ანტიმედეა

ანტიმედეა
ლაშა ბუღაძე

 

გმირები:

ცოლი, ყოფილი ცოლი, ემიგრანტი, ანტიმოქალაქე N 2411 – {მედეა}

ქმარი, ყოფილი ქმარი, მომავალი სიძე, საქმრო – {იასონი}

ქალიშვილი, საცოლე, ახალი ცოლი – {გლაუკე}

მამა, მომავალი სიმამრი – {კრეონი}

ძიძა

საიმიგრაციო სამსახურის საგანგებო საქმეთა აღმასრულებელი        სასამართლო სხდომის თავმჯდომარე

მამის {კრეონის} თანაშემწე

სპეციალური ზონის ზედამხედველი

გაერთიანებული ევროპის ულტრა-მემარცხენეების პარტიის ერთ-ერთი ლიდერი

უსიტყვო მოწმეები და გულშემატკივრები – {ქორო}

-1.

ჯერ კიდევ ორი თვით ადრე არავის სჯეროდა, რომ ისინი, ვინც „საიდანღაც ჩამოსულებზე” და „ეთნიკურად თუ ნაციონალურად არატრადიციულ ევროპელებზე” ლაპარაკობდნენ, დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებდნენ ბოლო არჩევნებზე, ხოლო გამარჯვებიდან სამ კვირაში რეფერენდუმს ჩაატარებდნენ საკითხზე: უნდა გაჩნდეს თუ არა ნაციონალური ცნება „ევროპელი“ და უნდა გათავისუფლდნენ თუ არა ევროპელები აგრესიულად განწყობილი ემიგრანტებისგან? მართალია, ორივე შეკითხვა საკმაოდ ზოგადი და გაუგებარი იყო, მაგრამ მას სავსებით კონკრეტული და, როგორც რეფერენდუმამდე იტყოდნენ, დისკიმინაციული შედეგები მოჰყვა უამრავი ადამიანისთვის. თუმცა უმრავლესობა ცვლილებებს ისტორიის ლოგიკური განვითარებით ხსნიდა და ვისაც ახალი – ლიბერალების შეფასებით, „სკანდალური და რასისტული” ცვლილებები არ შეხებია – ან უხმაუროდ წუხდა, ან ზოგადი კომენტარით იხსნიდა პასუხისმგებლობას: „მე არ მაინტერესებს პოლიტიკა”. და ბევრიც, ანუ აბსოლუტური უმრავლესობა, პირიქით, თვლიდა, – და ხმამაღლაც ამბობდა, – რომ თუკი კანონები და ცხოვრების წესი არ შეიცვლებოდა (ესე იგი, პრე-ლიბერალურ წესრიგს არ დაუბრუნდებოდა), ევროპულ ცივილიზაციას გადაშენება დაემუქრებოდა. „უნდა აცალონ ახალ მთავრობას! – ამბობდნენ ასეთები, – რასიზმი აქ რა მოსატანია!”

1.

მომავალი სიმამრი {კრეონი} ამაოდ ცდილობს ხელიდან დაუსხლტეს მედია-ქოროს, რომელიც მას ახლა აქტიურ კომუნიკაციურ ველში რთავს მაყურებელთან. ახლა მას ბევრი ხედავს. სიმამრი {კრეონი} ქუჩის კუთხემდე უნდა მივიდეს, სადაც მანქანა და მძღოლი ელოდება. სიმამრი [კრეონი) ჩერდება, რაღაცას ამბობს, ისევ გარბის, ჩერდება, რაღაცას ამბობს და ისევ გარბის… თავს ვერ იკავებს, ამ დროს, გააფრთხილეს (ქალიშვილმა გააფრთხილა), რომ ბევრი არ ილაპარაკოს. თუმცა მისი სტატუსის მიუხედავად, უკვე იმ ასაკშია, როცა ადამიანს ფეხებზე კიდია, ვინ რას იფიქრებს მის გამონათქვამებზე. ყოველ შემთხვევაში, ის თვლის, რომ მან, დიახაც, უკვე მოიპოვა ისე ლაპარაკის უფლება, როგორც მოესურვება…

სიმამრი {კრეონი}. … ყოველთვის ვოცნებობდი, თქვენ რაღაც გეკითხათ და მე აი, ასე გამეცა თქვენთვის პასუხი: უკომენტაროდ…

… ვხუმრობ. ეს იუმორია… თქვენ იუმორს გადაეჩვიეთ. ჩემი თაობის ხალხი ბევრს ხუმრობდა, ბევრს ვმასხრობდით, გვიხაროდა ცხოვრება… ლამაზები და ჯანმრთელები ვიყავით, თუმცა არც ახლა დაგვეწუნება რამე… ყოველ დილით ტენისს ვთამაშობ ცნობისათვის… ღონიერი ფეხები მაქვს, ვერ დამეწევით… მე ომის თაობა ვარ, ბომბები გვცვიოდა თავზე, მაგრამ მაინც ვახერხებდით ანეკდოტების მოყოლას… ყველას ჯინაზე! აი, ასე… მტრების ჯინაზე, ანუ! მოგიყვეთ ჩემი ბავშვობისდროინდელი ანეკდოტები? არა, ახლა არ შემიძლია – ანეკდოტების მოყოლას განწყობა ჭირდება… ჰეგელი ბრძანებს: ხუმრობა მაშინ არის შესაძლებელი, როცა ადამიანი კარგ ხასიათზეა… ეს გავითავისოთ… აი, მე ხომ ვიცი, ჭკვიანურ რაღაცას ვიტყვი და მაინც და მაინც ამას ამოჭრით! კარგად გიცნობთ…

უკომენტაროდ!

… რატომ მეჯახებით, ყმაწვილო?.. ეს კერძო დავაა, მე არ მეხება, ზრდასრული ხალხია, თავად მოაგვარებენ ყველაფერს… მათ პირად საკითხებზე არ ვლაპარაკობ… ეს „მათ” მნიშვნელოვანია…  ყურადღება მივაქციოთ ამ სიტყვას… მე არ ვიცნობ ამ ქალს! ცუდია, რომ ოჯახი დაინგრა, მაგრამ ყველას თავისი ბედი აქვს… იცით, რას გეტყვით?! არა, არ მინდა! ქალიშვილი მისაყვედურებს… უკომენტაროდ…

მძღოლი!.. სადაა ჩემი მძღოლი?! მე უცხოელი მძღოლი მყავს – გადაუღეთ თუ არ გჯერათ… უცებ გამოარჩევთ სახით… რასისტი რომ ვგონივარ ვიღაც პროვოკატორებს! კითხეთ ჩემ მძღოლს, რამხელა ხელფასი აქვს…

მომისმინეთ, მე გულწრფელი კაცი ვარ, ჩემი ქალიშვილი ზრდასრული ქალია… ჭკუას ვერ ვასწავლი, სიყვარული სიყვარულია, შეუყვარდათ ერთმანეთი, რა ქნან?! უკომენტაროდ!

… და რა შუაშია ჩვენი პარტია?.. ეს პარტია ჩემი შვილობილია, მე მისი ერთ-ერთი მამა ვარ… და დედაც, სხვათა შორის!.. აი, ამ ხელებით ვაშენე მთელი ოცი წელი, მეტიც… სხვებთან ერთად, ცხადია… და რა, ცუდი ჩავიდინეთ რამე? ბოდიშს ვიხდი მართლა… ხალხმა ჩვენ მოგვცა ხმა! ჩვენ გავიმარჯვეთ! რეფერენდუმმა ყველაფერი შეცვალა… აი, ესაა მთავარი…

მე აღარ უნდა ვეძებო ჯობეში ეს ვითომ ზრდილობიანი სიტყვები, და კიდევ შიშით არ უნდა ვუყურო ვიღაც ჭკუისკოლოფ ლაწირაკებს, ვიღაც მატრაკვეცა ბიჭ-ბუჭებს, რომ შენიშვნა არ მომცენ: აბა, ასე ნუ ამბობ, ასე ლაპარაკი არ შეიძლება! ნუ ხარ უზრდელი! ვინ ხარ შენ, მე რომ ჭკუას მასწავლი?! რა გიცხოვრია? რა გინახავს? როგორც მინდა, ისე ვილაპარაკებ, მორჩა!.. აი, კაცი… იქით – ტროტუარზე… გამარჯობა! ხელს ვუქნევ… მიღიმის… რა ფერია? თქვენ გეკითხებით… აი, მაღაზიასთან რომ დგას… შავი კანი აქვს, არა? შავია, ფაქტია… დალტონიზმით კი არ ვარ დაავადებული… მაგრამ ზანგია, მეგობრებო! ზანგო, გამარჯობა! აი, ვუძახი… მესალმება, ხედავთ? სალამი, ზანგო, ხომ?! ჩვენ მტრები არ ვართ… შესაბამისად, არ წყინს ეს ზანგი… ამ დროს, როგორ უნდა მეთქვა?! გამარჯობა, აფრო-ამერიკელო, არა?! საზიზღრობა, კინაღამ კბილის პროტეზი გადმომივარდა პირიდან… ვხუმრობ… იუმორია ეს, კარგი სტომატოლოგი მყავს… მაგრამ ზანგზე არ ვხუმრობ! მინდა და ვამბობ: ზანგო! შავო… იმიტომ რომ შავია… ეს ფაქტია და არა შეფასება, გამიგეთ?

კიდევ ერთი მაგალითი და ვჩუმდები, თორემ მისაყვედურებენ! ვინ იყო ჩვენი ქალაქის წინა მერი? რეფერენდუმამდელი… თქვენ გეკითხებით, დიახ… გვარი და სახელი არ მინდა… კაცი იყო თუ ქალი? კაცი, მართალია… ყოჩაღ!.. და ცოლად ვინ ყავდა? ცოლი გახსოვთ ამ კაცის? ცოლი, დიახ… ა, არ მეუბნებით… იმიტომ რომ ცოლიც კაცი ყავდა! ვითომ არ გახსოვთ… ჰოდა ხომ ვიძახეთ, კარგია, ლამაზია, პროგრესულია… მაგრამ მე არ ვამბობდი, რადგან მე მრცხვენოდა, რომ ამ კაცს კაცი ყავდა ცოლად… თუ ქმრად, ჯანდაბა! იმიტომ თქვენ მე მიკრძალავდით… სირცხვილს მიკრძაკავდით, დიახ!.. აი, თქვენ! და თქვენნაირი მატრაკვეცები… რამეს ვიტყოდი და უი, როგორ დაჩაგრეს, უი, რა უქნეს… ამიტომ პირში წყალი მქონდა ჩაგუბებული… მაგრამ ვიწვოდი სირცხვილისგან, როცა ეს ორი კაცი ტუჩებში კოცნიდა ერთმანეთს… კაცი – ორი, აი, ასე… პირდაპირ… არაჰიგიენურად, ჩემი აღქმით… კოცნიდნენ, დიახ! ჩემი თვალით ვნახე რამდენჯერმე… საჯაროდ…

აგერ ჩვენგან ათ კილომეტრში ქალი ყავდათ მერად და ამ ქალს კიდე ქმარი ყავდა ჩვეულებრივი… და მე რატომ უნდა მყოლოდა კაცი კაცით? და რატომ უნდა მომჩვენებოდა ეს ამბავი ნორმალურ მოვლენად, როცა არ იყო ჩემთვის ეს ნორმალური?! მე მრცხვენოდა ამის, გამიგეთ? პირში წყალი მქონდა ჩაგუგებული…

მაგრამ ეს უხერხულობა, ეს ზიზღი ჩემთან იყო, ჩემში, და არსად არ წასულა…

და აი, დღეს თამამად ვამბობ, რომ მრცხვენოდა, რომ გული მერეოდა, როცა ასეთი გამოხტომების მოწმე ვხდებოდი… ჰოდა აი, ახლა შეუფარავად, შეულამაზებლად ვამბობ, რადგან ვიცი, რომ ეს არაა სირცხვილი, რადგან აღმოჩნდა, რომ უმრავლესობა ჩემ მხარესაა, უმრავლესობამ დემოკრატიული წესით გამოხატა თავისი აზრი… რომ რცხვენია, როცა კაცს – ვთქვათ, ქალაქის მერს – კაცი ყავს ცოლად… თუ ქმრად… ეს თვითონ გაარკვიონ!.. და აი, როცა ხედავს, ვთქვათ, ზანგს, არ უნდა გაახსენდეს სიტყვა „აფროამერიკელი”! რეფერენდუმის მერე შეუძლია სიტყვა ზანგი გაახსენდეს და არა ეს… გაახსენდეს, ვთქვათ, მამათმავალი ან… კიდევ უფრო ზუსტი… როგორც ჩემ ბავშვობაში ვამბობდით… არ მინდა ახლა აქ…

ეს რეფერენდუმმა მოიტანა! თუ დემოკრატიაა და პატივს სცემენ ჩვენ ხმებს, კაცმა აღარ უნდა გვაჩვენოს, რომ კარგია, როცა სხვა კაცს ხმარობს… ანუსის გზით, სამედიცინო ენით რომ ვთქვათ… აი, ასე… ბოდიში…

…ეს დეტალია, კი… მაგრამ ეს ჩემი წუხილია… რადგან საზოგადოებრივი წუხილი არსებობს, საზოგადოებრივი შიში, შფოთვა…

უკომენტაროდ!..

ჩამოვთვალო შიშები? გითხრათ, კიდევ რისი გვრცხვენოდა? ამაზე პასუხი გაგცათ რეფერენდუმმა!

…მე არ მომწონს, რომ იმ ქუჩაზე, სადაც მე გავიზარდე, ძველი აფთიაქი დაკეტეს და საქაბაბე გახსნეს უცხოელებმა!.. ჩამოსულებმა… და იქვე საჩაიეც – მწვანე კედლებით… ჩემ ძველ ქალაქში, ჩემ სახლთან, საიდანაც ყველა ჩემი ძველი მეზობელი აიკრიფა და სადღაც გადასახლდა… და რატომ? ამას ხმამაღლა არც იტყოდნენ რეფერენდუმამდე… მაგრამ ვეღარ ცნობდნენ ქუჩებს, მოედნებს და გარემოს, რადგან ეს გარემო უცხო კულტურამ… არა, ბოდიში, უკულტურობამ შერყვნა… დიახ!.. აი, ასე! შერყვნა! თქვენ ხმარობთ ასეთ ძველ და ლამაზ სიტყვებს? შერყვნა, შებილწვა, შელახვა… აი, რეფერენდუმის მერე ყველა იხმარს, ასეთ სიტყვებს ყველა გაიხსენებს… უკომენტაროდ! ომარ!.. აი, რა სიმპათიური მძღოლი მყავს! ამას ისე კი არ ვამბობ, როგორც ჩვენი ექს-ქალაქის თავი… მამაკაცურად ვაფასებ მამაკაცის სიმპათიურობას და გაჩვენებთ, რომ მის მიმართ უაღრესად კეთილგანწყობილი ვარ… მერე რა, რომ უცხოელია! მე აგრესიული უცხოელები არ მომწონს ჩემ ქვეყანაში, თორემ პატიოსან და მოწესრიგებულ ხალხს არაფერს ვერჩი!.. მომკლავს ჩემი ქალიშვილი!.. უკომენტაროდ!.. მაგრამ ან გადაკეთდნენ, ან ჩვენ დაგვემსგავსონ ან დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში, ყველგან გახსნან თავიანთი მწვანეკედლებიანი საჩაიეები… დიახ… უკომენტაროდ!.. მაგრამ მე მივესალმები პოლიტიკის გამკაცრებას მათ მიმართ… პოლიტიკა მკაცრი უნდა იყოს და არა ჩვენი ექს-ქალაქის თავისნაირი ქალაჩუნა და მთხლე… აი, ასე… რა იყო ეს – ჰაეროვან კოცნებს რომ გვიგზავნიდა და მერე თავის ქმარს თუ ცოლს კოცნიდა?! გული მერეოდა! დიახ, მე მომწონს ახალი კანონები! აი, ასე!.. უკომენტაროდ! ომარ! მე ჩემი საპატიო სტატუსი მაქვს ჩემ პარტიაში, მაგრამ კანონშემოქმედებით საქმეებში არ ვერევი, ეს ყველამ იცის… რეფერენდუმი ჩატარდა, დემოკრატიამ გაიმარჯვა, დანარჩენი – პირადი საკითხია! ამ შემთხვევაში არავის არ აღელვებს, ვინ ვისი ცოლი იყო და როდის და საიდან ჩამოიყვანა! ნუ ბუქავთ ყველაფერს… მიმიშვით ჩემ მძღოლთან!.. ომარ, სალამ ალეუქუმ! გაიგონეთ, როგორ მივესალმე?!

3.

ს. დ. ზ. ანუ სპეციალური დახურული ზონა.

სპეციალურ ზონაში ყოფნის მიუხედავად, ცოლი {მედეა} მუდმივ ცოცხალ კავშირშია ქოროსთან – საზოგადოების ყველაზე მგრძნობიარე ნაწილთან, რომელსაც თითქმის ყოველწამიერად აბარებს ანგარიშს. ეს, ცხადია, სიტყვიერი (მედია) კომუნიკაციაა, რომელიც ქმედით იარაღად ქცეულა ცოლის {მედეას} ხელში.

ცოლი {მედეა}. აქ ხართ? კარგად მხედავთ?..

…აი, ახლა საემიგრაციო სამსახურის საგანგებო საქმეთა აღმასრულებელი მეწვევა და თქვენ თვითონ ნახავთ, რას და როგორ ვიზამთ. შეგახსენებთ, ეს ჩემი სურვილი იყო, რომ ყველაფერი საჯაროდ მომხდარიყო – რათა ყველას ყველაფერი კარგად დაენახა… უნდა გენახათ, როგორ მექცეოდნენ… და თქვენ რომ არა, გადამთელავდნენ, და შეიძლება ახლაც გადამთელონ… ჯერ არაფერი დასრულებულა…

შეგახსენებთ, რომ უკვე ორი კვირაა აქა ვარ, რადგან ორი კვირის წინ ჭკვიანი და წესიერი ადამიანების რჩევით შევიტანე სარჩელი სასამართლოში, სწორედ ამ პროცესის გამო დროებით გადაიდო კანონის აღსრულება… თორემ უკვე ორი კვირის წინ აღასრულებდნენ კანონს. ეჭვი არ მეპარება…

ახლა ვადა… ეს ყველამ იცის: დღეს შუაღამის თორმეტ საათამდე. თვრამეტ საათზე სასამართლოა. აქედან გადამიყვანენ… სპეციალური აღჭურვილობით, ცხადია, რადგან, თურმე, ქუჩაში გასვლის უფლება არ გვქონია… არა, მე კი შემიძლია გავიდე, და დარწმუნებული, ხელის ხლებას ვერ გაბედავენ, მაგრამ მე არ მინდა ამ წესების დარღვევა… გესმით, არა?

ჩემი შვილები ამწუთას შორს არიან ჩემგან… ჩემი ნებით, ცხადია… რეფერენდუმამდელი ნებით, ანუ თავისუფალი ნებით, ამას ვგულისხმობ… უფროსი სპეციალურ სკოლაშია, უმცროსი – სპეციალურ საბავშვო ბაღში… აქ ყველაფერი სპეციალურია…

…მადლობა მხარდაჭერისთვის! აი, რამდენი წუთია, რაც ვლაპარაკობ და ამ დროისათვის უკვე რვა ათასზე მეტი დამფასებლის თვალსაწიერში ვარ… კიდევ უფრო მეტი ადამიანი იზიარებს ჩემს სიტყვებს… თქვენ მე მიყურებთ და ამ გზით მიცავთ… თქვენი არსებობით, თქვენი დამოწმებით, რომ აქ ხართ, ჩემს გვერდით! ჩემს თავს ერთმანეთს უნაწილებთ, ერთმანეთს უზიარებთ ჩემს პრობლემას… მე ვიტყოდი, არაექსკლუზიურ პრობლემას, რადგან მე არ ვარ გამონაკლისი.. და აი, ამ გაზიარებით მფარველობთ! მომიწონეთ, რადგან ეს მე გადამარჩენს!.. მომიწონეთ!

მაგრამ მაინც ვღელავ, რაც ბუნებრივია…

იცით, ბევრი ამბობდა, რომ არც რეფერენდუმი იქნებოდა და არც ამ სპეციალურ ზონებს გახსნიდა ვინმე, მაგრამ ერთიც მოხდა და მეორეც: მე აქ ვარ… ძველი დანაშაულიც გამიხსენეს… დანაშაული ბრჭყალებში… არალეგალურად რომ ვიცხოვრე თოთხმეტი წელიწადი… ეს მუდმივი და არახანდაზმული დანაშაული ყოფილა… დიახ, მაინც და მაინც მე მქონია ჩადენილი მარად-ახალგაზრდა დანაშაული… რატომ და როგორ ვიცხოვრე ეს თოთხმეტი წელიწადი არალეგალურად, არ აინტერესებთ… აი, მოვიდა… მოითმინეთ…

შემოდის საიმიგრაციო სამსახურის საგანგებო საქმეთა აღმასრულებელი, რომელმაც არ იცის, უნდა შეიმჩნიოს თუ არა მუდმივად თვალისმდევნელი იდეალური ქორო.

უყურეთ! ახლა უწყებას გადმომცემს, გაფრთხილებას, რომ ამ ქვეყნის ტერიტორიაზე დარჩენის უფლება შუაღამის თორმეტ საათამდე მაქვს.

თუკი, ცხადია, სასამართლო არ გამომიტანს ღირსების შეურაცხმყოფელ განაჩენს… (აღმასრულებელს) გადმომეცით უწყება, გთხოვთ… თქვენ ახლა ხალხი გიყურებთ! ვიცი, თქვენ არაფერ შუაში ხართ, თქვენ თქვენს საქმეს ასრულებთ, თუმცა თუკი უსამართლობას გააპროტესტებთ, თქვენს ინდივიდუალობას გამოავლენთ და არც მე ჩაგთვლით უსახო ბიუროკრატიული მანქანის ერთ-ერთ უსულო ჭანჭიკად და არც საზოგადოება, რომელიც ახლა გვიყურებს…

აღმასრულებელი. მე თქვენთვის შეურაცხყოფა არ მომიყენებია.

ცოლი {მედეა}. უი, ენაც ქონია… (ქოროს) ეტყობა, თქვენმა დანახვამ გამოაცოცხლა… როგორც წესი, ამ ზონაში ჟესტების ენაზე ვურთიერთობთ… ტყუილა ვეკითხები, მაინც არაფერს მიპასუხებს, აზრი არ აქვს…

აღმასრულებელი. რატომ? გისმენთ. მე უფლებამოსილი ვარ ყველაზე შეკითხვაზე გაგცეთ პასუხი. კანონი ამას არ კრძალავს

ცოლი {მედეა}. …მხოლოდ თორმეტ საათამდე. არა, მაშინ ამაზე მიპასუხეთ: რა უფლებით მაგდებთ ქვეყნის ტერიტორიიდან? იმ სივრციდან, სადაც ჩვიდმეტი წლის წინ ჩამოვედი… ბოდიში, ჩამომიყვანეს… სადაც გავთხოვდი, გავაჩინე შვილები… უკაცრავად, გავუჩინე შვილები… არა, გაგიჩინეთ შვილები… (ქოროს) მადლობა… ქებისთვის არ ვამბობ, ფაქტს ვკონსტატირებ… (აღმასრულებელს, რომელსაც რაღაცის თქმა უნდა)

ერთი წუთით, დავასრულებ… სადაც მთელი ჩვიდმეტი წელი ვიმუშავე, ვიხადე გადასახადები…

აღმასრულებელი. ბოლო სამი წელი.

ცოლი [მედეა]. არა…

აღმასრულებელი. (ხსნის საქაღალდეს, რომლითაც მოვიდა) კი. თქვენ სამი წლის გაჩნდით, როგორც გადამხდელი.

ცოლი [მედეა}. აი, ეს ჩემ ქმარს უნდა კითხოთ, რა გამოვიარეთ… ბოდიში, ყოფილ ქმარს… ასე მთხოვა, რომ აღარასდროს მომეხსენიებინა აწმყოში… (ქოროს) ყველაფერს ვყვები, პირი მოვაღე…

აღმასრულებელი. სახელმწიფო ვერ ხედავს თქვენს პირად ცხოვრებას. ეს ჩვენ არ გვაინტერესებს.

ცოლი {მედეა}. ეს რა ლექსიკაა, ვითომ რატომ არ უნდა გაინტერესებდეთ! (ქოროს) ხომ უნდა აინტერესებდეს? აი, ხალხია აქ… ბოლოს და ბოლოს, ამათ აინტერესებთ… ჩვიდმეტი წლის წინ მე ომს გამოვექეცი ჩემი ქვეყნიდან… ჯერ ზღვით ვცადეთ – არ გამოვიდა, მერე ხმელეთით… მთებით… ყინვაში. ხალხი გზა და გზა იხოცებოდა… ასე ეყარნენ პირდაპირ, გზაზე… ჩემ ქმარს… ბოდიში, ყოფილ ქმარს – დავიცვათ ეთიკა! – თავისი მიზნები ჰქონდა კავკასიაში… მოდი, აქაც დელიკატურები ვიყოთ და ვთქვათ, რომ დასაქმებული იყო… ჰუმანიტარულ ფონდში. ძალიან გთხოვთ, ყურადღებას ნუ მიაქცევთ ჩემს ირონიულ ტონს, ეს ბოლოო თვეებია ასე ვლაპარაკობ… თავდაცვაა, ალბათ. მე მადლობელი ვარ ამ ადამიანის… (აღმასრულებელზე) ამის არა, ჩემ ყოფილ ქმარს ვგულისხმობ! ჩვენ ბევრი რამე გამოვიარეთ ერთად… და შემიძლია პირდაპირ ვთქვა: ეს მან გადამარჩინა… გადამარჩინა მისმა სიყვარულმა, დიახ!.. ვიცი, ამ სიტყვებს ახლა თქვენი მოწონება მოჰყვება, მაგრამ მოწონების გამო არ ვამბობ, გულწრფელი ვარ… ომი წარსულში დარჩა… და სიყვარულიც, პრინციპში… თუმცა წარსული არაა მნიშვნელოვანი, წარსულზე არ ვილაპარაკებ… უფრო სწორად, წარსულზე მხოლოდ იმ შემთხვევაში ვილაპარაკებ, თუკი წარსულში დამაბრუნებენ! წარსულში, დიახ… ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე… ჩემი ქვეყანა, ანუ ის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ოლქი, საიდანც მე ვარ, ახლა დაპყრობილია, იქ ჩვენი მტრის სამხედრო შენაერთებია განლაგებული… შესაბამისად, ან მონობა მელის –

არც ვიცი, სხვა რა სიტყვა ვიხმარო – მონობა, დიახ… ან სიკვდილი!.. ეს დიდი ისტორიაა… ესე იგი, რას ვამბობ, ვამბობ, რომ დასაბრუნებელი არსად მაქვს… აი, ამას ვუხსნი ამ ხალხს…

და კიდევ ერთი: აქ ითქვა, თითქოს მე არალეგალური სტატუსით ვცხოვრობდი… მე ასე ვიცხოვრე ჩამოსვლიდან მხოლოდ ექვსი თვე… ესე იგი, იმ დღიდან, რაც პოლიტიკური თავშესაფარი მოვითხოვე და მანამდე, სანამ დევნილის სტატუსს მივიღებდი… აქამდე კინაღამ დამიჭირეს ოღონდ და ძლივს გადავრჩი. ეს ცალკე ამბავია… ჩემ ცხოვრებაში ბევრია პარალელური ამბავი… ათი თავი უნდა მქონდეს და ერთდროულად ვყვებოდე ათ სხვადასხვა ამბავს… დიახ… (აღმასრულებელს, რომელიც რაღაცის თქმას აპირებს) ერთი წუთით… შემდეგ ხელი მოვაწერეთ, მე ავიღე პასპორტი…

აღმასრულებელი. …წლების მერე.

