მწუხრის ჟამს

მწუხრის ჟამს
რატი ამაღლობელი

 

შარშან ზაფხულში ვანზეეზე ბერლინის ლიტერატურული კოლოკვიუმის (LCB) რეზიდენტი ვიყავი. ეს დრო ვეცადე ჩემი ჩანაფიქრების მიხედვით დამეგეგმა. გადავწყვიტე გერმანულენოვანი პოეზიიდან ისეთი ლექსები მეთარგმნა, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა კომპოზიტორისთვის გადამწყვეტ ინსპირაციებად იქცნენ და მათ საფუძველზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები შექმნეს.

მაგალითად, შილერის „ოდა სიხარულს“. ბეთჰოვენმა იგი სიმფონიური მუსიკის ისტორიაში პირველ პოეტურ ტექსტად აქცია, რომელიც მე-9 სიმფონიის მეოთხე, დასკვნით, ნაწილში სოლისტებისა და გუნდის მიერ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გაჟღერდა. ასე ჩაისახა ქორალური სიმფონიის ტრადიციაც, რომელიც ჯერ ჰექტორ ბერლიოზმა (რომეო და ჯულიეტა), შემდეგ ფერენც ლისტმა (Faust-Sinfonie) და ბოლოს გუსტავ მალერმა თავის მე-2, მე-3, მე-4 და მე-8 სიმფონიებში განავრცო, რომელთაც კიდევ დავუბრუნდებით ქვემოთ.

რასაკვირველია, მათ შორის და მათ შემდეგაც მრავალი სხვა კომპოზიტორი მიმართავდა სიმფონიური მუსიკის ამგვარ ფორმას.

მეც ბერლინში ყოფნისას ამგვარი ნაწარმოებების ცოცხალ შესრულებათა ძებნა დავიწყე და პირველი, რასაც გადავაწყდი, „დოიჩე ოპერაში“ რიხარდ შტრაუსის „ოთხი უკანასკნელი სიმღერა“ იყო ჰერ ზუბინ მეტას დირიჟორობით.

ჩემი გეგმის მიხედვით, ეს სიმღერები ბოლოსკენ უნდა მეთარგმნა, მაგრამ მოსმენილმა შესრულებამ როგორც სამუშაოს განრიგი, ისე ქართულად ამ თარგმანების წიგნად შეკვრის პრინციპიცა და კონცეფციაც თავდაყირა დააყენა.

რიხარდ შტრაუსის „ოთხი უკანასკნელი სიმღერა“ თითქოს ერთგვარი შეჯამება,

საბოლოო მუსიკალური გააზრებაა ევროპული კლასიკური მუსიკის ფორმისა და სულის.

აქ ავტორის მრავალ წინამორბედს შეხვდებით: მალერს, ვაგნერს, ლისტს, ბეთჰოვენს.

იგი მათ მუსიკალურ ლანდშაფტებში მიგვიძღვის, როგორც მუზეუმის გიდი ან ფილოსოფიის ისტორიის ლექტორი.

84 წლის შტრაუსმა ეს ოთხწევრა მუსიკალური ნაწარმოები მეორე მსოფლიო ომის მერე, 1948 წელს, დაწერა შვეიცარიაში.

აქედან პირველი სამი ლექსი ჰერმან ჰესეს ეკუთვნის, ბოლო, მეოთხე კი – იოზეფ ფონ აიხენდორფს, გერმანული სახელწოდებით „Im Abendrot”, ქართულ თარგმანში „მწუხრის ჟამს“, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებთ.

აიხენდორფმა „მწუხრის ჟამს“ 1837 წელს დაწერა, 1841-ში გამოაქვეყნა.

ამ დროისათვის კასპარ დავით ფრიდრიხს უკვე შექმნილი აქვს  არაერთი ტილო ე. წ. „საღამოს ლანდშაფტების“ თემაზე, რომელზეც 1816 წლიდან მოყოლებული თითქმის ცხოვრების ბოლომდე მუშაობდა.

რატომ მაინცდამაინც 1816 წელიდან? ისტორიაში ამ წელს ჰქვია „წელიწადი ზაფხულის“ გარეშე.

