კრიტიკის დანიშნულება ბევრად უფრო ფართოა და მრავალფეროვანი, ვიდრე ჩვეულებრივ ჰგონიათ ხოლმე. პირდაპირ უნდა ვთქვა, რომ ჩემი განზრახვა მკითხველის წიგნთან მოწვევა და დაკვალიანებაა. თუ ვინმე მიიჩნევს, რომ ასეთი მიზანი ერთობ პრეტენზიულია, უნდა გამოვუტყდე, რომ უფრო ღრმა პირადულ დონეზე მე მხოლოდ წაკითხვის შემდეგ გაჩენილი გაზიარების სურვილი მამოძრავებს.
ზოგჯერ გაზიარებაც ძნელია და მომზადებას მოითხოვს. აქ კი სიძნელეები სათაურიდანვე იწყება. მართლაც, როგორ უნდა ვთარგმნოთ Golden House? თუ არ ვიცით, რა წერია წიგნში, ამოცანა ძალზე ადვილია: „ოქროს სახლი“ — ასე ითარგმნა რომანის სათაური რუსულად. თუ ვიცით, რაზეა წიგნი, მაშინვე წარმოიქმნება მეორე ვარიანტიც: „გოლდენების სახლი“, რადგან ეს არის სახლში მცხოვრები ოჯახის გვარი. სიძნელე ორაზროვნების შენარჩუნებაშია: ოქროს სახლი — Domus aurea — ასე ერქვა რომის იმპერატორის, ნერონის მიერ აგებულ ჭყეტელა და ფუფუნებით გატენილ სასახლეს. როგორც ეტყობა, იტალიელი მთარგმნელი სწორედ ორაზროვნების მიღწევას ცდილობდა, როდესაც სათაური გადმოსცა როგორც „გოლდენების დაცემა“ და ამით ედგარ პოსაც დაუკავშირა და მომზენის ფუნდამენტურ შრომას რომის იმპერიის შესახებ. თუ ქართულ თარგმანზე ვილაპარაკებთ, მე ინგლისური სათაურის უცვლელად გადმოტანას ვემხრობი: „გოლდენ ჰაუსი“ — ამ ორ სიტყვას ჩვენშიც ყველა გაიგებს.
რომანში ასახული კულტურული დიაპაზონი იმდენად ფართოა, რომ დაკავშირება ყველაფერთან შეიძლება, თუმცა ანტიკური რომი მაინც უმთავრესია…
ამერიკის შეერთებულ შტატებს ეხიზნება ერთი ოჯახი… ოჯახი ინდოეთიდან ჩამოდის, თუმცა ამ ქვეყნის ხსენება იკრძალება. ოჯახში არ არიან ქალები, არის მამა და სამი ვაჟი. მამა თავის წარსულს გამოქცევია — მშობლიურ მუმბაიში ის კინობიზნესის მაკონტროლებელი მაფიის ერთი მეთაურთაგანი იყო.
ლტოლვილი მოხუცი სახელად ირქმევს ნერონს, ნერონ გოლდენს. ვაჟებსაც ანტიკური სახელების არჩევას სთხოვს. ისინიც ირჩევენ: პეტრონიუსი, აპულეუსი, დიონისე.
პეტრონიუსი — აუტიზმით დაავადებული გენიოსი სულიერ სიახლოვეს „სატირიკონის“ ავტორთან გრძნობს. გაიუს პეტრონიუს არბიტრიც და მისი თხზულებაც თანაბრად მონაწილეობენ უფროსი ძმის პიროვნების ძერწვაში: რომანის პერსონაჟი ძველი რომაელივით აღწევს რეალობის ყველა შრეში, ფლობს მისი ენის ყველაზე ნატიფ ნიუანსებს, მაგრამ მისი ცხოვრება „სატირიკონის“ მსგავსად ემორჩილება სიმართლისშემდგომი ეპოქის ულმობელობას: ლათინური რომანი, შემორჩენილთაგან უძველესი, 1692 წელს ფრანგი მწერლის, ფრანსუა ნოდოს მისტიფიკაციის მსხვერპლი გახდა. ნოდომ თავისი ნაწერებით შეავსო ორიგინალი და „სრული ორიგინალური ტექსტის“ სახელით გამოაქვეყნა. მიუხედავად უკვე მხილებული ნაყალბევისა, ზოგიერთ გამოცემაში სათანადო დათქმით შენარჩუნებულია ნოდოს ჩანამატები, რადგან ისინი ნამდვილი ტექსტის გაგებას აადვილებს. ასევე ტყუილ-მართლისაგან არის შეკრული პეტრონიუს გოლდენიც, რომელიც უფრო ხშირად რუსიფიცირებული თიკუნით მოიხსენიება რომანში — პეტია.
