პირველი თავი ხელმისაწვდომია ბმულზე: http://bit.ly/2SWRbIT
2.
ეხლა, ვინ იყო ეს ადიკი:
რაც რამ რომ მეორე მსოფლიო ომამდი საბჭოთა კავშირში საუკეთესო განათლება არსებობდა, პალკოვნიკი იმით გაენათლებინათ. იგი ბავშვობიდანვე პირდაპირ კრემლში ზრდილიყო, სანამ აშენდებოდა სახლი სერაფიმოვიჩის ნუმერ ორად ჩაწერილი და სახელდებული სახელგანთქმულ სანაპიროს სახლად, სადაც მერე გადაბარგდა წარმომავლობის წყალობით.
სახლი ესე, იშვიათი შენებისა და არსისა, პირველი და გამაოგნებელი სტალინური საცხოვრისი იმთავითვე წარმოჩნდა, როგორც უპირველესი საბჭოთა ფუფუნების გამომხატველი და ზედ მალევე დაედო ტვიფარი პირქუშობისა. იგი იყო საბჭოთა თავად-აზნაურობის უფროს-უმცროსობის ყველაზე ცხადი სურათი: ბინები და მხარენი სახლისა იყო სხვადასხვა თანრიგისა და იმათგან საუკეთესოს წარმოადგენდა ავეჯითვე გაწყობილი და შინამოსამსახურით და ცხელი წყლით წინდახედულად დასაჩუქრებული ნათელი ოთახები. ამ სახლში ებოძათ ბინები უმაღლეს ხელისუფალთ, გამორჩეულზე გამორჩეულ მეცნიერთ, მფრინავთ, დიად მუშათ და სწორუპოვარ ხელოვანთ. მნიშვნელოვანი ბინები იმთავითვე შელამაზებული იყო ფარული მოსასმენებით, ხოლო ის მოხელენი შინასახკომის თანამშრომელნი იყვნენ, სერჟანტისა, ან ასეთი წოდებისა და ენას მიასარსალებდნენ ყოველკვირეული სარსალით. ტელეფონები მუდმივ სმენადობისთვის გაეწირათ, ხოლო დიდებულ სადარბაზოებში მსხდომი კონსიერჟები ყველა შემსვლელ-გამომსვლელის გვარს იწერდნენ მათივე საბუთებიდან.
სახლს გამოადგა ბედი იმგვარი, რომ ბინები წარმარა გამოთავისუფლდებოდა ხოლმე: რახან ფართი სახელმწიფო იყო და არა საჩუქარი, თუკი ვინმეს გამოისროდნენ ამ სამოთხეულიდან, ბინასაც გამოკეტავდნენ სამომავლო სახელმოხვეჭილის შერჩევამდე.
ასრეთ გამოისროლეს განთქმული მაღაროელი სტახანოვი, ვინაც დონბასში თითქოსდა იმდენი გამოანგრია, რომ პირდაპირ ამ სანაპიროს სახლში დააბინავეს და აღბეჭდეს სახეხატება და ბედნიერება მისი კინოხრონიკაზედ, თუმცა კაცი იგი შეიქნა უსაქმური, გატყდა და მიეძალა კართოფილის ღვინოს და დეემცრო ვითარცა სურათი სახალხო აღტყინებისა და ამ მაღლა სახლში ვერ გაატანა: კვლავაც დონბასში დეეშალა ტანჯული ღვიძლი.
ესეც არ იყოს და ბინადართ მალიმალ წააჩიქჩიქებდნენ ხოლმე ციმბირებში დასაკარგავად ან სულაც მათი დანახვრეტი ნაშთის კამუნარკას პოლიღონსა შინა მიწაში ჩასაგდებად, რაიც ფართის მუდმივ არსებობას უფრო მეტად წაუკრავდა ხელსა, ვინემ ვინმეს გათრიაქება.
რა გასაკვირია, რომ ადიკს აქ ეცხოვრა?
იგი გახლდა ვაჟი რევოლუციის სამთაგან ერთი ტვინის, ადრევე თავისით გარდაცვლილი იაკობ სვერდლოვისა.
შთამომავალი იგი, სახელით ანდრია, კრემლის შინაურობაში ადიკად ხმობილიყო და მეთაურთა შვილთა განსაკუთრებულ საუფლისწულოში იმთავითვე განეთქვა სახელი ენის ჭარტალით და ხიფათიანი აზრების გამოთქმით.
