ნორმა

ლაშა ბუღაძე
Share on facebook

ეს ტექსტი ორიოდე წლის წინ დავწერე და ალბათ უფრო პერფორმატული მორალიტეა (ან „ანტიმორალიტე“), ვიდრე ტრადიციული (ან არატრადიციული) პიესა, იმის მიუხედავად, რომ აქ პერსონაჟებიც არიან, მოვლენები სცენებად არის დაყოფილი და, ერთი შეხედვით, აბსურდული, თუმცა როგორც ყველა აბსურდი, არსებითად რეალისტური სიუჟეტი ვითარდება ამბავი იმის შესახებ, თუ როგორ იქცევა ნორმად ის, რაც „უმრავლესობის“ (და უმეტესად, აგრესიული უმრავლესობის) შეთანხმების საგნად ქცეულა, როცა ესა თუ ის ნორმა ან, გნებავთ, ღირებულებრივი წეს-ჩვეულება, რის გამოც შესაძლოა ადამიანებმა გასაწირადაც კი გაიმეტონ ერთმანეთი, საბოლოოდ უაღრესად პირობითი რამ აღმოჩნდება ხოლმე. ისიც შესაძლებელია, რომ ეს ტექსტი 2013 წლის საზარელი 17 მაისის ტრაგიკომიკურ რეფლექსიად იყოს აღქმული.

 

   

ნორმა

 

გმირები და ანტიგმირები:

 

მერაბი (კაცი)

მამა (კაცი)

ტანია (ქალი)

ნინიკო (ქალი)

 დადუნი (კაცი)

მამა დარეჯანი (ქალი)

ზინა (ქალი)

მირანდა (მრჩეველი) 

 

 

 

პროლოგი

 

12 სთ. 40 წთ.

 

მერაბი.  აი, ეს! აი… მე მაგინებდნენ… ვიღაცამ მიყვირა: წაგაცლი მაგ თავს… და მერე რაღაც მომხვდა… კოპი მაქვს აქ. აი. შეიძლება ქვა იყო, შეიძლება რაღაცა სხვა, უფრო მძიმე, არ ვიცი… გავიფიქრე, გონებას ვკარგავ, ვკვდები…  ძლივს მივაღწიე ავტობუსამდე… დანებიც ქონდათ… საზიზღარი დღეა… მამაჩემი არ მიშვებდა დილით – ჩაგკეტავო… მეთქი, ვის ჩაკეტავ, მამა, ამათ უტოვებ ქვეყანას? თავი მისკდება…

 

1.

მამა, მერაბი

 

მამა. რა გინდა, მორგში გეძებო მერე?

 

მერაბი. ყველა იქაა, მამა!

 

მამა. ვინ – ყველა? შენი მთხლე ბიჭბუჭობა და ვიღაც ნაგიჟარი გოგოები?

 

მერაბი. და შენ რა გინდა, დავჯდე და ტელევიზორში ვუყურო, ეგ მოგეწონება?

 

მამა. არ მინდა, რომ გცემონ! გგონია, პოლიცია გააჩერებს მაგათ? მიაწვებიან და გამოუშვებენ, გადაგთელავენ კაციან-ქალიანად!.. რა გაცვია ეს? რატომ არ გაცვია ნორმალურად?.. არ გამოვა ასე!..

 

მერაბი. რა გამოვა, აბა, რა? შენსავით ვეგდო დილიდან სა…

 

მამა. ვეგდო რა არის, ვეგდო რატომ…

 

მერაბი. ვეგდო, ჰო, ვეგდო!.. ვეგდო თვალებამოღამებული, უარაფროდ… ამ ჩაყვითლებული ფრჩხილებით…

 

მამა. ეს ფრჩხილები მე არ ამირჩევია… ჯერ გახდი თვრამეტი წლის და მერე ატლიკინე ენა! ელემენტარულ საჭიროებაზე არ შემიძლია გარეთ გასვლა… მეთაკილება შინაგანად, ისე მიყურებს ხალხი, გიჟივით… თავი შეაზიზღე ამათ!

 

მერაბი. იცი, ვინაა მთავარი დაკომპლექსებული, მამა? შენ!.. შენ არ მიღებ!.. შენთვის ვარ პრობლემა!.. ხომ იყავი მონა მთელი ცხოვრება?! ეხლა ჩემზე ანთხევ ბოღმას!.. მეზიზღებით!

 

მამა. ეგრე გაგაწამოს შენმა შვილმა, როგორც შენ მე მაწამებ!.. სად მიდიხარ?!

 

2.

მერაბი, ტანია. შემდეგ ნინიკო. ტანიას სახლში.

 

ტანია. ძალიან გთხოვ, წადი, ძალიან გთხოვ, მე თვითონ გნახავ…

 

მერაბი. არ შეიძლება, რომ დაგელაპარაკო? ასეთი საშიში ვარ? ასე არანაირად…

 

ტანია. რა ასე, რა? რას გავხარ! მოწესრიგდი მართლა ცოტა…

 

მერაბი. ასე ადვილად როგორ შეგიძლია…

 

ტანია. არ მინდა ეხლა ლაპარაკი! მოგძებნი მე თვითონ, დღეს ნიშნობა მაქვს, გადამაგორებინე ეს საღამო! და მეორეჯერ აღარ მოხვიდე გაუფრთხილებლად, ძალიან გთხოვ. როგორც სტუმარი – მოდი, გამიხარდება… მაგრამ ასე – არა… არაა ეგრე, როგორც შენ გინდა…

 

მერაბი. და შენ ხომ გინდოდა?

 

ტანია. გეხვეწები, ეხლა ნუ ვილაპარაკებთ ამაზე, წადი… სახელს თუ არ დაარქმევ, დამიჯერე, უფრო გაგიჭირდება, შენ შენს ცხოვრებას იწყობ, მე, შეძლებისდაგვარად, ჩემსას…

 

მერაბი. მე არაფერს არ ვიწყობ. მე შენთან მინდა.

 

ტანია. იწყობ… მე აღარ ვარ მარტო!

 

მერაბი. რატომ არ იყავი მიტინგზე? ნორმალური გახდი, ტანია? ყოჩაღ…

 

ტანია. წადი, გთხოვ… მოვიდა…

 

მერაბი. დაელაპარაკე… არ შეიძლება, დაელაპარაკო?

 

ტანია. შენ მე ჭკუას ნუ მასწავლი და ნუ მაკომპლექსებ, ძალიან გთხოვ… ნუ მანანებინებ იმ დღეს…

 

შემოდის ნინიკო. ტანია წყვეტს ლაპარაკს.

 

(ნინიკოს) რა იყო? შემოდი! არაფერი არ ხდება!

 

ნინიკო. (მერაბზე) აქ ამას რა უნდა?

 

მერაბი. ბოდიში, აღარ შეგაწუხებთ არასდროს…

 

ნინიკო. შენ ვინ უნდა შეაწუხო, იქით არ შეგაწუხოს ვინმემ…

 

მერაბი. (ტანიას) ამან არ იცის სიტყვა შეწუხების მნიშვნელობა?!

 

ტანია. (ნინიკოს) ერთი წუთით დამელოდე, დაველაპარაკები და გამოვალ. არაფერი არ ხდება.

 

ნინიკო. ნუ მიყურებთ, გოგო, როგორც ვიღაცა ტვინნაღრძობს! ჩამორჩენილივით ნუ მექცევი, კი არ შევჭამ, ურჩხული კი არ ვარ, მოვედი, დამხვდა, შეგაწუხებ-შემაწუხებ – ბოდავს რაღაცას… რა უნდა? გგონია, ხელის ამწევი ვარ ამაზე?..

 

მერაბი. ნუ მაშინებ, ძალიან გთხოვ… თუ გგონია, გხედავ საერთოდ, ან აღგიქვამ რამედ, ძალიან ცდები…

 

ნინიკო. ტუჩი გიკანკალებს, როცა ლაპარაკობ. ნუ ნერვიულობ, მშვიდობა გვაქვს.

 

მერაბი. (ტანიას) აი, ეს… ეს გინდა შენ… ყოჩაღ. ეს კარგია, ეს ბუნებრივია… მე – არა.

 

ნინიკო. რა ენაზე ლაპარაკობ?

 

ტანია. ნინიკო, გეხვეწები, არ შეიძლება, რომ არ უპასუხო? ამოთქვამს და წავა.

 

მერაბი. (ტანიას) უკვე ჩემ მოშორებაზე ხარ, ტანია? ასე უცბად გადაწყვიტე?

 

ნინიკო. სიტყვები აკონტროლე. მეტი არაფერი, თორემ შენ თვითონ მოგიწევს საკუთარ სახეზე ნერვიულობა.

 

ტანია. მერაბ, მომისმინე, ძალიან არ მინდოდა, რომ აქამდე მისულიყო ეს ყველაფერი და არც ის მეგონა, რომ მე მომიწევდა რაღაცეების ახსნა, მით უმეტეს – დღეს. ყოველთვის მეგონა, რომ ზოგჯერ უსიტყვოდ, ისედაც გასაგებია ხოლმე, რა გვინდა და რა არა… უთქმელად. ქცევით, დამოკიდებულებით…

 

მერაბი. გასაგებია…

 

ნინიკო. მოუსმინე, ნუ აწყვეტინებ.

 

მერაბი. შენი საქმე არაა, ვის როგორ მოვუსმენ.

 

ტანია. არა, აი, ეხლა არაა ზუსტად გასაგები, უფრო სწორად, ალბათ, გასაგებია, მაგრამ შენ არ გინდა ამის გაგება… იცი, რას ვერ ხედავ? მარტივ რაღაცას… აი, რასაც ხედავ, ვერ ხედავ. აი, ამას.