აპულეუსი, ანუ აპუ — ნერონ გოლდენის მეორე ვაჟი ცნობილი მხატვარია. იგი აღფრთოვანებულია თავისი პროტოტიპით: „აზრზე ხარ? კაცი თავისი დროის უმდიდრესი ადამიანი იყო და მაინც გენიალური წიგნი დაწერა!“ — ამბობს ის ერთგან და, რა თქმა უნდა, რომაელ მწერალს, აპულეუსს გულისხმობს, რომელმაც მამის სიკვდილის შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო მილიონ სესტერციუსად შეფასებული ქონება. ისევე როგორც მისი პროტოტიპი, აპუც ჩვენი დროის სინკრეტულ კულტებთან არის დაკავშირებული და მისტიკური ხილვებიც სჩვევია.
დიონისე — ეს ნერონ გოლდენის უკანონო შვილია. მითური სემელას მსგავსად, დედამისმაც ვერ გაუძლო მაფიოზი შემაცდენლის ღვთაებრივ ბრწყინვალებას და გაქრა მისი ცხოვრებიდან. უმცროსი ვაჟი, რომლის თიკუნი უბრალოდ სახელის პირველი ასოა — დი გოლდენი — გენდერული იდენტობის კრიზისს განიცდის. ვერ გადაუწყვეტია, ქალია თუ კაცია. ერთი მხრივ, ეს პრობლემა მას ბერძნული დიონისეს რომაულ ეკვივალენტთან ლიბერთან და მის ქალურ სახება ლიბერასთან აკავშირებს.
ნერონ გოლდენის სამი ვაჟი და დღევანდელობის სამი ნიშანი: ფსიქიკური აშლილობა, შემოქმედება, კრეატიულობას რომ ეძახიან, და გენდერული იდენტობა. და კიდევ ერთი ნიშანი, თანამედროვეობის ფეტიში: წარმატება. სამივე ძმა წარმატებულია და ეს ყველასათვის ცხადია ყველა სოციალურად აღიარებული კრიტერიუმიდან გამომდინარე. უბედურება სხვაა — ძმები თავიანთ წარმატებაში ვერ ეტევიან და ამიტომაც ანტიკური ტრაგედიის გარდაუვალობით მიექანებიან აღსასრულისკენ.
არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პერსონაჟი, რომელიც შტამპად ქცეული ვითარებიდან ამოიზრდება, კლიშეებით არის შეკრული და მისი როლიც თითქოს ყველაზე ზერელე და ხელოვნურია: ულამაზესი რუსი ქალი, ვასილისა არსენიევა. პირველი, რასაც ამ პერსონაჟის წყალობით ვიგებთ, არის ის, რომ სალმან რუშდის უკეთესი წარმოდგენა აქვს ივან ბუნინის მხატვრულ მემკვიდრეობაზე, ვიდრე რუსეთის რეალობაზე. რუსეთი რომანში წარმოგვიდგება როგორც დასახლებული სამყაროს მეექვსედზე გადაჭიმული ერთიანი ნორილსკი, ყინულოვანი ჯოჯოხეთი, სადაც ზღაპრულად ლამაზი ვასილისების სხეულებში ასევე ზღაპრულად მზაკვარი ბაბა-იაგები სახლდებიან. ეს ვასილისა-იაგები ყველანაირად ცდილობენ დასავლეთში მოხვედრას და იქ მდიდარი მოხუცის ცდუნებას. მიუხედავად მოსკოვის აეროპორტის დიუტი-ფრის ვიტრინასავით აშკარა კიჩისა, ასეთი პერსონაჟი არ არღვევს, არ ანაგვიანებს რომანის ქსოვილს — პირიქით, სწორედ რომ ნათლად და ამომწურავად უჩვენებს მკითხველს, რომ რუსეთზე ამგვარი წარმოდგენა არა მარტო ადეკვატურია, არამედ სრულიად საკმარისიც.
და არის მთხრობელი: გოლდენების სახლში გაზრდილი ობოლი ახალგაზრდა კინორეჟისორი, რენე.
