კონდრატე, ანუ ჯაშუშობა ბოლო ჟამისა. შაურიანი ვითომ ისტორიული წიგნაკი (პირველი თავი)

აკა მორჩილაძე

მოგეხსენებათ, რომ ვითომ ისტორიული წიგნაკები იმგვარი წიგნაკებია, რომელთა ფურცლებზე მოთხრობილი ამბების უმეტესობა მართალია, უმცირესობა კი – მოგონილი, თუმცა იმგვარი ეშმაკობით, რომ წამკითხველს კაუჭს მოსდებს და დააჯერებს, ნამდვილი ამბავიც ესა ყოფილაო.

 

მე მომწონს ბებერი ჯო სტალინი. კარგი ბიჭია,

ოღონდ პოლიტბიუროს ტყვეობაშია. რაღაც

შეთანხმებებზე წამოვიდოდა, მაგრამ ეგენი არ

ანებებენ.

 

ჰარი ტრუმენი, ამერიკის პრეზიდენტი

 

1.

1953 წლის ზამთრის ბოლო შაბათ დილას, ცივს და თოვლიანს, უფერულსა და უსიამოს, ჯანღიანად მოსულს დიდ ქალაქს მოსკოვსა ზედა, იქაურ ლეფორტის ძველ გერმანულ ადგილას მდგარს სამარადისო კვნესათა ციხის ერთ სარკმლიან დილეგს, გაძაღლებული და ნირგალეული ჯდა ხელდაბორკილი, უწინდელი ღენერალი ვლასიკი, მეთაური უპირატესად ამხ. სტალინის და ისე კი, ყველა დიდმოხელის დაცვისა მრავალ წელიწადს: მნე, გადია და მეოხი ყოველივესი, რაიც დიდი ბელადის ახლოში ყოფა-ცხოვრებითი იყო.

აწ ტუსაღად მყოფი, ძველმანის ფიჩაკში ჩაცმული ნაგოლიათარი და დატანჯული, იგი ჯერ ამხ. სტალინს გამოეგდო სამსახურიდან, ვითარცა ახლად გამოვლენილი მფლანგველი და ლაგერის უფროსად დაეკარგა ჯანდაბაში, იმისდაკვალად კი, ჯანდაბაშივე შეეპყრათ, ეჭვდებული იმ ექიმთა დახმარებაში, რომელთაც საბჭოთა მეთაურების მოწამვლის გეგმა შეემუშავნათ, რადგან ამ ვლასიკს იმათ მიერ ამხ. ჟდანოვის სიკვდილის აწ მავნებლურად მიჩნეულ სამედიცინო დასკვნაზე მოეწერა ხელი.

იდგა მწოველი ჟამი ცალკერძ, მკურნალთადმი უნდობლობისა გულსა შინა ამხ. სტალინისასა და მათგან ვერაგი წამლობის გამოვლენისა და, მეორე კერძ, მეგრელთა საქმის თავის სისხლიან სასრულამდის მიყვანისა, რათგან მოეფიქრათ ამხ. სტალინს, რომ მეგრელი ხალხი პარტიაში მაღალ თანამდებობებს იჭირავს, ერთ სამხრეთ, ზღვით ნაპირდასველებულ და კავკასიის ქედს კი საშრობად მიფენელ მხარეში, რომლის ერთსავე კეთილ ქალაქში დაირწა კიდეც აკვანი თვითონ ამხ. სტალინისა და რომელსაც ერთხელ იქედნურად უწოდა: პატარა ტერიტორია რუსეთის სამხრეთში, რომელიც თავს საქართველოს უწოდებს.  ცისმარ დაკითხვათა და წამება-დამდაბლებათა შინა მყოფ ვლასიკს, სიცხე-სიცივის დილეგთა შუა ტანჯულს, მცოდნეს იმისას, თუ რაი არს ლეფორტის, გინა ლუბიანის დილეგთა შინა ჩაჯოჯოხეთება და თვითონ ამხ. სტალინისგან გაწირვა, იმედი სიმართლისა სადღა უნდა ჰქონოდა, მაგრამ ვითარცა კაცს ეშმაკს და ხვანჯიანს, ვლასიკს მაინც დაშთენოდა განცდა იღბლისა, ანდა რაიმე ქუდბედისა.