„უზაფხულობა“ განაპირობა 1815 წელს ინდონეზიაში ვულკან ტამბორას ამოფრქვევამ, რითაც ხსენებულმა სტიქიამ მთელი წლის მანძილზე ატმოსფეროში დიდი რაოდენობის ფერფლის მასიური გავრცელებით ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ვულკანური ზამთრის ეფექტი შექმნა.

გაზაფხულმა და ზაფხულმა ევროპაში უწყვეტი წვიმებისა და ქარიშხლების მონაცვლეობით ჩაიარა.

ტემპერატურა უჩვეულოდ დაბალი იყო. სამხრეთ ევროპაში მაისშიც კი თოვდა.

იშვიათი გამოდარებისას კი ადამიანები უჩვეულო ფერისა და განათების მზის ჩასვლის მოწმენი ხდებოდნენ. აქ მთელი საიდუმლოება ატმოსფეროში გავრცელებული ფერფლის ფენის ქვეშ იმალებოდა.

ამ ფენის გამჭოლ განსაკუთრებულ ელფერს იძენდნენ „ზაფხულის გარეშე“ დარჩენილი საღამოები. სწორედ ამგვარ „Abendrot“-ებს, მწუხრებს თუ დაისებს ხატავდა გერმანიაში კასპარ დავით ფრიდრიხი (1, 2, 3, 4), ხოლო ბრიტანეთში – უილიამ ტერნერი.

1817 წელს ხოლერის პანდემიურ გავრცელებას მეცნიერთა ნაწილი სწორედ „ზაფხულის გარეშე წელიწადს“ უკავშირებდა.

1816 წლის მაისიდან ჟენევის ტბის სანაპიროზე მდებარე ვილა დიოდატიზე ზაფხულის ერთად გასატარებლად იკრიბებიან: ბაირონი, მისი პირადი ექიმი პოლიდორი, პერსი ბიში შელი, მისი მომავალი მეუღლე მერი გოდვინი, მომავალში ცნობილი, როგორც მერი შელი, და მერის ნახევარდა კლერ კლერმონტი.

გამუდმებული წვიმების ფონზე ვილაში გამოკეტილი ხუთეული გადაწყვეტს, თავი ჯერ „ფანტასმაგორიანას“ კითხვით შეიქციოს, ხოლო შემდგომ ბაირონის წაქეზებით რაღაც მსგავსი თავადაც შექმნან. ასე და ამ კონტექსტში იბადება გოთიკური ლიტერატურის შედევრები: მერი შელის „ფრანკენშტაინი; ან, თანამედროვე პრომეთე“ და ჯონ უილიამ პოლიდორის „ვამპირი“.

გოთიკურ ლიტერატურაში სიუჟეტი, როგორც წესი, რომელიმე ძველი ციხე-კოშკის ჩაკეტილ ტერიტორიაზე ვითარდება, ჟენევის ტბისპირა ვილაზე ხსენებული ხუთეულის წევრებიც თავად ხდებიან ე.წ. გოთიკური მისტერიების როგორც შემქმნელები, ისე მონაწილეები. *

გლობალური კატასტროფების ფონზე იზოლაცია (მით უმეტეს, ძველ ციხე-კოშკში) ადამიანებში რომ დასასრულზე ფიქრსა და აპოკალიპტურ განცდებს აღძრავს, ალბათ არ იქნება გადაჭარბებული ნათქვამი, სამყაროს ბოლოდროინდელი გამოცდილებაც ცხადყოფს, თუ როგორ იცვლება, ფაქიზდება ჩვენი შეგრძნებები, აღქმები, სიზმრები.

ის, რაც აქამდე ყოფიერების ხმაურსა და მოუცლელობას ჩაეხშო ჩვენში, ახლა გაათმაგებული ძალით წარმოგვიდგება თვალწინ, როგორც გოთიკური ატმოსფეროს გამძაფრებული ჟესტი, როგორც წარსულის ლანდები და მოჩვენებები, რომლებიც შემზარავი ძალისხმევით ებღაუჭებიან სიცოცხლის ფორმებსა და ამ ფორმათა უსასრულობაში განფენილ, მაგრამ ჯერაც გაურკვეველ, პერსპექტივებს. ჩვენი წარმოდგენები იძენენ აქამდე არნახულ სიმძაფრე-სიცხადეს. საშიშროების ელდა-განცდებს თან ახლავს მშვენიერების ასეთივე ძლიერი შეგრძნებები.

