ირმებიანი წიგნის ყდები და რაღაც უფრო მეტი

ირმებიანი წიგნის ყდები და რაღაც უფრო მეტი
არჩილ ქიქოძე
Share on facebook

7ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ნორვეგიელი მწერლები იმას ჩიოდნენ, რომ მათ თარგმნილ წიგნებს აუცილებლად თოვლიანი პეიზაჟები და პირქუში ბუნება ეხატათ ყდაზე. ერთმა დეტექტივების ავტორმა ისიც თქვა, ჩემი რომანი მთლიანად ზაფხულში ხდება და ყდაზე მაინც თოვლი დაახატესო. ეგ რა არისო, მხარი აუბა მეორემ, ჩემს მეგობარს ყდაზე ჩრდილოეთის ირემი გამოუსახეს, არადა კაცი ბერგენს არ გასცილებია და ეს ცხოველი თვალითაც არ ჰყავს ნანახიო.

მოკლედ, ახლა ნორვეგია იყო ფრანკფურტის სტუმარი და მე კიდევ იმ ხალხის მსმენელი და მაცქერალი, ვისაც ერთ წელზე მეტია ვკითხულობდი.

ყოველთვის მჯეროდა, რომ ქვეყნის შესაგრძნობად ლიტერატურაზე უკეთესი არაფერია. როდესაც ნორვეგიაში ჩემი პირველი წასვლა რეალური გახდა, იქაურ მეგობარს თანამედროვე მწერლების ღირსეული სია გამოვაგზავნინე და ჩავუჯექი. ახლა ისინი აქ იყვნენ. სხვათა შორის, იყვნენ ისეთებიც, ვისაც ირმებიანი წიგნის ყდები მართლა ეკუთვნოდა. საამების ლიტერატურას, მათ პროზას, პოეზიას, ფოლკლორს ნორვეგიულ პროგრამაში უშველებელი ადგილი ჰქონდა დათმობილი. საამები თავიანთ ლამაზ ეროვნულ ტანისამოსში იყვნენ გამოწყობილი და ლაპარაკობდნენ ყველაფერზე, მათ შორის, მათ მიმართ წარსულში ჩადენილ უსამართლობაზე ან დღევანდელ პრობლემებზე, მათ მიწებზე მათი თანხმობის გარეშე აშენებულ ქარის წისქვილებზე, მდინარეებზე, სადაც თევზის რეწვა აუკრძალეს.

საამი მწერლების შემოქმედებას მე თითქმის არ ვიცნობ, მაგრამ მათი სმენა და ცქერა მაინც ძალიან საინტერესო იყო. მათი მოულოდნელი შეკივლებებით გაჯერებულ სიმღერას რომ ვუგდებდი ყურს, გამახსენდა, რამხელა მნიშვნელობა აქვს მათთვის ინტონაციას. მაგალითად, როდესაც საამები ვინმეს სახელს წარმოთქვამენ, ინტონაციის და დასმული მახვილების მიხედვით თანამოსაუბრეს აგებინებენ, თუ რა დამოკიდებულება აქვთ ამ ადამიანისადმი. კიდევ წავიკითხე, რომ თუკი ბავშვი ბევრს ავადმყოფობს, მშობლები მას სახელს უცვლიან და იმედი აქვთ, რომ ძველ სახელთან ერთად ავადმყოფობაც წავა. დიდები თავად იცვლიან სახელს, რომ ნავსი გატეხონ, ბედი უკეთესობისკენ შემოიტრიალონ. ისეც მომხდარა, რომ სამოცდაათი წლის ადამიანს შეუცვლია სახელი. მაშინ დავფიქრდი, საამი რომ ვყოფიყავი, რამდენჯერ შევიცვლიდი სახელს და ჩემი ცხოვრების რამდენიმე კრიტიკული მომენტიც მოვნიშნე. რა მერქმებოდა, ნეტა, ახლა და რა ინტონაციით წარმოვთქვამდი საკუთარ სახელს?

