კორონა თაიმ

არჩილ ქიქოძე

იზოლაციის პირველი წიგნი ჩემთვის მონიკა კრისტენსენის „ამუნდსენი – არდაბრუნების წერტილი“ გახდა.

ეს დოკუმენტური წიგნი თანამედროვე ნორვეგიელი პოლარული მკვლევრისა და დეტექტივების ავტორის დაწერილია. შარშან ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ვნახე თავის რომელიღაც მორიგ ფათერაკში ფეხმოტეხილი, ხელჯოხიანი, მკვირცხლი, ასაკოვანი და მაინც ახალგზრდა ეს ავტორი, რომელმაც მანამდე ცნობილი იყო დეტექტიური რომანებით, რომელთა მოქმედების ადგილად კუნძული შპიცბერგენი აირჩია და ამით ჟანრის საზღვრები უკიდურეს ჩრდილოეთამდე გასწია. შპიცბერგენი (ნორვეგიელები მას სვალბარდს უწოდებენ) ყველაზე ჩრდილოეთი ალაგია, სადაც ადამიანები მთელი წლის მანძილზე ცხოვრობენ, წელიწადში ერთხელ მზეს ემშვიდობებიან და მერე თვეები ელიან მის ჰორიზონტზე გამოჩენას. კუნძულზე მუშაობენ სკოლები, იზრდებიან თაობები, რომელთაც ეამაყებათ, რომ ამ მკაცრი ადგილის შვილები არიან და მიიჩნევენ, რომ სხვებზე – დიდი მიწიდან მოსულებზე – გამძლეები და შეუპოვრები არიან. პოლარული ღამეები, ქალაქში შემოხეტებული თეთრი დათვები, რესტორანში მირთმეული სელაპის ხორცი, ქარიშხალში დაკარგული მეთევზეთა გემები და ბევრი სხვა რამ მხოლოდ ფონია კრისტენსენის დეტექტივებისა, რომელთა ჩახლართული სიუჟეტები თავისთავადაა დეტექტივების მოყვარულთათვის ფასეული, მაგრამ ის, რომ ავტორი ჩრდილოეთის უბადლო მცოდნეა, სიღრმისეულად იცნობს შპიცბერგენის ისტორიას, მის ყოველ კუთხე-კუნჭულს, ფლორასა და ფაუნას, მის წიგნებს სრულიად შესანიშნავ საკითხავად აქცევს.

შპიცბერგენის ციკლი იზოლაციამდე მოვილიე, იზოლაცია კი ამუნდსენის გაქრობის ამბით დავიწყე. ამ წიგნსაც დეტექტივის ფაბულა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მასში გამონაგონი არაფერია. წიგნში ბევრია ვარაუდი, რომლის გარეშე არც ერთი დეტექტივი არ არსებობს. „არდაბრუნების წერტილი“ არის ტრაგედია კაცისა, რომელიც მუდამ ცდილობდა ყოფილიყო პირველი, დარჩენილიყო გმირად მაშინაც, როცა სამყარო უკვე ახალ გმირებს ითხოვდა.

ამუნდსენმა მიაღწია იმაზე მეტს, ვიდრე ნებისმიერ მკვლევარს შეიძლებოდა ენატრა, მაგრამ ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს გმირები სხვადასხვა რეკორდული გადაფრენის მონაწილე ტყავის ქურთუკებში გამოწყობილი ახალგაზრდა ავიატორები იყვნენ, სწორედ მათ ეპატიჟებოდნენ ბანკეტებზე მეფეები და პრემიერ-მინისტრები, მათ ეტრფოდნენ ყველაზე ლამაზი ქალები. ბეწვიანი ქურქით მოსილი და ძაღლების მარხილს ადევნებული ამუნდსენი პატივცემულ, საკულტო ანაქრონიზმად იყო გადაქცეული.