მეც პირველად ვანზეეზე მდებარე ციხე-კოშკში განვიცადე არა ინტელექტუალურად, უფრო სომატურად დასავლური კულტურისათვის ასეთი ახლობელი – დასასრულის, ე. წ. „რაგნაროკის“, ღმერთების დაისის გარდაუვალობა. ამაში კი სწორედ, მრავალ სხვა კონტექსტთან ერთად, რიხარდ შტარაუსის „ოთხი უკანასკნელი სიმღერის“ პოეტური ტექსტების ქართულად თარგმნის პროცესი „დამეხმარა“.

ბერლინის კედლის დაცემის შემდეგ გერმანელები უფრო და უფრო ნაკლებად იყენებენ დასავლეთის განსასაზღვრად „Abendland“-ს. თუმცა ეს სიტყვა გერმანულენოვან მოაზროვნეებთან გეოგრაფიულზე მეტად კულტურულ, რელიგიურ და გეოპოლიტიკურ საწყისებს აღნიშნავდა.

თუ ოსვალდ შპენგლერის მეტაფორას „ევროპის დაისიდან“ ცალკეული კულტურის გიგანტურ მცენარესთან შედარებას კიდევ უფრო განვავრცობთ (შპენგლერი კულტურის სასიცოცხლო ფაზებს მცენარის ზრდის ციკლურობას ადარებდა: მომწიფება, მწიფობა, სიბერე, კვდომა.) და მას მზის ამოსვლისა და ჩასვლის ფაზებს დავუკავშირებთ, მაშინ დასავლური კულტურა, როგორც ერთი დიდი დღე (დილა, შუადღე საღამო, ღამე.), თავის საწყისებს ბიბლიურ აღმოსავლეთსა და ძველბერძნულ კულტურაში იპოვის.

მარტინ ლუთერიც სახარების საკუთარ თარგმანში ხომ აღმოსავლეთს, საიდანაც მოგვები მოდიან, „Morgenland”-ს, ანუ დილის ქვეყანას უწოდებს.

ჩვენც თუ დასავლეთ ევროპის კულტურის შუაგულში დავდგებით და იქიდან შევხედავთ ხსენებული კულტურის მოძრაობას, მის ვრცელ გზასა და დინამიკას, ზრდის ფაზებსა და ხანდაზმულობას ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, ისტორიას, მაშინ ბუნებრივად დაგვეუფლება ამ კულტურის დასასრულის, მისი მწუხრის განცდა.

პირადად ჩემთვის კლასიკური მუსიკა, გერმანული იდეალიზმი, თავისი გოეთე-შილერით, ნოვალისითა და რომანტიკოსებით გაგრძელებული, სწორედ რომ ამ კულტურის მწუხრის ვარსკვლავის მშვენიერი ნათებაა, ბოლო-დღის-ნათელი.

ის, რაც ოდესღაც პლატონსა და არისტოტელესთან ისახებოდა, მათთან იპოვა საბოლოო სხეულებრივი სიმკვრივე და ფორმები.

დღეს იგი გარეთ აღარსად გრძელდება, მხოლოდ ჩვენში ჩნდება ხოლმე, როგორც წარსული კულტურის მოჩვენება. მისი ლანდები გვეწვევიან ხოლმე და გვიწვევენ უკვე აღარარსებულის მარად-მშვენიერში. ვინც ჯერ კიდევ გრძნობს და შინაგანად ატარებს ამ კულტურის მეხსიერებას, იგი თითქოს უკვდავებით დაწყევლილი აღასფერია, მფრინავი ჰოლანდიელის მარტოსული მოჩვენებაა „სხვა ხალხის ჟრიამულში“.

ზემოთ თქმულის საილუსტრაციოდ გთავაზობთ მუსიკალური შესრულების ბმულებით რამდენიმე ქართულ თარგმანს იმ ჰიმნებისას, რომლებიც ჩემთვის დასასრულის ხსენებულ განცდას დაუკავშირდნენ.