მოკვეთილობის, დაცემის და გათახსირების მიუხედავად, მისი ჯდომა ამ მოკვდინებულ სულთა უტყვი გნიასით გამოვსებულ საჯალათოში, ფარულ აღტაცებულობად დარჩენილიყო იქ მომსახურე, კაზემატის მეკლიტურეთა პირტიტველ, ჯერ კიდევ მეოცნებე და კომუნიზმის და დიადი გამარჯვების მრწმენ ჭაბუკთა შორის. ცხოვრების ნირია, რომ ადამიანთ ჟრჟოლა აიტანთ ხოლმე ვინმე გამოჩენილის ხილვით, თუნდა ეს გამოჩენილი სრულად უმსგავსოთ გამოჩენილიყვეს.

ორი ასეთი მეკლიტური ოფიცერი სწორედ იმ შაბათის დილას შეითქვა და მცირე რამ არასაციხო საზრდელი მალულად მოუკითხა ღენერალ ვლასიკს: შიშით, ნემსებზე ჯდომით, წრფელის გულით.

იმას თუ გრძნობდნენ, რომ მადლი ამხ. სტალინისა მის მხარმარჯვნივ ამდენ დროების გამტარებელი კაცზეც გადმოდინებული, მათაც დეედებოდა.

– მოქალაქე ვლასიკ.., მოქალაქე ვლასიკ… ჩვენ აქ გვაქვს… – მიმართეს ტუსაღს დილეგის შესაწოდებელი სარკმლიდან, – ცოტა სალო, შვრიის პური…ცოტა თებზი შენაბოლი.

ჰაზრთა შინა ვლასიკისასა, პირველ მოდგა ფარსაგის სურათი, რომ მოსაკითხი მოწამლული არ იყოს, მაგრამ გამოცდილს თვალს მისას ადრიდანვე შეემჩნია ამ ორთა მეკლიტურეთაგან მისით აღტაცება, ძრწოლვით მოთოკილი, მაინც გამოვლინებული იერით მცირეთა სიკეთეებითა, როგორიც იქნება, მაგალითად, კვნიტი შაქრის შემოცურება, რაიც პატიმარ კაცს უჩანს ჯანზე ყოფნის კეთილ საშუალებად.

– ცოტა არაყიც, სიდორიჩ. სერგეიჩ, – ოფიცრებმა ლაჭანზედვე დაალაგეს ხემსი და კარის მხრისკენ ბალიშიც შემოაფარეს, ხოლო ჯიბიდან თავი ამოიყოფინეს ბოთლასაც, რუსეთის მარადიულ სასმელით სავსეს.

– რათ დაიხარჯეთ, ბიჭებო. – ესა სთქვა ვლასიკმა და თევზის ქერცლი შეიტკბო და შეიმარილიანა თავისუფლების განუმეორებელ გემოდ.

– ჩვენ ნახევარი საათი მაინც გვაქვს. მოქალაქე ვლასიკ… ამხანაგო ვლასიკ… ამხანაგო… ღენერალო… მოგვყვევით ამხანაგ სტალინის შესახებ… – ჭიქებიც ჰქონოდათ ჯიბეებში.

–  ამხანაგო ღენერალო… ყოფილო ღენერალო… თქვენ ეგებ მოკვდეთ, მაგრამ ეგებ გვიამბოთ ამხანაგ სტალინის შესახებ.

ვლასიკი ჩააცქერდა ბორკილიან, დიდ ხელებში მოქცეულ ჭიქიდან ამომზირალ არაყს, რომელსაც სიკვდილის იერი ჰქონდა, მერე კი წამოიმართა და იმის ორიოდ თვის წინ ჯანიანმა, ახლა კი შეფერთხილმა, მაგრამ მაინც ზორბა სხეულმა გამოავსო საკანი დარდიან, თუ ტყუილ სადღეგრძელოთი.

– ბიჭებო… ამხანაგი სტალინი გენიოსია. მე ეს ოცდათოთხმეტი წელიწადია ვიცი. ჩვენისთანა ხალხის სიცოცხლე არაფერია იმასთან, რაზეც ამხანაგი სტალინი ფიქრობს ჩვენთვის. გაუმარჯოს ამხანაგ სტალინს.

– ამხანაგო ვლასიკ, ამხანაგ სტალინს გაუმარჯოს. ღმერთმა ქნას, მალე გაირკვეს თქვენი სიმართლე! – ცოტა ხმამაღლადაც კი მოუვიდათ იმ ბიჭებს.

