რა არის კარგი იმაში, რომ ყველაფერი ცუდადაა

ზურა ჯიშკარიანი

ცოტათი შემზარავი განცხადება უნდა გავაკეთო: მე მიყვარს ომი. უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, ომის ის ნაწილი, რომელსაც საოცარი სიზუსტით იმეორებს, გაგიკვირდებათ და, რამე სახალხო კარნავალი, ახალი წლის აღნიშვნა, Party, ნებისმიერი სახის მიკრო თუ მაკროაპოკალიფსი – ეს ნაწილებია: საზოგადოებრივი კონსოლიდაცია და ნიღბების თეატრი.

განვმარტავ ორივეს.

საზოგადოებრივი კონსოლიდაცია ბუნებრივი რეაქციაა, მყისიერი პასუხი თამაშის ახალ წესებზე ან, შეიძლება ითქვას, თამაშის წესების რღვევაზე. ომის, ისევე როგორც კარნავალებისა ან აპოკალიფსების, დროს ჩვეული თამაშის წესები არ მოქმედებს.

კონსოლიდაცია:

ომის დროს ეს იმავე წამს ჩანს და გაცილებით ბრუტალურად და სწრაფად იწყებს მოქმედებას: ის, რაზეც შეთანხმებულები ვიყავით – უკვე არ მუშაობს, „მე ასე არ ვთამაშობ“ – ამბობს მოწინააღმდეგე ან მხარდამჭერი და „მარადიული თამაში“ კარგავს წესებს, სწრაფი წესით ინერგება ან ჩნდება რამე ახალი, თუნდაც დროებითი წესები და „თამაშები“. რა თქმა უნდა, გაშუალებულად და მეტი კონტროლით, მაგრამ იგივე ხდება მაგ. ახალი წლის დროსაც – ის, რაც მთელი წელი იყო ნორმა და თამაშის წესი, დროებით ითიშება და ყოველდღიურობა ყირაზე დგება: არავის ეჩქარება სამსახურში, არავის ედარდება ის ყოველდღიური პრობლემები თუ სიხარულები, რომლებიც წლის განმავლობაში თამაშის დროს ხტებოდა ხოლმე pop-up ღილაკივით – ეხლა კარნავალის დროა, ეხლა ის დროა, როცა „არავინ მოგთხოვს“ იმას, რასაც გუშინ მოგთხოვდნენ.

ომშიც და ახალ წელსაც გარკვეული სხვაობებით ხარ მარტო შენ და შენი წარმოსახვა.

შენ და შენი სისხლი.

შენ და შენი ღამე.

ტეტ-ა-ტეტ ერთმანეთთან. და სწორედ ამ „ტეტ-ა-ტეტ“-ის საფრთხის გამო ჩნდება მყისიერი საზოგადოებრივი კონსოლიდაცია. კარნავალებზე ეს არის ჩახუტება, „ჭკუიდან გადასვლა“, „აკრძალული“ სიამოვნებების გაზიარება და მიღება, აქამდე დიდი ხნის უნახავი მეგობრების ნახვა და ახალი კლასტერების ან არსებული კლასტერის აღზევება. საზოგადოებრივი ინიციატივები იმათ დასახმარებლად, ვინც კარნავალში ვერ მონაწილეობს (ღარიბებმა და ავადმყოფებმა დარწმუნებით მხოლოდ ის იციან, რომ წელიწადში მინიმუმ ერთხელ ყველას ახსენდება ღარიბები და ავადმყოფები). ესაა კონსოლიდაცია, რომელიც თვრება თამაშის წესების დროებით გაუქმებით და ფეირვერკებს ისვრის ცაში. გაუცნობიერებლად, ავად თუ კარგად, ასრულებს იმას, რასაც კაცობრიობა თავისი პირველი დღიდან აკეთებდა – ასრულებს რიტუალს. სამყაროს გადარჩენის (მზე წელსაც არ ჩაყლაპა დიდმა გველმა), კანის გამოცვლისა და გარდასახვის ბაკქანალურ რიტუალს.

