სულ რაღაც თხუთმეტიოდე წლის წინ ევროკავშირმა უპრეცედენტო ან, იქნებ, პრეცედენტული გადაწყვეტილება მიიღო: გეოგრაფიულად აზიური და კულტურულ-პოლიტიკურად ევროპული კუნძული, უფრო ზუსტად კი კუნძულის ერთი ნაწილი, ევროკავშირში გააწევრიანა – 2004 წელს კვიპროსის რესპუბლიკა (სინამდვილეში კვიპროსის ე. წ., ბერძნული მხარე) ევროკავშირს, მოგვიანებით კი ევროზონას შეუერთდა. დადგა ახალი რეალობა ევროპისთვის და, უპირველესად, კვიპროსელი ხალხისთვის. ამ რეალობამ ახალი გამოწვევები გააჩინა. მათგან ერთ-ერთი, ალბათ, საკუთარი იდენტობის ძიება იყო, უფრო სწორად, ახალი იდენტობის სტატუსის მოპოვება სრულიად პარადოქსულ და დრამატულ სიტუაციაში, როდესაც, ერთი მხრივ, იმავე ნაციონალური იდენტობის ხალხს სხვა სახელმწიფო აქვს, რომელიც ასევე ევროკავშირის წევრია, და, მეორე მხრივ, იმ ძირძველ ტერიტორიაზე, რომელიც შენი იდენტობის ერთ-ერთ მარკერს წარმოადგენს, სხვა იდენტობის ხალხს დამოუკიდებელი ერთეული შეუქმნა.
აი, ასეთ რთულ ფონზე კვიპროსმა მოახერხა და ქვეყნის იდენტობის ერთ-ერთ მარკერად კვიპროსული კინემატოგრაფია აქცია. ყოველ ნაციონალურ კულტურას, რამდენად მძიმე იდეოლოგიურ ზეწოლასაც არ უნდა განიცდიდეს ის საკუთარ თავზე, მაინც აქვს რემისიისადმი ბუნებრივი მიდრეკილება. ძნელი სათქმელია, ეს ბუნებრივი პროცესი იყო თუ მიზანმიმართულად, სოლიდური ფინანსური რესურსის გაღებით მიღებული შედეგი, მაგრამ ფაქტია, რომ თანამედროვე მსოფლიო კინემატოგრაფიაში კვიპროსული კინო ცნობად, თავისთავად და ანგარიშგასაწევ ფენომენად მკვიდრდება, თანაც მაშინ, როცა ევროპულ კინოს უჭირს კონკურენცია გაუწიოს ჰოლივუდს. ერთი ბუნებრივი და უეჭველი ფაქტორი ამ ყველაფერში უთუოდ არის ის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ კვიპროსმა მოიპოვა გარანტირებული მშვიდობა და მზარდი ეკონომიკური რესურსი, რაც ყოველთვის არის ხოლმე ხელოვნების აღორძინების ან განვითარების მთავარი წინაპირობა.