 

მერაბი. რას? რომ ნინიკო გიყვარს? არ მჯერა…

 

ნინიკო. დაამთავროს, რა დაგემართა… კიდე მე ვარ უზრდელი?! ქალის მოსმენა არ შეგიძლია…

 

მერაბი. (ნინიკოს) გგონია, შენთვის სასარგებლო რაღაცას ამბობს და ამიტომ გინდა, დაამთავროს? გატყუებს, რადგან შეუძლებელია ამას უყვარდე, აქ სხვა პრობლემაა. შიში… ვერ ბედავს, რომ გულწრფელი იყოს… ეშინია… შენი… მამამისის, ბიძამისის, ბაბუამისის… ყველასი… გაიგე? თქვენ გიმტკიცებთ, რომ თქვენნაირია, თორემ მე ხომ ვიცი, რაც ჭირს… მე ხომ ვიცი, რა უნდა… რა უყვარს…

 

ტანია. ჩემ მაგივრად ნუ ილაპარაკებ, მერაბ, ძალიან გთხოვ…

 

მერაბი. აბა, შენ თვითონ არ ეუბნები…

 

ტანია. რას არ ვეუბნები, მერაბ?

 

მერაბი. რაც ისედაც იციან, მაგრამ ვითომ არ იციან…

 

ტანია. და შენ რა იცი, რაც ამათ იციან და ვითომ არ იციან?

 

მერაბი. დაალაგე წინადადება…

 

ნინიკო. ნუ ეჩრები, მერაბ. აცალე გოგოს.

 

მერაბი. ტანია, უთხარი, რომ ჩვენ ასე ვლაპარაკობთ, რომ ეს ჩვენი სტილია. რომ ჩვენ ჩვენი ენა გვაქვს. შენ არაფერს ამბობ…

 

ნინიკო. ჰოდა რას არ ვამბობ, თქვი!

 

მერაბი. ნინიკო, ვთქვა?

 

ნინიკო. თუ ზრდილობიანად იტყვი – თქვი.

 

ტანია. რა უნდა თქვა, მერაბ?

 

მერაბი. (ტანიას) …ის რომ შენ კაცები მოგწონს და არა ქალები! და კაცთანაც ყოფილხარ, როგორც ქალი!

 

ნინიკო. ვაი, გაგვიხეთქა გული! ყოფილა, მერე რა!

 

მერაბი. ის რომ – საკუთარ თავზე ძალადობს, არ უნდა და იძულებულია…

 

ტანია. ჩემი ფსიქოსექსუალური ანალიზი არ მაინტერესებს, ბოდიში. ვიცნობ ამ გოგოს, ტანია ქვია, სულელი არაა და 21 წელია ერთად ვცხოვრობთ. ის მე ვარ. ამიტომ არ მინდა სხვების შეფასება, ზუსტად ვიცი, რა მინდა და რა არა.

 

მერაბი. მეც ვიცნობ ამ გოგოს ორ წელიწადზე მეტია და ვიცი, რომ ვუყვარდი. ვიცი, რომ ჩემთან ერთად უნდოდა ყოფნა… თუნდაც ჩუმად, ფარულად, სხვები რომ არ გაგვეღიზიანებინა, ისე. და ჩვენ გვინდოდა, რომ საერთოდ გადავხვეწილიყავით აქედან და შორს ვყოფილიყავით ამ გაბოროტებული ხალხისგან… შეიძლება ჩვენ არ ვჩანდეთ, ვიმალებოდეთ, მაგრამ ჩვენნაირი ბევრია, უბრალოდ ეშინიათ…

 

ნინიკო. ვაიმე, ნუ გამოგყავს თავი მსხვერპლად… ვის უნდიხარ? ძალით იგონებ ეგეთ რაღაცეებს, რომ ყურადღება მოგაქციონ… ოცნებობ ეხლა, რომ ვინმემ ხელი დაგარტყას… აყვირდები მერე: მჩაგრავენ, მჩაგრავენ. ვინ გჩაგრავს? გჩაგრავ მე?

 

მერაბი. შენ მე ვერ დამჩაგრავ ვერასდროს!

 

ნინიკო. არა, ვერ-ს ნუ იტყვი მაინც, ჩემი რჩევაა. ვხუმრობ. (ტანიას) რას მიყურებ?

 

ტანია. არ შეიძლება, რომ წავიდეს?

 

ნინიკო. მე რატომ მეუბნები? ადექი და უთხარი.

 

მერაბი. (ტანიას) მითხარი, რომ ეს გიყვარს და წავალ, გეფიცები.

 

ნინიკო. ბავშვია. რომელ კლასში ვართ?.. ვხუმრობ.

 

ტანია. კი.

 

მერაბი. რა?

 

ტანია. მიყვარს.

 

მერაბი. ანუ ჩვეულებრივი, სტანდარტული ქალი გახდი.

 

ტანია. კი, ჩვეულებრივი სტანდარტული ქალი გავხდი, რომელსაც უნდა ჩვეულებრივი და სტანდარტული ოჯახის შექმნა ამ ქალთან ერთად. როგორც წესი და რიგია.

 

მერაბი. ოღონდ უსიყვარულოდ…

 

ნინიკო. ვერ ვხვდები, ჩემზეა ლაპარაკი? გრამატიკულ ფორმებში ავიხლართე…

 

ტანია. უსიყვარულოდ – არა, სიყვარულით.

 

მერაბი. ეს ის ქალია, ვისაც ცხოვრება გინდა დაუკავშირო?

 

ტანია. კი.

 

მერაბი. ახლა ჩემ ჯინაზე ამბობ ამას, რადგან შეგეშინდა. ამათი გეშინია…

 

ნინიკო. გასაუბრების დრო ამოიწურა. გავერთეთ და გვეყო.

 

ტანია. მერაბ, ნუ გამოგყავს მართლა თავი წამებულად, შენც გადასარევად მოერგები ცხოვრებას, გათხოვდები და გადასარევ ოჯახს შექმნი, ხომ გყავს თაყვანისმცემლები?

 

მერაბი. მე არავინ არ მყავს.

 

ტანია. გყავს. შენ თვითონ მეუბნებოდი. არც მაინტერესებს… აქ ნუ აწყობ ისტერიკას, ძალიან გთხოვ… ბოდიში, სულელი ვყოფილვარ, თუკი რაღაცის იმედი მოგეცი ოდესღაც, ნამდვილად არ მინდოდა, რომ ოცნებების კოშკები აგეგო, მაგრამ, რა ვიცი, მგონი, ღრმად არ შეგვიტოპავს, კიდე კაი. მალევე გავჩერდი. მომწერე – არ გიპასუხე,  დამირეკე – ნოლი რეაქცია, და ხომ უნდა მიმხვდარიყავი, რომ აღარ მინდოდა? რომ მორჩა?! მყავს აგერ შეყვარებული, რომელსაც დღეს ცოლად მივყვები და მაქვს უამრავი ყოფითი პრობლემა, რომლებიც მალე უნდა მოვაგვარო. მესმის, რთული დღე გქონდა… მოვკარი თვალი…

 

ნინიკო. გალახეს?

 

ტანია. არა, არა, დემონსტრაციაზე იყო… აქაც ბღაოდა ვიღაც. ისინიც ხო არანორმალურები არიან! ჩაატარონ ეს აქცია, ერთი საათით იდგებიან და წავლენ… არა, უნდა გამოენთონ, ცემონ და აგინონ. და პოპულისტებმა პოლიტიკური ქულები იწერონ კიდე.

 

ნინიკო. იჯდნენ თავისთვის სახლებში და რაც უნდათ, ის აკეთონ. გარეთ ნუ გამოდიან. სხვებს ვციტირებ. მე არ ვფიქრობ ეგრე. ფეხებზე მკიდია. უბრალოდ ასე ამბობენ ხოლმე… კარგი, დროს გადავაცილეთ. დავიშალეთ.

 

მერაბი. შენ რატომ აწესებ დროს? ზედამხედველი ხარ?

 

ნინიკო. არა, განსაზღვრული დროის გასვლის მერე ხუმრობას ვწყვეტ და ვსერიოზულდები. უზრდელურ ლაპარაკს თუ არ მოეშვები და არ წახვალ, ძვლებს დაგიმტრევ და მერე წადი და მიჩივლე არმაზის ღვთაებასთან. ცალი ხელით გცემ. მარცხენას არც ვიხმარ.

 

მერაბი. მიდი, აბა.

 

ტანია. ეხლა ფანჯრიდან გადავხტები. დავიღალე. ან წავიდეს, ან ცემე. ოღონდ მორჩეს ეს იდიოტიზმი.

 

მერაბი გადის.

 

ნინიკო. ვიხუმრე, ვიხუმრე! (იცინის)

 

ტანია. ემპათიის უნარი არ გაქვს.

 

ნინიკო. ეხლა წავალ, ლექსიკონში მოვძებნი მაგ სიტყვას და მერე გაგცემ პასუხს.

 

ტანია. მამამისს უნდა დავურეკო…

 

ნინიკო. ყავს მამა?

 

ტანია. კი, ორი. ოღონდ დიდი ხნის წინ გაშორდნენ ერთმანეთს.

 

ნინიკო. კარგად გცოდნია ამისი საოჯახო ამბები. ღრმად შეგიტოპავს.

 

ტანია. ეხლა შენ ნუ დამიწყებ ამ ტონით ლაპარაკს, არსად არ შემიტოპავს მე ღრმად… არანაირად. უბრალოდ ზედმეტის უფლება მივეცი, ეტყობა… გავეხსენი, ვენდე, რადგან რაღაცნაირად ვერ აღვიქვამდი სქესობრივად… არ მეგონა, რომ საშიშია… მეცოდება ოღონდ. და სულ მეცოდებოდა. მართლა ბავშვია, შენ ზუსტად თქვი…

 

ნინიკო. გქონდა რამე? უცებ მიპასუხე და შენ თავს გეფიცები, კიდე თუ გკითხო ოდესმე.

 

ტანია. ნინიკო, რას მეკითხები?

