ოიდიპოსი და იოკასტე

ოიდიპოსი და იოკასტე
გიორგი მაისურაძე

 

ოიდიპოსი

იოკასტე

ქორო

 

სცენა 1.

 

სცენაზე ერთ კუთხეში დგას სკამები, რომლებზეც ქორო ზის და ყველა პირდაპირ, ერთი მიმართულებით იყურება, მხოლოდ არა მაყურებლის მიმართულებით. ქორო, როგორც ისინი სხედან, ნაფიც მსაჯულებს უნდა გავდნენ. 

სცენაზე, როგორც კინოში, შუქი კლებულობს. ირთვება ეკრანი. 

დიდ ეკრანზე, რომელსაც სცენის უკანა მხარესაა, ჩანს ქალი, რომელიც საწოლზეა ჩამომჯდარი. მის გვერდით, საწოლზე ბავშვი წევს. ბავშვი ქალს უყურებს და უცინის, თან ხელებს და ფეხებს ამოძრავებს. ქალი სახით და მთელი ტანით ბავშვისკენაა მიტრიალებული, ერთი ხელი საწოლზე უდევს, ეყრდნობა და ღიმილიანი, თან ჩაფიქრებული სახით ბავშვს უყურებს. მერე კიდევ უფრო მოტრიალდება, მეორე ხელსაც საწოლზე დებს და თავი ბავშვის სახესთან მიაქვს. ახლოდან უყურებს, მერე ცხვირს ცხვირზე ადებს და თავს აქიცინებს. ბავშვს ქალის ცხვირი ეხახუნება და კისკისებს. ქალი თავს უცებ აწევს და გაბადრული სახით ბავშვს უყურებს, რომელიც იცინის და ხელებს და ფეხებს ამოძრავებს. ქალი ისევ ისე ხრის თავს, ბავშვის სახეს უახლოვდება, ცოტა ხანი აყოვნებს და მერე ისევ ცხვირს ცხვირზე უხახუნებს. სცენა მეორდება კიდევ რამდენჯერმე. 

სცენაზე შემოდიან ოიდიპოსი და იოკასტე. ქორო ფეხზე წამოუდგება და არ ჯდება, სანამ ოიდიპოსი და იოკასტე არ დასხდებიან სკამებზე, რომლებიც დგას ქოროს საპირისპირო მხარეს, დიაგონალზე, წინა კუთხეში, ერთმანეთის გვერდით, მაგრამ ცოტა დაშორებით.

ოიდიპოსი: კადმოსის შვილნო, რატომ მოხვედით ასე მორთულნი, რტოებით ხელში, თითქოს წყალობას ელით? 

ან იქ მთელ ქალაქს რატომ ნისლავს გუნდრუკის კვამლი? 

ყოველი მხრიდან მესმის გმინვა და ვედრება. 

ვის შეღაღადებთ და რას ითხოვთ?

შენ თქვი, ქურუმო, მსახური ხარ დიდი ღმერთების, 

ჩემს სახლის წინ რად მოსულხართ, რაა მიზეზი?

ქოროდან წამოდგება ქურუმი.

ქურუმი: ჰე, ოიდიპოს, ხელმწიფეო ჩვენი ქალაქის,

შენ თვითონ ხედავ, შეკრებილა ყველა თებელი,

ახალშობილი ბავშვებიც კი აქა ჰყავთ დედებს,

ყველა შენ გიცქერს, იღუპება ჩვენი ქალაქი,

სისხლის მორევში ჩაძირული იხრჩობა ხალხი,

თესლშივე ლპება მოსავალი, ბალახიც ხმება,

პირუტყვი წყდება, მკვდარ შვილებს შობენ თებეს ქალები,

ცარიელდება ძველი სახლი დიდი კადმოსის,

მიცვალებულებს ვეღარ იტევს უკიდეგანო მღვიმე ჰადესის.

შენ ის კაცი ხარ, ვინც ერთხელ უკვე იხსნა თებე თავისი სიბრძნით,

შენ ამოხსენი გამოცანა სფინქსის, ამოუხსნელი მოკვდავთათვის,

ძლევამოსილო ოიდიპოს, ახლაც გვიშველე!

ოიდიპოსი: ო, საყვარელო ჩემო შვილებო, ვხედავ, თუ როგორ იტანჯებით,

მაგრამ მერწმუნეთ, რომ ტანჯვას თქვენსას ჩემი ტანჯვა აღემატება,

თუ ყოველ თქვენგანს მხოლოდ თავისი საწუხარი აქვს, 

მე ვიტანჯები ერთად ყველასთვის, – ასეთია მეფობის ხვედრი.

არ ვსაჭიროებ გაღვიძებას, მას მერე თვალი არ მომიხუჭავს,

რაც შავი ჭირი შეეყარა კადმოსის ქალაქს,

გონების თვალით მოვიხილვე მოსახილველი,

ჩემი ცოლისძმა, კრეონი გვეტყვის, 

ვხედავ ბრუნდება აპოლონის ორაკულისგან. 

შემოდი კრეონ, გვითხარი რა თქვა აპოლონმა!

ქოროდან დგება კრეონი.

კრეონი: აპოლონმა თქვა, რომ ბოროტება ჩვენს მიწაში ფესვგადგმულია,

უნდა აღმოვფხვრათ, ვიდრე უკურნებელ სენად ქცეულა და განვიწმინდოთ.

ოიდიპოსი: განვიწმინდოთ? მაგრამ სად არის

ეგ ბოროტება, ან მისგან როგორ განვიწმინდოთ?

კრეონი: მეფეო, ვიდრე ჩვენს მბრძანებლად შენ მოხვიდოდი,

აქ მეფე იყო ლაიოსი, თურმე დელფოსში სამკითხაოდ გამგზავრებულა,

უკან კი აღარ დაბრუნებულა, გზაშივე მოკლეს, ჩვენ მისი სისხლი უნდა ავიღოთ,

აპოლონმა თქვა: ჰპოვებთ, თუ ეძიებთ, თქვენს შორის ჰპოვებთ,

დაუდევრობის ჩრდილში არის შემალულიო.

ოიდიპოსი: ჩემი ვალია ბოროტების ვპოვო სათავე,

აღმოვაჩინო მკვლელნი მეფე ლაიოსისა.

გმადლობ, აპოლონ, დიდო ღმერთო! გმადლობ შენც, კრეონ, 

მინდა ღვთისა და სამშობლოსათვის ვიძიო შური.

ილოცეთ ყველამ, თქვენს ვედრებას შეისმენენ დიდი ღმერთები,

შვებას მოგფენენ, ტკივილები დაგიამდებათ,

ჩემს ბრძანებასაც მორჩილებით თუ შეასრულებთ, –

ამას მოითხოვს საშინელი ეს ვითარება.

რაც აქ მოვედი, არცთუ ისე დიდი ხანია,

და მკვლელის პოვნაც გამიძნელდება, 

რადგან არა ჩანს არსად კვალი არავითარი.

ჰოდა ამიტომ მომისმინეთ, კადმოსის შვილნო,

ვურჩევ გულწრფელად განაცხადოს ჩემს წინ ყოველმა,

თუნდაც თვით იყოს მეფის მკვლელი, ხელსაც არ ვახლებ,

მხოლოდ ქვეყნიდან გაძევებას დავდებ სასჯელად.

ხოლო თუ ვინმე ჩემს ბრძანებას არ აღასრულებს,

კადმოსის შვილნო, მოისმინეთ ეს განჩინება:

(ოიდიპოსი სკამიდან წამოდგება)

ვინც უნდა იყოს მკვლელი ჩემს სამეფოში,

არც პური ჭამოთ მასთან ერთად და არც ხმა გასცეთ,

ნაკურთხი წკალი არ აპკუროთ განწმენდისათვის,

მსხვერპლშეწირვის და ლოცვის დროსაც არ გაიკაროთ,

ყველგან დაეხშოს სახლის კარი, როგორც კეთროვანს

და მიზეზს ჩვენი საშინელი უბედურების!

განა შეგფერით შეარჩინოთ მკვლელს მეფის სისხლი?

დღეს მისი კვერთხი მე მიპყრია, მისი ქვეყანაც,

მისი მეუღლის სარეცელიც გავიზიარე

და ჩვენ შვილებიც ხომ საერთო გვეყოლებოდა,

რომ უძეობით უბედური არ ყოფილიყო… 

(ოიდიპოსი ჯდება)

ახლა წაბრძანდით, დაუბრუნდით სახლსა და კერას,

ხვალინდელ დილას შევეგებოთ მეტი იმედით.

ქორო დგება და გადის. სცენაზე რჩებიან ოიდიპოსი და იოკასტე. ოიდიპოსი სკამს იოკასტესკენ ატრიალებს და სახეზე მიაცქერდება. იოკასტე თავს შემოატრიალებს და ოიდიპოსს თვალებში უყურებს. ოიდიპოსი სკამს იოკასტესკენ აჩოჩებს. იოკასტე სკამს ოიდიპოსისკენ ატრიალებს. ეკრანი ირთვება და ახლო კადრით იგივე ჩნას: ოიდიპოსი ხელებს ხელებზე კიდებს, სახე იოკასტეს სახესთან მიაქვს და შეშდება. იოკასტე მიიწევს და ცხვირით ოიდიპოსის ცხვირს ეხახუნება. ცხვირების ხახუნი 2-3 წუთი გრძელდება. 

იოკასტე: დღეს, შენს ბრძანებას რომ ამბობდი, ისეთი აფორიაქებული თვალები გქონდა, როგორც თებეში ჩვენი პირველი შეხვედრისას.

ოიდიპოსი: შენ გგონია თებეში ჩვენი პირველი შეხვედრა იყო?  

იოკასტე:  სიზმრებში ნახვას თუ გულისხმობ, იქ მარტო შენ მხედავდი, მე არა.

ოიდიპოსი: მართლა არ გახსოვს?

იოკასტე: რა უნდა მახსოვდეს?

ოიდიპოსი: ორი წლით ადრე, სანამ თებეში ჩამოვიდოდი, ეპიდავროსში აღმოვჩნდი. ქალაქში ისე მოვიწყინე, რომ გზის გაგრძელებას ვაპირებდი, მაგრამ მომისაღამოვდა და ღამის გათენება გადავწყვიტე. საღამოს ქუჩაში გავედი და ხალხის ნაკადს გადავეყარე. თურმე თეატრში მიდიოდნენ და მეც გავყევი. ახლაც კი მახსოვს თეატრის შემოსასვლელში როგორ იდექი, გარშემორტყმული შენი ამალით. მე მოპირდაპირე მხარეს, კედელთან ავიტუზე. უცებ თვალი მოგკარი და შემოგხედე და შენც ზუსტად იმ მომენტში შემომხედე. ჩემი და შენი მზერა შეერთდა, თითქოს ბაგირი გაიბა ჩვენს შორის. რამდენიმე წუთი ერთმანეთისთვის თვალი არ მოგვიწყვეტია. შენ ხანდახან გაიხედავდი შენი თანმხლებებისკენ, რომლებიც გაუჩერებლად გელაპარაკებოდნენ და შენც ვითომ უსმენდი. შენი ერთი ასეთი გახედვის დროს გავუჩინარდი, ადგილი შევიცვალე და რომ მოიხედე და ვერ დამინახე. სახე გაგიმკაცრდა, მზერაში ბრაზი შეგერია. მე შენს ზურგს უკან აღმოვჩნდი და ისევ შენ გიყურებდი. უცებ გავიგონე, ვიღაცას ჰკითხე, იქ, კუთხეში რომ ბიჭი იდგა, ვინ იყოო?

იოკასტე (სახეზე ხელებს იფარებს): გამახსენდა! ეგ გამახსენდა, რომ ვიკითხე. ვიკითხე და მაშინვე ჩემივე კითხვა მეუცნაურა. არა იმიტომ, რომ იქ, ჩემ გარშემო არავის შეეძლო ცოდნოდა შენ ვინ იყავი, არამედ საერთოდ ვინმეს ვინაობით რომ დავინტერესდი, ეგ გამიკვირდა ყველაზე მეტად. ეპიდავროსში ჩემი ექიმის რჩევით წავედი, ასკლეპიოსის წყარო შავ ნაღველს კურნავსო. ჩემზე არ იმოქმედა მკურნალთა ღმერთის ძალამ. თეატრში მოწყენილობამ მიმიყვანა, თუმცა იქ უფრო მეტად მოვიწყინე, მაგრამ სპექტაკლის შემდეგ ვიღაც ყმაწვილკაცს თვალი მოვკარი და აღარ მინდოდა გვერდზე გახედვა. მერე უცებ დავკარგე და ამან ისე დამანაღვლიანა, რომ პირდაპირ თეატრიდან გავემგზავრე თებესაკენ. მთელი გზა მოწყენილმა გავიარე, ხმა არავისთვის გამიცია. სახლში დაბრუნება არ მინდოდა. ქმარი, რომელიც არასდროს მყვარებია, არც მას ვყვარებივარ. საერთოდ არ ვიცი რაა სიყვარული. ჩემს ოთახში რომ შევედი, კარი მოვიხურე, საწოლზე დავწექი და ტირილი ამიტყდა. ჩემი ბავშვი გამახსენდა, ჩემი პატარა ბიჭი…

ოიდიპოსი: ვინ პატარა ბიჭი?

იოკასტე: მე მყავდა შვილი, ჩემი პატარა ბიჭი. ის იყო ერთადერთი, რაც მიხაროდა ჩემს ცხოვრებაში, სანამ შენ გამოჩნდებოდი.

ოიდიპოსი: ლაიოსის ძე? აქამდე რატომ არასდროს გიხსენებია შენი შვილი?