ომისა და საგანგებო მდგომარეობების დროს ეს არის ხალხის შეგროვება იმისთვის, რომ თავიანთ თავებსა და სხვებსაც დაეხმარონ. კაცობრიობის „გენში“ ჩაბეჭდილი ეს ინსტინქტი საოცრად ლამაზ და გულისამაჩუყებელ რამეებს შვება ხოლმე ასეთ დროს: ყველა ცდილობს ყველას დაეხმაროს, გვერდში დაუდგეს, რო რამე ტყვიას გადაეფაროს. ჭეშმარიტად, ომის – ამ ოფიციალურად დაშვებული მკვლელობების – სეზონზე ადამიანები ხანდახან ისეთ ადამიანურობას ავლენენ, რომელსაც ვერც ერთ მშვიდობიან დროს ვერ ნახავ.

მაგრამ კონსოლიდაციასა და მის ეფექტურობას გარკვეული ლიმიტი აქვს: რაღაც მომენტში თენდება დღე, როცა ხვდები, სადღაც სამყაროში ახალი ბზარი გაჩნდა, გაცილებით საშიში ბზარი, ვიდრე ის, რის გამოც ყველანი შევიკრიბეთ, და ეს ბზარი ზუსტად ამ შეკრებას ეხება. როცა თამაშის წესების რღვევა„საჭიროზე მეტხანს“ გრძელდება, როცა ვიღაცას საარსებო რესურსების კალათა უნახევრდება და უფრო ახალი შიშები ჩნდებიან მის თავში, power game-ები სხვაგვარად ლაგდება – მაშინ იწყება კონსოლიდაციის რღვევა. „მე თქვენი არ მჯერა, მე თვითონ მივხედავ თავს“, „მე მეტი მეკუთვნის, იმას რატომ მიეცით“.

ჩნდება ეჭვი, რომ კონსოლიდაცია არ არის ეფექტური, რომ ის ვერ დაგიცავს და ხდება ის, რასაც გარკვეული ადეპტები მუდამ აკეთებენ თავიანთ ყოველდღიურობაში, მაგრამ იშვიათად თუ აკეთებს ამას ბევრი ხალხი ერთად: ჩნდება კონტროლის ილუზიის გააზრება.

გააზრება იმისა, რომ ის, რასაც დავეჯახეთ, იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენ გვგონია და იმ კატეგორიებშია, რომლებიც, როგორც არც ჩვენს მოგონილ თამაშის წესებს ექვემდებარება და არც ჩვენი კონტროლის ქვეშააა სინამდვილეში. სინამდვილეში არც აქამდე ექვემდებარებოდა, მაგრამ იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს არსებობა და ყოველდღიური ფუნქციონირება, მას სჭირდება ეს მუდმივი დამამშვიდებელი აბი, ეს ილუზია. ილუზია, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, მაშინ, როცა არასდროს არაფერი ყოფილა კონტროლის ქვეშ – ჩვენ უბრალოდ დაგვავიწყდა, რომ ადრე ამაზეც შევთანხმდით. შევთანხმდით, რომ თვალი დაგვეხუჭა, მაგრამ როცა რეალობა სახეში სილას გაწვნის, ნელ-ნელა ან ძალიან სწრაფად ილუზია ქრება – დარტყმის სიძლიერეს გააჩნია. როგორც ცნობილი მოკრივე და ფილოსოფოსი (და მოგეხსენებათ, ფილოსოფოსი, რომელიც ნოკდაუნებს არ ისვრის, კაპიკადაც არ ღირს) მაიკ ტაისონი იტყოდა რინგზე გასვლასთან დაკავშირებით: „everyone has a plan until they get punched in the face“.

და აქ ვადგებით ამ მდგომარეობების ჩემს „საყვარელ“ ნაწილს, რომელსაც ნიღბების ჩამოვარდნა ჰქვია.

ზუსტად ასეთ ვითარებებში, ასეთ დროებში ადამიანები ავლენენ თავიანთ რეალურ სახეებს და არაფერია იმაზე გასაოცარი, შემზარავი და ლამაზი სანახავი, ვიდრე მომენტი, როგორ ლღვება შენი დიდი ხნის ნაცნობის ლამაზი, დაყენებული სახე და მის უკან გაჩენილი დიდი შავი ხვრელიდან აქამდე უნახავი მონსტრი ან ანგელოზი ამოყოფს თავს.

– გამარჯობა. აქამდე სად იყავი? Nice to meet you!

