7 ეკფრასისი 2022 წლის ზამთრისათვის

რატი ამაღლობელი

 

 

(ლექსების სათაურებზე დაწკაპუნების შემთხვევაში გადახვალთ ხსენებული ნამუშევრების რეპროდუქციების ბმულებზე)

 

 

ანგელოზთა დაცემა

 

სალომე ჯაშს გავს ბრეიგელის მთავარანგელოზი,

განწყობით, მზერით, წითური თმით საყელოზე.

 

ამბოხის სულებს რისხვისა და ვნების გარეშე

ის მახვილს დასცემს სიმშვიდით თვალებში.

 

საკუთარ თავში შეიბრუნებს მზერას გაბრიელი

და უკან მაღლობებში გაფრინდება.

 

 

 

მონადირეები თოვლში

 

ნადავლს ვერ იტყვი – უმცირესზე უფრო მცირედით

ტყიდან სოფლისკენ ბრუნდებიან მონადირენი.

 

ნადირმა ალბათ სუნი იკრა, დაფრთხა ირემი,

მელაკუდაა მათი მთელი ნანადირევი.

 

გაწყრა ტაროსი, ევსტათე და წმინდა ჰუბერტი,

თავზე წინმსწრებად კაჭკაჭი თუ გადაუფრენდათ.

 

ტავერნის აბრა იქვე, მარცხნივ კიდია ცალფად…

კოცონს აგზნებენ, ბურვაკი რომ შეტრუსონ ალბათ.

 

ცივი შუქი დგას, მაგრამ არსად მზე არ ანათებს,

შორს ბეღურები და ბაწარი ჩანს კაკანათის.

 

მხარეს ოთხივეს ჭილყვავები თვალს ადევნებენ,

სქელი ყინულით დაფარულან წყალსატევები.

 

ყინულზე ციგით სრიალებენ და ციგურებით,

ღრმა თოვლში შეშას ეზიდება კაცი ურემით.

 

ვიღაც გუნდას კრავს, ვინ ყინულზე თავს ძლივს იმაგრებს,

შორს, მწვერვალების ძირში მოჩანს ციხე-სიმაგრე.

 

სახლი გამურა, ბუხრის ყელში მკვდარმა ღამურამ,

ადის საწმენდით სახურავზე მესაკვამურე.

 

ხიდთან ბზინავენ გაყინული წყლის კიდეები,

ხიდისკენ ორი კაცი მიდის ხის კიბეებით.

 

კიდევ უფრო შორს სხვა სოფლების ხედი იშლება –

გზებით, ხეებით, ხეივნებით, მინდვრით შიშველით,

 

ტბით გაყინულით, შეიძლება მთლად ზღვის ყურეთი,

სადაც მზე ჩადის და ყვითლდება ამ დღის სურათი –

 

ხალხი იძვრება გაყინული სანაპიროდან,

რამ აიძულა, ანუ ეს რამ განაპირობა –

 

ძნელია ამის ერთი სიტყვით თქმა და აღწერა,

მხედარი ცხენით ცდილობს ნავის ზღვისკენ გაწევას.

 

სხვებიც მიდიან, ვერ ვუძებნი სახელს ამ ქცევას,

ეს გავს გაქცევას, ამ სოფლიდან თავის დაღწევას.

 

ეს ჩვენი სამი მონადირეც, მუდამ თანმხლები

მწევრებითა და მეძებართა ჯიშის ძაღლებით

 

შორი და რთული გზით მავალი სამი მოგვივით,

უხალისოდ და უსაჩუქროდ უკან მოგვივლენ.

 

თან მოაქვთ სიტყვა რამდენიმე, როგორც ამბავი

გადაუბმელი, შეუკრავი, დაულამბავი.

 

ასე რა უმძიმთ, რა აღონებთ, ან რას მალავენ…

რაღაც იციან გაუთქმელი და შემზარავი.

 

 

 

რაინდი, სიკვდილი და ეშმაკი

 

შენ ახლაც ამგვარ გამხმარ ტყეში დაიარები,

გტკივა რკინის ქვეშ ყველა ძველი ნაიარევი.

 

ერთი შეხედვით არ გეტყობა ხანდაზმულობა,

გამოგყავს ცხენი იშვიათი აღკაზმულობით.

 

მზით დაშაშრული დაიამე სახე თავსხმებით,

მსხვერპლად გაღებულს მიღებული გაქვს ხელდასხმები.

 

შენს გვერდით მუდამ სიკვდილია და ეშმაკები

უკან მოგდევენ მეტი ვნებით და გაშმაგებით.

 

მე ბავშვობიდან სულ სხვაგვარად წარმომედგინე,

მახსოვს ყავისფერ წიგნში გნახე – წამით მეტკინა

 

რაღაც ძველი და შორეული, მაგრამ საგრძნობლად

შენი მწევარი ცუგასავით კარგად ნაცნობი

 

განცდა შებინდულ წარსულიდან წამომეწია,

ასე მოხვედი გარემოცვით, ასე მეწვიე.