ქალი, რომლის სულისშემძვრელი წიგნიდანაც ეს ყველაფერი შევიტყვე, ფრანკფურტში იყო და მასთან შეხვედრას განსაკუთრებით ველოდი.

ჰანე ოსტერვიკის სახელი ჩემი მეგობრის გამოგზავნილი სიის თავში იყო, მე კი მისთვის სულ ბოლოს მოვიცალე. შეიძლება სჯობდა კიდეც ფრანკფურტში ასე თავზარდაცემული წასვლა, მაგრამ ეს შეგნებულად არ გამიკეთებია. ნამდვილად არ ვიცოდი, რომ ბოლოსთვის ყველაზე ტკივილიანი და მნიშვნელოვანი ავტორი მოვიტოვე.

ოსტერვიკის რომანსპასტორი ქალიჰქვია და ჩრდილოეთში, საამების ქვეყანაში საქადაგებლად წასული ადამიანის გულისთქმაა. ადამიანის, რომელიც მუდმივად განიცდის ბრალს და პასუხისმგებლობას წარსულის, აწმყოს და მომავლის გამო. ამ წიგნში არის კითხვები და არ არის პასუხები, არის ჩიხი და არ არის გამოსავალი, არის სიუჟეტი და თან არც არის. „სიუჟეტი არ არის მნიშვნელოვანი, ამბობს ჰანე ოსტერვიკი, მთავარი ენაა და არა სიუჟეტი“.

ჰანეს უცნაურად აცვია, უცნაურად გამოიყურება, შეკითხვებს დაკვირვებით ისმენს, პასუხებს უფიქრდება, შეიძლება, საკუთარ თავს გაუმართოს კამათი. არ მინახავს მწერალი, რომელიც აუდიტორიასთან შეხვედრისას ასე იხარჯებოდეს, ასე ახლოს და ამავე დროს შორს იყოს მსმენელისგან, თითქოს რაღაც თვალისთვის უხილავი ზღუდით ადამიანებისგან გამიჯნული და მათგან დაცული

პასტორი ქალისმთავარ გმირს გერმანიაში სწავლის დროს საუკეთესო მეგობარი ეღუპება. თავს იკლავს ადამიანი, რომელიც სჭირდებოდა იმისთვის, რომ უფრო მყარად მდგარიყო მიწაზე. ხელიდან ეცლება საყრდენი ადამიანი, რომლის გასაჭირი და სასოწარკვეთა ვერ დაინახა. სამყაროს უკიდურეს ჩრდილოეთში პასტორად წასვლა მისი რწმენის გამოცდაც არის და ბრალთან, დანაშაულის გრძნობასთან განმარტოებაც. წინ კი ელის ახალი გამოცდა, ახალი გასაჭირი, ახალი შეკითხვები, ახალი უბედურება, რომლისგანაც ახლობელი ადამიანების დაცვას პასტორი ისევ ვერ ახერხებს.

ჩრდილოეთის დაგვიანებული გაზაფხული, რომელიც თუკი ოდესმე მოვა, უკვე ძალიან გვიანი იქნება, უკვე მომხდარი გამოუსწორებელი უბედურების გამოსასწორებლად ღამით გამართული თავგანწირული რბოლა და თეთრი თოვლიანი გზა, რომელიც ცდილობს რაღაცას მოუყვეს მთავარ გმირს, მაგრამ უსასრულო თეთრ ტილოდ ქცეული გზის ამოძახილი მისი მანქანის ბორბლებს ქვეშ ისე იკარგება, რომ ქალი მის გაგებას ვერ ასწრებს.

არსებობს კი ასპროცენტიანი სიმართლე? ეკითხება შეხვედრის წამყვანი ჰანეს.

