ამ კაცის დაბადების ადგილს სრულიად შემთხვევით მივაგენით დოვრესკენ მიმავალებმა და ეივინი შევიპირე, რომ უკანა გზაზე აუცილებლად გავჩერდებოდით. რამდენი ნაირფერი ხეობა გამოვიარეთ და მგონი ეს ყველაზე მწვანე იყო. ამ ხეობის ფერდობზე კიდევ პედერსენების კარ-მიდამო – პატარა ფერმა, რომელიც მწერლის მშობლებს ეკუთვნოდა…
მავთულით ჩაკეტილი კარი შევაღეთ და შევედით. ორიოდე ხის სახლი, ხისავე სათავსო, რომელსაც ნორვეგიელები სტაბიურს ეძახიან, კოხტად გაკრეჭილი ბალახი და საკუთარი ხალხისგან შეჩვენებული ჩემი საყვარელი მწერლის ნატურალური ზომის ძეგლი, რომელიც მომეწონა, რადგან ჰამსუნი ჯიუტად და ამპარტავნად გამოიყურებოდა. მგონი, სწორედ ეს თვისებები გახდა მისი ტრაგიკული ბედის განმსაზღვრელი, როდესაც ღრმად მოხუცებულმა მწერალმა საკუთარი რეპუტაცია გერმანელ ნაცისტებთან კოლაბორაციონიზმით შებღალა.
თანამედროვე ნორვეგიელი მწერლის სობი კრისტენსენის უზარმაზარი რომანი —ოჯახური საგა „ნახევარძმა“ იწყება 1945 წლის 8 მაისს, როცა დანარჩენ მსოფლიოსთან ერთად ქალაქი ოსლოც ზეიმობს დიდი ომის დამთავრებას. ოჯახის ბებია საიდანღაც აძრობს ამ დღისთვის დამალულ ესპანური ღვინის ბოთლს, წრუპავს და ღუმელში ჰამსუნის ტომებს წვავს, იმიტომ, რომ მწერალი ნაძირალა იყო.
რომანის შუაში იმ ქალის შვილთაშვილი 1966 წელს ოსლოში ჰამსუნის „შიმშლის“ მიხედვით შვედურ-ნორვეგიული ფილმის გადაღებას შეესწრება, მეგობრებთან ერთად მასობრივ სცენაში ითამაშებს, მთავარი როლის შემსრულებელს პერ ოსკარსონს გამოელაპარაკება და კინოთი და ლიტერატურით მოიწამლება (სხვათა შორის, ეს ფილმი ლიტერატურული ნაწარმოების ერთ-ერთი საუკეთესო ეკრანიზაციაა, რაც კი მინახავს).
მოგვიანებით იმავე ბიჭს ბებია (დიდი ბებია კარგა ხნის გარდაცვლილია) ჰამსუნის მრავალტომეულის ახალ გამოცემას ჩუქნის. თითქოს აღმდგარია რაღაცა, თითქოს მოხდა შერიგება მწერალთან, თითქოს მას დანაშაული ეპატია, მაგრამ ბებია შვილიშვილს საჩუქარს ამ სიტყვებით გადასცემს: „თურმე ნაძირალებიც წერენ კარგ წიგნებს…“
ვფიქრობ, რომ კრისტენსენის რომანში ჰამსუნის ხაზი ტყუილად არ მოხვედრილა. მგონია, რომ მას და სხვა ნორვეგიელ ლიტერატორებსაც აწუხებთ ის, თუ რად იქცა სიცოცხლის ბოლოს მათი ქვეყნის ყველაზე დიადი მწერალი, რომლის ხსოვნას თითქმის ვერსად შეხვდებით ნორვეგიაში, ოსლოშიც კი მისი სახელი მხოლოდ ერთ პატარა ჩიხს ჰქვია.
ჩიხი კი არსად გადის — ყრუ კედელს ებჯინება.
მწერლის ძეგლთან მივედი და „პანის“ პირველი აბზაცი წავუჩურჩულე, უფრო კი წავუბურტყუნე ისე, როგორც მახსოვდა, ალბათ შეცდომებით. არ მომეწონა, რადგან რაღაცნაირად ხელოვნურად გამომივიდა.
მანქანაში ჩავსხედით და გზა გავაგრძელეთ.