სიბერის ზღვარზე მდგარი „ყინულეთის ნაპოლეონი“ ვერაფრით ეგუებოდა, რომ მსოფლიო ავტორიტეტი აღარ იყო. ამ ჯიუტი ადამიანისთვის კაცობრიობა მუდამ ორად, მისი მხარდამჭერებად და მტრებად, იყოფოდა. ოღონდ, პირველთა რიცხვი სულ უფრო იკლებდა, მეორეთა კი – მათემატიკური პროგრესიით იზრდებოდა, რადგან მკვლევრის მტერი ხდებოდა ყველა, ვინც მას უპირველეს ავტორიტეტად არ აღიარებდა.

1928 წელს ჩრდილოეთ პოლუსის დასაპყრობად გაფრენილი იტალიელი ავიატორის უმბერტო ნობილეს დირიჟაბლი „იტალია“ კატასტროფაში მოხვდა. ჩემი თაობის ადამიანები ამ მოვლენებს, პირველ რიგში, მიხეილ კალატოზოვის უკანასკნელი და ალბათ ყველაზე სუსტი ფილმიდან „წითელი კარვიდან“ ვიცნობთ (სხვათა შორის, თავის წიგნში კრისტენსენს კალატოზოვის ფილმთანაც აქვს გადაძახილი). იტალიელების საშველად მრავალი ქვეყნის ექსპედიცია დაიძრა. სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობა ამუნდსენისთვის არ შეუთავაზებიათ, მან თავად იშოვა ფული ფრანგული თვითმფრინავისა და ეკიპაჟის აღსაჭურვად და სასწრაფოდ გაემართა ჩრდილოეთისაკენ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე წლით ადრე ჩატარებული ერთობლივი ექსპედიციის მერე ის და უმბერტო ნობილე დასანახად ვერ იტანდნენ ერთმანეთს. ქალაქ ტრომსედან აფრენილი ამუნდსენი და მისი ეკიპაჟის სამი წევრი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ეს კრისტენსენის წიგნის მხოლოდ დასაწყისია. რა მოუვიდათ ამუნდსენს და მის ხალხს? – ეს არის ავტორის დასმული მთავარი შეკითხვა, რომელზეც წიგნის ბოლოს საკუთარ ვერსიასაც გვთავაზობს, მაგრამ ჩემთვის „არდაბრუნების წერტილი“, პირველ რიგში, ძალიან საინტერესო პანოა მაშინდელი ევროპისა – მუსოლინის იტალია, საბჭოთა კავშირი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, სკანდინავიის ქვეყნები ჩართული არიან უზარმაზარ სამაშველო ოპერაციაში და, როგორც ხშირად ხდებოდა და ხდება, პოლიტიკა საღ აზრს და ჰუმანურ იდეებს გადაწონის, საზოგადოებრივი აზრი მუდმივად მერყეობს და გუშინდელი გმირი ხვალინდელი ანტიგმირი ხდება.

კიდევ: ამ წიგნში ნიჭიერი ქალის მიერ დახატული მრავალი მნიშვნელოვანი ადამიანის პორტრეტია.

„არდაბრუნების წერტილი“ უკანასკნელი ნორვეგიული წიგნი იყო იმ მრავალთა შორის, რომლებიც ბოლო ორი წლის მანძილზე ერთი მეორის მიყოლებით წავიკითხე. ვირუსმა ცხადი გახადა, რომ დიდი ხნით ჩავიკეტეთ ჩვენ ჩვენს სახლებსა და სოციუმებში და ჩემი ნორვეგიაში მორიგი წასვლაც განუსაზღვრელი დროით გადაიდო.