ცოლი {მედეა}. დიახ, რა მნიშვნელობა აქვს…

აღმასრულებელი. ის მნიშვნელობა აქვს, რომ წლები არ იხდიდით გადასახადს. არალეგალური შემოსავალი გქონდათ.

ცოლი {მედეა}. ნამცხვრებს ვაცხობდი საახალწლოდ და ახლობლებთან ვყიდდი სიმბოლურ ფასად. ამას გულისხმობს… კარგი, ეს დანაშაულია… ვაღიარებ, ბოდიში.

აღმასრულებელი. ე. წ. ბიოდენების ბიზნესი.

ცოლი {მედეა}. სისულელე! (ქოროს) გესმით, რას ამბობს?! კოვზის გაჩერება შემიძლია ხელისგულზე, მიცხელდება სასწაულად, მხარი ან კისერი თუ აქვს ვინმეს გაშეშებული, ცოტას ვშველი… ეს რაღაცნაირი ბუნებრივი მხურვალებაა… სხეულის, ასე ვთქვათ. ყოველგვარი მეტაფორიზმის გარეშე… ჰოდა აი, ეს ბატონი ამ მასაჟების გამო მსაყვედურობს… უკაცრავად, რა უნდა გადამეხადა? სად? ჩემი ქმარი მუშაობდა და იხდიდა… ორი შვილი გავუჩინე… ჯამში, თვრამეტი თვე ვიყავი ფეხმძიმედ. ცოტაა?.. ამაში მართალი ხართ – ბიუროკრატებმა წლები არ მაღირსეს პასპორტი… სულ რაღაც დროებითი საბუთები მქონდა… ამ დროს რამდენს ვლანძღავდი ლიბერალების მთავრობას – როგორ ვერ ვიტანდი ამ საცოდავ, უფხო და ძალაგამოცლილ ხალხს… იმპოტენტებად მოვიხსენიებდი… თუმცა, თურმე, სად ვარ, ვის ვლანძღავ?! ახალმა კანონებმა ყველაფერი გამიუქმა… ჩემი საბუთები ცარიელი ქაღალდია… ძირძველი მოქალაქე უნდა იყო, ადამიანად რომ გაღიარონ… ხელები, ფეხები და თავი საკმარისი არაა, აქაური დაბადების მოწმობაა საჭირო… (აღმასრულებელს) მომეცით! (ქოროს) ახლა სასაზღვრო უწყებას მომცემს…

აღმასრულებელი (აძლევს ვარდისფერ ქაღალდს). ინებეთ. კანონის შესაბამისად, გეძლევათ წინადადება, რომ არა უგვიანეს ოცდოთხი საათის და ნოლ-ნოლ წუთისა დატოვოთ გაერთიანებული ევროპის ტერიტორია…

ცოლი {მედეა}. მეძლევა წინადადება… და თუ არ დავტოვებ, მაშინ? (ქოროს) უსმინეთ…

აღმასრულებელი. ცირკში არა ვართ…

ცოლი. {მედეა} ზოოპარკში ვართ! დაასრულეთ წინადადება…

აღმასრულებელი. მე ჩემ მოვალეობას ვასრულებ, ნუ უზრდელობთ…

ცოლი {მედეა}. თქვენ სახელმწიფო ხართ – ნერვები არ უნდა გქონდეთ, ამიტომ ნუ გწყინთ. თუკი ჩემი ნებით არ წავალ, მაინტერესებს, რას მოიმოქმედებთ?

აღმასრულებელი. სახელმწიფო იძულებული იქნება, ძალას მიმართოს.

ცოლი {მედეა}. და თქვენი ახალაშენებული გალავნიდან გადამაგდებთ თუ სასაზღვრო ღობესთან დამტოვებთ?

აღმასრულებელი. თქვენ ძალით დაგატოვებინებენ ტერიტორიას.

ცოლი {მედეა}. და მერე სად წავალ?

აღმასრულებელი. ეს ჩვენ არ გვეხება. თქვენს შემდგომ გადაადგილებაზე სახელმწიფო პასუხს არ აგებს.

ცოლი. {მედეა} პირადად თქვენ?

აღმასრულებელი. მე აქ სახელმწიფოს მაგივრად გპასუხობთ, და უკვე დაუშვებლად ბევრს ვლაპარაკობ.

ცოლი {მედეა}. თქვენ თქვენი ჭკუა არ გაქვთ?

აღმასრულებელი. არ მაქვს.

ცოლი {მედეა}. ანუ უჭკუო ხართ? (ქოროს) უსმენთ?

აღმასრულებელი. მაქვს… მაგრამ ამ შემთხვევაში მე ჩემ ჭკუას არ ვიყენებ, რადგან არც არის საჭირო.

ცოლი {მედეა}. ანუ უგულოც ხართ?

აღმასრულებელი. მე აქ კანონს წარმოვადგენ. გული მაქვს, ცხადია… თუმცა ეს პირადი საკითხია. უბრალოდ, მე თქვენს პროვოკაციულ შეკითხვებს არ ვპასუხობ.

ცოლი {მედეა}. თუკი გამაგდებთ, გამატანთ თუ არა ჩემს შვილებს?

აღმასრულებელი. ამას სასამართლო გადაწყვეტს.

ცოლი {მედეა}. ისინი მე გავაჩინე. სადაც მინდა, იქ წავიყვან.

აღმასრულებელი. ამას უკვე მე გიპასუხებთ და არა სახელმწიფო…

ცოლი {მედეა}. ეს საინტერესოა…

აღმასრულებელი. მათ ყავთ მამაც. და ჯობია მამასთან დარჩნენ, რადგან ობიექტური პირობების მიხედვით, ეს მათთვის უკეთესი იქნება. მაგრამ ეს, ვიმეორებ, ჩემი აზრია…

ცოლი {მედეა}. რატომ? რადგან მამას ახალი კანონი არ შეეხება?

აღმასრულებელი. საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებთ, თანაგრძნობის გამოწვევას ცდილობთ. კანონი კანონია. არსებობს წესები, რომელთაც ყველანი უნდა დავემორჩილოთ. ჩვენ უკვე საუკუნეებია ასე ვცხოვრობთ.

ცოლი {მედეა}. ამ კანონებით?

აღმასრულებელი. ზოგადად… კანონებით!

ცოლი {მედეა}. და კანონი რომ იყოს, ვთქვათ, არ ვიცი… ჩემი ქვებით ჩაქოლვა, ჩამქოლავთ.

აღმასრულებელი. ასეთი კანონები არ გვექნებოდა, რადგან ტრადიციულად არავინ ჩაუქოლავთ ქვებით ევროპაში. ეს არ ახასიათებს ჩვენს ცივილიზაციას.

ცოლი {მედეა}. ანუ თქვენ ტრადიციების მიმდევარი ხართ?

აღმასრულებელი. მე არავის და არაფრის მიმდევარი არ ვარ, მე კანონებს მივ…

ცოლი {მედეა}. კარგით, ეს გავიგე, რომ არც ტვინი გაქვთ, არც გული და არც არაფერი… აი, თქვენი კანონები… ერთი წუთით… (ხსნის თავის საქაღალდეს, რომელიც ძირს ედო. იქიდან ერთ ცალ ფურცელს იღებს) (კითხულობს) „დაცულობის და უსაფრთხოების მიზნით, შემოსულებს აღმოსავლეთ და ქვემო ევროპიდან, ჩრდილო და სამხრეთ, დიდი და მცირე აზიიდან, ჩრდილო და ცენტრალური აფრიკიდან და ამერიკიდან, არალეგალურად მცხოვრებთ ცენტრალურ, ზემო და ქვემო ევროპაში არა უმეტეს ოცდაათი წლისა, სამუდამოდ ეკრძალებათ ხსნებულ ტერიტორიაზე გადაადგილება. აღნიშნულად დეფინიცირებულებს ეძლევათ ოცდაათი დღე, რათა მათ შეუფერხებლად დატოვონ გაერთიანებული ევროპის საზღვრები, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონის მთელი სიმკაცრით იქნებიან დასჯილნი… და ესეც… (კითხულობს) განკარგულება ნომერი სამას ერთი: „გამმიჯნავი კედლის საძირკვლისთვის ბეტონის ჩადება ევროპის ჩრდ.-სამხ.-აღმ.-დას. სრულ პერიმეტრზე… მანამდე შესაბამის ევრო-სტრუქტურებს დაევალოთ დროებით გამმიჯნავი მავთულ-სარტყელის გავლება. პერიმეტრი – იმავე. ჩრდ.-სამხ.-აღმ.-დას.” ოცდაათი წელი… ჩემი ჩვიდმეტი წელი არაფერს ნიშნავს! (აღმასრულებლისკენ იყურება) მოდი აქ, მოდი!

აღმასრულებელი. გეთაყვა, ტონს დაუკვირდით…

ცოლი {მედეა}. თქვენ არ გეუბნებით… (ვიღაცას მიმართავს) შემოდი! (აღმასრულებელს) მე სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდები – ჩემი შვილის გარეშე არსად არ წავალ. მოდი!

შემოდის ძიძა.

დამიდექი გვერდზე. ეს ჩემი შვილების ყოფილი ძიძა… უსაყვარლესი ქალი. ეს ორი კვირა ჩემთან დარჩა… ზონაში. მიერთგულა. (ძიძას) მიესალმე საზოგადოებას.

ძიძა თავს უხრის ქოროს.

ის ოცდათოთხმეტი წელია აქ ცხოვრობს, ანუ მას არ შეეხება ახალი კანონი, თუმცა ენა არც უსწავლია ნორნალურად, ძლივს მეტყველებს, ასოციალურია… თავის დროზე საბარგულში შეწვა და ისე შემოვიდა ევროპაში. კინაღამ გაიგუდა საზღვარზე. მაგრამ გადარჩა… (ძიძას) უთხარი რამე ამ ხალხს!

ძიძა. თქვენ არის გმირი ქალი-ადამიანი.

ცოლი {მედეა}. მაქებს, ვუყვარვარ… (აღმასრულებელს) საოცარი გული აქვს, დიდი… თქვენგან განსხვავებით.

აღმასრულებელი. ნუ მაყენებთ შეურაცხყოფას.

ცოლი {მედეა}. სახელმწიფოს ვაყენებ და არა თქვენ… ჩემი გულშემატკივარი გამიგებს. მე არ ვაკნინებ ამ ქალს, მაგრამ ახლა უნდა ავხსნა, რატომ გეშინიათ ჩემი და არა მისი! ოღონდ ძალიან მინდა, დელიკატური ვიყო…

ეიფორიულ მდგომარეობაში ვარ, რაც ბუნებრივია, რადგან უკვე მეთოთხმეტე დღეა აქ ვცხოვრობ, საერთო საშხაპეში ვბანაობ და საერთო სასადილოში ვჭამ… უფრო სწორად, არც ვჭამ, მადა არ მაქვს, ძალით ვიტენი რამდენიმე ლუკმას, ენერგია რომ მქონდეს…

მოკლედ, არ მინდა ახლა ამაზე…

…დავუბრუნდეთ ჩვენს საკითხს: თქვენ ჩემი გეშინიათ, მისი კი არა. რატომ? ანუ რატომ ვარ მე პრობლემა და არა ის? ჩემი აზრით, ის სულაც არაა მნიშვნელოვანი, ვის რამდენი წელი უცხოვრია ევროპაში… სინამდვილეში, ძაღლის თავი სულ სხვაგანაა ჩამარხული… და ამ ძაღლს კომპლექსები და შიშები ქვია… ახლავე ავხსნი, რას ვგულისხმობ… ხალხი გვემატება და გვემატება, რაც ძალიან მახარებს… პრობლემა ჩემი წარმატებულობაა, ჩემი ზრდა, ჩემი კონკურენტუნარიანობა… მე შესანიშნავად ვფლობ თქვენს ენას, მაქვს C-ერთიც, B-ერთიც და U-ერთის სერტიფიკატიც… ენებს ჯერ კიდევ სკოლაში ვსწავლობდი, ომამდე, ჩვენთან… სოციალური გავხდი, მე ვიტყოდი, ზე-სოციალურიც კი… ოთხჯერ გამოვედი რადიო-ეთერში… მე მოვხვდი რამდენიმე ცნობილ ჟურნალში, როცა ჩრდილო-სკვითებმა ბოლო ომი წამოიწყეს კავკაშიაში… ესე იგი, ექსპერტად დავჭირდით… როცა მუშაობა და, შესაბამისად, გადასახადების გადახდა დავიწყე – მანამდე, მოგეხსენებათ, ნამცხვრებს ვაცხობდი და გაშეშებულ კისრებს თუ მხრებს ვუზელდი ჩემი ექს-ქმრის მეგობრებს… მე ხელისგულზე ვიწებებ კოვზებს და ჩანგლებს… მოკლედ, როცა მუშაობა დავიწყე, აღმოჩნდა, რომ ბევრზე სწრაფად შემიძლია წინ წაწევა… ვგულისხმობ კარიერას… და ულტრა-ნაციონალისტები რომ არ მოსულიყვნენ რეფერენდუმის მერე ხელისუფლებაში, კიდევ უფრო წინ წავიდოდი, სულ წინ და წინ… მაღლა, დიახ!.. თქვენზე ბევრად მაღლა, ახალგაზრდავ… თქვენი ასაკი არ ვიცი, ბოდიში… ანუ მე – საშიშად მაღლა… მაშინ, როცა ეს გადასარევი ქალი ისევ მომვლელად და ძიძად დარჩება…  როგორც ოცდათოთხმეტი წლის წინ იყო! უენოდ… გარეუბანში… ის თქვენ მუდმივად დაბალ სოციალურ საფეხურზე გედგებათ… მონად! ბოდიში, ერთი ადგილის გამომბანად მოხუცებისთვის…

ძიძა. დიდი ქალი – დიდი ცრემლი არის…

ცოლი {მედეა}. კი… აი, ასე! ეს სულ მრეცხავად, დამლაგებლად… არა, მე ყველა პროფესიას პატივს ვცემ, მაგრამ ორმოცი წელი დამლაგებლად ტრაგედიაა, არა? მე ასე ვხედავ, შეიძლება ვცდები… წმინდა სოციალური თვალსაზრისით… ანუ თქვენ არ გეშინიათ, რომ ის თქვენს ადგილს დაიკავებს და დაგჯაბნით, მე კი გაჯობებთ, ჩამოგტოვებთ, და ამიტომ სასწრაფოდ უნდა მომიშოროთ თავიდან, როგორც კონკურენტი და თქვენი ადგილმონაცვლე!

მე მზარდი ვარ, ხოლო ეს ბრწყინვალე და დიდი გულის ადამიანი – არა!..

ამიტომ მას მუდმივი პასპორტი ექნება… და კიდევ ორმოცდაათი წელი იმუშავებს ძიძად… არა, ასი… ღმერთმა ორასი წელი აცოცხლოს! ესენი დიდხანს ცხოვრობენ… გადასარევი ადამიანია… (ძიძას) რამდენი წლის ხარ?

ძიძა. (თითებით აჩვენებს) ოთხი.

ცოლი {მედეა}. არა, ორმოცდათოთხმეტის ხარ. თუ გახსოვს, ჩვენ ეს გამოვთვალეთ… მე გამოვიანგარიშე, რამდენი წლისაა…

ძიძა. კი, ოთხი წლის არის.

ყოფილი ცოლი {მედეა}. კი ბატონო, იყოს. ანუ იყავი ოთხის! შენ კიდევ გაგიმართლა, გენიალური ძიძა ხარ, და ძიძობა დიდი პატივია, მაგრამ, ძალიან გთხოვ, ნუ იტრაბახებ, თქვი, რომ ძიძად მუშაობა ტანჯვაა, ჯოჯოხეთია, თორემ შეაშინებ… უბედური და განუვითარებელი უნდა იყო, თუკი გინდა, რომ არავინ დააფრთხო! მაგრამ არა, ამათ შენი არ ეშინიათ, გინდა ოთხის იყო და გინდა ოთხასის, თუნდაც იმიტომ რომ ასე სასაცილოდ ლაპარაკობ, საშინელი გრამატიკული შეცდომებით, რაც სოციალურ წინსვლაში გიშლის ხელს, მე კი სხვანაირი ვარ, ამიტომ ჩემნაირებს ზიზღით მოისვრიან, რადგან მე ამათ ცხოვრებას წავართმევ, სამსახურს წავართმევ, ხელფასს წავართმევ… და კიდევ ქმრებს… თუ ვიკადრებ ოღონდ… თუმცა ამ მხრივ ჯერჯერობით მე ვარ დაზარალებული… მაგრამ შენ ვერავის ვერაფერს წაართმევ, რადგან შენ ეს ადამიანად არ აღგიქვამს, და არც ქალად…

ძიძა. ოთხი წლის ქალი არის.

ცოლი {მედეა} რა კარგია, რომ ენა არ გესმის! სხვა რაღაცას ვგულისხმობ – ეს შენ უმდაბლეს საზოგადოებრივ ელემენტად გვთვლის, აი ასე ავხსნი… შენ სადღაც ძირში ხარ მისთვის, ქვევით…

აღმასრულებელი. თქვენ რასისტი ხართ.

ცოლი {მედეა}. არა, მე საშიში ვარ.

აღმასრულებელი. ამ ამაზრზენ სპექტაკლში მონაწილეობას აღარ ვაპირებ.

ცოლი {მედეა}. კიდევ ბევრჯერ მოგიწევთ ჩემი ნახვა! აქედან წასვლას არ ვაპირებ! (ქოროს) მიდის… ტაშით გავაცილოთ…

აღმასრულებელი გადის.

ჩემგან ყველა კაცი გარბის. ცხოვრებაში მხოლოდ უგულო და უტვინო კაცები მხვდებიან. (ეხვევა ძიძას) ჩემზე სამი თავით დაბალია, მაგრამ ათჯერ უფრო ძლიერია.

ძიძა. კანონი ცუდი არის, ქმარი ცუდი არის, კარგი ცოლი იყო, კარგი ქალი არის მომავალი…

ცოლი {მედეა}. ჩემზე ამბობს… ახლა უნდა ველოდოთ… წასასვლელი არსად არ მაქვს… მაგრამ თავს არ ვგრძნობ უსუსურად, სოლიდარობას ვგრძნობ, რაც ძალიან მამშვიდებს…

ძიძა. ღმერთი კეთილი არის, ქმარი ცუდი.

ცოლი {მედეა}. …ყოფილი ქმარი. დავიცვათ წესები.

4.

მამა {კრეონი} თავის სამუშაო კაბინეტშია. მძღოლმა ომარმა ძლივს მოახერხა სამთავრობო უბანში შესვლა, რადგან ქუჩები ახალი ხელისუფლებით უკმაყოფილო დემონსტრანტების გამოა გადაკეტილი. დემონსტრანტები დროდადრო სამთავრობო შენობების პიკეტირებით იმუქრებიან, თუმცა ჯერჯერობით არსად ჩანან – ქუჩები ცარიელია.

თანაშემწე ქალიშვილის {გლაუკეს} მოსვლას ატყობინებს მამამისს {კრეონს}, რაც მას ახლა სრულიად უდროოდ ეჩვენება. მით უმეტეს, რომ ხვდება კიდეც, თუ რატომ შეიძლებოდა მოსულიყო მასთან ქალიშვილი…

თანაშემწე. თქვენი ქალიშვილია…

მამა {კრეონი}. სადაა?

ქალიშვილი {გლავკე} შემოსასვლელში დგას.

მამა {კრეონი}. ვაიმე, რა სახე გაქვს…

ქალიშვილი {გლაუკე}. უსმინე შენ თავს?

მამა {კრეონი}. (თანაშემწეს) გეთაყვა, მიხურე კარი… არაფერი მესმის… გარედან ქუჩის ხმაური შემოდის.

თანაშემწე. ქუჩაზე არავინ დგას.

მამა {კრეონი}. …ეტყობა, შინაგანი დაძაბულობის გამო უმცირესი ფაჩუნიც კი ხმაურად მეჩვენება… ვხუმრობ… ღმერთო, ნუთუ შესაძლებელია ადამიანს ასე ეშინოდეს საკუთარი ქალიშვილის… რამე დავაშავე?

ქალიშვილი {გლაუკე}. ყველა კუთხიდან შენი ხმა ისმის…

მამა {კრეონი}. პოპულარული ვარ… (თანაშემწეს) მადლობა…

თანაშემწე. კარს არ მივხურავ, შეიძლება ჩაიკეტოს, გუშინ ერთი საათი ვეწვალეთ, საკეტი აქვს გაფუჭებული…

მამა {კრეონი}. ნუ გეშინია, არ გამლახავს. მე გამოვიყვანე სამშობიაროდან… ვხუმრობ… ანუ მართლა გამოვიყვანე, უბრალოდ კილო მაქვს სახუმარო… მაშასადამე, მისმენენ… მერე რა ვთქვი ასეთი? არ ვიძახე: უკომენტაროდ, უკომენტაროდ?

ქალიშვილი {გლაუკე}. ყველგან შენი ციტატებია…

მამა {კრეონი}. ეს ერთი სიტყვა… უკომენტაროდ. (თანაშემწეს) უღრმესი მადლობა…

თანაშემწე გადის, კარს არ ხურავს.

ქალიშვილი {გლაუკე}. ჩემი პირადი ცხოვრება შენთვის გართობაა?

მამა {კრეონი}. ნუ მაშინებ, მე ზუსტად ვიცი, რომ ზედმეტი არაფერი წამომცდენია, სახლიდან გამოვედი და ომარამდე მდიეს იმ არამზადებმა…

ქალიშვილი {გლავკე}. შენ შემპირდი, რომ ჩემზე და, საერთოდ, ამ სიტუაციაზე არაფერს იტყოდი. დავიჯერო, თემები არ გყოფნის? შენმა პარტიამ გაიმარჯვა, არ შეიძლება, რომ ახალ კანონებზე და არა ჩემს, არამედ პირადად შენს ბედნიერ მომავალზე ილაპარაკო?

მამა {კრეონი}. მე ერთადერთ სიტყვას ვამბობდი: უკომენტაროდ.

ქალიშვილი {გლაუკე}. ვიცი, რომ ჩემ გულწრფელობას აფასებ, ამიტომ პირდაპირ გკითხავ, მამა: ეჭვიანობ, რომ ვთხოვდები?

მამა {კრეონი}. იმედია, ეს რიტორიკული შეკითხვაა…

ქალიშვილი {გლავკე}. არა, ეს არსებითი საკითხია. თუკი ეჭვიანობ და ასე ცდილობ ამ ერთობის ჩაშლას – ისედაც მძიმე სურათის გაშიშვლებით და პაროდირებით, და, შესაბამისად, ცნობიერად თუ არაცნობიერად ამ ადამიანის გაღიზიანებას ცდილობ, გეტყვი, რომ ტყუილად ირჯები… დამამთავრებინე, ერთი წუთით… ჩვენ ნამდვილად არ ვართ ამწუთას ბედნიერები – სხვებს უდაოდ ჩემზე ბევრად ამაღლებული განწყობა აქვთ ქორწინების წინ, – მაგრამ პრობლემამ კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოვა და მიგვაჯაჭვა ერთმანეთს…

მამა {კრეონი}. ახლა უკვე მაწყენინებ… იჩხუბე, იყვირე, ორთქლი გამოუშვი, მაგრამ გთხოვ, ხელების ფათურს ნუ დაიწყებ ჩემ არაცნობიერში… მე გულითა და სულით გილოცავთ…

ქალიშვილი {გლავკე}. ბრაზობ, რომ შენ და ჩემი ქმარი თითქმის ერთი ასაკისანი ხართ?

მამა {კრეონი}. ის ჩემზე თხუთმეტი წლით უმცროსია…

ქალიშვილი {გლავკე}. ის ჩემზე ბევრად უფროსია, როგორც შენ. აქ ესაა მნიშვნელოვანი… ბრაზობ ამაზე, მიპასუხე?

