კონდრატე, ანუ ჯაშუშობა ბოლო ჟამისა. შაურიანი ვითომ ისტორიული წიგნაკი (მესამე თავი)

აკა მორჩილაძე

მოგეხსენებათ, რომ ვითომ ისტორიული წიგნაკები იმგვარი წიგნაკებია, რომელთა ფურცლებზე მოთხრობილი ამბების უმეტესობა მართალია, უმცირესობა კი მოგონილი, თუმცა იმგვარი ეშმაკობით, რომ წამკითხველს კაუჭს მოსდებს და დააჯერებს, ნამდვილი ამბავიც ესა ყოფილაო.

 

                                                                                                                                                                                                                                                                              მე მომწონს ბებერი ჯო სტალინი. კარგი ბიჭია,

                                                                                                                                                                                                                                                                               ოღონდ, პოლიტბიუროს ტყვეობაშია. რაღაც

                                                                                                                                                                                                                                                                              შეთანხმებებზე წამოვიდოდა, მაგრამ ეგენი არ

                                                                                                                                                                                                                                                                              ანებებენ.

 

                                                                                                                                          ჰარი ტურმენი, ამერიკის პრეზიდენტი

 

3.

ფიე!.. როგორც დასწერდა ქართველი კლასიკოსი, განა მხოლოდ სოლსბერის გულისთქმას წაჰყვება ანბავი ჩვენი, თუნდა, ამ ამერიკელმა მოინადიროს დიდი ჰინდუ კაცი ქიჩლუ? ჩვენდა, რა?

რა თქმა უნდა, კვლავაც ერთი ქართული კლასიკური თარგმანება შექსპირისა რომ მოვიხმოთ: არარაისგან არ იქმნების არცარაიცა.

არა, ადრიან დილიდანვე.

აქ-კი უნდა განვიხილოთ შენობა ერთი და დავიწყოთ ასე, რომ იქანა, მოსკოვის სენტის სასახლეში, რომელიც ოდესღაც აშენდა რუსთა იმპერიაში, თითქო სენატს რაიმე განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონოდა ამ ქვეყანისათვის, აწცა ამხ. სტალინის დროსა, განთავსებულიყო სოვმინი, საბჭოელ მინისტრთა მართვის შენობა.

კი, შენობა მართლაც ყოფილიყო გამორჩეული იმით, რომ იქ საკმაო წელიწადს არათუ მხოლოდ ეცხოვრა თვით ამხ. სტალინს პირველ სართულზე, საცა თავის უფროს ვაჟს იაკობს პაპიროსის წევისა და გამო სცემდა, თუმც კი თვითონ უწყვეტად აპლაკუნებდა ჩიბუხს და იმ იაკობმა კი მერე თავის მოკლვა გადაწყვიტა ოჯახის წევრთა შუა, სახალხოთ, არამედ იმითაც, რომ იქ მოეწყოთ ამხ. სტალინის სამუშაო კაბინეტიც ზემო სართულზე და მოგვიანებით კაბინეტებიც მის მოადგილეთა.

საქმე კეთდებოდა და მერე რა, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ და განსაკუთრებით ბოლო წელიწადებში ამხ. სტალინი სრულიად აღარ მოდიოდა იქა და იქაურობის სახელმწიფოს უმთავრეს მეხანიკურობაში უფრო დანდობოდა სენატის ძველ შენობაში მომუშავე ადამიანთა საქმისტრიალობას გარკვეულ წერტილამდი, კერძოდ კი, ორისა: ამხ. გიორგი მალენკოვის, რომელიც განაგებდა პარტიულ კადრებს და სხვადასხვა რასმეს ათასს, ქვეყნისთვის საჭიროს, და ამხ. ბერიას, იმჟამად მეთვალყურეს ემგებე-ემვედე-ნაროდნ კანტროლისა, რომელიც ადრიდანვე ეიმედებოდა, მაგრამ სიბერეში მისგან შეორგულების შემგრძნებსა გამო უკვე გამოეხერხებინა ამ მოღვაწისთვის მეგრელთა საქმე და მიენიშნებინა კიდეც თავის ძაღლთათვის, ეძიეთ მეგრელი დიადიო, ვინაც სხვა არა იყო ვინმე, ვიდრე თვით ბერია და ასე გამოდიოდა, რომ ფიზკულტურელთა საუკეთესო ამხანაგს ეს ამოტოლა ბერია ლაყუჩზედ ამოდებული ჰყვანდა, თუმცა კი, რახან თვითონ სახელმწიფო მუშაობა აღარ ძალუძდა საიდუმლოდ გადატანილ სისხლჩაქცევათა გამო, ეს ბერიაცა და იმის ოდნავ მომცრო მალენკოვიც მეტად ესაჭიროებოდა.