არსებობს, წამოიყვირებს მწერალი ისე, თითქოს იმ წუთას, ჩვენ თვალწინ მიაგნო პასუხს. სიმართლე ჩვენს შიგნითაა და ამ სიმართლესთან, საკუთარ თავთან ძლიერი კავშირი თუ არ გვაქვს, დავიკარგებით, მანიპულაციის საგანი გავხდებით, ლოგიკას, არგუმენტებს დავუჯერებთ

ვუყურებ ამ სიფრიფანა არაამქვეყნიური გარეგნობის და მანერების მქონე ქალს, ჰაეროვანს, ცოდნისა და ტკივილის მატარებელს და ვფიქრობ, როგორ მოვიდა აქამდე, როგორ არ დაიშალა, არ გაისრისა?

ჰანე ამბობს, რომ ლიტერატურა არ არის ახსნა იმისა, თუ რატომ არის რაღაცეები ისე, როგორც არის. ლიტერატურა არის სივრცე, სადაც შეგიძლია თავი შეაფარო, იცხოვრო. ამბობს, რომ მას სჭირდება რომანი, წიგნი, სადაც იცხოვრებს, რომლის წერისას რაღაცას ისწავლის. რომანში მისი ყოფნა კი მისი ენაა, რომელიც უფრო მთავარია, ვიდრე სიუჟეტი.

რომანი, რომელსაც ჰანე ფრანკფურტში წარადგენდა, ჩემთვის მისაწვდომ ენაზე არ არსებობს, მაგრამ სულ თავისუფლად წარმოვიდგინე, რომ მწერალი იმ სიჩუმის წიგნზე ლაპარაკობდა, რომელიც ფრანკფურტში წამოსვლის წინ წავიკითხე და რომელიც ჩემთვის თანამედროვე ნორვეგიული რომანებიდან უმთავრესი გახდა.

ზოგჯერ ვფიქრობ, რომ საკურთხევლის უკანა კედელი ჯობია შუშის იყოს, რომ მლოცველი ადამიანის მზერა ხატებს კი არ ებჯინებოდეს, არამედ მათ მიღმა, კიდევ უფრო შორს მიდიოდეს. ასეთი უნდა იყოს საუბარიც, ქადაგებაც, სიტყვაც აზრს რომ მიზნობრივობით არ აყენებდეს ჩრდილს.

ღვთისმსახური ქალი პოსტქრისტიანული ევროპის უშორეს კიდეზედანაშაულის გრძნობა იმისთვის, რაც ხდება, რაც მოხდება და რაც შორეულ წარსულში იყო. პასტორი 1952 წელს მომხდარ ისტორიულ მოვლენას საამების ამბოხს იკვლევს და აქაც პასუხისმგებლობას გრძნობს, აქაც არ ტოვებს დანაშაულის გრძნობა. ირმების მწყემსმა პატარა ერმა მიიღო ქრისტიანობა, მიიღო სახარება, როგორც მოცემულობა, და მერე ადგილობრივ პასტორს დაუპირისპირდა, რადგან მის ქმედებები, ცხოვრების წესი და ქადაგება ქრისტეს რჯულისთვის შეუსაბამოდ ჩათვალა. ოსტერვიკს რომანში მოყვანილი აქვს იმ რეალური პასტორის ამბოხთან დაკავშირებით მიცემული ჩვენებები და ცხადი ხდება, რომ ქალ პასტორს მეტი პასუხისმგებლობა აქვს მომხდარზე, ვიდრე საუკუნე-ნახევრის წინანდელ მის წინამორბედს, რომელიც სისხლისღვრის მთავარი მიზეზი გახდა.

მაშ, ვინ არის ამ ორში მოძღვარი? დოგმებს და საკუთარ სტატუსს ამოფარებული შეუვალი მღვდელი თუ ქალი, რომლის რწმენაც სადაცაა შეირყევა, რომლის პირველივე წირვა ჩაფლავდა, რომელიც ხშირად ადამიანებთან ყოველდღიურ ურთიერთობაშიც კი ვერ პოულობს საჭირო სიტყვებს?

