სხვანაირი ფილმთაცქერა სხვანაირი წარსულიდან. ადამიანები შემოდგომიდან 2

გიორგი კეკელიძე

ფილმის კოლექტიური, ექსტრემალური ცქერის სამი ეპიზოდი მახსენდება ჩვენი ჯადოსნური წარსულიდან.

 

სცენა პირველი

შეკრებდნენ მეზობლები ბენზინის ფულს სოფელ ნატანების ერთ პატარა უბანში, რომელსაც ერქვა ლეკურა. ხუთ ლარს. სულ ხუთს. თითოს ოცი თეთრი უწევდა. ჩაასხამდნენ ლადოიეს ,,ადინაცატში”. დაარტყამდა ეს ადინაცატი ლეკურას წრეს, აკუმულატორს დატენიდა და დაბრუნდებოდა ვალმოხდილი სახით. მერე ამ აკუმულატორს მიუერთებდნენ პატარა ტელევიზორს და ეს ტელევიზორი ამჯერად ძველი მოსკვიჩის ,,კაპოტზე” დაიდებდა დროებით ბინას. ირგვლივ ეყარა ბევრი სიმინდი, გასარჩევი სიმინდი და იდგა ოცი ჯორკო. გარეთ შემოდგომის თხელი და ტანგრილი ღამეები იდგა. ოდნავი შეჟრჟოლებით და სიმინდის ნელი რჩევით ვუყურებდით ქალი და კაცი, მოხუცი და ახლაგაზრდა. „მონიკა, მე არ მიგატოვებ, ჯოჯოხეთშიც გამოგყვები“, „მეც, მეც! ჯოჯოხეთშიც შენთან ერთად ვიქნები ხუან!” ჯოჯოხეთი ეგებ ირგვლივ იდგა, უშუქო და უყველაფრო, მაგრამ ჩვენ სამოთხე გვეგონა. ან ეგებ იყო კიდეც სამოთხე. ცაზე ბაცი მთვარით, ეზოში ნადით, გულში გაუგებარი სიხარულით და გულს გარეთ „ველური გულით“.

და კიდევ ერთი – მიშტერებული მზერით, ოდნავ წყლიანი თვალებით, კუთხეში, ჯორკოზე მჯდარი ახალგაზრდა ქალები უყურებდნენ შორეული ბრაზილიის თუ ვენესუელის მზიან დღეებს, როგორც ლამაზი ლამა გასცქერის სივრცეს, სადღაც შორს, ყველაფრის მიღმა. მერე წავიდოდნენ, ლამფას აანთებდნენ სახლში. მერე ლოგინში შეწვებოდნენ. ალბათ, ცოტა ხანს იქაც ღია ჰქონდათ თვალები – ოდნავ წყლიანი. არის ამაში მსოფლიო სევდის ნაწილაკები – ყოველგვარი ირონიის გარეშე. იმაზე მეტი, ვიდრე ლექსებშია, ახლა რომ ვწერთ.

 

მეორე სცენა

პირველად კინოში რომ წაგვიყვანეს, მგონი, 97 თუ 98 წელი იყო და „ტიტანიკი“ გადიოდა. ოზურგეთში საკმაოდ დიდი კინოთეატრია, მაგრამ საერთოდ არაფერი მუშაობდა იქიდან, რამაც კინო უნდა ამუშაოს – ზოგი რამ თავისით გაფუჭებულიყო, უფრო მეტისთვის უკვე ნაცადი ხელი შეეშველებინათ. ჰოდა, ისე წაგვიყვანეს – ხომ უნდა „გვენახა“. ვისხედით ასე ორმოცდაათამდე მოსწავლე და დიდი ეკრანის ქვეშ მოთავსებულ პატარა ტელევიზორში ვუყურებდით ფილმს. უკან უზარმაზარი, ჩამოტყავებული, მკვდარი ეკრანის ფონზე, სკამზე შემოდებული ფერებათრთოლებული ,,კორფუჯი’’ გვაჩვენებდა, როგორ იხრჩობოდა დიკაპრიო და ბიჭებს გვიხაროდა, დიკაპრიო რომ იხრჩობოდა, რადგან გოგოებს წყინდათ და ყველას ერთად გვიხაროდა, ,,კინოში რომ კინოს ვუყურეთ’’

ტიტანიკზე კარგი ფილმი ეს იყო, მე თუ მკითხავთ.

 

მესამე სცენა

რაღაც ხანი მამიდაშვილთან ვცხოვრობდი, სტუდენტების საერთო საცხოვრებელში.  იქ ორი ტელევიზორი გვქონდა, ერთს ხმა ჰქონდა და მეორე აჩვენებდა. ვფიცავ ყველაზე ძვირფას საფიცარს, და თუ ფიცის არ გჯერათ, რადგან ბოლო გაკვირვებთ, იმ ათობით სტუდენტს ჰკითხეთ, საღამოობით – ერთ ტელევიზორს მეორეზე შემოვდგამდით – ერთიდან გამოსახულებას ვუცქერდით და მეორედან ხმას მოგვდიოდა, ოდნავ გვიან, მაგრამ გასაძლებად.

სხვა უფრო დრამატულ და ცნობილ სცენებთან რა მოსატანია, მაგრამ არის ამბები, რომლებიც შენთვის დიდია და მნიშვნელოვანი. ასეთი ამბები ხან მოყოლით არ გამოდის, იქ უნდა იჯდე და უყურებდე. იქ ან ახლომახლო.