მორალი

მორალი
ლაშა ბუღაძე

მონაწილეობენ:

 

ცოლი

ქმარი

ანდრია ლაფაჩი – ცოლ-ქმრის მეგობარი

ინა ცისკარიძე – ამბობს, რომ მათი მეგობარია

 

ამბავი ცოლ-ქმრის სახლში ხდება, ხოლო განსავითარებლად და დასასრულებლად პრინციპში ორი საათიც ჰყოფნის. 

 

 

მსუბუქად პოლიტიზებული ვახშამი ორი მასპინძლით და ერთი სტუმრით. პრინციპში, ცოტა ხანში ამაზე მინიშნება აღარც გახდება საჭირო, მაგრამ მასპინძლებიდან ერთი ცოლია, მეორე ქმარი. სტუმარი – ანდრია ლაფაჩი… ამ სამიდან ერთი პოლიტიკური პარტიის წევრია, მეორე უბრალოდ პოლიტიზებული ადამიანია, ხოლო მესამე პოლიტიკოსის ქმარი. ანდრია ლაფაჩი ეძებს და წარმატებით პოულობს კიდეც ახალ-ახალ პოლიტიკურ ჭორებს, ვნებიანად და აქტუალობის გაულეველი აპოთეოზით აბრეხვებს მეტნაკლებად წარმატებულ პოლიტიკოსთა გვარებს და მუდმივად იმის გამოცნობით არის დაკავებული, ვის რა თანამდებობას უმზადებს მმართველი ძალა… სახელდობრ – ქვეყნის ლიდერი, რომელიც, მართალია, არ ჩანს, მაგრამ ვისი არხსენებაც თითქმის შეუძლებელია, როცა მიმდინარე თუ მოსალოდნელ პოლიტიკურ პრობლემებს არჩევენ. ის ერთგვარი უხილავი გმირია, ოღონდ განუზომლად აქტუალური. ანდრია ლაფაჩი დღეს აქ ჭორმა მოიყვანა: დაირხა ხმა, რომ მისი მეგობარი ტოვებს მმართველი პარტიის რიგებს და ოპოზიციურ სივრცეში აპირებს თავის დამკვიდრებას…

 

ცოლი. ხალხო, არ შეიძლება, რომ აქ მაინც არ ვილაპარაკოთ პოლიტიკაზე? (ამ დროს, ეტყობა, სხვა თემაზე არც თვითონ უნდა ლაპარაკი)

 

ანდრია ლაფაჩი. უკაცრავად, ერთიც და მოვრჩები: და აი, ეს ვითომ პროგრესული შპანა რას ფიქრობს? როდემდე უნდა ათამაშონ ერთი ადგილი?

 

ცოლი. და რა უნდა იფიქრონ?

 

ანდრია ლაფაჩი. ნაყარ-ნუყარი პარტიები მაინც გაერთიანდნენ და ყველაზე რეიტინგულებს დაუდგნენ გვერდით, ოდნავ მეტ ხმებს მაინც დააგროვებენ… როდემდე უნდა ითამაშონ ძალად უბიწო ქალწულების როლი?

 

ქმარი. (ღვინო უნდა დაასხას) წითელი გინდა?

 

ანდრია ლაფაჩი. არ მინდა, კბილებს მიშავებს… (ამწუთას ცოლი უფრო აინტერესებს, ვიდრე ქმარი) და ის ლაწირაკები, ახალგაზრდული ფრთა, ვითომ მემარცხენეები, დიდ იდეალისტებად რომ მოაქვთ თავი… ეგენიც მანდ დარჩებიან? სირცხვილო! გული მერევა! წამოვიდნენ, რამის თავი თუ აქვთ! გამოგყვნენ!

 

ცოლი. ვაიმე, სად?

 

ანდრია ლაფაჩი. რა ვაიმე? მთელი ცხოვრება წინ აქვთ – აბა, ამ არანორმალურს უნდა ჩაყვნენ საფლავში?! ამას ვერ მოვიშორებთ ვერასდროს! ეს კობრაა… კობრას არ ეძახიან?

 

ქმარი. ვის?

 

ანდრია ლაფაჩი. ნელ-ნელა მოგგუდავს… (ქმარს) რა ვის? ამ ფსიქოპატს… ეხლა ცოლის კულტი რომ აქვს. მალე წმინდანად შეარაცხინებს. მავზოლეუმს უშენებსო…

 

ცოლი. არა, რა სისულელეა…

 

ანდრია ლაფაჩი. დაწერეს, ადამიანო… ტყუილი კი არაა. რატომ არ აუშენებს, რა… ამისი არაა მთელი ქვეყანა?! უნდა და აუშენებს! აავსო აქაურობა თავისი სასახლეებით… სამთავრობო შენობები არ ყოფნის… სადღაც დაწერეს, რომ უკვე 14 კერძო აგარაკი აქვს… აგარაკი ფართო გაგებით, ჰექტრობით ითვლიან მის მიწებს… და ეს ორი გოგო – უბედურები… ამბობენ, რომ კიდევ ყავს შვილი, მაგრამ მალავს… რაღაც ჭირსო და ეთაკილება გამომზეურება! ისე, არ გინდა ამასთან ერთად ცხოვრება? ვამპირებს გვანან ეს გოგოები… გრძელი თმები, თეთრი კაბები… მამის გემოვნებით იცვამენ, ეტყობა… იცით, როგორ მეშინია… ის ქალი რომ ცოცხალი ყოფილიყო, ასე არ გადაირეოდაო, ამბობენ… არაა გამორიცხული… იქნებ მოუკლეს მართლა?

 

ცოლი. არა, რა მოუკლეს… რატომ მოუკლავდნენ?!

 

ანდრია ლაფაჩი. უფრო მეტად რომ გაეგიჟებინათ… ცოლი აჩერებდაო… ცოლი ფაქტორია მაინც – სხვა ვერ გიბედავს და ის გაგიბედავს… (ქმარს) არა, დიმა?.. (ცოლს)  და თვითონ ხო არ მოკლა? სადისტს კი გავს… წარბებს ხომ იპუტავს თუ ბუნებრივად აქვს ასეთი? წინა ცოლის ასავალ-დასავალიც გაუგებარია… ყავდა საერთოდ? თან ყავდა, თან არა… ლურჯწვერა გვმართავს, ხალხო, გონს მოდით… პირადად მე ძალიან მეშინია და ამას არც ვმალავ, თუმცა ეს, იცი, რაღაცნაირად ზიზღგარეული შიშია…

დიმა, შენ არ გეშინია?

 

ქმარი. მე ჯერ ცოლად არ გავყოლილვარ და არც ვაპირებ კიდე…

 

ანდრია ლაფაჩი. ვაიმე, ნეტა ამისი ფეხებზემკიდიობა გადმომედებოდეს და მეტი არაფერი არ მინდა! იცი, რატომ გამოიყურები კარგად? იმიტომ რომ არაფერზე არ ნერვიულობ! რამდენი წლის ხარ? 45-ის? 50-ის? 60-ის?

 

ქმარი. 90-ის…

 

ანდრია ლაფაჩი. (ცოლს) ქალო, არ ეჭვიანობ, ყველას შენი ქმარი რომ მოწონს?

 

ცოლი. გეებს მოწონთ.

 

ანდრია ლაფაჩი. მე მანდ არ ვარ, უკაცრავად!

 

ცოლი. შენზე არ ვამბობ, კაცო!

 

ანდრია ლაფაჩი. მე ქალებზე ვამბობ!

 

ქმარი. (ცოლს) ვითომ რატომ მოვწონვარ მარტო ამათ? სხვებსაც მოვწონვარ… (ანდრია ლაფაჩს – ცოლზე) შეშურდა ეხლა…

 

ანდრია ლაფაჩი. (გაღიზიანებული) მე არ ვიცი, ვინ ვის მოწონს და ვინ არ მოწონს, მე ეგ არ მაინტერესებს არანაირად, მაგრამ მე ის ვიცი, რომ უბრალოდ დიმა არის ობიექტურად ძალიან სიმპათიური პიროვნება და მეტი არაფერი… თან სხვების შეფასებებს გადმოგცემთ, ჩემსას არა…

 

ქმარი. ნუ აეჭვიანებ ეხლა ამ ქალს!   

 

ანდრია ლაფაჩი. იეჭვიანოს! 50 წლის ასაკში ასეთ ფორმაში იყოს მამაკაცი, – ქართველი მამაკაცი თან, ხაზს ვუსვამ – ესაა სრული ნონსენსი… რას გვანან ამისი თაობის კაცები, შეხედეთ! უიღბლობის და ფიზიოლოგიური პესიმიზმის ცოცხალი სიმბოლოები… თვალები ჩავარდნილი, კანი გამწვანებული, დაჭმუჭნული პოლიეთილენის პარკუჭის მსგავსი ფაშვი, სუნიანი თმა… მაგრამ ის კი უვლის თავს, ბოდიშს ვიხდი, 9 საათზე იძინებს, ვეგეტარიანელია, მარტო ჩვენს სისხლს სვამს, ცოლს მავზოლეუმს უშენებს და ჯიბეში უდევს მთელი ქვეყანა…

 

ქმარი. უკაცრავად, მაგრამ მე 49 წლის ვარ!

 

ანდრია ლაფაჩი. კიდე უკეთესი! (ცოლს) ჰოდა ეხლა არ დამცინოთ, მაგრამ, იცი, რატომ ვერ აგიტანა იმან (თვალებს მაღლა სწევს)? იმიტომ რომ, შენმა რეალიზებულობამ გააგიჟა!.. როგორც ქალის, როგორც ცოლის, როგორც ორგანიზატორის… იდეალური ქმარი – ქართული რეალობისთვის არაადეკვატურად კარგ ფორმაში, იდეალური შვილები და მე ვიტყოდი, გამომწვევი თავდაჯერებულობა…

 

ცოლი. და რა იცი, რომ ვერ ამიტანა? მშვენიერი ურთიერთობა მქონდა ბოლო დრომდე…

 

ანდრია ლაფაჩი. ბოლო დრომდე… ამაშია საქმე! ეგ ხომ ბოღმაა! დაუგროვდა და ვეღარ აგიტანა… ვარსკვლავებს ვერ იტანს თავის გვერდით… ნაცრისფერი და უბედური უნდა იყო, თუკი გინდა რომ რაღაცას მიაღწიო… მზარდები სძულს… რადგან თვითონ მარტოხელა, შურიანი და უსიყვარულოა… უფრო სწორად, შეუყვარებელი – ქალიშვილებსაც რომ არ უყვართ… ანუ ეგ ხომ ხვდება, რომ ძალაუფლების გამო უყვართ… თუ უყვართ კიდე! რაც უფრო მაღალ თანამდებობაზეა კაცი, მით უფრო მეწვრილმანე და გველაძუაა… ესაა პოლიტიკა!.. უნდა იყო მახინჯი და უბედური, უნდა გყავდეს სქელი და უშნო ქმარი, თუ მკვდარი იქნება – კიდე უკეთესი, – შენ ჯვარი გწერია, დიმა, – და ყველას უნდა ეზიზღებოდე, ყველას… მაშინ ეყვარები. მაშინ ისეთ პირობებს არ შეგიქმნიდა, წასვლა რომ მოგდომებოდა… წინ მიიწევ და მოგიძულა. მარტივია.

 

ცოლი. ვაიმე, არ მოვუძულებივარ ამ კაცს… მე თვითონ მოვდივარ – ზრდილობიანად, პატივისცემით და დელიკატურად…

 

ანდრია ლაფაჩი. იცი, რატომ მოვედი დღეს აქ? იცი?

 

ცოლი. დიმა მოგენატრა.

 

ანდრია ლაფაჩი. დიმაც, კი… და შენც. აღარ შემიძლია ამ ჭორების მოსმენა და ჩხუბი, დამაწყდა ნერვები… პლუს ჩემს რძალს ვეჩხუბე… მეთქი, აქ არ დავიძინებ, არც ბინას დაგიტოვებთ, მორჩა… ტუტუცი… უბნის პოლიტაგიტატორის დონე… მოკლედ, სხვა რაღაცა მაინტერესებს… დღეს უსმინე ხეჩინაშვილის რექვიემს? გამოგიტირა ქალმა… ჯვარი გწერია… (სამჯერ აფურთხებს) ჰოდა არ შემიძლია მე ეს… ანუ მე უნდა ვიცოდე, გესმის?! მე ასე ვცხოვრობ… მე უნდა ვიცოდე, რა ხდება ჩემი საუკეთესო მეგობრის ცხოვრებაში!.. მე აქ მოვედი, რომ დავსვა შეკითხვა: რატომ? რატომ ამბობს უარს ამხელა პრივილეგიაზე ჩემი საამაყო გოგონა?! პარტია, ეს კაცი, პერსპექტივა… შიდა რევოლუცია, შიდა ოპოზიცია… რატომ ხდება ამის უგულებელყოფა? რატომ?

 

ცოლი. იმიტომ.

 

ანდრია ლაფაჩი. “იმიტომ” პასუხი არ არის. ხალხი ჭორაობს და მე არ ვიცი, რა მოხდა… და მე კიდე ვერ ვიტან ამას… მე ეს მკლავს… ნუ იცინი, დიმა…

 

ცოლი. მარტივია, ანდრო… იმიტომ რომ წინასაარჩევნო ბრძოლა იწყება და ძალიან დიდი სიბინძურე წამოვა… განავალი…

 

ანდრია ლაფაჩი. მძღნერი, ანუ…

 

ცოლი. როგორც გინდა… ვჭამთ და არ ვთქვი.

 

ანდრია ლაფაჩი. და სულ ეს მძღნერი არ იყო? ჰო, უკაცრავად, მართლაც ვჭამთ… თეორიულად ოღონდ, რადგან მე არ ვჭამ საღამოობით… და ეხლა რატომ გავხდით ასეთი აზიზები და ჰიგიენურები? ეხლა რა გვეწყინა ამისთანა?

 

ცოლი. ეს სხვა დონის სიბინძურეა…

 

ქმარი. (ცოლს) ეხლა თავიდან არ მოყვე, ძალიან გთხოვ…

 

ანდრია ლაფაჩი. ესე იგი, მოარული ჭორები სიმართლეა?

 

ცილი. რა ჭორები?

 

ანდრია ლაფაჩი. …რომ შენ უარი თქვი.

 

ცოლი. რაზე?

 

ანდრია ლაფაჩი. აი, ამ სიბინძურეზე. ბინძურ საქმეებში თანამონაწილეობაზე…

 

ცოლი. მე არ ვიცი, რა არის ბინძური საქმეები… მე ის ვიცი, რომ აქვთ კომპრომატები ჩვენს ოპონენტებზე, რომელსაც ცხადია არჩევნებამდე გამოიყენებენ… და არ მომინდა, მე ვყოფილიყავი ამაზე რამენაირად პასუხისმგებელი… მარტივია…

 

ანდრია ლაფაჩი. გასაგებია. უკვე ყველაზე რაღაც აქვთ. ვისზე ქონდათ?

 

ქმარი. აჰა, მაინც ვერ მოითმინა, მარტო ეს აინტერესებს! (იცინის)

 

ანდრია ლაფაჩი. დიმა, მოგკლავ! ოდესმე დაგხვედრია წინ ჩემი ნათქვამი?

 

ქმარი. კი!

 

ანდრია ლაფაჩი. მე ვგულისხმობ – მნიშვნელოვანი რაღაც, თორემ სისულელეების გამო, ბოდიში, ბოქლომს ვერ დავიდებ პირზე, ამიტომ არ გვინდა ეხლა ეს ირონია… მე მოლაპარაკე კაცი ვარ და ვისაც ვუყვარვარ, ასეთი ვუყვარვარ… მაგრამ ზუსტად ვიცი, სად რა უნდა ვთქვა…

 

ცოლი. მოკლედ, რა მნიშვნელობა აქვს…

 

ანდრია ლაფაჩი. (დიმას) აი, უნდოდა თქმა, უნდოდა!.. და შენ ააცილე თემას… ხმას აღარ გაგცემ!.. (ცოლს) კარგი, ნუ მეტყვი სახელობით, მივხვდები ისედაც… ჩანაწერები აქვთ ანუ? ვთქვათ, სექსუალური კონტაქტის…

 

ცოლი. ვთქვათ რას ნიშნავს?

 

ანდრია ლაფაჩი. არა, ხომ შეიძლება იყოს მასტურბაციაც ან რაღაც სხვა…

 

ქმარი. მასტურბაცია კომპრომატია?!

 

ანდრია ლაფაჩი. დიმა, ძალიან სასიამოვნოა, ყველამ ნახოს, როგორ ანძრევს რომელიმე ცნობილი და ზნეობრივად მყარი პოროვნება?

 

ქმარი. ასე ბანაობაც კომპრომატია და მოფსმაც…

 

ანდრია ლაფაჩი. დიახ, ამიტომაც ვფსამთ საზოგადოებისგან ზურგშექცევით ან ინდივიდუალიზებულ სივრცეში და არა საჯაროდ!.. ესაა პირადი სივრცე… წერტილი!.. მაგრამ ის ხომ შეშლილია, მარტოხელა ბოღმის ბუკეტი, რომელიც შეიძლება ტუალეტშიც კი არ შედის, რადგან ბაქტერიების აკვრის ეშინია უნიტაზიდან!

 

ქმარი. გვისმენენ, ანდრო…

 

ანდრია ლაფაჩი. მომისმინონ, წაადგებათ! მე არც ვმალავ არაფერს, ღიად ვამბობ ამ ყველაფერს… ჩემი პოლიტიკური შეხედულებები ცნობილია… კარგი, ანუ შენ თქვი – კომპრომატების ომი არ გვინდა და იმათმა რა გითხრეს?

 

ცოლი. არ გინდა, ნუ გინდა.

 

ანდრია ლაფაჩი. არ გინდა, ნუ გინდა?

 

ცოლი. კი.

 

ანდრია ლაფაჩი. და ასე მარტივად დასრულდა ეს ყველაფერი?

 

ცოლი. მეტი რაღა მარტივად… (ქმარს, ღვინოზე) მჟავეა ეს… (იჭყანება)

 

ანდრია ლაფაჩი. გაგიშვეს, ჰო?

 

ცოლი. ანდრო, არჩევნების მერეც ხომ მინდა ცხოვრება.

 

ანდრია ლაფაჩი. დიმა, შენი ცოლი წმინდანია.

 

ქმარი. ვიცი.

 

ანდრია ლაფაჩი. …მაგრამ მე ცოდვილები უფრო მომწონს.

 

ქმარი. ეგეც ვიცი.

 

ანდრია ლაფაჩი. … და კომპრომატებიც ძალიან მიყვარს. არაფერი არ იცი შენ!

 

ქმარი. არც მინდა, ვიცოდე.

 

ანდრია ლაფაჩი. (ცოლს) ვისზე აქვთ, გაფიცებ, მითხარი… ჩემ ძმისშვილებს გეფიცები, ხმას არ ამოვიღებ. წარბებიანი?

 

ცოლი. ვინა?

 

ანდრია ლაფაჩი. სამი შვილით…

 

ცოლი. არ ვიცი…

 

ანდრია ლაფაჩი. გეია ვინმე და მალავს?

 

ქმარი. პედოფილია.

 

ანდრია ლაფაჩი. მართლა?

 

ცოლი. არა, ვაიმე… ესეც არაა მიზეზი, უბრალოდ რახან დაწერეს, ამიტომ ვთქვი, თორემ მილიონი სხვა პრობლემაა, რომელსაც ვერც მე ვეწყობი და ვერც ისინი ეწყობიან, არ მინდა ეხლა ამაზე გაუთავებელი ლაპარაკი… რაღაც ეტაპი დამთავრდა, მორჩა… კულტურული გაყრა.