მინახავს „როგორ ებრძოდნენ ზარებს ზარები“ პურის რიგში, როგორი სისასტიკითა და აპოკალიპტური ვნებით ღალატობდნენ ცოლები ქმრებს და ქმრები – ცოლებს (იმასაც ხო გააჩნია, ვინ და ვის ვისთან ღალატობს, შიდა სქემაში), მინახავს, როგორ ცდილობდნენ ზრდასრული ბიჭები უმცროსის გაუპატიურებას, მინახავს „უმცროსი“ როგორ ცდილობდა ტანსაცმლიდან სხვა „უმცროსის“ სისხლის გამოყვანას, ერთ დღეში მაროდიორად გადაქცეული პროფესორები და პროფესორის შვილები, ძალადობა, ექსტრემალური ეგოიზმი, მინახავს ქადაგად და წინასწარმეტყველებად დავარდნილი ქართულისა და ფიზიკის მასწავლებლები. ბოლობოლო, მინახავს გოჩა, ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც პოსტომიანობის ჟამს (ბევრს ჰგონია, რომ ომი მაშინ მთავრდება, როცა სროლა წყდება, რაც დიდი შეცდომაა, მთავარი შემდეგ იწყება) – გაიხადა თავისი ტანსაცმელი, სადღაც იშოვა თეთრი ზედა-ქვედა, თავი გამოაცხადა მკურნალ-წინასწარმეტყველად და ორსართულიანი სახლის ეზოში დადგა ხალხის რიგები, ხალხისა, რომელსაც სჯეროდა რომ ეს გრძელთმიანი, თეთრტანისამოსიანი ადამიანი მათ ხელის დაკარებით განკურნავდა, ხეიბრები გაივლიდნენ, სახლში პური გაჩნდებოდა და ა.შ. მეც ვიდექი ამ რიგში – ნახევარმკვდარი წამიყვანა დედამ, გოჩას ხელებიც მახსოვს – ჩვეულებრივი ხელები ჰქონდა. მაგრამ როცა თამაშის წესები ტოტალურად არეულია, ადამიანებს სჭირდებათ რამე, რასაც ჩაებღაუჭებიან, რაც ეტყვის – „ნუ გეშინია”, რაც კონტროლის ილუზიას დააბრუნებს. ესაა რელიგიის როლი, ესაა ნაციონალური ჯარების როლი.

ალბათ არაა ძნელი მისახვედრი, საითკენ მიდიოდა თავიდანვე ტექსტი – დღეს ჩვენ მორიგი დაანონსებული და მეტიც, პრაქტიკაში ჩაშვებული აპოკალიფსის პირობებში ვართ: ჩაკეტილები, კონსოლიდირებულები და ჯერ კიდევ „კონტროლის ქვეშ“. რა თქმა უნდა, პირობები და ვითარება სულ სხვანაირია და არ არსებობს ერთი უნივერსალური ფორმულა, რომელიც ყველა სიტუაციას მოერგება, ამიტომაც პირდაპირ ვერ შევადარებთ, მაგრამ ის ხომ ვიცით, რომ ესეც საგანგებო მდგომარეობაა და ესეც თამაშის წესების ამოყირავებაა. რაღაც მომენტში შეიძლება უფრო შემზარავიც კი, იმიტომ რომ, როგორი საშინელი საღიარებელიც არ უნდა იყოს, თუ ომის ან კარნავალის დროს „ვიცით, როგორ მოვიქცეთ”, ეს ახალი საგანგებო თამაშის წესები ჩვენთვის აბსოლუტურად უცნობია, რაც მას დრამატულობას მატებს.

დავადგინეთ, რომ ჯერ კიდევ კონტროლის ილუზია არსებობს, ამიტომ, მოდი, სულ ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ ერთი თვის ნაცვლად გვითხრეს: „მოიცადეთ სამი თვე“, წარმოვიდგინოთ, რომ ამ სამ თვეშიც ვერაფერი დააკლდა ვირუსს (კრიზის მენეჯმენტში, ისევე როგორც ქუჩურ სიბრძნეში, ერთი სწორი რამ დევს: ყოველთვის ჯობია, ყველაზე უარესი სცენარი წარმოიდგინო). წარმოვიდგინეთ? თუ წარმოდგენაც არ გვინდა? )

ეხლა ცოტათი გავყვეთ ამ სცენარს – ჯერ ჩვენ ვთქვით, რომ „გვეშინია“, შემდეგ ვთქვით, რომ „მოგვბეზრდა“, არავინ იცის, რას ვიტყვით ხვალ, ვინაიდან უკვე არავინ იცის, თუ რა მოხდება ხვალ და ხალხთან საუბრისას მე უკვე ვგრძნობ:

