იურგის კუნჩინასის „ტულა“

არჩილ ქიქოძე

როცა კუნჩინასის „ტულა“ წავიკითხე, ვილნიუსში უკვე რამდენჯერმე ვიყავი ნამყოფი. წავიკითხე ეს წიგნი და ქალაქი, რომელიც უბრალოდ მომწონდა და მიყვარდა კიდეც, ჩემთვის ლიტერატურულად მნიშვნელოვანი შეიქნა. მერე კიდევ ერთხელ მოვხვდი იქ და მეგობარს ვთხოვე, ტულას სახლი მაჩვენე-მეთქი. მიმიყვანა უბანში, სადაც ბევრჯერ ვყოფილვარ, და მიმითითა ეზოზე, რომლის კარიც დაგმანული დაგვხვდა, რადგან შიგნით სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. მაშინ გავიფიქრე, რომ ეს ერთხელ უკვე იყო, რომანი მთავრდება იმით, რომ ტულას ეზოს ანგრევენ, რათა მის სახლს სრული რესტავრაცია ჩაუტარონ. მაშ, ეს მეორე რემონტია და ეზოში, რომელიც დიდი ხანია ლიტერატურის მოყვარულთა მოციქულობის ადგილი გამხდარა, სრულიად არაფერი დარჩება ძველი უჟუპისიდან – პატარა მდინარე ვალიას გაღმა უბნიდან, სადაც კუნჩინასის დროს მიუსაფარი მხატვრები და მარგინალი მწერლები ბუდობდნენ, დღეს კი მდიდართა საბინადრო გამხდარა.

რაღაცა მაინც ვნახეთ: მეზობელ ეზოში შევიხედეთ, იქ კი კუნჩინასის რომანის ილუსტრაცია დაგვხვდა. ფოტოც მაქვს გადაღებული– შეღებული ხის კარიდან ფრთხილად იყურება პენსიონერი ქალი, უკანა ფონზე კი პორტფელით ხელში საკუთარ თავთან მოლაპარაკე კოსტიუმიანი მამაკაცი ჩანს. შეიძლება, ჩემი ფანტაზიებია ეს ყველაფერი – არც მამაკაცს გაუმართავს საკუთარ თავთან დისკუსია და არც ქალია ჭორიკანა და ვინმეს მოთვალთვალე და სულაც ორივენი ევროკავშირის თავისუფალი მოქალაქეები არიან და არა საბჭოთა დროიდან გადმოსული ანაქრონიზმები.

თუმცა, არა მგონია, ვცდებოდე. საბჭოეთი სად აღარ შემომფეთებია და გამონაკლისი არც მისი ყველაზე ევროპული ნაწილია. როგორც ჩვენთან, ისე ვილნიუსშიც, სრულიად ახალი რაღაცების გვერდით, აგრძელებს არსებობას ლექი სისტემისა, რომელიც მაშინაც კი, როცა სულს ღაფავდა, მაინც აგრძელებდა ადამიანების ნგრევას და წელში ტეხვას, მისი მსახურები კი ვერაფრით იშლიდნენ სხვათა დასმენას და თვალთვალს, ინერციით აგრძელებდნენ სხვათა გაკიცხვას და გარიყვას, რადგან სხვანაირად ცხოვრება უბრალოდ არ შეეძლოთ.