ცოტა ხანს კიდევ ვუტრიალე სკანდინავიას. რამდენიმე სერიალიც ვნახე, როგორც ნორვეგიული, ისე შვედური და დანიური. არაამქვეყნიური იერის, აუტიზმის ზღვარზე მდგომი ქალები ნაბიჯ-ნაბიჯ ხსნიდნენ საშინელ დანაშაულებს. ერთი შვედური სერიალი განსაკუთრებით მომეწონა, სათაური არ დამიმახსოვრებია, მაგრამ სერიულ მკვლელს „ლუზერი“ პოლიციელებისგან შემდგარი ბრიგადა დასდევდა და თითოეული პერსონაჟი ისე საგულდაგულოდ იყო გამოძერწილი, ისეთი ნამდვილი იყო, რომ იმ ფილმის ხიბლი დღემდე მომყვება. კიდევ რა იყო ჩემთვის სკანდინავიურ სერიალებში საგულისხმო? რა და – კორუფცია. ერთხელ ერთმა ნორვეგიელმა მწერალმა ოდნავ დარცხვენით, მაგრამ ამაყად მითხრა: ჩვენს ქვეყანაში კორუფციის ტრადიცია არ არსებობსო; ჰოდა, სერიალებში კორუფცია იყო, ამაზე შფოთავდნენ გამომძიებლებიც, დრტვინავდა საზოგადოებაც და პოლიტიკოსებიც, მაგრამ ის კორუფცია, რაც სისტემის სრულ კატასტროფად ჰქონდათ ნაჩვენები ფილმების ავტორებს, სასაცილოდ არ გვეყოფოდა, ჩვენი საზოგადოების თვალში პაწაწკინტელა კომპრომატად არ ივარგებდა.

მაგრამ სამყარო დიდია, მრავალფეროვანი და მშვენიერიც. ავიკრძალე სერიალები, დავემშვიდობე სკანდინავიას და ინგლისელი ჰელენ მაკდონალდის არაჩვეულებრივი წიგნი წავიკითხე. H is for Hawk, ორიგინალში ასე ჰქვია ამ წიგნს და რადგან ინგლისური ბგერა H ავტორის სახელის პირველი ასოა, წიგნის სახელი დაახლოებით ეს იქნება: „ჰელენი ქორისთვის“.

ეს მართლა ძალიან კარგი წიგნია, რომლის კითხვისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, თუ თანამედროვე ევროპულ ლიტერატურაში რამდენადაა წაშლილი ზღვარი ავტობიოგრაფიულ და მხატვრულ ლიტერატურას შორის, რამდენად პირობითია „რომანის“ ცნება და, საერთოდ, ბევრ რამეზე დავფიქრდი, მაგალითად, იმაზე, რამდენად მწირია ჩემი განათლება… თანამედროვე, შენი თაობის, ავტორის კითხვა კიდევ სხვა რამეა, ფაქტობრივად გვერდზე გყავს, ფეისბუქზე თუ არა, ინსტაგრამზე იპოვი. მე, მაგალითად, ძალიან მომინდა ჰელენ მაკდონალდს ვაჩუქო ერთი ჩემი ფოტო და, კორონა დროება რომ დამთავრდება, იქნებ მოვახერხო და ვაჩუქო კიდეც…

ორ სხვა ინგლისურ შედევრთან ჯ.ე. ბეიკერის „შევარდენსა“ და კენ ლოუჩის „კესთან“ ერთად მაკდონალდის წიგნმა ჩემთვის რაღაც ჯადოსნური სამკუთხედი შეკრა. სინამდვილეში ამ ორ წიგნს და ერთ ფილმს თითქმის არაფერი აქვს საერთო იმის გარდა, რომ სამივე ცაში მოლივლივე მტაცებელი ფრინველებით მოჯადოებული და შთაგონებული ადამიანების შექმნილია და კიდევ ის, რომ ისინი წმინდა ინგლისური ნაწარმოებებია. რატომ? ამაზე დიდხანს შემიძლია ვილაპარაკო და ძალიან შორს წავიდე, მაგრამ მაკდონალდის წიგნი ღირსეულად უდგას გვერდით იმ ორ დიად რამეს და სულაც არ არის უბრალოდ ადამიანისა და ფრინველის დამეგობრების ამბავი და, მით უმეტეს, არ არის მტაცებელი ქორის გაწვრთნის სახელმძღვანელო.