სახელი მამამისისა იყო დიდი, ის წარმოდგებოდა რევოლუციისა მკვდართა შორის ლენინის მომდევნოთ, ანუ მეორეადგილოსნად. განედიდებინათ და გამოეცხადებინათ უკვდავად, ოღონდ მკვდარი და სინამდვილეში კი დავიწყებული და არცა ლენინივით შეურყეველი, რადგან ლენინის ნათესაობა არ დაუხოცნიათ, ამა სვერდლოვის ძმა ბენიამინი კი, დრო მოხდა და მიახვრიტეს, სულ არაფრისთვის, გვარით კი ბძანდებოდა სვერდლოვიანთი, მაგრამ ტროცკისტის გული ჰქონოდაო, ხოლო მომეტებულ რევოლუციურ ხმაურისთვის კი ტყვია ეკრა მისივ დის შვილს მწერალთმმუსვრელ, თავად ტყუილ მწერალ ავერბახს და დაი ამისი, პრაკურორი ქალი იდა, ისაც ავერბახი, თანამეცხედრე ოგეპეუ-შინსახკომელთა მეთაურ იაგოდასი, რომელიც ასევე მიახვრიტეს, შემდგომად იმისა, თვითონ რომ ყოველნი მიახვრეტინეს, სწორედ იმ ჩქარსახვრეტ, ძველი კბილების დაძრობის ჟამს და იქამდე კი ერთხანს მოესწრო და ვიდოდა ეს იაგოდა ზეიმთა შინა მოოქროვილი დაშნით, ვითარცა ყოფილიყვეს მარშალი ნაპოლეონისა მიურა ჟოაშენ.
ჰოდა, ჭაბუკი იგი ადიკიც, იმ თავის ნათესაობის დახვრეტამდის და მერეც ბარე ორჯერ დაიჭირეს სწორედ რომ მეგობართა წრეში ამხ. სტალინის გინებისთვის, რასა შვრებაო და ასე, უნდა მოვაკვდინოთ როგორმეო და მეგობართა შორის კი, ხომ ცნობილ არს მოძულენი მოიძებნებიან ხოლმე. ორჯერვე იგი თურმე გამოაშვებინა დედის ცრემლმა: სვერდლოვიანთ ქვრივს ამხ. სტალინმა ეს ფეშქაში მიუბოძა, ოღონდ ცოტა თავისებურათაო.
თქმულება თხრობს, რომ ამხ. სტალინს კეთილმეფური აზრი წარმოუჩენია: თუ არ მოგწონს და აბა, შენ თვითონ მოდი, ჩემო ადიკ, დაეხმარე სამშობლოს, შენი ნასწავლობის და ჭკუის ახალგაზრდობა რომ არ აუბზუებს ცხვირს შინსახკომს, უწყებაც მოიკეთებს და მოლამაზდებაო. ესე ვითომდა პირადი საუბრისას ეთქვა აცვენილ ბიჭისთვის, ვითარცა თავისი არა მხოლოდ უფროსი თანამებრძოლის, არამედ მეფისდრონდელ გადასახლების თანამოსახლის, ლუკმის გამყოფის ვაჟისთვის. იმ გადასახლებაში ხანდახან კი აიგდებდა ხოლმე მამამისსა და სუფის ჯამში ჩაუფურთხებდა, მხოლოდ ხუმრობით და მისი შაჭამადის დაუფლებით, რახან იაკობ ზიზღიანი იყო და ოხუნჯობის ხარისხიერებასაც უწუნებდა უმცროს მეგობარს, მაგრამ იმას ამ კვანტზე გამოჭერილი ჰყოლოდა და სიცილითა კვდებოდა, დახე-დახეო.
და იგი, ორგზის დანაჭერი ადიკი, მოახვედრეს შინსახკომის გულისგულში, საცა შეიქნა გამომძიებელი სახელმწიფო მტერთა საქმეებისა და იმგვარი ფრიადოსანი, რომ ხმადაბლად მოისმოდა ეს ვინა ყოფილაო, რადგან ამ ლუბიანის დიდ სახლში ცემა და ტანჯვა ტუსაღისა ვის გააოცებდა და თვით ძეი სვერლოვისა ირტყმეინებაო, სცემსა და სცემს, იმგვარად, რომ თვითონ დაემტვრევა თითებიო.