მამა {კრეონი}. მე ვბრაზობ, რომ შვილიშვილი არ მყავს. რომ არა და არ მაღირსე ეს ბედნიერება…

ქალიშვილი {გლაუკე}. მაგრამ შენ იცი, რომ მე პრობლემები მქონდა მამაკაცებთან ურთიერთობის მხრივ…

მამა {კრეონი}. (კარისკენ იყურება) მთელ ქვეყანას ნუ გა…

ქალიშვილი {გლავკე}. შენ იცი, რომ სრული ფსიქოლოგიური, საგემოვნებო, მენტალური შეუთავსებლობა იყო ჩვენ შორის… ფიზიოლოგიური ტკივილის დონეზე…

მამა {კრეონი}. არ ვიცი, არც ვიცოდი, და არც მაინტერესებს ეს დეტალები…

ქალიშვილი {გლავკე}. …ეს ტკივილი არ იყო აბსტრაქცია…

მამა {კრეონი}. არ მინდა… სადაა ის ქალი? დაეკეტა ეს კარი, რა მოხდებოდა…

ქალიშვილი {გლავკე}. შენ იცი, იყო დრო, როცა ვფიქრობდი, რომ შესაძლოა არც მქონოდა ჰეტეროსექსუალური პრეფერენციები…

მამა {კრეონი}. საიდან უნდა მცოდნოდა?

ქალიშვილი {გლაუკე}. იცი, დედამ გითხრა.

მამა {კრეონი}. ნუ ახსენებ დედაშენის სახელს ამ ვითარებაში, ღმერთმა გაანათლოს მისი სული… და ნუ მასმენინებ და ნუ მალაპარაკებ სისულელეებს! მე ყოველთვის უამრავი საქმე მეყარა თავზე, და იმაზე უნდა მეფიქრა, რომ სათანადო განათლება მომეცა შენთვის, არ გქონოდა გადაადგილების და თვითრეალიზების პრობლემა… და აი, როგორ დამიბრუნდა შენში ჩადებული ინვესტიცია… ტლიკინად!

ქალიშვილი {გლაუკე}. აი, შენ თვითონ ახსენე ეს სიტყვა…

მამა {კრეონი}. ჰო, ტლიკინებ სულელი გოგოსავით…

ქალიშვილი {გლაუკე}. შენ გესმის, რას ნიშნავს, როცა ადამიანი სრულფასოვან ქალად შედგება?

კრეონი. ქალი ქალად ოღონდ და არა კაცად… ეს – იუმორით. ახლა… ცოტა განვიტვირთოთ…

ქალიშვილი {გლაუკე}. შენი იუმორი ამ მხრივ გულისამრევია… მე ჩემ თავზე ვამბობ. შენ გესმის, რომ სიყვარული მხოლოდ ემოცია არ არის? ესაა უაღრესად სენსიტიური კავშირი… ქიმია, ანატომია…

მამა {კრეონი}. კულტურა!

ქალიშვილი {გლაუკე}. ნუ ხუმრობ!

მამა {კრეონი}. არ ვხუმრობ… ყველა დასახელებულ საგანში შესანიშნავი ნიშნები გქონდა. ნუ მებღვირები.

ქალიშვილი {გლაუკე}. იმიტომ გებღვირები, რომ არ ამეტიროს. მე გიხსნი, რამდენად მნიშვნელოვანია ეს ადამიანი ჩემთვის…

მამა {კრეონი}. მესმის, კი… ღმერთმა დაგლოცოთ!

ქალიშვილი {გლავკე}. შენ იცი, რას ნიშნავს, როცა პრობლემური გამოცდილების ქალის ცხოვრებაში დელიკატური და არა ეიფორიული მამაკაცი ჩნდება?

მამა {კრეონი}. გასაგებია, არ მაინტერესებს ეს დეტალები…

ქალიშვილი {გლაუკე}. ასე არავინ მყვარებია… არც შენ, არც დედაჩემი…

მამა {კრეონი}. ეს ბუნებრივია…

ქალიშვილი {გლავკე}. და შენ გინდა, რომ სიყვარულის განცდა უბედურების შეგრძნებამ ჩამინაცვლოს, მუდმივმა შფოთმა, სტრესმა, უარესის მოლოდინმა…

მამა {კრეონი}. უკვე ძალიან მწყინს…

ქალიშვილი {გლავკე}. გეწყინოს, რადგან შენ არ მზოგავ. შენ იცი, რა დღეშია ეს კაცი, შენ იცი მისი კონტექსტი, შენ იცი, რა მდგომარეობაშია მისი ცოლი, შენ და შენნაირებმა შექმენით ის რეალობა, რომელიც დღეს ამ ქვეყანაშია, შენ იცი, რამდენად დაამძიმა მისი სიტუაცია რეფერენდუმის შედეგებმა და თქვენმა სადისტურ-ფაშისტოიდურმა კანონებმა…

მამა {კრეონი}. კარი გამოხურე!

ქალიშვილი {გლავკე}. ეს კაცი ჩემ გამო გაშორდა თავის ცოლს, ჩემი სიყვარულის გამო, ჩემთან სექსის გამო…

მამა {კრეონი}. ნუ ამბობ ამ სიტყვას!.. არ მაინტერესებს!

ქალიშვილი {გლავკე}. …გაშორდა ადამიანს, ვისთანაც შვილები ყავს, რომელიც უყვარდა, რაც რეფერენდუმის გარეშეც, დამოუკიდებლადაც დამთრგუნველია, და ამას ზედ დაერთო თქვენი ფაშისტური კანონი არალეგალურად მცხოვრები ემიგრანტების შესახებ: გაშორებულ ცოლს კედლის იქით აგდებენ. და შენ დღეს გამოდიხარ და ღია ჭრილობაზე აყრი მარილს, კიდევ უფრო ამძიმებ ისედაც ტრაგიკულ ვითარებას, ყეყეჩურ აზრებს აფრქვევ და არც ფიქრობ, რომ ჩემ მომავალს თელავ ამით. მაგრამ ეს შენ ფეხებზე გკიდია, რადგან ეგოისტი ხარ და ადამიანად არ მთვლი, ან გშურს იმ კაცის, რომელიც ჩემი ცხოვრების მთავარი კაცია, შენზე არცთუ ბევრად უმცროსი, ახალგაზრდა შეყვარებულის ეფექტური საყვარელი… თუმცა ბოლო ორი დღეა, სტრესშია… თქვენი კანონების გამო!

მამა {კრეონი}. გსიამოვნებს ინტიმურ საკითხებზე ლაპარაკი? ჯინაზე შვრები?

ქალიშვილი {გლავკე}. ეს ეპიზოდია, სტრესი გაუვა, მაგრამ თუკი შენ კიდევ ერთხელ მოაღებ პირს და ჩემ პირად ცხოვრებას შეეხები, აქ მოვალ და აი, რაც აქ დევს და არ დევს, ყველაფერს დაგილეწავ. ხმა აღარ ამოიღო! მე თვითონ ლესბიური გამოცდილება მქონდა სტუდენტობის დროს… ეს დედამ იცოდა…

მამა {კრეონი}. არ ვიცოდი, არა! და არც მინდა, რომ ვიცოდე! საფლავში ბრუნავს უკვე ეს საწყალი ქალი…

ქალიშვილი {გლავკე}. აუტანელია შენი ეგოცენტრიზმი, არ შეიძლება, რომ ადამიანი სამოცდათერთმეტი წლის ასაკში მაინც შეეგუოს თავის არააქტუალობას და სხვას მისცეს ცხოვრების უფლება?! რატომ უნდა იყო სულ შენ აქტუალური და არა მე? არა მე და ჩემი საქმრო, არამედ შენ? სულ შენ, შენ, შენ! დედა ხომ გადაიყვანე სრულიად არააქტუალურ სიბრტყეში – ჰო, ასეა, მკვდარია ქალი, ახლა ჩემი ჯერი დადგა?

ოთახში თანაშემწე შემოდის, რომელსაც თვალები ცრემლებისგან აქვს აწითლებული.

თანაშემწე. ამ დროს, როგორ უყვარხართ მამათქვენს…

ქალიშვილი {გლაუკე}. არ ვუყვარვარ, მას არავინ არ უყვარს.

თანაშემწე. ზედმეტად დიდ ტკივილს აყენებთ სრულიად უსამართლოდ… ამ დროს მართლა მხოლოდ „უკომენტაროდ“ იძახა, და ხვალ არც არავის ემახსოვრება… დაზოგეთ…

ქალიშვილი {გლავკე}. თქვენ რომანი გაქვთ? საიდან ასეთი სიახლოვე? ცხადია, მე ეს არ მეხება, ინსტინქტურად ვიკითხე, მე მხოლოდ ის მაღელვებს, ვისაც ვუყვარხარ. (გადის)

თანაშემწე. როგორ ხართ?

მამა {კრეონი} ფიქრობს – რატომ შემოვიდა? მე და ჩემი შვილი რაზე და როგორ ვილაპარაკებთ, ეს მას არ ეხება… დამანებოს თავი. ახლა გავიღიმებ… დავანახებ, რომ რეალურად მაინც ბავშვს ველაპარაკე და იმის სიტყვებს სერიოზულად არ აღვიქვამ… ჯობია, გავუღიმო. დაღლილი მამის იერი უნდა მქონდეს… სინამდვილეში, თავს საზიზღრად ვგრძნობ. ამან, ცხადია, ყველაფერი გაიგონა… ახლა ვიხუმრებ – მგონი, ჩემი ქალიშვილი სექსუალური მანიაკია…

თანაშემწე. ვაიმე, რას ბრძანებთ…

მამა {კრეონი} ფიქრობს – ახლა გავიცინებ… არა, ზედმეტია… – ძალიან გთხოვთ, არ ღირს არსად იმის აღნიშვნა, რომ დღეს აქ მოვიდა… (მინდოდა მეთქვა – ნუ იჭორავებ-თქო, მაგრამ ჯობია ასე მივანიშნო…) რას მიყურებ? მივხვდი, რაც ვიგულისხმე? გაეთრიე აქედან!

+5.

მამასთან {კრეონთან) ლაპარაკის შემდეგ ქალიშვილი (გლაუკე) იმ სახლში მიდის, სადაც შეყვარებულთან ერთად ცხოვრობს ბოლო ექვსი თვეა, მაგრამ შეყვარებული თუ საქმრო {იასონი} იქ არ უხვდება. ქალიშვილმა {გლაუკემ} ზუსტად იცის, რომ სანერვიულო არაფერი აქვს, თუმცა აქაური სიცარიელე მაინც აფორიაქებს. მამასთან {კრეონთან} ჩხუბის გამო სინდისის ქენჯნა მას შემდეგ დაეწყება, როცა საქმრო {იასონი} დაბრუნდება – მანამდე მასზე იფიქრებს.

5.

სპეციალური ზონა (სტატუსის მომლოდინე ემიგრანტებისთვის). ყოფილი ცოლი {მედეა} ზონის გამგეობის სადისკუსიო ოთახშია განუყრელ ქოროსთან ერთად. მათი აქ ყოფნა (მუდმივ მოწმეებად) სავსებით მოსალოდნელი იქნებოდა პრობლემის აქტუალობიდან და ყოფილი ცოლის {მედეას} ბილოდროინდელი ჩვეულებიდან გამომდინარე, რომ არა ერთი დეტალი: ახლა აქ ყოფილი ქმარია {იასონია} მოსული, მას კი ყოფილ ცოლთან {მედეასთან) მოწმეების გარეშე უნდოდა საუბარი. ერთადერთი შეღავათი (იასონისთვის) ისაა, რომ ქორო შეკითხვებს არ სვამს – მხოლოდ ესწრება.

ქმარი {იასონი). მე მეგონა, გულწრფელად შევძლებდით საუბარს – მარტო მე და შენ.

ცოლი {მედეა}. მე უკვე აღარ წარმოვადგენ მხოლოდ ჩემ თავს. უშუალოდ ჩემთან საუბრის შესაძლებლობა შენ უკვე დიდი ხანია გაუშვი ხელიდან, ახლა ჩემი პრობლემა საჯაროა. ჩათვალე, რომ მარტოები ვართ.

ქმარი {იასონი}. შენ გინდა, რომ მე უზნეო და სასტიკ ადამიანად გამომიყვანო, რაც, მგონი, წარმატებით გამოგდის. ესე იგი, მე სიყვარულის უფლება არ მქონია. ტყუილები უნდა მეთქვა შენთვის და ფარულად მეურთიერთა საყვარელთან, როგორც სხვები შვებიან ამას.

ცოლი {მედეა}. შენი პირადი არჩევანი აღარავის აღელვებს. ცოტა ხნის წინ მაღელვებდა, ახლა აღარ. გინდა თუ არ გინდა, შენ ახლა ერთ პოზიციას წარმოადგენ, მე – სხვას.

ქმარი {იასონი}. ეს შენ ურევ ერთმანეთში პირად და საჯარო პოზიციებს, რადგან ჩვენს გაყრას ულტრა-ნაციონალისტების გამარჯვება, ამაზრზენი რეფერენდუმის ჩატარება და დისკრიმინაციული საემიგრაციო კანონის შეცვლა დაემთხვა.

ცოლი {მედეა}. ეს ჩემი არჩევანი არ ყოფილა.

ქმარი {იასონი}. რა არ ყოფილა შენი არჩევანი? თვალებში შემომხედე და ისე თქვი.

ცოლი {მედეა}. რომ შენი პირადი არჩევანი კანონების შეცვლას დაემთხვა.

(იდეალურ ქოროს) ვითომ რატომ ვერ უნდა ვუყურო თვალებში? რატომ მოხვედი, აუხსენი ჩემს გულშემატკივრებს.

ქმარი {იასონი}. კოლექტივის თანდასწრებით ეს სიტყვა ცინიკურად გაისმება. მარტოები რომ ვიყოთ, არც გეტყოდი, ისედაც მიხვდებოდი.

ცოლი {მედეა}. (ქოროს) თანაგრძნობისთვის ან რაღაც ამის მსგავსისთვის მოსულა… თუმცა რეალურად თვითონაც არც იცის, რისთვის მოვიდა. კარგად ვიცნობ. (ქმარს) მე არ მჭირდება შენი თანაგრძნობა. ეს ექვსი თვის წინ მჭირდებოდა, ახლა კანონებს თუღა შეცვლით.

ქმარი {იასონი}. რა შემიძლია, რომ ვქნა?

ცოლი {მედეა}. ემოციის კუთხით შენგან აღარაფერი მინდა. წყენა კიდევ დიდხანს დამრჩება, მაგრამ ჩემი უკვე გამოვიარე, როცა პირველივე ღამეს გადაწექი დერეფანში. ეს უკვე ყველამ იცის, ნუ წითლდები…

ქმარი {იასონი}. არ ვწითლდები…

ცოლი {მედეა}. ვერც პრაქტიკული თვალსაზრისით მოახერხებ რამეს, რადგან უფხო ხარ. არ ვიცი, შეძლებ თუ არა ვინმეს მოქრთამვას, რომ დაამტკიცონ, თითქოს ოცდაათი წელია აქ ვცხოვრობ. თუმცა როგორც დაბოღმილ და შეურაცხყოფილ ქალს, ძალიან გამახარებდა, თუკი შენს ახალგაზრდა საყვარელს დაშორდებოდი და ჩემთან დაბრუნდებოდი. არა იმიტომ, რომ შენთან მინდა, არამედ იმის დასანახად, თუ როგორ ეტკინა ამჯერად ვიღაც ლაწირაკს, რომელმაც ქმარი წამართვა. ცოტა ხნით მესიამოვნებოდა იმის წარმოდგენა, რომ ამ კაცმა ისევ ჩემთან არჩია ყოფნა და არა ვიღაც არარაობასთან. უკაცრავად, ჩემთვის ის არარაობაა. საზოგადოება გამიგებს. მაგრამ, სინამდვილეში, უკვე ფეხებზე მკიდია, ეტკინება თუ არ ეტკინება რამე, თუნდაც ერთი თვის წინ კიდევ წამოვიდოდი რაიმენაირ კომპრომისზე, მაგრამ ახლა მე საზოგადოებრივ პოზიციას გამოვხატავ და ჩემ თავს აღარ ვეკუთვნი. ისევე, როგორც შენ. ჩვენ ცხოვრებას ახლა ევროპელი ულტრა-ნაციონალისტები წამართავენ. თანაგრძნობაზე მაშინ უნდა გეფიქრა, როცა ნახევარი წლის წინ პირველად შეიქმენი ილუზია, რომ ახალგაზრდობას დაიბრუნებდი. მიუხედავად იმისა, რომ ათასობით ადამიანი გვიყურებს, მე დაუფარავად ვამბობ ყველაფერს, რადგან დასაკარგი არაფერი მაქვს…

ქმარი {იასონი}. გულწრფელობამ პოპულარული გაგხადა. ნიჭიერი ქალი ხარ. რაც უფრო მეტად გაშიშვლდები – ემოციურ სტრიპტიზს ვგულისხმობ… უკაცრავად, თუკი ეს ტერმინი ვინმეს ყურში მოხვდება… – ჰო, მოკლედ, ეგზჰიბიციონიზმი კიდევ უფრო მეტ მხარდამჭრს გაგიჩენს…

ცოლი {მედეა}. მე პოლიტიკური ლიდერი არა ვარ, რომ მხარდამჭერები მჭირდებოდნენ. ეს ხალხი მე თანაგრძნობას მიცხადებს… ნამდვილ თანაგრძნობას და არა ყალბს. რომ არა საზოგადოება, გადამთელავდით… აი, ესაა ძველი ევროპა… ესენი მიყვარს, ესენი მიცავენ.

ქმარი {იასონი}. თვალებში ჩამხედე და გაიმეორე, რომ ესენი, ანუ ძველი ევროპელები გიყვარს…

ცოლი {მედეა}. რატომ აიჩემე ეს თვალებში ჩახედვა?! რა გინდა? დიახ, როგორც არასაკმარისად გათვიცნობიერებულ მოქალაქეს, თავიდან მეც მქონდა ბევრი პრეტენზია, აქაურები სნობებად მეჩვენებოდნენ, ქედმაღალ და შეზღუდული თვალსაწიერის მქონე ადამიანებად, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ სნობებსა და ულტრა-ნაციონალისტებს შორის ძალიან დიდი განსხვავება ყოფილა. თუმცა ესენი – ანუ ნორმალური ევროპელები, რომლებიც ახლა უმცირესობაში აღმოჩნდნენ, – სნობები არც ყოფილან… მაშასადამე, შევმცდარვარ. აი, ხალხს ესმის ჩემი და შენ რაღა გინდა?

გამოთქვი შენი პოზიცია და ამით მოვრჩეთ. ოთხ საათში სასამართლოა.

ქმარი {იასონი}. რახან აუდიტორიასთან მიწევს ლაპარაკი და არა უშუალოდ შენთან…

ცოლი {მედეა}. …არა ჩემთან, არამედ იმ პოზიციასთან, რომელსაც მე გამოვხატავ. იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემ ბედს იზიარებენ ამწუთას – ჩემსავით სპეციალურ ზონაში მყოფ 3650 მოქალაქეს, აქედან 2400 ქალს, სხვათა შორის… ბოდიში რომ გაგაწყვეტინე, მაგრამ მე ახლა ორი პრობლემის ალეგორიას წარმოვადგენ: ერთი მხრივ, დაჩაგრულ და რეპრესირებულ არალეგალური სტატუსით მცხოვრებ ემიგრანტს და მეორე მხრივ – მოტყუებულ და დამცირებულ ქალს.

ქმარი {იასონი}. ჰოდა ნუ გეშინია, ორივე შემთხვევაში გამარჯვებული გამოხვალ. საზოგადოება შენ დაგიცავს, და მეც მათ შორის, როგორც შევძლებ… სწორედ ამის დადასტურება მინდოდა. შენ უკვე გამარჯვებული ხარ.

ცოლი {მედეა}. ეს ახალ მთავრობას ვუთხრათ.

ქმარი {იასონი}. ბოდიში, დავასრულებ. მინდა შენც იცოდე და სხვამაც: მე გაგშორდი, სხვა შემიყვარდა, ჩემი პასუხისმგებლობა მხოლოდ აქაა…

ესაა და ეს. ყველაფერი სხვა ამ აუტანელი და აგრესიული ქვეყნის ახალი კანონების ბრალია. შენ აქ არ გიცხოვრია ოცდაათი წელიწადი, შენ აქ არ გყავს უშუალო წინაპრები, რაც სრული იდიოტიზმია, საზიზღრობაა, მაგრამ მე აქ ვერაფერს გავაწყობ, უმრავლესობამ თავისი ნება გამოხატა რეფერენდუმზე, მე მხოლოდ ის შემიძლია, რომ პროტესტის ნიშნად ვიშიმშილო ან დღე და ღამე ეს მთავრობა ვლანძღო, რასაც ვშვრები კიდეც, და იქამდე ვიზამ, სანამ ძალით არ გამაჩუმებენ. და, ალბათ, ასეც იზამენ, სიტყვის თავისუფლებას დიდი დღე არ უწერია. ანუ აქ სხვა რამეა მთავარი – მინდა, ეს ჯეროვნად გაიაზროს საზოგადოებამ, – მე არ მინდა შენი განდევნა, მე არ მინდა, რომ დღეს ღამე სხვებთან ერთად გადაგაგდონ დამცავი კედლის მიღმა, მე არ მინდა, რომ უცხო გიძახონ, მე არ მინდა, რომ შვილების დატოვება მოგიხდეს, რაკი ისინი ტრადიციულად ევროპული ოჯახის ჩამომავლები არიან, მე არ მინდა, რომ ჩვენი შვილები ან შენ გეკუთვნოდნენ ან მე, მე მინდა, რომ ის ორივეს გვეკუთვნოდნენ სრულწლოვანებამდე, მე არ მინდა, რომ დაგჩაგრო, როგორც დედა ან ქალი, მე მინდა, რომ შენ შენი პირადი ცხოვრება გქონდეს – გინდა აქ, გინდა სხვაგან, მე მინდა, რომ ჩვენი შვილები შენთან ერთად იყვნენ სამდღე-ნახევარი და სამდღე-ნახევარიც ჩემთან, ან ოთხი დღე შენთან, სამი ჩემთან… ეს შეთანხმების საკითხია…  უბრალოდ ახლა არ ვიცი, სხვანაირად როგორ დავყო ეს ერთი კვირა. მე მინდა, რომ შენ გყავდეს კარგი ქმარი, კიდევ გყავდეს შვილები, ჩვენი შვილები ემეგობრონ ჩემს მომავალ მეუღლეს, რომელიც, გარწმუნებ, შენი აქტიური მხარდამჭერი და გულშემატკივარია, ჩვენ უნდა შევძლოთ ცივილიზებულ ევროპაში თანაცხოვრება, იმ ევროპაში, რომელიც რეფერენდუმამდე იყო. ჩემი პრობლემა მხოლოდ პირადი ხასიათისაა და ძალიან გთხოვთ, ნუ ჩათვლით, თითქოს მე კმაყოფილი ვიყო იმ პოლიტიკით, რომელიც ახლა სახეზეა. მე მითქვამს, იზოლაციონიზმი ცივილიზაციათა ახალ კონფლიქტამდე მიგვიყვანს, ომამდე. მე მხოლოდ დაცილება მინდოდა ამ ქალთან, რომელთაც N-რაოდენობის ყოფით-ფსიქოლოგიური პრობლემები მქონდა უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში… ეს მან გაასაჯაროვა ჩვენი უაღრესად კერძო ამბავი, მან ჩართო ქორო და სწორედ ამიტომ მომიწია ახსნა თუნდაც ჩემი მეგობრებისთვის, რომ მე არ ვარ რასისტი და მჩაგვრელი… მე არ მინდა, რომ ეს ქალი გააგდონ, რახან რაღაც სრულიად გაუგებარი კრიტერიუმების მიხედვით ჩათვალეს არაევროპელად!

ცოლი {მედეა}. მაგრამ რამდენიც არ უნდა ილაპარაკო, შენც ამ დანაშაულის თანამონაწილედ ჩაგთვლი, რადგან ეს კანონი მაინც აღსრულდება და შენ კი ისევ ძველებურად, უფრო სწორად, ახლებურად გააგრძელებ ცხოვრებას. ახლა უბრალოდ ცდილობ, რომ პატიოსან კაცად და მოქალაქედ გამოჩნდე, რაც არ გამოგივა. შენი მთავრობა არ მოგცემს ამის ნებას!

ქმარი {იასონი}. თვალებში ჩამხედე და ეს სიტყვები ისე თქვი!

ცოლი {მედეა}. ოფთალმოლოგი ხომ არ გყავს შეყვარებული, რა გინდა ჩემი თვალებისგან?

ქმარი {იასონი}. იძულებული ვარ, გიპასუხო რეპლიკაზე: შენი მთავრობა. არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ვფიქრობ შენმა დამცველმა ქორომ უნდა იცოდეს, თუ რაზე ვდაობდით ბოლო ერთი წელიწადი…

ცოლი {მედეა}. პოლიტიკაზე ვდაობდით, დიახ! და კიდევ იმაზე, რომ დილის სამ საათზე მოდიოდი და უტიფრად მატყუებდი, თითქოს საზღვაო აკვატორიის გაფართოების სპეციალურ პროექტზე მუშაობდი…

ქმარი {იასონი}. არა, ჩვენ ვდაობდით იმის შესახებ, რომ შენ ულტრა-ნაციონალისტების აქტივისტად ჩაეწერე ჩვენს უბანში, მათ პროპაგანდისტულ დეკლარაციებს არიგებდი და ხალხს მოუწოდებდი, რომ ხმა ამ ფაშისტოიდებისთვის მიეცათ. და თავად შენ, ემიგრანტმა, ემიგრანტების მტერ პოლიტიკოსებს მიეცი ხმა! ადამიანებს, კი არა და, არა-ადამიანებს, რომლებიც ემიგრანტების განდევნის ლოზუნგით მოვიდნენ ხელისუფლებაში, პირწავარდნილ ნაციონალისტებს, რომელთაც სწორედ შენნაირები სძულთ. თქვი, რომ ასე არ იყო! შენ მიეცი ხმა ამ არამზადებს… შენ იბრძოლე მათი გამარჯვებისთვის… ჩვენი უბნის დონეზე… შენი უტვინობის და ულუზიის გამო, რომ შრომას დაგიფასებდნენ და თავისიანად მიგიღებდნენ, და ახლა მათ ჩემ მთავრობად მოიხსენიებ! თავდაჯერებული სიბრიყვით – დიახ, სხვა სიტყვას ვერც ვიხმარ – არ კითხულობდი მათ მოწოდებებს, ან თუ კითხულობდი, ამბობდი, რომ ეს შენ და შენნაირებს არ შეეხებოდა… და ვთქვა რატომ?

