიტერატურაში. ავქსენტი ცაგარლის პიესა „ხანუმა“ (1882) უზრუნველყოფს მსგავსი ტიპის პოპულარობას თეატრშიც, ოპერაშიც და კინოშიც (ვიქტორ დოლიძის ოპერა „ქეთო და კოტე“ (1919) და ორი ცნობილი ეკრანიზაცია: „ხანუმა“ (1926, რეჟ. ალ. წუწუნავა) და „ქეთო და კოტე“ (1948, რეჟ. შ. გედევანიშვილი და ვ. ტაბლიაშვილი).

[3] იხ. Nino Chikovani; Nino Pirtskhalava; Ketevan Kakitelashvili. „Jewish Identity in Georgia in Light of the European Cultural-Political Tradition at the Turn of the Twentieth Century“. Frankfurter Judaistische Beiträge / Frankfurt Jewish Studies Bulletin. 42.2018. 89-128.