ასე მოუხდა, რომ უმეტეს თავის ნაკრემლარ ამხანაგებს და იმათ დედ-მამა ნათესაობას ურტყამდა. რო შეიყვანდენ დაბორკილს, მსხვერპლი იგი განიხარებდა, ჩვენი ადიკი ყოფილა, რა კარგად შემახვედრესო და ეს კი გამარჯობის მაგიერ სთხლეშამდა მწარე ინტელექტუალურ მუშტსა.
ამგვარი იყო პირველი გასავლელ-გასათხვრელი ნაბიჯი და მერე ჭკუისა და ნასწავლობის წყალობით მოახვედრეს ადგილსა მას ჯადოძალიან სიტყვით წოდებულსა, კონტრრაზვეტკად, რაიცა არს ხელობაი იდუმალი და იყო იქავე, ოღონდ, ავად შეიქნებოდა ხოლმე, უმეტეს, ჯავრისგან, გარდატანილ და გარდასატან საქმეთა ტვირთგან და ერთი დღეც მოვიდა, ამდენ ომსა და საქმე გამოვლილზე და ისევ თავისსავე უწყების სარდაფში ჩააყურყუმალავეს, ვითარცა ეჭვმიტანილი და სიონის საქმეთა მხლართავი, რაიც იყო ტყუილი, მაგრამ თავისიანის ჩაყურყუმალავება და ჩატანჯვა იყო ძველი და მრავლგზის მხერხავი ხერხი უწყებისა, რომელსაც ძველთაგან ეწოდების მსახვრალი მახვილი რევოლუციისა და ჯდა ესეც დილეგსა და არცა რამეს გამოელოდა იმედის სხივსა და არცა ამხ. სტალინის დაცვის საკითხზე ჯავრობდა, არამედ ნელად ავად მყოფობდა და ხედავდა უკუნს ცხადად, რადგან ყოველივე იცოდა, რაიც წესი იყო იმ სახლსა, უძიროსი და საქვესკნელოისა.
ორი ტუსაღი ესე, ორს სხვადასხვა საპყრობილეს მყოფი იყო განსაკუთრებული და ეს უმცროსი ამათგანი კი უხილავიც და იდუმალიც, რაიც ცოცხალ კაცთაგან ერთმა იცოდა თავის ფიქრში, ხოლო მეორე კი ცდილობდა გამოდევნებოდა ამ ფიქრებს და ამოეცნო, რათა ეხსნა თავი თვისი და ხელობა და სამკვიდრო თვისი. ხოლო ღენერალ ვლასიკის ტუსაღობა იცოდა ბევრმა, შინაურმა და უცხომ, ახლობელმა და შორებელმა და იმათ შორის კიდევ მწერალმა ამბებისა შორეულ ამერიკის გაზეთ ახალი იორკის დროებათათვის სახელით ჰარისონ, გვარით კი სოლსბერი, რომელსა ეწოდებოდის კორესპოდენტი.
ჟამსა მას მოდევნებულს გერმანელთა ძლევის ზეიმისასა, ამხ. სტალინმა გადასწყვიტა, დაე დადგნენ მოსკოვსა ქალაქსა შინა უცხოელი მოკალმენი და სწერონო, ჩვენივ ნებართვით და თვალყურის გდებით მოიარონ ქვეყანა ჩვენი და რაც უნდათ ისა ჰკითხონ გამარჯვებულ საბჭოთა ხალხს, ჩვენი ხალხის იმედი მე მაქვსო. განა ამხ. სტალინს ეგ შეეშლებოდა, რომ ვინმეს იმედი არა ჰქონოდა? ამიტომაც, როს კორესპოდენტობია გახურდა, ამ უცხოელ მოკალმეთ დია კარქათ ადევნებდენ თვალსა და იმათ ყოველთვის თან სდევდა ჩუმჩუმელა მზირები შინსახკომისა. ზოგჯერ კი, გამოსაჩენადაც დაეხატებოდენ წინაშე, აბა, დასვით საჭირო კითხვები, პასუხები ჩვენც გვაინტერესებსო.
