ტაძარი და ბაზარი. გვიანი საბჭოეთის ფასეულობები

ზაალ ანდრონიკაშვილი

 

„ეს გზა ღვთისმშობლის ტაძრამდე მიგვიყვანს“?

(„მონანიება“, 1987)

„ჩემი არსებობის მიზანი კაცობრიობის ჰუმანისტური იდეალებისადმი მსახურებაა“

(„კურიერი“, 1986)

 

 

1.

1987 წელს გამოვიდა თენგიზ აბულაძის ფილმი „მონანიება“. ფილმის გადაღება 1982 წელს დაიწყო და 1984 წელს დასრულდა: იმ როლის თამაში, რომელსაც გეგა კობახიძე ასრულებდა, თავიდან მოუწია მერაბ ნინიძეს. ფილმის ნახვა მაყურებელმა 1987 წელს, უკვე გაგანია პერესტროიკის დროს შეძლო და მაშინვე გადაიქცა ამ პერესტროიკის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ და „პირველ მერცხლად“.

პერესტროიკისდროინდელ საბჭოთა ფილმებში მკაფიოდ გამოჩნდა ოფიციალური საბჭოთა ფასეულობების კრიზისი. ეს კრიზისი იქამდეც ჩანდა საბჭოთა კომედიებში (მაგ. ელდარ რიაზანოვთან) ან საბჭოთა დეტექტივებში (რომლებიც მართალია, იდეოლოგიურად მკაცრად კონტროლდებოდა, მაინც აჩვენებდა სხვა, ალტერნატიულ რეალობას, რომელიც უარყოფითად კი იყო შეფასებული, მაგრამ მაინც გამოაჩენდა უცხო ფასეულობების არსებობასაც).

რა ფასეულობები იყო ეს ფასეულობები? გავიხსენოთ უპოპულარულესი საბჭოთა ფილმი კურიერი (რეჟ. კარენ შახნაზაროვი, 1986). მისი პროტაგონისტია ივანი (ფიოდორ დუნაევსკი), რომელმაც ახლახანს დაამთავრა სკოლა, ვერ ჩააბარა „უმაღლესში“, დაიწყო მუშაობა გამომცემლობაში კურიერად და ელოდება ჯარში გაწვევას. ივანს ხელნაწერით გაგზავნიან პროფესორ კუზნეცოვის (ოლეგ ბასილაშვილი) სახლში. ივანი, რომელსაც კუზნეცოვის შვილი, კატია (ანასტასია ნემოლიაევა) შეუყვარდება, პროფესორთან ნახევრად სერიოზულ დისკუსიაში ჩაებმება:

პროფესორი ეკითხება: „მე, ჩვენს თაობას, გვაინტერესებს, ვისთვის ვცხოვრობდით და ვიბრძოდით. ვის ხელში მოხვდება ჩვენი აშენებული შენობა“ (ეს შენობის მეტაფორა, როგორც საბჭოთა რიტორიკული კლიშე, დავიმახსოვროთ, კიდევ გამოგვადგება“). პროფესორისთვის ეს „პრინციპული საკითხია“ და მას უნდა გაიგოს, რა პრინციპებით აპირებს ივანი და მისი თაობა საზოგადოებაში არსებობას. ჩემს თაობას – რომლისთვისაც „კურიერი“ ერთ-ერთი „რეფერენციული“ ფილმი იყო – ზეპირად ემახსოვრება დიალოგი ივანსა და მის მეგობარ ბაზინს შორის. ივანი ბაზინს უბრუნებს პროფესორ კუზეცოვის კითხვას: რა პრინციპებით აპირებს ის და მისი თაობა საზოგადოებაში არსებობას. ამაზე კი ბაზინი ბორძიკით უპასუხებს საბჭოთა პროპაგანდისტული კლიშეთი: „ჩემი არსებობის მიზანი კაცობრიობის ჰუმანისტური იდეალებისადმი მსახურებააო“. ასეთ პასუხს ელოდება პროფესორი კუზნეცოვი. მაგრამ ივანი სხვანაირად პასუხობს:

„პრინციპები ძალიან მარტივია […| მინდა მქონდეს კარგი ხელფასი, მანქანა, ბინა ქალაქის ცენტრში და აგარაკი ქალაქთან ახლოს […] სასურველია, ეს ყველაფერი მქონდეს, რაც შეიძლება მალე. და ხო, ცოტა ვიმუშაო. დამეთანხმეთ, რომ მუშაობა არაა ძალიან სასიამოვნო“. აღელვებული პროფესორი ამაზე პასუხობს, რომ კი, მატერიალური კეთილდღეობა კარგია (ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი პროფესორს აქვს), მაგრამ ამას შრომით დამსახურება სჭირდება. ივანი კი პასუხობს – სრულიადაც არა, მაგ. შეიძლება თქვენი შვილი ცოლად მოვიყვანო და თქვენ თქვენი ფულით და კავშირებით ერთადერთი ქალიშვილისათვის ყველაფერს გამიკეთებთო.