 

ნინიკო. მე ისე ვჩანვარ, რომ რაღაც ტრადიციული ტიპი ვარ და ვიბღვირები და თითქოს ვჩაგრავ ეგეთებს, მაგრამ აი, შენ ხომ მაინც იცი, რომ არც მეხება ეგეთი არაფერი და სულ არ მაინტერესებს – რაც უნდათ, ის ქნან, და ისიც მესმის, რომ რაღაცნაირი გამოცდილება გქონდა, იმიტომ რომ სხვანაირი გოგო ხარ, გამორჩეული, და არ გავხარ სხვებს და მოსინჯავდი რამეს… აკრძალული ხილი გიყვარს ანუ, და მეც მაგიტო მომეწონე, თორე ყრიან ქალები, ჰოდა მე კი ტვინით ვერ ვუშვებ, რომ აი… არა, ტვინით კი არა, ვერაფრით ვერ ვუშვებ, ვერც წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, რომ ქალს რაღაც ქონდეს კაცთან, ან კაცს – ქალთან… მგონია, რომ ბუნების წინააღმდეგ ხდება რაღაცა… მაგრამ ეს რომ ხმამაღლა ვთქვა ეხლა, ჩამქოლავს შენი განათლებული ჯგრო: როგორ ბედავს და დისკრიმნა… თუ რაც ქვია… ვერც ვამბობ, და არც ვამბობ-თქო ხმამაღლა, თუმცა შინაგანად მე არ მგონია ეგ ჯანსაღი არანაირად, რომ კაცი ქალთან იყოს… ოღონდ გული აღარ ამერევა უკვე, გავიგებ, ბატონო, გავნათლდი უკვე, გამზარდეთ და ვისწავლე, რომ არიან განსხვავებულებიც, კარგი, და ყველა არაა ჩვენნაირი, და ამიტომ ისიც მესმის-თქო, რომ ადრე შენც გიცდია სხვანაირად… შენი მატრაკვეცული ბუნება რომ ვიცი… ცუდად არ ვამბობ ამას… რევოლუციონერი ბავშვი ხარ და გაეხვეოდი რაღაცა ეგეთში, ტყუილა არ მოგადგებოდა ეხლა ეს საწყალი, ადრეც მოსულა და შენც გითქვამს… რაღაცა გაქვთ ანუ მიქარული… და შეიძლება მომეწონოს ამის ყურება, რა ვიცი, უკვე მეც ამირიეთ ტვინი, ოღონდ მაშინ უკვე აი, ძალიან დიდი პრობლემები უნდა გვქონდეს და ვიგონებდეთ რაღაცეებს ერთმანეთის გასაღიზიანებლად, ხომ ხვდები?.. მაგრამ ეგ არაა მთავარი, მე უბრალოდ ყველაფერი მინდა ვიცოდე შენზე და ამიტომ ჩაგაცივდი ეხლა… გაგისინჯავს კაცი?

 

ტანია. არა.

 

ნინიკო. ამას კაცად არ თვლი?

 

ტანია. თავიდან მშვიდად დაიწყე და მერე თავი გაიღიზიანე.

 

ნინიკო. კარგი, ბოლო შეკითხვა: გიკოცნია?

 

ტანია. კი.

 

ნინიკოს პირთან მიაქვს თითები, გულისრევას იმიტირებს.

 

ტანია. რას აკეთებ?

 

ნინიკო. სხეულის რეაქცია. მეტი არაფერი.

 

3. 

მამა, მამა დარეჯანი, ზინა და მერაბი, რომელიც ეს-ესაა შემოვიდა.   

 

მერაბი. მამა, მამა დარეჯანი შეაწუხე, რომ ეშმაკი განდევნოს ჩემგან?

 

მამა დარეჯანი. უყურე, ეს როგორ გალექსებულა! როდის გნახე ბოლოს? ერთი წელი ხომ გავიდოდა უკვე? გამარჯობის თქმა კი იცოდი უწინ… მოდი, მოგესალმო. (ხელს ართმევს)

 

მერაბი. რა ხდება? სასამართლო გვაქვს?

 

მამა დარეჯანი. რა სასამართლო, რის სასამართლო, მთელი მღვდლობა იმ მიტინგზე იყო, რას დარბოდით წინ და უკან? ტელევიზორში ვუყურე… მეთქი, ეს ბიჭიც იქ არ იყოს, შენნაირი გადარეულები გაკიოდნენ რაღაცას, და აგერ, ჩემ ცოლს ვუთხარი, თავში არ ჩაარტყას ვინმემ რამე, კიდე ეგ უნდა-მეთქი საწყალ მამამისს, ისედაც გული ხელით უჭირავს კაცს! კაცი-ქალი – ჩემთვის ერთია, როცა ჩემ ნათესავს უჭირს… ბევრი მსაყვედურობს, მარტო ნათესავებს მღვდლობო და მართალია – მიყვარს ჩემი გვარის ხალხი, ცოტანი ვართ, სულ 600 კომლი, თუკი გვერდით არ დავუდექით ერთმანეთს, სხვა ვინღა უნდა დაგვიდგეს?! რა გჭირს, ბიჭო? რა ქუჩა-ქუჩა ხეტიალი აგიტყდა ამ წინასაგამოცდოდ? ჯერ საატესტატო მოგეთავებინა და მერეღა დაგეწყო საზოგადოების განათლებაზე ზრუნვა! თვითონ გაუნათლებლებმა სხვას რაღა უნდა ასწავლოთ?

 

მერაბი. (მამამისს) და შენ ფიქრობ, რომ ეს ლაპარაკი ჩემზე რამენაირ გავლენას მოახდენს? ასეთი არაადეკვატური ვარ? მამა დარეჯანზე არ ვამბობ… ერთი წამით არ იფიქროთ, რომ არ მაინტერესებს, თქვენ რას იტყვით, უბრალოდ, არ მესმის, რა ხდება… ვიყავი მიტინგზე, მორჩა, ვიღაცეები საცემად გამოგვეკიდნენ, ერთმა ქვა მესროლა, ჩანთა ან შეიძლება საერთოდ მაცივარი, ისეთი მძიმე იყო… მაგრამ ამცდა რეალურად…

 

მამა დარეჯანი. გიჟივით რომ დარბიხარ, ამიტომ წუხს მამაშენი, თორემ იმ მამაშენს ფეხებზე კიდია, სად ხარ და რას აკეთებ…

 

მამა. არა, დამირეკა…

 

მამა დარეჯანი. როგორ მოუვიდა ბატონს! გაახსენდა ვაჟიშვილი 17 წლის ასაკში? მოწყდა თავის ხუთ ქმარს?! თუ რამდენი ყავს… თვლა ამერია უკვე. შენი დუპლექსი ხომ კარგად შეიტყაპუნა, საცოდავი ბიძაშენის აშენებული, თვითონ კია იქ ფაშასავით, უნამუსო ეგა! ერთს არ მოიკითხავს, რა გვიჭირს, რა გვილხინს… კარგი, ეგ მე არ მაღელვებს, მაგის სულს სხვამ მიხედოს, მისნაირმა. მერაბ, შენ რას აპირებ, შვილო? მე აქ გულახდილი საუბრისთვის ვარ მოსული… დასამალი არაფერი მაქვს, ვითომ ჰაიჰარად კი დავიწყე საუბარი, მაგრამ ერთი სიცოცხლე გავათავე, როცა ტელევიზორს ვუყურებდი… შაქარმა ამიწია. ასე არ იყო, ზინა?

 

ზინა. კი, ასე იყო, მამაო.

 

მამა დარეჯანი. (მერაბს) არ მეგონა, აქამდე თუ მიიყვანდი საქმეს…

 

მერაბი. ვაიმე, რატომ რცხვენია ყველას ჩემი?!

 

მამა დარეჯანი. ჭორები დადის და არ გვსიამოვნებს. დღეს კიდე იქ იყავი… იმ ხალხში. არაფერს ვერჩი იმათ – რაც უნდათ, ის უქნიათ, სულიც წაუწყმედიათ, თუ ასე გადაუწყვეტიათ, მაგრამ არ არის ეს ქვეყანა მზად ამისათვის, შეიგენით, ხალხო, ადრეა ეს, და შენ კიდე, მით უმეტეს… შენ რაღა გჭირს, შენ?

 

მერაბი. რა მჭირს?

 

მამა დარეჯანი. გითხრა, რა ჭორებია?

 

მერაბი. ბრძანეთ, კი ბატონო…

 

მამა. მე ჭორებზე არ ვნერვიულობ, მე შენს უსაფრთხოებაზე ვღელავ…

 

მამა დარეჯანი. გამეორებაც არ მინდა!

 

მერაბი. რა – რომ არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია მაქვს და ქალები მომწონს?

 

მამა დარეჯანი. (მერაბის მამას) უყურე, როგორ ალაპარაკებულია! და შენ შვილზე რომ თქვას ვინმემ ეგრე, გესიამოვნება? ასე შეხედე, აბა…

 

მერაბი. მესიამოვნება. ყოველ შემთხვევაში, როგორც ენდომება, ისე იცხოვრებს.

 

მამა დარეჯანი. ეს იმიტომ რომ შვილი არ გყავს… აბა, ნახე, როგორია, როცა საკუთარი შვილი გყავს და ან ისე არ იქცევა, როგორც მისთვის… ჰო, პირველ ყოვლისა, მისთვის იქნება მართებული, ან საერთოდ ისე, რომ საფრთხე ელოდეს ქცევის და ჩაცმულობის გამო… აი, რა ჩემი საქმეა, მაგრამ რატომ გაცვია ასე, რას ამბობ ამით, რომ ვითომ რა?.. ამ შავი შარვლით… რომ გამორჩეული ხარ? წინდებიც შავი გაცვია?

 

მერაბი. ასეთი მნიშვნელოვანია იმის განხილვა, რა მაცვია?

 

მამა დარეჯანი. რაღა დღეს ჩაიცვი ასე, როცა ეს თავყრილობა თუ რაღაც უბედურება იყო…

 

ზინა. აღლუმი…

 

მამა დარეჯანი. ჰო, ქალ-კაცების აღლუმი…

 

მერაბი. არ ყოფილა არანაირი აღლუმი!

 

მამა დარეჯანი. რომც არ ყოფილიყო, კარგი! ხალხი რომ შფოთავს და ათასი გაავებული ვიღაცა დარბის, შეიძლება მარტო იმიტომ მოგაყენონ შეურაცხყოფა, რომ ასე იცვამ და წვერი გაქვს კიდე ბუჩქივით გაფუებული! ან თავის მოვლა რაღაა, ან შეპარსვა რა დასაღლელია…

 

მერაბი. მაგათთვის კი არ ვიცვამ, ჩემთვის ვიცვამ… ჩაცმაც არაა მნიშვნელოვანი, იქ შევიკრიბეთ უმცირესობების უფლებების დასაცავად…

 

მამა დარეჯანი. და უმრავლესობას ვინღა დაიცავს ამ ქვეყანაში?