 

ანდრია ლაფაჩი. უკულტურო საბაბით. მართლა ეს მაინტერესებს და ვამთავრებ – რახან ხმები დადიოდა, ამიტომ… გეი-თემა ფიგურირებს თუ არა? მოკლე პასუხი: კი ან არა.

 

ცოლი. არა.

 

ანდრია ლაფაჩი. მატყუებ.

 

ცოლი. მომისმინე, უმრავლესობით თუ არ შევლენ პარლამენტში ამ არჩევნებზე, – აბსოლუტურ უმრავლესობას არ ვგულისხმობ, ცხადია, – სავსებით რეალური ხდება… ზარია, ჰო?

 

ანდრია ლაფაჩი. (დაუფიქრებლად) ზზზ იყო, კი. (ცოლს) მერე!

 

ცოლი. მოიცა… (გადის)

 

ანდრია ლაფაჩი. რა კარგ რაღაცას ამბობდა, ჭკვიანურს და გაწყვიტა… რას ამბობდა, გამაგებინე?

 

ქმარი. უმრავლესობით თუ არ შევლენ, ძალაუფლებას კარგავენ… ძალიან ჭრელი ხალხია… დედა შვილს არ აიყვანს… ამიტომ ყველაფერზე წამსვლელია…

 

ანდრია ლაფაჩი. და მოკლან, არ შეიძლება? მოკლან ეს კაცი!

 

ქმარი. ვინ მოკლან?

 

ანდრია ლაფაჩი. აი, ეს არანორმალური… მოგვაშორონ, დიმა! იცი, რატომ? თუ ახლა არ…

 

აქაურობას კიდევ ერთი ქალი ემატება: ცოლი სტუმართან ერთად შემოდის. ანდრია ლაფაჩი უცებ ვერ ცნობს ინა ცისკარიძეს, თუმცა ცნობს თუ არა – იძაბება. ინა ცისკარიძე თავიდანვე დაძაბულია.

 

ქმარი. (დგება) ვაი!.. ეს გოგო საიდან?

 

ცოლი. სადარბაზოდან!

 

ქმარი. რა ხდება?

 

ცოლი. რა უნდა ხდებოდეს, სტუმარი გვყავს…

 

ქმარი. გადასარევი, კი ბატონო… მობრძანდით.  

 

ინა ცისკარიძე. (აქეთ-იქით იყურება, ღიმილით) შეცვლილია ხო რაღაცა?

 

ცოლი. სად? ა, კედელი მოვაშორეთ, ჰო. დიმა იგივეა. მეც.

 

ქმარი.  ინა, გვშია? ღვინოს დავლევთ?

 

ინა ცისკარიძე. არა, მადლობა, არ ვჭამ მე…

 

ქმარი. საერთოდ არ ჭამ თუ ჩვენთან არ ჭამ?

 

ინა ცისკარიძე. დილის ექვსი საათიდან ფეხზე ვარ და რას ვლაპარაკობ, მე თვითონ არ ვიცი. ცოლი რომ მოგტაცო ხუთი წუთით, შეიძლება?

 

ცოლი. სად უნდა მომიტაცო?

 

ინა ცისკარიძე. არსად… უბრალოდ ცალკე მინდა რაღაც გითხრა.

 

ქმარი. ტუალეტში შედით, წყალი მოუშვით და ვერავინ ვერაფერს ვერ გაიგონებს.

 

ცოლი. ხო მშვიდობაა, ინა?

 

ინა ცისკარიძე. კი, კი, დიდი და დაუსრულებელი…

 

ქმარი. ძალიან კარგი. წყლის მოშვება არ დაგავიწყდეთ.

 

ქალები გადიან.

 

ანდრია ლაფაჩი. (ხმადაბლა, ზიზღით) ეს ნაძირალა, მექრთამე… ბინძური ეს, ნაგვის გროვა… სოციალისტებიდან რომ გადახტა კონსტიტუციონალისტებში… გველისწიწილი… გაყიდული ჟურნალისტიკა! ამას თუ კიდე ჟურნალისტი ქვია!.. როგორ ბედავს აქ მოსვლას! აი, აქ… თქვენ სახლში… სამარცხვინო! ამათნაირების გამო ვართ ამ დღეში… ისეთი გალანძღული მყავს მე ეს… მიცნო, იმედია… მათხოვარი… სულგაყიდული მოღალატე!

 

ქმარი. რახან შენს ბელადს ვერ იტანს…

 

ანდრია ლაფაჩი. ეხლა ხომ გყავთ კარგი ბელადი! შეგერგოთ! იმან თავისი საქმე გააკეთა, შექმნილი დატოვა და ღირსეულად წავიდა… წარსულია უკვე და ვინც აფასებს, აფასებს. ეს ვინაა, საერთოდ? რა უნდა აქ?

 

ქმარი. თავს ნუ იღიზიანებ ეხლა…

 

ანდრია ლაფაჩი. მე უკვე დიდი ხანია გაღიზიანებული ვარ! გაბოროტებული და გაღიზიანებული!.. და ამ შენ ლამაზ თვალებს ნუ მიფახულებ ერთი, მაინც ვერ გამაჩუმებ!

 

გარდა იმისა, რომ ბუნდოვანება – მით უმეტეს, ამ ვითარებაში – აუტანლად დამღლელი და ნერვებისმოშლელია, რეალობას კიდევ უფრო მეტად ამძიმებს მარტო დარჩენის, მიღებული ინფორმაციის აღქმის და სამოქმედო გეგმის განსაზღვრის შეუძლებლობა, ყოველ შემთხვევაში, ადამიანს დიდი ნებისყოფა უნდა ჰქონდეს, რომ “ზედმეტ” ადამიანებს გაუძლოს ასეთ დროს… მაგალითად, ისედაც სკანდალურ სეირებზე მონადირე ანდრია ლაფაჩს…

 

ამ დროს, ანდრია ლაფაჩი, ცხადია, არც ფიქრობს წასვლაზე, ის სავარძელზე ჩამომჯდარა ღვინის ჭიქით ხელში და ქმარს მის მიერვე მოგონილი დიეტის წესებზე უყვება…

 

ანდრია ლაფაჩი. ყველაფერს ჭამ, გამძღარი ხარ, საერთოდ არ გშივდება… მაგრამ სითხეს არ აყოლებ არაფერს. აბსოლუტურად არაფერს! ეს სულ ტყუილია, რომ ბევრი წყალი უნდა სვა… არ უნდა სვა, დიმა, წყალი… წყურვილი – ჩვევაა, დიმა… ისედაც სულ სითხით ვართ სავსე და ვსკდებით ამდენი წყლით…

 

ანდრია ლაფაჩი დუმდება, რადგან ინა ცისკარიძე შემოდის. ცოლი – არა.

 

მართალია, სულ რამდენიმე წუთიღა გავიდა მას შემდეგ, რაც იმ ორმა ეს ორი დატოვა, მაგრამ ეს წუთები შესაძლოა სრულიად საკმარისი აღმოჩნდეს იმისათვის, რომ ცოლს სრულიად შეეცვალოს ცხოვრება.

 

მათი გასვლის შემდეგ ისეთი რაღაც ითქვა, რაც მოულოდნელ და უტიფრულ გამოხტომად იქნა აღქმული და რამაც მსმენელს უხერხულად აგრძნობინა თავი. უკან, ოთახში შემობრუნებული ცოლის გამომეტყველება სწორედ ამ უხერხულობაზე მეტყველებს… თუმცა ეს მხოლოდ ამ ეტაპზე.

 

ქმარი. (მხიარულად, გადაჭარბებული მხიარულებითაც კი) ცოცხლები ხართ? როგორ ხართ?

 

ინა ცისკარიძე. ყველაზე კარგად.

 

ანდრია ლაფაჩი. (ჩანს – და ამას არც მალავს – რომ ინა ცისკარიძე აღიზიანებს) ყველაზე კარგად ნიშნავს ყველას ჯინაზე კარგად.

 

ინა ცისკარიძე. (ანდრია ლაფაჩს) რა ბრძანეთ?

 

ქმარი. რა ხდება? მშვიდობაა?

 

ინა ცისკარიძე. ჩვენთან? კი… დავალაგეთ ყველაფერი.

 

ანდრია ლაფაჩი. დიმა, ცოტა დამიმატე, გეთაყვა. გადავწყვიტე, რომ დღეს გამოვტყვრე და ყველაფერი ვთქვა, რაც ენაზე მომადგება. დღეს ბოროტი ვარ.

 

ცოლი. მაინც და მაინც დღეს ნუ იზამ ამას, ძალიან გთხოვ… დიმა, შეიძლება ერთი წუთით გამოხვიდე?

 

ქმარი. სად?

 

ცოლი. იქით…

 

ქმარი. რატომ?

 

ცოლი. მჭირდები.

 

ქმარი. და აქ ვერ გამოგადგები? ინა, რა უთხარი ჩემს ცოლს ასეთი?

 

ცოლი. ადგომა გეზარება?

 

ანდრია ლაფაჩი. ხალხო, სად გადიხართ ასე რიგრიგობით? თუკი მე ვარ ზედმეტი, პირდაპირ მითხარით და წავალ, რა პრობლემაა…

 

ცოლი. რაღაც გაიჭედა იქით და დიმა მჭირდება… კაცის ხელები…

 

ანდრია ლაფაჩი. კაცის…

 

ცოლი. კი.

 

ინა ცისკარიძე. მართლა გჭირდება?

 

ცოლი. რა?

 

ინა ცისკარიძე. ანუ საჭიროა ეს?

 

ცოლი. კი, კი… ასე ჯობია…

 

ქმარი. რა? რა ენაზე ლაპარაკობთ, გადავირიე…

 

ანდრია ლაფაჩი. ესაა ქალების ენა – დაშიფრული და სახიფათო. ამიტომ ვერ ვიტან ამ ქალურ კონსპირაციებს… (ხმადაბლა, ირონიით) და ვერც ქალებს ვერ ვიტან… დიმა, დამისხი ცოტა და გახსენი ის, რაც გაჭედილია. მე ვთვრები და ყველას ვაფრთხილებ, რომ ვხდები უაღრესად აგრესიული.

 

ინა ცისკარიძე. უი, ამ ბატონთან დარჩენა საშიში ყოფილა, მარტო არ დამტოვოთ.

 

ქმარი. (ინას) რა უთხარი ამ ქალს ასეთი, სად მივყავარ?

 

ანდრია ლაფაჩი. პროვიკაციას ნუ წამოვეგებით. ჩვევიათ ზოგ-ზოგიერთებს…

 

ინა ცისკარიძე. ზოგ-ზოგიერთებს შეურაცხყმყოფელი და უსამართლო თავდასხმებით სჩვევიათ საჯარო ადგილებში მოღალატე-მოღალატეს ძახილი…

 

ანდრია ლაფაჩი. ენისმოჩლექით ვერ დავიწყებ ლაპარაკს, მით უმეტეს, ჩემ ტერიტორიაზე, ჩემი უახლოესი მეგობრების სახლში, როცა ვხედავ, რას უშვებიან ამ საწყალ ქვეყანას…

 

ინა ცისკარიძე. ჰო, ამ ქვეყანას მარტო ერთი ბელადი გადაარჩენდა… რა ადვილია ასე ცხოვრება, როცა ზუსტად იცი, რომ აი, ესა და ეს პიროვნება ყველა პრობლემას მოაგვარებს ქვეყანაში…

 

ცოლი. სიტყვა პიროვნებაზე უკვე ალერგია მაქვს.

 

ქმარი. რაზე?

 

ცოლი. არაფერზე…

 

ანდრია ლაფაჩი. ბელადები თქვენკენ მოიკითხეთ, თორემ მე ბელადი არ მყავს, მე პატრიოტიზმს, პრინციპულობას და იდეალიზმს ვცემ პატივს და თუკი ჩემი და რომელიმე პოლიტიკოსის შეხედულებები ემთხვევა ერთმანეთს, ბოდიშს ვიხდი, სულ არ მომერიდება, ღიად დავუჭირო მხარი, თორემ ინტერესების დამთხვევის გარეშე რად მინდა – ჯვარი კი არ მაქვს ვინმეზე დაწერილი… ოღონდ ეს პირადი ინტერესი კი არაა, როგორც დღეს აქვთ, ფულს რომ უხდის ჩვენი დიადი გენიოსი თავის პროპაგანდისტებს… მოსყიდულ ჟურნალისტებს, მათ შორის… სამმაგად მოგთხოვთ უკან, სამმაგად…

 

ინა ცისკარიძე. (ცოლს) წავალ მე, კარგი?

 

ცოლი. სად წახვალ? მოიცა… ჩახედე ტელეფონს!..

 

ინა ცისკარიძე. რას?

 

ანდრია ლაფაჩი. ტელეფონს…

 

ცოლი. აკონტროლე ანუ… მოიცა… (ანდრია ლაფაჩს, მკაცრად) მორჩი ეხლა ამ კბენებს! არ მაინტერესებს მე პოლიტიკა! არ შეიძლება, რომ სახლში მაინც არ ვეხებოდეთ ამ თემებს?! არ მინდა… დამასვენე, ერთი წამით…

 

ანდრია ლაფაჩი. უკაცრავად, მაგრამ რა ტონით მელაპარაკები?

 

ცოლი. ძალიან ჩვეულებრივი ტონით გელაპარაკები, როგორ უნდა გელაპარაკებოდე?!

 

ქმარი. (ცოლს) რა გჭირს, რა დაგემართა შენ?

 

ცოლი. არაფერი! (ანდრია ლაფაჩზე) იჯდეს ეს აქ… (ინა ცისკარიძეს) შენ – აქ… მოიცა, დაგისხამ ეხლა რამეს…

 

ინა ცისკარიძე. არ მინდა. (ჯდება, სადაც უთხრეს)

 

ცოლი. ძალიან უჩვეულო რაღაც ხდება რეალურად… მართლა… და, ვიცი, რაღაც უაზროდ ვლაპარაკობ, მაგრამ ეს რეალობა უნდა შევინარჩუნოთ… ანუ უნდა გავიაზრო რაღაცა… და მეცით ცოტა ხნით პატივი. ანდრია წინა ხელისუფლების მხარდამჭერია, ინა ვერ იტანდა იმ ხალხს, მაგრამ ეხლა ეს აღარაა აქტუალური, ამიტომ ამაზე ნუ ვილაპარაკებთ… ქაოსი არ მინდა… დიმა, მოდი აქ შენ, ჩემო კარგო…

 

ქმარი. (ნაძალადევი ღიმილით. ინას) რამე დაალევინე ამ ქალს?

 

ინა ცისკარიძე. კი, უკვდავების წამალი.

 

ცოლი. ჰო, აი ზუსტად… (დიმას) მოდი ჩემთან…

 

ცოლი და ქმარი გადიან.

 

ანდრია ლაფაჩს დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ინა ცისკარიძისთვის მსუბუქად მაინც მიეყენებინა შეურაცხყოფა, მაგრამ ცოლის სიტყვებმა და ქცევამ დააბნია და ამიტომ დაძაბული და დაბნეულია. ნაწყენიც იყო (მართლა არ მოეწონა თავისი მეგობრის ტონი) და შესაძლოა უფრო მეტადაც სწყენოდა რამე, რომ არა იმის ბოლო რეპლიკები.

 

ინა ცისკარიძე. პირველად ვარ ოთახში მარტო ყოფილი პრეზიდენტის თაყვანისმცემელთან ერთად.

 

ანდრია ლაფაჩი. გილოცავთ. მე კიდე ამ ჯოჯოს მხარდამჭერ ჟურნალისტთან ერთად ვარ პირველად.

 

ინა ცისკარიძე. მე არავის მხარდამჭერი არ ვარ…

 

ანდრია ლაფაჩი. არ გეწყინოთ, ინა, მაგრამ არ ვენდობი ეროვნულ ამორალურ ჟურნალისტიკას.

 

ინა ცისკარიძე. ჩემი სახელიც გცოდნიათ…

 

ანდრია ლაფაჩი. გიცნობთ ზოგადად… და ამათგანაც გარკვეული პრობლემური კუთხით… და გამილანძღიხართ კიდეც საჯაროდ… სოციალურ ქსელებში, ასე ვთქვათ… თქვენი პოზიციის გამო…

 

ინა ცისკარიძე. ხშირად მლანძღავთ?

 

ანდრია ლაფაჩი. ძალიან ხშირად – არა, ამდენ დროს ნამდვილად არ გითმობთ, როგორც წესი, თქვენს ლანძღვას უფრო ვისმენ, მაგრამ როცა ამას ვაკეთებ, არ გზოგავთ, გთათხავთ და გამხელთ, რადგან არ მჩვევია ჩემთვის მიუღებელი ადამიანის დანდობა… ბავშვობიდან ასეთი ვარ, არ მიყვარს თამაში…

 

ინა ცისკარიძე. არ გეწყინოთ, მაგრამ აბსოლუტურად არ მაინტერესებს, როგორი იყავით ბავშვობაში. ეს ის სფეროა, რომელიც მართლა ფეხებზე მკიდია.

 

ანდრია ლაფაჩი. ბავშვობიდან ასეთი ვიყავი-თქო, გენაცვალე, ჩემ ბავშვობაზე კი არა, საერთოდ არაფერზე არ ვაპირებ ისეთ ადამიანთან ლაპარაკს, ვინც არც მესიმპათიურება და ვისაც არანაირად არ ვენდობი.

 

ინა ცისკარიძე. როგორ ემსგავსებით ფანატიკოსები თქვენს კერპებს: რაც ბელადია, მისი ფანატიკოსი მრევლიც ისაა…

 

ანდრია ლაფაჩი. ბანალობის სიბრძნე. აღტაცებული ვარ ამ უნიკალური დაკვირვებით. მე არავის მრევლში არ ვყოფილვარ არასდროს – მე იქ ვარ, სადაც ქვეყანას არ ღალატობენ, საერთოდ არც იციან ღალატი და ტყუილი რას ნიშნავს და მცდელობა მაინც არის, მცდელობა, რომ პროგრესისკენ იმოძრაონ… და განავალში არ ჩაეფლონ კისრამდე.

 

ინა ცისკარიძე. განავალში არა, მაგრამ პროგრესის სახელით სისხლში უნდა ჩაახშონ ოპონენტები და მერე ტაშიც უკრან იდიოტმა თაყვანისმცემლებმა: დედა, რა წინსვლაა, დედა, ჩვენ თვალწინ ისტორია იქმნება…

 

ანდრია ლაფაჩი. ერთი რეალური მიცვალებული მაინც დადონ, ერთი პატარა გვამი, სულ ერთი ცალი, ვის სიკვდილშიც ყოფილ ხელისუფალს უშუალოდ მიუძღვის ბრალი… შეკვეთილ სტატიებში რომ ავრცელებთ ჭორებს… აბსტრაქტული მკვლელები და აბსტრაქტული მოკლულები… ნუ უგონებთ არარსებულ დანაშაულებს, როცა მთელი სამყაროა ფარისევლობის და დანაშაულთა ჭაობშია ჩაძირული… ვერ აიტანეთ თქვენზე ნიჭიერი და ძლიერი რომ იყო და საზიზღრობების დაბრალება დაუწყეთ… ჩვენ ხომ ბოღმა-ერი ვართ: ნაძირალას, ნაცრისფერს და უნიჭოს ვიტანთ მმართველად და ნათელს, ქარიზმატულს და მართლა გენიალურს რაღაც კუთხით – ვერა… წავიდა ის კაცი, წავიდა… აღარც ძალაუფლება აქვს და აღარც არაფერი… ეხლა რატომ არ ხართ ბედნიერები? ეხლა ვინ გიშლით, გენაცვალე, ხელს, რომ ხალისიანად და ლაღად იცხოვროთ თქვენს სამოთხეში იცხოვროთ?!