ალბათ რომანის ყველა მოვლენას და მასში გაელვებულ ეპიზოდურ პერსონაჟებსაც შეიძლება ვუპოვოთ რაიმე პარალელი რომელიმე ეპოქისა და კულტურის მითოლოგიაში. ალბათ ეს სასიამოვნო გასართობიცაა, მაგრამ უფრო ღრმად წასვლა აზრს კარგავს, რადგან ეს ყველაფერი ავტორს უფრო ეხმარება წერაში, ვიდრე მკითხველს გაგებაში. ავტორისა და მკითხველის გზები ადრე თუ გვიან უნდა დაშორდეს ერთმანეთს და სწორედ ამ დაშორებით გამოწვეულ „შეცდომებშია“ მკითხველის უმაღლესი სიამოვნება და თხზულების მნიშვნელოვნების გასაღები.
ერთი მკითხველი რომანშივე გვყავს: უკვე ნახსენები რენე, მთხრობელი. ის ოცნებობს, ფილმი გადაიღოს ნერონების ცხოვრებაზე. ამიტომ მოვლენებს რეჟისორის თვალით აღწერს, როგორც კინოფილმის ეპიზოდებს. რომანში ხშირად გვხვდება ტექნიკური კლაუზულა: „გადაღებულია!“. ვიზუალური ხატებიც ჩვენი დროის ნიშანია, ისინი უკვე ტექსტშიც აღწევენ სხვადასხვა სტიკერებისა და მემების სახით. მაგრამ ვიზუალური ხატი, თვით მისი ყველაზე განვითარებული სახით — მოძრავი მუსიკალური ფოტოგრაფია, ანუ კინო — ვერასოდეს აჯობებს სიტყვას. რენეს მოთხრობაც ვერ შემოიფარგლება ჩვენებით. გადამწყვეტ მომენტებში ხილული წარმოდგენების სიბრტყიდან ამოხეთქავს ხოლმე ანალიზი, სიტყვიერ განაზრებათა ნაკადი… ესეც ავტორის მალული განზრახვაა: სიმართლის შემდგომ ეპოქაში დაამტკიცოს სიტყვის უპირატესობა, მისი აუცილებლობა.
გამოსახულება ვერასოდეს შეძლებს მოიცვას საკაცობრიო გამოცდილება, ის ვერასოდეს მოერევა ისტორიულ, კულტურულ, პოლიტიკურ მონაცემთა იმ უშველებელ მასივს, რომელსაც განკარგავს რუშდის ტექსტი. დასახელებული საგანი ყოველთვის მკვეთრია ნაჩვენებზე, ყოველთვის მეტს ეხება და მეტს აღძრავს.
სიტყვამ უნდა აღიდგინოს დაკარგული გავლენა. აქ კი შეგვიძლია ერთ პერიფრაზს მივმართოთ და ვთქვათ, რომ სალმან რუშდის მიზანია to make a word great again. ეს პერიფრაზი არ არის შემთხვევითი, რადგან სიმართლის შემდგომი ეპოქის ეპონიმურ პერსონად ავტორს გამოჰყავს აშშ-ს ახლანდელი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, რომელსაც რომანში მწვანეთმიან ჯოკერად მოიხსენიებს. ალუზია ცხადია — იმ განსხვავებით, რომ „გოლდენ ჰაუსში“ ვერავინაა, ვინც ბეტმენის როლზე გაივლის კასტინგს.
ეს არც არის საჭირო, რადგან, მიუხედავად მწვავე და ზოგჯერ საბრალმდებლო პათოსით გამსჭვალული ადგილებისა, რუშდის რომანი არ წარმოადგენს პოლიტიკურ სატირას. შეიძლება ვთქვათ, რომ მასში ეს ხაზიც არ არის, ასე ვთქვათ, სუფთა სახით წარმოდგენილი. რუშდის მასშტაბის მწერალი მარტოოდენ სატირად ვერ აქცევდა სქელტანიან რომანს, რადგან ტრამპი მხოლოდ შედეგია სიმართლის სიკვდილისა, ანუ, როგორც პათანატომი იტყოდა, გვამური ცვლილებაა.
მკითხველი ბევრჯერ შეხვდება სიმართლის სიკვდილის დახასიათებას. ძირითადად, ამ მოვლენის არსი ისაა, რომ ინფორმაციის სარწმუნოობის კრიტერიუმი დაიყვანება მისი გამეორების ან გადაცემის რაოდენობაზე. სხვა სიტყვებით, რომელიმე ინფორმაცია სიმართლედ მიიჩნევა არა იმის მიხედვით, რამდენად ადეკვატურად ასახავს „რეალობას“, არამედ იმით, თუ რამდენჯერ და რამდენ განსხვავებულ ადგილას და დროს განმეორდა.