ცოლი {მედეა}. ვაიმე, რატომ? ისევ უნდა მამხილო? (ქოროს) უსმინეთ!

ქმარი {იასონი}. შენ გეგონა, რომ ეს კანონი შენნაირ შედარებით ძველ ემიგრანტებს არ შეეხებოდა, მაგრამ, უკაცრავად, ჩვიდმეტი წელიწადი არცთუ დიდი დრო ყოფილა, შენ გეგონა, რახან ჩემი ცოლი ხარ – ძირძველი ევროპელის… ცხადია, ამ სიტყვებს ირონიით ვამბობ, გული მერევა ასეთ ლექსიკაზე… – მოკლედ, ევროპელის ცოლობა გადაგარჩენდა და, მეტიც, უფრო მაღალ სოციალურ საფეხურზე გადახვიდოდი, შენ გეგონა, რომ რაც უფრო მტკიცედ და ხმაურიანად დაიცავდი მათ რასისტულ ინიციატივებს, მით უფრო მალე ჩაგვთვლიდნენ თავისიანად და გარჯას დაგიფასებდნენ…

ცოლი {მედეა}. მე გადარჩენის ინსტინქტი მამოძრავებდა…

ქმარი {იასონი}. შენ მათზე უფრო აგრესიული ნაციონალისტი გახდი… ჩვენი უბნის დონეზე, ცხადია. შენ მათზე უფრო აგრესიულად ლანძღავდი ახალი ტალღის ემიგრანტებს!

ცოლი {მედეა}. მე მეშინოდა!

ქმარი {იასონი}. არა, შენ გძულდა ახალი ხალხი… შენ ჩათვალე, რომ უკვე აქაური ხარ და უფლება გაქვს გაღიზიანდე და გაბრაზდე ამ ჩამოთრეულებზე… მე შენ გციტირებ… შენ ვერ აიტანე ხუთი წლის წინ, სამი წლის წინ და ორი წლის წინ ჩამოსული ხალხი… შენ გინდოდა გემხილებინა არალეგალური სტატუსით ჩამოსული უცხოები და ამით დაგემტკიცებინა შენი ლოიალობა ადგილობრივი ნაციონალისტებისთვის… ისევ და ისევ ჩვენი უბნის დონეზე, ცხადია. შენ ამბობდი, რომ პოლიციაში შეიტანდი განცხადებებს…

ცოლი {მედეა}. მაგრამ მე ამას არასდროს ვიზამდი! მე შეიძლება ბევრი სისულელე მეთქვა შიშისგან…

ქმარი {იასონი}. შენ გინდოდა, რომ დამსმენი ყოფილიყავი, უბრალოდ არ იკადრე, რახან კულტურულ ადამიანად თვლიდი თავს… მაგრამ შენ გძულდა აზიურ-აფრიკული ნაკადი, რადგან ევროპელად მიიჩნევდი თავს… ჩვენი უბნის დონეზე…

ცოლი {მედეა}. კი არ მივიჩნევდი, ასეც არის! მე ევროპელი ვარ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ულტრა-ნაციონალისტებივით მძულს უცხოელები!

ქმარი {იასონი}. თუმცა შენ მათ მიეცი ხმა! და არა მე! მე ხმა მწვანეებს მივეცი, როგორც ყოველთვის…

ცოლი {მედეა}. იმპოტენტებს! მარტო იმიტომ რომ აძლევთ ხმას, რომ თქვენი სნობიზმი, ვითომ აპოლიტიკურობა და ქედმაღლობა გამოავლინოთ… მე მეგონა, რომ ნაციონალისტები ნაციონალურ ღირებულებებს დაიცავდნენ!

ქმარი {იასონი}. და შენ თვითონვე გაები მათსავე მახეში – ვისთვისაც იბრძოლე, ახლა ისინი გაგდებენ კონტინენტიდან!

ცოლი {მედეა}. ისინი არა, შენ!

ქმარი {იასონი}. მე არ გაგდებ, მე უარი ვთქვი შენთან თანაცხოვრებაზე, შენ შენი მთავრობა გიშორებს. არ დაგიფასეს საუბნო ტერიტორიაზე წანწალი მათი ბუკლეტებით…

ცოლი {მედეა}. არა, შენ მიშორებ, რადგან არასდროს მოგიცია ჩემთვის დამშვიდების შესაძლებლობა, არასდროს მიგრძნია შენთან, რომ მორჩა – ჩვენი უკვე ერთი ვართ… ყოველთვის მეგონა, რომ ეს დროებითია, ამიტომ ვუშვებდი ამდენ შეცდომას… ასევე გასათვალისწინებელია ისიც, თუ საიდან ჩამომიყვანე… ჩემი მიწა მტერმა დაიკავა, რომელმაც ყველაფერი იღონა, რათა არანაირი ეროვნული მახასიათებელი არ შეგვრჩენოდა…მე ეთნიკურ და კულტურულ მახასიათებლებს ვგულისხმობ ამ შემთხვევაში… პოლიტიკურ-რელიგიურზე არც მაქვს ლაპარაკი… ჩვენი ქალაქი დაეცა, კოლხები ეთნიკური ნიშნით დახოცეს, გააუქმეს ჩვენი ზღვისპირა ჩრდილო-დასავლეთი… ის ადგილი, სადაც მე დავიბადე, სადაც მამაჩემი თხუთმეტი წელი ხელმძღვანელობდა უნიკალურ ადმინისტრაციულ ოლქს… და რომელიც გაქრა, და არც ვიცი, სადაა… რომელსაც ვუღალატე და მივატოვე… ამიტომ ახლა აღარც სახლი, აღარც ენა, აღარც გარემო, აღარაფერი მაქვს… შესაბამისად, მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეროვნული იდენტობა მნიშვნელოვანია… რომ განსხვავებულობა აუცილებელია… და ამ განსხვავებულობის დაცულობაც… და რომ ათქვეფა გაქრობის საწინდარია… მაგრამ მე არ მეგონა, თუკი ესენი კედლების შენებას დაიწყებდნენ შუა ევროპაში და ყველას გააგდებდნენ, ვის წინაპრებსაც ცენტრალურ ევროპაში არ უცხოვრიათ!..

სადაა ჩემი სახლი? რა რეალობაა ახლა იქ? ჩრდილო-სკვითების მიერ გადაჯეგილ ადმინისტრაციულ ოლქში? სად უნდა გამაგდონ? იქ ჩასვლა და სიკვდილი ერთი იქნება… ჩემი ეთნოსის და კონტექსტის გათვალისწინებით, იქ მე მოღალატე და მტერი ვარ… აი, ესაა სინამდვილე…

ქმარი {იასონი}. თქვენი ულტა-ნაციონალისტები შესანიშნავ ურთიერთობას ამყარებენ შენს მტრებთან! ესეც კიდევ ერთი საჩუქარი შენნაირებისთვის!

ბნელები ყოველთვის ერთად დგებიან… გინდა ჩრდილო სკვითები იყვნენ და გინდა ცენტრალური ევროპელები. ეს გაკვეთილი იქნება შენთვის: ამიერიდან გეცოდინება, რომ ნაძირლები ყველგან ერთნაირები არიან.

ცოლი {მედეა). ისევე, როგორც ეგოისტი და სადისტი კაცები გვანან ერთმანეთს!

ქმარი {იასონი}. მე ჩემი ვთქვი… მე და ჩემნაირები ახლა შინაგან ემიგრაციაში გადავდივართ, თქვენ – გარე ემიგრაციაში, რადგან ეს ხელისუფლება ორივესთვის საშიში და სახიფათოა… მე მხოლოდ ამის თქმა მინდოდა… სხვას ვერაფერს დავამატებ… ამით მოვრჩეთ.

ყოფილი ქმარი გასვლას აპირებს.

ცოლი {მედეა}. ცოტა ხანს მოიცადე. ბავშვების თაობაზე უნდა მოგეთათბირო, ამას კი, ამჯერად, მოწმეების გარეშე ვიზამ… რაკი ეს ბავშვებს ეხება და არა მე… ჩემი გულშემატკივარი გამიგებს. (იდეალურ ქოროს) რამდენიმე წუთით დაგემშვიდობებით. მადლობა… ოღონდ რეალურად მართლაც რამდენიმე წუთით…

ცოლი {მედეა} დროებით ეთიშება გულშემატკივარ, თუ მისით დაინტერესებულ ქოროს. მნიშვნელოვანი დეტალი: თუკი აქამდე ცოლი {მედეა} ხმამაღლა და რაღაცნაირი უხეში თავდაჯერებულობით ლაპარაკობდა, ქოროსთან კომუნიკაციის გაწყვეტის შემდეგ, მორჩილი, უსუსური და სასოწარკვეთილი ხდება.

ცოლი {მედეა}. რაღაცა ქენი, გეხვეწები… გამოფხიზლდი… რა გჭირს?.. რას აკეთებ?..

ყოფილი ქმარი {იასონი} არ ელოდა ცოლის {მედეას} ამგვარ უეცარ ისტერიკას, თითქოს უფრო ძლიერი ეგონა. ცხადია, მას არ სჯერა, რომ ცოლი {მედეა} თავს დაიზიანებს – ეგოისტ და პრაგმატულ ქალად თვლის, მაგრამ იმდენად დაუჯერებლად და დამთრგუნველად განვითარდა ბოლო მოვლენები, რომ უკვე აღარაფერში არაა დარწმუნებული. ახლა ის ცოლზე {მედეაზე} არანაკლებ სასოწარკვეთილი და შეშინებულია, ამ დროს, რამდენიმე წუთის წინ სრულიად დარწმუნებული იყო თავისი პოზიციის ჰუმანურობასა და ობიექტურობაში. ახლა შესაძლოა მტკივნეულად გაახსენდეს საცოლე {გლაუკე}, და, რაც ყველაზე სამწუხაროა, გაახსენდეს, როგორც პრობლემა. შესაძლოა ინანოს კიდეც, რომ ცოლისგან {მედეასგან} წავიდა – იქნებ ერთად რომ ეცხოვრათ, უფრო მეტი ეცადა, რომ ცოლისთვის {მედეასთვის} ახალი პოლიტიკური შეზღუდვები აეცილებინა. ყოველ შემთხვევაში, მის გვერდით ყოფილიყო და მასთან ერთად ებრძოლა, რაც ორივეს გააძლიერებდა. წესით, არ უნდა მოსულიყო, შეცდომა დაუშვა. დაიბნა. ახლა უკვე თავად იქცა სიტუაციის მძევლად. და რაც ძალიან უსიამოვნოა, საშინლად დაიბნა.  რა სუსტი ყოფილა.

-6.

არც საცოლეა {გლაუკე} ძლიერი – სანამ საქმროს {იასონის} და მისი ყოფილი ცოლის {მედეას} აღქმა შეეძლო (ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით), თავს არათუ შედარებით მშვიდად გრძნობდა, არამედ სავსებით მართებულად და სამართლიანად მიიჩნევდა საქმროს {იასონის} საქციელს – ცხადია, იქ უნდა მისულიყო და ყველას გასაგონად ეთქვა, რომ ისიც ისევე იმსხვერპლა პოლიტიკამ, როგორც მისი ყოფილი ცოლი {მედეა}. პოლიტიკა ისევე მტკივნეულად შემოიჭრა მის (მათ) ცხოვრებაში, როგორც არარეგალური ემიგრანტის {მედეას} ბიოგრაფიაში. მაგრამ ასე მანამდე ფიქრობდა, სანამ სხვებთან {ქოროსთან} ერთად შეეძლო ამ ორის მოსმენა და დანახვა. ახლა კი რაღაც მოხდა – გაჩნდა სრული სიბნელე (ანუ მათი სრული აღუქმელობის განცდა), რამაც მასში დიდი დაბნეულობა წარმოშვა. და, რაც ყველაზე ცუდია, ძალა არ ეყო, რომ ამ აღუქმელობისთვის ირონიით ან რაიმე სხვა, „ჯანმრთელი ფორმით” შეეხედა. ალბათ, დაღლილი იყო – ნერვიულობის გამო რამდენიმე დღის უძინარი – და ამიტომაც დაჯაბნეს მოულოდნელმა შიშებმა. ისე გამოვიდა, რომ არასაკმარისი თავდაჯერებულობის გამო (და, ამასთანავე, ზოგადი კრიზისული ვითარების მიზეზით), ადამიანები სწორედ იმას სჩადიან, რასაც თავადვე ეწინააღმეგებოდნენ ცოტა ხნით ადრე: ამ მხრივ, არც საცოლეა {გლაუკე} გამონაკლისი – დაბნეულობის თუ სხვა რომელიმე ადვილად ვერ-განსაზღვრული ინსტინქტის გამო, ახლა მზადაა მის გვერდით არსებულ ყველაზე ძლიერ ადამიანს – მამას {კრეონს} თხოვოს შველა: „მამა, ბოდიშს გიხდი, მაგრამ უნდა მიშველო, ან ფსიქიკურად, ან ფიზიკურად, რამე იღონე. შენ ხომ კაცი ხარ!”

+6.

სპეციალური ზონიდან გამოსული ყოფილი ქმარი თუ მომავალი სიძე {იასონი} ორი საათის გასვლის შემდეგ ხვდება მომავალ სიმამრს {კრეონს}. მომავალი სიმამრი {კრეონი) ცოტა ხნის წინ ესაუბრა ადამიანს, რომელსაც საკმაოდ მაღალი პოლიტიკური სტატუსი აქვს ულტრა-ნაციონალისტების რიგებში – ის ერთ-ერთი პოლიტიკური ლიდერია. საუბრის თემა მომავალი სიძის {იასონის} ყოფილი ცოლი {მედეა} ყოფილა. მომავალმა სიმამრმა {კრეონმა} მომავალი სიძეს {იასონს} მდინარის ნაპირზე, შედარებით მშვიდ ადგილას, დაუთქვა შეხვედრა, თუმცა დემონსტრანტების გამოჩენის შიშით გადაკეტილი ქუჩების გამო ოც წუთზე მეტი მოუხდა მისი ლოდინი… მომავალი ქმარი {იასონი} გაღიზიანებული, დაღლილი, დაბნეული და რაღაცნაირად მოუვლელია, რისი შემჩნევაც მომავალი სიმამრისთვის {კრეონისთვის} არცთუ ძნელი იყო.

მომავალი სიმამრი {კრეონი}. ეს მისი ბრალია: აქტუალური გახდა… იმიტომ რომ ამბიციური ქალია. არ აეტეხა ამხელა ხმაური და მეტი შანსი გვექნებოდა, რომ რაღაცით მაინც დავხმარებოდით…

მომავალი საქმრო {იასონი}. ჩვენ ხომ კანონის ტოტალურ ცვლილებას არ ვითხოვთ, პრეცედენტულიც არ იქნება, ხმას არ ამოიღებს, თუკი ეცოდინება, რომ ხელს არ ახლებენ, არაფერს იზამს. ერთი ქალია, ათი ათას კაცზე ხომ არ გვაქვს ლაპარაკი…

მომავალი სიმამრი {კრეონი}. არ გესმის, რას გეუბნები? ეს ერთი ქალია სწორედ პრობლემა…

მომავალი საქმრო {იასონი}. ეს ერთია დამნაშავე?

მომავალი სიმამრი {კრეონი}. სხვები ხმას არ იღებენ… შესაბამისად, შეიძლება ვიღაცას გადარჩენის ანუ დარჩენის შანსიც ქონდეს. თუმცა არც დუმილია გარანტია… ეს კიდე აყვირდა. დაფიქრდი ახლა ცოტა, ეს უკვე აღარაა კონკრეტული ადამიანის პრობლემა… მეტი როგორ გითხრა, პირდაპირ მიმანიშნეს… მინიშნებაც არ იყო, არც დამალეს…

მომავალი საქმრო {იასონი}. რა?

მომავალი სიმამრი {კრეონი}. ის, რომ ეს ქალი ქალი არაა…

მომავალი საქმრო {იასონი}. ქალია…

მომავალი სიმამრი {კრეონი}. ფიზიოლოგიას არ ვგულიხსმობ. ეს ქალი უკვე პოლიტიკური პრობლემაა ხელისუფლებისთვის. ცნობილია, მუდმივ კომუნიკაციაშია ჩართული აუდიტორიასთან, ის სულ ეთერშია, ის იქ არსებობს, პოპულარულია… უბრალო, პირში წყალჩაგუბებული ქალი რომ ყოფილიყო, გვაჩუქებდნენ, გვეტყოდნენ: ჰა, წაიღეთ, დამალეთ… ახლა – აღარ. რახან პოლიტიკურ პრობლემად იქცა, პოლიტიკურადვე უნდა უპასუხონ. ამ ქალს… ესე იგი, ამ ქალის სახით პოლიტიკურ პრობლემას თუ დაუთმეს, მერე სხვებიც თავზე დააჯდებიან, იტყვიან, რომ საწყლები და სუსტები ყოფილან, რომ მარტო ბაქიბუქობა შეძლებიათ, მეტი არაფერი… სიმტკიცის გამოცდას გადიან ამ ქალზე… საჩვენებლად გადაუვლიან, რომ ყველამ დაინახოს, როგორ არ აყვა ხალხის არჩეული მთავრობა ლიბერალ ენაჭარტალებს და ერთ-ორ ნაგიჟარ ლესბოსელ-მამათმავალს… გამიგე? სპეციალურად ვამბობ ასე ახლა… სინამდვილეში, ფეხებზე მკიდიან ეს ლესბოსელ-მამათმავლები… ჩემმა ქალიშვილმა დღეს შეურაცხყოფები მაყენა ჩემი ასისტენტის თანდასწრებით, უზრდელი გოგოა… თუმცა ფრთხილად მასთან – სუსტი ფსიქიკა აქვს… და ფიზიოლოგიაც, პრინციპში… მოკლედ, ეს არაა ახლა მნიშვნელოვანი… ეს ქალი ახლა ხელისუფლების ოპონენტია, ამათი პოლიტიკის ოპოზიციაა, ამიტომ არავის არ ათქმევინებენ, რომ შეეშინდათ… გადათელავენ.

მომავალი საქმრო {იასონი}. ანუ გააგდებენ? ამ დროს ამათ უჭერდა მხარს, აქტივისტი იყო ჩვენს უბანში…

მომავალი სიმამრი {კრეონი}. ინტერვიუები არ უნდა ეძლია მარცხნივ და მარჯვნივ, ჩუმად უნდა ყოფილიყო და არც მე გამიძნელდებოდა ზოგ-ზოგიერთების დარწმუნება, რომ საჭირო აქტივისტია. მიუხედავად იმისა, რომ, რბილად რომ ვთქვათ, უაღრესად დელიკატური სიტუაციაა… მე ვიცავ ჩემი ქალიშვილის საქმროს საეჭვო სტატუსის მქონე ემიგრანტ ექს-ცოლს… ცოტა აბსურდულია, არა? ამაზე, წესით, უნდა ვიცინოთ… მაგრამ, ვიმეორებ, მისი დუმილი და აქტივისტობა აუცილებლად წაგვეხმარებოდა… ერთი ესაა, შენ ახლა გაგახსენდა, რომ შესაძლოა პოლიტ-აქტივისტობა პლუსია, თორემ ამას სხვა დროს როგორ იტყოდი?! შენ ხომ მოქალაქეობრივი პრინციპები გაქვს, შენთვის, როგორიც მოსოციალისტო-მოინტელიგენტო-მოინტელექტუალო მოქალაქესთვის პოლიტ-აქტივიზმი სირცხვილია, დიდი ცოდვაა, მით უმეტეს, ჩვენი, ულტრა-ნაციონალისტების მხარდაჭერა… უბრალოდ შენ და ჩემი მატრაკვეცა ქალიშვილი შეწუხდით, რადგან ისე გამოდის, რომ ეს ქალი ორმაგად იჩაგრება… თქვენ კიდე გინდათ, რომ ეს მარტო ერთმაგად დაიჩაგროს, არა? მართალი ვარ? ხომ არ გწყინს, ასე რომ ვლაპარაკობ? ეს იუმორია… ჩვენ ახლობლები ვართ… თან არ მიყვარს მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი…

მომავალი საქმრო {იასონი}. მე არ მინდა, რომ პიროვნულად დაიჩაგროს, თორემ ემოციურ ჩაგვრას როგორმე გადავიტანთ…

მომავალი სიმამრი {კრეონი}. პიროვნული ჩაგვრა რას ნიშნავს?

მომავალი საქმრო {იასონი}. არ მინდა, რომ გააგდონ.

მომავალი სიმამრი {კრეონი}. გააგდებენ და თავის სახლში წავა… ბოლოს და ბოლოს… რატომაა ცუდი იქ დაბრუნება, სადაც დაიბადე…

მომავალი საქმრო {იასონი}. არ აქვს სახლი. ომი ჰქონდათ… ქვეყანა ოკუპირებულია. იქ ჩასვლა და მისი დაკავება ერთი იქნება…

მომავალი სიმამრი {კრეონი}. რამდენი ომი ჰქონდათ ამ საწყლებს?

მომავალი საქმრო {იასონი}. პრობლემური რეგიონია.

მომავალი სიმამრი {კრეონი}. ჰოდა, მაშინ იჯდება ჩვენი დამცავი კედლიდან ერთი მეტრის დაშორებით და იქ იცხოვრებს. დაიდგას კარავი. თუ უნდა, სახლი აიშენოს. არა მგონია, ამათმა დაუთმონ, პოლიტიკური ღირსების საკითხია. ან თუ დაუთმობენ, ისეთ შეზღუდვებს დაუწესებენ, ისევ წასვლას აირჩევს.

მომავალი საქმრო {იასონი}. არა, რაღაც უნდა ვიღონოთ, თქვენ დიდი გავლენა გაქვთ, უნდა შევეხვეწოთ… მე აბსოლუტურად გულწრფელი ვარ თქვენთან… შინაგანი საყრდენი მაქვს გამოცდილი…

მომავალი სიმამრი {კრეონი}. მე არ ვიცი, შენ რა გაქვს გამოცლილი, მაგრამ მე არავისთვის არაფერი არ მითხოვია… მით უმეტეს, რომ ეს ახლა კორუფციულ გარიგებას დაემსგავსება, მე არავინ არაფერს დამითმობს… პოლიტიკურ გადაწყვეტილებას სხვები იღებენ. მე სიმბოლო ვარ.

მომავალი საქმრო {იასონი}. მინდა, რომ თქვენი ქალიშვილი იყოს ბედნიერი.

მომავალი სიმამრი (კრეონი}. ჩემი ქალიშვილი რა შუაშია?

მომავალი საქმრო {იასონი}. აქ მარტივი სქემაა: თუკი მე ვიქნები უბედური, თავს ვერც ის იგრძნობს ბედნიერად, მე კი უბედური ვიქნები, თუკი ჩემი შვილების დედას განდევნიან. ჩემ შემთხვევაში სინდისია პრობლემა.

მომავალი სიმამრი {კრეონი}. ანუ ჩემი ქალიშვილის ბედი ამ ქალზეა დამოკიდებული? ასეთი საცოდავია?

მომავალი საქმრო {იასონი}. ორივენი საკმაოდ მგრძნობიარეები ვართ.

მომავალი სიმამრი {კრეონი}. ვის მიმართ?

მომავალი საქმრო {იასონი}. რეალობის მიმართ…

სიმამრი. ერთ რაღაცას გკითხავ და გულწრფელად მიპასუხე, ძალიან გთხოვ… მეც ხომ მაქვს უფლება, რომ ჩემი ქალიშვილის ბედნიერებაზე ვიზრუნო… მე ობიექტურად ვაფასებ ჩემ გოგოს: ის ახალგაზრდაა, ჯანმრთელია… ოდნავ მოკლე ფეხები აქვს დედამისივით… ჩემგან განსხვავებით… მაგრამ კანის ფერი ჩემი აქვს – გამჭვირვალე, თეთრი… შეკრულია, გამართულად დგას… მიმზიდველია, ასე ვთქვათ… შესაბამისად, მოგწონს ფიზიკურად, მიბმული ხარ მასზე, შენთვის სიამოვნების წყაროა… მე არ მიჭირს ამაზე ლაპარაკი, როგორც მამას, მესმის შენი, როგორც მამაკაცის… ერთი თაობისანი ვართ რეალურად – პლუს-მინუს ხუთი-ათი წელი… მაშასადამე, ეს გოგო სექსუალურად გიზიდავს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აი, რა მინდა, გკითხოთ: გიყვარს?

მომავალი საქმრო {იასონი}. ცხადია…

მომავალი სიმამრი {კრეონი}. ჩემ ქალიშვილზე არ გეკითხები. დღემდე გიყვარს შენი ცოლი?

მომავალი საქმრო {იასონი}. ის ჩემი შვილების დედაა…

მომავალი სიმამრი {კრეონი}. ეს ვიცით, ვაფასებთ… თუმცა მაშინაც შენი შვილების დედა იყო, როცა ჩემ ქალიშვილთან წახვედი, არა? ეს ნახევრად იუმორით… კარგი, კიდევ ერთი დეტალი… კაცები ვართ, გვესმის ერთმანეთის… სექსი გაქვს დრო და დრო?

მომავალი საქმრო. {იასონი). ვისთან?

მომავალი სიმამრი {კრეონი}. ყოფილ ცოლთან… წონასწორობისთვის. ქველმოქმედების მიზნით. ან მანიპულაციისთვის…

მომავალი საქმრო {იასონი}. ეს უკვე სახალისოა… რაზე მიმინიშნებთ? არა, მე არ გაჩერებთ…

მომავალი სიმამრი {კრეონი}. კარგი, ამას თავი დავანებოთ… მითხარი – შენ თავს ებრძვი, რომ არ გიყვარდეს?

მომავალი საქმრო {იასონი}. არა, მე არ მინდა, რომ გააგდონ.