იოკასტე: არავისთვის არ მითქვამს, არასდროს. ეს მხოლოდ მე ვიცოდი და ჩემმა ქმარმა. მეტი არავინ. 

იოკასტე ჩერდება, თითქოს რაღაცას იხსენებს. ოიდიპოსი ცნობისმოყვარე, თან ჩაფიქრებული სახით უყურებს იოკასტეს და ხმას არ იღებს. რამდენიმე წამი სრული სიჩუმეა.

იოკასტე: საწოლზე რომ მეწვინა, გვერდზე დავუჯდებოდი, ჯერ ვუყურებდი მის დიდ და ჭკვიან თვალებს, რომლებსაც მე მომიშვერდა და მომაცქერდებოდა. ისე მიყურებდა, თითქოს მაკვირდებოდა, მსწავლობდა. მისი მზერა გონებას მაკარგვინებდა, მინდოდა მივვარდნოდი, მეკოცნა, როგორც შეყვარებულისათვის. მერე თავს ვხრიდი და სახე მის თვალებთან მიმქონდა. ის მიყურებდა და თავის პატარა ხელებს და ფეხებს აქნევდა. მე ცხვირს ცხვირზე ვადებდი და ვუხახუნებდი და ის კისკისებდა. 

ოიდიპოსი (სიცილით): ანუ მე რომ მიხახუნებ ცხვირს, მაშინაც შენს ბავშვს ეფერები?

იოკასტე: თავიდან მეგონა, რომ ეგრე იყო. ცხვირი სხვა არავისთვის შემიხია. ვერც წარმომედგინა, რომ ოდესმე ვინმეს ცხვირს მივადებდი. ეს ჩემი და ჩემი ბიჭის საიდუმლო იყო, ჩვენი სიყვარულის საიდუმლო. 

ოიდიპოსი (სიცილით): შენს ახალშობილ ბავშვში იყავი შეყვარებული?

იოკასტე: კი. ეს არ ყოფილა მხოლოდ დედობრივი სიყვარული. ის იყო პირველი მამაკაცი, ვინც ჩემში ვნებას აღძრავდა. მისი კანის სუნი, მისი პატარა ხელების კოცნა და ცხვირის ხახუნი გულს მიჩქარებდა და მუცელსა და მკერდში ჟრუანტელს მგვრიდა. მეტი არც არავინ მყვარებია. მჯეროდა, ვიცოდი, რომ არც არავის შევიყვარებდი. შევიყვარებდი კი არა, ზედ არავის ვუყურებდი და მეგონა არც შევხედავდი. მაგრამ შენთან რომ დავრჩი პირველად, შენც საწოლზე იწექი და მე გვერდით ჩამოგიჯექი. რომ დაგხედე, ზუსტად ისე შემომხედე, როგორც ჩემი ბავშვი მიყურებდა და მეც ინსტინქტურად თავი დავწიე და ცხვირი მოგიხახუნე. უცებ თითქოს თვალებში ჩამომიბნელდა, თითქოს პირველად ვიგრძენი ადამიანის სხეულთან შეხების სიამოვნება. „ნეტავ ეს მართლა ხდება?“ – ეს იყო ერთადერთი, რა ფიქრიც თავში მიტრიალებდა.

ოიდიპოსი იოკასტეს ხელებს ხელებში ავლებს და თავისკენ მოქაჩავს. ცხვირს უკოცნის, პირში იდებს, თითქოს კბილებით ეხება. მერე პირიდან გამოიღებს და ცხვირით ეალერსება. 

ოიდიპოსი: მეც არ მითქვამს შენთვის.

იოკასტე: რა?

ოიდიპოსი: ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა აღმოვაჩინე, რომ დიდი ცხვირი მაქვს.

იოკასტე: შენ გაქვს დიდი ცხვირი?

ოიდიპოსი: დიდი და მახინჯი. ვინმე ჩემს ცხვირს რომ ახსენებდა, ვწითლდებოდი. მეგონა, ცხვირის ხსენებაზე მე დამცინოდნენ. პირველად ადამიანს ცხვირის გამო შევეხე ხელით. სამზარეულოს გოგომ მითხრა, ყველაფერში ცხვირს ნუ ყოფო. სიბრაზისგან გონება დამიბნელდა, მივვარდი, წავაქციე და ორივე ხელი ყელში წავუჭირე. მახსოვს დედაჩემის შეშფოთებული სახე. მამაჩემი ამშვიდებდა, ასეთ ასაკშიაო, გადაუვლისო. არ გადაუვლია. კაციც კი შემომაკვდა… მაგრამ ყველაზე საოცარი რა იყო, იცი? ადრეული ბავშვობიდან მახსოვს, ახალგაზრდა, ლამაზი ქალი მესიზმრებოდა და ცხვირით ცხვირზე მეფერებოდა. გაღვიძებულზე დედაჩემს ვუყვებოდი, ისევ ლამაზი ქალი დამესიზმრა და ცხვირით მომეფერაო. როცა ღამით ვჭირვეულობდი და დაძინებაზე უარს ვამბობდი, დედაჩემი მეუბნებოდა, არ გინდა, რომ ლამაზი ქალი ცხვირზე მოგეფეროსო? და მეც მორჩილად მივყვებოდი საძინებელ ოთახში. ჰოდა ახლა მინდა პირველად მოგიყვე, რასაც მაშინ მივხვდი: იქ, თეატრში რომ გნახე და მოგაშტერდი, ვერაფრით ვერ გამეგო, ასე რამ მომაჯადოვა, გაქვავებული რომ ვიდექი და თვალს ვერ გწყვეტდი. ისეთი განცდა მქონდა, რომ სიზმარს ცხადში ვხედავდი. ვიფიქრე, რომ ის ჩემი სიზმრის ქალი შენ იყავი! მერე, პირველად რომ მარტო დავრჩით და შენ უცებ ცხვირი მომადე, ცხადად დავინახე, რომ ჩემი ბავშვობის სიზმარი მისრულდებოდა, რომ ასეთი რამე მართლა ხდებოდა. თვალებს ვახელდი, გიყურებდი, გაკვირდებოდი, ჩემს სიზმარს ვიხსენებდი, იმ ლამაზ ქალს შენ გადარებდი, შენს სახეს ვადარებდი და ჩემთვის ვიმეორებდი, „ნუთუ ეს მართლა ხდება?!“

იოკასტე გაბადრული სახით უსმენს და ვნებიანად უღიმის. მერე ორივე ხელს მხრებში ავლებს, ოიდიპოსს თავისკენ გადმოქაჩავს, ისე, რომ ოიდიპოსის თავი იოკასტეს კალთაში მოხვდეს. მერე სახეს უახლოვებს და ცხვირს უხახუნებს.

სცენაზე ფეხის ნაბიჯების ხმა და ფუსფუსი ისმის. შემოდის ქორო და სკამებზე სხდებიან.

ოიდიპოსი: დროა, უნდა ავდგეთ. 

იოკასტე და ოიდიპოსი დგებიან, სკამებს ასწორებენ, ერთმანეთისგან დაშორებით დგამენ, როგორც თავდაპირველად იყო, და სცენიდან გადიან.

 

სცენა 2.

 

ქორო: ღმერთნო, დიდია ეს განსაცდელი,

სენი მზარავი უწყალოდ გვცელავს,

ხოლო გონება დაბლაგვებული

განმკურვნელ წამალს ვეღარ პოულობს.

უმწიფრად ჭკნება ნაყოფი მიწის,

ქალნი ტკივილით მშობიარობის

იღუპებიან და მკვდართ სულები

მიისწრაფიან ნისლიან შორეთს, 

მარადი მწუხრის სამეუფოში.

დაუტირალნი, დაუმარხავნი,

მიწაზე ყრიან საბრალო მკვდრები

და მათი ხრწნაა სიკვდილის სუნთქვა.

შემოდიან ოიდიპოსი და იოკასტე. ქორო ფეხზე წამოუდგება და არ ჯდება, სანამ ოიდიპოსი და იოკასტე არ დასხდებიან.

ოიდიპოსი: მოკვდავთ არ შესწევთ ძალა,

უკვდავთ სიმართლე გამოსტაცონ, თუ მათ არ ნებავთ. 

მე ვიცნობ მოხუც ტირესიასს, ბრძენსა და მისანს,

ის მცოდნე არის, ვით აპოლონი, გულთამხილველი,

აი, ის მოყავთ, ღვთის კაცი და ნათელმხილველი,

ვინც მართალ სიტყვით ბნელს გააბნევს და მკვლელს ამხილებს.

ქოროდან წამოდგება ტირესიასი, მასთან ერთად მის გვერდით მჯდომი ბიჭი, რომელსაც ტირესიასი ეყრდნობა, მეორე ხელში კი ყავარჯენი უჭირავს.

ოიდიპოსი: ბრძენო მოხუცო, გრძნეულებით ყოვლის შემცნობო,

ამომკითხველო ცის და მიწის იდუმალების,

თუმც თვალით ბრმა ხარ, სულით განსჭვრეტ მიუწვდომელსაც.

შენ კარგად იცი რა ჭირიც ტანჯავს კადმოსის მოდგმას,

იმასაც გეტყვი, რომ შენა ხარ ამ განსაცდელში ჩვენი იმედი.

იქნებ ფრინველზე მკითხაობით, ან სხვა მისნობით

შეიცნო მკვლელი, ცოდვებისგან რომ განვიწმინდოთ.

ტირესიასი: ჰოი სიმართლევ, შენ ტვირთი ხარ ამაოების,

მთქმელისთვის მუდამ საზარელო. მე ეს ვიცოდი

და მაინც შევცდი, თორემ შენთან არ მოვიდოდი.

გირჩევ გამიშვა, რომ ვატაროთ უფრო მსუბუქად

მე ჩემი სიბრძნე და შენ შენი უბედურება.

ოიდიპოსი: ამას რად ამბობ, ან რადა ხარ ასე მჭმუნვარე? 

სიმართლე იცი და ჩვენ გვიმალავ?

ტირესიასი: შენ ასე ფიქრობ? შენ ამით მხოლოდ იახლოვებ თავის დაღუპვას

და რომ მეც თავი არ წავაგო… (ტირესიასი ცდილობს ქოროს რიგიდან გამოსვლას, მაგრამ სხვები წინ ეღობებიან და არ უშვებენ).

სიტყვას არ დავძრავ, რომ სიმართლემ არც მე დამღუპოს,

არც შენ გაგხადო უბედური ჩემი სიტყვებით.

ოიდიპოსი: თურმე გულქვა და ბოროტი კაცი ყოფილხარ,

ჩვენ კი მოგენდეთ…

ტირესიასი: რატომ მაყვედრებ, რომ განგარისხე?

როცა ღვთის რისხვა თვით შენშია, შენ კი ვერ ხედავ.

სჯობია ვდუმდე, ხელმწიფეო, დადგება ჟამი

და თავისთავად გამჟღავნდება ეს საიდუმლო.

ოიდიპოსი: ჰოდა, ეგ მითხარ, თავისთავად რა გამჟღავნდება?

ტირესიასი: მაშინ გეტყვი, რომ წადი, გაგვშორდი,

აქედან გაქრი, რომ შენს თავზე აღსრულდეს მსჯავრი,

ბოროტმოქმედზე შენ მიერვე განჩინებული,

რადგან ამ მიწის წამბილწველი შენა ხარ თვითონ!

ოიდიპოსი: რა თქვი? ასე უტიფრად ცილს რატომ მწამებ?

იქნებ გგონია გადაურჩე ჩემს მრისხანებას?

ტირესიასი: არ მეშინია, სიმართლეა ჩემი ჯავშანი,

განა ვერ მიხვდი? მაგრამ გინდა სხვაც მათქმევინო,

შენ ვისაც ეძებ, ის მკვლელი რომ შენ თვითონა ხარ,

გინდა სხვაც გითხრა, რომ ბარემ ცეცხლი შევუკეთო შენს მძვინვარებას?

ო, რა საზარელ კავშირით ხარ შეერთებული სწორედ იმასთან,

ვისი შენ მხოლოდ თაყვანისცემის უფლება გქონდა.

ოიდიპოსი: შენში სიმართლე აღარ არის, რადგან შენ ბრმა ხარ,

ცხადია, ჭკუაც დაგიბნელდა, სმენაც დაგეხშო.

როგორ დავსაჯო თვალხილულმა, რჩეულმა მზისა,

იგი, ვინც მარად უკუნეთში დაეხეტება.

ტირესიასი: შენ მე დამცინე, ბრმა ხარო, მაგრამ, მეფეო,

შენ თვალხილული, რატომ ვერ ხედავ, ვინ ხარ, სადა ხარ,

ან ვისთან ცხოვრობ, ან ვინ არის შენი მშობელი?

ნუთუ ვერ ხვდები, რომ მტერი ხარ შენივე სისხლის,

როცა გაიგებ ბედუკუღმართ შენს ქორწინებას.

ოიდიპოსი: წადი, გამშორდი, ჩემმა თვალებმა აღარ გიხილონ!

ტირესიასი: წავალ, წასვლამდე კიდევ ერთს გეტყვი:

თუ გსურს ხელთ იგდო მეფის მკვლელი, შორს ნუ ეძიებ,

აქვე ბრძანდება, ამ თაღების ქვეშ დაბუდებულა.

ამბობენ, თითქოს სხვა ქვეყნიდან იყოს მოსული,

მალე გაიგებ, რომ ყოფილა იგი თებელი.

მკვლელს სიხარული შეეცვლება გმინვად, გოდებად,

როცა თავდახრით, ყავარჯენის ბნელში ცეცებით,

მშობელ ქვეყნიდან უგზოუკვლოდ გადიხვეწება.

კარგად დაფიქრდი, იგი ძმაა თავის შვილების,

დედის, რომელმაც იგი შობა – შვილიც და ქმარიც,

მამის სარეცლის მოზიარეც და მისი მკვლელიც.