 

ინა ცისკარიძე. მე გენაცვალე არ ვარ… ამათაც ისევე ვლანძღავ, როგორც წინა მთავრობას ვლანძღავდი…

 

ანდრია ლაფაჩი. ამათ – ზრდილობიანად ოღონდ, ძალიანაც რომ არ გაბრაზდნენ… ვინ სად იყო და როგორ ჩანდა, არ დაიმალება არასდროს…

 

ინა ცისკარიძე. ბოდიში, თქვენ ცოლი გყავთ?

 

ანდრია ლაფაჩი. რას ნიშნავს – ცოლი მყავს თუ არა? ან ბოდიში რა შუაშია?

 

ინა ცისკარიძე. არაფერს, უბრალოდ მაინტერესებს, გყავთ თუ არა ცოლი?

 

ანდრია ლაფაჩი. ეს არაა თქვენი საქმე. ან ცოლის ყოლა თქვენთვის რატომ არის პრობლემა?

 

ინა ცისკარიძე. ქმრებისგან იმედგაცრუებულ ქალებს უყვარდებოდათ ხოლმე პოლიტიკური ლიდერები და დამაინტერესა, აქაც იგივე პრობლემა ხომ არაა? რა, კაცებს არ შეიძლება გული აუცრუვდეთ ქალებზე?

 

ანდრია ცისკარიძე. შენ თავხედი ხარ, ჩემო კარგო, და პლუს პროვინციალური აზროვნების… ზიგმუნდ ფროიდი დამწყებებისთვის… რას გავხართ მართლა… რად უნდა ამას…

 

ოთახში ქმარი ბრუნდება – მშვიდი სახით, საიდანაც თითქოს ღიმილი უნდა წარმოიშვას, ან ცოტა ხნის წინ იღიმებოდა და აქ შემოსვლის დროს გაუქრა. უკან – ცოლი…

 

ქმარი. ჰა, დახოცეთ ერთმანეთი?

 

ანდრია ლაფაჩი. არა, ძალიან სასიამოვნო საუბარი გვქონდა. ბევრი რამე გავარკვიეთ. შესაძლოა ეს უზრდელურად ჩანდეს ჩემი მხრიდან, მაგრამ გულწრფელად უნდა ვთქვა, რომ უცნაური გამოცდილება მივიღე – და ეს გამოცდილება ახლაც გრძელდება, სხვათა შორის: მე ჩემს იდეოლოგიურ, ზნეობრივ, ფსიქოლოგიურ, ადამიანურ, – რა ვიცი, სქესობრივ მტერთან ერთად ვარ თქვენი სახლის ჭერქვეშ… მაგრამ ეს მას არ შერჩება, გპირდე…

 

ცოლი. ანდრო, გეხვეწები…

 

ანდრია ლაფაჩი. (ცოლს) იცი, მე მინდა ახლა აქედან წასვლა, მაგრამ არ წავალ… ამ დროს, ვგრძნობ, რომ აქ ან მე უნდა დავრჩე ან ეს ქალბატონი… ხომ მაქვს ზოგიერთის აზრით გრძელი ენა და ხომ არის ზოგადად მიჩნეული, რომ მწარე რაღაცეების თქმა შემიძლია?!.. ჰოდა აი, არ არის ასე… სინამდვილეში, მე არ შემიძლია შეურაცხყოფა მივაყენო ადამიანს… ანუ აი, ასე წინ მეჯდეს და ვლანძღო, ამას ვგულისხმობ, – ეს არ შემიძლია… მე შემიძლია ლანძღვა-გინების საჯაროდ დაწერა, მიწერაც, ვთქვათ, ობიექტისთვის, მაგრამ არაფრით არ გამომდის თვალებში ყურება და უშვერი სიტყვებით მიძახება… ეს არაა ჩემი ბუნება… თუმცა ახლა ვგრძნობ, რომ სწორედ ის წუთები დგას ჩემ ცხოვრებაში, როცა იდეოლოგიურ და სოციალურ მტერს პირში უნდა მივახალო ყველაფერი, რასაც მასზე ვფიქრობ… თან პირველად იმ საზიზღარი არჩევნების მერე… შვიდი წლის თავზე… და არა მხოლოდ არჩევნების გამო… და, ვიცი, ეს შენც ძალიან…

 

ქმარი. ანდრო…

 

ანდრია ლაფაჩი. …შვიდწლიანი დაბოღმილობის შემდეგ, ჩვენი, შენი, ჩემი, დიმას დამცირებულობის გამო…

 

ქმარი. შეიძლება რაღაც…

 

ანდრია ლაფაჩი. ერთი წუთით, დიმა, მივდივარ… პროვინციალიზმის სიმბოლო – ის ანტიცივილიზაციური სადისტი რომ დაგვასვეს თავზე… ავადმყოფი… გიენა… ჩვენი შემარცხვენელი… სისხლისმსმელი ლოკოკინა!.. ღორის სოლიტერი… პირდაპირი მნიშვნელობით, ფაქტობრივად… ხომ მიიღეთ ნაოცნებარი სიმდიდრე ისტორიული ინფლაციის სახით?! ეს ნაგავი…

 

ქმარი. გაჩუმდი, ერთი წუთით!..

 

ანდრია ლაფაჩი. მე მიყვირი, დიმა?

 

ქმარი. კი, შენ, ერთი წუთით გაჩუმდი…

 

ანდრია ლაფაჩი. ჰო, შენ კი უნდა გამაჩუმო, აბა რა… კარგი… ძალიან ვწუხვარ, რომ აქ მოვედი საერთოდ… ჩემი ფეხი აღარ იქნება… მართლა… ღმერთმა შეგარგოთ… ჯერ სადა ხართ… თუმცა არა უშავს – მალე მეც გავიცინებ… ძალიან მალე…

 

დგება. ქმარი უახლოვდება და სავარძლისკენ უბიძგებს ანდრიას.

 

ანდრია ლაფაჩი. რას აკეთებ?

 

ქმარი. არ შეიძლება, რომ შენ არ იყო ცოტა ხნით აქტუალური?

 

ანდრია ლაფაჩი. დიმა, გაიწიე, გემუდარები… ვერ ვიტან, როცა იმას არ მაკეთებინებენ, რისი გაკეთებაც მინდა… კლაუსტროფობია მაქვს…

 

ქმარი. მიპასუხე, ხარ თუ არა ჩვენი მეგობარი?

 

ანდრია ლაფაჩი. გამიშვი, დიმა…

 

ცოლი. დიმა, რა გინდა?

 

ქმარი. მითხრას, არის თუ არა ჩემი მეგობარი? თუ ეგოისტია და საკუთარი თავის გარდა არაფერი არ აინტერესებს? თუ არ აინტერესებს, ჰა, ლანძღოს ეს ქალი… მიდი…

 

ანდრია ლაფაჩი. დიმა, მთვრალი ხარ შენ, ეს მე საერთოდ არ მეხება…

 

ქმარი. ჩემ ცოლს სექსი ქონდა ვიღაც კაცთან, არსებობს ჩანაწერი, რომელიც შეიძლება ინტერნეტში გაავრცელონ, მაგრამ ჯერ არ გაუვრცელებიათ. გვაშანტაჟებენ, გაიგე შენ?!

 

პაუზა. ხმას არავინ იღებს. ანდრია ლაფაჩი რაღაცნაირად გაშეშებული, ერთიანად დაჭიმული ებჯინება სავარძლის საზურგეს.

 

ინა ცისკარიძე. (ხმადაბლა) არა…

 

ქმარი. რა არა?

 

ინა ცისკარიძე. ეს არაა დადასტურებული…

 

ქმარი. ჩანაწერის არსებობა თუ კაცის?

 

ცოლი. დიმა, ნუ აწყვილებ, რა, ამ ორ თემას…

 

ქმარი. თემებს არ ვაწყვილებ, თქვენ გაწყვილებთ.

 

ცოლი. არაფერი არ არსებობს…

 

ქმარი. კაცის გარდა…

 

ცოლი. ვისზე ამბობ?

 

ქმარი. იმ კაცზე, ვინც ჩანაწერშია.

 

ცოლი. თუ ჩანაწერი არსებობს, ესე იგი, კაციც არსებობს…

 

ქმარი. მე მირჩევნია კაცი არსებობდეს და არა ჩანაწერი. ამას პირდაპირ ვამბობ.

 

ცოლი. კი, მაგრამ ეს არაა რეალური პრობლემა.

 

ქმარი. რა?

 

ცოლი. კაცი.

 

ქმარი. ზოგადად – არის…

 

ცოლი. ქმრები ხვდებიან, როცა ცოლებს სხვა კაცები ყავთ. შენ კი უნდა გცოდნოდა… და იცოდი კიდეც. ამას ღიად ვამბობ.

 

ქმარი. ჩემ მაგივრად ნუ ლაპარაკობ.

 

ცოლი. უბრალოდ იმას ვამბობ, რასაც შენ არ იტყვი. მაგრამ არც ესაა მნიშვნელოვანი.

 

ქმარი. მე ვიცი, რა არის ეხლა მნიშვნელოვანი და რა არა. მნიშვნელოვანია გარკვევა, მეტი არაფერი…

 

ცოლი. რისი გარკვევა, დიმა?

 

ქმარი. იყო თუ არ იყო კაცი, ამის გარკვევას არ ვგულისხმობ, იყო, ვთქვათ, და ეს სხვა საკითხია, გასარკვევია, ზოგადად, რა ხდება… მე კაცი არ მაინტერესებს.

 

ინა ცისკარიძე. ხალხო, ძალიან გთხოვთ…

 

ქმარი. ჩვენ არ ვჩხუბობთ, ინა, და არ მჭირდება ეხლა ეს ინტონაცია… ვითომ მუდარა… რამე მეტყობა, რომ ვჩხუბობდე? ნაღალატევი ქმრის კომპლექსი რომ მქონდეს, არც ვიტყოდი არაფერს, გამოვედი და გამოვაცხადე, მორჩა. და სხვაგანაც ვიტყვი, თუ საჭირო იქნება… მაგრამ, იმედია… არ იკადრებენ. ან იკადრებენ, არ ვიცი… ჩვენ კიდე გავერკვევით როგორმე… შემთხვევით არაფერი ხდება…

 

ანდრია ლაფაჩი. (ძალიან ხმადაბლა, თვალებდახუჭული, ისე ლაპარაკობს, თითქოს ეტირებოდეს) ვაიმე, დიმა, შეიძლება წავიდე? ალბათ, ახლა მარტო დარჩენა გჭირდებათ…

 

ქმარი. არა.

 

ანდრია ლაფაჩი. არ გინდა, რომ დაგტოვოთ? ისე უხერხულად ვგრძნობ თავს… (ადგომას აპირებს)

 

ქმარი. დაჯექი. წახვალ და მოგკლავ.

 

ანდრია ლაფაჩი. რას იზამ?

 

ქმარი. მოგკლავ, რადგან ილაპარაკებ. ენას ვერ აჩერებ შენ.

 

ანდრია ლაფაჩი. რას ნიშნავს – ენას ვერ აჩერებ?! რა უნდა ვილაპარაკო, დიმა, დეგენერატი კი არ ვარ!

 

ქმარი. ვერ მოითმენ…

 

ანდრია ლაფაჩი. და რა არის რო სათქმელი? ან შენ რა თქვი…

 

ქმარი. რაც მითხრეს, ის ვთქვი.

 

ანდრია ლაფაჩი. მე არაფერი გამიგონია…

 

ქმარი. გადასარევად გაიგე, რაც ვთქვი.

 

ანდრია ლაფაჩი. და რატომ თქვი მერე? არა, მართლა არაფერი არ გითქვამს რეალურად… და თუ თქვი, თქვენვე გაარკვევთ ყველაფერს, უჩემოდ… თქვა რამე?

 

ქმარი. მე ვთქვი, რომ სავარაუდოდ არსებობს ჩანაწერი, სადაც ჩემ ცოლს სექსი აქვს ვიღაც კაცთან და შეიძლება ეს ჩანაწე…

 

ანდრია ლაფაჩი. (აწყვეტინებს) ნუ იმეორებ ამ სისულელეს! ბოდვაა რაღაცა… ვის უჯერებთ, ჯერ ერთი? რა ინტრიგებია, ვის ნათქვამს იმეორებთ? ტყუილა არ ვიჩხუბე მე ცოტა ხნის წინ… რანაირად უნდა ყავდეს კაცი ამ ქალს? რეებს იმეორებ?! გიჟდება შენზე, ისე უყვარხარ… კიდე ვერ ხვდები…

 

ქმარი. არ ყავს, კარგი. მაგრამ, ვთქვათ, ყავდა… მერე?!

 

ანდრია ლაფაჩი. არ ყავდა არავინ! თავს დავდებ… ზუტად ვიცი…

 

ცოლი. ეს არაა მთავარი… ვთქვათ, მყავდა, ჰო…

 

ანდრია ლაფაჩი. ხმა!.. არ გყავდა!.. მე გავიგებდი, ყოველ შემთხვევაში…

 

ქმარი. არაფერი შენ არ იცი, ანდრო…

 

ანდრია ლაფაჩი. (ქმარს) ჯიბრით ამბობს… გაღიზიანებს. მსუბუქად კრიზისული ფონი გაქვთ ოჯახში… აგერ, მე ჩემ რძალს ვეჩხუბე – ქათმისტვინას… და ზოგადადაც კონტექსტია რთული… არჩევნებამდე. ამ სახლშიც მძიმე ენერგეტიკაა ამწუთას, ტანით ვგრძნობ… და მთელ ქვეყანაშიც დიდი სიმძიმეა… ჭკუიდან გადაგვიყვანეს ხალხი… სტრესულია ეს ყველაფერი და ჩვენს ფსიქიკაზე აისახება. პოსტ-კოლონიური ტრავმებია… ასევე – პოსტ-ომის ტრავმები… თან ეს არამზადა გვაზის თავზე და სისხლს გვწოვს. ეს ცილისწამებაა, გზაფრავენ, რადგან სხვა პარტიაში გადადიხარ… მე არ მგონია, რომ იქ, სადაც გადადიხარ, სერიოზული პოლიტიკური წონა აქვთ… თქვენ იცით – ნამდვილი ოპოზიცია მხოლოდ ერთია ჩვენს ქვეყანაში, – მაგრამ მაინც შეეშინდათ… და კიდევ ბევრს შეაშინებენ…

 

ინა ცისკარიძე. კი, მოიგონებენ რაღაც ტყუილს და გაავრცელებენ… ეხლაც ასეა…

 

ანდრია ლაფაჩი. ინა, არ მინდა დავიჯერო, რომ ის, რაც დიმამ თქვა, თქვენ მიერ მოტანილი ინფორმაციაა?!

 

ქმარი. იჯექი…

 

ანდრია ლაფაჩი. კაცო, დამიბუჟდა ფეხი… დიმა, ნუ მაშინებ შენ მე! შენ ეხლა შოკირებული ხარ, პლუს ნასვამი და ჩემკენ უშვებ აგრესიას…

 

ქმარი. არ ვარ არანაირად აგრესიული! უბრალოდ არ მინდა, რომ წახვიდე და ილაპარაკო! შენ კიდე ილაპარაკებ…

 

ცოლი. ჰოდა არ უნდა მოგეღო მაშინ შენ თვითონ პირი, თუ არ გინდოდა, რომ ანდროს ან ვინმეს ელაპარაკა – რომ გამოხტი და გადმოაგდე ენა!

 

ქმარი. მოიცა… გამოვხტი რა, არსად არ გამომხტარვარ… ჯერ ერთი, ეს იმიტომ ვთქვი, რომ შენთვის მეჩვენებინა, როგორ მკიდია ფეხებზე, ვინ რას იტყვის ზოგადად ამ თემაზე… ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი ჩანაწერს გაავრცელებენ, ეს უდაოდ… სამომავლოდ… ანუ ეს იყო გენერალური რეპეტიცია ჩემი მხრიდან… მაგრამ ეხლა, ბოდიში, ცოტა შოკშიც ვარ, როცა ღიად  მეუბნები, რომ შეიძლება იყოს ჩანაწერი და შეიძლება იყოს კაციც… შოკშიც აღარ ვიყო?!

 

ანდრია ლაფაჩი. გამორიცხულია! რა კაცი, რის კაცი!

 

ქმარი. კაცი არაა გამორიცხული, ჩანაწერი – დიდი იმედი მაქვს! (ცოლს ჭიქას უწვდის) ყინული ჩამიგდე, გეხვეწები…

 

ცოლი. (ართმევს ჭიქას) ნუღარ სვამ!

 

ქმარი. შოკში ვარ! ინა, წესით, თავი უნდა მომეჭრა შენთვის, როგორც ცუდი ამბის მომტანისათვის.

 

ინა ცისკარიძე. (ჩაჰყურებს ტელეფონს) მიდი, მომაჭერი.

 

ცოლი. (ინას) დადეს რამე?

 

ინა ცისკარიძე. არა, არა… არ დადებენ არაფერს. შეგვამოწმეს.

 

ანდრია ლაფაჩი. ფსიქოლოგიურ ტერორში გვამყოფებს ის პათოლოგი!.. უკვე მზად ვართ, ყველანაირი სიბინძურე დავიჯეროთ ერთმანეთზე… დარწმუნებული ვარ, ცოლიც თვითონ მოკლა… მალე ეკლესიების შენებას დაიწყებს იმ უბედური ქალის სახელზე!.. ნეკროფილი… ალბათ, მკვდარს აუპატიურებდა…

 

ცოლი. ანდრო, გეხვეწები, არ გინდა…

 

ანდრია ლაფაჩი. …აღარც ვლანძღო? ვითომ დიდი წმინდანი… ქალიშვილების აღმზრდელი… სინამდვილეში, ვერ იტანს ქალებს… სძულს კაცების და ქალების ნორმალური ურთიერთობები… პანიკაში ვარდება, როცა ესმის, რომ შეყვარებულებს ან ცოლ-ქმარს სექსი აქვთ ერთმანეთთან… იმიტომ რომ იბოღმება… იმპოტენტი!.. ეზიზღება კაცი რო კაცთან წევს… ბოდიში, ქალთან… სძულს ოჯახური სიმყუდროვე… რადგან თვითონ არ აქვს… როგორც სტალინს სძულდა, ხალხო… ამის მეტი რა ვიცი, ლექციებს ვკითხულობ უნივერსიტეტებში… ცოლი თვითმკვლელობამდე მიიყვანა, ჯერ შეყვარებული გადაუსახლა ქალიშვილს, მერე ქმარს გააშორა… მოკლე კაბების ჩაცმას უკრძალავდა… ცოლს ყველა ნათესავი დაუჭირა… ესეც ეს მოდგმაა…

 

ქმარი. თუ ეს სიმართლეა, ღალატისთვის სჯის… მე ვაპატიე, ის არ პატიობს. ვიღაცამ ხომ უნდა დაიცვას მამაკაცების ღირსება.

 

ანდრია ლაფაჩი. დიმა, ნუ გაქვს საზიზღარი ენა, ნერვებს მიშლი…

 

ქმარი. მართლა ვპატიობ, არ ვხუმრობ!..

 

ანდრია ლაფაჩი. არაფერი არ აქვს შენ ცოლს საპატიებელი, ბოდიში მოიხადე!

 

ქმარი. თვითონ მითხრა თხუთმეტი წუთის წინ, რომ შეიძლება მისი და ვიღაც კაცის სექსის ჩანაწერი არსებობდეს, მე კი არ ვიგონებ!

 

ანდრია ლაფაჩი. იგონებ!

 

ქმარი. მე ვიგონებ?

 

ანდრია ლაფაჩი. ის იგონებს!

 

ქმარი. არა, არ იგონებს… მაგრამ მის გვერდით ვარ.