„კარადაში დამალული ჩონჩხები“ როგორ ამოწმებენ ბოქლომის სიმძლავრეებს, თითქოს ლამობენ იქიდან გამოსვლას და ვიღაცეებთან უკვე კარადაზე კაკუნიც დაიწყეს, ეს კაკუნი ღამითაც არ წყდება, საყვარელი ადამიანების სახეები ახალ ფორმებს იძენენ, აქამდე ვერშემჩნეულ გრაციას ან სიუხეშეს ხედავ მათ მოძრაობებში,„ნუთუ დედას ყოველთვის ესეთი ხმა ქონდა?“, გაწელილი დღეები, კომენდანტის საათები და ცარიელი ქუჩები თითქოს წყნარ, მაგრამ გამანადგურებელ მანტრად იმეორებენ LOOP-ზე:

„ჩემო დემონებო, საკუთარ ჩრდილში, საკუთარ ნათებაში დამარხულო დემონებო, აქამდე ტვინის მაქსიმალური უსაფრთხოების ციხეებში ჩაკეტილებო, უჭმელებო, უსახელოებო – გამოდით გარეთ და თქვით თქვენი სახელი.

ჩემო ანგელოზებო, აქამდე ვერ გამოვლენილებო, მივიწყებულებო, უჭმელებო, უსახელოებო – გამოდით გარეთ და თქვით თქვენი სახელი.“

რა თქმა უნდა, მეც დრამატულობისთვის უფრო მუქი ფერები გამოვიყენე ამ ტექსტის ხატვისას, მაგრამ, რა ვქნა, თუ ეს მუქი ფერები ჩემთვის რეალობაა. იმედია, აქამდე არ მივა, თუმცა, ვინ იცის, ვინ იცის. საბოლოო აპოკალიფსი ოდესმე მართლა დადგება, თუმცა იქამდე თავის დასამშვიდებლად შეგიძლიათ ვიკიპედიაზეც იპოვოთ გვერდი, სადაც ჩამოწერილია დაანონსებული და გადადებული ან პრაქტიკაში ჩაშვებული და დამარცხებული აპოკალიფსების და ცრუ-მესიების უსასრულო სია. კაცობრიობა ყოველთვის აპოკალიფსის მდგომარეობაში იყო და არის, მაგრამ მაინც მოვედით, სადამდეც მოვედით. აპოკალიფსების შემთხვევაში მოქცევის ინსტრუქციებს კაცობრიობა აგერ უკვე რა ხანია ტოვებს ხან ლიტერატურის, ხან ფილოსოფიის სახით. თუნდაც ამისთვისაა კარგი კითხვა. მაგ დროს ხვდები და ამბობ: „ეგეთები გადაგვიტანია?“

ამიტომ ალბათ „ყველაფერი კარგად იქნება“, მთავარია, ამ ყველაფერს როგორც ინსტრუმენტს, ისე შევხედოთ: სამყარომ ავად თუ კარგად მოგვცა საკუთარ თავსა და შიშებთან და გაურკვევლობასთან დარჩენის საოცარი ფუფუნება და საშინელება. ამ პრაქტიკას მხოლოდ გარკვეული ადეპტები აკეთებდნენ და აკეთებენ, ეხლა კი, მოდი, ამ კუთხით შევხედოთ, ამის საშუალება ყველას მოგვეცა. ყველას „მოგვეცა საშუალება“, თვალი გავუსწოროთ საკუთარ შიშს, საკუთარ მარტოობას, საკუთარ თავს, სიკვდილს, პირად და გლობალურ გაურკვევლობას, მოგვეცა შანსი, ვიგრძნოთ როგორ ცხოვრობენ „სხვები“, რომლებიც „ჩვეულებრივ“ დროსაც ამ რეჟიმში არიან და მივიღოთ ეს სხვები და მოგვემატოს ემპათიის დონე, მოგვეცა შანსი, გავიცნოთ საკუთარი დემონები დ ანგელოზები – და მე იმედი მაქვს, როცა ეს ყველაფერი მორჩება – ამ მოგზაურობიდან დაბრუნებული გმირები არ ვიქნებით ისეთები, როგორც ადრე (რა იგულისხმება ამაში, ყველამ თვითონ უნდა „გააიასნოს“ საკუთარ თავთან).