მომავალი სიმამრი {კრეონი}. ანუ გინდა, რომ მაინც ახლოს გყავდეს? სადღაც აქვე გეგულებოდეს? რადგან იცი, რომ შენგან არსად წავა და ყოველთვის დაგელოდება? რადგან ის შენი ყოფითი სიმშვიდის გარანტიაა? ამ მხრივ ეგოისტი ხარ, არა? შენთვის გინდა და არა იმიტომ, რომ არ დაიჩაგროს. მესმის შენი და ამიტომაც გეკითხები, კი არ გსაყვედურობ…

მომავალი საქმრო {იასონი}. არ გეწყინოთ, მაგრამ ჩემი ფსიქიკის თქვენეული ანალიზი კრიტიკას ვერ უძლებს. მე თქვენი ქალიშვილი მიყვარს… დანარჩენი – არავის ეხება.

მომავალი სიმამრი {კრეონი}. არა, ჩემი ქალიშვილი მხოლოდ გინდა და მოგწონს, რადგან თავდაჯერებულობას გიბრუნებს, მაგრამ როდემდე? ხომ ხარ ორმოცდაათის? თუ ორმოცდათერთმეტის ხარ უკვე? დიდი-დიდი, სამოც წლამდე შეძლო ვაჟკაცობა, მერე მოიმჩვარები, ეს წავა-წამოვა, აბა რას იზამს, ათი თუ იცი წლით უფროს კაცს ლოლიავს არ დაუწყებს… არც ვიცი, რამდენი წელია თქვენს შორის განსხვავება… ამ შიშით ცხოვრობ… მარტო დარჩენის შიშით, მხარდაჭერის გარეშე დარჩენის შიშით… ჰოდა ამიტომ ის აქ უნდა გყავდეს: შენი ნამდვილი მხარდამჭერი, ნამდვილი ცოლი, ძველი და გამოცდილი, შენი შვილების დედა. არსად არ-წამსვლელი. ან თუ წამსვლელი, დიდი-დიდი, პარალელურ ქუჩამდე… არც ახლოს, არც შორს, მაგრამ სადღაც მახლობლად…

მომავალი საქმრო {იასონი}. არ მეგონა, თუკი ასე ნეგატიურად იქნებოდით ჩემდამი განწყობილი.

მომავალი სიმამრი {კრეონი}. არა, პატივს გცემ, რადგან ვხედავ, რომ ჩემ შვილს უყვარხარ. მაგრამ მე ნუ მატყუებ. ამ ქალის გადარჩენა კი არ გინდა, მარტო დარჩენა არ გინდა ჩემ ქალიშვილთან.

7.

რაც უფრო ახლოვდება შუაღამე, ადამიანებს სულ უფრო მეტად უჭირთ თანმიმდევრული პოზიციის ან, საერთოდ, სიმტკიცის შენარჩუნება. მომავალი სიმამრი {კრეონი} სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნება – ხომ შეეძლო, შინ წასულიყო და იქ ელანძღა ყველა, ვინც მას {კრეონს} და ახალ ევროპულ პოლიტიკას აკრიტიკებდა, – ვთქვათ, ქალიშვილი {გლაუკე}, თანაშემწის თანდასწრებით რომ აყენა შეურაცხყოფა, მაგრამ არა, შინ არ წასულა, ამის მაგივრად იქ მივიდა, სადაც მისი მომავალი სიძის ყოფილი ცოლია. თავადაც ვერ მიმხვდარა, რატომ ვერ მშვიდდება, რატომ ვერ ჩერდება (როგორც ქალიშვილმა უთხრა, უფრო სწორად, უბრძანა), რატომ არ ელოდება სხვებივით „მოვლენების განვითარებას”, რა უნდა? ქალიშვილის უცნაური წაქეზებით – ერთს რომ ეუბნება და სხვას ელოდება მისგან? მისი აზრით ხომ ქალები თითქმის არასდროს ამბობენ იმას, რაც მათ მართლა სურთ. პირიქით – სიტყვებით მალავენ თავინთ მცირე თუ დიდ კონცეფციებს. რატომ მოვიდა?

ქალიშვილზე ზრუნვის თუ ამ ქალის {მედეას} – ანუ პრობლემის მიმზიდველობის გამო? რა ჯადოა ასეთი, რომ ვერაფრით ახერხებს აქტუალური ამბის მიღმა ყოფნას?

ყოფილი სიმამრი {კრეონი) სპეციალური ზონის გამგეს უკავშირდება, რომელსაც სპეციალური გვირაბით შეჰყავს მისაღებში, რათა ის უსიტყვო მოწმემ {ქორომ} ან ვინმე უცნობმა ცნობისმოყვარემ არ დაინახოს. ახლა მხოლოდ ესღა აღელვებს, მოინდომებს თუ არა მასთან აუდიტორიის გარეშე შეხვედრას თავისი ქალიშვილის {გლაუკეს} საქმროს {იასონის} ყოფილი ცოლი {მედეა}. თუკი არ მოინდომებს, მომავალ სიმამრს {კრეონს} უკან გაბრუნება მოუწევს, რადგან ქალიშვილის {გლაუკეს} საყვედურებს ვეღარ გადაიტანს. მით უმეტეს, რომ ეს უკვე პოლიტიკურადაც საფრთხილოა.

ის {კრეონი} ახლა უზურგო სკამზე ზის, ახლად შეღებილ კედლებს უყურებს და ფიქრობს:

…ნორმალური ადგილია, სუფთა… ჰიგიენა დაცულია, ბევრს სახლი არა აქვს ასეთი, წესრიგია…

…ჩემი ქცევის მოდელი: დიდი პატივისცემა, კეთილგანწყობა – მე რომ ვიცი, ისეთი… ქალს რომ ესიამოვნოს… რაც ყოველთვის მეხერხებოდა, რაც ყოველთვის შემეძლო… ხასიათი უნდა ვაჩვენო, სიდინჯე და ჩამოყალიბებულობა… მაგისი უხერხემლო ქმარი არა ვარ – ეს უნდა იცოდეს… იდეაში, ჩვენი მხარდამჭერია, ბუკლეტებს არიგებდა საუბნო დონეზე, ანუ ღირებულებები ერთი უნდა გვქონდეს… მაგრამ დაიჩაგრა…

ხშირად არ გავიღიმებ: კბილები ზედმეტად წინ მაქვს გამოწეული, არაბუნებრივად… ეს პროტეზის პრობლემაა და არა ჩემი… ეს პროტეზი ქმნის ღიმილს ხელოვნურს… ღიმილს ხმა უნდა მივაშველო, რადგან კეთილი თვალები მაქვს… როგორც ჩემ გოგოს… არა, ჩემი გოგო არ უნდა გაახსენდეს…

გაახსენდეს ერთი, კიდე ამას ველოლიავო ახლა!.. მე ჩემი გეგმა მაქვს: ვიცნობ ასეთებს… აქცენტი ბავშვებზე… მე მენდეთ… ერთია პოპულარობა, მეორეა რეალობა, ნუ იქნებით ზედმეტად თავდაჯერებული… ვაი… ეს სკამი იატაკზე ყოფილა მიჭედებული… არა, ციხეს არ გავს, სინათლეა… წამალი თხუთმეტ წუთში უნდა დავლიო… აჰ… ვიღაც მოდის…

იღება კარი. მომავალი სიმამრი {კრეონი} ფეხზე დგება. შემოდის ძიძა.

მომავალი სიმამრი {კრეონი} ფიქრობს:

ესაა? ტელევიზორში სხვანაირი ჩანს… კოლხებს ასეთი წვრილი თვალები აქვთ?

სალამი…

ძიძა. წერა საქმე პოლიცია კაცი ხალხი ბოდიში.

მომავალი სიმამრი {კრეონი}. ბატონო?

ძიძა. წუთი წუთი წუთი… მოვიდა დღე, წავიდა დღე… ცრემლი დიდი არის, წყენა დიდი არის… მე პასპორტი… ქალი ღმერთი…

მომავალი სიმამრის ფიქრი: არა, ეს, სავარაუდოდ, ზონის დამლაგებელია…

მომავალი სიმამრი {კრეონი}. თქვენ…

ძიძა. მე დიდი ხანი ძიძა შვილები…

მომავალი სიმამრი {კრეონი}. ა, გასაგებია… ჩვენს ენას რატომ არ სწავლობთ? ვიცინი… ვხუმრობ… სიცილს თარგმნა არ ჭირდება…

ძიძა. კვალიფიკაცია დიდი… პასპორტი არის აქ…

მომავალი სიმამრი {კრეონი}. კი ბატონო… აქ მუშაობთ თქვენ?

ძიძა. 30 წლის მე…

მომავალი სიმამრი {კრეონი}. 30 წლის ხართ?

ძიძა. ოთხი წლის…

მომავალი სიმამრი. გასაგებია…

მომავალი სიმამრი ფიქრობს: ვინ არის ეს ქალი?.. ვინც უნდა იყოს, ფაქტია, რაღაცას განიცდის… ეტირება კიდეც, მაგრამ რახან ენა არ იცის, მისი წუხილი თუ რაც ქვია, კომიკურ ელფერს იღებს, რაღაცას გოდებს და, ამ დროს, პაროდია გამოუდის… და სულ ენის გამო… გრამატიკის არ-ცოდნის და მწირი ლექსიკის გამო მას ადამიანად ვერ აღვიქვამ… ამას ხმამაღლა არ ვიტყვი, მაგრამ ასე მეტყველი ადამიანი ცხოველს გავს… დამანებოს თავი, არ შეიძლება? საერთოდ, რატომ მოვედი? … ცხოველო… ახლა ვკითხავ… – თქვენ აქ მუშაობთ?

ძიძა. ცუდი კაცის შვილების ძიძა…

მომავალი სიმამრი {კრეონი}. გასაგებია… მნიშვნელოვანი ადამიანი ყოფილხართ. სადაა თქვენი ქალბატონი? ისევ თავის მხარდამჭერებს ესაუბრება? თქვენ გიცნობთ მედია?

ძიძა. მე… ოცდაათი წელი სახლი… დიდი ტკივილი…

მომავალი სიმამრი {კრეონი}. აი, ახლა არ გეწყინოთ, რასაც გეტყვით, მაგრამ აი, სპონტანურად მომადგა ენაზე… იმედია ჩემი გულწრფელობა არ დაგაფრთხობთ… ძნელად ვლაპარაკობ…

ძიძა. კაცი ცუდი არის!

მომავალი სიმამრი {სიმამრი}. დიდი ხანია ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობთ? მე არა ვარ ცუდი…

ძიძა. ქალის ქმარი ცუდი, ქალი კეთილი…

მომავალი სიმამრი {კრეონი}. აი, აქ ცხოვრობთ და ენა არ იცით… უფრო სწორად, რაც იცით, იცით, მაგრამ ეს ენა არაა… და მერე იტყვით, რომ ინტეგრაციის კუთხით პრობლემები გაქვთ, რომ თქვენი სოციალური სტატუსით უკმაყოფილო ხართ… ამ დროს, სწორედ იმ სტატუსზე ხართ თქვენი მეტყველებით და ლექსიკით, რასაც, სავარაუდოდ, იმსახურებთ კიდეც… თქვენი აზროვნება და სული არ ჩანს… არ ხმიანებს, ასე ვთქვათ… ცუდად არ გამიგოთ… – მომავალი სიმამრი ფიქრობს: – რატომ ველაპარაკები ამ ქალს? – თქვენც არალეგალური სტატუსით ცხოვრობთ?

ძიძა. ოცდაათი წელი აქ ცხოვრება… მე პასპორტი… ამის მოქალაქე არის…

მომავალი სიმამრი {კრეონი}. ჩვენი მოქალაქე ხართ? ძალიან კარგი…

და თქვენ ქვეყანაში რატომ არ დარჩით? ამ მონაცემებით, ასე ვთქვათ…

ძიძა. პრეზიდენტი ცუდი არის… ორასი სამასი კაცი მკვდარი… ჩემი ქვეყანა… მილიონი კაცი და ქალი მკვდარი მერე… ბავშვი მკვდარი… ჭამა ბავშვი…

მომავალი სიმამრი {კრეონი}. ბავშვი ჭამა ვინმემ? – მომავალი სიმამრი ფიქრობს: ანუ დიქტატურას გამოექცა?.. კარგი იქნებოდა, ჩვენი დიალოგი ვინმეს გადაეღო… მისნაირად უნდა ავლაპარაკდე… – ჩვენი ქვეყანა არის თავშესაფარი შენი? დიქტატორი არის-არ არის? – აი, თუკი გინდა, რომ რაღაც გააგებინო ასეთებს, შენც უნდა დეგრადირდე… – ის ისევ მმართველია?

ძიძა. მკვდარი არა, ცოცხალი არა…

მომავალი სიმამრი {კრეონი}. გასაგებია… უფრო სწორად, გაუგებარია… ენა ისწავლეთ… ენა!.. დანარჩენი ყველაფერი მისაღებია…

ძიძა. (ფიქრობს თავის მშობლიურ ენაზე) … შენ რა იცი, რა მისწავლია და როგორ მიცხოვრია… უზრდელი… აი, ამათ იციან ზევიდან ყურება… სამსართულიანი სახლი გვქონდა, სანამ წაგვართმევდნენ… ხუთი ათასი ჰექტარი… უშველებელი მეურნეობა… სად იყურები? ელამია ცოტა… შემომხედე… ახლა ამას გააგდებთ – მერე? – (ხმამაღლა) რატომ ქალის გაგდება? რატომ შვილების დედა წასვლა? რატომ არა – კონვენცია ევროპა… დემოკრატია მართალი… საჩივარი უმაღლესი… დეკლარაცია ადამიანი… მე ევროპა, შენ ევროპა, სად არის უფლება? ჰუმანიზმი ადამიანი… ჩემი გამოცდა… გვარი-ვოლტერი… სოლიდარობა ადამიანის… კაცი – ბოროტი… წყევლა ცივილიზაცია…  ასი ქულა გამოცდა…

მოსაცდელის კართან ჩანს ყოფილი ცოლი {მედეა}.

აი, კარგი ქალი…

მომავალი სიმამრი ფიქრობს: გაჩუმდეს ეს, არ შეიძლება? – (დგება) – შეგაწუხეთ…

ყოფილი ცოლი {მედეა}. აი, მოვიდა კაცი, რომელიც ჩემი ყოფილი ქმრის მომავალი ცოლის მამაა. ავტორიტეტული მოქალაქე და გამარჯვებული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

მომავალი სიმამრი {კრეონი}. მე გამგეს ვთხოვე, რომ თუკი შესაძლებლობა იქნებოდა, მოწმე არ გვყოლოდა – არც ხილული და არც უხილავი.

ძიძა. მედია თავისუფალი არის, ქმარი ცუდი…

ყოფილი ცოლი {მედეა}. (ძიძას) ერთი წუთით… (მომავალ სიმამრს – კრეონს) ისინი მუდმივად გვერდში მიდგანან და მამხნევებენ, თუმცა ჩვენ აქ მარტო ვართ…

მომავალი სიმამრი {კრეონი}. ისე ალაპარაკდით, მომეჩვენა, თითქოს სხვებსაც მიმართავდით ჩემ გარდა… და შემეშინდა, რადგან ასეთ შემთხვევაში გულწრფელები ვერ ვიქნებოდით… – (ფიქრობს) – შარმი არ უნდა დავკარგო… გაუღიმე… კბილები ზომიერად…

ყოფილი ცოლი {მედეა}. ეტყობა, უკვე ჩვევად მექცა ასე ლაპარაკი…  გისმენთ.

მომავალი სიმამრი ფიქრობს: შესაძლებელია, რომ ვერ მცნობდეს?.. უფრო სწორად, არ იცოდეს, ვინ ვარ… – როგორც ვატყობ, არ მიცნობთ…

ყოფილი ცოლი {მედეა}. უკაცრავად, ამ ბოლო დღეებში იმდენი ხალხი მიდი-მოდის… სრულიად არაკონცენტრირებული ვარ…

ძიძა. (აღშფოთებული) ცუდი ქმარი არის, კანონი ცუდი არის…

მომავალი სიმამრი ფიქრობს: …ამ საწყალმა ქალმა იცის, ვინ ვარ და ამან – არა… ახლა გავიხუმრებ… – ჩავთვალოთ, რომ ნათესავები ვართ… მე თქვენი ყოფილი მეუღლის საცოლეს მამა ვარ…

ყოფილი ცოლი {მედეა}. ა, სიმამრი… ცნობილი ჰომოფობი და რასისტი.

მომავალი სიმამრი. არც ერთ თქვენეულ შეფასებას არ ვეთანხმები… – ფიქრობს – არ უნდა გავბრაზდე. გახსოვდეს იუმორი!

ყოფილი ცოლი {მედეა}. მე სხვების შეფასებას ვიმეორებ… ახლა, უბრალოდ, გონებაში ამომიტივტივდა… ბედნიერი ხართ თქვენი შვილის არჩევანით? მოგწონთ მისი მომავალი ქმარი?

მომავალი სიმამრი. არა უჭირს… უკეთესებიც გვინახავს.

ყოფილი ცოლი {მედეა}. ბრაზობთ, რომ ქალიშვილს გართმევთ? აი, ახლა გამოცდით, რა ადვილია კალაპოტიდან ამოვარდნა, როცა ისეთ ვინმეს გართმევენ, ვისზეც შეჩვეული იყავით…

მომავალი სიმამრი ფიქრობს: – ახლა ფსიქოანალიზში არ უნდა შევყვე, თორემ ჩამიყოლებს… ჭკვიანი ქალია… ინტუიტიურია… მკერდზე შევხედე… პრინციპში, ძალიან საშიში ვარ… ჩემნაირებს ალფა-მამრებს უწოდებენ… ეს ქალი სახიფათოა… გაფანტვა არ ღირს, მე ვიცნობ ამ კატეგორიას, ამ დონეს, ამიტომ პირდაპირ საქმეზე გადავალ… თქვას მერე იმან, რომ მამამისმა არაფერი იღონა… უტვინო გოგო… – ძალიან მინდა მოწმეების გარეშე დაგელაპარაკოთ… იქნებ ცოტა ხნით დაგვტოვოს თქვენმა… მოსამსახურემ…

ყოფილი ცოლი {მედეა}. ჩემი შვილების ძიძამ.

მომავალი სიმამრი {კრეონი}. ძიძამ, დიახ…

ყოფილი ცოლი {მედეა}. ის თქვენი მოქალაქეა, პასპორტი აქვს.

მომავალი სიმამრი {იასონი}. მესმის, ვაფასებ, მაგრამ არა უშავს, უბრალოდ დელიკატური საკითხია…

ყოფილი ცოლი {მედეა}. მე ვერ ვეტყვი, მერიდება… დასამალი არაფერი მაქვს.

ძიძა. გადის… კულტურა ადამიანი…

მომავალი სიმამრი {კრეონი}. მადლობა… (ძიძა გადის) – სიმამრი ფიქრობს – გადადი საქმეზე… მე პირდაპირი კაცი ვარ, არ მიყვარს მიკიბულ-მოკიბული ლაპარაკი, ამიტომ დროს არ დავკარგავ: მე თქვენ 50 000-ის ეკვივალენტ ოქროს მოგცემთ… დღესვე… და თუ საჭიროა, მეტსაც… და ჩემ თავზე ვიღებ თქვენი შვილების დაფინანსებას… მაგისტრატურის ჩათვლით… ვიცი, ისინი სპეციალურ დაწესებულებებში გყავთ ამჟამად და რა ელით, ჯერჯერობით არ იცით… ოღონდ ჩემი პირობა ასეთია: შეწყვიტეთ ხმაური, შეეშვით სეირით დაინტერესებულ აუდიტორიასთან ურთიერთობას, ბედს შეეგუეთ, სხვებს ნუ დაუნგრევთ ბედნიერებას და თქვენს შეცდომებს ნუ გადააყოლებთ, იცხოვრეთ თქვენთვის უზრუნველად… ჩვენგან მოშორებით… იქ, სადაც გნებავთ… ფინანსურ სტაბილურობას მე უზრუნველვყოფ. გყავთ კიდე ვინმე ნათესავი? მათაც გამოვუძებნი რამეს… გსურთ თქვენს ქვეყანაში დაბრუნება? ბილეთს მე ვყიდულობ… ბარგის წონას მნიშვნელობა აქვს… – ფიქრობს – მეტი რაღა ვქნა, მამა, შენს ბედნიერებას ვყიდულობ, შენს სიმშვიდეს და არა ამ პროვოკატორის წონას… – თანახმა ხართ?

ყოფილი ცოლი {მედეა}. თანახმა ვარ.

მომავალი სიმამრი ფიქრობს. – ვერ გაიგო, რა შევთავაზე?! – ანუ თანხმდებით ჩემ გარიგებას?

ყოფილი ცოლი {მედეა}. ჩემი ქმრის და თქვენი ქალიშვილის სიმშვიდე 50 000-ის ეკვივალენტი ოქრო ჯდება?

მომავალი სიმამრი ფიქრობს. – თანხამ ფსიქოლოგიურად გატეხა… მორალისტობს, მაგრამ სინამდვილეში ვაჭრობას იწყებს… ვიცნობ ასეთებს. ნაღდი ფულის სუნი ეცა და მორჩა, ტვინი გაეთიშა… – თქვენი შვილების ბაკალავრიატი-მაგისტრატურა…

ყოფილი ცოლი {მედეა}. რახან ფულს მთავაზობთ, ესე იგი, ხვდებით, რომ დარჩენის და გამარჯვების შანსი მაქვს. შეგეშინდათ…

მომავალი სიმამრი ფიქრობს. – უზრდელი… მე ჩემი ქალიშვილი მიყვარს, ეს მამის სენტიმენტალიზმია, ბარბაროსო… შენ რა იცი, მშობელი რას გრძნობს… – რომელი გამარჯვების შანსი, რა სისულელეა! უბრალოდ არ მინდა, რომ მერე ბავშვს სინდისი ქენჯნიდეს და ქმართან მოეწამლოს ურთიერთობა… ამ ჯადოს ვეღარასდროს მოიშორებს… მეტი არაფერი… მინდა კმაყოფილი წახვიდე, მადლობებით… ფულს ამაში ვიხდი, თორემ გაგდებით ისედაც გაგაგდებენ…

ყოფილი ცოლი {მედეა}. ბოდიში, ჩემ ქმარს სინდისი არა აქვს? რას ნიშნავს? არ ვხუმრობ… 50 000-ში მისი სინდისის და სიმშვიდის საფასურიც შედის? მეტისმეტად იაფი ხომ არ გამოდის?!

მომავალი სიმამრი {კრეონი}. პირდაპირ თქვი, რამდენი გინდა?

ყოფილი ცოლი {მედეა}. მილიონი და მადლობებით მივდივარ. კმაყოფილი და ბედნიერი. სინდისიც სამუდამოდ მშვიდად ექნებათ.

მომავალი სიმამრი {კრეონი}. ვერ გავიგონე…

ყოფილი ცოლი {მედეა}. ერთი მილიონი ჩემი შვილის ანგარიშზე, მეორე მეორისაზე… ანუ სულ ორი მილიონი, და თქვენს ქალიშვილს სიცოცხლის ბოლომდე უყიდით მშვიდ სინდისს.

მომავალი სიმამრი {კრეონი}. ორი მილიონი რას ნიშნავს…

ყოფილი ცოლი {მედეა}. სამ მილიონს, რადგან მამამ ყველაფერი უნდა გაიღოს შვილისთვის! წართმეულ შვილში ორი მილიონი, ჩემ გაგდებაშიც ორი… ანუ ჯამში – ოთხი…

მომავალი სიმამრი ფიქრობს. … მასხრობს. დამცინის… გავიცინო? თუ შევაშინო? მგონი, გიჟია… სტრესისგან ან პოპულარობისგან გაგიჟდა… – 100 000-ის ეკვივალენტი და წადი კმაყოფილი… მორჩა… – უხეშად გამომდის? მილიონი არა მაქვს, მამა…

ყოფილი ცოლი {მედეა}. არა, თქვენი ბედნიერება უკვე ხუთ მილიონამდე ავიდა.

მომავალი სიმამრი {კრეონი}. უფულოდ მოგისვრიან აქედან…

ყოფილი ცოლი {მედეა}. თუმცა სიკვდილამდე ჩემზე იფიქრებენ… მთელ დარჩენილ სიცოცხლეს ჩავუმწარებ, ცოლ-ქმარი ვერასდროს მომიშორებს…

მომავალი სიმამრი {კრეონი}. ადამიანი ეგოისტია, დაგივიწყებენ.

ყოფილი ცოლი {მედეა}. ესე იგი, ფულსაც ტყუილად მთავაზობთ…

მომავალი სიმამრი ფიქრობს. – ახლა ავფეთქდები… დროა… უნდა შევაშინო… მთავარია, წნევა ვარეგულირო… მე პირდაპირი კაცი ვარ, გულწრფელი ლაპარაკი მიყვარს… – ჰოდა, გაეთრიე ჩვენი ცხოვრებიდან! ერთი გამომყენებელი, ბინძური, საშიში და კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ქალი ხარ, შენი და შენი ქმრის ძველი პრობლემები აქ არავის აღელვებს… შეეშვი ჩემ ქალიშვილს, ბავშვს ნერვები აქვს დათხრილი, რომ დაგტოვონ, მე არ მოგცემ აქ დარჩენის უფლებას, რათა ჩემ შვილს ცხოვრება არ მოუწამლო… უზრდელო!.. არამზადავ!.. – ამ დროს, არ ვარ ასეთი, უბრალოდ ფეთქებადი ხასიათი მაქვს…

ყოფილი ცოლი {მედეა} ღილებს იხსნის პერანგზე – რას შვება?

ყოფილი ცოლი {მედეა}. ხედავთ ამ მიკროფონს? აი, თქვენ ახლა უამრავი ადამიანი გისმენდათ. მოგატყუეთ, როცა გითხარით, რომ მარტო ვიყავით.

ყველამ გაიგონა, რა ნაძირალაც ხართ. აი, ვინ მჩაგრავს!

+7.