 

ცოლი. ამას ვაფასებ… მადლობა, სიყვარულო… მაგრამ პატიება არ მჭირდება. (სვამს ქმრის ჭიქიდან)

 

ქმარი. ნუ მისვამ…

 

ცოლი. და თუ არის ვიღაცა, ვიღაცა მართლა არ იქნება… მე ვიღაცები არ მომწონს…

 

ინა ცისკარიძე. კარგი, არ გინდა…

 

ცოლი. რა არ მინდა! რომ წყინდეს, კი არ ვიტყოდი… გადასარევად შევასწავლეთ ერთმანეთს, როგორ უნდა დავხუჭოთ თვალები!.. აქ სხვა რაღაცაა უცნაური:  სახელმწიფო მორალისტობს და არა ქმარი ან ცოლი… ანუ სიმბოლური ქმარი, ინა, კრებსითი თუ როგორც არის… ის მაკონტროლებს და არა დიმა… დიმა ჩემი ძმაკაცია… რომელიც, წესით, ყველაფერს უნდა მიმხვდარიყო… და ალბათ ხვდებოდა კიდეც… თავს ნამდვილად არ ვიზღვევ ეხლა…

 

ქმარი. მეგობრებო, ჩემი თავმოყვარეობა უდიდეს გამოცდას გადის, რომ იცოდეთ…

 

ანდრია ლაფაჩი. ბავშვები ხართ ორივე!.. ორი შტერი ნამდვილი… ეს სად მოვხვდი, გამიშვით… რაღაცა სისულელეს ვესწრები… (ძალით იცინის)

 

ცოლი. (ანდრია ლაფაჩს) მართლა ასეთი დიდსულოვნები კი არ ვართ, ბიჭო, ან ეგ კი არაა ასეთი სუპერ-ლიბერალი… უბრალოდ რა უფლება აქვს, რამე მომთხოვოს?! არანაირი…

 

ქმარი. ეს გაბრაზებულა, მეგობრებო… ამ დროს, წესით, მე უნდა ვბრაზობდე, არა?

 

ანდრია ლაფაჩი. (ცოლს) ნუ ლაპარაკობ სისულელეებს!

 

ცოლი. კი არ ვსაყვედურობ, კაცო… და გავბრაზდი, ჰო, უცებ მეწყინა ეხლა, ჩემი თავმოყვარეობა უდიდეს გამოცდას გადისო რომ თქვა… ვაიმე, მეც მაქვს ეს თავმოყვარეობა! დღეს რომ გაახსენდა ყველას…

 

ქმარი. შენი აზრით, არ უნდა გამხსენებოდა?

 

ცოლი. შენი ჭირიმე, მაშინ რატომ არ გაგახსენდა, ერთდროულად რომ გყავდა ორი თუ სამი ცოლი?! ვინ დაიწყო? რა კარგია… კაცია და ეკუთვნის!

 

ანდრია ლაფაჩი. ადამიანო, რა გჭირს? ტვინი, ტვინი… მთვრალი ხარ… (თვალებით ანიშნებს რაღაცას – ვერ გაიგებ ოღონდ, რას) სტრესული ფონია და ბოდავ, რეებს იგონებ! დათვერი შენ?

 

ცოლი. არა, ვერ ვთვრები… ადრე სულ ვიცოდი, ვინ ყავდა და ვყლაპავდი… მერე დავიკიდე ფეხებზე… წლებია უკვე და-ძმასავით ვართ… არა, დიმა?

 

ქმარი. კი, თუმცა მაინც შოკში ვარ…

 

ცოლი. შოკში ვართ, იმიტომ რომ ვნერვიულობთ, დიმა, ჩანაწერი არ დადონ…  შეიძლება, გავგიჟდე, ეს რომ მამაჩემმა ნახოს… არც მინდა ამაზე ფიქრი… ან დედაჩემს უთხრას ვინმემ…

 

ქმარი. მამაშენს ინტერნეტთან წვდომა არ აქვს… ზრდილობიანად რომ ვთქვათ.

 

ცოლი. ტელევიზორს უყურებს დღე და ღამე, დიმა… შენ გგონია, იქ არ იტყვიან? ვითომ რომ ეთიკას იცავენ და ამ დროს ყველაფერს დაფქვავენ… ბიჭებზე არც ვამბობ არაფერს… იცი, ეხლა მივხვდი, რომ ტირილი მინდა და რომ ვიტირო, ვერ გავჩერდები… რაღაცა საშინელება ხდება და მე სისულელეებს ვლაპარაკობ… (ღვინოს იმატებს ქმრის ჭიქაში და სვამს)

 

ანდრია ლაფაჩი. რატომ უნდა იტირო? არ უნდა იტირო არავითარ შემთხვევაში! ვიმეორებ, აქ რაღაც სხვა პრობლემებია… ყველას გვქონია კრიზისი ურთიერთობებში, მით უმეტეს ოჯახის წევრებთან – აგერ, მე ჩემი ძმის ცოლს ვეჩხუბე და თქვენთან გადმოვედი… რამდენიმე საათით… იმიტომ რომ მამაძაღლი გოგოა, უზრდელი… ცოლი მე არ მყოლია არასდროს და ჩემი აზრით ეს იყო ყველაზე ჭკვიანური ნაბიჯი ჩემ ცხოვრებაში…

 

ქმარი. ქალები არ მოგწონს შენ, ანდრო, და რატომ უნდა მოგეყვანა, არ მესმის…

 

ანდრია ლაფაჩი. ჯერ ერთი, შენ რა იცი, მე ვინ მომწონდა და ვინ არა… ეს ერთი…

 

ცოლი. …და იმ გოგოს მშობლები, ანდრო? ის ხალხი გავიცანით, გესმის?! ცოლი მოყავს ჩემ შვილს და უცებ ეს? ხალხო, გესმით ეს?

 

ანდრია ლაფაჩი. ეს – რა? ეს არ არსებობს, მორჩა!.. თავს ნუ იგზნებ, ძალიან გთხოვ…

 

ქმარი. ამიტომ არ არის საჭირო მარცხნივ და მარჯვნივ სიარული…

 

ცოლი. ვის ეუბნები ამას?

 

ქმარი. ჩემ თავს!

 

ცოლი. ჰო, შენ თავს უთხარი, კი!

 

ქმარი. აი, როცა სექსი და მორალი განცალკევდება ერთმანეთისგან, ყველა დამშვიდდება! სალათს რომ ჭამ, მორალზე ხომ არ ფიქრობ?

 

ანდრია ლაფაჩი. სალათს გააჩნია…

 

ქმარი. ვიღაც ფიქრობს, კი, მაგრამ ამის გამო არავის დააშანტაჟებენ, არა?! კაცობრიობის განვითარების ამ ეტაპზე მაინც… ჰოდა სექსიც ასე უნდა იყოს… იქნება ანუ. სექსი ცალკე, მორალი ცაკლე… და ოტელო აღარ იარსებებს ბუნებაში! და აღარც ფარულ ჩანაწერებს გამოაქვეყნებენ!

 

ცოლი. (ქმარზე) ღელავს ეს ეხლა… იმიტომ ლაპარაკობს ამდენს. ნერვიულობს და ქადაგებს.

 

ქმარი. ჰო, ვნერვიულობ! აბა, არ ვინერვიულო? არაა ეს სანერვილო?

 

ინა ცისკარიძე. არ არის…

 

ქმარი. აბა, რატომ მოხვედი, ინა? რაღაცას არ ამბობ!

 

ინა ცისკარიძე. რაც მომწერეს, შენს ცოლს ყველაფერი ვუთხარი.

 

ქმარი. და რა უთხარი?

 

ინა ცისკარიძე. ის, რაც შენ გითხრა.

 

ქმარი. და რა მითხრა ჩემმა ცოლმა?

 

ცოლი. ეხლა ერთი და იგივე ვიმეოროთ, დიმა? გავიგეთ, რომ ეგზალტირებული ხარ ამწუთას, გითანაგრძნობთ, ჩვენც ვღელავთ, და შენზე მეტადაც, აქვე დავძენ, მაგრამ იქნებ  ენერგია მაინც დავზოგოთ… ამასობაში, მე მართლა დავთვერი, იცით?! თან მშია… ეხლა შევჭამ რამეს… ძალით უნდა ვჭამო… ინა, ჩახედე ტელეფონს! (ქმარზე უთითებს) ანდრო, და ეს სულ ამ ვაჟბატონის ბრალია… (ქმარზე უთითებს) გული მატკინა…

 

ქმარი. ოთხმოცი წლის წინ…

 

ცოლი. წინა საუკუნეში, რა მნიშვნელობა აქვს…

 

ქმარი. აქვს…

 

ცოლი. და მერე შური ვიძიე?

 

ქმარი. კი.

 

ცოლი. არა, ეს არ იყო შურისძიება… ასეთი პრიმიტიულიც არ ვარ…

 

ანდრია ლაფაჩი. არაფერი არ იყო!

 

ცოლი. ვაი და, იყოს? ხომ ჯობია, რომ მევე ვთქვა?.. იყო, ვთქვათ, ერთი ეპიზოდი…  შესაძლოა ორი, სამი…

 

ქმარი. ერთთან სამჯერ თუ სამი სხვადასხვა?

 

ცოლი. შენ როგორ გირჩევნია? შეიძლება ორივე საწყენი იყოს…

 

ქმარი. ერთის ჩანაწერი იქნება ძალიან საწყენი…

 

ცოლი. ჩემთვისაც… შენ პროგრესული ადამიანი ხარ, და სინდისიც გქენჯნის, ანუ ჩემკენ ხელს არ გამოიშვერ, მაგრამ ჩვენ ხომ არ ვიცით, როგორ რეაქციას მისცემს ბრბო… რამდენი ხალხია, თქვენ გესმით, ვისაც არ ვიცნობთ და ვინც საერთოდ არ გვგავს არც მე და არც დიმას?

 

ანდრია ლაფაჩი. ვაიმე, ორი არანორმალური… ძალიან საყვარლები ხართ…

 

ქმარი. არ ვართ საყვარლები, უბრალოდ შენ გრძნობ თავს უხერხულად და არ იცი, როგორ მოიქცე, ამიტომ ვითომ გესაყვარლებით…

 

ანდრია ლაფაჩი. მართალია, რაც უფრო მეტს ვცდილობ, არაფერი შევიმჩიო – უარესი გამოდის… თუმცა უნდა გამოგიტყდეთ – რაღაცნაირ სადისტურ სიამოვნებას ვიღებ თქვენი ცქერით…

 

ქმარი. ეხლა ნამდვილი გეივით აიქნიე ეგ ხელი…

 

ანდრია ლაფაჩი. ჰო… გეივით. ეს ვით მნიშვნელოვანია… მადლობა, რომ შეხსენება არ დაგავიწყდა… ოღონდ, დიმა, მე ნუ ამამყრალებ, ძალიან გთხოვ, არ ვაპირებ მთელი ღამით მეხამრიდის ფუნქციის შესრულებას… ყველა ასეთ გეივით-ს ვიმახსოვრებ…

 

ცოლი. (დგას მაგიდასთან, ცალ ხელში პურის ნაჭერი უჭირავს, პირშიც ლუკმა უდევს)

ყველაზე საშინელება რა არის, იცით? არ დამცინოთ ეხლა… ერთია, როცა რაღაც ჩანაწერია და ეს საშინელებაა… არც მინდა ამაზე ფიქრი… და მეორეა, როგორ გამოვჩნდები იმ ჩანაწერში… თუ ეს საერთოდ იყო… ცელულიტი… მუცელი… (იცინის)

 

ანდრია ლაფაჩი. სად გაქვს ან ცელულიტი ან მუცელი, თვრამეტი წლის გოგოსავით ხარ!

 

ქმარი. ბიჭივით…

 

ანდრია ლაფაჩი. დიმა, მოგკლავ!

 

ცოლი. …როგორ ვწევარ, როგორ ვზივარ, რას ვშვები, საიდან ვარ გადაღებული… დიმა, ინფარქტამდე მიგიყვან მე შენ!.. ჩემზე არ ვამბობ ეხლა, ზოგადად ვამბობ… პირველ პირში… აქ რაკურსზე არაა ლაპარაკი… და არც იმაზე, ვინ რას იტყვის ჩემი უზნეო საქციელის შესახებ…

 

ქმარი. აი, ეხლა შენ ხარ ეგზალტირებული და არა მე…

 

ცოლი. ვარ, ჰო, რა ვქნა… მაგრამ უცებ დავფიქრდი ამაზე: სულ არ მინდა, რომ მახინჯი ვჩანდე… არა, საერთოდ არ მინდა, რომ ვჩანდე, მაგრამ თუ ვჩანვარ, ნორმალურად რომ ვჩანდე, არ შეიძლება? შემითანხმონ!

 

ანდრია ლაფაჩი. არ არსებობს სიტუაცია, სადაც შენ ლამაზი არ იქნები! და ეს შენც იცი… ამას მე გეუბნები… მე კიდე არ ვიცი ტყუილი…

 

ცოლი. არა, ეს რეალობა ჩემთვის მიუღებელია…

 

ანდრია ლაფაჩი. და რომ არ არსებობს ეს რეალობა?!

 

ქმარი. არსებობს!

 

ანდრია ლაფაჩი. არა! სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ!

 

ქმარი. შენ ხარ პასუხისმგებელი?

 

ანდრია ლაფაჩი. დიახ!

 

ქმარი. ყოჩაღ! მე შენ მიყვარხარ…

 

ანდრია ლაფაჩი. მე – აღარ. ვხუმრობ…

 

ცოლი. აი, ეს შიში დაბრუნდა… უფრო სწორად, კი არ დაბრუნდა, ახლა ჩემთან მოვიდა… მე მომიახლოვდა… დაუცველობის განცდა, ანუ… რომ ის რაც ჩემია, სხვასაც ეკუთვნის… მგონია, რომ მარტო ვბანაობ და თურმე არა, სხვებიც ბანაობენ… კი არ ბანაობენ, ანუ განცდა არ მაქვს, რომ მარტო ვარ… უნიტაზზე ვზივარ და მიყურებენ, ყველა მიყურებს… ვიტრინაში ვარ…

 

ქმარი. არ მინდა ეს ანატომიური დეტალები.

 

ცოლი. ან უნდა ვიცხოვრო ამ შეგრძნებით და შევეგუო, რომ ყველა ყველაფერს ხედავს, ამოწმებს და აფასებს, ან გავქრე… უკვე წლებია, როცა ვიღაცას რაღაცას ვწერ, ვფიქრობ, ისეთი ტექსტი დავწერო, რომ თუკი გამომიქვეყნებენ, კომპრომატად არ გამოიყენონ… არ გადაბეჭდონ, სხვას არ წააკითხონ… ან ჩემი ლაპარაკი არ ჩაწერონ!.. მაქვს ეს გამოცდილება და რა ვქნა!.. ამით ვცხოვრობ… მარტო პოლიტიკა არაა ეს, უკვე ცხოვრებაა… ჩემ შვილებსაც აღარ ვწერ გულწრფელად… სულ ყალბი ღიმილებით, სულ… ყველაფერზე… რომ ვინმემ არ იფიქროს, როგორი სერიოზული ვარ… ჩემ მეგობარს მივწერე – პარტნიორს პოლიტიკაში, დიმამ იცის… არა, არანაირი ინტიმურობა… უბრალოდ მივწერე ჩემი აზრი ჩვენს კიდევ ერთ პარტნიორზე… და საკმაოდ გულწრფელად… ზედმეტად გულწრფელად… მეთქი, ეს ასე არაა, სულელურად იქცევა თუ რაღაც… და იმან რა ქნა, იცით? ვისზეც ვწერდი, იმას გადაუგზავნა: აი, შენზე რას მწერს. და იმან – მე. რატომ წერ ჩემზე ასე? და დატრიალდა… და ეს არაა ერთეული შემთხვევა… ამიტომ სულ ამას ვეუბნები ჩემ თავს: ერთი იფიქრე, მეორე თქვი, დაიმალე, ყველაფერი დამალე… და ეხლა ეს დღე დადგა… ანუ სახლშიც არ ვარ დაცული, ამას ვამბობ…

 

ქმარი. იმედია, ამ სახლში არ ჩაუწერიათ…

 

ცოლი. აქ შენ მოგყავდა შენი ქალები, მე – არა. თან პერმანენტულად. ამიტომ არ გვინდა ამაზე…

 

ქმარი. (ინას) ქალები ხმამაღალი ნათქვამია… გამომიყვანა დონ-ჟუანი.

 

ცოლი. პირიქით, ძალიან ხმადაბლა ვთქვი… თავის დროზეც. ეხლა ფეხებზე მკიდია… არა მარტო ეს, ზოგადად გახისტებული ვარ, აი, არ მეხება და მორჩა… ყველაფერი ცივად, მშრალად… რაღაცის მიწერა, ლაპარაკი, ურთიერთობა… გავშრი ანუ, გლობალურად… იმიტომ რომ შეუძლებელია… თან გადავიღალე… ვეცადეთ კიდეც, ანდრო, რაღაცის გამოცოცხლებას, შენც ხომ იცი, მაგრამ არ გამოვიდა…

 

ანდრია ლაფაჩი. ვინ? ვერ გამოგყევი უცბად…

 

ცოლი. მე და ჩემი ქმარი. ექსპერიმენტები… ილუზია, რომ ვითომ რაღაცის აღდგენა შეგვიძლია…

 

ანდრია ლაფაჩი. კი, ვიცი… და რა? არ გამოვიდა?