ქალის წარმოსახვაში პროექცირებული საამების აჯანყება, ბანაკიდან ირმებშებმული მარხილებით დასახლებისკენ წამოსვლა, ვაჭარსა და ლენსმენზე (ნორვეგიული შერიფის შესატყვისი) თავდასხმა, მათი მოკვლა, დუქნის გადაწვა, აჯანყებულების დაპატიმრება, მათი სასამართლო, ორი მათგანის სიკვდილით დასჯა, უფრო რეალურია, ვიდრე ოდესმე, რადგან განცდილი, საკუთარ თავში გატარებული აქვს მთავარ გმირს და წიგნის ავტორს.

ამ პასუხისმგებლობას ჰანე ოსტერვიკი, მგონი, შფოთს უწოდებს. სადღაც წავიკითხე, რომ მას განუწყვეტელი შფოთი აწერინებს წიგნებს

შეხვედრა დამთავრდა. ჰანეს ადგილი სხვა გამომსვლელმა დაიკავა, თავად კი იმ მაგიდისკენ გადაინაცვლა, სადაც ავტორები ხელს აწერდნენ საკუთარ წიგნებს. ჩემს გვერდით მჯდომი აზიური გარეგნობის გოგო, რომელიც თვალცრემლიანი უსმენდა და მთელი შეხვედრა ძვირფასი განძივით გულში იკრავდა მის წიგნს, მოჯადოებულივით გაჰყვა უკან. რაღაც მომენტში მეც მივედი მაგიდასთან, მადლობა გადავუხადე, ვუთხარი, რომ საქართველოდან ვარ და საერთო მეგობარი გვყავს. გავბედე, მივუახლოვდი, ხელი ჩამოვართვი, დავაბნიე, მომეჩვენა, რომ დავურღვიე ის რაღაც ბარიერი, რასაც ამოფარებულია, შევაწუხე.

ბაზრობის ეზოში გამოვედი და იმ ჯიხურისაკენ წავედი, სადაც სასმელი იყიდებოდა. ორი ჭიქა ღვინო ავიღე და იქვე ჩამოვჯექი. მეორე ჭიქა იმ ნაცნობისთვის ვიყიდე, ვინც პირველი გამოივლიდა, მაგრამ ეგეთი არავინ გამოჩნდა. ჯერ პირველიც არ მქონდა ბოლომდე დალეული, რომ უცაბედად მეწვია ბედნიერი მდგომარეობა, როდესაც გონება დაწმენდილია, ფიქრები კი ნათელი. წინა დღით ჩამოსული ბევრ შეხვედრას დავესწარი, ბევრი ემოცია და შთაბეჭდილება დამიგროვდა და ახლა ისინიც დალაგდა.

აგერ, კარლ უვე კნაუსგორი, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ნორვეგიელი მწერალი, რომელსაც ფრანკფურტის ბაზრობაზე გახსნის სიტყვა ათქმევინეს, როგორც ახასიათებენ, მორცხვი კაცი. დილით ისიც იმავე მაგიდასთან იჯდა, სადაც ახლახან ჰანე, და ავტოგრაფებს არიგებდა. ამბობენ, რომ სიმორცხვემ გააკეთებინა ის, რაც გააკეთა მრავალტომეული მიუძღვნა საკუთარ ბავშვობის ტრავმებს და პირად ცხოვრებას, სკრუპულოზურად აღწერა ყველა ტკივილი და სიხარული, სექსი, ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, მეუღლეებთან, მეგობრებთან. მე პირველი და, როგორც ამბობენ, საუკეთესო ტომის იქით არ წავსულვარ. არც ვაპირებ. ვნახე ეს კაცი, რომელსაც, როგორც ვასილ შუკშინი იტყოდა, ისეთი იერი აქვს, რომწუთისოფელს ალიმენტებისგან დამალვაში უნდა ატარებდეს“, ახლაც შუბლსქვევიდან მორცხვად აჟუჟუნებდა ლურჯ თვალებს. როგორ შეიძლება ორმეტრიანი და ღმერთივით ლამაზი (მისი სიტყვებია იმ პირველი ტომიდან) კაცი მორცხვი იყოს? ან რა სიმორცხვეა ამისთანა, რომელიც ასე ნატურალისტურად დაგაწერინებს იმას, რაც მხოლოდ შენი არ არის? მე მგონია, რომ ეს უბრალოდ ღალატია, პირველ რიგში, საკუთარი თავის, მერე სხვების და ბევრი მთავარი რამის, რისგანაც შედგება ადამიანი.