შეიძლება ითქვას, რომ რუშდის „გოლდენ ჰაუსი“ ერთგვარად ეხმიანება უმბერტო ეკოს „ფუკოს ქანქარას“: ორივე რომანში ნაჩვენებია, როგორ მოქმედებს ადამიანების ცხოვრებაზე სიმართლით მანიპულირება. განსხვავება მაინც ჭარბობს მსგავსებას. გარდა სხვა ისტორიული კონტექსტისა, რუშდის რომანი ნაკლებად ელიტურია. აქ სიმართლით მანიპულირება უკვე მსოფლიო წარღვნის მასშტაბებს იძენს და მარტოოდენ ინტელექტუალებზე კი არა, მთელ საზოგადოებაზე ერთიანად მოქმედებს. რუშდის წიგნი არ იძლევა საფრთხისგან დისტანცირების საშუალებას, ეს არ არის ინტელექტუალებისადმი მიმართული გაფრთხილება, ეს ერთგვარი აპოკალიფსის საყვირია, თუმც კი, ეკოს რომანისა არ იყოს, ისიც კამერული ჰეპი ენდით მთავრდება. მაგრამ თუ ეკოსთან რეალური ხიფათი — იტალიაში მძვინვარე პოლიტიკური ტერორიზმი — რომანის გამოსვლისთვის ჩავლილი იყო და მხოლოდ უსიამოვნო მოგონებად აღიქმებოდა, რუშდის რომანი ჩვენი საერთო მომავლის წინაშე დაეჭვებულებს გვტოვებს.
დაეჭვების საგანი კი პიროვნებაა, მისი კონკრეტული სურვილები და მისწრაფებები… თუ ოდესღაც მათ პოლიტიკური არტახების სივიწროვე ზღუდავდა, დღეს ისინი წინასწარ განსაზღვრული და ამავე დროს პრაქტიკულად უსაზღვრო არჩევანის ოკეანეში იხრჩობიან.
საუკუნოვანი იდეოლოგიური წუმპიდან ამოყვანილი და რეაბილიტირებული აუტისტი იღუპება, რადგან მყარ მორალურ ნიადაგს ვერ პოულობს. შემოქმედს თავისუფალი ბაზრისა და კრიმინალური წესრიგის კომბინაცია კლავს. გენდერული დილემის წინაშე მდგომი კი აღმოაჩენს, რომ მზრუნველ საზოგადოებას წინასწარ მოუმზადებია მისთვის შესაძლებლობათა ასორტიმენტი, რომელთაგანაც ვერც ერთზე ვერ იტყვის, რომ თვითონ მიაღწია.
და მაინც, მომავალი უკეთესია წარსულზე: დამარცხებულთა რიცხვი არ მოიკლებს, მაგრამ გამარჯვებულთა რიგებში უკეთესები მოხვდებიან. როგორც ყოველთვის, მეტის შემჩნევა და ინტელექტუალური სიფხიზლეა საჭირო: რენე ფილმის გადაღებასთან ერთად წიგნსაც დაწერს (არ ვიცი, ეს იგივე წიგნია, რომელიც ჩვენ გვიჭირავს ხელში, თუ სხვა), ის გადაარჩენს და აღსაზრდელად აიყვანს გოლდენთა გვარის უკანასკნელ ნაშიერს, ვესპასიანეს, რომელსაც გენეტიკურად არაფერი აქვს საერთო თავის იურიდიულ წინაპრებთან.
ბედნიერი დასასრული მოჩვენებითია, რადგან გადარჩენილთა გარშემო არაფერი შეცვლილა. სალმან რუშდი ცდილობს სიმართლის გაცოცხლებას სიტყვით, მაგრამ არც მან და არც მისმა პერსონაჟებმა არ იციან, რას მოიტანს გაცოცხლებული მკვდარი უკვე შეცვლილ სამყაროში. ამიტომაც რომანი არ მთავრდება სიტყვით: მკითხველი კინოკადრს ხედავს, იმას, რის გადაღებას ასწრებს თავისი ღერძის გარშემო სრაფად მბრუნავი კამერა. სახეები მოკლებულია გამომეტყველებას, მერე კი კარგავს ფორმასაც, რადგან ერთიან მოძრავ ბურუსად გარდაიქმნება.
მუდმივად ცვალებადი და მოუხელთებელი სიცოცხლე ყოველთვის მეტი იყო იმაზე, რაც ადამიანს სიმართლედ მიაჩნდა.