ახალი პოლიტიკური რეალობა კვიპროსისთვის დაახლოებით იგივეა, რაც დასავლეთ გერმანიისთვის მეორე მსოფლიო ომის შემდგომი პერიოდი. მსგავსი რეალობა კი მსგავს ტენდენციებს აჩენს ისეთი განსხვავებული მენტალობის ხალხშიც კი, როგორებიც გერმანელები და კვიპროსელი ბერძნები არიან. ორივე ქვეყნის კინემატოგრაფში (ზემოაღნიშნულ პერიოდებში) საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს „ახალი რეალიზმის“ ძიება. ეს ტერმინი თავის დროზე ისტორიკოსმა გუსტავ ჰარტლაუბმა დაამკვიდრა. რეალიზმისაკენ სწრაფვის „ახალი ტალღა“ სახვითი ხელოვნებიდან წამოვიდა. სახვითი ხელოვნების წარმომადგენლებს დაუძლეველი სურვილი ჰქონდათ, შეეგრძნოთ მოვლენები და საგნები ისე, როგორც ეს რეალობაში იყო, ყოველგვარი რომანტიზმისა და იდეალიზმის გარეშე. ამ გადასახედიდან ყურადღების ღირსია 2018 წელს ადონის ფლორიდისის რეჟისორობით გადაღებული კვიპროსული ფილმი „როზმარი“, რომელმაც უკვე არაერთი ქვეყანა და კონტინენტი მოიარა და რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულია. ფილმის მიხედვით, კოსტასი – სატელევიზიო სერიალის სცენარისტი, რომელსაც პროდიუსერი ახალი ეპიზოდების დაწერას დაჟინებით სთხოვს, შთაგონებას ეძებს და უცნაური მეზობლების მიყურადებას იწყებს; მათ ტრაგიკულ ყოველდღიურობას საპნის ოპერად გარდაქმნის და სერიალის რეიტინგიც მაღლა იწევს. სცენარისტის ყურადღების ცენტრში ახალგაზრდა ქალიშვილი როზმარი ექცევა. მის იდუმალებით მოცულ ისტორიას მწერალი ფაზლივით აწყობს და ამასობაში სრულიად მოულოდნელად საკუთარ წარსულზე შოკისმომგვრელ ამბავს იგებს.
ფილმში ბევრია ისეთი სახე, პასაჟი, პერსონაჟი, რომლის ყოფნა სიუჟეტურ ქარგას სრულიად არ სჭირდება, მაგრამ არყოფნა წარმოუდგენელია, იმდენად განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს, ისე ორგანულადაა შერწყმული და იმხელა პიკანტურობას სძენს ფილმს. შეიძლება ითქვას, რომ ფლორიდისმა არატრადიციული სიუჟეტური სვლებით კინოაზრის სხვაგვარი განვითარება დაიწყო. ერთია კინოაზრი და კინოენა, მაგრამ „როზმარის“ დიალოგების ავტორი ცალკე ნომინაციაში გამარჯვებას უთუოდ იმსახურებს:
– პაპის რა დაემართა? (აკვარიუმის თევზზე ეკითხება)
– მოკვდა გადმობარგებისას.
– ვიზიარებ, არ ვიცოდი.
– გმადლობ.
– თუ მოკვდა, საჭმელს რატომ უდებ?
– ჩვევაა.
– მაშინ ცოტა დაუდე,
კიდევ არაფერი დამართო.
……….
– არ შეიძლება, სულ გეძებდეთ და
ვერ გპოულობდეთ, კოსტას.
– ჩემი უფლებაა, ვერ მპოულობდეთ.
– რა უფლებები, არ იცი, რომ აღარაა უფლებები?!
რადგან ადამიანად დაიბადე, ე. ი., უფლებები გაქვს?
ბოლოს ყველა უსამსახუროდ დავრჩებით
და ვჭამოთ მერე ადამიანის უფლებები.
უნდა აღინიშნოს, რომ „როზმარი“ იმ ფილმთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელსაც ჩვეულებრივი ადამიანი აინტერესებს. ზოგადად, ეს არის იდეოლოგია, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ განსაზღვრა კინოს არსი და რომელიც დღემდე მოქმედებს. სწორედ ამ პერიოდიდან დადგა პიროვნების, ინდივიდის (და არა მასისა და მისი თავკაცის) ყოფის, სულიერი მდგომარეობის მხატვრულ ნაწარმოებში ასახვის დრო და ხელოვანთა კვლევის ობიექტში მოექცა ჩვეულებრივი (და არა გმირი) ადამიანი.
„როზმარი“ არის ფილმი, რომელიც არაერთხელ გულიანად გაგაცინებს კიდეც, უკიდურესადაც დაგძაბავს, დაგაინტრიგებს, დაგთრუნავს და ამოგასუნთქებს ან დაგახრჩობს. ფილმს ვერ მივაკუთვნებთ ვერც ერთ ჟანრს, მას განსაკუთრებულობას სძენს სწორედ ჟანრების დამაინტრიგებელი სინთეზი: ესაა დრამა ტრილერის ელემენტებით, კომიკური გადახვევებითა და ანტიკური ტრაგედიის ელფერით. საკმარისია მაყურებელს გამორჩეს სულ ერთი ფრაზა და ფილმის მთავარი გამოცანა საიდუმლოდ დარჩება.