ყოფილი ცოლი {მედეა} თავდაჯერებულია… ეს არაა გარეგნული სიმტკიცე, ის უკვე მართლაც ფიქრობს, რომ გამარჯვებულის უპირატესობას ფლობს. თუნდაც მხოლოდ მორალურ უპირატესობას, რადგან ყველა ამხილა და ქორომ დაინახა, ვინ რას წარმოადგენს. თუმცა უკვე აღარც იმას გამორიცხავს, რომ ამ ყველაფრიდან პრაქტიკული (ანუ სოციალური) სარგებელიც ნახოს. მომავალ (თუ ვერშემდგარ) სიმამრთან {კრეონთან} საუბრის შემდეგ, ის გულწრფელად ფიქრობს, რომ რაკი ამ კაცმა გარიგება შესთავაზა, ესე იგი, მმართველი პარტიის რიგებშიც ჭოჭმანობენ, უნდა აღსრულდეს თუ არა მკაცრი კანონი.

+8.

სხდომათა დარბაზში მხოლოდ რამდენიმე ადამიანია, მაგრამ სივრცის სიმცირის გამო ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს დარბაზი ხალხით იყოს გადაჭედილი. სხდომას ევროპული სასამართლოს ახალი მოსამართლე უძღვება, ყოფილი ქმარს {იასონს} თან ახლავს თავისი ადვოკატი, ხოლო ყოფილი ცოლი {მედეა} სასაზღვრო ზონის ზედამხედველი კომისრის თანხლებითაა მოსული. ეს პირველი შემთხვევაა თოთხმეტი დღის განმავლობაში, როცა ყოფილი ცოლი {მედეა} თავისი სპეციალური ზონიდან გამოიყვანეს. დარბაზში ზის ყოფილი ცოლის {მედეას} შვილების ძიძა, რომელსაც დიდი კონვერტი აქვს მუხლებზე ჩამოდებული. მას, ცხადია, ისე არ აცვია, როგორც წინა ეპიზოდებში (მოსამსახურეს წინსაფარი რომ ეკეთა), ეტყობა, ძალიან შეეცადა რომ ელეგანტურად და აკადემიურად, სასამართლოს შესაფერისად გამოწყობილიყო. ემიგრანტი {მედეა} თავისი განუყრელი საკომუნიკაციო ინსტუმენტით არის შეირაღებული, რისი მეშვეობითაც მუდმივ კავშირშია მხარდამჭერთა ქოროსთან. მოსამართლემ დიდსულოვნად დართო ნება, რომ ქოროს თვალყური ედევნებინა სხდომისთვის, თუმცა დათქმით, რომ რეპლიკებისგან თავს შეიკავებდნენ. საერთოდ, სხდომის თავმჯდომარეს ეტყობა, რომ უაღრესად შეწუხებულია და ინტონაციით თუ მიმიკით დაუნანებლად გამოხატავს ემიგრანტის {მედეას} მიმართ კეთილგანწყობას.

ახლაც თითქოს წესის დარღვევით სთხოვს ემიგრანტს {მედეას}, რომ სიტყვით მიმართოს სასამართლოს.

სხდომის თავმჯდომარე. ბრძანეთ, გეთაყვა…

ემიგრანტი {მედეა}. (იჯდა, ფეხზე დგება) რა უნდა ვთქვა… ჩემი ამბავი ისედაც ყველამ იცის, და აი, სწორედ ამათი ყველას დამსახურებაა, რომ ჯერ კიდევ ორი კვირის წინ არ გამაძევეს აქედან, მაგრამ მე მჯერა, რომ ევროპული სასამართლო თავის ღირსებას შეინარჩუნებს და ემიგრანტს და დედას არ დაჩაგრავს… შეუძლებელს და უსამართლოს არაფერს ვითხოვ: არ გამაგდონ, მომცენ აქ ცხოვრების უფლება და შვილებს არ დამაცილონ დაუჯერებლად სასტიკი კანონის თანახმად. ვფიქრობ, ზედმეტია იმის კონსტატირება, რომ ევროპა ჩემთვის გადარჩენაა. ყოფილა შემთხვევები, როცა ევროპულ სამართალს ან ევროპელ პოლიტიკოსებს მიზეზთა გამო უარი უთქვამთ არაევროპელი მოქალაქეების დაცვაზე… ზოგჯერ სხვების გაღიზიანების შიშით, ზოგჯერ პრაგმატიზმის გამო… მაგრამ აი, თუკი ევროპა ხელს გვკრავს, მაშინ ვინღა დაგვიცავს? არავინ… ჩემი შემთხვევა სწორედ ასეთია: ჩემი ბიოლოგიური სამშობლო დესპოტური ისტორიული ოპონენტის მიერ არის ოკუპირებული, მე და ჩემნაირები მათთვის მტრები ვართ, შესაბამისად, დაბრუნება ჩემი არათუ ჩემი თავისუფლებისთვის, არამედ სიცოცხლისთვის არის საშიში. აბა, სხვანაირად რად მინდა თავშესაფარი?! საკითხი მარტივად დგას: აქ ყოფნა გადარჩენაა. სხვას ვერაფერს ვიტყვი…

სხდომის თავმჯდომარე. გასაგებია… მადლობა… ადამიანურად ძალიან გგულშემატკივრობთ… ფაქტია, ყველანი პოლიტიკის მძევლები ვართ…

ემიგრანტი {მედეა}. (არ ელოდა სხდომის თავმჯდომარის ასეთ კომენტარს) დიახ…

სხდომის თავმჯდომარე კიდევ უფრო დამაბნეველი – შესაბამისად, ადამიანური ხდება:

სხდომის თავმჯდომარე. ღმერთო, ძალიან რთული დროა, ძალიან… ამ საქმეს უკვე ორი კვირაა განვიხილავთ და, თუ შესაძლებელია, ახლა მხოლოდ რამდენიმე შეკითხვით მოგმართავთ… ფაქტობრივად კონსტატირების რეჟიმში…

ემიგრანტი {მედეა}. დიახ, ცხადია…

სხდომის თავმჯდომარე. მაშასადამე, ევროპული ერთობის საზღვარი თქვენ ჩვიდმეტი წლის წინ გადმოგიკვეთავთ…

ემიგრანტი {მედეა}. დიახ.

სხდომის თავმჯდომარე. არალეგალურად…

ემიგრანტი {მედეა}. ჩემ ყოფილ ქმართან ერთად. აქ მას გამოვყევი.

სხდომის თავმჯდომარე. დიახ… გასაგებია… თქვენი ყოფილი ქმარი… (ქმარს – იასონს) მოგესალმებით… სასამართლოს უკვე აცნობეს თქვენი საჩივრის შესახებ…

ქმარი {იასონი} თითქოს აღარც აპირებდა სასამართლო სხდომაზე მოსვლას, მაგრამ სხვების {გლაუკესა და კრეონის} არ იყოს, ვერც მან მოახერხა სადმე ოდნავ მაინც დიდხანს შეყოვნება. მით უმეტეს, იმ შთაბეჭდილებების შემდეგ, რომელიც დილიდან დაუგროვდა (ყოფილ ცოლთან შეხვედრა, საცოლესთან და მომავალ სიმამრთან საუბარი), თუმცა სადაც არ მივიდა, ყველგან ერთი და იგივე განცდა დაეუფლა, რომ ახლა არა აქ, არამედ სხვაგან უნდა ყოფილიყო… საბოლოოდ, ის მიხვდა, რომ როგორმე საკუთარი ემოციების სისტემატიზირება უნდა მოეხერხებინა და ამიტომ პროტესტი – მეტიც, რისხვა – სახელმწიფოსკენ წარმართა. პოლიტიკურად ხმაურიანი უნდა გამხდარიყო, სინდისის ხმა რომ ჩაეხშო.

ყოფილი ქმარი {იასონი}. მე აქ მოვედი, რათა სახელმწიფოს ვუჩივლო… ჩემი პირადი საჩივარი შემაქვს, რომლითაც ადამიანის უფლებების დისკრიმინაციას დავადასტურებ… ჩემ ქვეყანას ჩემი ყოფილი ცოლის დაჩაგვრისთვის ვუჩივი… და თუკი აქ წავაგებ, ევროპის ადამიანის უფლებათა უმაღლეს სასამართლომდეც მივალ… ეს ადრეც უნდა მექნა…

მე – contra ქვეყანა…

სხდომის თავმჯდომარე. და pro-ექს ცოლი…

ყოფილი ქმარი {იასონი}. დიახ, მე და სახელმწიფო ერთ მთლიანობას აღარ შევადგენთ… და რეალურად არც შევადგენდით არასდროს… და გულწრფელად ვამბობ: ჩემი პროტესტით ჩემ თავსაც ვიცავ… და ჩემს მომავალს. ჩემი შვილების და ოჯახის მომავალს…

ემიგრანტი {მედეა}. მომავალს, სადაც შვილების დედა აღარ იგულისხმება…

სხდომის თავმჯდომარე. კანონი კანონია. ყველაფერს თავისი რეგლამენტი აქვს. ჩვენი საქმის უშუალო ობიექტს უნდა დავუბრუნდეთ. (ყოფილ ცოლს – მედეას) რამდენი წელი დაჰყავით გაერთიანებული ევროპის ტერიტორიაზე არალეგალურად?

ემიგრანტი {მედეა}. თოთხმეტი.

სხდომის თავმჯდომარე. საბუთების პრობლემა გქონდათ…

სხდომის თავმჯდომარე. ანუ თავს გადასახადების გადამხდელად თვლით?

ემიგრანტი {მედეა}. მორალურად – დიახ…

სხდომის თავმჯდომარე. მორალურად. გასაგებია. როდის მოაწერეთ ხელი თქვენს მეუღლესთან?

ყოფილი ცოლი {მედეა}. სამი წლის წინ.

სხდომის თავმჯდომარე. ლეგალურად…

ემიგრანტი {მედეა}. დიახ… მაგრამ ხელმოწერას ჩემთვის არ უშველია. კანონით განისაზღვრა, რომ აქაურად რომ ჩავთვლილიყავი, ოცდაათი წელი უნდა მეცხოვრა გაერთიანებულ ევროპაში… როგორც, ვთქვათ, ჩემი შვილების ძიძას… აი, ის აქაა…

ძიძა კონვერტს სწევს მაღლა.

სხდომის თავმჯდომარე. უმორჩილესად გთხოვთ, პოლიტიკურ ლოზუნგებს ნუ აღვმართავთ სხდომათა დარბაზში… ყველაფერი მესმის, მაგრამ ძალიან გთხოვთ, დავიცვათ ეთიკა…

ემიგრანტი {მედეა}. ეს არაა პლაკატი… თავად გადაწყვიტა, მოეტანა…

ძიძა. შვილები… ორი… ცოდო არის… დედა ტკივილი არის…

ემიგრანტი {მედეა}. (ძიძას) არ არის საჭირო… აქ უნდოდა მათი მოყვანა, უნდოდა, რომ ჩემთვის ეყურებინათ, მაგრამ მე ავუკრძალე.

ძიძა კონვერტს ხსნის.

სხდომის თავმჯდომარე. მაშასადამე, კანონის მიხედვით თქვენ ორი კვირის წინ უნდა დაგეტოვებინათ გაერთიანებული ევროპის საზღვრები…

ემიგრანტი {მედეა}. დიახ, თუ არა და, დამიჭერდნენ და აქედან გამაძევებდნენ… და, ალბათ, ასეც მოხდებოდა, საზოგადოებისთვის რომ არ მიმემართა საშველად… ენთუზიასტი ქალები დამიკავშირდნენ და სწორედ ისინი დამეხმარნენ სარჩელის შედგენაში, ჰოდა რახან პროცესი უნდა დანიშნულიყო, კიდევ ორი კვირა მომეცა აქაური ჰაერით სუნთქვის უფლება…

სხდომის თავმჯდომარე. …მაგრამ ეს დრო თქვენ სპეციალურ ზონაში დაჰყავით…

ემიგრანტი {მედეა} დიახ…

სხდომის თავმჯდომარე. რასაც ასევე დისკრიმინაციულად თვლით, ცხადია…

ემიგრანტი {მედეა}. მე სალხინებელში ვარ… არც სამოთხეა, არც ჯოჯოხეთი… უფლებრივად ცასა და დედამიწას შორის ვარ გამოკიდებული…

სხდომის თავმჯდომარე. მაგრამ ხალხის მხარდაჭერას გრძნობთ…

ემიგრანტი {მედეა}. დიახ, მე ხუთი ათასზე მეტი თვალისმდევნელი მყავს ყოველწამიერად… და დარწმუნებული ვარ, რომ თავის სიმართლეს სხვებიც დაამტკიცებენ, რადგან ჩემნაირ მდგომარეობაში არცთუ ცოტაა, უბრალოდ ბევრი ხმას ვერ იღებდა, ეშინოდათ… მაგრამ ევროპამ მათზე უარი უნდა თქვას, თუ არა ევროპა – მაშინ დაღუპვაა… ევროპა თავად დეგრადირდება, თუკი ჩაიკეტება…

სხდომის თავმჯდომარე. დიახ, ეს უკვე მოვისმინეთ… სასამართლოსთვის ცნობილია, რომ კანონის აღსრულების შემთხვევაში, თქვენ თანახმა ხართ, შვილი მამასთან დატოვოთ, ანუ დაცულ ტერიტორიაზე – გაერთიანებულ ევროპაში…

ემიგრანტი {მედეა}. დიახ, სადაც მას სტაბილური განვითარების და წარმატების მიღწევის საშუალება მიეცემა, რადგან სხვაგან ქაოსია. თუმცა იმედი მაქვს, კანონი სამართლიანად აღსრულდება…

ძიძა ორ ცალ დიდ ფოტოს იღებს კონვერტიდან და მაღლა სწევს. ფოტოებზე ბავშვების ფოტოებია – ბიჭების.

სხდომის თავმჯდომარე. რა არის ეს?

ემიგრანტი {მედეა}. ბოდიშს გიხდით… ორივე მისი გაზრდილია…

ძიძა. ორი… ჭკვიანი…

ემიგრანტი {მედეა}. ჩემი შვილებია… ისეთი განცდა მაქვს, თითქოს ფოტოებიდან მიყურებენ.

სხდომის თავმჯდომარე. მთავარია, პოლიტიკური პლაკატი არ იყოს. ერთი გოგონაა?

ემიგრანტი {მედეა}. არა, ორივე ბიჭია. ერთი ათი წლისაა, მეორე – ექვსის.

სხდომის თავმჯდომარე. რახან გრძელი თმა აქვს, გოგონა მეგონა. ჭკვიანი თვალები აქვთ. უფრო თქვენკენ არიან თუ მამასკენ?

ემიგრანტი {მედეა}. ვერ აცნობიერებენ სიტუაციის დრამატულობას…

სხდომის თავმჯდომარე. ვგულისხმობ – გარეგნობით…

ემიგრანტი {მედეა}. ა, უკაცრავად… ვფიქრობ, საუკეთესო აიღეს ორივესგან…

ყოფილი ქმარი. თუ ნებას მომცემთ, ერთ სიტყვას ვიტყვი…

სხდომის თავმჯდომარე. რეპლიკის სახით…

ყოფილი ქმარი {იასონი}. მე არ მინდა, რომ ჩემი შვილები ორად გაიხლიჩონ… ჩემთვის მიუღებელია, რომ უდედოდ ან უმამოდ იზრდებოდნენ ბავშვები.

ემიგრანტი {მედეა}. თუკი გამაგდებენ, უდედოდ გაზრდა მოუწევთ, ხოლო თუკი გამატანენ, რასაც არ დავუშვებ მათივე კეთილდღეობის გამო, უმამოდ… თუმცა ეს უკვე ფორმალობაა… ოჯახი დანგრეულია. უნდათ თუ არ უნდათ, მათ ორ რეალობაში მოუწევთ ცხოვრება…

ყოფილი ქმარი {იასონი}. ორ რეალობაში, მაგრამ დაცულ ტერიტორიაზე. ჩემთვის ესაა ახლა მთავარი…

ემიგრანტი {მედეა}. დაცულ? ისინი სამუდამო ბრძოლის ველად იქცევიან მამისთვის და დედისთვის. ჩვენ იქ შევხვდებით ერთმანეთს. ომს მათში დავიწყებთ. ამას ყოველგვარი ზედმეტი ფსიქოლოგიზმის გარეშე ვამბობ… ესაა ყველაზე დიდი ტრაგედია.

სხდომის თავმჯდომარე. ჰო. გაშორებული დედ-მამის შვილებს უმეტესად მშობლების პრობლემით უწევთ ცხოვრება… დედა მამას ხედავს მათში, მამა – დედას… ახლა აქ ამის დრო არ არის, თუმცა თავად მე სწორედ ამის მსგავსი მოცემულობით გახლავართ აღზრდილი. ეს ჩანართის სახით, უკაცრავად… მე რომ მკითხო, კანონით უნდა იკრძალებოდეს გაცილება…

ემიგრანტი {მედეა}. და ცოლ-შვილის ღალატი.

ყოფილი ქმარი {იასონი}. და სიყვარულიც…

ემიგრანტი {მედეა}. სიყვარული – უპირველეს ყოვლისა.

ძიძა. შვილები – ცოდო… პასპორტი – კი… დედა – არა…

ემიგრანტი {მედეა}. (ძიძას) გეხვეწები, ჩაწიე ეს ფოტოები… არ მომწონს, როგორ მიყურებენ…

ყოფილი ქმარი {იასონი}. კანონით უკანონო კანონები უნდა აკრძალოთ. აი, ეს მარაზმი, რომელიც ევროპას დიდ ომებამდე მიიყვანს! ჩემი აქ ყოფნა პროტესტის დადასტურებაა…

სხდომის თავმჯდომარე. მგონი, სიტუაცია ყველასთვის ნათელია. შესაბამისად, ვფიქრობ, დროა სასამართლომ განაჩენი გამოტანოს. ამიტომ, თქვენის ნებართვით, მცირე შესვენებას გამოვაცხადებ.

მოსამართლე ჩაქუჩს ურტყამს მაგიდას, დგება და გადის. ძიძა ფოტოებს უკან, კონვერტში დებს.

ძიძა. შვილები დანახვა არის… საზოგადოება… ცრემლი და პატივისცემა…

ყოფილი ქმარი {იასონი} ყოფილ ცოლს {მედეას} უყურებს და ფიქრობს: არაბუნებრივ ხმას უშვებს, არაბუნებრივად ლაპარაკობს, არაბუნებრივად მიყურებს… ხუთი-ექვსი კილო ექნება დაკლებული, თუ მეტი არა… მკლავებზე ეკიდება კანი… გული მერევა სიბრალულისგან… ამორალურია აქედან წასვლა და თავის დაკავება რაღაც ფორმალობებით… მასზე ახლო ადამიანი არავინ მყავს… თუმცა ბოლო წლები სრულიად შეუძლებელი იყო მასთან ფიზიკური კონტაქტი. ინცესტუალური კავშირის განცდა მქონდა. ბანალური ფსიქოტიპი: მე შვილი ვიყავი, ის დედა – ჭკვიანი, მზრუნველი და ორგანიზებული. მაგრამ მე არ ვარ შვილი… და თუკი შვილი ვარ, მაშინ ეს შვილი მოსაკლავია… უნდა მოვეკალი, კი არ უნდა აღვეზარდე. ქმარი ქმარია და არა შვილი. ეს მისთვის უნდა მეთქვა თავის დროზე… არა პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ იდეის დონეზე: მომკალი! – აი, ასე… ანუ ვგულისხმობ – მოკალი ჩემში შვილი… ეს რთული იდეაა, თუმცა ძალიან ზუსტი… ნუ მიყურებს, გაიხედოს! კარგი იქნება, თუკი დატოვებენ, ან, ყოველ შემთხვევაში, ისე მაინც გაიყვანონ აქედან, რომ ცხოვრების საშუალება მომეცეს… არა მგონია, სწორი იყოს ჩემი გადათელვა… მე არ ვარ ბედნიერი… – რა გინდა?

დარბაზში სწრაფი ნაბიჯით შემოდის სხდომის თავმჯდომარე. ის აქტიური, მკაცრი და უხეშია, და არა ისეთი, როგორც შესვენების გამოცხადებამდე იყო.

ვინც დარბაზშია, ყველა ფეხზე დგება.

სხდომის თავმჯდომარე. (ძალიან ხმადაბლა) მოისმინეთ ერთიანი ევროპული სასამართლოს საბოლოო განაჩენი: კანონის შესაბამისად განხილული იქნა სამწლიანი ლეგალურობის სტატუსით მცხოვრები მოქალაქე N2411-ის საჩივარი არსებულ ტერიტორიაზე სამოქალაქო პრივილეგიით სარგებლობის შესახებ, რომლის განხილვა-მოსმენის შემდეგ დადგინდა, რომ ხსენებული საჩივარი ერთმნიშვნელოვნად არ იქნეს დაკმაყოფილებული და N2411 – ამიერიდან ანტიმოქალაქე N2411-ად დეფინიცირებული – ერთხელ და სამუდამოდ განიდევნოს გაერთიანებული ევროპის საზღვრებიდან არა უმეტეს ღამის ოცდაოთხი საათის და ნოლ-ნოლ წუთისა…

სავარაუდოდ, ბევრმა – ვერც აქ მყოფმა და ვერ იმათ, ვინც საკომუნიკაციო იარაღის მეშვეობით იყო ამ ამბავთთან დაკავშირებული – ვერ გაიგონა, რა თქვა სხდომის თავმჯდომარემ.

…არალეგალური სტატუსით მცხოვრები ანტიმოქალაქე N2411 სახელმწიფო კანონის შესაბამისად სამუდამოდ იქნეს განდევნილი ევროპის დაცული ტერიტორიიდან, როგორც სახელმწიფო წესრიგისთვის სახიფათო და მავნე ელემენტი… კერძო ფინანსური კოეფიციენტის ხუთი პროცენტის და პირადი ნივთების შენარჩუნებით…

ემიგრანტი {მედეა}. (ქოროს მიმართავს) მოსამართლე გამოცვალეს, მეგობრებო!.. აქედან სხვანაირი გავიდა, იქ ნემსი გაუკეთეს და შეცვალეს…

რას ნიშნავს ანტიმოქალაქე?..

სხდომის თავმჯდომარე. …არ იქნეს მიღებული სარჩელი არც ერთი კომპონენტით, კანონი აღსრულდეს სრული სიმკაცრით, სახელმწიფოს დაცვის უმაღლესი პრინციპის შესაბამისად…

ქმარი {იასონი}. მე პროტესტის ნიშნად ვტოვებ დარბაზს…

ემიგრანტი {მედეა}. მოიცა, რას ნიშნავს ტოვებ?

სხდომის თავმჯდომარე. … სპეციალური ზონის ზედამხედველს ეძლევა მითითება, რათა მან არა უგვიანეს ოცდაოთხი საათის და ნოლ-ნოლ წუთისა გაერთიანებული ევროპის დამცავი სასაზღვრო კედლის მიღმა გაიყვანოს ანტიმოქალაქე N2411 და სასამართლოს განჩინების თანახმად, კანონის სრული დაცვით გადაკეტოს შესაბამისი გამშვები პუნქტი: კანონის დარღვევის ყოველგვარი მცდელობა, ანუ დაცულ ტერიტორიაზე შემოსვლის გადაწყვეტილება-განხორციელება ანტიმოქალაქე N2411-ის მხრიდან აღქმული იქნება, როგორც მტრული შემოჭრის აქტი და აღკვეთილი იქნება საპოლიციო და სამხედრო ძალების მიერ: ცეცხლის გახსნით!

ემიგრანტი {მედეა}. ანუ მომკლავენ? (ქოროს) გესმით? თქვენ გჯერათ, რასაც ისმენთ? აი, ახლა უნდა დაინახონ თქვენი ძალა…

ყოფილი ქმარი {იასონი}. ეს აღმაშფოთებელია!

ემიგრანტი {მედეა}. აღმაშფოთებელი კი არა – მაგდებენ! მე მაგდებენ! აქ სხვა სიტყვები და რეაქციაა საჭირო… ბევრად მძაფრი!

ძიძა. (მაღლა სწევს ბავშვების ფოტოებს) ევროპა!

სხდომის თავმჯდომარე. პლაკატებს ნუ ვაფრიალებთ, უმორჩილესად გთხოვთ… დაკეცეთ! (ურტყამს ჩაქუჩს) …არც ერთი პრეცედენტის დაშვება არ ჩაითვალოს მიზანშეწონილად და ხალხის სახელით, სამუდამოდ დაიკეტოს უკანონოდ შემოღწეულთათვის ევროპის კარი!

ემიგრანტი {მედეა}. (ქოროს) გესმით? ჩვენ მათ ნიღაბი ჩამოვხ

სხდომის თავმჯდომარე. … ამასთანავე მათთვის იკრძალება უძრავი თუ მოძრავი ქონების ფლობა, იკრძალება ევროპული სოციალური სარგებლის გამოყენება, დათქმულ ვადამდე გარდაცვალების შემთხვევაში იკრძალება მუნიციპალურ თუ კერძო სასაფლაოზე დროებითი თუ განგრძობითი დაფლვა, კრემაცია და ფერფლის გაფანტვა გაერთიანებული ევროპის მიწებზე…

ძიძა. ბოროტება ქმარი… ბოროტება კავშირის… ულტრა-ნაციონალისტი… ღმერთი არა…

ყოფილი ქმარი {იასონი}. მოვა დრო და თქვენ პასუხს აგებთ ამაზე…

ემიგრანტი {მედეა}. მაგრამ აი, შენ ხომ მიიღე, რაც გინდოდა?! ვითომ ბრაზობ… ამ დროს, ოცნებობ, გამაგდონ… თან სხვისი ხელით… და არა შენით… შენ პატიოსანი ხარ… შენ ბედნიერებას იმსახურებ… არა, მე ეს გამაგიჟებს, ვგრძნობ… თქვენ მე მაგიჟებთ!.. ახლა ხმა უნდა ამოიღოს საზოგადოებამ! დღეს დემოსტრაცია უნდა მოეწყოს! რეაქცია უნდა მიცეთ!

ყოფილი ქმარი {იასონი}. ხვალვე უნდა დაიწეროს ახალი კანონის დამგმობი პეტიცია…

ემიგრანტი {მედეა}. დღეს ღამე გამაგდებენ! ხვალ არ არსებობს!