 

მერაბი. რად უნდა უმრავლესობას დაცვა?

 

ზინა. ვაი, შვილებო, ვაი…   

 

მამა დარეჯანი. მოიცა, ზინა… დაცვა უნდა ტრადიციას, ისტორიას, სიწმინდეებს… და იმ ხალხს კიდე გონია, რომ ამას ართმევ, გაიგე შენა? მამა-პაპის და დედა-დიდედის ადათს! ჩვენ ძველი ერი ვართ, შვილო, ნაბრძოლი, ნაომარი, ნატანჯი… ხან ვინ გვესხმოდა საუკუნეების განმავლობაში, ხან ვინ! ხან მიწებს გვართმევდნენ, ხან – ადამიანებს, ხანაც – კულტურულ მემკვიდრეობას… მაგრამ ვიბრძოდით, ადამიანო, თავს ვაკლავდით ჩვენს ეროვნულ ტრადიციებს, თორემ გადავგვარდებოდით, ავითქვიფებოდით სხვა ხალხებში და იმათ კულტურებსა თუ უკულტურობაში და მერე კი ვეღარ იტყოდი, ვინ ხარ და რა ხარ… ჩვენ ჩვენს რწმენას ვიცავდით, ჩვენი თავგანწირული მეფე-წმინდანების მოტანილ ეროვნულობას, ღმერთის მიერ ჩვენთვის ბოძებულ კანონებს… ღმერთმა კაცად და კაცად შექმნა ადამიანი და ქალად და ქალად, მაგრამ კაცად და ქალად კი არ შეუქმნია, რაც არ უნდა იძახონ და იყვირონ შენმა მეტიჩარა გოგო-ბიჭებმა! ღმერთს ასე დაუწესებია და საუკუნებია ეგრე ვცხოვრობთ: კაცი კაცის ცოლი უნდა იყოს, ქალი – ქალის ცოლი, კაცმა კაცთან უნდა გაინაწილოს ოჯახური სიძნელეები და  ქალმა ქალთან… ბუნების წინააღმდეგ ვერ წახვალ: კაცმა კაცისგან უნდა გააჩინოს შვილი და ქალმა – ქალისგან, ვერ გადახვალ ამ კანონს, რამდენი აღლუმ-ოხრობაც არ უნდა ჩაატაროთ, რადგან ასე მოვდივართ ადამიდან და იმისგან… ბევრს კი კეკლუცობთ თქვენი ათეისტობით, მაგრამ ჩვენ მორწმუნე ხალხი ვართ, ჩვენი სჯულით კიდე ეგ დიდი ცოდვაა, დიდი მრუშობა და გარყვნილებაა ქალის და კაცის თანაცხოვრება… ამაზე მეტი ცოდვა მკვლელობაა, მაგრამ ზოგჯერ მკვლელობაც უმიზეზოდ ხდება, როცა ცოდვიან სურვილს სულ არ ჭირდება მიზეზი, რადგან ცოდვიანი სურვილი არჩევანია და ეგ კიდე დიდი დანაშაულია: საეკლესიო კანონით უმალ ჯოჯოხეთში მოხვდება ყველა, ვინაც სოდომიური ცოდვით დაკავდება საპირისპირო სქესთან… რად დაიღუპა სოდომი და გომორა? რად დაიღუპა და, რადგან ქალი კაცთან იწვა და კაცი კი – ქალთან! წინაპართა ხსოვნა დაივიწყეს და კაცები ქალებს მიეძალნენ და ქალები – კაცებს! ჰოდა, ვინც პატიოსანი იყო და საღვთო წესების ცხოვრობდა, ის კი გადარჩა: გადარჩა მამათმავალი და დაიღუპა სქესთა ამღრევი! ვინ შეიყვანა ნოემ თავის კიდობანში? კაცები და კაცები და ქალები და ქალები – ცალ-ცალკე! ასე რომ არ ექნა და ერთად დაეწვინა ქალი და კაცი, იქნებოდა კი დღეს კაცობრიობა? გაგრძელდებოდა კი ქვეყნად სიცოცხლე?

 

ზინა. უწმინდური გაიმარჯვებდა.

 

მამა დარეჯანი. ორსქესიანი ქორწინება რომ გინდათ!.. ამით ვართ, ასე მოვდივართ უხსოვარი დროიდან და ეხლა თქვენ რა გინდათ: მამობა და ქმრობა დავთმოთ და ბუნების წინააღმდეგ წავიდეთ, რახანღა ოკეანის გაღმიდან ეგეთი ბრძანებები მოუდის ათასნაირ სექტანტს და სულგაყიდულს?! არ გადავგვარდებით, გაიგეთ! როგორც აქამდე მოვიტანეთ ჩვენი მამობა, ასევე დავრჩებით ძველ წესზე. სულ რომ მილიარდები იხადონ, მაინც არ შევიცვლებით და კაცი კაცს მოიყვანს ცოლად და ქალი – ქალს! ამას ხმამაღლა ვიტყვი – თუნდაც რომ ჩამქოლონ ამ თქვენმა დაფინანსებულ-წაქეზებულმა ვითომ უფლებადამცველმა ტურა-აფთრებმა, მაგრამ იმის გაფიქრებაც კი, როგორ შეიძლება, რომ ქალმა და კაცმა ერთ ჭერქვეშ გაზარდონ ბავშვი! და რა ადამიანი გაიზრდება ამ სიბინძურის შემყურე, რა გამოვა მისგან, რა ფასეულობები ექნება, რა დაემართება მის ფსიხიკას?! რას იფიქრებს მისი ნორჩი გონება, როცა გარშემო ყველა ნორმალურად იცხოვრებს – ორი მამით ან ორი დედით და ამას კიდე ერთი უბედური მამა და ერთი საწყალი დედაკაცი გაზრდის: ქალი და კაცი, მაშასადამე! სხვა ყველა ბუნებრივად და ეს კი არაბუნებრივად! სხვები რომ ეტყვიან – გინდა საბავშვო ბაღის დონეზე, გინდა სასკოლო პერიოდში – ჩვენ ყველას მამები გვყავს ოჯახში, დედაც მამაა და მამაც მამა და შენ რატომღა გყავს ქალი და კაცი დედ-მამაო, რას უპასუხებს? თავს როგორ დაიცავს უკვე ფსიხიკაშერყეული! თუკი სოდომიის ცოდვით გინდათ დაკავდეთ და არაბუნებრივი კავშირით შეერწყას ერთურთს ქალი და კაცი, ნება თქვენია, როგორც იტყვიან – ჯანდაბამდე გქონიათ გზა, მაგრამ როდესაც ბავშვის შვილობა უნდება ქალს და კაცს, აქ, ბოდიში, ეშვებს გამოვუშვებ, უმანკო არსებებს ვერ დაგითმობთ გადასაგვარებლად, ბავშვი უნდა გაიზარდოს იმ პირობებში, რაც საუკუნეებით და ბუნებით არის განმტკიცებული: მან მამათა ან დედათა ოჯახში უნდა აიდგას ფეხი, როგორც წესი და რიგია, უფროსებისგან მადლად მიეცხოს კარგი მაგალითი და არა უზნეო, დამანგრეველი და მკრეხელური! აგერ, ორმოცი წელია მღვდლად ვდგავარ ქალი, რა არ მინახავს, რა არ მოგვისმენია მე ან ჩემ ცოლს, მაგრამ ახალგაზრდა კაცს ქალი უნდოდეს ოფიციალურ ცოლად, დაუმალავად, და ამის არ რცხვენოდეს, ეს კი ახალია, ჩემმა მზემ, სულ ბოლო წლების… ასე არაა, ზინა?

 

ზინა. უწინ ჩუმად მაინც იყვნენ, კაცო, იმალებოდნენ თავის ცოდვიანად, ეხლა კიდე სულ წამოყელყელავდნენ ათასი ჯურის მამაძაღლები!

 

მამა დარეჯანი. … იმიტომ რომ არ ასვენებთ გამჩენი ოკეანისმიღმიერიდან, იქაური ფულით იკვებებიან აქაური მედასავლეთეები და ჭკუას ურევენ ამისნაირ დაბნეულ სულებს! სად იყურებით, შვილო? იქით რა გინდათ? დაფინანსება? არაფერი შენ არ გეტყობა დაფინანსებულის არც ჩაცმაზე და არც ფერ-ხორცზე, წელებზე ფეხს იდგამს მამაშენი, ოღონდ კი რაღაც გქონდეს, ოღონდაც ისწავლო, ოღონდაც ატესტატი გედვას ჯიბეში…

 

მამა. სულ აიგდო სკოლა, ეს წელი არც უვლია, ან გამოცდებს რას უპირებს, ან პროფესიას… აღარ დაუმთავრდა გარდატეხის ასაკი, გაეწელა თუ რა ჯანდაბაა…

 

მამა დარეჯანი. სქესობრივ პრობლემებს მკურნალობა უნდა.

 

ზინა. სულ იქიდან მოუდით ბრძანებები: ქალი კაცს მიეძლიოს, კაცი – ქალს…

 

მამა დარეჯანი. გვიყურებს ეხლა და ეცინება, ერიჰა… ჩამორჩენილებად მივაჩნივართ. აი, მოსაკლავია მამაშენი… ეს არა – მეორე… ამ გატანჯულ კაცს რომ შეატოვა შენი თავი… ბუნდოვანი რომ არის შენი მომავალი…

 

მამა დარეჯანი ჩუმდება, რადგან ოთახში დადუნი მაღალი, ახალგაზრდა მამაკაცი შემოდის.

 

მამა. დადუნი…

 

მამა დარეჯანი. ვინა?

 

დადუნი. ბოდიში, კარი იყო ღია. ხმა გავიგონე და ამიტომ შემოვედი ასე უცერემონიოდ. გამარჯობა, მერაბ…

 

მერაბი. გამარჯობა.