წამოსვლამდე თბილისში მრავალი წლის მერე კიდევ ერთხელ გადავიკითხე „მისტერიები“, ამასობაში კი ჩემს 17 წლის შვილს, ზალიკოს, „შიმშილის“ ქართული თარგმანი წავაკითხე. რომ დაამთავრა, რას ფიქრობ-მეთქი? — ვკითხე. მოდი, იმას გეტყვი, რა ასოციაცია დამიტოვაო… და მომიყვა, რომ ხედავდა მბჟუტავ ლამპიონებს, რომელთა გარდა ყველაფერი ლურჯი იყო და ამ სილურჯეს უწყვეტ თეთრ ზიგზაგად მიჰყვებოდა სამუდამოდ წასული ქალის, ხელიდან განზრახ გაშვებული ბედნიერების კვალი.
იმ ქალს ილიალი ერქვა. ეს არასოდეს დამვიწყებია. ილიალი, ილიალი… ოდესღაც ხომ ჩემს ცხოვრებაში იდუმალი ჩრდილოეთი სწორედ ჰამსუნით და ამ უცხო ქალს სახელით შემოვიდა.
უკვე მერე ბერგენში გავიცანი ერთი სიმპათიური კაცი, რომლის უდიერი იერი და საკუთარი ხელით გაკორტნილი თმა მასში უდავოდ ავლენდა ინტელექტუალს. სწორედ მან მითხრა, უცნაურია, რომ ჰამსუნმა მოდერნიზმით დაიწყო და რომანტიზმში გადაიჭრა, ჩვეულებრივ პირიქით ხდებაო. ალბათ, მართალი იყო, მაგრამ ეს რომანტიზმი რომ არა, არ იქნებოდა „მისტერიები“ და მსოფლიო ლიტერატურის ყველაზე შეყვარებული, უფრო კი, სიყვარულის ყველაზე თავგანწირულად მაძიებელი კაცი, ვინმე ნაგელი…
აბა, მე რა უნდა დავწერო ამ ყვითელპიჯაკიან და ვიოლინოიან მიწის მზომელზე, რომელიც საკუთარ თავს უგზავნიდა დეპეშებს და რომელსაც ერთხელ პირბადიანმა ქალმაც კი ჩააკითხა. ვიტყვი ერთს, რომ „მისტერიების“ ყოველ გვერდზე, აქეთ-იქით ემოციური ხეთქებების, ყრუთათვის განკუთვნილი მონოლოგების, ბრმათა დასანახად ჩადენილი საქციელების, სიყვარულის და უიმედობის მიღმა, მუდამ ჩანს ავტორი, რომელიც კარგი ადამიანია.
ოღონდ „შიმშილს“, „პანს“, „მისტერიებს“ და მათი ავტორის ადოლფ ჰიტლერთან დაძმობილებას შორის მთელი ნახევარი საუკუნეა…
ეს პატარა თავი ნორვეგიული შთაბეჭდილებების წიგნში ჩავწერე, წიგნში, რომლსაც როდესმე აუცილებლად გამოვაქვეყნებ და რომლის დამთავრებასაც არ ვჩქარობ, რადგან იმედი მაქვს, კიდევ ერთხელ მაინც მოვხვდე ამ უცხო სილამაზის ქვეყანაში, რომელიც ძალიან ხშირად მესიზმრება.
წელს შემოდგომაზე კი ფრანკფუტში, სადაც ნორვეული ლიტერატურა იყო ფოკუსში, ჰამსუნზეც გაიმართა საუბარი. საინტერესოა, რომ ჰამსუნი მეორე კლასიკოსთან — ტირეი ვესოსთან ერთად წარადგინეს. პანელ დისკუსიას ასეც ერქვა: ჰამსუნი და ვესოსი — ნორვეგიელი კლასიკოსები. წარმდგენებს, ნორვეგიელ კრიტიკოს ტორე რემს და მის გერმანელ მთარგმნელს წინ ორი წიგნი ედოთ. ტორე რემის ახლადგამოცემული კვლევა ჰამსუნის ადოლფ ჰიტლერთან სტუმრობის შესახებ და ტირეი ვესოსის გერმანულად ნათარგმნი „ყინულის სასახლე.“
ვესოსი ის კაცია, რომელმაც ნორვეგიელების გულებში შერისხული ჰამსუნის ადგილი დაიკავა, რომელიც უყვართ, რომელიც აუცილებელ საკითხავად ითვლება. ტორე რემმა თქვა, რომ ვესოსი სავალდებულო ვაქცინაციასავითაა და ხუმრობით ისიც დაამატა, რომ მწერალი ნაადრევმა სიკვდილმა გადაარჩინა ნობელის პრემიას, რომლის კანდიდატიც რამდენჯერმე იყო და ღრმა მოხუცებულობამდე რომ მიეღწია, ალბათ მოუწევდა რიგი.