„ფილმი-გამოცანაა“ ასევე 2018 წელს რეჟისორ ალიკი დანეზი-კნატსენის გადაღებული ფილმი „ჩაინათაუნი – სამი თავშესაფარი“, რომელიც მითოლოგიური სიუჟეტით იწყება, ოღონდ არა ბერძნული, არამედ ჩინური მითოლოგიიდან, მაგრამ ფილმის ჩაინათაუნი საბერძნეთის დედაქალაქშია. „ჩინური ტრადიციის თანახმად, მეხუთე თვის მეხუთე დღე განსაკუთრებულია. ამ დღეს დაბადებული ბავშვები ბედისწერის რჩეულები არიან,“ – ასეთი ნარატივით იწყება ფილმი. კლიო, ჩინელი მამისა და კვიპროსელი დედის ქალიშვილი, 18 წლის ასაკში იგებს, რომ მისი მამა ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა და ჩინურ მაფიას მოუკლავს. გოგონა შურისძიებას გადაწყვეტს. მამის მეგობრის, მზარეული ლინის, დახმარებით ქალიშვილი პოულობს მკვლელებს, მაგრამ მალე ხვდება, რომ ლინი დიდ საიდუმლოს ინახავს…
„ჩაინათაუნი“, როგორც ჩანს, კარგად გაკეთებული კომერციული ფილმების რიგს უნდა მივაკუთვნოთ. მის გადაღებაზე სამასი ათასი ევრო დახარჯულა. ფანტასტიკური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე იგი საუკეთესო ბოევიკად დასახელდა. ამ ფილმს კვიპროსული კინოსგან სრულიად არაკვიპროსული გარემო და თემები გამოარჩევს.
მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში კვიპროსული კინოს დღეები გაიმართა ამერიკაში, რუსეთში, ესპანეთში, ამას წინათ კი – ინდოეთში სახელწოდებით „ევროპული კინო შენს ქალაქში“. ამ ჩვენებათა ციკლს წლის ბოლოს თბილისი ხურავს 4 კვიპროსული ფილმით.
უახლეს ფილმთაგან გამორჩეულია 2016 წელს პეტროს ხარალამბუსის „ბიჭი ხიდზე“, რომელიც უკვე წარდგენილი იყო ორმოცდაათზე მეტ საერთაშორისო ფესტივალზე და გამარჯვებულია ცამეტ სხვადასხვა ნომინაციაში. სათაურიდან გამომდინარე, შეიძლება მაყურებელს გაუჩნდეს მოლოდინი, რომ ნამუშევარი ეკრანული ვერსიაა იმავე სახელწოდების ბრიტანული (არაერთგზის დაჯილდოებული) წიგნისა, რომელიც 2017 წლის საბავშვო ბესტსელერად იქცა, მაგრამ ეს არაა ფილმი მონსტრებსა და განსაკუთრებული უნარით დაჯილდოებულ ბიჭზე. ფილმის პერსონაჟი თორმეტი წლის ჩვეულებრივი ბიჭუნაა, რომლის უდარდელი ცხოვრება იდილიურ კვიპროსულ სოფელში მკვლელობის შემთხვევის გამო ერთბაშად იცვლება. მისი სამაგალითო ოჯახი თურმე არაერთ ძველ საიდუმლოს ინახავს. ჭეშმარიტების ძიებისა და თვითშეცნების გზაზე მოზარდი სიყვარულის, ოჯახური სითბოსა და სიმამაცის ნამდვილ მნიშვნელობას მიაგნებს.
