კარამელიანი ბუზის სიმღერა

ნინი ბუკია

რიგიანად დაკვირვება არ დამცალდა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ ამ კარამელით მოთხუპნულ საშაქრეში უსათუოდ ბუზებს ამწყვდევდნენ. შვეიცარმა ბოლო გასაღები გამომიწოდა და უგულოდ ჩაიბზუილა. გამოვეცალე.

 

– რომელზე მიბრძანდებოდით?

– რა?

– ზემოთ არ ცხოვრობთ?

– აჰ, არა, მე უნდა ჩავიდე, მაგრამ ჯერ XXVII-ზე, მადლობა.

 

რატომ არ მითხარი, აღარ ვეჩხუბებოდი.

არ გამიგია

თურმე არ მუშაობდა, მე კიდევ ვეჩხუბე

ჰო, ვერ გავარჩიე, რას გეუბნებოდა

ნერვებზე ძან დარხეული მაქვს, ატყობ, ხო?

ხო, კი

სულ რანაირად მეთანხმები, შენი აზრი არ გაქვს?

მეც ეგრე ვფიქრობ და აბა რა ვქნა

ყოველთვის?

არა, ყოველთვის არა

ჰოდა, როცა არ მეთანხმები, მაშინ შემეკამათე, რამე მითხარი, დამელაპარაკე რა.

ვცდილობ, ხომ იცი, რომ ვცდილობ, უბრალოდ, არ ვიცი ხანდახან

რა არ იცი?

რაზე ვილაპარაკო

კარგი, გასაგებია.

 

ყველაფერი მტვერში რომ ამოიგანგლა და თვალები ჭვარტლით ამომევსო, ყვითელი კაბა ვიყიდე. დიდხანს ვეძებდი ისეთ ყვითელს, რომელიც ჰგავდა ერთადერთ დაჯერებულ დანაკარგს, მაგრამ იმისი ჩაცმა არ იყო მტკივნეული.

 

აჰ, ანუ აქ დავამთავრეთ დიალოგი?

არა, უბრალოდ, არ ვიცი, რა უნდა გითხრა

როგორ შეიძლება, არაფერს ფიქრობდე?! რა გემართება?

რაზეც ვფიქრობ, გეუბნები ხოლმე.

 

ბრაზის ნიშნები ხოჭოებად ეწვეთებიან მოძრავი ვაგონის იატაკს, იმ გოგოს კი ლამაზი ცხვირი აქვს და კივის. ღმერთო, რა ხმაურიანია, ხმა ჩაუწყვიტე, გთხოვ.

 

– ამის უფლება არ აქვთ, ჩვენი აქ ასე გამოკეტვის უფლება არ აქვთ!

– დამშვიდდით, ალბათ, დენი გაითიშა, ან ავარიაა

– ეგ არაა ჩემი პრობლემა!

– კარგად ხართ?

– რა?

– კარგად ხართ?

– დიახ, რატომ მეკითხებით?

– იქნებ დაჯდეთ, ყანყალის ნუ გეშინიათ; კარგი, მაშინ ქვემოთ იყურეთ და მყარად დადექით, იფიქრეთ, რომ მიწაზე ხართ.

 

ჩემი იატაკი კვერცხის გულებში აიზილა, მაგრამ ყვითელი ემბრიონები არავის უთხოვია, ჩვენ მხოლოდ ინგლისურ კოკერ სპანიელზე შევთანხმდით.

 

– რა ძაღლები, ქალბატონო, რა დროს ძაღლებია?

– მაგრამ მე ისინი უნდა გავასეირნო, აქ ვერ გავჩერდები

– ქვემოთ იყურეთ, ვითომ იატაკი მყარია და…

– შენი ჭირიმე, მოკეტე რა

– რა ხდება?

– გავიჭედეთ.

 

სანამ შინ მხოლოდ გაყინული ნესვისა და ჰერბარიუმის სუნი ტრიალებს, გარეთ თაფლისფერი თუ ფორთოხლისფერი სხივები და შემწვარი ციტრუსის სუნი თუ შემორჩა.

ციტრუსის სუნი ყოველთვის მიზიდავდა, ციტრუსისაც და კარამელისაც. ისინიც ყოველთვის ამ ორი სუნით მიტყუებენ. ნელ-ნელა მივაბიჯებ წებოვან ბილიკებზე, თან ეჭვისა და  მოლოდინის წვეთები მიღარავენ შუბლს. ასეა ხოლმე, მერე შენს ბზუილზე სხვები მოდიან და იმათაც უნდათ შენი წილი სიტკბო. კარამელის თეთრ მთაზე ყველა ვერ ადის. მოუხერხებლად გადაჯვარედინებული ფრთები ზოგს ბილიკზე ეწებება და იქვე რჩება. თუ აცოცდი და ღრიჭოში შეასწარი, იღბლიანი ხარ. საკუთარ იღბალს ჩვენ თავად ვირჩევთ, ასე ვართ ბუზები მოწყობილნი.

 

თუ არაფერს მეტყვი, წადი

შენ მე უიღბლო ბუზად მაქციე

რა ბუზები, რას იგონებ

მიხვდი?

ჯანდაბა, დამელაპარაკე.

 

საშაქრეში ჩავძვრები და იღბალი დამტოვებს, ვერავინ ვერაფერს მიხვდება.

ლიფტის კარი გაიღება, მე კარისკენ გავიწევ, ხმაურიანი გოგო იკივლებს და ზრდილობიანი ბიჭი დაჯდომას მთხოვს, მე კი კარისკენ გავიქცევი და სართულს თავად ავირჩევ, ჯერ ქვემოთ უნდა ჩავიდე, მერე XXVII-ზე, ამასობაში სხვები კედელზე თავის მისრესასაც მოასწრებენ.

თუ შენც უიღბლო ბუზად იქეცი, დამელაპარაკე.