ოღონდ ნორვეგიის გარეთ ჰამსუნი ყველგან ახსოვთ, 50-60-იან წლებში მთელ ევროპაში ძალზე პოპულარული ვესოსი კი – თითქმის აღარსად.
მაინც რა აქვს ამ ორ მწერალს საერთო? – იკითხა მთარგმნელმა და პასუხად კრიტიკოსმა მხრები აიჩეჩა, ფიქრის შემდეგ კი თქვა, რომ საერთო ალბათ ბუნების სიყვარული აქვთ…
ისე გამოვიდა, რომ დისკუსიის დროს მეტი ყურადღება მაინც ჰამსუნს დაეთმო, ოღონდ არა მის არაჩვეულებრივ წიგნებს, არამედ იმას, რის გამოც ასე ახსოვთ – ღრმა სიბერეში ჩადენილ უპატიებელ კოლაბორაციონიზმს და ადოლფ ჰიტლერთან დამეგობრებას, ნობელის მედლის გებელსისთვის ჩუქებას, გერმანული ხალხების ერთობის იდეას და ასე შემდეგ. მაინც რა ამოძრავებდა ჰამსუნს? – ჰკითხა წამყვანმა მკვლევარს, – ოპორტუნისტი იყო?
ამაზე ტორე რემმა მტკიცედ უპასუხა, რომ ჰამსუნს ყველაფერი შეიძლება დააბრალო, გარდა ოპორტუნიზმისა. 1945 წლის 7 მაისს ჰიტლერის ნეკროლოგის გამოქვეყნება ნამდვილად არ ჰგავს ოპორტუნისტის საქციელს.
ჰამსუნის შესახებ დისკუსიის ნაწილში ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო შეკითხვა იმის შესახებ, თუ როდის მოუტრიალდება გული ნორვეგიელ ხალხს თავისი ყველაზე დიდი მწერლისკენ. პასუხი ასეთი იყო: სელინისკენ ფრანგი ხალხი მას მერე მოტრიალდა, რაც საკუთარი კოლაბორაციონიზმი გაიაზრა. საინტერესოა, არა? პასუხი მე ასე გავიგე, რომ ნორვეგიაში ჯერ კიდევ არ მომხდარა ბევრი რამის გადაფასება, მაგალითად, არ გადაღებულა ლუი მალის „ლაკომბ ლუსიენის“ მსგავსი ფილმი ან არ დაწერილა წიგნები, რომელთა პერსონაჟებიც ნაცისტების სამსახურში ჩამდგარი ნორვეგიელები იქნებოდნენ. ეს სულ არ მიკვრის, რადგან ვიცი, რამდენად მტკივნეულია ერებისთვის, მეტად კი პატარა ერებისთვის, საკუთარი შეცოდებების აღიარება, წარსულის გადაფასება. გამახსენდა, რომ ჩემს საყვარელ ლიეტუვაში სულ რამდენიმე წლის წინ გამოვიდა პირველი წიგნი, რომელიც ჰოლოკოსტში ლიტველთა მონაწილეობას ასახავდა და რამხელა აღშფოთება და ვნებათა ღელვა მოჰყვა იმ რომანს.
მაგრამ მოდი, იმ მეორე, „დაჩაგრულ“ და ძალიან კარგ მეორე მწერალზე პირადად ჩემგან ვიტყვი ორიოდ სიტყვას, რადგან ამ კაცის ნაწერებს ვიცნობ, მიყვარს და ვაფასებ.