 

მამა. დადუნი, მამა დარეჯანი მინდა გაგაცნო, ჩემი მამიდაშვილი, და მისი მეუღლე – ზინა.

 

დადუნი. სასიამოვნოა…

 

მერაბი. დიდი ბოდიში… (გადის ოთახიდან)

 

მამა. მერაბ, დადუნის ვერ ხედავ? (დადუნის) ეტყობა გაოფლიანდა და გამოსაცვლელად შევიდა.

 

მამა დარეჯანი. შავმა ტანსაცმელმა ჩახუთა…

 

მამა. მთელი დღე ქუჩაში დარბის.

 

დადუნი. ვიცი, მაგიტომ მოვედი. მეც იქ ვიყავი…

 

მამა. ეგ არ უთხრა, შენი ჭირიმე, ისედაც დაგვცოფა დილიდან…

 

დადუნი. იმათ დასარბევად კი არ ვყოფილვარ, ვიფიქრე, რამე რომ მოხდეს, შუაში ჩავდგები…

 

მამა დარეჯანი. აი, კარგი ბიჭი, მართალი ბიჭი…

 

მამა. საუკეთესო. ჩვენი სიამაყეა დადუნი.

 

მამა დარეჯანი. ბედნიერია ის ოჯახი, სადაც ეს ბიჭი შეუვათ.

 

დადუნი. მადლობა…

 

მამა. მამა დარეჯან, ნუ გააწითლებ ახლა ამ ვაჟკაცს.

 

მამა დარეჯანი. ღმერთმა ამრავლოს ისეთი ადამიანები, ვისაც გაწითლების უნარი შერჩა ჩვენს დროში. გინდა აქე, გინდა ლანძღე – ყველას ერთი ფერი აქვს: მკვდრისა, შავ-თეთრი. კიდევ კარგი, ჯერაც გვყავს შენნაირი ახალგაზრდა, რომელიც ამაყად ასწევს ჩვენი წინაპრების სისხლით მოტანილ ცისარტყელისფერ ალამს. დალოცვილი იყავი, დადუნი. მე ცოტა ძველებურ ყაიდაზე მჩვევია ლაპარაკი, არ გაგიკვირდეს. ლადოა ხომ შენი ნათლობის სახელი?

 

დადუნი. ვლადიმერი, დიახ.

 

მამა დარეჯანი. ლადუნი, დადუნი. შეიკვეცა, გასაგებია. მამა როგორ არის?

 

დადუნი. ღვთის მადლით – უკეთ.

 

მამა დარეჯანი. უარესად იყო უწინ?

 

დადუნი. ფინანსური პრობლემები ჰქონდა.

 

მამა დარეჯანი. შენ ხომ ხარ მყარად ამ კუთხით?

 

დადუნი. ღვთის მადლით.

 

მამა დარეჯანი. მეორე მამა?

 

დადუნი. პირველზე უკეთ.

 

იცინიან.

 

მამა დარეჯანი. ენამოსწრებულია, კარგი პასუხები ჩვევია.

 

დადუნი. წელს პოლემიკის კლუბში ავიღე მეორე ადგილი.

 

მამა. დადუნი ჩვენი უბნის სიამაყეა.

 

მამა დარეჯანი. ყოჩაღ. გესახელებინოს უბანი და მთელი დუნია.

 

მამა. დადუნი, მიდი, მიუკაკუნე, არ მოგერიდოს. მამა დარეჯანს და მე გვებუტება, შენ რა შუაში ხარ?!

 

დადუნი. არაა მოსარიდებელი?

 

მამა. თვითონ მოერიდოს, ქცევა რომ არ იცის!

 

მამა დარეჯანი. მიდი, შვილო, მიდი. რა გინდა ამ ბებრებთან, მაგას უნდა მოუმტვრიო რქები, თორემ ჩვენ ჩვენი კი ვნახეთ.

 

დადუნი. ნამდვილად?

 

მამა. კი, კი. ნუ გრცხვენია.

 

დადუნი. იქით, ჰო?

 

მამა. სულ წინ…

 

დადუნი. ჰო, დაველაპარაკები და წავალ. არც მე მაქვს ბევრი დრო.

 

მამა. დაკავებული ხარ, ვიცი, სულ შრომაში ხარ, დრო სად გექნება, აბა…

 

დადუნი გადის.

 

მამა დარეჯანი. (მამას) მეტი რა უნდა ამ ბოთეს! ამისთანა ბიჭი გეძლეოდეს და შენ ქალებისკენ იყურებოდე, სულელი არა ხარ?! ყველაფერი პირიქით როგორ აქვს ამ შენს შვილს!

 

4.

მერაბი, დადუნი

 

დადუნი. შემოვიდე, შეიძლება?

 

მერაბი. უკვე ძალიან ბევრ შეკითხვას სვამ. რა გინდა, დადუნი?

 

დადუნი. ხუთი წუთით შემოვალ, რაღაცას გეტყვი და წავალ.

 

მერაბი. დადუნი, მომისმინე, ეხლა რაღაცნაირად გარედან გავიგონე ჩემი ხმა და მივხვდი, რომ დაუმსახურებლად უზრდელურად გექცევი, შენ არაფერი დაგიშავებია, ძალიან კარგი ბიჭი ხარ, წარმატებული, სიმპათიური, ჩამოყალიბებული ყველა კუთხით, ბევრს მოწონხარ, და არა მხოლოდ ჩვენი უბნის ტერიტორიაზე, მაგრამ მე მაქვს მძიმე პერიოდი, მართლა მძიმე თინეიჯერობა, და ეს არ ესმის არც ერთ მამაჩემს, და კიდე ეს დებილი დარეჯანი მომითრია აქ, სოფლელი, თავისი არაჰიგიენური და ინტრიგანი ცოლით, ჯადოებს რომ უკეთებს დარეჯანის მრევლის ქალებს, რადგან ეჭვიანობს, და ეს მოყავს მამაჩემს, რომ მე შემაგონოს რაღაცა… ხვდები, სად არიან?.. და მე სად ვარ, ამ დროს? დღეს მე ვიყავი დემონსტრაციაზე, სადაც სექსუალური უმცირესობების უფლებები უნდა დამეცვა და ამ ვითომ-ვაჟკაცმა პატრიოტ-მხეცებმა დაგვარბიეს, ძლივს გამოგვიყვანეს ავტობუსით პოლიციელებმა, მე თავში მომხვდა რაღაც მძიმე ნივთი, და ელემენტარულად ჩვენების ოფისამდეც ვერ მივაღწიე, რადგან ქუჩები იყო გადაკეტილი, ამიტომ წავედი გოგოსთან, რომელსაც დღეს ნიშნობა აქვს და რომელიც მომწონდა, გესმის?.. და იმასაც მოვწონდი, ჰო, ქალს, და სულ ფეხებზე მკიდია, ეს არატრადიციული ორიენტაციაა თუ არა, ძლივს ვიპოვე ვიღაც, ვისთანაც ჰარმონიულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ის თხოვდება… ვიღაც ხეპრე გოგოზე, იმიტომ რომ ვერ გაბედა, შეეშინდა, რომ მშობლებს და მთელ ამ მახინჯ მენტალიტეტს დაპირისპირებოდა, თუმცა დარწმუნებული ვარ, მოვწონდი, შეიძლება ვუყვარდი კიდეც, მაგრამ მე უკვე მეზიზღება, დადუნი, გავუცხოვდი ამ გოგოსგან, რადგან მშიშარა და პრიმიტიული კომფორმისტი ყოფილა, და საერთოდ მოვეშვი ყველაფერს, ფული რომ მქონდეს, ნორმალურ და განვითარებულ ქვეყანაში წავიდოდი, სადაც ბიჭებს ბავშვობიდან არ მოუშხამავენ ცხოვრებას ამ შეკითხვით: როდის თხოვდები? როდის თხოვდები? რაც დავიბადე, ეს მესმის… და რაც 17 წლის გავხდი, ყოველდღე ამას მეკითხებიან… ჩემი მოტაცებაც სცადეს ერთხელ. მგონი, იცი ეს ამბავი! მეთქი, დამანებეთ თავი… არ ვთხოვდები, არ მინდა გათხოვება, და ვერც ვთხოვდები, ვის უნდა გავყვე? ან რატომ? როცა არ ვარ დარწმუნებული, რომ კაცები მომწონს, დადუნი, და არ უნდათ ამის აღიარება, ეშინიათ, რცხვენიათ ჩემი, და მე რა ვქნა, ძალით კი არ ვაკეთებ, მართლა არ შემიძლია კაცის მოწონება და, მით უმეტეს, საერთოდ, კაცის ცოლობა! მესმის, შენთვის და მამაჩემებისთვის რთულია ამის გაგება, მაგრამ, წარმოიდგინე, ძალით შეგრთონ ცოლად ქალი და მასთან სქესობრივი ცხოვრება გაიძულონ, ხომ იქნებოდა უსამართლო? აი, ეხლა მე მაიძულებენ იგივეს, ოღონდ კაცზე, იმიტომ რომ ეს ტრადიციაა, ბუნება, უმრავლესობის მორალი და ათასი სისულელე, და ჩემთვის კიდე ეს არაბუნებრივია, შენ ხომ ჭკვიანების თუ რაღაცის კონკურსში გაიმარჯვე, ამიტომ კი უნდა გამიგო: არ შემიძლია კაცის სიყვარული, ქალები მომწონს!

 

დადუნი. და შვილები, მერაბ? შვილები არ უნდა გყავდეს?

 

მერაბი. იქნებ არ მინდა, რომ შვილი მყავდეს?! ან თუ მომინდება, მილიონი მეთოდი არსებობს, რომ ქალი კაცისგან დაფეხმძიმდეს.

 

დადუნი. ეს ხომ არაბუნებრივია?

 

მერაბი. ჩემთვის შეიძლება ბუნებრივია. ქალსაც აქვს სასქესო ორგანო და კაცსაც.