 

ცოლი. არა! ეხლა ერთი კვირა ვეღარ დავიძინებ… პრინციპში, არც მიძინია უკვე ორი თუ სამი თვეა… სინამდვილეში ეს ძველი ნაგავია, ხალხო… მე მართლა შემეშინდა… მე ამით ვცხოვრობ ბოლო 3 თვეა, რაც ის მითხრეს… რაც მითხრეს, რომ არსებობს ჩანაწერები ჩვენს კოლაგაზე და რომ შეიძლება ეს გამოვიყენოთ წინასაარჩევნოდ… მე ეს გავიარე, ანდრო, ოღონდ სხვაზე…

 

ანდრია ლაფაჩი. ჰოდა, დაანახე, ვინც ხარ და რასაც ფიქრობ. და შენ გაიმარჯვე…

 

ცოლი. (შეიძლება აეტიროს) არა! მე გავჩუმდი… ანუ დავეთანხმე, და მგონი ვთქვი კიდეც, გავიხუმრე, რომ, ჰო, ძალიანაც კარგი, შევაშინოთ… კარგია, ეს რომ გვაქვს… არა, მე ეს არ მითქვამს, სხვები ამბობდნენ, მაგრამ მე თავი დავუქნიე… მე არაფერი არ ვთქვი, მე ეს ბუნებრივად ჩავთვალე… ჰო, გვქონდეს, როგორ წევს ვიღაც ბიჭთან ერთად… იქ ბიჭზე იყო ლაპარაკი… ანუ მამათმავლობა, გესმის? და მეთქი – წააგოს, განადგურდეს, გზიდან ჩამოგვეცალოს… თან ნახე, როგორი სქემაა: ამ ბიჭს დავალება ქონდა, რომ ეს ტიპი სადმე შეეტყუებინა, და შეიტყუა კიდეც, რად უნდოდა შეტყუება, მოიხიბლა და წაყვა… იდიოტია ის… ღორი, როგორც ყველა კაცი… მნიშვნელობა არა აქვს, კაცები მოწონს თუ ქალები. თან საზიზღარი არსებაა – ფარისეველი, გულისამრევი, ვითომ მეოჯახე, მგზნებარე ტრადიციონალისტი და მეთქი, დაისაჯოს! ნაბიჭვარია და ღირსია… და ეს ბიჭი ნარკოტიკს ყიდდა ადრე, აშანტაჟებდნენ… ბნელი ამბავია… ბინძური. ყველა ერთმანეთის ღირსი იყო და მე ვიფიქრე, ამით მორჩება, შეაშინონ, დამთავრდეს ეს საზიზღრობა… რადგან ეს ნაძირალაა, და ეს ყველაფერი ჩემგან ძალიან შორსაა… და ვფიქრობდი, რომ ღირსია, რომ ყველა მატყუარა მანიაკი ამის ღირსია, ანდრო… და მე გავჩუმდი, გესმის? თავი დავუქნიე… და ეხლა ეს მე მომადგა…

 

ანდრია ლაფაჩი. არაფერი შენ არ მოგდგომია. მილიონი ისტორიაა ასეთი… თან ხომ წამოხვედი ამათგან? მეტი რა უნდა გექნა? ომს ხომ არ გამოუცხადებდი?! გაჩუმდი და წამოხვედი, მორჩა. ეს სხვა ამბავია…

 

ცოლი. არა, ჩანაწერსაც ვუყურე… ნაწილს… ერთი გადამეკიდა: “განახოთ? განახოთ?” სულ კაცები… ქალებიდან მარტო მე. და ვუყურე… მეთქი, არ ჩათვალონ, რომ დავკომპლექსდი, რომ ამათთან ერთად არ ვარ… რადგან დაიბოღმებოდნენ… და ვუყურე ამ ტიპს – როგორ შედიან რაღაც საზიზღარ ოთახში… ეს ძროხა რაღაცნაირი… მოკლე ფეხებით… ღიპით, ცხადია… ეს ზეწრები თუ პირსახოცები წელზე… ის კიდე გამწლეული… დიდი თავით… რაქიტული ცოტა… და ესენი ჯერ აგინებდნენ, მერე იცინოდნენ, ოღონდ არც ერთს არ უფიქრია გამოთიშვა… ბოლომდე უყურეს… მე არა… აი, ბოლომდე მართლა არა… ისე არა, რომ უყურებენ და ვითომ არ უყურებიათ… რეალურად არა… უბრალოდ არ ვიცოდი, რა მექნა… ვიჯექი და გადაწყვეტილებას ვერ ვიღებდი, რა მექნა… და ეს ნორმაა… და მნიშვნელობა არ ქონდა, მე ვუყურებდი თუ არ ვუყურებდი… ან თავს დავაქნევდი თუ არა… ეს უკვე წესია… ჩემი ცხოვრების ნაწილია… და ჩვენი, ჰო, ყველასი… იქნება თუ არა ჩემზე ჩანაწერი, ესეც არაფერს შეცვლის… არა, ჯობია, არ იყოს, მაგრამ რომ არ იყოს, ეს არაფერს ნიშნავს… აბდაუბდა ვლაპარაკობ, ჰო?

 

ანდრია ლაფაჩი. და ვინაა ეს კაცი ამისთანა, გამაგებინე?

 

ქმარი. აი, ამას რა აინტერესებს! აი, რა საშინელებაა ცნობისმოყვარეობა! ამიტომ არ გიშვებ აქედან!

 

ცოლი. თუ გამოაქვეყნებენ, გაიგებ!

 

ანდრია ლაფაჩი. მე არაფერი არ მაინტერესებს… ასეთი სკანდალების მეტი რა გამიგია: ყურებით ყავთ ხოლმე დაჭერილი ვთქვათ ვიღაც მოკრიმინალურო ელემენტი და მიუქსევენ ინფანტილურ მსხვერპლს… მაგრამ მე არანაირი ემპათია არა მაქვს ამ ბიჭების მიმართ, რადგან ეს ყველაზე დანაშაულებრივი ფენაა… ჯერ მსუბუქი ყოფაქცევა და მერე შანტაჟი… ამაზრზენია! თან 19-20 წლისანი არიან, მეტი კი არა… რაღა უნდა გამოვიდეს ამათგან? ჩემ მტერს ასეთთან შეხვედრა… გგონია, გეპრანჭება, მოწონხარ და თურმე შეკრულია, თურმე დავალება აქვს…

 

ქმარი. (ცოლს) და იქნებ ისიც მოგიჩინეს, ამაზე არ გიფიქრია? იფიქრე – მოვწონვარ, შეყვარებულია, აგზნებულია, ღამეებს ათენებს შენზე ფიქრით… და, ამ დროს, ამასაც დავალება აქვს…

 

ცოლი. თვითშეფასებას მიმდაბლებ? არა, დიმა, სიმულაციას ადვილად ვატყობ… შენგან განსხვავებით.

 

ქმარი. რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული? თუკი ჩანაწერი არსებობს, სავარაუდოდ, მაგ პიროვნებამვე ჩაწერა…

 

ცოლი. რომ გადაეღო რამე, აუცილებლად ჩემი თანხმობით. როგორც თამაშის ნაწილი.

 

ქმარი. ექსპერიმენტები ყვარებია, გასაგებია…

 

ცოლი. ჰო, შენსავით…

 

ქმარი. ჰოდა ნუ ხარ დარწმუნებული, რომ არ მოგიჩინეს. საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე იყავი წლების განმავლობაში, მზარდი კარიერით… საუბრის ჭკვიანური მანერით და ქათმის ტვინით – და პირველივე ჯერზე გამოგიჭირეს…

 

ცოლი. ისეთი უვარგისი ვარ, ობიექტურად შეუძლებელია ჩემი მოწონება? კარგი, დაიმშვიდე თავი, თუ ასე გინდა, მაგრამ უნდა იცოდე, რომ შესაძლოა… ხაზს ვუსვამ, შესაძლოა – ერთი არც მყოლია და არც ვიცი, ზუსტად ვისზეა, ან რომელ სიტუაციაზეა ლაპარაკი…

 

ქმარი. მეგობრებო, მე ვცხოვრობ კახპასთან ერთად. ზრდილობიანად რომ ვთქვა…

 

ანდრია ლაფაჩი. ვერ ვიტან ამ სიტყვას!

 

ცოლი. მე კიდე სუპერ-კახპასთან ერთად ვცხოვრობ!

 

ქმარი. მე ხალხი მაპატიებს, შენ – არა. რამდენჯერ უნდა გიმეორო ეს სიბრძნე? მე ვარ კაცი, ამიტომ ჩემთვის არსებობს შეღავათები სექსუალურ ცხოვრებაზე – ერთგვარი მორალური ფასდაკლება, და შენზე არ ვრცელდება ეს ზნეობრივი შეღავათი, რა ვქნა?! ამ ეპოქაში, ყოველ შემთხვევაში…

 

ცოლი. არც შენ იქნებოდი ბედნიერი, ვინმეს რომ შენი ჩანაწერი გამოექვეყნებინა! მით უმეტეს, იმ პირობებში, როცა დიდი ყმაწვილური ენერგიით ვერ გამოიჩენ თავს… ბოდიში დეტალიზაციებისთვის, მაგრამ ნერვები ამეშალა…

 

ქმარი. ანუ როცა კაცს ერექცია არა აქვს და მაინცდამაინც მარცხის ეპიზოდს უვრცელებენ კომპრომატად, ანდრო. ამას გულისხმობს ეს ბოროტი ქალი…

 

ანდრია ლაფაჩი. გასაგებია, კრეტინი არ ვარ, ვერ მივხვდე. თუმცა მანდ მთავარი ხო იცი, ზომებია… (ძალით იცინის)

 

ქმარი. მე არავის ვჭირდები ჩემი ზომებით თუ უზომოდ… ერთადერთი პრობლემური საკითხი ისაა, რომ… აი, პოლიტიკოსივით ავლაპარაკდი, ბოლოს და ბოლოს…მე მაქვს სოციალური ვალდებულება, როგორც ქმარს და მამას… აი, ესაა პრობლემა. ვთქვათ, გამოაქვეყნებენ ამ ჩანაწერს – თუკი ის მართლაც არსებობს, – ბუნებრივია, არ შევიმჩნევ, რაზეა საუბარი, ფეხებზე დავიკიდებ, რადგან ხედავთ, როგორი სპეციფიკური ურთიერთობა გვაქვს მე და ჩემ ცოლს… ვთქვი კიდეც, თუ დაჭირდა, განცხადებას დავწერ… ოჯახიდან წასვლაზე კი არა, პირიქით, რომ მე ჩემი ცოლის გვერდით ვარ ამ დრამატულ წუთებში, რომ არავის აქვს პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლება და ა. შ. და ა. შ. მაგრამ მერე ხალხი გადამრევს თავისი თვალთმაქცობით, რომ ვითომ გამიგეს… აი, ჩემი მეგობრები თუნდაც, იმათი მეგობრები, უცნობები… ალმაცერი ყურება, ვითომ არშემჩნევა და ამ დროს სადისტური დაკვირვებები ჩემზე: საწყალი კაცი… რატომ არ შორდება? უნდა გადაყლაპოს? რა მთხლე ყოფილა… სხვა სიტყვა არ ვთქვი ანდროს პატივისცემით… რაღაც შეთანხმებაა, კარგი, ასი წელია ერთად ცხოვრობენ, მაგრამ მაინც ცოდოა… სად უნდა დავიმალო? ჩემი ბიჭის ქორწილია… ჯვარი სწერია, ვთქვათ სიმამრი მოკვდა – პატარა ხომ არაა, ან სიდედრი… მისამძიმრება, ხალხი… სად გავქრე? იძულებული ხარ, არ შეიმჩინიო. “ვიზიარებ” – მეტყვიან… ვითომ სიმამრზე, ამ დროს, მე ხომ მეცოდინება, რას იზიარებენ… და გამაგიჟებენ. სიბრალული გამაგიჟებს… გამაცოფებს უბრალოდ. და წამაქეზებენ სინადვილეში… ანუ მე კი არა, პიროვნულად, არამედ იმას, ვინც ეცოდებათ… ვინც რაღაც რეაქცია უნდა მისცეს ამ შეურაცხყოფას… რაღაც ფორმით მაინც. ანდრო გამიგებს: ანუ ჩემ სოციალურ ორეულს გაალახინებენ, ვთქვათ, ჩემ ცოლს, მე – სოციალურ ქმარს და მამას ამაღებინებენ დანას ხელში და ცოლს მომაკვლევინებენ… მე მსხვერპლივით დავუკლავ ჩემ ცოლს ჩვენს თანაგრძნობით აღსავსე საზოგადოებას, რადგან ასეთი იქნება ამ საჯარო დრამის ლოგიკური დასასრული… მე ჩემ ცოლს მოვკლავ არა ჩემი, არამედ სხვისი სიბრაზით…

 

ცოლი. ჰოდა სოციალურადვე მომკალი და არა პირდაპირი მნიშვნელობით, ვითომ ინეტელქტუალო, სინამდვილეში კი კრიმინალური მენტალიტეტის მქონე ველურო!

 

ქმარი. შემიძლია დაგახრჩო, როგორც მავრმა…

 

ცოლი. არა, ყლაპე წყენა და დაეგდე შენთვის. (კოცნას უგზავნის)

 

ქმარი. ასეც ვიზამ…

 

ცოლი. მიყვარხარ… მაინც.

 

ანდრია ლაფაჩი. აი, ვინ გვმართავს! ნამდვილი სატანა, მანიპულატორი ხელისუფლება, რომელიც ფსიქიკას და მართლა სოციალურ თუ რა ვიცი, ყოფით ურთიერთობებს გვინგრევს… სახეს ვკარგავთ, ხალხო, უბრალოდ – აი, ზუსტად თქვა ამ ქალმა, – ინტელექტი გვშველის… წარმოიდგინეთ, რომ კულტურული ადამიანები არ ვიყოთ, ფიზიკურად გავანადგურებდით ერთმანეთს!

 

ინა ცისკარიძე. ხალხო, ასეც არ შეიძლება მართლა…

 

ქმარი. რა არ შეიძლება, ინა? რაც მოგვიტანე, იმის გადამუშავებას ვცდილობთ.

 

ინა ცისკარიძე. გზავნილი მოვიტანე, მეტი არაფერი. გაფრთხილება.

 

ცოლი. არც არავინ არ გირეკავს ოღონდ…

 

ქმარი. არა, მოიცა, სწორედ ეს მაინტერესებს და ვერ გავარკვიე, იმიტომ რომ არ მაცლით, სხვა რაღაცეებს არკვევთ, ამ დროს, მე შენ გკითხე და არ მიპასუხე: გავიგე, რაღაც ინფორმაცია მოგაწოდეს, მაგრამ ვინ მოგაწოდა?

 

ანდრია ლაფაჩი. ჰო, აი, ეს ძალიან საინტერესოა…

 

ქმარი. მოიცა, ანდრო… (ინას) ვინ იყო დღევანდელი ჩვენი უხილავი სისხლისმწოველი?

 

ინა ცისკარიძე. ის არაა სისხლიმწოველი, ვინც მე მომწერა… ის ინფორმაციას გვაწვდის, მეტი არაფერი. სავარაუდოდ, ყალბი მისამართიდან… რა გინდა, დიმა?

 

ქმარი. მინდა მითხრა, ვინაა ის, ვინც ამ ინფორმაციას გვაწვდის? იქნებ ვიღაც არანორმალურია?

 

ინა ცისკარიძე. სიტუაციაა ზოგადად არანორმალური.

 

ქმარი. ეს ხელისუფლებიდან მოდის?

 

ინა ცისკარიძე. არ ვიცი, აქ ისეთი ქაოსია… შეიძლება არც არავის წარმომადგენელი არ იყო და დავალება ქონდა, რომ შევეშინებინე… ანუ შეეშინებინეთ. რამდენჯერ უნდა გავიმეორო ერთი და იგივე. ყოველ შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იყო მისი ინიციატივა…

 

ქმარი. აი, მე კიდე რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს მისტიკური ინფორმატორი შენ თვითონ ხარ.

 

ინა ცისკარიძე. ვინ ვარ, ვერ გავიგე?

 

ქმარი. შენ ხარ ის, ვინც შენ ეს ამბავი გაუწყა.

 

ინა ცისკარიძე. დიმა, აზრის ფორმულირება გიჭირს… მგონი, მართლა მთვრალი ხარ…

 

ქმარი. აქ ყველა ფხიზელია, როგორც ჩემმა ცოლმა ბრძანა, ვსკდებით იმდენს ვსვამთ, მაგრამ ჯინაზე არ ვთვრებით. მხოლოდ ვთამაშობთ სიმთვრალეს. არ არსებობს წარმომადგენელი – შენ ხარ ის, ვინც ჩვენ გვაშინებს. ასეთი ფორმულირება მისაღებია?

 

ინა ცისკარიძე. მე გაშინებთ?

 

ქმარი. კი, თან ძალიან. პირადად მე საშინლად შემეშინდა. ოღონდ ვერ ვხვდები, რაში დაგჭირდა მთელი ეს სპექტაკლი…

 

ინა ცისკარიძე. რას ბოდავ, დიმა? შენი აზრით, არ უნდა მოვსულიყავი?

 

ქმარი. არა.

 

ინა ცისკარიძე. არ უნდა გამეფრთხილებინა შენი ცოლი?

 

ქმარი. ან შენ გამოქექე სადღაც რაღაც ჭორი, ან – არა, ამას მე შენ ვერ გაკადრებ, თუმცა რატომაც არა, ეხლა უკვე ყველაფერი დასაშვებია, – შენვე შეთხზე ეს ისტორია… ან გაიგე ის ამბავი, როგორ დათანხმდა ჩემი ცოლი პოლიტიკური ოპონენტის კომპრომეტირებას, რადგან ამაზე უკვე ყველა ლაპარაკობს – ვითომ აღსარების სცენები რომ მოგვიწყო აქ ამ ქალმა, მთელმა ქვეყანამ იცის ეს ამბავი… (ანდრია ლაფაჩზე) ეს კაცი რატომ მოვიდა აქ? მართლა რძალს კი არ ეჩხუბა?! შეიძლება ეჩხუბა კიდეც, მაგრამ მოსვლის მიზეზი სხვაა… როგორც აფთარი სისხლზე – ისე მოვიდა ამ გადასარევი ისტორიის გასარკვევად… და კიდე უფრო გადასარევი ისტორია დახვდა… ნამდვილი სეირი, რომელიც კიდევ ათ სიცოცხლეზე ეყოფა…

 

ცოლი. დიმა, რა უსინდისო ხარ.

 

ანდრია ლაფაჩი. მე არ მწყინს, ილაპარაკოს… მე მას შევუნდე, რახან ლამაზია, მაგრამ უჭკუო.

 

ქმარი. ახლა ვიღაცა გაილახება…

 

ცოლი. მე – არა.

 

ანდრია ლაფაჩი. აბა, სცადოს ვინმემ…

 

ქმარი. მე გეებს არ ვცემ…

 

ანდრია ლაფაჩი. მე – ლატენტურებს!

 

ქმარი. შენ არ მიგულისხმიხარ, ისე ვთქვი, მაგრამ გეი ხარ და არ მესმის, რატომ არ გინდა, რომ ეს ღიად თქვა, ამოიძახო, გამოუშვა, გათავისუფლდე… რამდენი წლის ხარ? სამოცის? ორმოცდათხუთმეტის? წლებს იკლებ შენ, ვიცი… რაღაცას მალავ მთელი ცხოვრება, ყველაზე მნიშვნელოვანს… და ალბათ, რამდენჯერ გიფიქრია, რომ ჩამოურეკო შენს ნათესავებს და აი, მთელი გულით უთხრა, რაღაცნაირად ნიშნისმოგებით, როგორც გამარჯვებულმა: მე ვარ ჰომოსექსუალი, მე მომწონს კაცები!

 

ანდრია ლაფაჩი. მე რომ შენ მომწონხარ!

 

ქმარი. არა, ნუ ხუმრობ…

 

ანდრია ლაფაჩი. მეტი რაღა ვთქვა, დიმა! კაცები არ მომწონს, მაგრამ შენ მომწონხარ ჯერ კიდევ შენი ყმაწვილობიდან… იცი, რამდენი ხანია თვალს გადევნებ?! სინამდვილეში, ვერ ვიტან შენს ცოლს… აი, თუ გეი ვარ, ეხლა გავრცელებული სტერეოტიპის მიხედვით შეგაშინებ: შევეცდები, შენზე ვიძალადო… ეხლა მოვალ და გაკოცებ!

 

ქმარი. მოდი, ოღონდ ჯერ აღიარე, რომ გეი ხარ! დღეს ყველანი გულწრფელად ვამბობთ ყველაფერს, ანდრო, მოგვეცი მაგალითი… შენმა ძმისშვილმა და შენმა დებილმა რძალმა ისედაც იციან, რომ გეი ხარ… ფეხებზე დაიკიდე, რას იტყვიან მეზობლები… ლექციებს ხომ კითხულობ უნივერსიტეტში?

 

ანდრია ლაფაჩი. არა, გამომაგდო ამათმა ახალმა პრორექტორმა, რადგან სხვებივით არ შევეტენე…

 

ქმარი. ჰოდა, კიდე უფრო დაგაფასებენ შენი სტუდენტები, იტყვიან – აი, რა მამაცი ყოფილა… სანამ რამეს მალავ, ეს შენი პრობლემაა, როგორც კი აღარაფერს მალავ, პრობლემას იშორებ… თუკი ეს პრობლემაა, ჩვენი პრობლემა ხდება და არა შენი, არა? პრობლემაა, მეგობრებო, რომ მე გეი ვარ? არ შეგშურებია იმ ხალხის, ვინც ამას ხმამაღლა ამბობს?