ოდა სიხარულს                                     Beethoven “Ode To Joy” Symphony No.9

 

სიხარულო, ღვთის ცეცხლოვან
ასულს ელიზიუმის –
ცეცხლნასვამნი გპოვებთ, მოვალთ
შენთან ტაძრად, ციურით.
ჯადოსნური გზებით გვძებნი,
დაშლილს – კვლავ აკავშირებ,
ერთმანეთის ვხდებით ძმები –
სადაც ფრთა გაქვს გაშლილი.

 

ვინც შეძლო და მეგობრობა
მეგობრისთვის ინება,
ჩვენს საძმოშიც ერგო ძმობა,
კეთილ-იხსენიება.
ვინც, თუნდ ერთის, სულდგმულთ შორის
ეზიაროს სამყაროს!
თუ არა და, განგვეშოროს,
ცრემლი სხვაგან დაღვაროს.

 

სიხარული ყოველთათვის
ჩქეფს ბუნების მკერდიდან,
ყოვლი სული მას ესწრაფვის
ვარდის ბილიკებიდან.
ამბორგვყო და მოგვცა ვაზი,
გვიძმო ძმის თვით-შეწირვით,
გველისგან გვაქვს ქვენააზრი,
ვჭვრეტთ ქერუბიმს ღმერთის წინ.

 

ლხენით სავსე, მსვლელი ცაზე
მზე ზეიმით გაჯერდეს,
ძმებო, ასე კუთვნილ გზაზე
რბოდეთ და იმარჯვებდეთ.

 

მილიონებს ითვლით ძმებო,
თქვენ ურთიერთ ამბორით
ვარსკვლავეთის კარვის ზემოთ
სცანით მამის სამყოფი.

იგრძნოს, ძმებო, მუხლის მოყრით
ამ ერთობამ ულევმა –
ვარსკვლავეთის ზემოთ მყოფი
შემოქმედის სუფევა.

 

ფრიდრიხ შილერი

(ტექსტი ორიგინალში)

 

 

ციკლიდან „ბიჭუნას ჯადოსნური რქა“ Symphony No. 2 (Mahler)

 

თავდაპირველი ნათელი

 

ო, ნორჩ-ფურცლება წითელო ვარდო!

ადამიანი მოიცვა დარდმა,

საჭიროებამ, ტკივილმა დიდმა,

მეც ცაში ყოფნა მერჩივნა, ვიდრე

 

აქ, ამ ფართო გზით მევლო ქვეყანა

და ანგელოზსაც უარვეყავი,

თუმც ეს ვერ შეძლო, რამეთუ ვერ ვთმობ

ღმერთს, მისგან მოსულს კვლავაც მსურს ღმერთთან.

 

თავის შუქს მომფენს, აღმანთებს დიახ

მარადიული სიცოცხლის წიაღ.

 

 

აღდგომა

 

აღდგები ისევ, ჭეშმარიტად აღდგები, მენდე

შენ, ჩემო მტვერო, მცირეოდენ პაუზის შემდეგ.

იგი, ვინც გიხმობს, ვინც ძახილით დაგეძებს – შენთვის

მარადისობის, უკვდავების შეძენას შეძლებს.

 

ასაყვავებლად, გასაფურჩქნად კვლავ დათესილხარ,

მოდის უფალი მოსავალთა, ველთა, ხეხილთა

და ასე ერთად ზვინებად და ძნებად გვაწყვილებს

ჩვენ – გარდაცვლილებს.

 

ფრიდრიხ გოთლიბ კლოპშტოკი

 

 

*  *  *

გჯეროდეს, გულო ჩემო, გჯეროდეს:

შენ ვერ დაკარგავ იმას ვეროდეს,

რაც კი რამ გწამდა, გიყვარდა ოდით,

რისთვისაც ასე

იბრძოდი, ბჭობდი.

 

გჯეროდეს:

არ გაჩენილხარ, არ გიცხოვრია,

არ გიტანჯია ამაოდ, არა!

ის რაც წარმოსდგა – გარდავა! და რაც

გარდასულია – აღდგება კვლავაც!

 

საკმარისია ცახცახი, თრთოლა!

სიცოცხლისათვის ემზადო დროა!