ტირესიასი გადის. შეშინებული ქორო ჩქარი ნაბიჯებით მას მიყვება. ოიდიპოსი და იოკასტე მარტო რჩებიან. 

ოიდიპოსი (მძიმე ამოსუნთქვით): ვერ გავიგე რა უნდოდა ტირესიას. აზრი ვერ გამოვიტანე მისი ნათქვამიდან. რა გამოცანებით მელაპარაკებოდა? თუმცა ყურადღებით არც მისმენია, შენი შვილის ამბავზე ვფიქრობდი. არ მოგიყოლია რა მოხდა.

იოკასტე: მეც ავირიე, მოგონებებმა თვალები ამიმღვრია და სმენა დამიხშო. არ გამიგია ტირესიასის სიტყვები. მხოლოდ ერთხელ თვალი გამექცა მისი წამწამებისკენ, ჩათეთრებულ თვალებზე რომ ხამხამებდა და თითქოს გული გამიჩერდა: მისი თეთრი, უსინათლო თვალები მე მომაშტერდნენ, ტირესიასმა მთელი თავისი თვალების სიბნელით მე შემომხედა და თითქოს ყველაფერს მიხვდა.

ოიდიპოსი: რას მიხვდა? ვიცი, ძალიან მძიმე არის ბრმა თვალის ცქერა, შენ რომ უყურებ მხოლოდ, თან იცი, რომ ის ვერ გხედავს და საკუთარი მზერით ვერ გიპასუხებს. მაგრამ შენ რად შეგზარა ნათელმხილველის თეთრმა თვალებმა? ის ხომ თავისი სიბრმავით ხედავს, რაზეც ჩვენ, თვალხილულებს არა გვაქვს წვდომა. შენ რა გაღელვებს?

იოკასტე: კარგი, ყველაფერს მოგიყვები. ძალიან ძველი ამბავია, მეგონა დროთა განმავლობაში დავივიწყებდი, მაგრამ, როგორც ჩანს, არ მიწერია მე მათგან შვება. ჩემს ქმარს, ლაიოსს თავისი გამზრდელის, პელოპსის ვაჟი, მშვენიერი ქრისიპოსი შეუყვარდა და ჯერ კიდევ არასრულწლოვანი ბიჭი მოიტაცა და თებეში ჩამოიყვანა. ამის გამო ლაიოსი თავისმა გამზრდელმა პელოპსმა დაწყევლა: არასდროს გღირსებოდეს საკუთარი ვაჟის მამობაო და თუ მაინც გეყოლა, საკუთარი ვაჟის ხელით მოკვდეო. 

ოიდიპოსი: ჰო, გაგონილი მაქვს ეგ ამბავი. მერე?

იოკასტე: როცა ლაიოსზე გამათხოვეს, ქრისიპოსი თებეში დამხვდა, უკვე აქ იყო. მე არავინ ვიყავი. პატარა გოგო, რომელიც დედოფლობაზე კი არა, სიყვარულზე ოცნებობდა, გაათხოვეს, სასახლეში გადააბრძანეს, დედოფლის გვირგვინი დაადგეს. მაგრამ ქმარი არ მყოლია, არასდროს მომკარებია. მეგონა ციხეში გამომამწყვდიეს და ასე უნდა გამეტარებინა დარჩენილი ცხოვრება, ქალიშვილად უნდა წავსულიყავი ჰადესში. რაც ჩავიდინე, ყველაფერი სევდამ და სასოწარკვეთამ გამაკეთებინა. 

ლაიოსი მშიშარა იყო. ჩემთან მოკარებას ეგ ისედაც არ აპირებდა, მაგრამ მაინც ვერ ისვენებდა, ეშინოდა პელოპსის წყევლის. ეს ქრისიპოსსაც აღიზიანებდა და სულ უფრო და უფრო ეჭვიანი ხდებოდა. მე გამიხარდა, როცა წყევლის შესახებ გავიგე, იმედი მომეცა. ლაიოსს შთავაგონე დელფოში გამგზავრება და ვთხოვე, მეც თან გავყოლოდი, რამდენადაც პელოპსის წყევლა, ჩეწმზეც, როგორც მის ცოლზე, შეიძლება გადმოსულიყო. ლაიოსიც დამთანხმდა. ამან ქრისიპოსი და ლაიოსი ერთმანეთს გადაჰკიდა. ისე იჩხუბეს, რომ ქრისიპოსი გაიქცა. ლაიოსმა ვერ აიტანა, რომ მიატოვეს, სიამაყე ახრჩობდა და გამომიცხადა, რომ თვითონ დაშორდა ქრისიპოსს და თებედანაც გააძევა. მე ვიფიქრე, რომ შანსი მომეცა. აფროდიტეს შევევედრე, ამბროზია ვთხოვე, ჰერას რომ მისცა, ზევსისთვის ვნების ჟინის ასაშლელად. აფროდიტემ შეისმინა ჩემი თხოვნა და მეც დავათვრე ლაიოსი და სარეცელში ჩავუწექი. დილით, როცა გაიღვიძა, არაფერი ახსოვდა. ჩემი დანახვა გაუკვირდა თავის ლოგინში. მე ვუთხარი, რომ ის შემიყვარდა და მის გვერდით დაწოლა მომინდა. რადგან ქრისიპოსს დაშორდა, მამამისის წყევლაც ძალას კარგავდა და ამიერიდან არცერთს საფრთხე აღარ გვემუქრებოდა. ვთხოვე, ჭალაში გაგვესეირნა და ყველაფერს ავუხსნიდი. ლაიოსმა ხელი მკრა და საწოლიდან გადამაგორა. იატაკზე დავენარცხე. მომაძახა, ასეთი სისულელე თავიდან ამომეგდო და მეორედ მისი საძინებლისკენ მიმავალ დერეფანსაც კი არ მივკარებოდი. ბოლოს ისიც მითხრა, მთელ შენს ცხოვრებას ამ სასახლეში გაატარებ, მთელი ცხოვრება ჩემ გვერდით მოგიწევს ყოფნა, ამიტომაც თავში მეორედ არ გაივლო ჩემი დაუფლება, თორემ განანებო. ვიცოდი, რომ არ მატყუებდა, მაგრამ ჩემს მუცელში ლაიოსის თესლი უკვე გაღვივებულიყო. სადამდეც შემეძლო, ვმალავდი ორსულობას. მაგრამ, როცა ვაჟი გავაჩინე, ლაიოსს პელოპსის წყევლა თითქოს გადაავიწყდა, იფიქრა, სულელ ბებერს რომელი ღმერთი დაუგდებდა ყურს მისი კიდევ უფრო სულელი ბიჭის გამოო. სამაგიეროდ, მე მჯეროდა წყევლის და მიხაროდა, საშინლად მიხაროდა იმისი გაფიქრებაც კი, რომ ლაიოსის მკლვლელს ვზრდიდი. მაგრამ მოხდა უფრო მეტი, ვიდრე წარმომედგინა: მე ჩემი ახალშობილი ბიჭი არა მხოლოდ როგორც შვილი, არამედ როგორც მამაკაცი შემიყვარდა. მე არ მყოლია სხვა მამაკაცი, ვისაც მოვალერსებივარ, ვისი ფეხებიც დამიკოცნია. მისი პატარა ცხვირი, ჩემი ცხვირით რომ ვეხახუნებოდი და ის კისკისებდა. ცხვირის ხახუნი ჩემი ბიჭის ცხვირმა აღმომაჩენინა და სრულ სიგიჟედ მექცა, შემეძლო საათობით მეალერსა მასთან, უსასრულოდ მეხახუნა ცხვირი და მისი ცხვირსგანაც უსასრულოდ ბევრი სიყვარული მიმეღო. 

ოიდიპოსი იოკასტეს კალთაში ისვამს და მთელი ორი წუთი ცხვირებით ეალერსებიან ერთმანეთს.

ოიდიპოსი: მერე?

იოკასტე: ჩემი ბედნიერება ორი წელიც არ გაგრძელებულა. ლაიოსს არ ახარებდა ბედნიერს რომ მხედავდა, ზიზღს ვერ მალავდა, ვერც ჩემ და ვერც ბავშვის მიმართ. მალე ისევ შფოთვები დაეწყო, პელოპსის წყევლა გაახსენდა და ბოლოს ვეღარ გაძლო და ორაკულს მიმართა. აპოლონმაც თავზარი დასცა ჩემს ქმარს: შენი ვაჟი მოგკლავს და შენს ცოლს შეირთავსო. 

ოიდიპოსი: რაა? ასე თქვა ორაკულმა?

იოკასტე: კი და ეს რომ გავიგე, სიხარულისგან დავხტოდი: ჩემი ბიჭი, ჩემი სიამაყე და იმედი, ჩემი ერთადერთი სიყვარული, მისი ალერსი სიყვარულის ალმურს რომ განმაცდევინებდა, ლაიოსისგან მიხსნიდა და მარადიული სიყვარულით დამაჯილდოებდა! რა უნდა ყოფილიყო ღმერთებისგან ამაზე დიდი საჩუქარი?

ოიდიპოსი: მერე?

იოკასტე: ერთ დილასაც, ჩემი ბიჭის ოთახის კარი რომ შევაღე, მისი საწოლი ცარიელი დამხვდა. დაფეთებული გამოვვარდი ოთხაიდან და მოსამსახურეებს დავუწყე ძებნა. თითქოს ყველა გამქრალიყო. ბოლოს ერთი მწყემსისგან გავიგე, რომელსაც ყოველდღე ჩემი ბიჭისთვის თხის რძე მოჰქონდა, რომ ლაიოსს ბავშვი კითერონის მთებში გადაუგდებინებია სვავების საძიძგნად. ჩემოდანში ჩაუსვამთ, მისი ხმა რომ არ გამეგო, და ისე გაუყვანიათ სასახლიდან.

იოკასტეს თვალები უცრემლიანდება. ოიდიპოსი გულში იხუტებს და თვალებს უკოცნის. ნაბიჯების ხმა ისმის. სცენაზე ქორო შემოდის და თავის ადგილს იკავებს. ოიდიპოსი და იოკასტე დგებიან და სცენიდან გადიან.

 

სცენა 3.

 

ქორო: ვინ არის იგი, უსაზარლეს ცოდვის ჩამდენი?

რათა სპეტაკი სიტყვით თუ საქმით,

ცით მონიჭებულს ვიცავდე კანონს,

რომლის მამაა თვით ოლიმპოსი,

ხოლო ეთერი – სამშობლო წმინდა.

არ შეუქმნიათ იგი მოკვდავთა

და დავიწყებაც ვერ წაშლის, რადგან

მასში ღმერთია ჭაბუკი მარად.

 

ამპარტავნება შობს ტირანებს,

ხოლო სიხარბე ბრმა, უგუნური,

მრავალ ცუდის ქმნის მანკიერი გზით

მაღალ მწვერვალზე აიყვანს კაცსა,

რათა დიდებულ ამ სიმაღლიდან

საშინელების უფსკრულში დანთქას

და იქ აღმოხდეს სული ბოროტი.

 

ვინცა ქედმაღლობს დიდებით მთვრალი

აღარ ეკრძალვის მართლმსაჯულებას

და არც პატივს სცემს ზენაარ ღმერთებს,

დაე ბოროტი ნეტარებისთვის

მას მიენიჭოს ხვედრიც ბოროტი.

ვინც ცრუ სიბრძნითა განგებას ხელყოფს

და მისდევს მზაკვრულ მომხვეჭელობას,

ბნელ საქმეთათვის რომ ეთქმის გული,

ნუ გადურჩება ღვთის მრისხანებას!

შემოდიან ოიდიპოსი და იოკასტე. ქორო ფეხზე დგება და ელოდება მათ დასხდომას. როცა ყველა თავის ადგილს დაიკავებს, ქოროდან კრეონი წამოდგება. 

კრეონი: მოქალაქენო, თურმე მეფე ღალატსა მწამებს

და ამ ბრალდებით გულმოკლულმა თქვენ მოგაშურეთ.

თუ მართლა სჯერა მეფეს ჩემი მუხანათობა,

თავს არ ვიცოცხლებ, ხალხნო, მზად ვარ ჩემივე სისხლით

ჩამოვირეცხო ეს ბინძური ცილისწამება.

ოიდიპოსი: ამას ვის ვხედავ? აქ, ჩემს სახლში, რა დაკარგვია?

ნუთუ შენ, კრეონ, ხარ იმდენად ურცხვი, თავხედი,

რომ კიდევ ბედავ, შენი თვალები გამისწორო,

როცა ზურგს უკან ჩემი დამხობის გეგმებსა ხლართავ.

ღმერთებს გაფიცებ, რამ აღგიძრა გულში ეგ ზრახვა?

იქნებ გეგონა, რომ მხდალი ვარ, ან უგუნური,

რომ შენს მზაკვრობას ვერ მივხვდებოდი?

კრეონი: შენ ხომ შენი თქვი, ახლა ჩემი მეც მათქმევინე,

ჯერ სცანი საქმის ვითარება, მერე განსაჯე.

არა მეთქმის რა, მტერს თავისი უნდა მიეზღოს,

მაგრამ მიბრძანე, სად გიღალატე, ბრალს მე რაში მდებ?

ოიდიპოსი: აბა თუ გახსოვს, ვინ მირჩია გვეხმო მისანი?

კრეონი: ეგ მე ვიყავი და კიდევაც გავიმეორებ.

ოიდიპოსი: დიდი ხანია იმის შემდეგ, რაც ლაიოსი…

კრეონი: აქ ლაიოსი რად ახსენე? 