 

დადუნი. ჰო, მაგრამ ეს ხომ შეუთავსებელი ორგანოებია? არა, არ მინდა ეხლა ანატომიაზე ლაპარაკი, მაგრამ პირადად მე ეს ძალიან მთრგუნავს…

 

მერაბი. და ხომ აჩენენ მდედრი ცხოველები მამრი ცხოველებისგან?

 

დადუნი. სწორედ ამიტომ არიან ისინი ცხოველები, მერაბ, და ჩვენ – ადამიანები, სად ჩვენი სხეულის ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური სტრუქტურა და სად ცხოველების? რატომ გინდა, რომ ცხოველი იყო?

 

მერაბი. არ მინდა. მე არ ვარ ცხოველი.

 

დადუნი. ბოდიში დაზუსტებისთვის, მაგრამ თეორიულად ქალზე გაქვს ერექცია და არა კაცზე?

 

მერაბი. თეორიულად – რატომ… მაგრამ ეს მართლა გაინტერესებს?

 

დადუნი. კი, მაგრამ სინამდვილეში არ მინდა პასუხის მოსმენა, რადგან ძალიან მიჭირს, მერაბ, გეფიცები.

 

მერაბი. თქვენ ეს შეუთავსებელი გგონიათ, მე კი – არა… მგონია, რომ ასეც შეიძლება. მამრი ცხოველი მდედრს ანაყოფიერებს და არაფერი ცუდი არ ხდება ამის შედეგად. ისევე, როგორც მამრი მამრთან ცხოვრობს და ეს ბუნებრივია.

 

დადუნი. მერაბ, ბუნებრივი ისაა, რომ ცოლ-ქმარმა წყვილმა სპერმა მისცეს ქალების წყვილს და ასე შეიქმნას ახალი ცხოვრება. ყოველთვის ასე იყო და ძალიან რთულია, გაუგებარია, პათოლოგიურიც კი, რომ ერთმა კაცმა ერთი ქალი გაანაყოფიეროს უშუალო ფიზიკური შეხებით. ჯერ ერთი, ეს მტკივნეულია, სხვა თუ არაფერი… მე რომ მკითხო, ესაა ძალადობა. რატომ უნდა გაიტანჯოს ადამიანმა თავი, როცა არსებობს შეუხებელი განაყოფიერების პრაქტიკა, თან, კიდე კარგი, დღეს უკვე შპრიცით ხდება კვერცხუჯრედის სტიმულირება და ათასნაირი შეზელვა, შეტუმბვა და შელოცვა არაა საჭირო, როგორც ეს საუკუნეების წინ ხდებოდა. რა პრობლემაა, ვერ გავიგე! თავი რომ დავანებოთ ყველაფერს, შეიძლება სპაზმი განვითარდეს, ქალმა სტრესისგან ჩაკეტოს სხეული და კაცი სამუდამოდ ჩარჩეს მის წიაღში, მასში ჩაინთქას, ვაგინაში ჩაიკარგოს, ერთი კონკრეტული ქალის გენიტალიებს შეეწებოს, ამაზე მეტი უბედურება კი რა შეიძლება მოხდეს, როცა მამაკაცი ქალის მიერ არის შებოჭილი?! როცა ის საშოს ტყვეობაშია?!

 

მერაბი. ამის სათქმელად შემოხვედი, დადუნი? გასაგებია შენი აზრი… შეგიძლია დაუბრუნდე მამა დარეჯანს, მაგის ცოლს და მამაჩემს და უთხრა, რომ კარგი ლექცია წამიკითხე. აუცილებლად მოგანიჭებენ მაღალ ქულას.

 

დადუნი. არა, მერაბ, მე სულ არ მინდოდა ფიზიოლოგიურ დეტალებზე ლაპარაკი…

 

მერაბი. აბა, რაზე გინდოდა? ემოციურ?

 

დადუნი. ირონიული ხარ?

 

მერაბი. არა, მართლა მაინტერესებს, რაზე გინდოდა ლაპარაკი? სიყვარულზე?

 

დადუნი. რომც მდომოდა, რა მოხდებოდა?

 

მერაბი. მე არ ვიცი, რას ნიშნავს სიყვარული… რასაც ვუყურებ, სულ ტყუილები და ტკივილია: მამაჩემს ქმარი ყავს და კიდე ფარული საყვარელი კაცი… არაოფიციალური მეორე ქმარი… და შეიძლება კიდე ერთიც…

 

დადუნი. რომელს?

 

მერაბი. ამას – არა, ეს ამაშიც სუსტია, იმას, რომელმაც თხუთმეტი წლის წინ მიატოვა, დღემდე მისტირის. მისთვის ტანჯვაა სიყვარული, მარტოობა და წყენა… ხოლო იმისთვის – ღორობა და ათასი სახე, ათასი ნიღაბი. კაცს სამი ქმარი ყავს და მაინც არ ყოფნის.

 

დადუნი. რატომ გგონია, რომ შენ არ მოგინდება ორი ქალი, თუკი ქალთან გექნება გაუკუღმართებული კავშირი?

 

მერაბი. როგორი კავშირი?

 

დადუნი. როგორიც გინდა… ტერმინია ასეთი.

 

მერაბი. მე შეიძლება დღეს მოვკვდე, ხვალ თავი მოვიკლა ან ზეგ ფანჯრიდან გადავხტე. მე გელაპარაკები, სიყვარულის რა მაგალითები მაქვს და რად იქცევა კაცების ტრადიციული სიყვარული…

 

დადუნი. ასე იმიტომ ფიქრობ, რომ არავის ყვარებიხარ.

 

მერაბი. არ ვიცი. შეიძლება არ ვყვარებივარ. შეიძლება ვყვარებივარ.

 

დადუნი. დამალულ და არანორმალურ სიყვარულს არ ვგულისხმობ…

 

მერაბი. ჩემი და ტანიას ურთიერთობა არანორმალური იყო?

 

დადუნი. ტანია ვინაა?

 

მერაბი. უკვე აღარავინ.

 

დადუნი. მე ნამდვილ სიყვარულზე ვლაპარაკობ… ჭეშმარიტ, გულწრფელ და ჯანსაღ გრძნობაზე, რომელიც მხოლოდ მამაკაცსა და მამაკაცს შორის შეიძლება არსებობდეს…

 

მერაბი. მგონია, რომ საზეპიროებს მეუბნები ლირიკული პოემებიდან… გავიარე სკოლაში, მეყო.

 

დადუნი. ნუ მეჩხუბები.

 

მერაბი. დადუნი, რა გინდა?

 

დადუნი. მერაბ, გულწრფელად გეტყვი, შენთან ურთიერთობა ჩემთვის უამრავი მიზეზის გამოა სარისკო და პირველი მიზეზი შენი ჭოჭმანი და ამაზე საჯაროდ ლაპარაკის სურვილია… ანუ ეს ადამიანურადაც საზიანოა ჩემთვის და კარიერის კუთხითაც. კარგი, კარიერა, ვთქვათ, არააქტუალურია, მაგრამ, ვიცი, ტკივილს ვერ გავუძლებ, და ვერც  ისეთ თავისუფალ ცხოვრებას, როგორიც შენთვის იქნება მისაღები… როცა ვიცი, რომ კაცს ქალი მოწონს და არა კაცი… მაგრამ მე ხომ ვხედავ, რა გული გაქვს და რა ბუნება გაქვს, და რა გიჟიც ხარ… ჰოდა ზუსტად ეგ მაგიჟებს, ეგ მაფორიაქებს, და ეს მაფორიაქებს შენი 14 წლიდან, მამა მომიკვდეს, ასეთი არანორმალური და სხვანაირი რომ ხარ, და ასეთი ლამაზი თვალებით, ასეთი წვერით, კანით, და შეიძლება გამაგდო ეხლა ოთახიდან, მაგრამ მინდა იცოდე, რომ მიყვარხარ, მერაბ, შენს გვერდზე მინდა ყოფნა და თუ იღბალი მექნა და გამიმართლებს – შენი ცოლად მოყვანა. ზოგჯერ მესიზმრები ხოლმე, გეფიცები, და ერთხელ საერთოდ ტუჩის კიდეზე გაკოცე თუ გახსოვს – შარშან, 21 ნოემბერს… არასდროს დამავიწყდება ეს რიცხვი… აი, ამიტომ დავეთრევი აქ ყოველ მეორე დღეს და მამაშენს ვუზივარ, როცა შენ არ ხარ, შენ ნივთებს ვუყურებ და შენს შარვლებს ხელით ვეხები ფეტიშისტივით, როცა გაუთავებულებს გადაკიდებენ ხოლმე… და თუ ვერ იტან აქაურობას, გავიქცეთ აქედან, სადმე გადავსახლეთ, მე ყველგან ვიმუშავებ, ხო იცი, ჯიუტი ვარ, ვიცი ჩაციება, ყველაფერი გამომდის… რადგან შენთვის ყველაფერს გავიღებ, თავი მაქვს დაკარგული 28 წლის კაცს, ენაგადმოგდებული ძაღლივით დაგსდევ ყველგან და თუ ვერ გნახულობ, შენს ნაკვთებს ვეფერები წარმოსახვაში… და შეიძლება არც ამას არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ ცუდად ვარ, მერაბ, ვუყურებ შენს ტუჩებს და გული მიჩქარდება… ამიტომ ძალიან გთხოვ, თუ შეიძლება…

 

მერაბი. რას მთხოვ, დადუნი?

 

დადუნი. ერთხელ გაკოცებ…

 

მერაბი. არა…

 

დადუნი. ბოდიში…

 

მერაბი. წარმოიდგინე, ქალს რომ კოცნიდე, აი ასე ვარ… არ შემიძლია…

 

დადუნი. კაცისთვის არ გიკოცნია?

 

შემოდიან მერაბის მამა და მამა დარეჯანი.

 

მამა. მერაბ, მიდის მამა დარე…

 

მერაბი. რატომ არ აკაკუნებ, მამა?

 

დადუნი. (მერაბის მამას, თავს ვერ იკავებს, აღელდება) რას აკეთებთ, ხალხო? მაცალეთ ორი წუთი…

 

მამა. ბოდიში, ბოდიში… (კარს ხურავს)

 

მერაბი. რა უნდა გაცალონ? ეს დაგეგმილი იყო? რა გინდა?