ასე სთქვი და მალენკოვი და ბერია იმხანად დიდ პოლიტიკურ ამხნაგობაში ყოფილიყვნენ. ასე მოეწყო განგებას და ბერია დამცირებით თუ ამხანაგურათ მალენკოვს ნამდვილ სახელს არასდროს ეძახდა: არც „გიორგის“ ათასფერადი ქართული შემოკლებებით უხმობდა და არაცა რუსულურად ჟორათი, არამედ ერთგვარად მოულოდნელ „ეგორს“ უწოდებდა.

თან კიდევ, ბერიას, ძველიმპერიული თქმით ინაროდეცს, თუ ტუზემეცს, ჰქონოდა ერთი ჩვევა, რომელიც დიად რუსულ ენისთვინ შურაცხმყოფელიც კი გამოდიოდა: იგი, ვითარცა ქართველი, რუსულად წერისას დიდ ასოებს არ მოიხმარდა. განა არ იცოდა, რომ რუსულ სუფთა წერაში სილამაზე სწორედ ეს დიდი ასოებია, ისევე, როგორც ლათინთა ენებში, მაგრამ არ მოიხმარდა და თურმე ამ ამხანაგად ნაგრძნობ მალენკოვს ასევე სწერდა პატარა ასოებით: „егор!“ იმ თავის მალენკოვსა და არა „Егор», როგორც მსოფლიო წესია. რახან ქართულ ანბანს დიდი ასოები და იმპერიული პატივდებები არა აქვს, მიტომაც ასე უფრო იოლად თუ მოსდოდა.

მაგრამ მთავარს საქმეს რომ მივუდგეთ, ეს მიწერ-მოწერებიც, საცა ეგორობააა დამოწმებული ამხ. სტალინის სიცოცხლეში პირადი ვერ იქნებოდა, არამედ მხოლოდ სასწრაფო და სამუშაო, მხოლოდ საქმიანი, რათგან ბელადს არასდროს მოსწონდა რომ იმის ხელქვეითნი სადმე ცალკე ჩამოსხდებოდნენ და გულისთქმა-შეხედულებას გაუზიარებდნენ ერთმანეთს.

ჰოდა, იმ დილას, როცა სოლსბერიმ თავის კარგ მანქანას გაზები მიუდო მოსკოვის თოვლიან ქუჩებში, ამხანაგ მალენკოვსა და ბერიას აუცილებლივ უნდა ელაპარაკათ ერთიმეორესთან.

ასეთი რამეები მოხერხდებოდა მხოლოდ ამხ. სტალინის გაღვიძებამდე, ანუ დროს თერთმეტ საათამდი და თან ან დერეფანში, ან კრემლის ეზოში და მხოლოდ გარკვეული მიზეზის საფარქვეშ. სხვანაირად ყოველი ლაპარაკი მოსასმენებით აღინუსხებოდა ემგებეს მიერ, რომელსაც კი ზედამხედველობდა ხსენებული ბერია, მაგრამ იგი ვერ გააჩერებდა თავისი საუბრების ჩანაწერის ფურცლების ამხ. სტალინისთვის მოხსენებას.

იმ დილით კი მალენკოვიანთ კაბინეტში, სენატის სახლსა შინა, იყო შეკრება რიგ მინისტრებისა და დარგების ხელმძღვანელებისა. წამოჭრილ საკითხთა შორის კი უმნიშვნელოვანესი ჩანდა გლიცერინის წარმოება და რახან მალენკოვი იყო ამხ. სტალინის მოადგილე და იმავდროულად ბერიაც იყო ამხ. სტალინის მოადგილე სწორედ სოვმინის დარგით, ისე მოკვარახჭინდა, რომ ადრიან დილიდან ამ მალენკოვის თათბირს დაესწრო მისი თანაფარდი ბერიაც და მთელ საათსა და ორმოც წუთს ისმენდა ამ საშინელ ციფრებს გლიცერინისა და სხვა საკითხებსა და სწორედ როცა აიშალა სხდომა, იმან და მალენკოვმა დერფანში გამოიარეს, ვითომდა ეზოში თანამგზავრულად გასასეირნებლადაც და სწორედ იქ შესდგა ხსენებული საუბარი ორთა შორის, რომელიც, თუკი ვინმეს ესმინა, მიხვდებოდა რომ სამყარო სდგას ერთდასამუდამო უბედურების წინაშე.