ოიდიპოსი: სიცოცხლეს მოწყდა განგმირული უცნობის ხელით…

კრეონი: კი, ბევრმა წყალმა ჩაიარა იმ ამბის შემდეგ.

ოიდიპოსი: ტირესიასი მაშინაც ხომ მკითხაობდა, ბრძენი ხომ იყო?

ჩემი სახელი მაშინაც თქვა?

იმ ბრძენმა მაშაინ რატომ არ გაგიმხილათ, 

რასაც დღეს ამბობს?

კრეონი: არა, არ მახსოვს, რაც არ ვიცი, რა მოგახსენო?

ოიდიპოსი: შენი საქმისა კარგად იცი და კიდეც მეტყვი,

მისანს რა მიზნით შეეკარი? ჩემთვის მკვლელობა რომ დაეწამა?

კრეონი: რაც მან დაგწამა, ეს შენ იცი, ახლა მე გკითხავ:

შენ ხომ ქმარი ხარ ჩემი დისა? 

ცოლ-ქმარს ერთად გაქვთ ხელმწიფება, სიმდიდრეც ერთად

და მეც, მესამე, ხომ უფლებით ვარ თქვენი ტოლი?

ოიდიპოსი: დიახ, იყავი, მაგრამ ახლა მოღალატე ხარ!

კრეონი: ცდები, მეფეო, თუ მომისმენ, ამას არ მკადრებ:

აბა დაფიქრდი, რად ვინდომო ხელმწიფედ ყოფნა,

შიში და ძრწოლა, რაც თან ახლავს ტახტს და დიდებას?

მეფე რომ ვიყო, ო რამდენი ჩემი სურვილი

უნდა ჩავიკლა, რომ მოვიგო ხალხისა გული.

არა, ვერ გავცვლი შენს მშფოთვარე ხელმწიფებაზე

ამ ჩემს უშფოთველ, ბატონკაცურ და ტკბილ ცხოვრებას.

აქ ბოროტ ზრახვას საღი ჭკუა არც გაიკარებს

და ვერც გამიხდის მოღალატე თანამზრახველად.

გთხოვ, წადი დელფოსს, ჰკითხე ქურუმს და დარწმუნდები,

როგორ სპეტაკად მოვიტანე ფებოსის სიტყვა,

მაგრამ თუ ვტყუი, თუ ტირესიასს მე ვათქმევინე ცილისწამება,

მზად ვარ სიკვდილით ჩემი თავი თვითონ დავსაჯო.

წამოდგება იოკასტე

იოკასტე: ჰე, საბრალონო, რას სჩადიხართ? ვაი, სირცხვილო!

როცა ისედაც თავს გადაგვდის უბედურება,

შინაურ შფოთსაც ზედ უმატებთ? ხომ არ შეშლილხართ?

ყველა წავიდეს, შენც, ძმაო, კრეონ,

გაუგებრობას ნუ გადააქცევთ უბედურებად!

ქორო დგება და გადის. რჩებიან ოიდიპოსი და იოკასტე.

იოკასტე: რატომ ხარ ფერმკრთალი? სული რად გიშფოთავს? თვალის გუგებში შავი ნაღველი რატომ ჩაგიდგა?

ოიდიპოსი (ღრმად ამოისუნთქავს): შენს ნაამბობზე ჩემი ამბავი გამახსენდა… 

იოკასტე (ღიმილით): რომლის მოყოლასაც სულ მპირდები?

ოიდიპოსი: კი და ახლა მოვიდა დრო, რომ მოგიყვე. შორიდან უნდა დავიწყო. როცა წამოვიზარდე, ჩემი სიზმრებიდან ის ლამაზი ქალი გაქრა, ცხვირზე რომ ცხვირს მადებდა და მეალერსებოდა. თავიდან განვიცდიდი და სულ მის ჩემს სიზმარში დაბრუნებაზე ვოცნებობდი. მერე შევეგუე, რომ მას ვეღარასდროს ვნახავდი, ვიფიქრე, რომ ბავშური სიზმარი იყო და რადგან დამთავრდა, იმისი ნიშანი იყო, რომ მეც ბავშვი აღარ ვარ და მალე გადამავიწყდა კიდეც, სანამ ერთხელ ისევ არ დამესიზმრა. მე ძალიან გამიხარდა მისი დაბრუნება, გახარებული გავემართე მისკენ და ის-ის იყო, ჩემი ცხვირი მის ცხვირს უნდა შეხებოდა, რომ მისი ცხვირი ნისკარტად გადაიქცა, ჩემი სიზმრების ქალი კი სფინქსად, რომელმაც თავისი ნისკარტით თვალები ამომიკორტნა და გაფრინდა. მე ყვირილით გამომეღვიძა, მეგონა თვალებიდან სისხლი მომდიოდა და ვერაფერს ვხედავდი. ყვირილზე ოთახში ჩემი მშობლები შემოვარდნენ და შეშფოთებული სახით მიყურებდნენ. მე ვყვიროდი, „თვალები, თვალები ამომთხარა!“ მამაჩემმა ორივე ხელი ჩამავლო და შემაჯანჯღარა, „შემომხედე!“, დამიყვირა. უცებ გონზე მოვედი და აცრემლებული დედაჩემი დავინახე, რომელმაც მკლავები შემომხვია და გულში ჩამიხუტა. მალე დავმშვიდდი და მოვუყევი, რა სიზმარიც ვნახე. ამან ჩემი მშობლები კიდევ უფრო შეაშფოთა. დედაჩემმა პირდაპირ მთხოვა, დელფოსში წავსულიყავი და ორაკულისთვის მეკითხა. მეც არ მიყოყმანია და მეორე დილითვე დელფოსის გზას დავადექი. გზაზე დიდხანს ორაკულთან რიგში ყოფნა მომიწია. მეგონა, ვეღარ გავუძლებდი ლოდინს და თავში უკან გამობრუნებაზე ფიქრმაც გამიელვა, ცუდი წინათგრძნობა მქონდა, მეშინოდა ორაკულის, თითქოს ორაკულად ის სფინქსი უნდა დამხვედროდა და თვალები ამოეთხარა. მაგრამ სახლში უპასუხოდაც ვერ დავბრუნდებოდი, მოსვენება არ მექნებოდა. ბოლოს მოაღწია ჩემმა რიგმაც და მეც მოვუყევი ორაკულს ჩემი სიზმარი. რაც ორაკულმა მითხრა, იმაზე ბევრად შემზარავი იყო, ვიდრე ყველაზე უარესი წინათგრძნობა: თუ სამშობლოს გზას დაადგები, მამაშენს მოკლავ და დედაშენს ცოლად შეირთავო.

იოკასტე: კი მაგრამ, ეს რა შუაში იყო შენს სიზმართან?

ოიდიპოსი: არ ვიცი, აღარ მახსოვდა სიზმარი. აპოლონის ტაძრიდან გამოსულმა ვიცოდი, რომ აღარც სახლი მქონდა, აღარც სამშობლო, ვეღარც ჩემს მშობლებს ვნახავდი ოდესმე. მარად უცხოობისთვის გამწირეს ღმერთებმა. რამდენიმე წელი უმიზნოდ დავეხეტებოდი დედამიწაზე, დროსაც არ ვითვლიდი, მთავარი იყო შორს ვყოფილიყავი კორინთოდან. ყველაფრის დავიწყებას ვცდილობდი, საკუთარი ვინაობის დავიწყებას. სხვა მიზანი ცხოვრებაში აღარ მქონდა, რაც შეიძლება შორს, შორს საკუთარი თავისგან. მდინარე ლეთეს ვეძებდი, ხომ ამბობენ, მის წყალს თუ დალევ, საკუთარი ვინაობა დაგავიწყდებაო. 

ეს ყველაფერი ერთბაშად დამთავრდა, როდესაც ეპიდავროსის თეატრში მოვხვდი და მის შესასვლელში შენ დაგინახე. შენ იყავი ის სფინქსი ჩემი სიზმრიდან და როცა მოგაშტერდი, ვიცოდი, რომ მზად ვიყავი, ოღონდ ერთხელ შეგხებოდი, ოღონდ ერთხელ შენთვის ცხვირი მომეხახუნებინა, თუნდაც მერე ორივე თვალი ამოგეთხარა ჩემთვის. შენზე უკეთესს მეტი მაინც რას დაინახავდნენ ჩემი თვალები? 

იოკასტე: შენ არ შემცდარხარ, მე თვითონ ვარ ის სფინქსი, რომელიც შენ თებეს მისასვლელებთან დაგნებდა.

ოიდიპოსი (ირონიული ღიმილით): ვინ გითხრა, რომ სფინქსი დამნებდა?

იოკასტე: მე გეუბნები. ახლა მე მომისმინე! სევდამ და სიმწარემ იოკასტე სფინქსად გადააქცია. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება – ჩემს უსაყვარლეს ბიჭს ქმრისგან გავეთავისუფლებინე, ურჩხულისგან დავეხსენი, როგორც პერსევსმა დედამისი დანაე იხსნა. ჩემს ოცნებებში მეც ასე წარმომედგინა: დავაჟკაცებული ჩემი ბიჭი ლაიოსს კლავს და მერე თავის ძლიერ მკლავებში ამიტაცებს და საკურთხეველთან მიმიყვანს და მთელ ცხოვრებას ალერსში გამატარებინებს. 

ოიდიპოსი: მაგრამ პერსევსმა ანდრომედაზე იქორწინა, დანაეზე ხომ არა?

იოკასტე: დიახ და სწორედ ეგ მხიბლავდა ჩემს ოცნებაში, რომ ჩემი ბიჭი ვინმე ანდრომედაზე კი არ გამცვლიდა, არამედ ჩემზევე იქორწინებდა. მე ორივეზე – დანაეზეც და ანდრომედაზეც დიადი და თავისი სიდიადით შეუძლებელი ბედი მსურდა. მაგრამ ეს ოცნება იმ დღეს დამისამარდა, როდესაც ლაიოსმა ჩემი პატარა ბიჭუნა წამართვა და ფრინველების საძიძგნად გადააგდო კითერონის მთებში. იმ დღეს მარტო ჩემი ოცნება არ დასრულებულა, ოცნებამ ცხოვრებაც გაიყოლა, მას შემდეგ აღარ მიცხოვრია, მე და ცხოვრება სხვადასხვა მხარეს აღმოვჩნდით. მაგრამ ტკივილი არ დამთავრებულა, ტკივილი ჩემთან დარჩა. ნამდვილი ტკივილი მაშინ დგება, როცა ოცნება აღარ გამოგდის, როცა ოცნების უნარს კარგავ და მხოლოდ სინამდვილეს შეიგრძნობ. 

ყველა ადამიანური გრძნობა და თვისება გამიქრა, ერთადერთის გარდა: სიბრაზე! ძალიან მწარე და შავი სიბრაზე, დღითიდღე სულ უფრო და უფრო მეტად რომ მაბოროტებდა. ეს იყო შურისძიების წყურვილი და შურისძიების შეუძლებლობის განცდა. იმდენად ძლიერი იყო ჩემში სიბრაზე და სიძულვილი, რომ მან სასოწარკვეთა გადაწონა. გაღვიძებისთანავე შურისძიებაზე ვიწყებდი ოცნებას, როგორი სასტიკი წამებით მოვკლავდი, ავკუწავდი, ცოცხლად დავანაწევრებდი ლაიოსს. არათუ მისი ნახვა, არამედ მასზე ფიქრიც კი სიმწარეს მატებდა ჩემს ბრაზს, ფიქრებში სულ უფრო მეტად ვსასტიკდებოდი, ბრაზი და სიძულვილი ჩემი სხეულის ყველა უჯრედს იკავებდა. 

შენ რა გგონია, რა არის სფინქსი? ურჩხული, რომელიც გამოცანებს თხზავს და გამვლელ-გამომვლელს უყვება? სფინქსი ქალია, რომელსაც სასოწარკვეთა სიბრაზემ დააძლევინა, რომელსაც სიმწრისგან სიკვდილიც აღარ შეეძლო. ჩემში არაფერი აღარ დარჩა ბრაზის და სიძულვილის გარდა, არაფერზე აღარ შემეძლო ფიქრი, გარდა შურისძიებისა. მე თანახმა ვიყავი ურჩხულად დამესრულებინა ცხოვრება, ოღონდ კი შურისძიების ძალა და უნარი მომცემოდა, ყველაზე სასტიკი შურისძიების, რაც კი წარმოსადგენია. ქვესკნელის ღვთაებებს მოვუხმობდი, ტარტაროსს ვწირავდი შავ კურატს, მოეცათ ჩემთვის იმდენი ძალა, რომ კადმოსის მოდგმა მომესპო. იმდენად დიდი და ძლიერი გახდა ჩემი ბრაზი, იმდენად სრულქმნილი სიძულვილი დამეუფლა, რომ ვერც კი შევამჩნიე, როგორ ამომეზარდა კლანჭები და ფრთები და როგორ ვიქეცი სფინქსად. როცა საკუთარ სხეულში უფსკრულის ძალა ვიგრძენი, მომინდა, სანამ ლაიოსს დავძიძგნიდი, როგორც მან ჩემი ბიჭი სვავენს დააძიძგნინა, მანამ ყველა თებელი ამომეჟლიტა, თან არა ერთბაშად, რისი ძალაც შემწევდა, არამედ ნელა-ნელა, თანდათანობით, შიშისა და ძრწოლის თავზარი რომ დასცემოდა ლაიოსს, სასოწარკვეთილი რომ გაქცეულიყო დელფოსის ორაკულთან და მისი პირით მოესმინა, როგორ დაკუწავდა მის კარგად თავმოვლილ ტანს, მუდამ თავისი უნაოჭო შუბლით რომ ტკბებოდა სარკის წინ, სფინქსად გადაქცეული მისივე ცოლი. მაგრამ ეს ნატვრა ვერ ავიხდინე. როცა ლაიოსის დასახიჩრებული გვამი სახლში მოიტანეს, ჯერ გული ამერია მის დანახვაზე, მთელი საათი არ მიჩერდებოდა ღებინება. მისუსტებული საწოლზე დამაწვინეს და თაფლიან წყალს მასმევდნენ. მერე როცა გამოვკეთდი, ღამით გავედი ჰერას ტაძარში და მადლობას ვუხდიდი ზევსის დას და მეუღლეს, ლაიოსი რომ ჩააძაღლა. ორაკულის სიტყვები გამახსენდა და ცრემლები წამომივიდა. თან მიხაროდა დაქვრივება, თან სევდა მიმძიმებდა გულს, რომელსაც სიხარულით ტკბობა დავიწყებოდა. მე მხოლოდ სიძულვილის უნარიღა შემომრჩენოდა. ყველ სხვა გრძნობა ჩემ ბავშვთან ერთად სამუდამოდ დაეძიძგნათ სვავებს და ქოფაკებს კითერონის კლდოვანზე. 