სხდომის თავმჯდომარე. …დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მითითებული ან ნებისმიერი სხვა, რომელიც ხელს შეუშლის კანონის აღსრულებას, ფიზიკური ძალის გამოყენებით განიდევნება გაერთიანებული ევროპის საზღვრებიდან…

ემიგრანტი {მედეა}. ნამდვილი ევროპა ამას არ შეეგუება!.. აი, ეს ხალხი… მე ხუთ მილიონამდე გულშემატკივარი მყავს…

ყოფილი ქმარი {იასონი}. (მოსამართლეს) ევროპა მოკვდა!..

ემიგრანტი {მედეა}. (ქოროს) მიდის… ხედავთ? მიდის…

ყოფილი ქმარი {იასონი}. არ წავალ, კი ბატონო… უბრალოდ, რა აზრი აქვს…

სხდომის თავმჯდომარე. კანონის მიხედვით, ანტიმოქალაქე N2411-ს ეძლევა წინადადება განდევნამდელ ვადაში მიაღწიოს კონსენსუსს ყოფილ მეუღლესთან, საერთო შვილების – მამის ხაზით ერთიანი ევროპის სრულუფლებიანი მოქალაქეების – ტერიტორიალური თუ სოციალური დაცულობის შესახებ. სასამართლო ლმობიერად იძლევა უფლებას, რომ მათი სოციალური თუ ყოფითი მომავალი ბიოლოგიურ მეურვეთა გადაწყვეტილების შესაბამისად გადაწყდეს: შვილებმა ან ანტი-მოქალაქე N2411-თან ერთად უნდა დატოვონ გაერთიანებული ევროპის დაცული ტერიტორია არა უგვიანეს ოცდაოთხი საათის და ნოლ-ნოლ წუთისა ან დაცულ ტერიტორიაზე დარჩნენ შესაბამისი სამოქოლაქო უფლებებით აღჭურვილები. გადაწყვეტილების მისაღებად გეძლევათ ორი საათი და თხუთმეტი წუთი. სასაზღვრო დროებითი პუნქტის კომისარს ვთხოვ დროულად აღასრულოს უმაღლესი სასამართლოს სახაზინო თავმჯდომარის გადაწყვეტილება.

ემიგრანტი {მედეა}. სად არიან ჩემი ბავშვები! ჩემი შვილები მაჩვენეთ!

სხდომის თავმჯდომარე. სასამართლო სხდომას დახურულად ვაცხადებ. (ჩაქუჩს ურტყამს მაგიდას და ისევ იმავე კეთილგანწყობას იბრუნებს, როგორიც სხდომის დასაწყისში ჰქონდა) ბავშვებს სპეციალურ ზონაში მოიყვანენ, ქალბატონო… თუკი დატოვებას გადაწყვეტთ, რაც ალბათ მათთვის უკეთესი იქნება და, დარწმუნებული ვარ, ასეც იზამთ – უფლებას მოგცემთ, სრული სამი საათი დაჰყოთ მათთან ერთად… თუმცა, ვიმეორებ, თქვენ სრულიად თავისუფალი ბრძანდებით გადაწყვეტილების მხრივ – თქვენი შვილები თქვენი შვილებია, მათ ვერავინ წაგართმევთ… დავმშვიდდეთ, გთხოვთ… იმედია, ღირსეულად გადავიტანთ ამ მძიმე პროცესს…

ემიგრანტი {მედეა}. ღირსეულად?.. მე უამრავი ადამიანი მიყურებს… მილიონები, შეიძლება ითქვას… აი, ამწუთას მილიონ ორას ათასს ესმის ჩემი ხმა…  აი, მე მიყურებენ და ფიქრობენ: სიმპათიური და ძლიერი ქალია, დრამატული ბიოგრაფიით… – თავს კი არ ვიქებ, საზოგადოების შეფასების ჩემეულ ვერსიებს ვამბობ, – კარგი დედა, კარგი ცოლი… ნიჭიერი… ქვეყანადაკარგული… მაგრამ პატიოსნად ინტეგრირებული ახალ სამშობლოში… გადასახადების გადამხდელიც, ვინც რა არ უნდა თქვან… და უცებ ქმარი მიდის, დესპოტური კანონი არაადამიანურად მჩაგრავს… შვილებს ირიბად მართმევენ… ირიბად…  მე მაგდებენ… ოღონდ, მე მაინც არ ვნებდები… ეს სწორი სიტყვაა… არც ქმარს ვნებდები და არც სახელმწიფოს… მე ვამბობდი: სხვები ხმას ვერ იღებენ, ან ქმრის ეშინიათ, ან ხელისუფლების… ან სხვადასხვანაირ შეურაცხყოფებს ყლაპავენ ქმრებისგან და ცხვრებივით ნებდებიან ამ დიქტატორულ კანონებს… მე კიდე ანტი-ცოლი ვარ…  ანუ ანტი-კლასიკური-ცოლი… კლასიკური ნეგატიურ კონტექსტში, ცხადია… და არა ანტი-მოქალაქე – მახინჯი, ხელოვნური ნეოლოგიზმი… სირცხვილი თქვენს იურისტებს!..  (ხედავს, როგორ გადის დარბაზიდან ყოფილი ქმარი – იასონი) აი, წავიდა… მაგრამ მე არ ვნებდები, რადგან სრულებით არ ვგრძნობ თავს მარტო!.. ახლა ეს ხალხი ქუჩაში გამოვა… აი, ეს მილიონ-შვიდასი ათასი, ვინც მე ყოველწამიერად მგულშემატკივრობს…

სხდომის თავმჯდომარე. (უნდა, რომ გავიდეს, მაგრამ თითქოს ფეხს ითრევს – ან კიდევ უნდა რაღაცის თქმა, ან უბრალოდ – ადამიანურად – აინტერესებს, როგორ განვითარდება მოვლენები) უმორჩილესად გთხოვთ, პოლიტიკური მოწოდებები – სასამართლოს კედლებს გარეთ!

ემიგრანტი {მედეა}. თუ ევროპის კედელს?.. ერთი წუთით… უნდა დავასრულო ეს აზრი ანტი-ცოლის იდეის შესახებ… ეს სიტყვა მომეწონა… თქვენ არასწორად ხმარობთ სიტყვა ანტის… მე ვარ ანტი-ცოლი… და არა ისეთი, როცა იციან, რომ ეს კაცი სადღაც დადის, ვიღაცასთან, შეიძლება უყვარს კიდეც ის ვიღაც სხვა ან რაღაც სხვა და არ იმჩნევენ, ვითომც არაფერი… სად იყავი? – სადღაც… და ესენიც რომ თამაშობენ, თითქოს ჯერათ… არა, მე, თურმე, სხვა ტიპს მივეკუთვნებდი… მე დიდი ბოღმა ვარ… მე შემზიზღდა ის ქალი, ჩემი კონკურენტი, და არ მაინტერესებს, ახლა მითანაგრძნობს თუ არა? საწყალი, როგორ ღელავს… ნეტა არ გადაყვეს ჩემ უბედურებას!.. მატყუარა… ბოზი! აი, ასე! ჩემზე ეს არ მოქმედებს… მე ახლაც სიმართლეს ვამბობ… რომ არ გასულიყო, იგივეს ვიტყოდი… ბევრჯერ მითქვამს…  მაგასთან როგორ წევს? გული მერევა, როცა წარმოვიდგენ… თუკი ეს მოწონს, ასეთ კაცთან როგორ ვიცხოვრე ამდენი წელი? როგორ გაბედა ჩემი პირადი ცხოვრების შეცვლა? ვინ მიცა ამის უფლება? ოცი წელია ერთად ვიყავით… მაშინ რატომღა წამომიყვანა? იქ რატომ არ დამტოვა, სადაც ვიყავი? რატომ გადამაწყვეტინა, რომ შემყვარებოდა? როგორ შეიძლება, რომ ამაზე არ მოთხოვოს ვინმემ პასუხი? და ახლა მე მგულშემატკივრობს?.. მოვიდეს და მუხლებზე იღოღოს… ფეხები მილოკოს… მაგრამ მე მაშინ არ შემშინებია… არ ჩამოვკიდებივარ, მეთქი, თუ მიდიხარ, წადი… სამი თვის მერე, რაც ეს გავიგე… ჰო, სამი თვე არ შევიმჩნიე… მეტიც… ეს პერიოდი კონფორმისტი ვიყავი… კლასიკური ცოლი… მერე გავბრაზდი!..

სხდომის თავმჯდომარე. საკმარისია… (ამჯერად მართლაც გადის)

ემიგრანტი {მედეა}. …იგივე შემიძლია ვთქვა ახალ ხელისუფლებაზეც! ბევრი მეუბნებოდა – ნუ იყვირებ, უარესია… ნუ ხარ სულ საჯაროდ… აი, ათი ათასი კაცია შენ დღეში და ჩუმად არიან… ჰოდა მე არ ვარ… მე საათში ათი ათასი კაცი მემატება, როგორც მხარდამჭერი… ჩემ პრობლემას ყველა იზიარებს… აი, ახლაც წავაგე, მაგრამ გავიმარჯვე… მე ახლა ძალას ვგრძნობ – ვერ დავმალავ, ვხედავ, რომ ავტორიტეტი ვარ… მე მისმენენ… აი, ძალიან ინტიმურ ამბავს ვყვები, მაგრამ გაინტერესებთ… ეს დიდი გამარჯვებაა… ამიტომ მე არაფერს დავთმობ, და არც საზოგადოება… მეგონა, ოჯახურ დრამაში ვიყავი ჩართული, სინამდვილეში თურმე ევროპის ბედი წყდება… ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე! ეს ისტორიული მოვლენაა… ვერაფერს მოახერხებენ. რაც უნდა იყოს, ეს მაინც ევროპაა… გამოდით ქუჩაში! გამოდით! დამიცავით!.. დამიცავით!..

სპეციალური ზონის კომისარი ემიგრანტს {მედეას} მკლავზე კიდებს ხელს და, მართალია, არა უხეშად, მაგრამ, პრინციპში, უსიამოვნოდ უბიძგებს გასასვლელისკენ.

+9.

სასამართლოს დემოკრატიული ღიაობის პირობებში – მით უმეტეს, განდევნილი ანტიმოქალქის მოწოდებების შემდეგ – წესრიგის აღსრულების მთავარ მუნიციპალურ ორგანოში უმაღლესი სასამართლოს შენობის დაცვის უზრუნველსაყოფი ბრძანება შევიდა: ანტიმოქალაქის მოწოდებაზე 

რეაქციის მიმცემთა სავარაუდო საპროტესტო გამოსვლა\აგრესიის პრევენციისათვის დაუყოვნებლად გადაიკეტოს სასამართლოს შენობის მიმდებარე ტერიტორია, ხოლო ბრალდებული ცხენოსან პოლიციელთა თანხლებით იქნეს გადაყვანილი სპეციალურ ზონაში, საიდანაც კანონით განსაზღვრულ დროს – ოცდაოთ საათსა და ნლ-ნ წუთზე – განიდევნება გაერთიანებული ევროპის საზღვრებიდან. სამართლის აღმასრულებლებისთვის გამოცხადებულია საგანგებო რეჟიმი.

(-)

საქმრო {იასონი} საცოლესთან {გლაუკესთან} მიდის, თუმცა რას ნიშნავს – მიდის? ეს ერთდროულად დაბრუნებაც არის და წასვლაც, რადგან ის ჯერაც ვერ გათავისუფლებულა იმ შთაბეჭდილებისგან, რომელიც ცოლისგან {მედეასგან} წამოსვლის, მომავალ სიმამრთან {კრეონთან} საუბრის და, რაც მთავარია, განაჩენის გამოცხადების შემდეგ დარჩა. ეს ორი ამბავი – საცოლესთან მოსვლა და ცოლისგან წამოსვლა – მისთვის {იასონისთვის} ამიერიდან მუდმივად ერთი-მეორესთან იქნება დაკავშირებული. არავინ იცის, როდის და როგორ გათავისუფლდება ქმარი {იასონი} შესაძლოა ვიღაცისთვის სასაცილო, მისთვის კი ერთმნიშვნელოვნად დამღლელი და გამომფიტავი აკვიატებისგან, როცა ერთთან ურთიერთობის დროს, მისი ფსიქიკა მეორეს პროეცირებს და პირიქით… მით უფრო, ბოლო მოვლენების კონტექსტში, და უკანასკნელ საათებში განსაკუთრებით. ამიტომ თხრობაც ამ შემთხვევაში ქმრის {იასონის} „ფსიქიკური მოდელის“ შესაბამისია: საცოლე {გლაუკე} აწმყოში მოქმედებს, ცოლი {მედეა} – წარსულში.

საცოლე {გლაუკე} ტანსაცმელგაუხდელად წევს ლოგინზე. ნამტირალევია.

ცოლი {მედეა} საწოლის კიდეზე ზის და იღიმება.

ქმარი {იასონი} ორივე შემთხვევაში ერთგვაროვანია.

საცოლე {გლავკე}. იქ იყავი?

ცოლი {მედეა}. ნახე?

ქმარი {იასონი}. ვინ?

საცოლე {გლაუკე}. ის ქალი…

ცოლი {მედეა}. ის გოგო…

ქმარი {იასონი}. თუ ვნახე, ეს არაფერს ცვლის.

საცოლე {გლაუკე}. არ გამოჩდი და მივხვდი, რომ იქ იქნებოდი. თან მითხრეს, რომ საჯაროდ მოგიწია ლაპარაკი. აღელვებულხარ, რაც აბსოლუტურად გასაგებია.

ცოლი {მედეა}. ადრე გვიანობამდე არ მოდიოდი, ახლა, საერთოდ, დილამდე… რაღაც მაინც შეიცვალა. ერთადერთი, რაც არ მინდა, რომ სულელი გეგონო…

საცოლე {გლაუკე}. ეს ყველაფერი საშინელებაა, მე მართლა მესმის შენი, იმაზე მეტადაც, ვიდრე შენ შეიძლება გეგონოს, მაგრამ არ მინდა, რომ თავი გავისულელო…

ცოლი {მედეა}. დიდხანს ვიტყუე თავი, ვითომ ვერაფერს ვხედავდი, თუმცა ტყუილი რომ დაიჯერო, სხვასაც უნდა უნდოდეს შენი მოტყუება, შენ კი ამ ბოლო დროს ვეღარ ან აღარ მატყუებ. ტყუილებშიც ძალიან სუსტი ხარ და სიმართლეშიც…

საცოლე {გლაუკე}. მარტივად გეტყვი: თავს ვერ მოვიტყუებ.

ქმარი {იასონი}. რატომ უნდა მოიტყუო?

საცოლე {მედეა}. არ მინდა, რამე გამომეპაროს…

ცოლი {მედეა}. უბრალოდ ვერ ვხვდები, როდის რა გამომეპარა… გგონია, ყველაფერი დამშვიდდა, დალაგდა, რაღაც ფორმა მიიღო და, ამ დროს, ეს… რა ტყუილად ვითამაშე უტვინო ქალის როლი – ვითომ ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა, ვითომ ვიჯერებდი, რაღაც სისულელეებს რომ მეუბნებოდი, მეთქი, იყოს, იაროს, გადავყლაპავ. ამ დროს, თურმე, თითქმის ერთი წელია ორ სახლში ცხოვრობ: ორ ქალთან… თუ ატყობდი, შეკითხვებს აღარ გისვამდი: სად ხარ? როდის მოხვალ? სად იყავი ამდენ ხანს?

საცოლე {გლაუკე}. ბოდიში, რომ გეკითხები: შეიძლება ვიცოდე, რატომ გაჩერდი ამდენ ხანს შუადღისას? შეგიძლია არ მიპასუხო, არ ვბრაზობ.

ქმარი {იასონი}. ძალიან გთხოვ…

საცოლე {გლაუკე} რას?

ცოლი {მედეა} რას?

ქმარი {იასონი}. ახლა არაა ამის დრო…

საცოლე {გლაუკე). რისი?

ცოლი {მედეა}. რისი?

ქმარი {იასონი}. ეჭვიანობ?

საცოლე {გლაუკე}. არა.

ცოლი {მედეა}. აღარ.

საცოლე {გლაუკე}. მამაჩემს ორი სახე აქვს: ვითომ ზერელე და ყოყლოჩინაა, სინამდვილეში გველივით ინტუიტიურია. ყველაზე მეტად ეს მაშინებს კაცებში… როცა ვერ იგებ, ვინაა, გულში რა უდევს…

ცოლი {მედეა}. თურმე, არ ვიცნობ ადამიანს, უბრალოდ ფიზიკურად ვიყავი მის გვერდით ოცი წელიწადი.

ქმარი {იასონი}. მე მგულისხმობ?

საცოლე {გლაუკე}. არა…

ცოლი {მედეა}. კი…

საცოლე {გლაუკე}. ვბრაზობ, რომ ხასიათი მომეშხამა. თუმცა, ცხადია, არა შენი მიზეზით. ზოგადი უსამართლობა მთრგუნავს. მესმის, შეიძლება ახლა არაადეკვატური მოგეჩვენო – ამ ყველაფრის მერე, რაც გადაიტანე, – მაგრამ არ მომეწონა, როცა არ მითხარი, რომ მის ნახვას აპირებდი. ანუ ჩათვალე, რომ რაღაც ისეთს შვრებოდი, რის გამოც შეიძლებოდა მესაყვედურა… და დამიმალე… მაგრამ საჯაროდ გამოგაჭენეს.

ეს არ გქონდა გათვლილი? არა მგონია, ის ახლა მხოლოდ საჯაროდ არსებობს, სხვანაირ ფორმას აღარ ცნობს. ამ დროს, რომ გეთქვა, მეც წამოვიდოდი… ყველგან… არა, მინდა გულწრფელი ვიყო, არ ვამბობ იმას, რამაც რაღაცნაირ პანიკაში ჩამაგდო! ახლა ზუსტ ფორმულირებას მივაგნებ… ერთი წუთით… ვიცი, რომ ეს ქალი არ გინდა… მაგრამ რახან მარტო წახვედი, მეწყინა, რადგან მივხვდი, რომ სადღაც მე ზედმეტი ვარ… და ბოლო… მთავარი… ამას ვიტყვი და დავივიწყებ, თორემ არანორმალური გეგონები… არ მესიამოვნა, რომ რამდენიმე წუთით არასაჯაროდ დარჩი მასთან. ანუ ხალხი ვერ გხედავდა. და ვერც მე.

ცოლი {მედეა}. აი, ეს მწყინს: ჩემ გარდა ყველა ყველაფერს ხედავდა.

საცოლე {გლაუკე}. უცებ ჩემი და შენი კომფორტი დამენანა. მომეჩვენა, რომ ამას ვკარგავ… ეგოისტი ვარ, ჰო, და შენ ფიქრობ: რა დროს ესაა…

ქმარი {იასონი}. დამშვიდდი, ძალიან გთხოვ… საშინლად გამოფიტული ვარ…

ცოლი {მედეა}. აი, ისევ მატყუებ… რა გჭირს?

ქმარი {იასონი}. რა უნდა მჭირდეს…

ცოლი {მედეა} მშიშარა ხარ. იქით – ახალგაზრდა ქალი, აქეთ – ძველი ცოლი. სიტყვა დაბერებულს არ ვხმარობ, შემომხედოს, რა ფორმაში ვარ… კიდევ ერთი იდიოტიზმი: არ მჯერა, რომ აღარ გიყვარვარ.

ქმარი {იასონი}. მიყვარხარ…

საცოლე {გლავკე}. ვიცი, არც დგას ასე საკითხი, არ ხარ ვალდებული, რომ ეს თქვა…

ცოლი {მედეა}. ისევ მატყუებ. შენი პრობლემა ახლა მხოლოდ ისაა, რომ ვერ ხვდები, რამდენად მართებულ გადაწყვეტილებას იღებ… რამდენად სწორია ერთმნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება? აი, ახლაც კი!.. ორივეს გვტანჯავ, რადგან ეგოისტი ხარ… რადგან შენ არავინ გიყვარს. მე, ყოველ შემთხვევაში, აღარ… შეიძლება გძულვარ კიდეც. მე ხომ ვხედავ – შენ კი არა, შენი ტანსაცმელი მოდის, შენს მაგივრად ტანსაცმელი მელაპარაკება, ტანსაცმელი იძინებს ჩემ გვერდით და არა შენ…

ქმარი {იასონი}. სინდისი მქენჯნის… მეტი არაფერი… არანაირი ემოცია. არაფერი…

ცოლი {მედეა}. აი, უკვე ამ საწყალ გოგოსაც ღალატობ…

ქმარი {იასონი}. არა… რა სისულელეა…

საცოლე {გლაუკე}. შეიძლება სისულელეა, რასაც ვამბობ, მაგრამ რეალურად დღეს პირველად შემეშინდა, რომ ვიღაცას რაღაც უნდა გავუყო… ბოდიში, ამას რომ გეკითხები: მაგრამ წმინდა ცნობისმოყვარეობის და არა მორალიზმის გამო, გიზიდავს, ვთქვათ, როგორც ქალი? ხომ შეიძლება… რა მოხდა… მე გავიგებ…

ქმარი {იასონი}. არა…

ცოლი {მედეა}. აბა, რა გინდა მისგან?

ქმარი {იასონი}. ეს უკვე ძალიან ვულგარულია, და თან სრულიად არააქტუალური, ისედაც ბევრი პრობლემა მაქვს, თავს ნუ გაიღიზიანებ…

ცოლი {მედეა}. მართალი ხარ: გაღიზიანება განვლილი ეტაპია.

საცოლე {გლაუკე}. ახლა შენ უფრო ხარ გაღიზიანებული, ვიდრე მე.

ქმარი {იასონი}. არც მეგონა, თუკი ამაზე მოგვიწევდა ლაპარაკი…

ცოლი {მედეა}. რაზე?

საცოლე {გლაუკე}. რაზე?

ქმარი {იასონი}. არაფერზე…

ცოლი {მედეა}. არა, დაასრულე…

საცოლე {გლაუკე}. არა, თქვი…

ქმარი {იასონი}. აზრები გამირბის, კონცენტრაცია მიჭირს. ერთი მხრივ, მინდა, რომ მოხდეს, რაც მოსახდენია – აფეთქდეს, ტრანსფორმირდეს, რაიმენაირი ფორმა მიეცეს ამ ქაოსს, – მაგრამ, მეორე მხრივ, მეშინია, რაღაც ისეთი არ მოხდეს, რაც დესტრუქციულ შედეგს გამოიღებს ყველასთვის…რაც დაგვანგრევს… მე დამანგრევს, უპირველეს ყოვლისა… არა, შენც, ცხადია… შენც დაგანგრევს…

ცოლი {მედეა}. რაღაც კონკრეტულის თქმა გინდა და ვერ ბედავ? რას მიედ-მოედები?

საცოლე {გლაუკე}. მგონი, რაღაცას მანიშნებ და ვერ ვხვდები…

ქმარი {იასონი}. ვამბობ იმას, რასაც ვამბობ, მორჩა და გათავდა. სინდისი მჭამს… ესაა პრობლემა.

ცოლი {მედეა}. ის გეცოდება თუ მე?

საცოლე {გლაუკე}. გეცოდება?

ქმარი {იასონი}. არ მინდა, რომ კიდევ უფრო მეტად ვატკინო ვინმეს…

ცოლი {მედეა}. უკვე ყველას ტკენ. ეს იცოდე…

საცოლე {გლაუკე}. იქ იმისთვის წახვედი, რომ ეს გეთქვა?

ქმარი {იასონი}. არა…

საცოლე {გლაუკე}. ჯობია, ახლა ვიყოთ გულწრფელები და ყველაფერი ვთქვათ, თუკი რამე გვაწუხებს, ვიდრე მერე… რა მოხდა?

ცოლი {მედეა}. გადაწყვეტილებას ვერ იღებ?

ქმარი {იასონი}. არა…

ცოლი {მედეა}. რა – არა?

საცოლე {გლაუკე}. რა – არა?

ქმარი {იასონი}. ეს ძალიან რთულია…

ცოლი {მედეა} ფიქრობს: ახლა რაღაც სისულელეს მეტყვის. ვგრძნობ – ენაზე ადგას.

საცოლე {გლაუკე} ფიქრობს: ზედმეტი მომდის. შეიძლება რაღაც ისეთი მითხრას, რაც გულს მატკენს და, რაც მთავარია, რაზეც რეაქციის მიცემა მომიწევს. ჩემი ბრალია – შეკითხვები არ უნდა დამესვა. მით უმეტეს – ახლა… დღეს…

ქმარი {იასონი}. ბოდიშს გიხდი…

ცოლი {მედეა} ფიქრობს: ახლა ყველაფერს დაფქვავს…

საცოლე {გლაუკე} ფიქრობს: რაზე მიხდის ბოდიშს? რა უნდა თქვას?

ქმარი {იასონი}. ეს აუტანელია…

ცოლი {მედეა} ფიქრობს: შენ ხარ აუტანელი…

საცოლე {გლაუკე} ფიქრობს: საკმარისია…

ქმარი {იასონი}. მე…

ცოლი {მედეა}. რა?

საცოლე {გლაუკე}. არ მინდა! არ თქვა არაფერი!

ცოლი {მედეა}. გაჩუმდი.

საცოლე {გლაუკე}. არ მაინტერესებს…

ქმარი {იასონი}. ამორალურია, რომ ვინმე შემეცოდოს?

საცოლე {გლაუკე}. ეს მხოლოდ სიბრალულია? ახლა სისულელეებს ვიტყვი და ძალიან გთხოვ, თუ გინდა ეს სიტყვები ჩემ დაღლილობას ან ზოგად სტრესულ ვითარებას მიაწერე, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ შენმა ცოლმა წინასაქორწინოდ მოწამლული საჩუქარი გამომიგზავნა: მას უნდა, რომ წინასაქორწინოდ მოშხამოს, თავი შემაძულოს, ამომიწვას ყველაფერი, რაც რაციონალური და სათუთია ჩემთვის. და – არ გეწყინოს – ეს მოწამლული საჩუქარი შენ ხარ… რადგან რაღაცნაირად გადაგვარებული დაბრუნდი მისგან… შეცვლილი და დაღლილი, გამოფიტული, და არა ისეთი დაღლილი, როგორი დაღლილიც მე ვარ – ნერვიულობით და უიმედობით დაღლილი, – არამედ სხვანაირად, აი, დანაშაულებრივად დაღლილი და გაქუცული… მე არ მინდა, რომ იმაზე მეტი ვიცოდე, რასაც ვხედავ, მაგრამ ჩემ თავს ვერაფერს ვუხერხებ: მეჩვენება, რომ თქვენ დღეს სექსი გქონდათ. აი, მოვიწამლე, მორჩა… მე ცოცხლად მწვავს ჩემი ეჭვი!