ამ სცენაში ერთმანეთს ხვდება ფასეულობათა ორი სისტემა, ერთი, რომელიც 1980-იანი წლებისათვის უკვე გადაიქცა შინაარსისაგან მთლიანად დაცლილ რიტორიკად, მეორე კი ამ პერიოდის საბჭოთა მოქალაქეების „პრაქტიკული“ ეთიკა, რომელიც ორიენტირებულია საბჭოთა კავშირის შესაძლებლობების ფარგლებში ფულისა და ქონების აკუმულაციაზე მინიმალური შრომითი დანახარჯის ფასად ანდა საერთოდ ოფიციალური სტრუქტურების გვერდის ავლით. კატია, ივანის შეყვარებული, ოცნებობს: „წარმოვიდგენ ხოლმე რომ მანქანით მივდივარ. ლამაზი სპორტული მანქანაა. […] მანქანაში მაგნიტოფონი უკრავს, გვერდზე კი მიზის ძაღლი, პატარა, თეთრი, ფუმფულა. ბიჭები თვალს მაყოლებენ, მე კი მივდივარ და ყურადღებას არავის არ ვაქცევ. და ამინდი აუცილებლად მზიანია. და კიდე ისეთი ჯანმრთელი და პრიალა კბილები მაქვს, როგორც კბილის პასტის კოლოფზე“. ცვლილებების ქარი, რომელიც ამ ფილმში იგრძნობა, მალე გახდება საზოგადოების ტრანსფორმაციის მოტორი და საფუძვლად დაედება მის ახალ ფასეულობებს, რომელიც არ არის მკაცრი გაგებით ბურჟუაზიული, არამედ უფრო შეესაბამება ნაწილობრივ საბჭოთა პროპაგანდის მიერ დახატულ დასავლეთის პროპაგანდისტულ კარიკატურას, ნაწილობრივ კი იმ წარმოდგენას დასავლეთის შესახებ, რომელიც საბჭოთა მაყურებელს იმ ნაგლეჯებისგან აეწყო, რომლებიც საბჭოთა კავშირში ლეგალური, ნახევრად ლეგალური და არალეგალური გზით აღწევდა. ეს ქარი მომავლიდან უბერავდა. საქართველოში ეს ქარი უფრო წარსულიდან ქროდა.

 

2.

თენგიზ აბულაძის ფილმი პირველი და ერთადერთი იყო, რომელმაც საბჭოთა ისტორიის სრულმასშტაბიანი გადაფასება სცადა. ისტორიისაკენ მიბრუნება საბჭოთა პერიოდის ქართული კულტურისათვის დამახასიათებელი იყო, სტალინის შემდეგი, საქართველოს ხელოვანთათვის შედარებით ლიბერალური რეჟიმი ისტორიულ თემატიკაში ავად თუ კარგად შეფარულ ანტისაბჭოთა თემებს ვერ ამჩნევდა ან არ იმჩნევდა. შეგვიძლია „სუბვერსიულ ორენოვნებაზეც“ ვილაპარაკოთ, როდესაც, მაგ. კონტექსტი გასაგები იყო ქართულენოვანი მკითხველისათვის, მაგრამ გაუგებარი იყო სსრკ-ის დანარჩენი მოსახლეობისათვის. აბულაძის ფილმმა სააშკარაოზე გამოიტანა ბევრი თემა, რომლებიც იქამდე ქართულ ლიტერატურაში ან ქართულ კინოში მხოლოდ მინიშნებით არსებობდა. ფილმის „აწმყო“ დრო ძალიან მოკლეა და ფაქტობრივად პირველ და ბოლო სცენას მოიცავს: ქეთი ბარათელი (ზეინაბ ბოცვაძე), რომელიც, როგორც ჩანს, ტორტების ცხობით ირჩენს თავს, გაიგებს ქალაქისთავის, ვარლამ არავიძის სიკვდილის ამბავს. ფილმის ბოლო სცენაში, რომელიც განსაკუთრებით საბჭოთა კონტექსტში წაღმა და უკუღმაა ციტირებული, მოხუცი ქალი (ეს ვერიკო ანჯაფარიძის უკანასკნელი როლია) ეკითხება ქეთი ბარათელს: „ეს გზა ღვთისმშობლის ტაძრამდე მიმიყვანს?“, რაზეც ქეთი პასუხობს: „ეს ვარლამის ქუჩაა, ეს გზა ტაძრამდე ვერ მიგიყვანთ“ – ამას კი მოსდევს ვერიკო ანჯაფარიძის პერსონაჟის ფინალური რიტორიკული შეკითხვა: „აბა რა გზაა ის გზა, რომელიც ტაძრამდე ვერ მიგვიყვანს?“. ამ რიტორიკულ შეკითხვას მოგვიანებით დავუბრუნდები.