შემოდის ქორო. იოკასტე წყვეტს საუბარს და ქოროსკენ იხედება. ოიდიპოსიც გაკვირვებული სახით უყურებს ქოროს, ორივე სკამებს ასწორებს და ქოროს უყურებს.

ქორო: მაცნე მოვიდა კორინთოდან, ახალი ამბით,

მეფის ნახვა სურს, ვერ დაიცდისო სიტყვა ხვალემდე.

იოკასტე: ჰოი, აპოლონ, ლიკიელო, შენ გევედრები,

აღმოცისკრებით გაგვინათე ღამე უკუნი,

თორემ წყვდიადში წინამძღვარი გზას ვეღარ იგნებს,

ჩვენც შიში გვიპყრობს, ჰოი, გვიხსენ, დიდო აპოლონ!

ქოროდან დგება კორინთელი მაცნე.

მაცნე: დღეგრძელი იყავ, დედოფალო, ბედნიერთ შორის ბედნიერად, სამარადჟამოდ!

იოკასტე: ამ დალოცვისთვის შენც იხარე, უცხო სტუმარო!

თქვი, რა ამბავი მოგვიტანე, სასიხარულო?

რა ამბავია, რას გვაუწყებს კორინთოს ხალხი?

მაცნე: სასიამოვნო ამბავია, თან სამწუხარო,

მთელი ისთმია ოიდიპოსს თხოვს ხელმწიფებას.

იოკასტე: როგორ, იქ ტახტი ხომ დიდებულ პოლიბოსს ეპყრა?

მაცნე: მაგრამ სიკვდილის მეუფებამ შეიპყრო მეფე.

იოკასტე: მსახურო, გასწი, მეფეს მოუხმე! 

ქოროდან მსახური დგება და გადის.

გახარებული იოკასტე ხელებს ცისკენ აღაპყრობს.

იოკასტე: აჰა, ღვთის სიტყვა, წინასწართქმა თუ რა ყოფილა,

რომ ოიდიპოსს არ მოეკლა მოხუცი მამა,

შიშით ლტოლვილი თავის ქვეყანას შორს განერიდა.

ახლა ხომ ხედავთ? პოლიბოსი თავისით მოკვდა,

შვილი აქაა, ხოლო მამა იქ აღესრულა.

ოიდიპოსი: რატომ მეძახდი, იოკასტე?

იოკასტე: ამ უცხო სტუმარს მოუსმინე და შენ გაიგებ,

როგორ სრულდება ბედისწერა წინასწართქმული.

იგი მაცნეა, გვაუწყა, მამა, პოლიბოსი, აღესრულაო.

ოიდიპოსი: შენი პირით თქვი, კორინთელო, ეს მართალია?

მაცნე: გეტყვით, პოლიბოს სამუდამოდ დაგემშვიდობათ.

ოიდიპოსი: მაინც რამ მოჰკლა, კაცთა მზაკვრობამ თუ სნეულებამ?

მაცნე: მიხრწნილ სხეულში მბჟუტავ შუქს ხომ სიოც ჩააქრობს,

სიბერემ მოკლა.

ოიდიპოსი: ო, იოკასტე, ამის შემდეგ როგორ ვერწმუნო,

დელფოს სამისნო საკურთხევლებს, ქურუმთა ღაღადს,

ან ცაში ფრინველთ, იდუმალ ხმით მანიშნებელთა,

რომ კეთილ მამას ჩემი ხელით სულს ამოვხდიდი?

ხომ გაიგონე? საუკუნოდ მან განისვენა,

ისე, რომ მასზე შვილის ხელი არ აღმართულა.

მხოლოდ ერთია, ეჰ, ვინ იცის, იქნებ პოლიბოსს,

ჩემზე წუხილმა, ჩემზე დარდმა მოუღო ბოლო.

იოკასტე: მეც ხომ სულ მაგას გეუბნებოდი,

ახლა ხომ გჯერა?

ოიდიპოსი: მაშ დედაჩემის სარეცელისაც არ მეშინოდეს?

იოკასტე: მაგას რად ამბობ, როცა ბედი სიხარულს გწყალობს

და ყოველივე წინასწართქმა არის ამაო,

სჯობს, რომ იცხოვრო სულ უბრალოდ და უზრუნველად,

დედასთან სისხლის აღრევისა ნუ გეშინია.

ზოგჯერ მოკვდავი ამ სიბილწეს სიზმარში სჩადის,

მაგრამ როდესაც თვალს გაახელს, არაფერია.

ოიდიპოსი: თუმც მართალს ამბობ, მე რატომღაც ვკრთი, იოკასტე,

ჯერ კიდევ ცოცხლობს დედაჩემი, მშობელი ჩემი

და ვიდრე ცოცხლობს, მეშინია, ო, მეშინია.

მაცნე: მეფეო, ასე რომ გაშინებს, ვინაა იგი?

საიდუმლოა, თუ ჩემთანაც ითქმება იგი?

ოიდიპოსი: რატომაც არა. ყოვლისმხილველმა აპოლონმა თქვა,

ოდესმე ცოლად შეირთავ შენ მშობელ დედას.

სწორედ ამიტომ მე დავტოვე კორინთოს მხარე

და დავიკარგე. კიდევ იმიტომ,

რომ ჩემი მამა არ მომეკლა.

მაცნე: მშობლებს გაურბი და ამიტომ აქ დაივანე?

და რომ არ გახდე წამბილწველი მშობლების სახლის?

ნეტა იცოდე რა ფუჭია ეგ მშფოთვარება,

რადგანაც შენში პოლიბოსის წვეთი სისხლიც კი არ არის,

მეფე პოლიბოსს ამ ხელებმა მიგგვარეს შვილად, 

რადგან თავისი არა ჰყავდა, შენ შეგიყვარა.

ოიდიპოსი: სადმე მიყიდე მეფისათვის, თუ შენ ხარ მამა?

მაცნე: არა, გიპოვნე მთიან მხარეში კითერონისა,

მწყემსი ვიყავი, ნახირს დავდევდი, სიკვდილისგან მე დაგიხსენი.

ოიდიპოსი: და ასე უღმრთოდ ვინ გამწირა, დედამ თუ მამამ?

მაცნე: ეს იმან იცის, შენი თავი ვინც ჩამაბარა,

იგი, ვისგანაც შენ მიგიღე, სხვა მწყემსი იყო,

ლაიოსის ყმა, თებეს ხელმწიფის.

ოიდსიპოსი: ახლა სად არის? ცოცხალია? იქნებ მიჩვენოთ,

ხალხნო, თქვენს შორის ნუთუ იმ კაცს არავინ არ ცნობს?

ჰა, მოდის ჟამი საიდუმლოს გამჟღავნებისა,

როცა ხელთა მაქვს ყველა საბუთი,

იქნებ სათავეც ვპოვო ჩემი წარმოშობისა.

იოკასტე: გაფიცებ ღმერთებს, თავი ოდნავ მაინც თუ გიყვარს,

ნუღარ ეძიებ, ოიდიპოს, გთხოვ, გევედრები!

ოიდიპოსი: დაე გადამხდეს გარდუვალი! ჩემს ფესვებს ვეძებ!

(ქოროს) გასწით და მწყემსი აქ მომგვარეთ!

ქორო გადის. ოიდიპოსი და იოკასტე თავიანთ სკამებზე რჩებიან. ორივე დაღლილი ჩანს, მძიმედ სუნთქავენ.

ოიდიპოსი: იცი ვინ მოკლა ლაიოსი? 

იოკასტე: არა, მაგრამ პირველი, რაც გამახსენდა, ჩემი მოკლული ბიჭუნა იყო. მინდოდა წინასწარმეტყველება აღსრულებულიყო და ლაიოსის მკვლელი მისივე სასიკვდილოდ გამეტებული შვილი ყოფილიყო, რომელიც ყველაზე დიდი სიყვარულით შეიყვარებდა საკუთარ დედას, ყველაზე დიდით, რაც კი წარმოსადგენია. განა შეიძლება გაჩნდეს იმაზე დიდი სიყვარული, როდესაც არა ვიღაც უცხო, არამედ საკუთარი შვილი გიყვარდება, როცა არა ვიღაც უცხოს, არამედ საკუთარ დედას ეალერსები? ბევრს დასიზმრებია საკუთარ დედასთან გაყოფილი სარეცელი, მაგრამ არავის ხვდომია წილად დედასთან ცხადში გამთლიანება, არც მოკვდავებს და არც ღმერთებს. ძალა ასეთი სიყვარულის ღმერთების ძალის ტოლფასია. ამ ქორწინებით ღმერთებისთვისაც შეუძლებელი აღსრულდებოდა.

ოიდიპოსი: მერე დაუშვებდნენ ასეთ ცოდვას ღმერთები? 

იოკასტე: თუ აპოლონის სიტყვები თქვა ორაკულმა, მაშინ ბედისწერის ქალღმერთებისგან უნდა სცოდნოდა. ბედისწერას კი ვერავინ წინ ვერ აღუდგება. 

ოიდიპოსი: ორაკულმა ეგრე მეც მითხრა, მამას მოკლავ და დედას ცოლად შეირთავო. მე კი დღეს აქ ვარ, ისინი კი კორინთოში, ერთი მიწის ქვეშ, მეორე მიწის ზემოთ. 

ის მაინც დაადგინეთ, როგორ მოკლეს ლაიოსი? 

იოკასტე: კი, არ იყო ძნელი მისახვედრი: მკვლელმა ძირს დააგდო და მერე თავი გაუჩეჩქა. თავზე ახლო მანძილიდან მძიმე ნივთი ჰქონდა ჩარტყმული, მისივე დიდი ჩემოდანი, ოქროსგან ჩამოსხმული ლომის თათებით. ამ თათების კლანჭებმა შუბლი ჩაუმტვრიეს ლაიოსს, ერთი ოქროს კლანჭი ლურსმანივით ჩასობილი ჰქონდა შუბლში. მისი გალაყებული ტვინი ქვის იატაკზე ეღვარა. 

ოიდიპოსი: დიდ გზაჯვარედინზე, მგზავრთა მოსასვენებელში?

იოკასტე: კი, იქ გდებულა ლაიოსის დასახიჩრებული გვამი.

ოიდიპოსი: ნუთუ ეს მართალია? გისმენ და მგონია, რომ სიზმარში ვარ, ეს ყველაფერი ცხადს არა ჰგავს. 

იოკასტე: რამე არანამდვილია ჩემს მონაყოლში?