კუნჩინასის ყველაზე ცნობილი რომანიც ამაზეა – სტაგნაციაში მყოფ საბჭოეთზე. წიგნის ფინალს ზუსტი თარიღი აქვს– 1985 წლის გაზაფხული, რადგან მთავარი გმირი რომელიღაც საკავშირო გაზეთში კონსტანტინე ჩერნენკოს შავ სამგლოვიარო ჩარჩოში ჩასმულ სურათს მოჰკრავს თვალს. მგონი, ეს სულაც ერთადერთი ქრონოლოგიური მინიშნებაა, რომელიც ავტორს შეიძლება იმაში დასჭირდა, რომ კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ეპოქის სიმახინჯისთვის. კუნჩინასი თავისუფალი ადამიანია, რომელიც ცხოვრობს ცოცხალი გვამების მიერ მართულ სახელმწიფოში, რომელიც, თავისი აბსურდულობის მიუხედავად, აწყობილი საათივით მუშაობს და ხილულ მომავალში მისი დანგრევა არავის წარმოუდგენია. ერთ-ერთ ეპიზოდში ვიღაც ყველაფრისმცოდნე „შემთხვევითი“ პერსონაჟი (ასეთი პერსონაჟებით კი სავსეა რომანი და სწორედ ისინი აქცევენ წიგნს ეპოქის ერთგვარ გზამკვლევად) დაბეჯითებით ამტკიცებს, თითქოს დასავლელმა მეცნიერებმა გამოითვალეს, რომ საბჭოთა კავშირი 2004 წელს დაინგრევა. ხოლო სანამ „უკვდავი“ სისტემა არსებობს, იგი ადამიანთა ბედის განმსაზღვრელია, შეუძლია და ვალდებულიც არის, რომ მწერალი და ინტელექტუალი უბრალო მაწანწალად, მარგინალად აქციოს. ოღონდ კუნჩინასი ტკბება ამ მარგინალიზმით. ტკბება, ამაყობს და ცოტას ტრაბახობს კიდეც. ავტორი არჩევანით არის მარგინალი და ამიტომაც საკუთარ თავს უფლებას აძლევს, სძულდეს შემგუებლები და თვალთმაქცები. თუმცა კუნჩინასის შემთხვევაში „სიძულვილი“ არასწორი სიტყვა მგონია, სისტემაზე მორგებულ ადამიანებთან მას უბრალოდ ფიზიოლოგიური შეუთავსებლობა აქვს.

„ტულა“ არის რომანი ქალაქზე, რომელიც არ ჰგავს ჰემინგუეის პარიზს და არც ბორხესის ბუენოს-აირესს. თავად ავტორი ამბობს, რომ არ შეუძლია უყვარდეს ვილნიუსი, სადაც ამდენი დამცირება გადაიტანა და მაინც ეს მისი ქალაქია, კონკრეტული ადგილებით, ბეკეშის გორით, ბერნარდინოს ტაძრით, მდინარე ვილიაზე გადებული საცალფეხო, დახურული ხიდით, სასაფლაოებით, ქუჩებითა და ჩიხებით.

და კიდევ, ეს არის ქალაქი, რომელშიც ავტორს ვიღაც უყვარდება. ლიტვური ქალის სახელი „ტულა“ არ არსებობს. ტულა „ვიღაცას“ ნიშნავს, იმ ვიღაცას, რომელსაც ერთადერთხელ შეხვდები, რომლის გამოც ღირს ტანჯვა და იმ თავგადასავალში გადაშვებაც, რომელიც აუცილებელი კატასტროფით უნდა დამთავრდეს, როგორც ყველა დიდი სიყვარულის ამბავი.

ქალი და კაცი კაფეში ერთმანეთს კოცნიან. გვერდით მაგიდიდან ხნიერი მამაკაცი დაუცაცხანებთ, რომ მორიდება იქონიონ, რომ მორგიდან მოდის, სადაც ვაჟიშვილის ამოსაცნობად იყო მისული. „წუხელ თავი ჩამოუხრჩვია…“ მერე უცნობი მამაკაცი სასწრაფოდ ადგება და წასვლის წინ მოიბოდიშებსავით–თვითონაც არ ვიცი, რა მეტაკაო…

„მაშინვე უნდა მივმხვდარიყავი, ტულა, უნდა მივმხვდარიყავი, რომ ეს ყველაფერი ცუდად დამთავრდებოდა…“