ამ „მოქმედების აწმყოს“ შიგნით მოქმედება ქეთი ბარათელის წარმოსახვაში ვითარდება. წარმოსახვით მოქმედებას ორი დრო აქვს: ერთი, რომელიც დროით ემთხვევა მოქმედების აწმყოს (ოღონდ მისგან განსხვავებული ონტოლოგიური სტატუსი აქვს, ის წარმოსახვითია), მეორე კი ვითარდება წარსულში, ქეთი 8 წლისაა, ვარლამს (ავთო მახარაძე) კი ქალაქის მერად ირჩევენ. დროთა მონაცვლეობა ქრონოლოგიური არაა, ის იწყება აწმყოში, წყდება, როდესაც ქეთი სასამართლოს უყვება ვარლამის ამბავს, და უბრუნდება ისევ აწმყოს, რომელშიც წარსულის გადაფასების პროცესი იწყება.

ვარლამის პროტოტიპი სავარაუდოდ მრავალი ფიგურისგან შედგება, მაგრამ მთავარი მათ შორის ალბათ ლავრენტი ბერიაა (1899-1953), ამიერკავკასიის ცკ-ის პირველი მდივანი, საქართველოს ცკ-ის პირველი მდივანი, მოგვიანებით სსრკ-ის შინაგან საქმეთა მინისტრი. სწორედ ბერიაა პასუხისმგებელი დიდ ტერორზე საქართველოსა და ამიერკავკასიაში. ქეთის მამა, სანდრო ბარათელი, მხატვარია, რომელსაც ვარლამი თანამშრომლობას სთავაზობს, სანდრო კი ეთიკური (და ესთეტიკური) მოსაზრებებით ამ თანამშრომლობაზე უარს ამბობს. ვარლამსა და ინტელიგენციას შორის კონფლიქტის ფორმალური მიზეზი გახდება ღვთისმშობლის ეკლესია, რომელშიც ლაბორატორიაა მოთავსებული (აი ის, ვერიკოს პერსონაჟი რომ ეძებს ფილმის ბოლოს). ლაბორატორიული ცდები უნიკალურ ძეგლს, ღვთისმშობლის ტაძარს აზიანებს. ბარათელი უფროს მეგობრებთან, მოსესა და მარიამთან ერთად ვარლამს სთხოვს ცდების შეჩერებას და ლაბორატორიისათვის ახალი შენობის აგებას. ვარლამის ხელისუფლებას და ძველ ინტელიგენციას შორის წოდებრივი განსხვავებებიცაა: მოსე და მარიამი „ცისფერსისხლიანები“ არიან, ვარლამი კი „არავიძეა“ (მიუხედავად ამისა, ირკვევა, რომ ის და ბარათელი შორეულ ნათესავებადაც ერგებიან ერთმანეთს). ბარათელის უარის შემდეგ ის და მისი ოჯახი რეპრესიების მსხვერპლნი გახდებიან. არ ვილაპარაკებ ფილმის გროტესკულ მხარეზე, რომელსაც ხშირად განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ.