ოიდიპოსი: არა, ყველაფერი იმდენად ნამდვილია, რომ მისი დაჯერება ბევრად უფრო მიჭირს, ვიდრე გამონაგონი ამბავი რომ მოგეთხრო. ორი წლის წინ, თეატრში შენი ნახვის შემდეგ, ძალიან ავირიე, ვერ გამეგო რას ნიშნავდა შენთან შეხვედრა, ეს ჩვენი თვალების მზერის გაერთიანება. შენი მზერა. შენმა სფინქსის მზერამ მომნუსხა და დამზაფრა. მე თვალს ვერ გწყვეტდი და მეგონა, რომ მოჯადოვებული ვიყავი და თვალს ვეღარასდროს მოგწყვეტდი. არც მინდოდა, რომ მომეწყვიტა. შენი მზერა ჰადესის ბაღის ბროწეულივითაა, ერთხელ თუ გემო გაუსინჯე, თავს ვეღარ დაანებებ, სადაც არ უნდა გაექცე და დაემალო, მაინც მასთან მიხვალ. მთელი თვე საკუთარ თავს ვებრძოდი, ვცდილობდი, ფიქრადაც კი არ დამეშვა, ჩემს გულშიც კი არ გამომეთქვა ჩემი სურვილი. ბოლოს სურვილმა გადაწონა და მეც გადავწყვიტე, შენს საძებნელად წავსულიყავი, თუნდაც მთელი ქვეყანა შემომევლო, რომ შენთვის კიდევ ერთხელ შემომეხედა თვალებში. უცებ ჩემს უმიზნო ხეტიალს მიმართულება მიეცა, თუმცა, სანამ მე იქ ვორჭოფობდი, თითქოს ღმერთებმა სივრცე გაწელეს, ისე უსასრულოდ გრძელი მეჩვენებოდა შენკენ მიმავალი გზა. ბოლოს დიდ გზაჯვარედინზე აღმოვჩნდი, სადაც იმდენი გზა იკვეთება, ვიფიქრე, ჰადესისკენ გზაც იქ უნდა ყოფილიყო. იქ, გზაჯვარედინის მისადგომთან მგზავრთა მოსასვენებელია. კარი შევაღე და პირველი, რაც დავინახე, შავი ჩემოდნები იყო, ოქროს კიდეებით. მათ უკან მდიდრულად ჩაცმული კაცი იდგა და უკმაყოფილო სახით იყურებოდა. იქვე ორი თუ სამი კაცი, ალბათ მისი მსახურები იყვნენ, ან მცველები. მასთან ახლოს მიკარებას ერიდებოდნენ. ვიღაცამ დელფოსი ახსენა და მე მაშინვე ორაკულის სიტყვები გამახსენდა და შეძრწუნების ნაცვლად, უცებ გავიფიქრე, ეს კაცი რომ მამაჩემი ყოფილიყო, რა სიამოვნებით მოვკლავდი და ოდნავი სინდისის ქენჯნაც არ მექნებოდა. ჩემმა ფიქრმა ისე გამიტაცა, რომ ვერც შევამჩნიე, როგორ მომადგნენ იმ კაცის მოახლეები და ხელი ჩამკიდეს, მითხრეს, მოსასვენებელი დაკავებულია და შენი აქ ყოფნა არაა სასურველიო. მე ხელები უხეშად გავითავისუფლე და ვუთხარი, რომ არსად წასვლას არ ვაპირებდი და თუ ჩემი იქ ყოფნა აწუხებდათ, შეეძლოთ აქაურობას გაცლოდნენ. კაცმა ზიზღით გადმომხედა და მშვიდი ხმით მოახლეებს უბრძანა, ცხვირით გაათრიეთო. ორი მსახური ხელებმომართული დაიძრა ჩემკენ. მე უცებ თვალებში სისხლის მოწოლა ვიგრძენი, ახლოს მოსულ ერთ მსახურს, ხელი ჩემი ცხვირის მიმართულებით რომ მოეღერებინა, ქამარზე მიმაგრებული დანა ამოვაცალე და ყელში გამოვუტარე, მეორეს იგივე დანა მკერდში გავურჭე. თვალის ერთ დახამხამებაში ორივე ძირს ეგდო და ქვიშაზე დაგდებული თევზივით ფათხალებდა. მესამეც მსახურიც იყო, რომელიც შეშინებული ყვირილით გავარდა და აღარც გამოჩენილა. მე და ბატონ-კაცი მარტო დავრჩით. არც მიფიქრია, იარაღი ჰქონდა თუ არა, ყველაზე დიდ ჩემოდანს ხელი დავავლე და მთელი ძალით გვერდიდან მოვუქნიე. პირდაპირ თავში მოხვდა და გამიკვირდა, იმხელა ჩემოდანმა თავი რომ არ გააგდებინა. კაცი ძირს დაენარცხა. ზურგზე ეგდო და მისი დაჭყეტილი თვალები ისეთ ზიზღს გამოსცემდა, რომ მომინდა, კი არ ამომეთხარა, ლოდით გამეჭეჭყა. ის მძიმე ჩემოდანი ავიღე, ოქროს ლომის თათი პირდაპირ შუბლში დავუმიზნე და მთელი ძალით დავანარცხე. მარმარილოს იატაკი სისხლით მიმოიწუწა. მეც სისხლიანი ვიყავი. პირველად მოვკალი ადამიანი, თანაც ერთბაშად სამი. კორინთოს საუკეთესო მეომრები მასწავლიდნენ ბრძოლის ხელოვნებას, მაგრამ აქამდე ნადირიც არ მყავდა მოკლული. ვერასდროს წარმომედგინა თავი მეომრად. ახლა კი უცებ ახალი, აქამდე უცნობი ვნება დამეუფლა, უცნაური კმაყოფილების შეგრძნება იყო. მაშინ არ ვიცოდი ვის ვკლავდი. რომ მცოდნოდა, თებეს მეფე მოვკალი, ჩემი სიამაყე გაათმაგდებოდა. კეთილშობილი ადამიანის სისხლი მაინც სხვა გემოს გიტოვებს. ორი, სრულიად განსხვავებული გრძნობა იყო, ჯერ მსახურების დახოცვა, მერე მათი ბატონის. მსახურები ბალახივით იცელებიან, ერთმანეთისგან ვერ განასხვავებ, ვერც სიცოცხლით, ვერც სიკვდილით. ბატონკაცს კი სიკვდილიც გამოარჩევს მსახურებისგან. ეს სხვაობაც ვიგრძენი პირველსავე მკვლელობაზე. როცა კაცს თავი გავუჭეჭყე, თითქოს მისი გამსკდარი თავის ქალიდან მთელი მისი ძალაუფლება გადმოიფრქვა და მე ჩამისახლდა.

იოკასტე: ჰოი, ღმერთებო! ნუთუ ეს ცხადში ხდება?! ნუთუ ეს შენ ხარ, ვინც ლაიოსისგან დამიხსნა და მერე ჩემი მეუღლე გახდა? იქნებ შეეშალა ორაკულს და ტყულად მომიკლეს ჩემი ბიჭუნა? ეს სხვა ბიჭუნა უნდა ყოფილიყო ჩემი მხსნელი, რომელსაც ისე შევიყვარებდი, როგორც ჩემი პატარა ბავშვი მიყვარდა. იქნებ არც შემცდარა ორაკული? 

ოიდიპოსი (შეცბუნებული ხმით): რა გინდა თქვა, რომ შენი შვილი ვარ? 

იოკასტე: მოდიან, ჩვენი გასვლის დროა.

შემოდის ქორო. ოიდიპოსი და იოკასტე გადიან.

 

სცენა 4.

 

ქორო: ო, კითერონ, დიდო მთაო,

ოლიმპიელ ღმერთებს გფიცავ,

ვიდრე მთვარე ხევში ჩათვლემს,

გარს ფერხულით შემოგივლით

და დიდებას გიგალობებთ.

შენ უმწეო ოიდიპოსს,

სასიკვდილოდ განწირულსა,

გამოუჩნდი მწყალობელად

და მამობრივ სიყვარულით

კვლავ სიცოცხლეს აზიარე.

შენ სიკეთის წიაღი ხარ,

რომ დაიხსენ ჩვენი მეფე.

ჰოი, ფებოს, შეგვიწყალე

და განსაცდელს აგვაშორე!

ო, ვინ იყო უკვდავთაგან

ვინც შენ გშობა, ყრმავ, დიადო…

 

ქორო მოულოდნელად წყვეტს კითხვას და ფეხზე დგება. შემოდიან ოიდიპოსი და იოკასტე და თავიანთ სკამებზე სხდებიან. ქოროც ჯდება.

ოიდიპოსი: აი ის მწყემსიც, თუმცა ადრე არსად მინახავს,

წესით და რიგით, ჩვენ რომ ვეძებთ, ის უნდა იყოს,

ღრმა მოხუცია.

ერთ-ერთი დგება ქოროდან: დიახ, მეფეო, ის უნდა იყოს, ლაიოსის ერთგული მწყემსი (ისევ ჯდება).

ოიდიპოსი: ახლა კორინთელ გზირსაც ვკითხოთ, კარგად შეხედე,

შენ რომ ამბობდი, ის მწყემსია?

კორინთელი მაცნე ქოროდან წამოდგება.

მაცნე: დიახ, მეფეო.

ოიდიპოსი: მოხუცო, თვალი გამისწორე და მიპასუხე,

შენ ლაიოსის ყმა იყავი?

ქოროდან დგება მწყემსი.

მწყემსი: დიახ, მეფეო, მთელი ცხოვრება ნახირს ვმწყემსავდი,

ხან კითერონის ფერდობებზე, ხან იქვე ახლოს.

ოიდიპოსი: კარგად შეხედე, იქ ეს კაცი ხომ არ გინახავს?

მწყემსი (შეშინებული): სად? რა საქმეზე? ვისზე ბრძანებ?

ოიდიპოსი: შენ გვერდით რომ დგას,

ნუთუ ეს კაცი იქ არასდროს არ შეგხვედრია?

მწყემსი (თავი დახრილი აქვს): არა, მეფეო, არ მაგონდება.

მაცნე: ნუ გიკვირს, მეფევ, რაც არ ახსოვს, მე გავახსენებ.

(მწყემსს) შენ გადმომომეცი უმწეო ბავშვი

და მთხოვე, რათა აღმეზარდა ღვიძლი შვილივით.

აჰა, ის ბავშვი დღეს ხელმწიფეა!

მწყემსი (შეშინებული): ნეტა რად მტანჯავ, ხელმწიფეო, რა გნებავს ჩემგან?

ოიდიპოსი: ჭეშმარიტება! ამ კაცს ბავშვი ხომ შენ მიეცი?

მწყემსი: ვაი თქმას, უი უთქმელობას, ნეტავ იმ დღესვე მოვმკვდარიყავი…

ჰო, მე მივეცი.

ოიდიპოსი: ესეც მითხარი, შენი იყო თუ სხვისი შვილი?

მწყემსი: არა, ის ჩემი არ ყოფილა, სხვამ ჩამაბარა.

ოიდიპოსი: ვისი სახლიდან იყო ბავშვი, ვინ ჩაგაბარა?

მწყემსი: ჩემო მეფეო, ნუღარ მკითხავ, ღმერთებს გავედრებ,

ვაი, ჩემს თავსა, ამ ბოროტების თქმაც კი ისე საშინელია,

ის ლაიოსის ვაჟი იყო, (ხელს იშვერს იოკასტესკენ) მეუღლეს ჰკითხე.

ოიდიპოსი: განა თვითონ მან გადმოგცა თავისი პირმშო?

მწყემსი: დიახ, მეფეო, მოსაკვდინებლად. ეშინოდა წინასწართქმულის.

ოიდიპოსი: რა იყო თქმული?

მწყემსი: საკუთარ მამას შვილი მოკლავსო…

ოიდიპოსი: მერედა ამ კაცს რად მიეცი, რად არ მოჰკალი? 

მწყემსი: ვერ გავიმეტე, თან ვიფიქრე, რომ შენ ეს კაცი

თავის შორეულ ქვეყანაში გადაგკარგავდა.

როგორც ეს ამბობს, თუ ის ბავშვი შენა ხარ, მეფევ,

შენზე ცოდვილი ქვეყნად არავინ მოიძებნება…

ქოროში ალიაქოთია, ყველა შეშინებულია და ჩოჩქოლით გადის. რჩებიან ოიდიპოსი და იოკასტე.

იოკასტე: ბევრი დრო აღარ რჩება, სანამ განაჩენი გამოცხადდება. ამიტომ არც ჩვენ დავკარგოთ დრო. არ მინდა ისე მორჩეს ყველაფერი, რომ უპასუხო კითხვებით წავიდეთ. რატომ დაგჭირდა ამდენი ხანი თებემდე? 