„ტულა“ ნიშნების წიგნია, მაგრამ, პირველ რიგში, სიყვარულისა და განშორების წიგნი. არა ვარ პარალელების მოყვარული, მაგრამ ეს ოდისეაც არის, ორფეოსისა და ევრიდიკეს მითიც და სარაინდო რომანიც. მთავარი გმირი, რომელიც თავად ავტორია, შვიდ დღეს ატარებს საყვარელ ქალთან, მათი შემდეგი შეხვედრა კი შვიდი წლის მერე უნდა მოხდეს. ამ შვიდ წელიწადს კუნჩინასი იმ „ვიღაცას“ მოუთხრობს, რომლისკენაც მიილტვის, იმ ერთადერთს, ვინც თავის მსმენელად წარმოუდგენია. მეორე პირში დაწერილი წიგნები არასოდეს მომწონდა, მაგრამ „ტულაში“ თხრობის ეს მანერა საოცარ ინტიმს ქმნის, მკითხველი თითქოს შემთხვევით იყურება სხვის წერილში, რომელიც ისეა დაწერილი, რომ, უხერხულობის მიუხედავად, ვერაფრით მოსწყდები. მაწანწალად ქცეული, ჯიბეგამოფხეკილი ორფეოსის შვიდწლიანი ოდისეა, რომლის მანძილზე გმირს, ღმერთების მაგივრად, უგულო ჩინოვნიკები და უსახური კომფორმისტები დასცინიან, გველეშაპებისა და ციკლოპების ნაცვლად მასზე მილიციის „კანარეიკები“ ნადირობენ, გაუთავებლად ატყვევებენ და ციხე-სიმაგრეების მაგივრად გამოსაფხიზლებლებსა და საგიჟეთებში ათავსებენ, იძულებით სამუშაოებზე ამწესებენ. მისი შემაცდენელი კირკეები კი გალოთებულები, ცხოვრებაზე ხელჩაქნეული აპათიური ქალები არიან. აპათია ამ რომანის განუყოფელი ნაწილია. ყოვლისმომცველი აპათია, ბევრი სექსი ქვეყანაში, სადაც „სექსი არ არსებობდა“ და უამრავი სასმელი.

რას აღარ სვამენ „ტულაში“!–ლიტვური ლუდი, აზერბაიჯანული პორტვეინი და რუსული სამმანეთიანი არაყი, კუბური რომი („ფიდელ კასტროს საჩუქარი საბჭოთა ლოთებს“) – სასმელის მოპოვება მაწანწალების ყოველდღიური საზრუნავია.

მართალია, „ტულა“ ვილნიუსის წიგნია, მაგრამ მის ფარგლებს კარგა შორს სცდება. მეორე ქალაქია კაუნასი და მესამე – კლაიპედა, სხვა „მოძმე“რესპუბლიკები და ყველგან აპათია და აბსურდი სუფევს. მასშტაბი საბჭოთა კავშირს ნამდვილად ჰქონდა… ერთი ციცქნა ლიტვაში თუ საქართველოში ამგვარ ოდისეას ვერ მოაწყობ, ამხელა თავგადასავალს ვერ მოიგონებ. მშობლიური ქალაქისკენ, საყვარელი ქალისკენ მიმავალ გმირს ამდენ გამოცდასა და ცდუნებას ვერ დაატეხ თავს.

ბოლოს კი დაბრუნება მიზიდულობის ცენტრში, სადაც შვიდ წელიწადში არაფერი შეცვლილა. მდინარე ნერისზე ისევ რახრახით ადი-ჩადის დაჟანგული თბომავალი „ტაშკენტი“, რომლის გემბანზე ხელში ატატებული აჰყავს გმირს თავისი შვიდი წლის უნახავი სატრფო. ქალს ხელში ძვირფასი განძივით ჩაუბღუჯავს უნგრული ღვინის ბოთლებით სავსე ჩანთა. დღეს ისინი მდიდრები არიან – უამრავი ღვინო და ყველი. მათ გარდა კი გემბანზე არავინაა, მხოლოდ ლოთი შკიპერი, რომელიც მშრალი წითელი ღვინით მოისყიდეს. ეს არის მათი საქორწინო მოგზაურობა, ხოლო საქორწინო სარეცელი– ბურდოკებით მოფენილი ტალახიანი ფერდობი. სხვა ადგილი ამ ქალაქში, ამ ქვეყანაზე, მათთვის უბრალოდ არ არის.

ამ წიგნს ორი ფინალი აქვს და ბურდოკების საქორწინო ღამე მხოლოდ პირველია. მეორეს და, ჩემი აზრით, გენიალურს, მე არ მოვყვები. ეს არის ტრაგედია აბსურდული ფარსის ზღვარზე. ოღონდ აბსურდული გარემოა, ხოლო ტრაგედია – ნამდვილზე ნამდვილი, როგორც მთელი ეს არაჩვეულებრივი წიგნი.