ჩემთვის აბულაძის ფილმი ორი თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი: პირველ რიგში, ის იძლევა ისტორიულ მოდელს. ამ ისტორიულ მოდელში მსხვერპლი ქართული ინტელიგენციაა (ზღვარი ინტელიგენციასა და არისტოკრატიას შორის მყიფეა, ფაქტობრივად არარსებულია და ინტელიგენცია იდეალიზებული ქართული თავადაზნაურობის მემკვიდრე გამოდის). ისაა სწორედ ის ზნეობრივი ბელადი, ერის სულიერი წინამძღოლი, რომელზეც სანდრო ბარათელი ელაპარაკება ვარლამ არავიძეს. ეს ინტელიგენცია სტალინისა და ბერიას რეპრესიების მსხვერპლია.

სანამ ამ ისტორიულ ნარატივზე ოდნავ უფრო დაწვრილებით შევჩერდებოდე, აუცილებლად უნდა ვახსენო მისი საბჭოთა კონტექსტი. ამისთვის კი მომიწევს დროებით დავანებო თავი „მონანიებას“ და საბჭოთა რუსეთში საქართველოს წარმოდგენაზე შევჩერდე.

 

3.

საქართველოსადმი რუსული რომანტიზმის მიერ ჩამოყალიბებული მითოლოგიზებული დამოკიდებულება შეიცვალა სტალინის სიკვდილის შემდეგ. სტალინი საქართველოს ფიგურაცია, მისი (ერთ-ერთი) აღმნიშვნელი გახდა. ოღონდ თუ ეს აღმნიშვნელი სტალინის სიცოცხლეში დადებითი ენერგიით იყო დამუხტული, სტალინის სიკვდილის და განსაკუთრებით პარტიის XX ყრილობის შემდეგ ის უარყოფითად დაიმუხტა. ეს უარყოფითი ტრანსფორმაცია კარგად ჩანს რუსი დისიდენტი მწერლის, რუსული ბარდული ტრადიციის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ალექსანდრ გინზბურგის (გალიჩის) სიმღერაში „სიმღერა თბილისზე“ (1969).[1] ამ სიმღერის ლირიკულ გმირს საქართველოს გასაგებად რთული გზის გავლა სჭირდება. პირველ ჩამოსვლაზე, როდესაც ის რაღაც ქართულ სუფრაზე მოხვდება, სადაც პოზიორი და „პუსტაზვონი“ თამადა კლიშეებად ქცეულ სადღეგრძელოებს ამბობს, მას „ულვაშიანი სახე“ ელანდება შპალერის ორნამენტში. უკანა გზაზე კი ის ხედავს, უფრო სწორად კი ნიშნის მოგებით აკვირდება, როგორ მიაქვთ ქართველებს ჯერ კიდევ ზამთრის მოსკოვში ხურმა და პირველი ყვავილები. სტალინი და ხურმა საქართველოს ნეგატიურ აღმნიშვნელებად იქცევა. რუსული ინტელიგენციის (უფრო კი მისი დისიდენტური ნაწილის) წრეში (და არა მარტო) სტალინური რეპრესიები დაუკავშირდება საქართველოს, ამ რეპრესიებზე პასუხისმგებლებად სტალინსა და ბერიასთან ერთად საქართველოც გამოცხადდება (1956 წლის 9 მარტს ეს სარჩულიც უდევს, მაგრამ ამ თემაზე ახლა ვერ შევჩერდები). საქართველოს მეორე ფიგურა, ხურმა, ქართველ მოვაჭრეებს და, ზოგადად, საბჭოთა სტანდარტებით სრულიად არაპროპორციულად და წარმოუდგენლად მდიდარ ქართველებს უკავშირდება. ეს სიმდიდრე ჩრდილოვანი, არაოფიციალური იყო. ხურმაზე ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით, ახლა კი დავუბრუნდეთ სტალინს და „მონანიებას“.

 

4.

„მონანიების“ ისტორიული ნარატივი შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც პასუხი ბრალდებაზე „სტალინი ქართველი იყო“. კი, გვეუბნება „მონანიება“, მაგრამ ქართველები სტალინის მსხვერპლნი იყვნენ. სტალინმა გაწყვიტა ქართული არისტოკრატია და ქართული ინტელიგენცია, ქართული ინტელექტუალური ელიტა. ეს ადრეც არაოფიციალურად ითქმოდა, სამზარეულოს საჩურჩულო დისკურსის ნაწილი იყო, მაგრამ ოფიციალურად, ხმამაღლა, სწორედ „მონანიებაში“ ითქვა. ამ აზრს, სხვათა შორის, იზიარებს გალიჩიც თავისი სიმღერის მეორე ნაწილში. „И это все – и Сталин, и хурма, И дым застолья, и рассветный кочет, -Все для того, чтоб не сойти с ума, А суть Твоя является сама, Но лишь, когда сама того захочет!“

ამის შემდეგ კიგალიჩის სიმღერის სიუჟეტი უბრუნდება ტრადიციულ რომანტიკულ რეგისტრს (სტალინის შემდეგ მას კარგად ვიცნობთ ბელა ახმადულინასა და ევგენი ევტუშენკოს პოეზიიდან).