იქ არა თქმულა, მაგრამ არც ბერიას და არცა მალენკოვს ეს უბედურება სამყაროსთვინ არ ემეტებოდათ, ისევე, როგორც დედამიწის ყოველ მოქალაქეს გარდა ერთისა.

– არ გიძინია? – ჰკითხა სიარულში ბერიამ, – წამო გარეთ. გავიდეთ.

– ნუ დადიხარ ასე ჩქარა, ვერ გეწევი.

– ჩქარა უნდა… რაო, სთქვი, რას დასიებულხარ?

– გაჩერდი… მისმინე და არ გამაწყვეტინო. გუშინ, საღამოს, ხაზეინმა დამიძახა და… წავედი. ხელში ჟურნალები და წიგნები ეჭირა და პირდაპირ მეკითხება, რაზინი სად მუშაობს ახლაო?

რაზინი. ჰმ. ხაზეინი კი იმათ ენაზე ამხ. სტალინს ნიშნავდა.

– ვინ რაზინი. სტეფანე რაზინი? – ბერიამ მაინც გააწყვეტინა, რადგან წამიერად გაეხარდა, ამხ. სტალინი კეთილად ხომ არ გაგიჟებულაო, სტეფანე რაზინი ხომ რუსეთის დიდი აჯანყების მოთავე ყაძახი იყო ასეულ წელთა წინა. ეს კი არარუსულად მოუვიდა, რომ ნამდვილი რუსი არ იტყვის სტეფანე რაზინიო, არამედ შინაურულ-ჯიგრიანად, რუსულ სულის მდაბლიდან ამომავალ ტკვილით წარმოსთქვამს, სტენკა რაზინიო. რაც არ უნდა ცუდი ჩასდოს ამ და მისნაირ გვარ-სახელებში, მაინც ბევრგან ჩამწვდომ, იდუმალი გულისთქმით ამოუვა ხმად და ამით ფარულად ამოეთქმება სიყვარული სწორედ იმ დიად რუსული ჯანყისა, რომ იტყვიან უაზროსი და დაუნდობლისა, სინამდვილეში კი მაინც ყველაზე სამართლიანი რამისა, რუსთ მიწაზედ რომ იმთავითვე შობილა. ბერიას კი მხოლოდღა სიმღერა გაახსენდა შალიაპინი რომ აბუბუნებდა ოდესღაც:

 

მოუყვებიან ხუმალდნი ჭრელნი,

კუნძულს აქედან შემომალულზე,

კიჩოთა ბასრი ხმლით მოაპობენ,

მდინარეს ჩქართა წყალთა სწორეზე.

 

იმათში პირველს მეთაურობს სტენკა რაზინი,

თავადის ქალთან საქორწილოდ ჩახუტებული… და ა. შ., მალენკოვმა კი მიუგო:

– ხო. აბა, სწორედ სტენკა რაზინი.

– შტერი ვარ? –ჰკითხა გულწრფელად ბერიამ, – შენი იუმორი ეგრეც ვერ გამჟღავნდა.

– რა-ზი-ნი…

– და რაზინი ვინ ჯანდაბაა?

– ღმერთო ჩემო, – ამოთქვა მალენკოვმა, – როგორ არაფერი გახსოვს. პოლკოვნიკი რაზინი არის სამხედრო ისტორიკოსი და სტრატეგოსი… პოლკოვნიკმა რაზინმა ამ რამდენიმე წლის წინეთ წერილი მისწერა ამხანაგ სტალინს, სადაც რაღაც სამხედრო დოქტრინებს იცავდა. ამხანაგმა სტალინმა კი ის საჯაროდ გააკრიტიკა.

– ჰოოო… ეტყობა, მეძინა მაგ დროს. მერე?

– ჰოდა, ახლა მოიკითხა. სად მუშაობსო.

– და სად მუშაობს?