ვესოსი 1970 წელს გარდაიცვალა. ერთი წლით ადრე ნორვეგიის ტერიტორიულ წყლებში ნავთობი აღმოჩნდა და ამ ფაქტმა ჩრდილოეთის ქვეყანა უმდიდრეს სახელმწიფოდ აქცია. ვესოსი კი იმ ღატაკი და უკვე ნოსტალგიური ნორვეგიის მემატიანედ დარჩა. ეს არის საოცარი ავტორი, მიწის მარილი, ფერმერის შვილი, რომელმაც ფერმა მიატოვა და მთელი ცხოვრება ნანობდა თავის საქციელს. ვიღაცამ მითხრა, ნორვეგიულ ლიტერატურაში ბევრია „ნაციის შექმნაზეო“, ალბათ ამ კაცის – ვესოსის ნაწერებშიც ბევრია ამაზე, მაგრამ მთავარი სხვა რამ არის. მგონი, სხვადასხვა დროს ყველა ქვეყნის ლიტერატურას გაუვლია ეს პასტორალური მოტივი, რწმენა იმისა, რომ სიბრძნე, სიმართლე, სიალალე სოფლადაა, რომ ნამდვილი ნორვეგია, საქართველო, რუმინეთი თუ რომელიმე სხვა ქვეყანა სოფლად უნდა ეძებო, რომ პურის მწიფე თავთავები გადაწონის ბევრ სხვა რამეს. დღეს ევროპასა და მის შემოგარენში ასეთი ლიტერატურა თითქმის აღარ არსებობს, მოკლე დროში შეიცვალა სამყაროც, ადამიანიც და ლიტერატურაც. აღარ არიან ვესოსის მსგავსი მწერლები, რომლებიც თუნდაც გულუბრყვილობის ხარჯზე გაბედავენ, სწამდეთ ადამიანის და მისი სიდიადის.
მაგრამ ვესოსი მხოლოდ ერთი შეხედვით არის „ნაივური“. მისი თითქოს მარტივი ტექსტები ღრმად ფსიქოლოგიურია. მათში მარტივი მხოლოდ წინადადებების წყობაა. რადგან მწერალი ბევრს წერდა ბუნებაზე და თავად იყო ბუნების შვილი, ის თითქოს ჯდება ნორვეგიულ სტერეოტიპში, მაგრამ სკანდინავიის ულამაზესი ლანდშაფტები მხოლოდ ფონია ამ კაცის ადამიანური სინაზით და სიღრმით სავსე ნაწარმოებებისა და გასაოცარია, რომ ამ სიღრმეს ავტორი თითქოს სიღრმეში წასვლის გარეშე, ერთი შეხედვით სრულიად უმნიშვნელო დეტალების აღწერით აღწევს. ვესოსი ნამდვილი ოსტატია.
ისე მოხდა, რომ პირველი მისი წიგნი, რომელიც წავიკითხე, სწორედ „ყინულის სასახლე“ იყო, რომლის ახალ თარგმანსაც ფრანკფურტში წარადგენდნენ. ეს მოკლე რომანი მისი უკანასკნელი ნამუშევარია. „ყინულის სასახლე“ არის უკვე მოხუცი კაცის დაწერილი წიგნი ორ პატარა გოგოზე, ზღვარზე დაწერილი მოჭიმული ნაწარმოები, საიდუმლო, რომელსაც არასოდეს აეხდება ფარდა, სიკვდილი, რომელიც გაუფრთხილებლად, ყოველგვარი ლოგიკის გარეშე მოდის. მისი სიმბოლო კი უზარმაზარი ყინულის სასახლე, ყინულის ლაბირინთია, რომელშიც ორი გოგოდან ერთ-ერთი იკარგება და თავს ვერ აღწევს. ეს მზაობის წიგნია. ამ წიგნში არის თვითმკვლელობისთვის მზაობაც და თავგანწირვაც. კრიჭაშეკრული ჩრდილოელი მამაკაცები, რომლებიც ყინულეთში დაეძებენ დაკარგულ გოგონას, ძებნა კი ამაოა, თვითონაც ესმით, მაგრამ აგრძელებენ, ვერ ეშვებიან, რადგან ეს სწორედ ამ ამაო ძებნაში გატარებული ერთადერთი ყინვიანი ღამე ანიჭებთ მათ და მათ არსებობას მნიშვნელობას, იქნებ ეს მარცხი მათი ცხოვრების მთავარი ამბავიც არის…
ასეთი რამე მეც განმიცდია.
და კიდევ მეორე გადარჩენილი გოგონას მზაობა – მოკვდეს, საკუთარი თავი ნებაყოფლობით ჩაკეტოს ყინულის სასახლეში, რომელსაც მეგობრის დაკარგვის შემდეგ მის სულში დაუსადგურებია.