 

დღემდე გიყურებ, შენს ჭვრეტაში დავხელოვნდი და

ვიცი რომ გახვალ ვრცელ მინდვრებში მაგ ხეობიდან.

 

 

 

წმინდა იერონიმუსის კელია

 

„Ἅγιος Κύριος“** თუ „Sanctus Dominus“

თავის კელიაში მჯდარ იერონიმუსს

სიმღერად, რეფრენად და ექოლალიად

აეკვიატება „In Christo morimur”.**

 

სინათლე მაგიდას ედება თანაბრად,

მზის შუქს ვერ იკავებს მინა და დარაბა.

 

ეს მისი კელია, თუ ლომის გალია

მისივე თავია, ან თავის ქალაა,

და შიგნით რაცა აქვს – უნათებს თავ-ღიას;

ძაღლია, ლომია, ქუდი თუ ჭაღია.

 

მათე და მარკოზ და ლუკა და იოან!

ღვთის პირველ-დუმილს და პირველ-თქმის მიუვალ

სიღრმეებს აცხადებთ ოთხივე მხარეს, რომ

ალფა და ომეგა სცნოს კაცობრიობამ.

 

თარგმნისას სიტყვები რომ არ აირიოს

სთქვი „Sanctus Dominus“, „Ἅγιος Κύριος“.

 

 

*  Ἅγιος Κύριος“ და „Sanctus Dominus“ „წმინდა არს უფალი“ ძველ-ბერძნულად და ლათინურად.

* „In Christo morimur” ლათინური სიტყვა-თქმა „ქრისტეში ვკვდებით“

 

 

 

მელანქოლია I

 

კომეტის კუდით განათებულ სივრცეში ჭვრეტდე

შემდეგს;

 

შალაშინს, ფარგალს, გასაღებებს, ლურსმნებს, საჭრეთელს.

სასწორით, ქვიშის საათით და ქონგურზე კიბით,

დოდეკაედრით, მაგიური კვადრატის რიგით

და იმის იქით ტბის ლივლივით თვალი აჭრელდეს.

 

ასე მოწყენით ამ არსების ჯდომას და ლოდინს

(კუპიდონით და მოკუნტული ძაღლის თანხლებით)

იცნობ დამღლელი, დამდაღველი შავი ნაღველით,

იგრძნობ სიმშრალით, სიცივით და სიმძიმით ლოდის.

 

ფრთები, რომელთაც სივრცეებში ახსოვთ შრიალი –

მოკეცილია, სატურნი ხომ სასწორში არი.

 

ტერფებთან სფერომ დაგაფიქროს, შუბლის ირგვლივ კი

გვირგვინის ყველა ყვავილ-წნული გამოიკვლიე.

 

 

 

ავტოპორტრეტი ბეწვის საყელოთი

 

მე მგონი გიცნობ. თვალს მოვხუჭავ –

მომელანდები.

ტყე-ტყე შიშველი ექო მოგდევს

ორეადებით.

 

შენი თმებივით ხშირ ტეყეებში

დაეხეტები,

ქვის აუზს ნახავ, მის ჩარჩოში

ჩაიხედები

 

და ათასი წლით დაგატყვევებს

ამ წყლის აუზი,

არ ისადილებ, არ ივახშმებ,

არ ისაუზმებ.

 

მერე ნელ-ნელა თვალზე ბინდი

გადაგეკვრება,

მეხსიერებას მოედები

ანარეკლებად,

 

სად შენი თავის სიყვარულით

ნასნეულები

კვლავ ტანს იპოვი, განკაცდები,

განსხეულდები.

 

თავად გახდები ტყეში წყარო

და ქვის აუზი,

რომელიც შენი ცრემლის სარკით

ქრისტეს აუვსე,

 

მასში ურევ და გახსნი უკვდავ

ზეთის საღებავს,

შენს თავს ხატავ და ნახატს მუდამ

ღმერთის სახე აქვს.

 

 

ოთხი მოციქული

 

როგორც ოთხი დრო წელიწადის, ოთხი სტიქია;

ჰაერი, წყალი, ცეცხლი, მიწა, ოთხი სტიქარით –

 

ოთხი სხვადასხვა ფერითა და ასაკოვნებით,

ოთხი იერით, იერსახით, ხატ-სახოვნებით,

 

სივრცის ოთხ მხარეს ოთხი ტიპის ტემპერამენტი

ორი წიგნით და გასაღებით, ხელთ პერგამენტით

 

დგას ქრისტეს ოთხი მოციქული, ოთხი მოწაფე,

როგორც ოთხგვარი მიმართება და დამოწმება.

 

ამგვარი წყობით და განწყობით, ამ ანტურაჟით

ცენტრში ხომ ქრისტე უნდა იდგეს აქ, მათ შუაში

 

და ასეც არის – ის მეხუთე ელემენტივით

ღრმად – დამკვირვებლის შინაგანში გამოვლინდება.