მამის დაღუპვის შემდეგ დეპრესიაში ჩავარდნილი ავტორი ქორს ყიდულობს და მის გაწვრთნას იწყებს, ეს ადამიანში ღრმად დამალული იმპულსების და შიშების წიგნია. ჰელენ მაკდონალდი კარგი და პატიოსანი მთხრობელია. საოცრად აღწერს ბუნებას, რაც მე ძალიან მხიბლავს, მაგრამ ჩემთვის მის წიგნში ყველაზე ფასეული ის ხიდია, რომელიც ავტორმა საკუთარ თავს და მრავალი წლის წინ გარდაცვლილ სხვა ინგლისელ მწერალს – თერენს უითს შორის გადო.

ქორის შეძენამდე ჰელენი შუა საუკუნეებიდან დღემდე ბაზიერობის შესახებ შექმნილ აურაცხელ ლიტერატურას ეცნობა და მათ შორის ყველაზე არასწორ წიგნს – თერენს უითის „ქორს“ გამოარჩევს. ეს წიგნი მისთვის ანტისახელმძღვანელო ხდება, მაგრამ ხდება მისი რომანის ღერძიც. „ჰელენი ქორისთვის“ ერთგვარი მიძღვნაა იმ ტრაგიკული ბედის ადამიანისადმი, რომელიც დაახლოებით ოთხმოცი წლით ადრე ყოვლად შეუბრალებელი, სადიზმამდე მისული მეთოდებით წვრთნიდა საკუთარ ფრინველს. აწვალებდა მას, იწვალებდა საკუთარ თავს და საბოლოოდ დამარცხდა. ამ მარცხს კი წიგნი მიუძღვნა.

და რადგან ლიტერატურისთვის მარცხი უფრო ფასეულია, ვიდრე „Successes story“, მაკდონალდი ამ მარცხზე წერს. მეტიც, ის მოჯადოებულია ამ მარცხით და თერენს უითის მცდელობით.

თერენს უითი მეფე არტურის შესახებ შექმნილი, თავის დროზე ძალიან წარმატებული რომანების ციკლის ავტორია. მისი „ქორი“ კი გამოსვლისთანავე დაიწუნეს „ტვიდის პიჯაკიანმა კაცებმა“, მათ, ვის საზოგადოებასაც ავტორი ესწრაფოდა და ვის აღიარებასაც ეძებდა. მისი „ქორი“ აღარავის ახსოვს, ჰელენ მაკდონალდის გარდა.

თერენს უითი საგულდაგულოდ მალავდა თავის ჰომოსექსუალობას. ყველასგან განსხვავებული, გამუდმებით ცდილობდა ყველას დამსგავსებოდა, საიმედოდ დამალულიყო ტვიდის პიჯაკიანი ჯენტლმენების, სკვაირების და სნობების მასაში, რომლითაც ასე ცნობილია ინგლისი. ამისთვის მათი ქცევა, ლაპარაკი და გასართობები უნდა აეთვისებინა. ჯერ ცხენი იშოვა, წვალებით ისწავლა ჯირითი, შეიკერა ძვირად ღირებული მონადირის ტანისამოსი. მათრახიც კი სათანადო დაიჭირა ხელში და ამ ყველაფრის მერე დაუშვეს ინგლისური არისტოკრატიის გულის გულში, მის მთავარ თავშესაქცევში – მდევრებით მელიაზე ნადირობაში. ამდენი ძალისხმევის შედეგი კი მხოლოდ ნადირობის ბოლოს ძაღლების მიერ მოგუდული მელიის ხილვისას მოგვრილი გულზიდვა გახდა და კიდევ უფრო ღრმა სიძულვილი საკუთარი თავისა და იმ კლუბის მიმართ, რომლის წევრობას ასე ესწრაფოდა.

ეს ყველაფერი საკუთარ დღიურებში აქვს აღწერილი, დღიურები მეორე მწერალს – ჰელენ მაკდონალდს უპყრია ხელში და გვიამბობს კაცზე, რომელიც ყველას და ყველაფერს განერიდა, განმარტოვდა, მტაცებელი ფრინველი შეიძინა, მასაც შეებრძოლა და მასთანაც დამარცხდა.