ოიდიპოსი: გვამები მოსასვენებელში ეყარა. მე გარეთ გავედი და შადრევანზე სისხლი ჩამოვიბანე. ცივმა წყალმა და ჰაერმა გამომაფხიზლა. ახლაღა დავფიქრდი, რომ ამიერიდან მკვლელი ვიყავი, თითქოს დავკაცდი და კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა. აღარ მახსოვს ზუსტად რაზე ვფიქრობდი, როცა გზაჯვარედინი გადავკვეთე, არ შემიხედავს რომელი ქვეყნის გზა ავირჩიე. კიდევ დიდი ხანი ჩაფიქრებული მივაბიჯებდი, როცა გამახსენდა, რომ არ ვიცოდი მიმართულება. უკან დაბრუნებას აზრი აღარ ჰქონდა, უკვე შორს ვიყავი წასული. გზაზეც არავინ ჩანდა. უცებ ვიფიქრე, რომ არცოდნას უნდა მივყოლოდი, ცოდნისგან გამეწმინდა ჩემი გონება და მხოლოდ ვნება, ჩემი სიზმრებიდან რომ მიბერავდა ზურგის ქარს, შენამდე მომიყვანდა. ბოლოს, როგორც იქნა, მგზავრები გამოჩდნენ, შორიდან პროცესიას გავდა. მათ მითხრეს, რომ თებეს მისადგომებში ვიყავი და გამაფრთხილეს, ქალაქს არ მივახლოებოდი, თუ სიცოცხლე არ მომბეზრებოდა. როცა შევიტყვე, რომ ქალაქის კარიბჭესთან, კლდის ქიმზე, სფინქსი იჯდა და ვინც მას დაამარცხებდა, ჯილდოდ თებეს დედოფალს და სამეფო ტახტს მიიღებდა, სიხარულისგან გული ამიჩქარდა. თებეს ტახტი სულ არ მაინტერესებდა, საკუთარ ტახტს ვიყავი გამოქცეული, მაგრამ სფინქსის გაგონებაზე ჩემი სიზმარი გამახსენდა. არც არასდროს დამვიწყებია. სფინქსი ის ქალი იყო, ვისაც სიზმარში ვხედავდი და ვინც თვალები ამომთხარა და გაფრინდა. მე ჩემი თვალები უნდა დამებრუნებინა. ეჭვიც არ შემპარვია, რომ გავიმარჯვებდი და თებეს ტახტი ორაკულის წინასწარმეტყველებისგან გადამარჩენდა. მაგრამ ეს არ იყო მთავარი. მე დარწმუნებული ვიყავი, რომ სფინქსი მხოლოდ მე მელოდა, მხოლოდ ჩემთვის შემომჯდარიყო კლდის ქიმზე. თებეს დედოფალი და სამეფო გვირგვინი მხოლოდ სატყუარა იყო, რომელსაც მე უნდა მივეტყუებინე ქალაქის კარიბჭესთან. ქალაქს რომ მივუახლოვდი, სფინქსის ძებნა არ დამჭირვებია, ირგვლივ ყველა სულდგმულის მზერა იმ კლდის ქიმისკენ იყო მიმართული, რომელზეც სფინქსი იჯდა. გულის ფანცქალით ავირბინე ბილიკი. თან შიგადაშიგ ქვევით, უფსკრულშიც ვიხედებოდი, სადაც გვამები ეყარა. მათ უკვე ფრინველები კორტნიდნენ. ვიფიქრე, რომ სფინქსთან დამარცხებულების გვამები იყო. ამას არ შევუშინებივარ, არცერთი წამით არ შემპარვია ეჭვი ჩემს თავში, ასეთი თვითდაჯერებული არასდროს ვყოფილვარ. ვიცოდი, რომ სფინქსი ჩემი ბედისწერა იყო, ის მხოლოდ მე მელოდა. მისგან უნდა მიმეღო მთავარი პასუხი, ჩემს სიზმრებზე პასუხი, რამაც ორაკულთან მიმიყვანა, უსახლკაროდ და მოხეტიალედ მაქცია. ის ჩემი ბედისწერა იყო და მე მის წინაშე უნდა წარვმსდგარიყავი. როცა მივუახლოვდი და თვალი გავუსწორე, მაშინვე ვიცანი, ვიცოდი, რომ ეს ნაცნობი მზერა იყო, ის უკვე ორჯერ მყავდა ნანახი: პირველად სიზმარში, მეორედ თეატრში. ახლა ჩვენ ერთმანეთის პირისპირ ვიდექით და მე მის გამჭოლ მზერას, ჩემს სისხლ-ძარღვებში რომ აღწევდა და გულის ფეთქვას მიმოწმებდა, ვუყურებდი და თვალებით ვიწოვდი. მერე უცებ დაილაპარაკა. მისი ხმა იმდენად მოულოდნელად გაისმა, რომ მეგონა, რაღაც მომესმა და გავამეორებინე. მითხრა, რომ ნამგზავრს უნდა დამესვენა და ხვალ მივსულიყავი. ხვალ მეტყოდა გამოცანას. მე არსად წასვლა არ მინდოდა, ავფორიაქდი, მინდოდა რაღაც მეთქვა, მაგრამ სიტყვებს ვერ ვპოულობდი, ფიქრის უნარი გამიჩერდა. სანამ გონს მოვიდოდი, სფინქსი გაუჩინარდა. ცოტა ხანს გაუნძრევლად ვიდექი. მერე დამძიმებული ჩამოვუყევი ბილიკს, უხალისოდ სასტუმროში შევედი და ჩემს ოთახში გამოვიკეტე. არც მივახშმია, ისე დავწექი ლოგინზე და დაძინება ვცადე. რამდენი თვალს დავხუჭავდი, მაშინვე სფინქსის მზერას ვხედავდი, რომელიც ჩემი სხეულის ყოველ უჯრედში აღწევდა, ყველა ნერვს ერთდროულად ეხებოდა. ტკივილი იმდენად ღრმა იყო, რომ მის მოხელთებას ვერ ვახერხებდი. მგზავრობით დაქანცულს მთელი ღამე არ მძინებია, მაგრამ გათენდა თუ არა, მხნედ ლოგინიდან წამოვხტი და კლდის ქიმისკენ გავიქეცი. ისე სწრაფად ავდიოდი ბილიკზე, თითქოს აქილევსის მუხლები გამომება, ერთხელაც არ შემისვენია. დაღლა და უძილობა გამიქრა. მაგრამ რამდენადაც დიდი იყო ჩემი აღმაფრენა აღმასვლისას, იმდენადვე ძლიერი იყო გაწბილება და სიმწარე ყოველ უკანდაშვებაზე, რომელიც იმ დღეს დაიწყო: ზემოთ ასულს სფინქსი კლდის ქიმზე არ მხვდებოდა. ყოველდღე ასე ავდიოდი და ვეშვებოდი. 

ერთხელაც, მეოთხე თუ მეხუთე დღეს, კლდის ქიმიდან რომ დავეშვი, ისეთი დაღლა ვიგრძენი, რომ მუხლები ამიკანკალდა. პირდაპირ სასტუმროსკენ გავიქეცი, ჩემს ოთახში შევვარდი და საწოლზე დავწექი. მეგონა დავიძინებდი, მაგრამ თვალები დავხუჭე თუ არა, მაშინვე სფინქსის მზერა გამოჩნდა. შეშინებულმა თვალები გავახილე და სფინქსი გაქრა. მძიმედ ამოვისუნთქე და ისევ დავხუჭე. სფინქსი ისევ ჩემ წინ იდგა და მიმზერდა. თვალი აღარ გამიხილავს, მივხვდი, რომ დახუჭული თვალებით უნდა მემზირა, თვალის სინათლე მას აქრობდა, სინათლეში ის უბრალო ქალი იყო, რომელსაც სხვა ქალებისგან ვერც ვარჩევდი. ის მხოლოდ მაშინ ჩნდებოდა, როცა თვალებს დავხუჭავდი და ხილულ სამყაროსთან კავშირს ვწყვეტდი. ეს მისი დანახვის პირობა იყო: ყველა სხვა საგანი უნდა გაუჩინარებულიყო, მისი ხილვა რომ შემძლებოდა. ის თავის გვერდზე სხვას ვერ აიტანდა. 

როცა სინათლე ქრებოდა, ის მთელი თავისი ბრწყინვალებით მეცხადებოდა და ლაპარაკს მიწყებდა. ის მზერით მელაპარაკებოდა, უხმოდ, სიტყვების წარმოუთქმელად. მე მზერის ენა უნდა მესწავლა, თუ მინდოდა, რომ მისი გამოცანა ამომეხსნა. პასუხს სინათლეში ვერ ვიპოვნიდი. ოთახი ჩავაბნელე, ყველა ღრიჭო ამოვქოლე, მზის სხივს რომ ვერ შემოეღწია. თვალებს ვხუჭავდი, ზედ კიდევ შავ ტილოს ვიხვევდი და ისე დავაბიჯებდი, ჯერ ოთახში, მერე ქუჩაშიც გავედი და მთელი ქალაქი თვალახვეულმა შემოვიარე. თვალებდახშული მხოლოდ მას ვხედავდი, მხოლოდ მისი მზერა აღწევდა უკუნ წყვდიადში, მაგრამ მისი უხმო ლაპარაკის გაგება მაინც არ გამომდიოდა.

ერთხელაც თვალები დავხუჭე და უმალვე მისი თვალები გამოჩნდა. მისი მზერა დამცინავი მეჩვენა, თითქოს მეუბნებოდა, „შენ ისევ სულ ჩემზე ფიქრობო?“ მერე მზერა გაუმკაცრდა და ცივად, თითქოს განაჩენი უნდა წაეკითხა, ისე თქვა: „ჩვენ შენი მოსვლიდან ერთი თვის თავზე შევხვდებით. ბრძოლა იქნება ხანმოკლე და დაუნდობელი. მანამდე ვეღარც აქ მნახავ და ტყუილად ნუ დამიწყებ ძებნას! წადი და მოემზადე, არ მიყვარს სუსტებთან ბრძოლა.“ ამის შემდეგ მისი სახე გაქრა და მეტი აღარ მინახავს, თვალების დახუჭვა არ მშველოდა, მისი მზერა გაქრა. მზად ვიყავი, თვალები ამომეთხარა, რომ კიდევ ერთხე დამენახა, მაგრამ ის აღარ ჩანდა. მან თავისი დავალება დამიტოვა და წავიდა. 

პირველი დღეები ოთახიდან არ გამოვსულვარ, საწოლზე ვიწექი და თვალებს ვხუჭავდი, რომ იქნებ სფინქსის მზერა გამოჩენილიყო. როცა დავრწმუნდი, რომ ამაო იყო ჩემი წვალება, ქუჩაში გავედი, აპოლონის საკურთხეველი მოვძებნე. ერკემალი შევწირე ფებოსს და საკლავის სისხლით სახემოთხვრილმა ფიცი დავდე, რომ თანახმა ვიყავი მიმეღო აპოლონისგან ნაწინასწარმეტყველები ჩემი ბედისწერა, ოღონდ სფინქსთან ბრძოლაში გვერდში დამდგომოდა ბედისწერის მცოდნე ოლიმპიელი. სასტუმროში მივედი და შფოთვამაც გადამიარა. მაშინღა მივხვდი, რომ მისი მზერის ენა გავიგე, როცა ბოლოჯერ დამენახა. მე მისი მზერის ენა ვისწავლე, მე უსინათლოდ ხედვა შემეძლო. ამან უზარმაზარი თავდაჯერებულობა შემძინა. ჯერ შვებით ამოვისუნთქე, მერე კმაყოფილი სახით ბალიშზე თავი დავდე და მაშინვე დამეძინა. მთელი სამი დღე და ღამე მეძინა. ჯერ პატარა ბავშვი დამესიზმრა, ოთხზე დამდგარი რომ დაბაჯბაჯებდა. მერე საკუთარი თავი, სამშობლოდან რომ გამოიქცა სფინქსის საძებნად, დელფოსის ორაკული, მისი სიტყვები, მამას მოკლავ და დედას ცოლად შეირთავო, მერე ის მკვლელობა დიდ გზაჯვარედინზე, თავი როგორ გავუჩეჩქე მეფე ლაიოსს და მისი ქვრივი, რომელზეც ვიქორწინე და ქორწინების ღამეს სფინქსად გადაიქცა და გამოცანა მითხრა: ვინაა, ვინც საკუთარ მამას მოკლავს და დედას ცოლად შეირთავსო? ბოლოს ვიღაც მოხუცი დამესიზმრა, გზაზე მარტო რომ მიხეტიალობდა. ხელში ჯოხი ეჭირა და მიწაზე აკაკუნებდა, როგორც ბრმებმა იციან. ამ დროს გამომეღვიძა და გამახსენდა, რომ ჩემი სფინქსთან შეხვედრის დღე დამდგარიყო. მე გამოვეწყე, როგორც სასიძო და კლდის ქიმზე ავედი. სფინქსი ადგილზე დამხვდა და მაშინვე თავისი მზერა გამიყარა თვალებში. მე მშვიდად ვიდექი და ოდნავი ეჭვი არ მეპარებოდა ჩემს გამარჯვებაში. ამ დროს სფინქსის გამოცანაც გაისმა: „ვინაა ის, ვინც საკუთარ მამას მოკლავს და დედას ცოლად შეირთავს?“ არც დავფიქრებულვარ, ისე ვუპასუხე: „მე“. ამის გაგონებაზე სფინქსი შექანავდა, თითქოს მიწისძვრამ შეარყია, უცებ მოწყდა და უფსკრულში გადაეშვა. მე შევხტი და უფსკრულში თვალი გადავაყოლე. სფინქსი დაენარცხა და ისე დაიმსხვრა, თითქოს თიხისგან იყო გამოძერწილი. უფსკრულიდან რომ ამოვიხედე და შემოვტრიალდი, შენ მედექი თავზე და ხელში თებეს მეფის გვირგვინი გეჭირა. არ ვიცოდი და ვერ გამეგო, იქ საიდან გაჩნდი? შენც არასდროს გაგიმხელია. 

იოკასტე: გეტყვი, ყველაფერს გეტყვი, არაფერს დაგიმალავ, რაც ჩემთვისაც უცნობია და საიდუმლოდ რჩება, იმასაც გეტყვი. ლაიოსის სიკვდილი საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ სფინქსად ყოფნა დამემთავრებინა. ჩემი გული იმდენად გაქვავებული იყო, რომ ადამიანურ იერს ვერ იბრუნებდა. ჩემმა ძმამ, კრეონმა, რომელსაც თებეს მართვა გადაებარა, ორაკულს ჰკითხა, რა უნდა მოეხერხებინა სფინქსად ქცეული თებეს დაქვრივებული დედოფლისათვის. ორაკულის პასუხი იყო, რომ მხოლოდ სიყვარულის ვნებას შეუძლია იოკასტე ისევ ქალად აქციოსო. კრეონმაც იფიქრა, რომ ჩემი გათხოვება იყო საჭირო და გამოაცხადა, ვინც სფინქსის გამოცანას გამოიცნობს, ის იოკასტეს და მასთან ერთად თებეს ტახტს მიიღებსო. ამან ბევრი მეფობაზე მეოცნებე გააბრიყვა და მალე სასიძოების მთელი ჯარი მოადგა თებეს. მათი გვამები საკუთარი თვალით გაქვს ნანახი. მე ვიცოდი, რომ ამაო იყო კრეონის მცდელობა: ერთადერთი ადამიანი, ვინც მყვარებია, ჩემი საკუთარი ბიჭი იყო, რომელიც ლაიოსმა მოაკვლევინა. ამიტომ დარწმუნებული ვიყავი, რომ არავინ შემიყვარდებოდა და ჩემი ძმის ხათრით დავემორჩილე ორაკულის ნებას. თან სასიძოების კლდეზე გადაყრაც მეხალისებოდა, მაინც ვერავინ შეძლებდა სფინქსის გამოცანის გატეხვას. ამ დროს შენ გამოჩნდი. შორიდან დაგინახე, ყურადღებით ვაკვირდებოდი ყოველ შენს ნაბიჯს, როგორი თავდაჯერებული მოაბიჯებდი ვიწრო ბილიკით კლდის ქიმისაკენ. მერე თვალებში ჩაგხედე და სუნთქვა შემეკრა. მთელ ტანში თითქოს საიდანღაც ნაცნობი შეგრძნებები გამიცოცხლდა, ძალიან ბუნდოვნად რომ გახსენდება და მაინც გეუცხოება. სუნებს შევიგრძნობდი, თვალებით შენს კანს ვეხებოდი, ცხვირზეც კი შეგეხე. უცებ ეჭვი გამიჩნდა, რომ შენ ჩემი გამოცანის გატეხვა შეგეძლო და შემეშინდა. „არა, ეს შეუძლებელია, არა, ეს შეუძლებელია“ – ვიმეორებდი, თითქოს თავს ვიმშვიდებდი. ვიცოდი, რომ აჩქარებული ნაბიჯის გადადგმის უფლება არ მქონდა, ყველაფერი ზუსტად უნდა გამომეთვალა, ყველაფერი ზუსტად გამერკვია. მეგონა ერთი-ორი დღე საკმარისი იქნებოდა, მაგრამ არ გამომივიდა, დარეტიანებული დავაბიჯებდი და გრძნობების დალაგება მიჭირდა. ასეთი არასდროს ვყოფილვარ, მაშინაც კი, როცა ლაიოსმა ხელი მკრა და საწოლიდან გადამაგდო, არც მაშინ, როცა შვილი მომტაცა და ფრინველების საჯიჯგნად გადააგდო. ბრაზი და სიძულვილი მახრჩობდა, მაგრამ აზრები არასდროს გამფანტვია. როცა თვალდახუჭულს გეცხადებოდი და გესაუბრებოდი, გცდიდი, გსწავლობდი. შეუძლებელზე შეუძლებელი იყო იმისი დაჯერება, რასაც ვგრძნობდი და გულიც მეუბნებოდა. ორჯერ დავაპირე შენი მოხმობა, მაგრამ ორჯერვე გადავიფიქრე, მეგონა გრძნობები დამძლევდა და განსჯის უნარს წამართმევდა. ბოლოს, როცა შეხვედრის დრო დაგითქვი, ეს დრო ჩემს თავსაც დავუთქვი, ამ დროში უნდა მომესწრო ყველაფრის ზუსტად გამოანგარიშება და გადაწყვეტილების მიღება. ამისათვის დამჭირდა შენთან კავშირის გაწყვეტა, გრძნობებს გონება რომ არ დაებინდათ. 