 

ანდრია ლაფაჩი. დიმა, მგონი შენ გინდა ამის თქმა ხმამაღლა და ვერ ბედავ. რა იყო, ქალებმა შეგაშინეს და შეგეცვალა გემოვნება? (ცოლს) ქალო, რით ვეღარ უშველე ამ შენ ქმარს! რაღაც უჭირს…

 

ქმარი. მე არ მიჭირს, ეს თქვენ გიჭირთ… ყველას!.. და მე კიდე თქვენს დახმარებას ვცდილობ, რადგან მე აქ ყველაზე მართალი ვარ!

 

ანდრია ლაფაჩი. დიმა, მეჩვენება, რომ ჩემი შეგეშინდა… საკუთარი სტერეოტიპების მსხვერპლი ხარ: ახლა მოვა ბებერი მამათმავალი და გაგაუპატიურებს… (უყეფს, იცინის. უცებ სერიოზულდება) ვაიმე, ყელი მეტკინა…

 

ქმარი. შენი არ მეშინია, აი, ამ ორის – კი!

 

ინა ცისკარიძე. მე ვარ საშიში?

 

ქმარი. დიახ!

 

ინა ცისკარიძე. რატომ? რადგან აქ მოვედი?

 

ქმარი. საშიში ხარ, რადგან ოჯახს მინგრევ!

 

ცოლი. ვერ დაანგრევს, დიმა, რადგან მე არსად არ წავალ, ნუ გეშინია… ვიქნები ცოდვილი და უინიციატოვო… ინა, გამოდეს?

 

ინა ცისკარიძე. ჯერ გამცეს პასუხი, რატომ გინგრევთ ოჯახს?!

 

ცოლი. ხომ გაგცა უკვე პასუხი? მისი აზრით, ჩვენი ოჯახი ფსიქოლოგიურად ვერ გაუძლებს შენს მიერ მოტანილ ინფორმაციას!

 

ქმარი. ჩემი ოჯახი ვერ გაუძლებს ორ ქალს ერთ სახლში!

 

ანდრია ლაფაჩი. კიდევ კარგი, სამი არ თქვი… უკვე მზად ვარ შენი მორიგი ჰომოფობიური გამოხტომისთვის…

 

ქმარი. შენ არაფერ შუაში ხარ! შუაში ვარ მე! და ეს ქალი, რომელიც წლების განმავლობაში ცხოვრობდა ორ სხვადასხვა რეალობაში… და ჩვენ გვეგონა, რომ ეს სიყვარულია…

 

ცოლი. არანაირი ორი რეალობა არ ყოფილა…

 

ქმარი. შენზე არ ვამბობ! არც ვიცი, რა ტერმინი შეეფერება იმ ფუნქციას, რომელიც ჩვენს კეთილიმსურველს ჰქონდა ჩემს ბიოგრაფიაში, მაგრამ როცა ანდრია ლაფაჩი აქედან გავა და ენას დაიგრძელებს აქ მომხდარი ამბების აღწერის დროს – თუკი მანამდე ვინმეს არ შემოაკვდება, ცხადია, – ის იტყვის, რომ ეს ჩვენი გულითადი ინფორმატორი ჩემი საყვარელი ყოფილა თითქმის თერთმეტი წლის განმავლობაში… თუ თორმეტი, ზუსტად არ მახსოვს…

 

ცოლი. ვერაფერი ვერ გავიგე. რა ქარაგმებით ლაპარაკობ? მე ვიყავი შენი საყვარელი?

 

ინა ცისკარიძე. როგორი გულწრფელი ადამიანი ყოფილხარ, დიმა…

 

ქმარი. (ანდრია ლაფაჩს) შენ ხომ გაიგე, რაც ვთქვი?

 

ანდრია ლაფაჩი. თუ სწორად გავიგე, შენ თქვი, რომ ინფორმატორი, რომელიც სხვა არავინაა, თუ არა ჩემი პოლიტიკური ოპონენტი, ქალბატონი ინა – შენი საყვარელი იყო ათი თუ თერთმეტი წლის განმავლობაში… ასეა?

 

ქმარი. (ცოლს) დიახ, ასეა. და თერთმეტი წელი ვიცხოვრე ორ ცოლთან ერთად.

 

პაუზა.

 

ცოლი. (ქმარს) რას მიყურებ?

 

ქმარი. მე არ გიყურებ, შენ მიყურებ.

 

ცოლი. მომისმინე, ძალიან კარგად მესმის, რომ არ გინდა დაჩაგრულად იგრძნო თავი…

 

ინა ცისკარიძე. შეიძლება რაღაც ვთქვა? მე აქ იმიტომ არ მოვსულვარ, რომ ადამია…

 

ცოლი. (აწყვეტინებს) მაცალე ერთი წუთით. პატარა წინადადებას ვამბობ, დიდხანს ლაპარაკის თავი არა მაქვს… თან დიმას მივმართავ. (ისევ ქმარს) მოკლედ, გავიგე, რომ დღეს ძალიან დაიჩაგრე, მე გულისამრევად გულწრფელი ვიყავი, შენ ზედმეტად მიმღები, ტოლერანტული, პროგრესული თუ რაც ქვია, მაგრამ ეგო ხომ გაქვს მაინც მამაკაცის, თავმოყვარეობა ანუ, გატკინე ბევრჯერ და მოგინდა, რომ შენგანაც მტკენოდა… თან აუდიტორიის წინაშე… (შეხედავს ანდრია ლაფაჩს) ამიტომ…

 

ანდრია ლაფაჩი. მე აქ მთელი ერის სტატუსით ვარ.

 

ცოლი. კი, ასეა, შენ ხარ vox populi…

 

ანდრია ლაფაჩი. რა ვიცი, გეი კი მიძახეთ და…

 

ცოლი. ეს არაა შეურაცხყოფა… მათქმევინე ერთი წუთით…

 

ანდრია ლაფაჩი. ჩემთვის – არა, ვინც ამ სიტყვას შეურაცხმყოფელად ამბობდა, იმისთვის… კარგი, ნუ მისმენთ, სისულელეებს ვლაპარაკობ, გააგრძელე…

 

ცოლი. არ გაინტერესებს, ჰო?

 

ანდრია ლაფაჩი. თუ დაიწყე – დაამთავრე, კაცო… ვის აინტერესებს, მე რა მაინტერესებს!

 

ცოლი. ანუ რას ვამბობ: დიმა დამეჩაგრა დღეს და, ჩემი აზრით, მან ამ ფორმით იძია შური.

 

ქმარი. არა…

 

ცოლი. მაცალე-თქო ერთი წუთით… დიმამ ფარდა ახადა დიდ და მტკივნეულ საიდუმლოს. ეს ქალი, ვინც ჩემი თანაკურსელი იყო, რაღაც დროს ახლო მეგობარი და მერე კონკურენტიც პოლიტიკური კუთხით – უნდოდა, ჰო, რომ პოლიტიკური კარიერაც ჰქონოდა, მაგრამ ბოდიში, არ გამოუვიდა, – მოკლედ, აი, ეს ქალი, რომელიც აქ დადიოდა, რომელიც ჩვენ შვილებს იცნობს და კინაღამ ჩვენი მეჯვარე გახდა ოდესღაც, თურმე ჩემი ქმრის საყვარელი ყოფილა… ჩემმა ქმარმა მცირე კათარზისი მოგვიწყო, თუმცა უნდა გაგაწბილოთ, რადგან მე ეს ვიცოდი, და სულ მეგონა, რომ დიმამ იცოდა, რომ მე ვიცოდი, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს – მოულოდნელობის შურისმაძიებლური ეფექტი ვერ შედგა… (ინას) მთელი ცხოვრება ერთი ნაბიჯით ჩამომრჩებოდი და ახლაც ასეა… და ეს მე ვიცი ბოლო შვიდი წელია, თქვენ კი თარიღები გერევათ, რადგან არა ათი თუ თერთმეტი, არამედ ზუსტად თორმეტი წლის წინ დაგწყებიათ რაღაცა – არ ვიცი, რა, – სიბრალული ერთმანეთის მიმართ… ყოველ შემთხვევაში, მე ასე მითხრეს, და მე თვითონაც ბევჯერ მყავდით გამოჭერილი, რადგან ბოთეები და დებილები ხართ, მე კიდე ფეხებზე მეკიდა, რადგან მეგონა – ხაზს ვუსვამ, მეგონა, რომ ზოგადად ფეხებზე მეკიდა ეს კაცი – დაბერებული და არააქტუალური უკვე, არსებითად, – და მარტო იმაზე გავბრაზდი, თუკი გავბრაზდი, რომ ოდესღაც რაღაცნაირ მეგობრად ვთვლიდი ამ ქალს, – და კიდე კარგი, ეხლა მაინც არ ვართ მეგობრები, რადგან აი, საშინლად მეწყინებოდა, შეიძლებოდა გულიც გამისკდებოდა და მომეკლა კიდეც ვინმე… სიტყვიერად, ბუნებრივია! მაგრამ მე ეს არ შევიმჩნიე, როგორც არ ვიმჩნევდი ჩემი ქმრის სხვა ცოლებს… დიმა, ინამ იცის, რომ პარალელურად კიდევ ერთი თუ ორი ჩამოწერილი საქონელი გყავდა უღიარებელ თანამეცხედრედ, ჩემო გულთამპყრობელო და საბანკო ვალებით დატვირთულო ალფონსო? ინა, თუკი ეს არ იცოდი, ბოდიში, მაგრამ ვფიქრობ, ბარემ ესეც უნდა გარკვეულიყო: თუ კათარზისია, კათარზისი იყოს – დიმა გღალატობს, ინა… მაგრამ რას ვერ დავიჯერებ და ესაა: რომ შენ არ იცოდი, მეც რომ ვიცოდი. თუ ასეა, ისევ შენზე წინ ვარ, ინა…

 

ინა ცისკარიძე. ძალიან სასაცილო ქალი ხარ… და ცოტა ბოროტი. ადრე არ იყავი ასეთი.

 

ცოლი. მიპასუხე, იცოდი თუ არა?! არა, ეს მიპასუხე ზედმეტად კატეგორიული გამომივიდა, სინამდვილეში, არ ვბრაზობ, ამიტომ უფრო რბილად უნდა მეთქვა… როგორ შეიძლებოდა, არ გცოდნოდა, როცა ყველამ იცოდა, რომ მეც ვიცოდი? ისევე, როგორც დიმამ იცოდა ჩემზე ყველაფერი…

 

ქმარი. რა ვიცოდი?

 

ცოლი. კარგი, ვთქვათ, შენ არ იცოდი, მე რომ ვიცოდი, რადგან იდიოტი ხარ, მაგრამ ამ ქალმა არ იცოდა, როცა ყველამ იცოდა? რა საშინლად ვთქვი, ბოდიში… ენა მებმის…

 

ქმარი. ვინ ყველამ?

 

ცოლი. რა ვიცი… თუნდაც ანდრიამ.

 

ქმარი. რა იცოდა ანდრიამ?

 

ცოლი. იცოდა, რომ ჭეშმარიტი სიყვარული ყველაფერს უძლებს!

 

ანდრია ლაფაჩი. აჰა, საშიში გეი ისევ სცენაზეა! ვიცოდი, დიმა, აბა არ ვიცოდი, შენი ორცოლიანობის ამბავი ყველამ იცის…

 

ცოლი. ორი არა, მეტიც ყავდა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ვითარებაში, ეს ბოლო პერიოდია მოდუნდა, მაგრამ რაღაც სიგიჟე სჭირდა… ეს კი ეცოდინება ჩვენი ოჯახის კეთილმსურველ ჟურნალისტს… ოდესღაც გათავისუფლებულ კავკასიელ ამირანს, თუმცა აწ არითმიისგან შეშინებულს, რომელიც მიხვდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, თუკი ვინმე გადაარჩენს, ისევ და ისევ გამოცდილი ცოლი… პლუს მთავარი დრამა: რაც უნდა ქნას, რამდენი ცოლიც არ უნდა ყავდეს, ვერ ეგუება, რომ აღარავის აღელვებს, რომ ინტერესის ობიექტი არაა, და უკვე დიდი ხანია, ძალიან დიდი ხანია აღარაა აქტუალური, მისი შვილები მასზე ბევრად აქტუალურები არიან და რაც ყველაზე დიდი უსამართლობაა – აქტუალური ვარ მე და არა ის! დღესაც კი… კაცი ლამისაა შუაზე გაიგლიჯოს, რომ მასზე ვინერვიულოთ და შევიმჩნიოთ, მაგრამ ყველანი ჩემზე და ჩემს რენომეზე ვდარდობთ – დადებენ თუ არა ჩანაწერს, მქონდა თუ არა ე. წ. სექსუალური ურთიერთობა მე – პლუს-მინუს ორმოცდაათი წლის ქალს, – ვიღაც N-სუბიექტთან! მე ჯერაც ამორალური და აქტუალური ვარ, დიმა, მე ახლაც უზნეო ვარ, რადგან ჩემი ეშინიათ და მე ძალიან ახალგაზრდა ვარ!

 

ანდრია ლაფაჩი. (აღტაცებული და აგზნებულია) ჰოდა ამიტომაც დაემხობა ყველა ცრუპენტელა თვალთმაქცი და პროვოკატორი, რადგან თავისუფალ ადამიანს ვერ შეაშინებ, შინაგან ყმაწვილობას ვერ გაუნადგურებ!

 

ცოლი. (ინას) მე და შენ ბევრად უფრო აქტუალურები ვართ, ვიდრე ეს კაცი! მაგრამ  მაინც საყვარელია, ნახე, როგორ გვიყურებს…

 

ანდრია ლაფაჩი. …ეს სხვა ქვეყანაა, აქ ხალხს ვერ გააჩუმებ…

 

ცოლი. მოიცა, ანდრო, ერთი წუთით…

 

ანდრია ლაფაჩი. ამ ჩემ ფეხებს კიდე, თუ გვისმენენ და თუ გვიწერენ! გამოდონ შენი ჩანაწერი, გამოდონ! მე არ მეშინია… შესაძლოა ამ ქალბატონს თავის ჩანთაში ედოს ხმის ჩამწერი, რომ მერე რაიმენაირი კომპრომატი გამოდოს საჯაროდ, მაგრამ ჩვენ ეს აღარ გვაღელვებს, რადგან ჩვენ ამაზე მაღლა ვდგავართ! ჩამწერე! ჩავიხდი თუ გინდა!

 

ინა ცისკარიძე. რას ბოდავ შენ, რას ბოდავ! (ჩანთას აყირავებს, მისი შიგთავსი ძირს იფანტება)

 

ანდრია ლაფაჩი. (მუხლებზე დგება, კრეფს შიგთავსს და უკან, ჩანთაში უტენის ინას. აგზნებულია) არა, გენაცვალე, მე შენ არ მიგულისხმიხარ, მე ვთქვი, რომ თუკი აქ გვისმენენ და გვიწერენ და ყველგან, ყველა ხვრელში ვიდეო-თვალი, მიკროფონი ან ლაზერული სხივი გვაქვს შეტენილ-შენათებული, ხმამაღლა ვამბობ, გამოდონ და რაც უნდათ, ის ქნან: დიახ, მეგობრებო, მე ვარ გეი! მე მომწონს კაცები! აჰა, დიმა, ხომ გინდოდა რომ გულწრფელად მეღიარებინა? მიიღე?! მადლობა! მე ვარ უძველესი და უპრინციპულესი მამათმავალი… არ ვიცი, რა სიტყვები უნდა ვთქვა სექსუალური ორიენტაციის გამხელის დროს… სიტყვებს ვერ ვპოულობ… აი, თურმე რატომ სჭირდება ყველაფერს დაგეგმვა… მე ვარ გეი-სუბიექტი… რაღაც დეგენერატობა გამოდის, მესმის, მაგრამ მე შევაბერდი ჩემ რეპრესირებულ იდენტობას, დიახ, სწორედ რეპრესირებულს, – დამალულს, ჩაწიხლულს, დაჩაგრულს და დისიდენტურს, დიახ… როცა ციხეებში გვყრიდნენ ჩვენი პირადი ცხოვრების გამო და ძალით მოგვყავდა ცოლები, რათა საზოგადოებისთვის აგვეხვია თვალი, თავი დაგვეცვა, როცა იძულებულები ვიყავით, კახპებთან გვევლო ჩვენი თაობის ბიჭებთან ერთად… და ეხლა რას გვანან ეს ბიჭები?! საფლავში წვანან ან დეფორმირებულები არიან… ღაბაბები, ყურში თმა და იმპოტენცია… მე კი ფორმაში ვარ, რადგან ვიცი – უნდა გადავრჩე, რადგან სხვას დაინდობენ და მე კი გადამივლიან… ამიტომ სხვებზე ასი თავით მაღლა უნდა ვიდგე – ინტელექტით, ენით, ადეკვატურობით, სიგამხდრით… ტანსაცმლის ხარისხით თუნდაც! და პრინციპულობით, ხალხო… სამართლიანობის სურვილით… მე რომ უსამართლოდ ვექცეოდე ხალხს, ჩამქოლავდნენ, მომსპობდნენ, სხვას თუ პატიობენ კონფორმიზმს, მე არ მაპატიებენ, ამიტომ მე ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს ვარ, ჩემი საწყალი ქვეყნის, რომელსაც ჩაგრავენ, და ასი ათასჯერ უფრო ძლიერი ვარ, ვიდრე რომელიმე გამყიდველი და ცუანა ჰეტერო! მე ვარ გეი, მე ვარ გეი… როგორ მინდოდა ამ სიტყვების თქმა! ახლა ამას ღიად დავწერ! ხვალ ანუ… კეთროვანებივით უყურებდნენ ჩემი თაობის ბიჭებს… ჩემზე უფროსებზე აღარაფერს ვამბობ – რომ ვითომ ჩვეულებრივები ვართ… და მთელი ცხოვრება იძულებით არსებობა ოფიციალურ ჰეტეროდ!.. თქვენ გესმით, ეს რა ტანჯვაა?! როცა არ გინდა ქალი და იძულებული ხარ, მასთან იცხოვრო? წარმოიდგინეთ, პირიქით რომ იყოს: კაცის ცოლად შერთვა იყოს ნორმა და ამ დროს ქალი გინდოდეთ, კაცებს კი ვერ იტანდეთ ფიზიოლოგოურად?! მახსოვს, როგორი ზიზღით და სიბრალულით უყურებდნენ ჩვენ ლექტორს… ერთმა ქალმა თავი გაწირა მის გამო – ცოლად გაყვა, თორემ დაიჭერდნენ, დიახ… იყო ასეთი გმირობებიც ყველა მხრიდან!.. მაგრამ მე ვერ დამჯაბნეს, რადგან ჩემი ქედმაღლობის ეშინოდათ, ჩემი ცინიზმის… მე ისინი სნობიზმით დავსაჯე!.. რადგან სნობების ყველაზე მეტად ეშინიათ!.. ყველამ იცის, რომ გეი-ცინიზმი ტყვიაზე უარესია, გეი-ცინიზმი კლავს! აი, ასე…დიქტატორებს ჩემნაირების ეშინიათ ყველაზე მეტად… ჩემნაირი ირონიული მეამბოხეების, რადგან ჩემი ცხოვრება ბრძოლაა… ყოველდღიური უკომპრომისო ბრძოლა საკუთარი ადგილისთვის!.. ამიტომ გვიყურონ, გვითვალთვალონ და გვაკონტროლონ, დიქტატორების მაჩოიზმი – საპნის ბუშტია…

 

ცოლი. (ანდრია ლაფაჩს) მორჩა, ცოლად მოგყვები…

 

ანდრია ლაფაჩი. არ მინდა, მადლობა, ეხლა მე თვითონ გავთხოვდები! ჩამოწერილი რომ ვგონივარ ვიღაც-ვიღაცეებს!

 

ცოლი. (ქმარზე, ანდრიას არ უსმენს) … ეს წაიყვანოს ამ ქალმა!