– დამცინი, ლავრენტი პავლოვიჩ? ყოფილი პოლკოვნიკი რაზინი სადღაც ალბათ მუშაობს, თუ ცოცხალია. ამხანაგ სტალინის მიერ მისი გაკრიტიკების შემდეგ შენ ის დაიჭირე.

ორივეს ამ დროს გზაში დააწიეს პალტოები, რადგან ამ ლაპარაკში ბერიამ შეუძახა ერთგულ აფიცერ სარქისოვს ქართული ომახიანობით:

– რაფო, მი პაგულიაემ, – მალენკოვს კი ჰკითხა:

–  ზუსტად იცი?

სანამ მალენკოვი მღელვარედ უქნევდა თავის გამაძღარ თავს, ბერია ჩაფიქრებული მოუბრუნდა სარქისოვს და ხელით მიანიშნა, მომაწოდეო.

სარქისოვმა ამან ჯიბიდან ალბათ ლაქი სთრაიქის კოლოფი ამოიღო და ბერიას ღერი ამოუგდო. ბერიამ დიდი სიამოვნებით მთელი კოლოფი გამოართვა, ცხვირთან მიიტანა და შეიყნოსა ძალუმად.

– მოწევა დაიწყე? – ესეც ჩაეწერა მალენკოვის შფოთში.

– რა სისულელეა. ყნოსვიზა კარგია. საცოცხლებლად, – ბერიამ ცხვირთან გაუთამაშა კოლოფი ამხანაგს.

– ეს რაზინის მოკითხვა სახიფათოდ მომეჩვენა, – განმარტა მალენკოვმა.

– სწორადაც მოგეჩვენა… – მიუგო ბერიამ და აღარ დაახანა, – ახლა მომისმინე. იგნატიევს დაურეკე, საქმის ვითარება აუხსენი, უთხარი, რომ სასწრაფოდ იპოვნონ რაზინი, მოსკოვში ჩამოთრიონ და ჩემთან მოიყვანონ.

ეს იგნატიევი იყო მაშინ ემგებეს უმფროსად მყოფი, ამხ. სტალინის გოშია, რომლისგანაც ბელადი მეტს მოელოდა.

– და, თუ მკვდარია?

– თუ მკვდარია, უკეთესი.

–  რატომ?

– იმიტომ რომ, მესამე მოფლიო ომის დაწყება გადაიდება… – მიუგო ბერიამ და კოლოფი სარქისოვს გადაუგდო, – სუსხი კარგია, მაგრამ მზე ჯობია, – ასე სთქვა, რადგან უკვე ეზოში იყვნენ.

– ხო, ეგ ცხადია, – ამოთქვა ჭკვიანურად მალენკოვმა, – ცხადია, რატომაც მოიკითხა. გენერლებს არ ენდობა. გეგმის შემუშავება კი უნდა.

– უარესი. შემუშავებული აქვს და უნდა გააცნოს, – უთხრა ბერიამ, – მე წავედი მეცნიერებათა აკადემიაში… და, ისა. ხო. ვლასიკს, ეგ ინგატიევი და მაგის ნაბიჭვარი გამოძიებელი ძალიან აწამებენ. ცდილობენ, რომ ბევრზე ბევრი ათქმევინონ… ვლასიკი გამძლე კაცია. მაგრამ, როდემდე… ასე რომ… მგონი, სანამ უძლებს, გამოსაყენებელია. კიდევ, მეხუთე დღეა იმ ადიკ სვერდლოვს არაგვიდან უზიდავენ საჭმელს. იგნატიევი ლამის თვითონ უზიდავს. კითხე ერთი, ადგილს ხომ არ გაუცვლის, რამე რომ იყოს? ვერ ხვდება?

– ეგ შენ გეხება, ლავრნეტი. მე რა ვკითხო.

– შენ პარტიული ხაზით კითხე. მე უწყებრივი ხაზით ვკითხავ. ეეე…

–  ნამდვილად, – დააწია მალენკოვმა და იმწამს შემოცმული პალტო ისევ გაიხადა, რახან მსწრაფლ შებრუნდა ძველი სენატის შენობაში.

მოსკოვი. კრემლი. მტვრიანი თოვლი, სოლსბერი კი მესტროპოლის ღონიერ ალაყაფთან იდგა და მოულოდნელად ამოვარდნილი გულის საგულეში ჩაყენებას ცდილობდა.

 

პირველი თავი ხელმისაწვდომია ბმულზე: http://bit.ly/2SWRbIT

მეორე თავი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2vmoME7