მეორე ჭიქას ვწრუპავდი და კნაუსგორისადმი ანტიპატიაც არ იყო შემაწუხებელი. თანაც მართლა ძალიან მაგარი მთხრობელია, უკიდეგანოდ განათლებული, ქალებსაც მოსწონთ

ჩვენ კიდევ ისეთი ქალები არ მოგვწონს, ვისაც ეგეთი ტიპები მოსწონთ აი, ჩემი გარდაცვლილი მეგობარიც მოვიდა ჩემთან ამ ფრაზით, რომელიც ისეთივე ტყუილია, როგორც ბევრი სხვა რამ ჩვენგან ახალგაზრდობით, სისულელით ნათქვამი. კნაუსგორზე მეტად ჰენე ოსტერვიკის დამსახურებაა, რომ ჩემი მეგობარი ახლა ჩემთანაა და ბაზრობის თითქმის ცარიელ ეზოში, წვიმისგან ქოლგის ქვეშ ორი ჭიქა ღვინით შეფარებული მარტო აღარ ვარ.

არა, ჰანეს წიგნი მხოლოდ მათთვის არ არის, ვისაც თვითმკვლელი მეგობრები გვყავს, მაგრამ ჩემი მეგობარი ნამდვილად ჰანემ მოიყვანა დღეს ჩემთან და ვზივართ ასე მე უკვე ჭაღარა და ის კი ახალგაზრდა და ლამაზი…

მერე ვნახე კაცი, ვინც ნორვეგიულ ლიტერატურაში ერთადერთია, ვისთან ერთადაც სიამოვნებით დავთვრებოდი. მე Youtube-ზე მინახავს რომელიღაც წიგნის ფესტივალზე თომას ესპედალს და კნაუსგორს შორის გამართული დისკუსია და დამრჩა შთაბეჭდილება, რომ კნაუსგორს მისი ეშინია. არა, ჩამჯდარი და ჩასხმული ყოფილი მოკრივის მუშტი კი არ აფრთხობს, ეშინია იმ ხულიგნური სულისა, რომელიც ესპედალში ბუდობს. ბერგენელი მწერალი ლაპარაკს იწყებს დაჩემი ბრძოლისავტორი იძაბება, რადგან ესპედალი ირონიულია, მომხიბვლელი, ტრაბახა, პუბლიკაზე მოთამაშე, თვითონ კი მორცხვი…  

ესპედალისხელოვნების წინააღმდეგასევე ავტობიოგრაფიული წიგნია, რომელშიც ერთადერთხელ არის ნახსენები გარდაცვლილი ცოლი და ის სულ ერთი ბეწო წინადადება ტკივილითაა სავსე