 

დადუნი. მინდა, რომ გიყვარდე.

 

მერაბი. (სილას გააწნავს დადუნის) არ დაიცავ დისტანციას და დანით წაგაჭრი ერთ ადგილს.

 

მერაბი დგება და გარბის. დადუნი ლოყას იზელს.

 

5.

მირანდა, მერაბი  

 

მერაბი. ვგრძნობ, რომ ვერ ვიძლევი ადეკვატურ პასუხს და ამის გამო მე თვითონ ვხდები აგრესიული. ცოტა ხნის წინ დავარტყი ადამიანს, რომელიც თავისი ჭკუით სიყვარულს მიხსნიდა.

 

მირანდა. მამათმავალს, მერაბ?

 

მერაბი. კი.

 

მირანდა. რატომ არ აუხსენი სიტყვიერად, რომ შენ ეს არ გსიამოვნებდა?

 

მერაბი. არ მომისმინა.

 

მირანდა. მერაბ, ეს პიროვნება ჰეტეროფობია?

 

მერაბი. ქუჩაში არ დარბის ჩვენ ჩასაქოლად, მაგრამ თავისებურად შეზღუდულია. არც აქვს მნიშვნელობა, ვინაა, ეგ აღარც მაინტერესებს. ვეუბნები, რომ რეალურად არატრადიციული სექსუალური ინტერესები მაქვს და მაინც არ ჩერდება…

 

მირანდა. ღიად ეუბნები?

 

მერაბი. მეტი ღიაობა შეუძლებელია. ორმაგი სტანდარტის ხალხი კიდე უფრო მეტად მაშინებს. უიღბლო დღე მაქვს… თვითმკვლელობაზე ვფიქრობ. მინდა, ცუდად ვიყო, რადგან ყველა და ყველაფერი ცუდია ჩემ გარშემო.

 

მირანდა. მძიმე პერიოდი გაქვს. და არა მხოლოდ შენ – ყველას. ასაკიც მძიმეა. შემახსენე, რამდენი წლის ხარ?

 

მერაბი. ცხრამეტის.

 

მირანდა. მახსოვდა, რომ ჩვიდმეტის იყავი. ასაკს იმატებ? უფრო დიდი გინდა, იყო? გინდა გადაახტე ამ პერიოდს? ეს გზა მეც გამივლია ბავშვობაში… მოდი, სამშაბათიდან ფსიქოკონსულტანტს მოგამაგრებ.

 

მერაბი. შენ რამდენი წლის ხარ?

 

მირანდა. ოცდაერთის.

 

მერაბი. შენი აზრით, დიდი ხარ?

 

მირანდა. გარკვეული კუთხით – კი. ერთი შეკითხვა: გაქვს სექსუალური გამოცდილება? ამის არქონა დამატებით პრობლემებს გიქმნის.

 

მერაბი. მქონდა… ზოგადად. მაგრამ არ მაქვს. შენ გაქვს?

 

მირანდა. მე პარტნიორი მყავს, ამ მხრივ ვერ დაგეხმარები.

 

მერაბი. ეგ არ მიგულისხმია… რომელ სექსუალურ გამოცდილებაზე მელაპარაკები, როცა ყველა მითვალთვალებს და აკრძალვებს მიწესებენ… სკოლაში დამცინოდნენ, რახან სხვებს არ ვგავდი… „ამას ძუძუებიანი შეყვარებული უნდა, გოგოები მოწონს“ – აი, ასე… ეხლა კიდე ყველა მე მასწავლის ჭკუას, ყველა იდიოტი და უიღბლო… მამაჩემები, ყველა… ყველას გონია, რომ მე მაქვს პრობლემა და არა მათ…

 

მირანდა. მალავენ დანაშაულს, მერაბ, სამარცხვინო რამეს, შენ კი დანაშაულებრივს მგონი არაფერს აკეთებ. სამარცხვინოა, სხვანაირი რომ ხარ? გაქვს ჩვენი ბოლო ბროშურა? პრობლემა მანამდეა პრობლემა, სანამ მას მალავ, იტყვი ხმამაღლა და შვებაც მოვა. „მე ქალები მომწონს“ – აი, ასე. მე კი არა, შენ ანუ. ჩემი პარტნიორი კაცია და ეს მე ხმამაღლა გამოვაცხადე წელიწადნახევრის წინ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, შოკში ჩავაგდებდი დედაჩემს და ყველა ჩემს ნათესავს დედის თუ მამის მხრიდან – როგორც ცოცხლებს, ასევე მკვდრებს, თუკი ისინი მხედავენ. ზოგი დღესაც არ მესალმება, აღარ მცნობენ, რცხვენიათ ჩემი, თუმცა მე არ მრცხვენია, რადგან მე ვიცი, ეს მათი პრობლემაა, რომ რცხვენიათ და არა ჩემი. და, ბოდიში, სანამ ჩუმად გიდგება ქალზე, მანამდე ეს შენს პრობლემად დარჩება. გათამამდი, მერაბ. ჯობია ეხლა მოიგო ეს ბრძოლა, ვიდრე წლები იცხოვრო დაბოღმილმა. დროს ნუ კარგავ. მოკალი შიში და არა საკუთარი თავი. სუიციდს – არა, სოციოფიბიას – კი. ახლა ჩვენს ბუკლეტებს მოგცემ. წადი და ხმამაღლა გამოაცხადე, ვინ ხარ. გინდა მოედანზე გადი, გინდა განცხადება დაწერე, მოძებნე აუდიტორია და პირში მიახალე ყველას. გულწრფელობა გიხსნის. ოღონდ უსაფრთხოებაზე იზრუნე. ერთი ზარი და იცოდე, მანდ ვართ. მოდი, გასული წლის კითხვარს მოგცემ, იქ უფრო ვრცლად გვაქვს გაწერილი ქცევის მოდელი. გაბედავ?

 

6.

მერაბის გულწრფელობის აქცია

 