 

ქმარი. მე მივხვდი, სინამდვილეში, რა ხდება – თქვენ თანასწორობა კი არ გინდათ…

 

ანდრია ლაფაჩი. ვის – ჩვენ?

 

ქმარი. თქვენ – ქალებს!

 

ანდრია ლაფაჩი. მიდი, მიდი, გამოაჩინე რეალური ჰომოფობის სახე… რაც აქამდე ითმინე, ამოუშვი.

 

ქმარი. დამამთავრებინე… გვატყუებენ, რადგან ამათ თანასწორობა კი არ უნდათ, არამედ ძალაუფლების წართმევა… არანაირი ტოლობის ნიშანი კაცსა და ქალს შორის – უფროსი უნდა იყოს ქალი! ამიტომ ეხლა მე საქონელი ვარ… თან ჩამოფასებული… “ეს წაიყვანოს ამ ქალმა” ამას ნიშნავს… მე თვითმკვლელობის პირას ვარ…

 

ცოლი. ვაიმე, სწყენია ამას! მართლა არ იცოდი, რომ მე ვიცოდი თქვენი ამბავი? რომ ვამბობდი, შენს სქელკისრიანს კითხე, ან შენს ჭკუისკოლოფს-მეთქი… (ინა ცისკარიძეს) არ გეწყინოს, არ გაქვს სქელი კისერი, ამის გასაღიზიანებლად ვამბობდი… დიმა, ვერ ხვდებოდი, ვის ვგულისხმობდი?

 

ქმარი. უზრდელი ხარ… აღარ მინდა აქ. მართლა მივდივარ… აი, დღეს. მორჩა.

 

ცოლი. ამდენი ხანი ერთად გვიცხოვრია, სამეულს, და რაღა ახლა სვამ წერტილს? თან ასეთ რთულ დროს… უკვე შევაბერდით ერთმანეთს, აღარ შეგვიძლია უერთმანეთოდ…

 

ქმარი. არავის წყენას არ ვაპირებ, მაგრამ მართლა აღარ მინდა… აქ აღარ დავრჩები… და ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ვინმე სხვასთან წავალ… არ წავალ… და არც ეს უნდა ეწყინოს არავის, რადგან უკვე იმდენჯერ ვაწყენინეთ ერთმანეთს, რესურსი ამოგვეწურა… (ინა ცისკარიძეს) ამოიღე ხმა…

 

ანდრია ლაფაჩი. ველოდებით პასუხს უდიდესი მორალური სიმაღლიდან…

 

ინა ცისკარიძე. მორალი თუ ისაა, ზრდასრული კაცი – ხანდაზმულს არ ვამბობ, – მთელი ოცი წუთი იმით გვიბურღავდეს ტვინს, როგორ უნდოდა მთელი ცხოვრება ღიად ელაპარაკა, უკაცრავად და, ერთი ადგილის მიცემაზე და როგორ დაიტანჯა ამ უთქმელობით, მაშინ ბოდიში, ხელებს მაღლა ვწევ, მე მართლა ძალიან დაბლა ვყოფილვარ…

 

ანდრია ლაფაჩი. დაბლა კი არა, უკან ხართ, ინა… ყოველთვის ჩამორჩებით… და ამას უნდა შეეგუოთ.

 

ინა ცისკარიძე. მომისმინე, შენ მე დიმა ხომ არ გგონივარ? გაგიგდებ ეხლა წიხლქვეშ და აი, იმ ბოთლს ხომ ხედავ, ტრაკში შეგტენი ხორხამდე!

 

ანდრია ლაფაჩი. მიდი, აბა, სცადე…

 

ქმარი. ბოდიში, დიმა ხო არ გგონივარ რას ნიშნავს? (ცოლს) აი, რას მიაღწიე… და ჯერ სადა ვარ… ეხლა ჩანაწერს დადებენ და მთლად გავნოლდები მთელი ქვეყნის მასშტაბით…

 

ინა ცისკარიძე. როგორც აქამდე იყავი შეჩვეული ყველაფრის ყლაპვას, ასე გააგრძელებ მომავალშიც… იჯდები შენთვის, ეს წავა და მოვა, და შენ არც იკითხავ: სად იყავი? იმიტომ რომ ასე აჯობებს… ყველასთვის უკეთესია, თუკი არაფერს კითხავ. კეთილდღეობისთვის… წარმატებული კარიერა, ბედნიერი აწმყო, ზემოდან მფარველობაა საჭირო. ამიტომ კომპრომისზე უნდა წავიდეთ. მით უმეტეს, როცა საქმე ქვეყნის მთავარ კაცს ეხება…

 

ცოლი. რას ლაპარაკობ, ვერ გავიგე…

 

ინა ცისკარიძე. ვინმეს თუ გონია, რომ მე აქ ჩემი მიზნებისთვის მოვედი, ან კონკრეტულად ვიღაცისთვის, ძალიან ცდება. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება ჩრდილში ვიდექი, ვიცოდი, აქ როგორც და რაც ხდებოდა, ვის ვინ როგორ და რატომ ჭირდებოდა… და გული მერეოდა თქვენ კონფორმიზმზე, რომ გძულდათ ერთმანეთი და მაინც ერთად იყავით… ამდენი ტყუილი…

 

ცოლი. ამოთქვი, ნუ ღელავ. მე არ ვბრაზობ.

 

ინა ცისკარიძე. რა უნდა ამოვთქვა? მე ვარ იდიოტი, და ყველაზე მეტად საკუთარი თავი მეზიზღება, რადგან ასე ვიცხოვრე ჩემი საუკეთესო წლები… და მართალი ხარ – ყოველთვის ერთი ნაბიჯით ჩამოგრჩებოდი… ერთით კი არა, ათით. (დიმას) ამან იცის, რომ შენგან ორჯერ მაქვს აბორტი გაკეთებული?

 

ანდრია ლაფაჩი. მე ერთი ვიცოდი…

 

ინა ცისკარიძე. შენ არ გეკითხებიან…

 

ცოლი. კიდე კარგი, გონიერება გეყო და შვილი არ გაუჩინე ისეთ კაცს, სადაცაა შვილიშვილი რომ ეყოლება.

 

ინა ცისკარიძე. აბა რა! ვიღაცას ხომ უნდა გაეღო მსხვერპლი ამ ოჯახში და ცხადია ეს მე აღმოვჩნდი…

 

ანდრია ლაფაჩი. ეს უკვე ამ ოჯახის წევრია?

 

ინა ცისკარიძე. ყოჩაღ, დიმა, რა ღირსეული ხელშეკრულება დაგიდიათ ერთმანეთთან?! რიცხვი ზუსტად ცოდნია შენს ცოლს: ზუსტად თორმეტი წელი… მაგრამ აი, გვიანღა მივხვდი, ძალიან გვიან, – დღეს რეალურად, – რომ ეს ვითომ ნონ-კომფორმისტი კაცი ყველაზე საზიზღარი და მხდალი კარიერისტი ყოფილა, რომ მთელი მისი ცხოვრება ანგარება ყოფილა, იმის გათვლა, რა არის ამწუთას აუცილებელი და არა ის, რა უფრო ადამიანურია… პრივილეგიებზე დახარბებული მონა… დიდი ბორდელის პრაგმატული თანამშრომელი…

 

ანდრია ლაფაჩი. ბოდიში, რისი, ბორდელის?

 

ინა ცისკარიძე. და მე მიყვარდა, ხალხო, ეს კაცი!

 

ქმარი. რა გინდა, ინა? იუმორს კარგავ.

 

ცოლი. ქონია ოდესმე?

 

ქმარი. (ცოლს) არ მინდა ეხლა შენგან ეს კომენტარები…

 

ცოლი. აკოცე, მიდი, დაამშვიდე.

 

ქმარი ჭიქას ესვრის ცოლს, ცოლი გაიწევს, ჭიქა კედელს ხვდება. ცოლი იქვე ჩამოდებულ დეკორატიულ სანთელს ესვრის ქმარს.

 

ცოლი. იდიოტო!

 

ანდრია ლაფაჩი. ვაიმე, გაჩერდით! ორი კრეტინი…

 

ინა ცისკარიძე. (ქმარს. ტელეფონს იღებს) ესაა ჩანაწერი, სადაც შენი ცოლი იმის სასახლეშია, სპეციალურ ოთახში… საძინებელში… აივნით… და ეს შენც კარგად იცი, და დარწმუნებული ვარ, ყოველთვის იცოდი, რადგან გაწყობდა, რომ შენი ცოლი ქვეყნის მთავარი კაცის საყვარელი ყოფილიყო, თქვენი ბელადის, აი, ამას რომ ეზიზღება, იმის, ამ ვითომ ჭეშმარიტების მღაღადებელს, ერთი დღე რომ ვერ ძლებს მაგაზე ფიქრის და ლაპარაკის გარეშე, ყველა რომ ნახმარები ყავხართ, და არა მარტო შენი ცოლი, არამედ შენც, და ეს გეიც, დარწმუნებული ვარ, – აი, ეს კაცი, ვითომ მკვდარ ცოლზე გადაყოლილი ქვრივი, რომელსაც აი, მართლა ხარჭად უზის შენი ცოლი, რომლის ქმარიც მორჩილად და პრაგმატულად იღებს ცოლის კარიერის განვითარების ასეთ გადასარევ შესაძლებლობას! ხომ გიხმარათ ყველა? მაგრამ რაღაც მოხდა, რაღაცა შეირყა და ეს ქალი გამოვარდა… ალბათ უთხრეს, წასულიყო, არ ვიცი, ეს ჯერ კიდევ გასარკვევია, რადგან სიტუაცია ამყრალდა, ქვეყნის მთავარი ქმრის მტრებიც ფხიზლობენ – როგორც იქნა, მასზეც გაჩნდა კომპრომატები!.. ბელადზე, რომელიც აქამდე სხვებზე აგროვებდა სამხილს… წმინდანად რომ მოაქვს თავი და საძინებლებში გიძვრებათ, თან თავისივე ხელით გადაღებული, თვითონვე რომ გაება თავისივე დაგებულ ხაფანგში… სხვებს რომ უგებდა ეს ბოლო წლები, პოლიტიკური ცხოვრების ნაწილად რომ აქცია… ლაპარაკის დროს ვაყალიბებ ვერსიას… ხმამაღლა ვფიქრობ… ერთი ესაა გასარკვევი, ის, რაც თავისთვის გადაიღო, სხვის ხელში როგორ აღმოჩნდა?! თუნდაც ჩემ ხელში… ან იმის, ვინც გამოგზავნა… ეს დასალაგებელია… მაგრამ აი, ბედისწერა რას შვრება – არც ეგ ყოფილა დაცული, და არც არავინ!.. არავინ არ მჯდარა გულზეხელებდაკრეფილი… ხომ დაუქნია თავი შენმა ცოლმა პოლიტიკური ოპონენტის განადგურებას? ახლა ყველაფერი დალაგდა: დისტანცია შემოკლდა ჩემსა და შენს ცოლს შორის… მაგრამ მე აქ დასახმარებლად მოვედი და არა თქვენი გაუბედურების საყურებლად, მე თქვენ გაგაფრთხილეთ, როგორც შემეძლო, და თქვენ არც კი მალაპარაკეთ, რადგან ცირკი მოაწყვეთ ჩემ თვალწინ, მე მინდოდა მეპატიებინა თქვენთვის და არ დამესაჯეთ, მინდოდა მეთქვა და გითხარით კიდეც, რომ საქმე ცუდად გაქვთ, რომ უნდა გაიქცეთ, არ ვიცი, დაიმალოთ, აორთქლდეთ, და ეს მე მიგანიშნეთ, რადგან პასუხს მოგთხოვენ ამ პრაგმატული სიბრმავისთვის, ამ ეგოიზმისთვის, ამ ნაძირლური და შეთანხმებული ღალატისთვის, რადგან ეს უკვე დიდი კომპრომატია, ეს უკვე ცდება მორალს და სიცოცხლეს ეხება, რა მორალი, აქ შეიძლება ტყვიაც გესროლოს დაქირავებულმა მკვლელმა, შეიძლება ცოლი მოგიკლან და შენც ზედ დაგაკლან, რადგან ლიდერთან სექსი ჩაწერილია მისივე რეზიდენციაში და სავარაუდოდ ეს არ ყოფილა პირველი შემთხვევა, ოღონდ არც მეგონა, იმას თუ სქესი ქონდა საერთოდ და რამე შეეძლო… არც მჯერა რეალურად, მაგრამ ხომ ფაქტია?! ისიც ვიღაცა საწყალი მამაკაცი ყოფილა, მამაკაცურ-საწყლური სურვილებით… გესმით, ხალხო, რას ვლაპარაკობ? გესმით, რა ბომბი უჭირავთ? და თქვენ ხართ აქ უბედურების ნაწილი, თქვენ… და ეს, ეჭვი მაქვს, ეს უკვე ბევრმა იცის… დღეის მონაცემებით, სავარაუდოდ, ეს იცის ჟურნალისტთა კორპუსის საკმაოდ ბევრმა წარმომადგენელმა, რადგან ის, რაც მე გამომიგზავნეს, სავარაუდოდ, სხვასაც გაუგზავნიდნენ, მე კიდე აქ მოვედი, პირველი, და ყველას დავასწარი, რადგან ჰო, შეიძლება ეს სიგიჟეა და წესით პასუხს უნდა გთხოვდეთ ყველაფრისათვის, სადიზმისთვის ჩემზე, და ვტკბებოდე ამ სისულელით, ამ კრეტინიზმით – რადგან თქვენ მე გამაგიჟეთ, დამაავადმყოფეთ ეს ჩვეულებრივი და გულწრფელი გოგო, – მაგრამ, იცით, ეს ჩემი ნაგავია, ჩემი ნაგავი ოჯახია, თქვენ ორნი ჩემი ოჯახი ხართ, ჭაობი, ტლაპო, ძირი, თუმცა მაინც ჩემი, – ჰო, ავად ვარ, აბა, ნორმალურია, რასაც ახლა ვლაპარაკობ?! – და ნორმალურია საერთოდ ეს გარემო, ყველაფერი ჩემ გარშემო?! – თუმცა მე ეს უნდა მეთქვა, მე უნდა მეთქვა პირველს თქვენთვის, რადგან ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია… იმიტომ რომ არავინ არ ვართ დაზღვეული და შეიძლება მოგკლან ხვალ, რადგან სექსი გქონდა ქვეყნის ყველაზე გავლენიან კაცთან, ყველაზე დიდ ფარისეველთან – შენს ქმარზე ასჯერ და ათასჯერ დიდთან, რადგან სამხილი მასზეა და არა შენზე… ეს მისი კომპრომატია და არა შენი… შენ უბრალოდ გამოგიყენეს… და არ თქვათ, რომ თქვენ ეს არ იცოდით…

 

ანდრია ლაფაჩი. რა მოხდა, ვიღაც კაცს ჰქონდა სექსი ვიღაც ქალთან… თუნდაც იმ გველს ეხებოდეს… მერე რა!

 

ცოლი. (უახლოვდება ინა ცისკარიძეს, მშვიდად) რა, ჩემო კარგო, რა? ზუსტად ამიხსენი… მართლა ვერ ხვდები…

 

ინა ცისკარიძე. რა არ იცი? ვისთან იწექი?

 

ცოლი. ჩანაწერი არსებობს?

 

ინა ცისკარიძე. კი!

 

ცოლი. ანუ ჩანაწერი გამოგიგზავნეს და არა მხოლოდ ინფორმაცია?

 

ინა ცისკარიძე. ჰო, ჩანაწერი!

 

ცოლი. რისი?

 

ინა ცისკარიძე. შენი და იმის, ჰო… შენ და ის… მის კერძო სასახლეში, რეზიდენცია N 2, ევკალიპტების სამოთხე, დახურული ზონა, რეპორტაჟიც მაქვს გაკეთებული…

 

ცოლი. შენ ნახე ეს ჩანაწერი?

 

ინა ცისკარიძე. რა მნიშვნელობა აქვს…

 

ცოლი. როგორ არ აქვს! აქვს… მითხარი… არ იტირო, ერთი წამით. წყნარად ამიხსენი… საიდან იცი, რომ იმის სასტუმროა?

 

ინა ცისკარიძე. შენ ამბობ… შენი ხმა ისმის… აქებ. ვნახე მე, კი… ოთახია დიდი… კედელზე – მისი პორტრეტი… იქით ცოლის – უშველებელი… მყინვარის ფონზე. ქვევით – ჭრელი კუბიკებით… ნახატი… მარტო მაგას რომ აქვს. მხატვრის გვარი დამავიწყდა. თერთმეტი მილიონი რომ გადაიხადა.

 

ცოლი. მე ვჩანვარ?

 

ინა ცისკარიძე. კი. რა გინდა?

 

ცოლი. ჩემი სახე ჩანს? მე ვარ?

 

ინა ცისკარიძე. კი…

 

ცოლი. სილუეტი თუ სახე?

 

ინა ცისკარიძე. სახე, ტანი. რა გინდა? არსებობს ჩანაწერი…

 

ცოლი. ისიც ჩანს?

 

ინა ცისკარიძე. (ქმარს უყურებს) რა უნდა?

 

ცოლი. მოყევი ყველაფერი, ძალიან გთხოვ. ის ჩანს?

 

ინა ცისკარიძე. ჩანს… მაგრამ სიბნელეა… აქრობს მერე…

 

ცოლი. რა ჩანს?

 

ინა ცისკარიძე. ის გიღებს, ალბათ, ტელეფონით… არ ვიცი… ჭიქა გიჭირავს, სვამ შენ… (დიმას) მაპატიე, გეხვეწები…

 

ცოლი. ამან რა უნდა გაპატიოს. მერე!

 

ინა ცისკარიძე. მერე შუქს აქრობ… მაგრამ ის ჩანს მაინც, დებს სადღაც ტელეფონს… ჯერ ვერ დებს, მერე დებს, ამაგრებს სადღაც… შენ წვები, მერე ისიც…

 

ცოლი. სახე ჩანს?

 

ინა ცისკარიძე. ეგაა, მაგის სასახლეა… პორტრეტები… ერთად შედიხართ, შენ წინ, ის იღებს… დახურული ზონაა… ვიცი…

 

ცოლი. ჩემთან წვება?

 

ინა ცისკარიძე. ლაპარაკობ შენ, სულ ლაპარაკობ…

 

ცოლი. სექსი?

 

ინა ცისკარიძე. კი, მაგრამ მე არ მიყურებია ბოლომდე…

 

ანდრია ლაფაჩი. ჰო, ესენი ხომ წმინდანები არიან – ბოლომდე არასდროს არაფერს უყურებენ. მარტო სხვა უყურებს, მე არა…

 

ინა ცისკარიძე. არ მიყურებია…

 

ცოლი. უყურე, როგორც ჩანს. ვლაპარაკობ?

 

ინა ცისკარიძე. კი…

 

ცოლი. რას ვლაპარაკობ?

 

ინა ცისკარიძე. ულოცავ…

 

ცოლი. რას ვშვები?

 

ინა ცისკარიძე. ულოცავ დამოუკიდებლობის დღეს.

 

ცოლი. ვულოცავ?

 

ინა ცისკარიძე. კი…

 

ცოლი. დამოუკიდებლობის დღეს? 26 მაისს?

 

ინა ცისკარიძე. კი… ასე ამბობ, გილოცავ 26 მაისს…

 

ცოლი. ანუ 26 მაისს ხდება ეს?

 

ინა ცისკარიძე. შენ ულოცავ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეს…

 

ანდრია ლაფაჩი. რა სიმბოლურია! უდავოდ მოუმზადებლად შევხვდით დამოუკიდებლობას…

 

ცოლი. სექსამდე ვულოცავ?

 

ინა ცისკარიძე. ამისთვის არ მიყურებია…

 

ანდრია ლაფაჩი. როგორი ზნეობრივი ყოფილხარ! ყოჩაღ!