 

ტკივილო ყოვლის გამსჭვალველო,

ჩემგან ძლეულხარ!

სიკვდილო ყოვლის დამჯაბნელო,

დამარცხებულხარ!

 

ფრთებით, რომელნიც მხურვალე

სიყვარულისას მომეცა –

ვპოვე ნათელი, ვპოვე ცა

კაცთაგან თვალ-შეუვლები.

 

მოვკვდები, რათა ვიცოცხლო კვლავ მე!

 

აღდგები გულო, იმდენად მალე,

დაახამხამე თითქოსდა თვალი

და ყველა ბიძგი, შენში რომ ძგერდა –

მიგიყვანს ღმერთთან.

 

გუსტავ მალერი

(ტექსტი ორიგინალში)

 

 

გაზაფხული                     (Vier Letzte Lieder.Richard Straus)

 

შესუდრულს აკლდამა-მღვიმეთა

დაისის მწუხარე ბინდებით,

მე შენი ცა დამრჩა იმედად –

ფრთა-სავსე მგალობელ ჩიტებით.

 

აწ, თვალწინ მეხსნები მწოლარე,

ელვარებს შენი სამკაული,

გევლება ნათელი მთრთოლარე

სადღესასწაულო.

 

შენ ისევ მიცნობ და მიყურებ,

მაქეზებ ფაქიზი ალერსით,

დამივლი ტანში და კიდურებს

სიცოცხლით ამივსებ.

 

ჰ. ჰესსე

 

 

სექტემბერი

 

ბაღს, მგლოვიარეს და ყვავილებს

მოჰგვრის ციებას – წვიმა,

ოქროს წვეთები ფოთოლ-ფოთოლ

აკაციიდან ცვივა.

 

გაოგნებისგან მომღიმარი

და დაზაფრული

მომაკვდავ ბაღის გულის წასვლას

უმზერს ზაფხული.

 

 

ბოლოს ვარდებთან შეყოვნდება –

შვების სურვილით

თვალებს დაღალულს დახუჭავს და

აღესრულება.

 

ჰ ჰესსე

 

 

ძილად მისვლის წინ

 

ამ დღემ განვლილმა დამღალა და მე

ვიტოვებ იმედს, რომ თავის გაშლილ –

ხშირ ვარსკვლავება წიაღში ღამემ

მიმიღოს, როგორც დაღლილი ბავშვი.

 

საქმე ყოველი დასთმონ ხელებმა,

დაკარგოს შუბლმა ფიქრის უნარი,

ძილმა წაიღოს აუღელვებლად

ჩემში რამ გრძნობა კიდევ თუ არი.

 

რომ სამშვინველმა, როგორც მფრინველმა

შემოიფრინოს ღამის ცარგვალი

და მის შრეებში განსაკვირვებლად

ცხოვრება ღრმა და ათასმაგვარი

ჰპოვოს.

 

ჰ. ჰესსე

 

 

 

მწუხრის ჟამს

 

ჭირში თუ ლხინში, რამაც გაგვთანგა –

განვვლეთ ხელი-ხელ, ანუ მხარი-მხარ

და ჩვენ ორივემ ხეტიალთაგან

ვპოვეთ სიმშვიდე უხმო მხარეთა.

 

დამრეც ხეობებს მწუხრის ბოლო ჟამს

ერევა ბინდი და გარს ევლება

ციდან ტოროლა თითო-ოროლა

და შებინდების ნელ-სურნელება.

 

მალე ძილის დროც მოვა, დაიცა –

ჟღურტულს ნუ უშლი ჩიტებს, მოეშვი,

არათუ გზები, ვაი, თავიც თუ

დავკარგეთ აქ, ამ სიმარტოვეში.

 

შენს განივ სივრცე-სიღრმეს სიმშვიდევ,

მწუხრის მეწამულ შუქში იშლი და

ჩვენც ხეტიალით ღონე-მიხდილნი

ვეჭვობთ დაღლაა ეს თუ სიკვდილი?

 

იოზეფ ფონ აიხენდორფი

(ტექსტი ორიგინალში)

 

 

 

* ამ თემას ეძღვნება კენ რასელის ფილმი „გოთიკა“.