ჯერ კიდევ მაშინ, როცა გავიგე ლაიოსის მოკვლის ამბავი, ჩემდაუნებურად პელოპსის წყევლა და ორაკულის წინასწარმეტყველება გამახსენდა. ლაიოსი მოკლეს, მაგრამ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო მისი მკვლელი, თუკი აპოლონმა საკუთარი შვილის ხელით სიკვდილი აუწყა? თუ ეს ასე იყო და ჩემი პატარა ბიჭუნა ღმერთებს გადაერჩინათ, რათა წინასწარმეტყველება აღსრულებულიყო, მაშინ ხომ ამ წინასწარმეტყველებას გაგრძლებაც ჰქონდა: მას შემდეგ, რაც ის მამამისს მოკლავდა, ხომ დედამისზე, ანუ ჩემზე უნდა დაქორწინებულიყო? ის უნდა შემყვარებოდა, რაც სფინქსს გაანადგურებდა და მე ისევ ქალად დამაბრუნებდა. მაშინ მე ჩემს საკუთარ ვაჟზე უნდა მექორწინა. განა ეს არ მინდოდა, როდესაც პირველად ორაკულის წინასწარმეტყველება გავიგე? მაგრამ სიმწარემ და ბრაზმა, სფინქსად რამაც მაქცია, ჩემი ეს ყველაზე დიდი სურვილი და ოცნება დამავიწყა. ახლა კი ამ ოცნებას ვხედავდი კართან მომდგარს და თან ვთრთოდი, როგორც გოგონა, რომელსაც დაქალება აშინებს. ბოლოს მივიღე ის, რაც უნდა მომხდარიყო, ბოლო სიტყვა მაინც შენ უნდა გეთქვა, შენ უნდა გცოდნოდა ის ერთადერთი სწორი პასუხი, ის მხოლოდ შენთვის იქნებოდა ცნობილი. როდესაც შენგან დასტური მივიღე, სფინქსმა დამტოვა, კანივით გადამძვრა და მომწყდა. მე ისევ იოკასტე ვიყავი, აფროდიტეს რჩეული, იმაზე მეტი სიყვარულით რომ დაჯილდოვდა, ვიდრე თავად სიყვარულის ქალღმერთს განეცადა. ესაა უნაყოფო სიყვარული, სუფთა და შეურყვნელი სიყვარულის ნაწარმისაგან. მას მოწილედ არავინ ეყოლება, არავის გადაეცემა, არავისთან საზიარო არ იქნება. ერთ დროს ქმრისა და შვილის სიყვარულად გახლეჩილი, ჩემში გაერთიანდა. ეს იმდენად დიდი ძალაა, რომ ჩემს მოკვდავ სხეულს უჭირს მისი ზიდვა.

ოიდიპოსი გაქვავებული სახით უსმენს იოკასტეს, მისი სახე ხან განგაშს გამოხატავს, ხან მედიდურ კმაყოფილებას. შემოდის ქორო. ოიდიპოსი და იოკასტე საუბარს წყვეტენ და სწრაფად გადიან.

 

სცენა 5.

 

ქორო: ეჰ, რა ყოფილხარ, ადამიანო,

თუ არა ლანდი მსწრაფლწარმავალი?

ეჰ, რა ყოფილხარ, სიამევ კაცთა,

თუ არა ფუჭად მოსაჩვენარი

და წამიერი ზმანება მხოლოდ.

ჰე, ოიდიპოს, თვალწინ რომ მიდგას

შენი წარსულის დიდებულება,

შენ, ვინც ამაღლდი ხელმწიფებამდე,

ვინც საშინელი სფინქსის დაძლევით

ქვეყანას ჩემსას გაუხდი მხსნელად,

ჰპოვე სრულქმნილი ბედნიერება

და ხელმწიფება თებეს ქვეყნისა.

ვისაც არასდროს არა გკლებია

ხოტბა, თაყვანი და სიამება.

ახლა ვინღა ხარ, ჰოი, ბედკრულო,

ვინ არის ასე რომ გაეწიროს

დაუდგრომელი ბედის ტრიალსა?

ჰე, ოიდიპოს, ხელმწიფეთ შორის

სახელოვნებით სწორუპოვარო!

ერთ სარეცელზე შვილი და მამა,

ერთსა ჰყვარობდეს!

ანდა მშობელი მამის საწოლმა

შვილისგან ასე დიდი შებილწვა

ნეტა ამდენ ხანს როგორ ითმინა?

შენ, ვინც ხედავდი და ვერას ცნობდი, 

გიპოვა ჟამმა ყოვლისმცნობელმა,

დიდი ხანია ზურგი აქცია

შეუუღლებად შენს შეუღლებას,

სად ჩაისახე, იქვე ჩასახე…

სცენაზე შემოდიან ოიდიპოსი და იოკასტე. ქორო მათ დანახვაზე წყვეტს კითხვას და უხმოდ გადის. ოიდიპოსი და იოკასტე ერთმანეთისკენ აბრუნებენ სკამებს.

ოიდიპოსი: წინასწარმეტყველება ასრულდა. 

ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ეწერა. 

რაც იწერება, ის სრულდება, წერა მოსახდენს წინასწარ ამბობს. 

ვინც კითხვა იცის, ის ბედისწერას ამოიკითხავს. 

გზაჯვარედინზე უცნობ კაცს რომ თავი გავუჩეჩქვე, მამაჩემი აღმოჩნდა, ვინც უმწეო ბავშვი სასიკვდილოდ გამიმეტა, მაგრამ მისი ჩემი ხელით სიკვდილი ღმერთების განაჩენი იყო. მე მხოლოდ მათ ნებას ვასრულებდი. მერე, როდესაც კლდის ქიმზე შემომჯდარი სფინქსის მზერა მომხვდა, მივხვდი, რომ მისი თვალებით ჩემი ბედისწერა მიყურებდა, მთელი ცხოვრება რომ გავურბოდი და დამალვას ვცდილობდი და მაინც მასთან მივედი. როცა მის თვალებში ვიყურებოდი, უკიდეგანო ქვესკნელს ვხედავდი და მე ვიცოდი, სხვა არაფერი მინდოდა, გარდა მასში დაკარგვისა, რა დიდიც არ უნდა ყოფილიყო მისთვის გადასახდელი ფასი, რა ცოდვაც არ უნდა ამეღო თავზე. ახლა ამ ცოდვის ფასის გადახდის დრო დადგა. 

 

იოკასტე: კეთილშობილი ადამიანი არასდროს სცოდავს, ცოდვა მდაბიოთა ხვედრია. 

ვისაც ბედისწერა ირჩევს და მეხივით თავზე ატყდება, ის ვერ შესცოდავს. 

ან ვის წინაშე უნდა იყოს ცოდვა? განგებას თვით ღმერთებიც კი ვეღარ შეცვლიან, მასზე მოკვდავებისთვის შექმნილი წესი აღარ ვრცელდება. 

ჩვენ ბედისწერამ ამოგვაგდო მოკვდავობიდან. 

მაგრამ ჩვენი მოკვდავი სხეულები ამ ტვირთვისთვის არ შექმნილან, დედის და შვილის სიყვარული, შეერთებული ვნებასა და თავდავიწყებას, უფრო მეტია, ვიდრე ყველა ის ძალა, რომლის ტარება ჩვენს სხეულებს შეეძლებოდათ. ეს იყო ქალღმერთის საჩუქარი, წყევლა რომ წყალობად იქცა და ჩვენ მივიღეთ ყველაზე დიდი ჯილდო, რაც კი ვინმეს ოდესმე თვალით უნახავს. მაგრამ მოკვდავებისთვის საჩუქარიც წყევლაა, მათ თარგზე ღმერთების სამოსელი ვერ მოიჭრება. ჩვენ გვეცვა ღმერთების სამოსელი, მაგრამ სხეული მოკვდავის გვქონდა. ახლა დრო მოდის, სხეულები გამოვიცვალოთ.

ოიდიპოსი და იოკასტე სკამებს ერთმანეთთან აჩოჩებენ, ორივე ერთმანეთს თვალებში უყურებს. მთელ ეკრანზე ხან ოიდიპოსის სახე ჩნდება, ხან იოკასტესი. მერე მათი სახეები ახლოვდება და ცხვირებით ერთმანეთს ეხახუნებიან.

ოიდიპოსი: კარზე კაკუნია. უკვე მოვიდნენ. ეს მოირაა – ბედისწერის ქალღმერთები. მე მათ სუნთქვას ვგრძნობ, ეს ხმაც მეცნობა, მათი მომუშტული ხელები რომ ეხეთქება ხის კარს. ისინი მუდამ ჩემთან იყვნენ, ჩემს ჩასახვამდეც, დაბადებამდეც, და როცა გავჩნდი, დედის ალერსში, როცა დედაჩემს მომტაცეს ჩვილი ბავშვი, მათ ჩააბარეს ჩემი თავი ახალ დედ-მამას. ისინი დარაჯობდნენ ჩემს სიზმრებს, როცა ერთდროულად ჩემს წარსულს და ჩემს მომავალს ვხედავდი. მე ჩემს განგებას გავურბოდი, როცა პირველად გამიმხილეს გაუსაძლისი ყველა კაცისთვის ბედის უწყება. მე ბედისწერის ქალღმერთებმა დამაბრუნეს ჩემს სამშობლოში, ჩემს სახლში, თავზე გვირგვინი რომ დამედგა, უფრო დიადი და უფრო მძიმე, ვიდრე ოდესმე ბოძებული მოკვდავებისთვის. მე ბედისწერის ქალღმერთებმა გამიმხილეს თვით ღმერთებისთვის განუცდელი სიყვარულის ძალა, არა ნაგლეჯი, ორეული, ან ანარეკლი, არამედ სრული, მთელი სისავსით და ბრწყინვალებით, უფრო საშიში და შემზარავი, ვიდრე თავად ზევსის ბრწყინვალება, მოკვდავებს ფერფლად რომ აქცევს მისი დანახვა. მაგრამ რა არის კაცის ცხოვრება, ბედისწერისგან ხელუხლებელი? – სოროში მალვა, სამარისებრ სიმშვიდეში ცოცხლად დამარხვა? ჩვენი ცხოვრება მომხდარია, სანამ გავჩნდებით. ჩვენ ვიბადებით, როგორც თეატრის მსახიობები, საკუთარი ცხოვრება რომ გავითამაშოთ.

იოკასტე: როცა მე წავალ, ჩემი მზერა შენს თვალებში გადმოსახლდება. ამ შეერთებით იმხელა შუქი გამოანათებს, შენს მოკვდავ თვალებს მათი გაძლება არ შეეძლება. შენ ამოითხრი თვალებს და შენს მზერაში ქვესკნელი გახსნის თავის ჭიშკარს. იქ, სიბნელეში, ყავარჯნით ხელში, შენ მარტოდმარტო გაივლი გრძელ გზას, კიდევ ერთ იმდენს, რამდენის გავლაც ჩვენი პირველი განშორების შემდეგ მოგიხდა. ამის შემდეგ, ჩვენ მესამედ შევხვდებით, ორივე ერთი ასაკისა, და, როგორც ერთ დროს ორ ნაწილად გავიყავით, როცა შენ გაჩნდი, ახლა ისევ ერთნი ვიქნებით. 

ოიდიპოსი და იოკასტე მკლავებს ერთმანეთს ხვევენ. შემოდის ქორო, ყველას საპატარძლო კაბა აცვია. ნელი ნაბიჯით მიდიან იოკასტესთან, გარს ეხვევიან, ყველა თითო ხელს კიდებს და გაყავთ. ოიდიპოსი ასწრებს იოკასტესთვის თმიდან სამაგრების ამოცლას. ეკრანზე ჩნდება პატარა ბავშვი, რომელიც მთელ ხმაზე ტირის. 

სცენაზე მარტო დარჩენილი ოიდიპოსი იოკასტეს თმის სამაგრებით თვალებს ითხრის.