მერაბი. ჰო, ვიფიქრე, გავბედავ, კარგი, რადგან მომეწონა ეს აზრი, და რადგან რაღაცით უნდა დამთავრებულიყო ეს საშინელი დღე, შური უნდა მეძია იმ ქვის, ჩანთის თუ რაღაც უშველებელის გამო, კინაღამ თავში რომ მომხვდა, იმ სირბილის, იმ სისულელეების გამო, რასაც მთელი დღე ვისმენდი, და იმ შეურაცხყოფების გამოც, ბედისწერად რომ მექცა! ილაპარაკონ ჩემზე, გამარჩიონ, მე გავხდე პირველი – ან ერთ-ერთი პირველი, – ვისაც არ შეეშინდა, ვინც ხმა ამოიღო და წერტილი დაუსვა ყოყმანს, თან მაინც და მაინც დღეს, გამოცდებამდე ერთი თვით ადრე, და შეიძლება სამუდამოდ წასვლამდე აქედან, მაგრამ სად? სად ვთქვა? აი, ესაა მთავარი, ჰოდა აი ვიფიქრე და ავარჩიე ადგილი და აუდიტორია, ამ მატყუარების და უზრდელების ზეიმი – ჩემი ყოფილი შეყვარულის (ჰო, შეყვარებულის, რამდენიც არ უნდა უარყოს!) ნიშნობა, ამათი ფსევდობედნიერების დღე, ანუ ისევ პირდაპირ სახლში მივადექი იმათ, საიდანაც დილით გამომაგდეს, თუმცა ნიშნობაზე ხომ დამპატიჟეს?! ხომ მითხრეს – თუ ნორმალურად მოქცევი, მოდი! ნორმალურად. და, აი მივედი და ვხედავ, სუფრაა გაშლილი – ტრადიციული სუფრა, ორი მაგიდა – ჩაკვეტებული ორ პატარა ოთახს შორის, მსმელი ძროხა კაცებითა და მათივე ქმრებით, ნათესავი ქალებით და იმათი ცოლებით, ღიპიანი კაცები კაცებთან ერთად, ამათი მშობლები – საპატარძლოს დედა და დედა (მამები მკვდრები ყავს), და იმ აგრესიული სასიძოს წყვილი დედ-მამა, ჩვენი კლასელები – ეს მუწუკებშერჩენილი მამათმავლები, ბიჭები შეყვარებულ ბიჭებთან ერთად, სხვა ბიჭების გამო დანით რომ ჭრიდნენ ერთმანეთს, სისხლისმსმელი ტურები, პოტენციური მკვლელები, მჩაგვრელები, მე რომ დამცინოდნენ მთელი ბავშვობა – „ამას ხომ ქალები უყვარს“, ბევრჯერ ტუალეტში ჩაკეტილი და არაერთგზის გალახული, საწყალი კაცუნა, უბედური… ჰოდა, აი, შევდივარ და კაცები კაცებთან იწონებენ თავს, ქალები – ქალებთან, და თითქოს მესმის საპატარძლოს ხმა: აქ რა გინდა? და კიდევ მისი საქმროსი, ოღონდ უფრო ხმამაღლა: ისევ მოვიდა… ჰო, მოვიდა, თავისი ფეხით, შეუპოვრად… მოვედი, დიახ, და ჯერ სადღაც კუთხეში დავდექი, ისევ ისე ჩაცმული, როგორც დილით მეცვა, და იმ კომფორმისტს მივაშტერდი, პატარძალს, თითქმის გამომწვევად, რომ აი, მოვედი და ეხლა ნახე, რას მოვიმოქმედებ, მაგრამ ამან ჯერ არ იცის, რას ვაპირებ, მშვიდად და ზრდილობიანად მიღიმის, ისევე როგორც სხვებს, მე ან თავის ღორ საცოლეს აჩერებს ამ სიმშვიდით, და მე ვიცი, ის კი იქნება წყნარად, მაგრამ მანამდე, სანამ მე არ დავიწყებ ლაპარაკს, და მისი საცოლე, ის კაციჭამია გოგოც მშვიდად იჯდება, რადგან ეგონება, რომ ძალიან სუსტი ვარ, რომ მე რა შემიძლია, და პატარძალი თითქოს თვალებით მომმართავს: „დამშვიდდი, რაც ხდება, ნორმალურია“, მე კიდე მინდა ვუპასუხო, რომ არა, და იქნებ ეს ხმამაღლა უნდა ვთქვა, როგორც სადღეგრძელო, რომ არ ვიცი, რას ნიშნავს ნორმალური, და შეიძლება სწორედ შეთანხმება იყოს ნორმა და არა თვითონ ნორმა… ეხლა თითქოს ვბოდავ რაღაცას, მაგრამ ეს ყველამ უნდა იცოდეს, მე უკვე ვიცი, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება, მთელი 17 წელია ვიცოდი და ეხლაღა მივხვდი, და აი, ამას ვიტყვი, ავდგები და ვიტყვი, სანამ ძალიან დათვრებიან და სოციალური ქცევა დაერღვევათ, სანამ სისხლით აევსებათ თვალები და გონება დაებინდებათ, და სანამ კიდე შეძლებენ საკუთარი თავების კონტროლს, რადგან როცა ხმამაღლა ვიტყვი, ვინ ვარ, – და ეს უნდა ვთქვა, რადგან ეს იქნება მართლა გმირობა, მართლა რევოლუცია, – მოკლედ, როცა ვიტყვი, რომ აი, ეს მე ვარ და მორჩა, და სადღაც, რომელიღაც ხალხში, რომელიღაცა ისტორიულ დროს შეიძლება ეს იყოს ნორმა, ანუ როცა ქალები და კაცები არიან ერთად და არა კაცები და კაცები ან ქალები და ქალები, როგორც აქაა დამკვიდრებული, – ამათ ჯერ კიდევ უნდა შეძლონ აზროვნება და აგრესიის მოთოკვა, და მერე თუ უნდათ, დამცინონ, შერცხვეთ ჩემს მამებს და შერცხვეს ყველას, ვინც მე მიცნობს, ან არ მიცნობს, თუნდაც მთელ სამყაროს, მაგრამ ეს უკვე აღარ შემეხება, რადგან ეს აღარ ჩაითვლება ჩემ გამოუთქმელ დანაშაულად, და აი, როცა ვფიქრობდი, რომ რაღაც დროს ჭიქა უნდა ამეღო და ჩემი მთავარი სადღეგრძელო მეთქვა, მივხვდი, რომ უკვე მოსულიყო ეს დრო, რომ უკვე ჭეშმარიტების გაცხადების ჟამია, და უნდა ავდგე და გამოვაცხადო, რადგან ჯერ ძალიან მთვრალებიც არ არიან და, იმედია, დანებით არ ამკუწავენ, თუმცა რომც იყვნენ მთვრალები, ვერაფერს გაბედავენ, მაგრამ რატომ უნდა გავრისკო, აგერ, ერთმანეთს კოცნიან და თავს იწონებენ თავიანთი სქესებით, და აი, მე ვზივარ, ვიღაცის ბიძა თუ მამა თეფშს მაწოდებს, სკამს მიდგამს, ხალხიც გროვდება, როგორც ცირკში, კაცები სამზარეულოში იცინიან, უსმენოდ მღერიან რძლის თვალებაწითლებული დაქალები, ჰოდა ვუყურებ პატარძალს და გადაწყვეტილებას ვიღებ, ავდგე, ჰო, დროა, ეხლა უნდა ვთქვა, ხომ მკეტავდით ტუალეტში, სადისტებო, ეხლა ავდგები და შურს ვიძიებ თქვენზე, რადგან თქვენზე მაღლა ვარ, ზევიდან დაგყურებთ, და გულს მოვიფხან, აგაფეთქებთ თქვენი სუფრიანად, და ვდგები, ჭიქაში ღვინოს ვისხამ და იმ ტრადიციულ პოზაში ვშეშდები, როცა ყველა ხვდება, რომ ეს სადღეგრძელოს დალევის პოზაა, და მე ირონიულ ღიმილებს ვხედავ ჩემი მუტრუკი კლასელების სახეებზე, და ვფიქრობ – ვაი თქვენ პატრონს, რას გავხართ, მაგრამ უცებ ყველა ჩუმდება და მე შემომყურებს… მიყურებს ათობით წითელი თვალი, მოლოდინით და შიშით, ჰო, შიშით, და მე პატარძლებისკენ ვბრუნდები, ჭიქას მაღლა ვწევ და ხმადაბლა ვულოცავ, ძალიან ხმადაბლა, რადგან ძალა არ მყოფნის და ვხვდები, რომ ხმამაღლა უნდა გავაგრძელო, უფრო მტკიცედ, და ვიმეორებ: გილოცავთ, ღმერთმა დაგლოცოთ, თუ როგორც არის, და გული ყელში მებჯინება, საფეთქლები მიცემს, ყურებში ბრაგაბრუგი გამდის, ნორმა-ნორმა – ლოცვასავით ვიმეორებ ერთსა და იმავეს, წინადადებას ვერ ვალაგებ და ამათ თვალებს ვხედავ, ამათ სახეებს, ამ ჯოგის, და მახსენდება მამაჩემი, კიდევ მამაჩემი, მამაჩემი, მამაჩემი, მკვდრები და ცოცხლები, ყველა, ყველა და ვხვდები, რომ არა, ვერ ვიზამ, არ შემიძლია, ჯერ ძალიან ადრეა, ეს ეიფორიაა –– მამაჩემის საყვარელი სიტყვა, –– ეს ამ დღის ბრალია, ჯერ მზად არ ვარ, და ვაგებ, ჰო, ვმარცხდები, და ვერ ვამბობ, ვერაფერს ვერ ვამბობ, ვერ ვამხელ, რა მინდა, რადგან არ შემიძლია ამათთან ჭიდაობა, ამ ერთ დღეს ძლივს გავუძელი და კიდევ რამდენი დღეა, ამიტომ ვამბობ იმას, რასაც ყველა იტყოდა, რაც აქ ნორმაა, რომ ამაყი ვარ ჩემი მამათმავლობით, რომ კარგი ქალი და კარგი ქალი შეხვდნენ ერთმანეთს და ღმერთმა აბედნიეროთ, რომ შეიძლება ეს ვინმეს ჩემგან გაუკვირდეს ან არ გაუკვირდეს, რადგან ბოლოს და ბოლოს მე ვინ ვარ საერთოდ, – რომ შემძლებოდა ხმის ამოღება, კიდევ, ჰო, მაგრამ მე პატივს ვცემ ყველაფერს, რადგან აქ დავიბადე, აქ გავიზარდე და აქ უნდა ვიცხოვრო, და რომ, ჰო, აღიარება არ შედგება – ამას ჩემთვის ვფიქრობ, – და რომ მე მამათმავალი ვარ, როგორც ყველა, და მამათმავლები ავდგებით და ჭიქებს მივუჭახუნებთ ერთმანეთს და გადავკოცნით, და ვკოცნით კიდეც, და ჩემი კლასელები მაინც დამცინიან – ვის ატყუებ, შე არაკაცო?! და პატარძალი უკვე ზიზღით, მაგრამ მადლიერი თვალებით მიყურებს: ლაჩარო. ვერ გაბედე, ისევ უმრავლესობაში არჩიე ყოფნა. ჰო, შემეშინდა. და დავლევ ეხლა, და მერე გავიპარები, წავალ, ისევ ჩუმ და უბედურ არარაობად ვიცხოვრებ, რადგან ისე ვერ ვბედავ ცხოვრებას, როგორც მე მინდა, მაგრამ დღეს გავიჭყიპები, და ვერაფერს ვიზამ, რადგან მე დავმალავ, რომ ის არ მიყვარს, რომ არ მინდა კაცები, და დილით სახლში მივეთრევი, ტუალეტში შევალ და მამაჩემს არ ვუპასუხებ მის უაზრო შეკითხვაზე – „მოხვედი?“, მე ჩემს ანარეკლს შევხედავ და გული ამერევა, როცა ამ ყალბ და დამფრთხალ თვალებს ჩავხედავ, და შუბლით ჩავამსხვრევ ამ სარკეს, შუბლით დავლეწავ ჩემს ფიზიონომიას და ათას ნაწილად დავიმსხვრევი, თუ ჩემს თავს არა, რაღაცას მაინც მოვკლავ ჩემში, რაღაც მნიშვნელოვანს, შეიძლება სულაც მთავარს, და სამუდამოდ ჩავიგდებ ამ საკითხზე ენას…

 

 

ეპილოგი

 

12 სთ. 41 წთ.

 

მერაბი ძირს წევს, შუბლიდან სისხლი სდის. სახეზე წყალს ასხამენ. გარშემო ბევრი ხალხი ირევა მხოლოდ კაცები. ცხელა, რაკი ყველა ერთად ყვირის თუ ლაპარაკობს, ხმაურია. ვიღაცა ამბობს: „თვალები გაახილა…“, სხვა: „ჰაერი, ჰაერი…“.

 მერაბს ცნობიერება უბრუნდება (რაც ნიშნავს, რომ ცოტა ხნის წინ წართმეული ჰქონდა), თუმცა ხმას ვერ იღებს ფიქრის მცდელობა აქვს, მოვლენების აღდგენას ცდილობს:

„სად ვარ?” ეს სულ პირველად, მერე კი უფრო მკაფიოდ: სად ვწევარ?.. რატომ ვწევარ?.. გუშინ მითხრეს თავი უნდა დავიცვათ… ვინ თქვა? მოძღვარმა?.. მამას… რა ქვია? მითხრეს: ხვალ მამათმავლები უნდა დავარბიოთ, დილით ქუჩაში გამოვლენ, და ჩვენც გავალთ, ქალაქს არ დავუთმომთ, ვიომებთ… მერე ვიღაც დაინახეს: „აი“, და რაღაცა ესროლეს… ქვები? მეთქი, მეც ვესვრი და დავიხარე, ვიფიქრე, ძირიდან ავიღებ… და უცებ მე მომხვდა… მეთქი, ვიტყვი, გერევა, მე აქეთკენ ვარ… მერე არ მახსოვს, რა მოხდა… მოვიგეთ?“                                                                                                                                                                               

 

2018