კორესპოდენტი სოლსბერი უფრო მაღალთ საქმეთა მკვლევი იყო და ვლასიკის ტანჯვა ლეფორტის ადგილში არც უკვირდა და არცა კიდევ უღიტინებდა თითებზე, რათა იმ თავის საბეჭდ მანქანაზე აღებეჭდა რაიმე ამ ტუსაღობისა. სანაცვლოდ, იმას ქონოდა სულ სხვა სამწერლობო ფიქრი და მიტომაც, ადრიან დილითვე, ხუთი წლის სარედაქციო შევროლეს მიაგლისერებდა მოსკოვის თოვლებში პირდაპირ გამზირისაკენ მარქსისა, საცა წამომართულა ოდინდელი განთქმული სასტუმრო მეტრაპოლი, ნაშენები უოლკოტისა, სახელდაგდებული ბოლო რუსთ ხელმწიფის ზეობიდან და თვით ლენინის, მერე კი ამხ. სტალინის პირველ დროების ხნიდანვეც შიგ ჯერ სადედაქალაქოდ პეტროღრადიდამ დაძრულ დიდმოხელთა, ხოლო თანდათან საპატიო, სახელგანთქმულ წითელთა, თუ საზოგადოდ უცხოელთა მოთავსებით და შემინულჭერიანი რესტორანით, რომლის შუაგულშიაც ამოჩუჩუხებს შადრევანი ტბილად ხმოვანი, თუმცა, მაინც ცნობილი იმითაც, რომ საბჭოთა ხელისუფლებას უკვე რაოდენ წელიწადს შეეძლო იმ საღიაბარათე ხედიან ნუმრებში სასმენელი მოწყობილობების სამუდამოდ შთაკირვა კედელთა შორის და მეტროპოლშივე კი ცალკე მოზდილი ოთახები გამოეყო იქ ნალაპარაკევთა სმენის სახარისხოდ და საწესრიგოდაც.
ესე ყოველი მოეხსენებოდა ამერიკელ მოკალმეს ჰარისონ სოლსბერისაც, წამოწყებულ საქმისათვის მას უცხოელის ოთახი არა სჭირდებოდა: უმეტესი წილი საქმისა მარიფათს და სისწრაფეს უნდა დაეჭირა, ოღონდაც, იღბალს თუ არ ეფხიზლა, არ იქნებოდა.
ამბავი იგი კი წამოეწყო სოლსბერის მისთვის, რომ იცოდა: მეტროპოლში მდგარიყო. განთქმული ინდოელი მოღვაწე, თანამესამე ჯავაჰარლარ ნერუსი და აბდულ ქალამ აზადისა, მბრძოლი ინდოთა თავისუფლებისთვის, ფანჯაბელი გმირი, ვექილი და თანდათან კომუნისტიც, საფუდდინ ქიჩლუ.
განთქმული ქიჩლუ, ვითარცა კაცი ფიქრიანი, ინდოთა ფერადოვან და უკიდეგანო სამყაროს მცოდნი და ახალგაზრდა სამშობლო-რესპუბლიკის მოწყობისთვის მეცადინე, წინა დღეებში ექვს საათს მჯდარიყო ამხ. სტალინის აგარაკზე და ფიზკულტურელთა, მწერალთა, მწონავთა, მფრინავთა და სხვათა ხელობიანთა საუკეთესო მეგობართან ესაუბრა მიმდინარე ვითარების ცხოველ საკითხთა თაობაზე.
ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენაზე ვითომ შემთხვევით შეხვედრილ სანდო კაცს ინდოეთის საელჩოდამ ჩაეკაკლა სოლსბერსითვის, რომეო ამნაირი სახემოქცეული და განზე მაყურებელი ბატონი ქიჩლუ იმ საუბრამდე არავის ენახაო და გაენდო ერთადერთი წინადადებაც, ქიჩლუს რომ დაეგდო ზოგად საუბარში: ეგრე სთქვა, ბრიტანია, სამყაროს ბოროტების წყარო, აღარ იარსებებსო.
ინდოთ გახარებოდათ.
მოკალმე სოლსბერიმ სხვაც ბევრი ათასი იცოდა და მტკიცედ გარდაეწყვიტა, ჟურნალისტურად მოენადირებინა ქიჩლუ იგი სახელოვანი, ოღონდაც ნამდვილ შემტევი და პირდაპირი ილეთებით და არა საელჩოში რეკვით და ათი წუთის დათმობის ღრიტინით, რაიც შედეგს არაფერს მოსცემდა.