– ღმერთმა ქნას, შვილებო… – ხელისგულთა შინა მოქცეული ჭიქა გადაჰკრა ვლასიკმა, – ამხანაგ სტალინს გაუმარჯოს, – ამოისუნთქა მთელი ჯავრით და ჭიქა შკონკაზედ გადააგორა.

– ამხანაგო ვლასიკ… მოქალაქე ვლასიკ… გვაპატიეთ… ჩვენ ხომ თქვენ არ გვიცემიხართ. ვიცით…

– ამხანაგმა ვლასიკმა ჩვენზე კარგად იცის ყველაფერი….

–  ნუ ღელავთ, შვილებო… საბჭოეთი გაიმარჯვებს. მოღალატეებს დედას ვუტირებთ. მე შემთხვევით ვარ აქ. თებზი, რომელიც ამხანაგ სტალინს უყვარს, შორიდანაა მოსატანი და ჩვენი მფრინავები სიხარულით მიფრინავდნენ, რათა ეს თებზი ჩამოეტანათ ხოლმე… მტრებმაც ეს გამოიყენეს. ამხანაგმა სტალინმა მისთვის გაწეული უანგარო სახელმწიფო ხარჯი არ მაპატია, რომელიც იმ ფრენებზე გაიხარჯა, მოაკლდა საბჭოთა ხალხს და უნდა მომკლებოდა კი მე, ამხანაგ სტალინსაო. თუმცა ამას ახლა აღარავინ ახსენებს. ჩვეულებრივი თებზია… უბრალოდ, საქართველოში არ არის, თორემ სალაპარაკო არ შეიქნებოდა. საქართველოდან რიგითი მშრომელები უგზავნიან ამხანაგ სტალინს ხილს, ღვინოს, ციტრუსებს, ახალ ხორცსაც კი… ამხანაგი სტალინი ქართველია, მაგრამ ასეთი თებზი საქართველოში არ არის…იქ საჭმელი უფრო მეტია ბუნებრივ პირობათა გამო. ჩემი ამგვარი ერთგულება გამოიყენეს და ამიტომაც ვარ აქ… ბევრი მტერი ჰყავს ამხანაგ სტალინს, ჩვენს სამშობლოს. მე ვეღობებოდი… ახლა, არ ვიცი, ვინ როგორ გადაეღობება. ეს მიკლავს გულს, – ისევ დალიეს. დილის არყის ცნობილია გულის ვარაყობა. თან შაბათ დღისა.

ყოფილი ღენერალი ვლასიკი სიმართლეს მოახსენებდა მეკლიტურეთ. მაგრამ ვითარცა წილი საერთო სიმართლისა, ეს მხოლოდ მცირე მონათხრობი იყო, მხოლოდ ქერცლი იმ ხმელი თევზისა, ასე რომ იგემოვნა დაღალულმა ამხ. სტალინისთვის ასტრახანული ქაშაყის თვითმფრინავებით მზიდავმა ტუსაღმა.

ქერცლი ესე იყო სრულიად არაფრის მომცემი და დარჩებოდა ერთს რამ გასართობ ნათქვამად, წინააღმდეგ ნამდვილ ამბისა, რომელიც იყო გრძელი, ვითარცა რკინის გზები რუსეთისა, შავ ძაფებით გადამლამბავი იმ თვალუწვდენელი ზამთრის სითეთრისა და ზედ ეშალონებით დამტარებელი პატიმრებისა, ერთი სვლა-გეზით, წოდებულით იმავ დროებაში განთქმული სიტყვით – ეტაპ!

თუკი ყოფილი ღენერალი ვლასიკი, რომელმაც სხვა გაუშვი და ამხ. სტალინის უდედო შვილები მამასავით დაზარდა იმის ქვრივობის დროიდან, იყო ერთი პატიმარი ლეფორტის ციხესა შინა, ქალაქში მოიძევებოდა სხვა ფასიანი პატიმარიც, ოღონდ ლუბიანის შიდა ციხეს შეკეტილი. ესე გახლდა ვლასიკზე უმცროსი და ნასწავლი კაცი: არცა ღენერალი, მხოლოდ პალკოვნიკი, სწრაფად წასული წოდებათა აღმა, თორემ სწორეთ იმ ხანად მასზე მაღალ თანამდებობათა მჭერნი უმეტეს სულ პადპალკოვნიკები იყვნენ.