ოღონდ ეს მაინც ოპტიმისტური წიგნია. ყინულეთიდან თავის დაღწევის, სიცოცხლისკენ მობრუნების წიგნი. მე სულ ვფიქრობდი, რომ მშობლიური ბუნება დაღს არა მარტო ადამიანებს, წიგნებსაც ასვამს. ნორვეგიული ლიტერატურის და ტირეი ვესოსის შემთხვევაში ნამდვილად მართალი ვარ. გაზაფხული მოდის და ყინულეთის ლაბირინთის ქვეშ უკვე ბუყბუყებს წყალი, ბუნებას საკუთარი კანონები აქვს, ზამთარს გაზაფხული მოსდევს, მდინარეები და ჩანჩქერები ყინულისგან თავისუფლდება, ყინულის სასახლე სულ მალე დაინგრევა, მას და მის საიდუმლოს კი ჯიუტად დასტრიალებს თავზე შავი ფრინველი, რომელიც მე ვესოსის სხვა მოთხრობაშიც შემხვდა და იქაც სიკვდილის სიმბოლო იყო…
ვესოსის სხვა რომანში, რომელსაც „ჩიტები“ ჰქვია, სოფლის განაპირა პატარა ქოხს დაღამებისას მოტიხტიხე ტყის ქათამი დასტრიალებს და სახლის მაცხოვრებელს გულს უხარებს. მეტიც, გონებასუსტი მატისის ცხოვრებაში ტყის ქათმის გამოჩენა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამბავია, მხოლოდ მისთვის გასაგები სიხარული, რომელსაც ვერავის უზიარებს, საკუთარ დასაც კი. რადგან მატისის მეტი ვერავინ ხვდება, რატომ არის მისი ქოხის თავზე ტყის ქათმის ტიხტიხი ასე მნიშვნელოვანი, რატომ არის ეს ბედნიერება და კიდევ ნიშანი, რომელიც მატისს ვერ ამოუხსნია.
ეს ნიშნების წიგნია. ფრინველი ადამიანს ნიშნებს უტოვებს სილაზე. წერა-კითხვის უცოდინარი მატისი ერთადერთია, ვისაც სველ მიწაზე ტყის ქათმის ნისკარტით დატოვებული წერილების წაკითხვა შეუძლია, ერთადერთია, ვინც მის გამოჩენას ელოდება და შეჰხარის, ერთადერთი, ვინც მას, მონადირის ხელით მოკლულს, უცრემლოდ დაიტირებს და მიწას მიაბარებს…
მას სხვისი თვალისთვის დამალულის დანახვა შეუძლია. ყველა ხვდება, რომ მატისი არ არის ჩვეულებრივი, უცნაურია, უქნარაა, სულაც გიჟია, მაგრამ როდესაც მის ცხოვრებაში უეცრად შემოჭრილ ბიკინებიან გოგონებს მიმართავს, ისინი, გარუჯულები და უდარდელები, კისკისს წყვეტენ, ირინდებიან, ყურს უგდებენ მის ხმას, რომელიც უჩვეულო სინაზით კიდევ და კიდევ წარმოთქვამს მათ სახელებს. მატისს მეტი არც არაფერი შეუძლია, მხოლოდ ამ ორი სახელის წარმოთქმა, მაგრამ გოგონები ხვდებიან, გრძნობენ, რომ შეიძლება მთელმა ცხოვრებამ ისე განვლოს, რომ სხვა ვერც ერთი მამაკაცის ხმაში ვერ გაიგონონ მსგავსი სინაზე.
სულ რამდენიმე დიდი ეპიზოდისგან შემდგარი „ჩიტები“ არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი წიგნი, რაც უკანასკნელი წლების მანძილზე წავიკითხე: სოფლის განაპირას მცხოვრები გაუთხოვარი ქალი და მასზე ჩამოკიდებული გონებასუსტი ძმა, რომელსაც ყველაზე მეტად დის გარეშე დარჩენის ეშინია, გარშემო კი უამრავი ამოუხსნელი ნიშანი: დის თმაში გამორეული ჭაღარა, მათ ეზოში ამოსული შხამიანი სოკოები, მათი სახლის წინ გამხმარი ორი დიდი ხე, რომლისთვისაც ხალხს და-ძმის სახელები: მატისი და ჰილდე შეურქმევიათ, ერთ დღეს ერთ-ერთ ხეს მეხი დაეცემა. მატისი ამაში სიკვდილის ნიშანს ხედავს და გამუდმებით ტანჯავს შეკითხვა: მისი თუ დის სახელობის ხეს დაეცა მეხი?
ამ წიგნზე მეტს არაფერს მოვყვები, ვესოსი კი ნამდვილად წასაკითხი ავტორია, რომელიც ჰამსუნის მსგავსად არავის სხვას არ ჰგავს და ორივენი ძალიან ჰგვანან საკუთარ ქვეყანას.