სტუმარი ქვეყნის პავილიონში ესპედალი სამ სხვა ბერგენელ მწერალთან ერთად იჯდა სცენაზე და მშობლიური ქალაქისათვის მიძღვნილ მოთხრობების და ესეების კრებულს წარადგენდა. ხუმრობდა იქაურ გადაუღებელ წვიმაზე და გერმანელებს სთხოვდა არ ჩასულიყვნენ ბერგენში, რადგან მოზღვავებულმა ტურისტებმა ადგილობრივების ყოფა აუტანელი გახადეს. თვალი მის შავ ტანისამოსისთვის შეუფერებელ ღია ყავისფერ ფეხსაცმელზე გამექცა და გავიფიქრე, ნეტა,დოქტორ მარტენსებიხომ არ აცვია-მეთქი. „ფეხით სიარულის ხელოვნებაშიმწერალი ამ ფირმის ბათინკს იცვამს, სახლიდან გადის და მიემართება გრძელ თავგადასავალში. ჯერ დასავლეთ ნორვეგიის მთებსა და ფიორდებს მოივლის, ათვალიერებს პეიზაჟებს, რომლებიც მის თვალწინ შეიცვალა, სადაც ვეღარსად ნახავ მთიბველებს და სოფლის ჟრიამულს, საიდანაც გაქრნენ გოჭები, თხები და ცხენები და აღარ ისმის მამლის ყივილი. ავტორი და მისი თანამგზავრი ნახევრად ხუმრობით კამათობენ იმაზე, გაუმართლათ თუ არა, რომ ამ ეპოქაში და ამ ქვეყანაში დაიბადნენ.

ეს წიგნი მოუსვენრობის მანიფესტია, ზოგან სახალისო და ზოგან ძალიან სევდიანი.

სირცხვილი და მუდმივი დანაშულის გრძნობა აი, მთელი ჩვენი მიღწევა, ამბობს ერთი.

როგორც ჩანს, მართალი ხარ, პასუხობს მეორე და ხასიათი უფუჭდება.

გზას აგრძელებენ იმიტომ, რომ ხსნა მხოლოდ გზაშია

მერე კი დოქტორ მარტენსებიანი კაცი სცდება ფიორდებს და მთებს, თოვლიან და ირმებიან ქვეყანას, უფრო შორს მიდის, საფრანგეთში არტურ რემბოს სახლს მოინახულებს, სტამბოლში სუტინიორებს გაექცევა, მეტეორაში ბერძენ ბერს ერკინება მუშტიკრივში. აკაკუნებს უცხო კარებზე, ელაპარაკება ახალ ადამიანებს, რაც მთავარია, დადის, დადის... ფეხით სიარული მისთვის ფიქრის და შთაგონების წყარო გამხდარა სიარული სიარულისთვის, ოღონდ ყოველთვის მოულოდნელ ადგილას მოსული დაღლა და სევდა შეუცდომლად ატყობინებს, რომ სახლში დაბრუნების დროა, რომ ეს მორიგი თავგადასავალიც დასრულებულია.

სცენაზე ოთხი ბერგენელი მწერალი იმას ყვებოდა, რომ, მართალია, მათ ქალაქში არც ერთი გამომცემლობა არ არის და საკუთარი ხელნაწერების გაგზავნა ოსლოში უწევთ, მაგრამ ბერგენი მაინც მწერლების ქალაქია. ყველაფერში ეტყობოდათ, რომ ერთად ყოფნა ეხალისებოდათ. ახსენეს ბერგენის ლიტერატურული აკადემიაც, სადაც ახალგაზრდები მწერლობის ხელოვნებას ეუფლებიან.

„ჩვენ მათ ვასწავლით სიგარეტის მოწევას, დალევას, ჩხუბს და მერე უკან ვუშვებთ, რომ ოსლოში მწერლები გახდნენ“, გაცინებული ტომას ესპედალი ძალიან ჰგავს მეკობრეს.

ფრანკფურტიდან წამოსვლის დღეს მე და ივა ფეზუაშვილს ჩაგვიარა ქალიშვილთან ერთად. ჰელოუ მივესალმე და დამავიწყდა, რომ არ ვიცნობდი. ჰელოუ! მომიბრუნა იმან ცივად და გზა გააგრძელა. ვინ იცის, რა იფიქრა?! რკინიგზის სადგურთან თურქული რესტორნის წინ ვისხედით ქაბაბის მოლოდინში. ნებისმიერი ქალაქის სადგური კიდევ ათასი ტარტაროზის შეყრის ადგილია. დოქტორ მარტენსებიანმა მაწანწალამ, ეტყობა, ეს კარგად იცის