მოხდენილი იგი კაცი, ორმოც-ორმოცდაორი წლისა, ჯდა დილეგსა ლუბიანისასა მიუსჯელათ და ჯერაც საძიებლათ მისი პირშავობისა უკვე მეორე წელიწადს და ვინ იცოდა, კიდევ რაოდენს ჟამს დაშთებოდა მიწიქვეშეთსა მას ცხაურიანსა.

მაშინ იშვიათი გამოთვლით, პალკოვნიკი ესე იქნებოდა იქ საწრუწუნოდ დრომდინ მეგრელთა, სიონისტ შეთქმულთა, ემგებელ შეთქმულთა, მკურნალთა საქმეების გამოფეთქებისა და საბჭოეთის უპირველეს მეგრელისთვის თავს გაგდებინებისა. ამ ტუსაღს საჭირო რამეებს ათქმევინებდნდენ და მერე კი ასეც გაასაღებდნენ და ისეც.

თუკი ვლასიკის მიწიერ სივრცეთა ჭვრეტას დაჩვეულ ბუნებას საკანი თვისი მოუჩანდა სატანჯველად და უცხოთ, იმ პალკოვნიკისთვის საკანი იყო მეორე სახლი. ცოტაზე დავიწყებული, მაგრამ მაინც. იქ სტუმარიცა ყოფილიყო და მასპინძელიც. იმ ორომტრიალში, როცა დამარცხებულ გერმანიიდამ გამარჯვების მარშალ ჟუკოვმა მარტო იმ ცოლის საჩუქრათ, რომელიც აღარ უყვარდა და ეჯაჯღანებოდა, ჩამადნით მოიტანა თავის აგარაკზე შემდეგი საგნები ამაოებისა: საათი მაჯისა და ჯიბისა ოცდაოთხი ერთეული – იქიდან ჩვიდმეტი ოქროსი, სამი კიდევ მოოჭვილი თვალ-მარგალიტით; ოქროს კულონი და ბეჭედი თხუთმეტი, საიდანაც რვაი მოოჭვილივე და დანარჩენი, რაც ჩამადანში ჩაეტია, ის ძვირფასეული, ოქროს ძეწკვათა უპირატესობით; ხოლო ამ ჩამადანს ვაგონებით მოაყოლა ოთხი ათასი მეტრი ქსოვილი; ბეწვეულ-საყელო-ქურქები სამას ოცდასამი ერთეულით; სხვადასხვაგვარი ტყავები, დაუთვლელათ, შევროო და რა აღარ მრავალი; ორი ყუთი ვერცხლის დანა-ჩანგალი, კოვზების მიმატებით და ასევე ორმოცდაოთხი ხალიჩა-გობელენი; ორმოცდათუთხუთმეტი ფერნაწერი ტილო დიდი ოსტატებისა; ორი ყუთი ბროლი, შვიდი ყუთი ჭიქა-საინი არა ხშირი წარმოებისა; უთვალავი ლარნაკი და ღამის ლამპა, სულ ბრინჯაოსი და ანტიურ სხეულებით გაწყობილი; ოცი თოფი, ერთიმეორეზე უკეთესი, ჰოლანდისა და ჰოლანდის თამადობით და საბაჟოზე კიდევ ერთ ცალკე ვაგონათ დაჭერილი ავეჯი, ყოფილმა ღენერალმა ვლასიკმა, ვითარცა სიუხვის მოყვარე და მაინც სპარტანელმა, ხელმოკლე გლეხურ ყოფაში გაზრდილმა, სხვა ათასთა შორის წამოასხა ზროხანი, რომელნიც მიჰგვარა თავის დას ბელარუსის ერთს პატარა სოფელში, იმ ზროხების სანაცვლოდ, რომელიც იმ დას ომის დროს გერმანელთაგან წართმეოდა.

ამის პირისპირვე, იმ პალკოვნიკმა, ზროხებისა და ხალიჩებისა საერთოდ არაფერი იცოდა, რათგან თუ ვლასიკი ამოზრდილიყო ამხ. სტალინის წინაშე ერთგულებით სამოქალაქო ომის ფრონტებზე, ამ პალკოვნიკს ბავშვობიდანვე ამხ. სტალინი თავზე ხელს უსობდა პირდაპირი ჰაზრით, შეაქებდა და შეძახებდა: ვითა დამშვენებულხარ, პატარა ყურუმსაღო, ადიკ! იზარდე, დიდებისა ჩვენისადად!-ო.

 

მეორე თავი ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/2vmoME7