+10.

დღეს ვერავინ ჩერდება ერთ ადგილზე – თითქოს ამ რბოლაში ცდილობენ საკუთარი სიმართლის დამტკიცებას. ამჯერადაც ასეა – ქალიშვილი {გლაუკე} მამისთვის {კრეონისთვის} მიცემულ სიტყვიერ პირობას ასრულებს: ისევ მამას {კრეონს} სთხოვს პასუხს… ქალიშვილმა {გლაუკემ} მამაზე {კრეონზე} უნდა იყაროს ჯავრი.

მამა {კრეონი} ფიქრობს, რომ დახმარება – მართალია, არა სიტყვებით, არამედ უსიტყვო და უმწეო შფოთით – სწორედ ქალიშვილმა სთხოვა. უფრო სწორად, რაც დღეს ჩაიდინა (თუკი რამე ჩაიდინა), მხოლოდ ქალიშვილის {გლაუკეს} გამო.

ქალიშვილი {გლაუკე}. (მას ალაგ-ალაგ მამა – {კრეონი} – ეჩრება, თუმცა დიდად არც უსმენენ ერთმანეთს, რადგან პრინციპში ისინი ერთდროულად ლაპარაკობენ – და ეს დიალოგი თუ კონფლიქტი მამასა და შვილს შორის ახლა არ დაწყებულა, ახლა უბრალოდ კულმინაციაა… შესაძლოა ეს აზრებიც იყოს, რომლებიც დროდადრო იძენენ სიტყვების ფორმას).

მამა, შენ იცი, მე არ მიყვარს მედიის თავდაჯერებული, აგრესიული და ზედაპირული ტონი, ჩემზე ნევროტულად მოქმედებს საინფორმაციო გამოშვების ფსევდომუსიკალური შესავალი, ჩემი ძველი ხუმრობა იყო, – და, მახსოვს, შენ ეს მოგწონდა – თუკი მესამე, მეოთხე ან მეხუთე მსოფლიო ომი დაიწყება, ამას მამაჩემისგან გავიგებ, სხვა საინფორმაციო წყარო მე არ მჭირდება, მაგრამ შენ ყველას და ყველაფერს გადააჭარბე: ყველა ხვრელიდან შენი ხმა ისმის… მხოლოდ რამდენიმე საათიღა გავიდა, რაც დილით გეჩხუბე და აი, მაინც იგივე გააგრძელე… მე ბანაობას ვაპირებდი – ვიფიქრე, წყალი სტრესს მომხსნის, და აი, ამ დროს, ჯერ ერთი შემეხმიანა, მერე – მეორე, მერე მესამე, მეოთხე და ყველა ერთი და იმავე სიტყვებით:  უსმენ მამაშენს? უსმენ მამაშენს? გესმის მამაშენის ხმა? მამაშენი მასთან მივიდა, მამაშენი მას ელაპარაკება… მამაშენი… მამაშენი…  სად? რატომ? როგორ? ვამბობ: არ მაინტერესებს!.. არ მაინტერესებს მისი სასამართლო! არ მაინტერესებს… რა ბანაობა, რის ბანაობა… თურმე, რა ხდება! თურმე სადღაა არჩევანი – მე უკვე ვეღარ ვირჩევ, რა უნდა მინდოდეს და რა… მე ამ ქალის მძევალი ვარ! და შენც ამ მორევში ხარ მოყოლილი, შენ შენი ცხოვრება აღარ გაქვს, რადგან ამ ქალმა გვაჯობა… შენ ხომ გიყვარს პირდაპირ ლაპარაკი, ჰოდა ახლა გეუბნები – პირველად და უკანასკნელად – რადგან არ ვიცი, რამდენად შევძლებ ძველი ურთიერთობების შენარჩუნებას… – და არა მხოლოდ შენთან, არამედ ყველასთან… აი, ხომ ამბობ, რომ ჩვენი ქალაქის ძველი მერი არ მოგწონდა, რახან ის საჯაროდ კოცნიდა თავის პარტნიორს, აი, ახლა მე გეტყვი, რომ შენ ეჭვიანი მამათმავალი ხარ, მამა!.. შენი თეთრი კბილებით, შენივე სხეულის ფეტიშიზმით, კაცის კულტსა და მნიშვნელობაზე ლაპარაკით, მუდმივი გულისამრევი პრანჭვით და იმის მტკიცებით, რომ ნამდვილი მამაკაცი ხარ, ძლიერი მამაკაცი, მთავარი მამაკაცი მთავარ კაცებს შორის… დიდი პენისით… ოღონდ, სინამდვილეში, არცთუ დიდით, რადგან მისთვის ერთი-ორჯერ მომიკრავს თვალი ბავშვობაში და გული ამრევია, შენ ხომ ტაქტის გრძნობა არ გქონდა, რომ საბანი მიგეფარებინა და დილის ერექცია დაგემალა ბავშვისთვის, ან საძინებლის კარი მიგეკეტა… ეს კიდევ სხვა საკითხია, არ მინდა ახლა ამაზე… ან ეს რატომ უნდა მახსოვდეს! რად მინდა ეს ამდენი შენთან დაკავშირებული ნაგავი! შენ არანორმალურს დაგამსგავსა აქტუალურად ყოფნის ჟინმა… შენ ხარ უნიჭო და უგემოვნო პოპულისტი… ან როგორ მეტყველებ, ან როგორ ფეხსაცმელებს იცვამ, ან რანაირ საათებს ყიდულობ… შენი ვარდისფერი პიჯაკი ამაზრზენია, შენი ოქროს ჯაჭვი კისერზე და ეს სამარცხვინო ბეჭედი… შენ ბევრს ბაქი-ბუქობ, მაგრამ რეალურად მეგობარი არ გყავს, მარტოხელა კრეტინი ხარ, შენ შენს ასისტენტსაც სძულხარ, რომელსაც ერთგულ ადამიანად მიიჩნევ, ამ დროს, ერთი სული აქვს, ავად გახდე და ლოგინად ჩავარდე, მაგრამ შენ არაფერი გემართება – ყველას ჯინაზე ჯანმრთელი და აქტიური ხარ, ყველას კლავ და შენ თვითონ არ კვდები… შენ მოკალი დედაჩემი, შენ მკლავ მე, შენ კლავ სიყვარულს ჩემსა და ჩემს შეყვარებულს შორის, რადგან ყველგან შენ გინდა იყო, შენ, შენ, შენ, შენ, სულ შენ… შენ მკლავ და მეც მკვლელად მაქცევ, რადგან სინამდვილეში მე მკლავს იმავე თუნდაც შენი დილის ერექციის შეხსენება შენთვის, რაც აბსოლუტური საზიზღრობაა, მე მკლავს მამაჩემის მოკვლა, მაგრამ უნდა მოგკლა, დაგარტყას თუნდაც ინფარქტმა, ან სისხლი ჩაგექცეს, უნდა გაგაჩუმო, უნდა მოგკლა და მეც გავჩუმდე, ერთმანეთს უნდა ჩავეხვიოთ და ერთად მოვკვდეთ, რადგან სხვანაირად ვერ გადავრჩებით, ეს საჩუქარია იმ ქალისგან – რომ შენ, სკელკანიანი ცხოველი გაქციოს ადამიანად, ეს სქელი კანი უნდა აგძვრეს, რომ რაღაც გეშველოს, რომ შენი ცოდვები დაწვა… ტყავი უნდა გაგაძრო, რადგან ვერ ხვდები, რა აუტანელია ჩემთვის ეს სიტუაცია… შენ გინდა, რომ მე მოვკვდე… ამაზე უკეთეს საჩუქარს იმ ქალს ვერც მივართმევ… მაგრამ არ ჯობია, რომ შენ მოკვდე და არა მე? არ შეიძლება, რომ შენ და შენნაირები მოკვდეთ? ერთი დღით მაინც!.. შუაღამემდე! ოღონდ გაჩუმდი, თავი დამანებე, მოკვდი, მოკვდი, მოკვდი! არ მინდა შენი შველა… მოკვდი!

მამა {კრეონი}. …რაც დედაშენი მოკვდა, შენ ჩემი ცხოვრების ერთადერთი ქალი ხარ… თუკი რამის აშენებას ვცდილობ, შენთვის ვცდილობ… დღეს რამდენჯერმე შევეცადე შენს შველას… და კიდევ, სულ მცირე, ორი ადამიანის შველას შენს გარდა… და კიდევ მთელი სისტემის, თუკი ეს გაინტერესებს… ჯერ შენი დახმარება მინდოდა, მერე შენი სრულიად არათანმიმდევრული საქმროსი, ბოლოს იმ არამზადა ქალის… შუალედში – ზოგიერთი ისეთი პირის, ვისაც სიტყვა ეთქმის პოლიტიკურ მწვერვალზე, რადგან არც მაშინ მეგონა – დილით, – და არც ახლა მგონია, რომ ისინი მართებულად მოიქცნენ… არა მორალურად, არამედ პრაგმატულად…

…ეგღა მაკლია, წმინდანად ქცეული ემიგრანტი დამაჯდეს თავზე!.. ვიღაც გადამთიელი… ახალი გმირი… მაგრამ არავინ მომისმინეთ – არც შენ, არც შენმა კაცმა, არც შენი კაცის ყოფილმა ცოლმა და არც ზოგიერთმა იმათთაგან, ვისაც სიტყვა ეთქმის პოლიტიკურ მწვერვალზე, რადგან ყველანი იდიოტები და ჯიუტები ხართ… და თუკი გგონიათ, რომ ერთმანეთისგან განსხვავდებით, ძალიან ცდებით – ყველას ერთი სახე და ხასიათი გაქვთ!..  ჩემი ავტორიტეტი ფეხქვეშ ითელება, მე ინფარქტის პირას ვარ, შენი ქმარი იმ ყაჩაღმა ქალმა მოწამლა, შენმა ქმარმა – შენ, შენ კი მე მწამლავ შენი შხამიანი სიტყვებით!.. ეს უკვე ვირუსია… მე არ მინდა შენთან ერთად სიკვდილი… ეს ჩემი ინსტინქტია – შენი შველა, თორემ რაციონალურად ჩემთვის სრულიად მიუღებელია შენი ფსიქიკური თუ სოციალური დესტრუქციულობა…  მადლობა უთხარი ამ ქვეყანას, რომ კონკურენტს გაშორებენ… ჩემი საცოდავი გოგო… გული მიკვდება, შენ რომ გიყურებ… ვიცი, ერთადერთი, ვისი განადგურებაც ახლა შეგიძლია – ისევ მე ვარ… ვერ ერევი იმ ქალს, ვისაც დღესვე გააგდებენ აქედან!.. ამიტომ მე უნდა შემწვა ცოცხლად! შე უტვინო, უტვინო, უტვინო…

+11.

წესრიგის აღსრულების მთავარ მუნიციპალურ ორგანოში შესული ახალი ბრძანება: გაათავისუფლეთ ქუჩები წესრიგის დამცველებისგან, საგანგებო რეჟიმი გაუქმებულია – უმაღლესი სასამართლოს მიმდბარე ქუჩებზე სრული სიმშვიდეა. მოწოდებას არავინ გამოხმაურებია.

+12.

ყოფილი ცოლ-ქმარი ამჯერად ისევ მარტონი არიან. სხდომის დასრულებიდან თითქმის ორი საათია გასული. ქმარს {იასონს} საკმაოდ დიდი ხანი დასჭირდა, რომ ისევ სპეციალურ ზონაში მოხვედრილიყო – დღეს უკვე მეორედ. მანამდე მის ყოფილ ცოლთან {მედეასთან} შვილები მოიყვანეს, რომელთაც ახლაც დედის {მედეას} დროებით საძინებელში არიან. ყოფილ ქმარს {იასონს} მძიმე დღე ჰქონდა, თუმცა საკუთარი თავისთვის დიდად სასაყვედურო არაფერი აქვს – ეს უკანასკნელი პერიოდი მორალურად ყოველთვის გვერდში ედგა თავის ყოფილ ცოლს {მედეას}, რის (და ვის) გამოც აბსურდული შიშები აღუძრა ისედაც საკმარისად მგრძნობიარე (ახლა კი მამასთან კონფლიქტით განადგურებულ) საცოლეს {გლაუკეს}. ქმარი {იასონი} აქ არც მოვიდოდა, რომ არა შვილების მეურვეობის საკითხი. მან იცოდა, რომ ამ ქალთან {მედეასთან} ბოლო საუბარი – აქამდე წარმოებულ ყველა საუბარზე ძნელი იქნებოდა.

ყოფილი ცოლი {მედეა} მას რაღაცნაირად შეუვალი, დისტანცირებული და, რაც უცნაურია, დამშვიდებული დაუხვდა, და არა ისეთი ეგზალტირებული, როგორიც სხდომის თავმჯდომარის მიერ გამოცხადებული განაჩენის მოსმენის დროს იყო.

ყოფილი ცოლი {მედეა}. რა უსამართლობაა… შენს გარდა არავინ მოსულა… ისევ ეს კაცი…

ყოფილი ქმარი {იასონი}. ისეთი განცდა მაქვს, რომ დღევანდელი დღე არასდროს დასრულდება. დღეს იქნება სამუდამოდ. ჩემი… (არ იცის, როგორ მოიხსენიოს) პარტნიორის მამას ინფარქტი აქვს, ხელოვნურ სუნთქვაზეა… მძიმედაა…

ყოფილი ცოლი {მედეა}. თქვი სახელი. გეშინია, არ გავღიზიანდე? თქვი – ჩემს ახალ ცოლს… ეს უკვე აღარ მაინტერესებს…

ყოფილი ქმარი {იასონი}. ჰო, მართალი ხარ, რა მნიშვნელობა აქვს… დღეს წყენების დღეა… და ტკივილის, ცხადია… ეს სიტყვა – წყენა – აბსოლუტურად არ გამოხატავს ჩემს მდგომარეობას… ჩემსას კი არა, შენ მდგომარეობას… ის იქით წევს მკვდარი თუ ცოცხალი, ეს აქეთ…

ყოფილი ცოლი {მედეა}. და იმის მაგივრად, რომ იქ იყო, შენს ახალ ცოლთან, ახლა აქ ხარ. წადი, რას ელოდები… ყველაფერი დამთავრებულია…

ყოფილი ქმარი {იასონი}. წავალ… ცხადია. შინაგან კომფორტს არ ვეძებ.

ყოფილი ცოლი {მედეა}. შინაგან კომფორტს ვერც ვეღარასდროს დაიბრუნებ… მე უკვე წყენების მიღმა ვარ… და საზღვრის მიღმაც… როგორც შინაგანად, ასევე პირდაპირი მნიშვნელობით… და კაცმა არ იცის, წინ რა მელის…

ყოფილი ქმარი {იასონი}. შენ კი არა, საინტერესოა, ამათ რა ელით. დარწმუნებული ვარ, დღეს თუ არა ხვალ, ხალხი სერზე წამოაგებს ამ აგრესიულ პოპულისტებს… აი, ასე, ძელებზე ჩამოკიდებენ… გზის პირას… როგორც რევოლუციის დროს… უკვე ვხედავ ამ სურათს. რეალობა მალე შეიცვლება და უკან დაბრუნდები… ეს რამდენიმე თვის საკითხია… დიდი-დიდი, ერთი-ორი წლის… გაგდება, პრინციპში, ფორმალობაა… ახლა ყოყლოჩინობენ, თორემ ცოტა ხანში რეიტინგი დაუვარდებათ და თავისივე დაგებულ ხაფანგში აღმოჩნდებიან, შეიძლება ახალ ომებშიც – ღმერთმა ნუ ქნას – და მერე არჩევნებიც მოვა, თუმცა ხალხი ამათ არჩევნების გარეშე გააგდებს…

ყოფილი ცოლი {მედეა}. რომელი ხალხი? ერთი ადამიანიც არ გამოსულა ჩემ დასაცავად…  ისინი არ არსებობენ. არავინ არ არსებობს… და არც არაფერს უარსებია – არც ჩემ გამოსვლებს, არც მოწოდებებს, და არც ჩემს წარსულს, პრინციპში… შესაბამისად, არც მომავალში იარსებებს რამე. რაც არ უნდა ვქნა, არსებულად არც ჩაითვლება. ჩემი ორი მილიონი სეირის მაყურებელი საპნის ბუშტია…

ყოფილი ქმარი {იასონი}. ცოტა რთულად ლაპარაკობ, მაგრამ მესმის, რისი თქმაც გინდა… თუმცა მე სხვა ხალხს ვგულისხმობ, ცოცხალ ადამიანებს და არა აბსტრაქტულ მასას… მათ სწორედ ის ხალხი გააგდებს, ვისი ხმებითაც ხელისუფლებაში მოვიდნენ. რეალურად არსებული შურისმაძიებელი ბრბო, რომელიც ვერანაირ სარგებელს ვერ დაინახავს პოპულუზმში და ბოღმას მათზე ამოანთხევს. ეს ისტორიის კანონია… ვბოდავ, მესმის, მაგრამ ასე ვგრძნობ… ჯერ ერთი, დახმარების გზებს გამოვნახავ… მართლა… გონს მოვალ და რაიმე სქემას მოვიფიქრებ.

ყოფილი ცოლი {მედეა}. არ მჭირდები, წადი.

ყოფილი ქმარი {იასონი}. შეურაცხყოფას ნუ მაყენებ, ძალიან დაღლილი ვარ,

ვიცი, გაღიზიანებ და აქ არც მოვიდოდი, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი საკითხი… ახლა აქ შენს გამო არ ვარ… გული მეწურება, როცა გიყურებ, მაგრამ ეს საკითხი უნდა გადავწყვიტოთ… გამიკვირდა კიდეც, რომ რაღაც ადამიანურობის მსგავსი გამოიჩინა ამ პათოლოგიურმა სასამართლომ…

ყოფილი ცოლი {მედეა}. რას გულისხმობ?

ყოფილი ქმარი {იასონი}. ბავშვებს ვგულისხმობ. შვილებს რა ვუყოთ? არა, სინამდვილეში, ალბათ, ორივემ ვიცით, რაც უნდა ვქნათ… ანუ ვხვდებით, რა არის მათთვის საჭირო და უკეთესად სად იქნებიან… ამ შემთხვევაში ჩვენი ეგოიზმი უადგილოა…

ყოფილი ცოლი {მედეა}. რა უნდა ვუყოთ?

ყოფილი ქმარი {იასონი}. რას ნიშნავს რა უნდა ვუყოთ? ლაპარაკი ჩვენს შვილებზეა… ეს ფორმალობაა, მესმის, მაგრამ ჩვენ შეთანხმების მიღწევის უფლება მოგვცეს – დარჩნენ თუ შენთან ერთად წამოვიდნენ… თუმცა მე ვიცი, შენ უკვე მიღებული გაქვს გადაწყვეტილება… არც დგას ასე საკითხი…

ყოფილი ცოლი {მედეა}. კი, უკვე მივიღე გადაწყვეტილება…

ყოფილი ქმარი {იასონი}. შესანიშნავია, მე სასწრაფოდ გამოვნახავ თქვენი კომუნიკაციის ფორმას… უამრავი შესაძლებლობა არსებობს. უბრალოდ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, გავერკვეთ, სად იქნები… თანხაც განვსაზღვრე გარკვეული ეტაპისთვის, ამაზე არ ინერვიულო…

ყოფილი ცოლი {მედეა}. რომ წავიყვანო, გამატან?

ყოფილი ქმარი {იასონი}. ეს ახლა არაა მნიშვნელოვანი – მე გაგატან თუ არა… დარწმუნებული ვარ, ზუსტად იცი, მათთვის რა აჯობებს, ბავშვების დევნილობა მათი ფსიქიკის განადგურებას გამოიწვევს…

ყოფილი ცოლი {მედეა}. აქ დარჩენაც განადგურების ტოლფასია… ეგოისტ მამასთან და ამ უგულო თვალთმაქცებთან…

ყოფილი ქმარი {იასონი}. საუბარი ახლა ჩვენი შვილების მომავალზეა და არა საზოგადოების პასუხისმგებლობაზე, ახლა არა ჩვენზე, არამედ მხოლოდ მათზე, მათ მომავალზე უნდა ვიფიქროთ…

ყოფილი ცოლი {მედეა}. რა იცი შენ შენს შვილებზე? რა უნდათ? რა ელით? გიფიქრია ამაზე ოდესმე სერიოზულად?

ყოფილი ქმარი {იასონი}. რად გინდა ახლა ეს. კარგი, იჩხუბე, დაიხარჯე… უბრალოდ აქ დროის პრობლემაა, ჩვენ ერთ საათზე ნაკლები დაგვრჩა, ოღონდ მე მძულს ეს რეგლამენტი…

ყოფილი ცოლი {მედეა}. შვილები ჩემ თავს შეგახსენებენ… რაც დრო გავა, ისინი მით უფრო მეტად დამემსგავსებიან. მტრები გეყოლება სახლში.

ყოფილი ქმარი {იასონი} მე მათ დამოუკიდებელ ადამიანებად გავზრდი…

შენთან ერთად, ცხადია… დიდი-დიდი, ორი წლის შემდეგ… როცა ისევ შემოგვიერთდები. ამაში დარწმუნებული ვარ… ჩვენი შვილები სრულფასოვანი ადამიანები არიან და არა ჩემი და შენი რაღაცნაირი ასლები… რა ქნეს? უკვე ისაუბრეთ?

ყოფილი ცოლი {მედეა}. ჯობია იმაზე იფიქრო, აქედან რომ გახვალ, რას იტყვი. შემიძლია დაგეხმარო: როცა გკითხავენ – სად არიან შენი შვილები, ასე უპასუხე: მე შვილები აღარ მყავს, ისინი ცოლმა მომიკლა. ან ასე – ცოტა უფრო რთულად – ისინი მკვდრები არიან ჩემთვის. ან მე ვარ მათთვის მკვდარი.

ყოფილი ქმარი {იასონი}. ჯავრს მათზე იყრი? ეს არაჭკვიანურია…

ყოფილი ცოლი {მედეა}. არაჭკვიანური კი არა – უარესია…

ყოფილი ქმარი {იასონი}. აბა, ჩემზე თუ ამათ პოპულისტურ სისტემაზე?

ირთვება ხმამაღალი სირენა, რაც ნიშნავს, რომ შუაღამეს გამაფრთხილებლად მიუახლოვდა საათის ისარი: 23 საათი და ორმოცდახუთი წუთია.

ყოფილი ცოლი {მედეა}. როცა გარეთ გახვალ, შენზე ასე იტყვიან: ეს მარტოხელა და უბედური კაცია.

ყოფილი ქმარი {იასონი}. ახლა ეჭვი გამიჩნდა, რომ შენ ფსიქიკური აშლილობა გაქვს, რადგან, მგონი, მართლა გინდა გარკვეული სახის დანაშაულის ჩადენა და სამუდამო პატიმრად დარჩენა ევროპაში! შენ ხომ ცხოველურად პრაგმატული ხარ! ეს ცინიზმია, მე თანაგრძნობის ნასახიც აღარ შემრჩა, აღარ შემიძლია ამდენი პათეტიკა! ეს არაა ჩემი ცხოვრება, მე ეს არ დამიმსახურებია! სადაა ზედამხედველი კომისარი? რა გინდა, ბარბაროსო? რატომ გვანადგურებ? საწყალი კაცი სიკვდილის პირასაა… ჩემს პარტნიონს სპილოს დოზის დამამშვიდებლები მისცეს… ის მოწამლულია… შენ მათ დაღუპავ მამის გარეშე… ბავშვებს რას ერჩი?

ყოფილი ცოლი {მედეა}. გიკლავ, რომ ყოველთვის გახსოვდეთ.

ყოფილი ქმარი {იასონი}. დაემშვიდობე და აქ მომიყვანე. ხუთ წუთს გაძლევ.

ყოფილი ცოლი {მედეა}. კარგი, ნუ ნერვიულობ, ხუთი წუთი არც დამჭირდება.

+13.

ამჯერად ისევ ის რეალობაა, საიდანაც ანტიმოქალაქე N2411 {მედეა} ორი კვირის განმავლობაში თითქმის ყოველწამიერად მიმართავდა თავის გულშემატკივრებს (ქოროს). ის ახლა ცოცხალ ჩარჩოშია და ისეთი მშვიდია, როგორიც არასდროს ყოფილა. ფონზე სპეციალური დახურული ზონის სპეციალური ოთახის კედლის და ჰერმეტულად დახუფული ფანჯრის ნაწილი ჩანს.

ანტიმოქალაქე N2411 {მედეა}. აი, ჯერ ისევ აქ ვარ…

და ვხედავ, ამწუთას ბევრი მაკვირდება… მე რამდენიმე წუთში გამაძევებენ… მე შიგნიდან ჩავკეტე ჩემი ოთახი… ჩემი შვილები ჩემთან ერთად არიან…  ახლა კარის შემომტვრევას დაიწყებენ… ჩემი ქმარი შეეცდება კარის შემომტვრევას…

…თქვენ თქვენი თვალით ნახავთ ყველაფერს… და უმორჩილესად გთხოვთ, ბოლომდე მიერთგულოთ… მხოლოდ ამ ფორმით, ცხადია… უნდა ვიცოდეთ და ვხედავთ, ვინ რაზეა პასუხისმგებელი… სისუსტის გამოვლინება დაუშვებელია… ახლა მაინც. ეს უჩვეულო სანახაობაა… დედა არც აქ დატოვებს თავის შვილებს და არც თან წაიყვანს… ან სად უნდა წაიყვანოს? ან რატომ ან სად უნდა დატოვოს…

აი, კარზე აკაკუნებენ…

მორჩა… აქ მკვდრებს ვერ ნახავენ, და ვერც ცოცხლებს.

 

…….. ფარდა

 

ლაშა ბუღაძე, 2017