დაჰკრა ჟამმა და გაღმა თბილისის ერთ, მერიისგან მივიწყებულ დასახლებაში უმაღლესი სასწავლებელი გაიჩითა. აქაური გაღმელები აღარ ამაყობდნენ მხოლოდ ადგილობრივი ლიქიორის ქარხნით, რომელიც, ქარხნის დირექტორისა და ამ უბნის მოსახლეობის აზრით, მსოფლიოში ყველაზე მაგარ ლიქიორს ასხამდა.
ქარხნის ეზოში ლიქიორის სახელობის სკვერი იყო. სკვერში კი – ძეგლი პირველი აქაური მელიქიორისა. როგორც აქაური ლოთები ამბობდნენ, ყოველი ღამის ყოველ სამზე ძეგლის პირიდან ლიქიორი ასხამდა ხოლმე.
ისინი ამაყობდნენ უნივერსიტეტით, მაგრამ კბილებსაც აჭრაჭუნებდნენ. იძახდნენ, „ამათ რო აქ რამეზე გაატრაკონ, თავს გავუხევთო“. საქმე ის იყო, რომ უმაღლეს სასწავლებელში ინდუსები სწავლობდნენ. მათ მშობლებს ეგონათ, რომ შვილებს სორბონაში აგზავნიდნენ.
მე კიდე გული დამეწვა იმიტო, რო ამ ალაგს უმაღლესები მარტო ვაკეში უხდება. ამათ კიდე დეცენტრალიზაცია მოინდომეს. ისე კი, აი, სწორედ ამ გარეუბნულ ალმა მატერში აგროვებდა ცოდნას უცნაური გოგონა ნიუ დელიდან, რომელსაც აიშვარია სულაც არ დაარქვეს აიშვარია რაის გამო. აიშვარიას უყვარდა კურცხალის ლეკვები და ვერ იტანდა ცხარე საჭმელებს. ამის გამო აიშვარია არ უყვარდა ბებია იჩას და ამბობდა, ლამაზი კია, მაგრამ ბოზი გაიზრდებაო, იმიტო რო ლამაზები ბოზები არიანო. მერე იმასაც ამბობდა, ეგ იმათთვის არი ლამაზი, თორე რაც ჩვენთვის არი ლამაზი, ისინი მახინჯს ეძახიანო. არადა, აიშვარიას ყველაზე შავი და გრძელი თმა ჰქონდა ნიუ დელიში. ნიუ დელიში არავინ ეჯავრებოდა ბებიამისს ისე, როგორც აიშვარია და ალბათ სწორედ ამიტომაც იყო საოცარი ვინმე აიშვარია.
და იდგნენ გაღმა უბნის წარჩინებულნი უნივერსიტეტთან, რამეთუ სწორედ უნივერსიტეტთან იყო მათი არქაული აგორა, ისტორიული ბირჟა, აღთქმული ბეტონი. ისინი არაფრით დათმობდნენ ამ საოცრებას, რამეთუ უდიდეს პატივს სცემდნენ მამულს. მათი მამული კი სწორედ ამ ბირჟიდან იწყებოდა. გაღმა უბნელები იფურთხებოდნენ სემიჩკის ჩენჩოებს და იგინებოდნენ დედას. ძროხას აგინებდა რეზო, ჯიშში ისაქმებდა ზურა… ანრი ვახანიას კი აიშვარია უყვარდა, რადგან გულთა ენა ოკეანემ იცის. ოკეანემ ყველაფერი იცის. ოკეანემ როუზს ჯეკი მოუკლა.
„ჩემთან ცივია, ბავშვურია… – მოთქვამდა ანრი.
ან რა ბავშვური, სულ არ მიცნობს და არც მიყურებს. ვინმე რაჯასთან გაქალდება, მიიღებს კაცად. თავზეც მოუსვამს ლამაზ ხელებს ორხელა შივა. მისი სიცილიც, საოცარი ჩემთვის მალული. რაჯას სარეცელს ააცეკვებს ვნების ალებით.“
მოდის აიშვარია და ხელით ისრესს თმას. სულ არ ადარდებს უბედური ჭაბუკის ხვედრი. აგერ წამოხტა, მორცხვად მიდის გოგოსკენ ანრი… ან ახლა ეტყვის, ან არასდროს უარს ვერაგი. ეს გზაც ჩემია, ეს უბანიც და ეს ქვეყანაც – ფიქრობდა ანრი, რომ შეეგრძნო თავი ხელმწიფედ. არ დაუღვრია მას აქამდე ცრემლების წვეთი, გზას აღარ აძლევს ციცქნა გოგოს, აღმართა სვეტი.
– აი რილი ლავ იუ ზიტა! – ბოდავს ჩუმად ვახანია.
– აი ემ ნოთ ზიტა… – დაიბნა აიშვარია და წავიდა ავტობუსის გაჩერებისკენ, სადაც მსოფლიო პროზის ამომავალი ვარსკვლავი ითვლიდა ხურდებს.
– რა ებაზრე შეჩემა?! – ჰკითხა ანრის რეზომ.
– რა უნა მებაზრა, გააჯვი შენ ქვეყანაში მეთქი… – მოიტყუა ანრიმ, რადგან სცხვენოდა, ინდოელის შეყვარებისა.