არნახული გამოხმაურება მოჰყვა საიმონ ფარმაკასის 2018 წელს გადაღებულ ფილმს „განთიადი კიმერიაში“. ეს რეჟისორის მეორე ნამუშევარია, რომელიც წლის საუკეთესო კვიპროსულ ფილმად დასახელდა. ფარმაკასის ამ პირველ სრულმეტრაჟიან ფილმს სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალზე მიღებული აქვს ჯილდოები: “Best debuting Director”, “Best Future Film”, “Audience ‘s sympathy” და სხვა.
ფილმის მიხედვით, კვიპროსის ერთ პატარა სოფელში ტრაგიკომიკური სიტუაცია თამაშდება, როცა ერთი „უცნაური მფრინავი ობიექტი“ მის ტერიტორიაზე აღმოჩნდება.
ფილმში არაა ხმელთაშუა ზღვის არაჩვეულებრივი ლურჯი სანაპიროები და მდიდრული ცხოვრება – ეს ეკონომიკურ კრიზისში მყოფი კვიპროსია, რომელიც ევროკავშირის წევრად იმკვიდრებს თავს. ამის საილუსტრაციოდ პირველივე დიალოგი გამოდგება:
– ზუსტად არ ვიცით, მაგრამ… როგორც ჩანს, კვიპროსისკენ მიემართება.
– კვიპროსი, ტეხასი?
– არა. არა, არა. კვიპროსი, ევროპა.
კუნძულია ხმელთაშუა ზღვაში.
დასასვენებელი ადგილია.
ნამდვილად, ლამაზი და თბილი…
მზიანი.
ნიშანდობლივია ერთი პატარა ეპიზოდი, რომელიც ორგზის მეორდება ფილმში და, ცხადია, არა შემთხვევით: პატარა ბიჭუნას მუყაოს ყუთი თავზე ჩამოუცვამს და ისე დარბის. შენ რა, აპაჩი ხარ? – ეკითხებიან უფროსები – არა, ძველი ბერძენი ვარ.
აი, ასე, სრულიად უპრეტენზიოდ და თითქოს ხაზგაუსმელად, პატარა პასაჟებით, რომლებიც ფაბულასთან არანაირ კავშირში არაა, იგრძნობა უკანა ფონი, ერთგვარი ფარული ხაზი – გზა „ძველი ელინობიდან“ ევროკავშირობამდე – კლასიკური მაგალითი იმისა, რაზეც დასაწყისში ვსაუბრობდით – იდენტობის ახალი სტატუსი და მისი მარკერები. წინა პლანზე კი წამოწეულია კვიპროსის დღევანდელობის აქტუალური თემები: რა ხდება, როცა შენი საკუთარი ეზო გაეროს კონტროლირებადი ტერიტორიაა, როგორია არჩევნების გაყალბების პროვინციული მოდელი – საქართველოსთვის ბევრ ნაცნობ თუ უცნობ თემას შეგიძლიათ კვიპროსელი რეჟისორის ტრაგიკომიკური პრიზმიდან უყუროთ.
ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგდროინდელ კვიპროსში სინამდვილე და კინორეალობა თავისი სამსახიობო და სტილისტურ-თემატური თავისებურებებით ერთმანეთის პარალელურად განაგრძობს განვითარებას და მთლიანად ფლობს საკუთარი, საზოგადოებრივი „მეს“ განხილვის წინაპირობას, რომელიც შორსაა სწორხაზოვანი და კინოესთეტიკის მხრივ გაუმართლებელი და ცრუ ჰეროიზმისა თუ ყალბი პათეტიკისაგან. ცვლილებები თუ სოციალურ-პოლიტიკური ძვრები ქვეყანაში აშკარად პოვებს ასახვას კინოს თემატიკაში. კვიპროსელ რეჟისორთა მხატვრული ძიებები ფსიქოლოგიზმით, დრამატიზმით, სოციალურ-კრიტიკული ხედვითა და სევდანარევი იუმორით ქმნიან ერთიან პროცესს, რომელსაც მსოფლიოს კინემატოგრაფიაში საკუთარი ხელწერისა და ჟღერადობის დამკვიდრება ჰქვია.