ორი ავტორი, ორი ნიჭიერი ადამიანი და მათი მტაცებელი ფრინველები, რომელთა ყვითელ თვალებში არც სიყვარულია და არც სიძულვილი, რომლებსაც არ აქვთ შევარდნის არისტოკრატიზმი და კეთილშობილება, ისინი მდაბიო მონადირეები არიან, მოკვლის და განადგურების გაუმაძღარი ინსტინქტით…

ძალიან მინდა, რომ ეს წიგნი ქართულად ითარგმნოს.

კიდევ ერთი წიგნი, რომელმაც ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, სამოციან წლებში საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანის მიერ ისრაელის საწინააღმდეგოდ გამოცემული არაბი მწერლების მოთხრობები იყო. კრებულს ჰქვია „ხიდი“და ექვსდღიანი ომის მერეა გამოცემული. ერთ რამეში წინასიტყვაობის ავტორები ნამდვილად არ ცდებიან – ის ომი დღემდე გრძელდება…

ახლო აღმოსავლეთით შარშან ლიბანში წასვლის წინ დავინტერესდი და ეს ინტერესი დღემდე მომყვება. ძალიან მინდა მომავალში იქ დაბრუნება, კიდევ – იორდანიისა და ისრაელის ნახვა. გადაბუგულ სირიას კი ალბათ აღარასოდეს ვნახავ. იზოლაციაშიც ბევრი რამე წავიკითხე რეგიონზე, უფრო – დოკუმენტური ლიტერატურა და სტატიები. ეს კრებული კი იშვიათი მხატვრული რამე იყო, რაც ინტერნეტში ვიპოვე. ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა არა პალესტინელი, სირიელი, იორდანიელი ან ეგვიპტელი ავტორების ოსტატობამ (მოთხრობები მხატვრული თვალსაზრისით ნამდვილად სუსტი იყო), არამედ სიძულვილის სიღრმემ და გამოუსავლობამ, რომელიც ნახევარი საუკუნის მერე კიდევ უფრო კარგად ჩანს, მით უფრო, რომ ამ კონფლიქტზე უკვე რელიგიური ფუნდამენტალიზმია დაშენებული.

მერე იყო რობერტ მუზილის ორი მოთხრობისგან შემდგარი კრებული „კავშირები“, რომელსაც იგი ორწელიწად-ნახევარი წერდა. მგონი, ყველა მწერალმა უნდა გაბედოს და წაიკითხოს ეს ავტორი, რათა მიხვდეს, რა არის ის, რასაც გურამ დოჩანაშვილი „დიად ვერასოდესს“ უწოდებდა, დაინახოს, რომ ასეთი ლიტერატურაც არსებობს, ასეთი დამოკიდებულებაც თითოეული სიტყვისადმი, ასეთი სინაზე და ასეთი დაუნდობლობა ერთად.

მუზილის სამყარომ რაღაცით მეორე ავსტრიელის, ორმეტრიანი და კუშტი მიხაელ ჰანეკეს სამყარო მომაგონა. შეიძლება, მსგავსება მხოლოდ იმ ხიფათში იყოს, რომელიც ამ ორისგან მოდის და პირდაპირ სახეში მიბერავს.

მუზილის ამ პატარა წიგნზე ვერც ვერაფერს ვწერ, იმდენად დიდი და დაულაგებელია ჩემი შთაბეჭდილება. ეს არის სახიფათო მოგზაურობა შეყვარებული ქალებისა და მათი ვნების სამყაროში. მწერლის ორწელიწადნახევრიანი მოგზაურობა და ორი საშუალო ზომის მოთხრობა, რომელთა წაკითხვის მერე პირღიად დავრჩი, კიდევ უფრო დამაწვა კარანტინის სევდა და მთავარი შეკითხვა, რომელიც გამიჩნდა, ეს იყო: როგორ დაბრუნდა ცოცხალი?