 

ცოლი. შენ გაქვს ეს ჩანაწერი?

 

ინა ცისკარიძე. კი… და შენთან მოვედი მაშინვე, იმიტომ რომ არ ვარ ბოღმა…

 

ცოლი. (ქმარს უყურებს) 26 მაისი, დიმა…

 

ქმარი. ჰო… რა?

 

ცოლი. რა რა?! ეს ჩემი და შენი ქონწინების დღეა.

 

ინა ცისკარიძე. დამოუკიდებლობის დღეა…

 

ცოლი. თუ ვულოცავ, ჩვენი ქორწინების დღეს და არა დამოუკიდებლობას, ანდრო…

 

ანდრია ლაფაჩი. კი ბატონო, ულოცავ.

 

ცოლი. დიმა, გესმის?!

 

დიმა. რა გინდა?

 

ცოლი. რა და, თუ ეს ქალი ახსენებს მის სასტუმროს და 26 მაისს, ეს ნიშნავს, რომ ჩანაწერი მართლა არსებობს… და იქ მართლა მე ვარ, რადგან ეს იყო საჩუქარი, როცა მე ვთქვი, რომ 26 მაისს ჩვენი ქორწინების დღეა… და უკვე წლებია 26 მაისი არ ახსოვს ჩემ ქმარს… და ეს იმასთან დავიჩივლე და მითხრა: მე გპატიჟებთ ჩემ რეზიდენციაში, და ჩვენ წავედით… ზღვა, ევკალიპტები… მე არ მინდოდა, მერიდებოდა, რადგან რაღაც უხერხული იყო მართლა, მეშჩანური და უგემოვნო, როგორც ყველა პრივილეგია, რომელსაც ასე გაძლევენ, მაგრამ უარი ვერ ვთქვი, რადგან ჩავთვალე, რომ ვაწყენინებ, და შენ წაგიყვანე, მაგრამ კომპრომატი არ გამოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერი არსებობს, იმიტომ რომ მე მქონდა სექსი თუ რაც იყო, ოღონდ ჩემს კანონიერ ქმართან, ინა, ჩვენი ქორწინების დღეს – 26 მაისს.

 

ქმარი. ამ დროს, სულ არ მინდოდა წამოსვლა…

 

ცოლი. ინა, ეხლა შენი მოერიდა, ხომ გარწმუნებდა, რომ მე მისთვის აღარ ვარსებობ, როგორც ქალი?! ამას ხომ შენ მიღებ. შენ გინდოდა, რომ ეს გადაგეღო, ჰო… და ნუ გრცხვენია ეხლა ამ ხალხის… ეს შენ თვითონ მთხოვე… თუ მე გთხოვე, არ მახსოვს… აგერ, ადამიანი ამბობს, რომ არ უყურებია და რომ ეყურებინა, მიხვდებოდა, რომ დიდი არაფერი…  ეს ისეთი იდიოტობაა… ანდრო, შემომხედე!.. მე მეგონა, რომ ეს ჩანაწერი აღარ არსებობს… მე ეს დამავიწყდა… მართლა… გესმით?! ინა, ჩემო ძვირფასო, ისევ ერთი ნაბიჯით უკან ხარ…

 

ქმარი. ერთი წუთი, ერთი წუთი… ჩანაწერი როგორ მოხვდა ინასთან?

 

ცოლი. გავრცელდა, დიმა…

 

ქმარი. რას ნიშნავს გავრცელდა? შენი ტელეფონიდან როგორ გავრცელდა, თუ შენ არ გაავრცელე?

 

ცოლი. მე არ გამივრცელებია… ეგღა მაკლდა, მე გამეგზავნა ჩემივე ჩანაწერი! არავის არაფერს არ ვუმტკიცებ…

 

ქმარი. ვიღაცამ ხომ გაავრცელა?

 

ცოლი. მე ეს არ მეხება, ვინ გაავრცელა… და ეს არავის არ ეხება… ვითამაშეთ და მორჩა… იქ არ უნდა მივსულიყავით, რაღაცნაირ კომიკურ მახეში გავებით… გროტესკულ, მადლობა ღმერთს… ხალხი დავაბნიეთ, პრობლემა ესაა, მეტი არაფერი… განცხადება უნდა გავაკეთო? დიმა, ტექსტზე უნდა შევთანხმდეთ…

 

ქმარი. (ინას) როგორ მოხვდა შენთან ჩანაწერი?

 

ინა ცისკარიძე. დამხვდა… ფოსტაში. წერილებში.

 

ქმარი. ანუ გავრცელდა თუ არ გავრცელდა?

 

ინა ცისკარიძე. არ ვიცი, მე დამხვდა. მე არ გამივრცელებია.

 

ქმარი. აბა, თვითონ გავრცელდა – გრიპივით? ვიღაცამ ხომ გაავრცელა?

 

ცოლი. ჩათვალე, ბედისწერამ. და მოვრჩეთ ამით.

 

ანდრია ლაფაჩი. არა, ბედისწერა კონკრეტული ადამიანია და მას ანდრია ლაფაჩი ქვია! ეს მე გავუგზავნე, ჩემო კარგო, მე! ჩემივე ხელით! შენმა ცოლმა მომიყვა, რაც მოხდა… და მე ჩავერიე, დიახ, როგორც Deus Ex Machina, როგორც ღმერთი! და მე ვეხვეწე – მომეცი, მომეცი… უფრო სწორად, ჯერ მაჩვენე, მაჩვენე… ო, მე დიდი პერვერტი ვარ!.. ცოდვების კოლექციონერი! დიმა, ძვირფასო, მე მინდოდა, რომ დასრულებულიყო ეს აბსურდი, რომელიც წლებია გრძელდება და ვერაფრით აგვარებ, რომ ამ ქალს დაეჯერებინა, როგორ შეეწებეთ შენ და შენი ცოლი ერთმანეთს, რომ გაქვთ ჯანმრთელი ოჯახი, პატივისცემით აღსავსე კოიტუსი, დიახ, ამდენი წლის მერეც, და ახლა ყველამ საკუთარ თავს უნდა მიხედოს, აი, ასე!.. როცა მითხრა, რომ შესაძლოა ექსკლუზიურ გარემოში გაგეტარებინათ პრივატული 26 მაისი – რაკი რცხვენოდა, თავიდან არ გამიმხილა, რომ ის ესთეტიკური მდაბიო სტუმრებისათვის განკუთვნილ აპარტამენტებს გთავაზობდათ თავის სასახლეში, სწორედ მე დავითანხმე, რომ უარი არ გეთქვათ… დიახ, მეთქი, წადით, რაღაც მოუგონეთ ამ თქვენს ჩამყაყებულ, რუტინულ და ფარისევლურ მელანქოლიას, მილიონი მეთოდი არსებობს, როგორ გავახსენოთ ორს, რომ ოდესღაც მათაც უყვარდათ ერთმანეთი, ცოლს და ქმარს…  ყველაფერი მე როგორ უნდა გასწავლოთ, დიმა?!.. მე პრო-ცოლის პარტია ვარ, და სულ ასეთი ვიყავი… ჰოდა გამოვიდა, როგორც გამოვიდა და რაღაც მოახერხეთ, მართალია, ოდნავ მანერულად, მაგრამ მთავარი ხომ მაინც მოხერხებაა ოცდაათწლიანი თანაცხოვრების შემდეგ?! სწორედ აქედანაა ეს ხელოვნურობა ამ ქალის ქცევასა და საუბარში, რაც სავარაუდოდ შეამჩნია კიდეც, თუმცა სათანადოდ ვერ აღიქვა თავისი აღმოჩენით, პოლიტიკური კონტექსტის ისტერიულობით, მოპოვებული ინფორმაციით და თავისი დრამით აგზნებულმა მართალმა ჟურნალისტმა… მაგრამ, არ დავმალავ, მეც კი დავეჭვდი, ვაი თუ ამ ქალზე კიდევ არსებობს სხვა კომპრომატი?! ნუთუ ნარცის დიმას რეალურად დაედგა რქები? ღმერთო ჩემო, რატომ ვერ იხსენებს ჩანაწერს? თუ კონტექსტს უფრო ენდო, ვიდრე საკუთარ თავს? შიშს დიდი თვალები ჰქონია? თუ, უკაცრავად, მაგრამ ჩემთვის უცნობი ცოდვა უმძიმებდა გულს? მოგეხსენებათ, თავს ვეღარავისზე დადებ! სუფთა არავინ ყოფილა… დიახ, ვინერვიულე და სეირით ვისიამოვნე კიდეც! შენს ცოლს, ბუნებრივია, არ უნდოდა ჩანაწერის მოცემა, რადგან მართლაც რატომ უნდა მოეცა? მაგრამ გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ მას უნდოდა, მენახა, რომ სიყვარული ჯერაც ცოცხალია… “ის ისევ ჩემია უკუნითი უკუნისამდე”! ოთხი საათი ვეჯექი, გავაბრუე, ვექაქანე… აი, ენა – მიწამდე… შენც მოხვედი ბოლოს… და, იცით, რა ვიკადრე? მე – ლექტორმა კაცმა?! – არა პრაქტიკულად, არამედ ზნეობრივად არცთუ ადვილი საქმე: თხუთმეტი წუთით მოვპარე ტელეფონი… ჰო, ეს ქურდობაა რეალურად… ვთხოვე, მეთქი, დავრეკავ, ჩემი მზეზე გადახურდა თუ რაღაც მსგავსი… რადგან ამ მზეზე მართლაც ყველანი გადახურებულები ვართ – სისხლი გვიდუღს… და დავრეკე, ვითომ ვილაპარაკე… ვითომ ვიღაცას ვესაუბრებოდი ჩემეული დამაჯერებლობით: “როგორა ხარ? ჯერ არ დაგიხოცავს დედ-მამა? შეიმოწმე ქოლესტერინი?” მან კი რა ჰქნა? შევიდა საბანაოდ, თქვა: უცებ გადავივლებ… რადგან შესაძლოა იწვოდა შინაგანად, ხურდა… ან – განზრახ ქნა ასე, რათა მე მომესწრო გაქექვა… და მეც ჩავქექე ბოქლომახსნილი საცავი, და ჩავქექე დიდი ვნებით და ინტერესით, და მივაგენი… და აღუწერლად, დაუჯერებლად, გამაოგნებლად გავერთე… ათი წელი მომაკლდა, შეიძლება მეტიც… მივხვდი, რას ნიშნავს, როცა თავფეხიანად ძვრები აზარტულ პროცესებში… და როცა ნიღბებს ხსნი ადამიანებს, როცა ყველას ყველაფერს მიუზღამ – ვინც რას იმსახურებს!.. აი, ასე… ყოველგვარი დიდაქტიკის გარეშე!.. ჰოდა დარჩა თუ დამიტოვეს, არ ვიცი, მაგრამ ის კი მოვასწარი, რომ ჩანაწერი ჩემთან გადმომეგზავნმა და მერე განბანილი, განწმენდილი პატრონისთვის ჩამებარებინა უკან – ისე, თითქოს არც არაფერი მომხდარიყო…  და აი, დღეს ეს აფეთქდა! რადგან მე შესაბამის მომენტს ველოდი და ეს დადგა – პოლიტიკური კრიზისი თქვენ სახლამდე მოვიდა… ბოდიში ჟურნალისტურ კორპუსთან! არაფერი პერსონალური, მხოლოდ ობიექტური! მე სიმულაციური საფოსტო მისამართიდან გამოვგზავნე ჩანაწერი, რომელიც სპეციალურად შევქმენი ამ პროექტისთვის… მე ამას პროექტი ვუწოდე ხუმრობით…  შესაბამისი მინაწერით, ცხადია… მაგრამ, პრინციპში, მე უაღრესად კამერული მიზანი მქონდა. ოჯახური, ასე ვთქვათ. უპირველეს ყოვლისა, სამკუთხედზე და არა საზოგადოებაზე გათვლილი. ქმარი-ცოლი-საყვარელი. ოღონდ, რას წარმოვიდგენდი, რომ პოლიტიზებული ადამიანი იმას კი არ აღიქვამდა, რაც ჩანაწერში იყო, არამედ სულ სხვა რეალობას – ანუ არა ქმარს, არამედ ქვეყნის მმართველს, რომელიც იქ არ არის, მაგრამ ამას კი უნდა, რომ იქ იყოს! ეს ჰალუცინაციურ-პოლიტიკური სასწაულია – ინტერპრეტაციის მასშტაბურობა, რომელსაც პოლიტიკური კონტექსტი წარმოშობს: ადამიანი ერთს უყურებს და მეორეს ხედავს, სინამდვილე არ არსებობს, სინამდვილე ინტერპრეტაციაა! ამავდროულად, აპოთეოზის შეგრძნება იმის გაცნობიერების ჟამს, რომ ერთდროულად პირველაღმომჩენიც ხარ, როგორც სკანდალებზე მონადირე ცხოველი, წლობით თავის არჩევანში ვერჩამოყალიბებული საყვარლის ცოლის მამხილებელი და მისი მშველელიც ამასთანავე! თან გამხელთ, თან დახმარების ხელს გიწვდით… რაღა უნდა ინატრო ამაზე მეტი!..  ერთი შენიშვნა: ჯობდა, ცოლს გადაეღო და არა ქმარს, რადგან ეს შესანიშნავი და ჯერაც სათანადოდ ვერმობერებული ბიჭი მუდმივად კადრს უკანაა… მაგრამ ეს არაა მთავარი აღმოჩენა, მთავარი ისაა, რომ მე ვყოფილვარ ქვეყნის მთავარი სადისტი, ამ სიტყვის ფიგურალური გააზრებით, ცხადია… ის, ვინც დაუკითხავად შეძვრა თქვენს საძინებლებში! ძალაუფლება ახლა ჩემ ხელშია! ჩემ ხელში – ბებერი და მოწყენილი პოლიტიზებული დილეტანტის… და გენიოსის, გარკვეული თვალსაზრისით, რადგან რასაც დღეს ვუყურე – და მე ვუყურე ჩემს მიერ შექმნილს, – იყო სრულიად გენიალური!.. მე ვარ ზე-გაბედული ადამიანი, ან გნებავთ ზე-ადამიანი სწორედ ამ გაბედულების გამო, რომელსაც ნორმალურ ქვეყანაში უნდა ცხოვრება წესიერ და პატიოსან ხალხთან ერთად, ღირსეულ მოქალაქეებს შორის, სადაც სიცრუე და თვალთმაქცობა აღარ იარსებებს, და სადაც ადამიანები მართლა შეძლებენ ბედნიერად ცხოვრებას! და ახლა არ დაიწყოთ, რომ ვინც ყველაზე მეტად გვძულს, ბოლოს სწორედ იმას ვემსგავსებით, მიუხედავად იმისა, რომ ეს უდავოდ შესანიშნავი გამოცდილებაა, როცა სხვების ბედისწერას განსაზღვრავ, როცა სხვების ცხოვრებაში აფათურებ ხელებს და როცა მცირე მასშტაბის ღმერთი ხარ ფაქტობრივად – თუნდაც პიროვნული ათეიზმის გათვალისწინებით… მაგრამ მე ღირსეული მიზანი მქონდა, რაც ერთმნიშვნელოვნად ასიმპათიურებს ჩემს ჩანაფიქრს – დახმარება და რამდენადაც შესაძლებელია, თქვენი აბურდული ბიოგრაფიების მოწესრიგება… და ცოტა გართობაც, ხალხო… რძალს ვეჩხუბები მოწყენილობისგან, უნდა რომ ბინა გადავუფორმო და მე ქუჩაში გამაგდონ… დიმა, როგორ მიყვარდი ცხრამეტნახევარი წლის წინ და რა უინტერესო ადამიანი ყოფილხარ… მაგრამ დღეს მე ეს შევძელი, იცით?! გაგაცოცხლეთ! სამყაროში ისევ აღდგა წესრიგი და კანონზომიერება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა… თუნდაც ერთი დღით. ერთი ღამით. თუნდაც თქვენს არცთუ დიდი გემოვნებით მოწყობილ ბინაში… და ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ხვალიდან ისევ არ დავკარგავთ ჰარმონიის შეგრძნებას და, მით უმეტეს, არც იმას, რომ სხვა საეჭვო ჩანაწერები არ გამოჩნდება, რადგან ჩვენი რეალობა ობიექტურად სრულიად პარანოიდალურია და, ბუნებრივია, ყველას ყველაფერს ვერ მოვუგვარებ. რა რესურსი მე მაქვს… არ გამოვრიცხავ, ჩვენს შორის ვინმე ახლაც იწერდეს მიმდინარე საუბარს, ან ყველანი ვიწერდეთ – ოთხივე, ან ცალ-ცალკე. თუმცა ჩვენს შორის ეს უკვე აზრდაკარგულია – ძველებურად მაინც ვეღარ მოვატყუებთ ერთმანეთს და რაღაც ახლის გამოგონება მოგვიწევს… ესეც პარადოქსია, მაინც და მაინც მე რომ აღმოვჩნდი საოჯახო მორალის დამცველი. მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა იფიქროს ამ ინსტიტუტის გადარჩენაზე? (აგზნებულია, თუმცა თითქოს ახლაღა მიხვდა, რომ იმაზე ბევრად მეტი და უცნაურად ილაპარაკა, ვიდრე ვინმეს, ან თავად წარმოედგინა) ოღონდ, იმედია საბოლოოდ არ დავანგრიე ყველაფერი… საბოლოოდ, ჰო… საბოლოოდ არ შეგაზიზღეთ ერთმანეთი…

 

აქ, წესით, სიჩუმე უნდა ჩამომდგარიყო, და პრაქტიკულად ჩამოდგა კიდეც, რადგან თითქოს სიჩუმიდან ამოიზარდა ჯერ ქმრის, მერე კი ინას რეპლიკა.

 

ქმარი. (ანდრია ლაფაჩს) მე არ ვიცი შენ რა დაანგრიე, მაგრამ მე აქ აღარ ვიცხოვრებ… მე…

 

ინა. დადეს.

 

მართალია, ეს სიტყვა ინამ ხმადაბლა თქვა, მაგრამ მაინც ყველამ გაიგონა – შესაბამისად, ახლა ყველა მას უყურებს.

 

აი.

 

ანდრია ლაფაჩი. რა დადეს, ინა, რას ბოდავ? მე მაქვს…

 

ინა ტელეფონს ჩაჰყურებს.

 

ცოლი. (ინას უახლოვდება. ანდრია ლაფაჩს) შენ გამოდე, იდიოტო? (ინას) მაჩვენე.

(უყურებს ტელეფონს. პაუზა)

 

ანდრია ლაფაჩი. ეს უკვე მართლა პროვოკაციაა, მე არაფერი…

 

ცოლი. (ანდრია ლაფაჩს. მკაცრად) მოიცა, ერთი წუთით! (ქმარს) ეს სხვაა, მე არ ვარ… ჩემი არაა…

 

ქმარი. რა?

 

ცოლი. ის კაცია… იმ ბიჭთან… მე რომ მაჩვენეს… თავი რომ დავუქნიე, დადეთ-თქო… ჩემ წამოსვლამდე… მაინც დაუდეს, გესმის?.. მე არ ვარ… შეხედე, უკვე სააგენტოებმაც გადადეს, საშინელებაა…

 

ამბობს “საშინელებაა”, მაგრამ ეტყობა, რომ თავდაჯერებულობა და მხიარულება დაუბრუნდა.

 

გადავრჩით. ჩვენ, ყოველ შემთხვევაში. არა? საწყალი, შეიძლება თავი მოიკლას… არ მჯერა… გადავრჩით… (ქმარს) შეხედე.

 

ცოლი ქმარს უწვდის ტელეფონს.

 

ფარდა

 

2018