„საქართველო სტალინიზმის მსხვერპლი იყო“, რუსეთის, უფრო ფართოდ კი არაქართველი აუდიტორიის მისამართითაა ნათქვამი. მაგრამ „მონანიების“ ისტორიულ ნარატივს ქართველი ადრესატიც ჰყავდა. საქართველო თავის თავსაც ელაპარაკებოდა და განუმარტავდა საკუთარ ისტორიას და მის საზრისს. ასე იქმნებოდა ისტორიული ნარატივი: ისტორიის ინტერპრეტაციის ტრაგიკული მოდუსი, რომელიც საქართველოს XX საუკუნის ისტორიაზე საბჭოთა ისტორიოგრაფიისაგან რადიკალურად განსხვავებულ წარმოდგენას გვიქმნის. ეს ნარატივი მოგვიანებით განივრცობა, მაგ. კოტე ჯანდიერის „გლობალიზაციაში“, ზაირა არსენიშვილის „ვა, სოფელოში“, ოთარ იოსელიანის ფილმში „ყაჩაღები“, ლანა ღოღობერიძის ფილმში „ოქროს ძაფი“ და, ფაქტობრივად, ქართული ისტორიული რეპრეზენტაციის მთავარ ნაკადად გადაიქცევა. მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ, ეს ისტორიული ნარატივი გვეუბნება, რომ 1921 წლამდე არსებობდა „იდეალური“ საქართველო, რომელიც ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, საბჭოთა წყობილების პირობებში გადაგვარდა. ეს ისტორიული ნარატივი იქამდეც არსებობდა, ოღონდ „ეზოპეს ენით“ ითქმოდა, მაგ. ოთარ იოსელიანის ფილმში „გიორგობის თვე“ (1966) ან ოთარ ჭილაძის რომანში „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა (1973). ჭილაძის რომანისგან განსხვავებით, აბულაძის ფილმს კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი იმპლიკაცია ჰქონდა: პირველი ის იყო, რომ ის მის თანამედროვე ქართულ ინტელიგენციასაც უდგამდა ძეგლს. სტალინიზმის მსხვერპლი თუ საქართველოა, ამ საქართველოს ფიგურა, მისი აღმნიშვნელი არის არა ამხანაგი სტალინი ან ამხანაგი ბერია, არამედ ქართული ინტელიგენცია (რომელიც ქართველი გმირი რაინდების მემკვიდრეა – იქამდე ამ როლსაც სტალინი და ბერია იჩემებდნენ). სანდრო ბარათელი არის ქართველი ინტელიგენტის კრებითი სახე, უფრო სწორად კი, ხატი ამ სიტყვის არა მარტო გადატანითი, არამედ პირდაპირი მნიშვნელობითაც. ისაა ყველა ზნეობრივი სიქველის მატარებელი და მასში შეთავსებულია რაინდი და მარტვილი (ასეთია ქართული პოლიტიკური თეოლოგიის მოდელი). ეს რაინდი და მარტვილი, მაღალი ზნეობის მატარებელი გმირი არის ერის ნამდვილი წინამძღოლი. აბულაძის თანამედროვე ქართული ინტელიგენცია საკუთარ თავს სწორედ ამ სარკეში ხედავდა და თავი „სანდრო ბარათელის“ მემკვიდრედ წარმოედგინა. ამას – ყოველ შემთხვევაში, ასე ცხადად და ყოველ შემთხვევაში „მონანიებამდე“ – არც იოსელიანი და არც ჭილაძე არ აკეთებდნენ, ეს მითოსი კი საბოლოოდ იმსხვრევა ოთარ ჭილაძის „აველუმში“ (1995).

„მონანიების“ მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი, სიახლე იყო მომავლისაკენ მიმართული მზერა, მომავლის პროექცია. ამ მომავლის სიუჟეტს ორი პროტაგონისტი ჰყავდა: ეს პროტაგონისტები მსხვერპლების და ჯალათების შთამომავლები იყვნენ: ქეთი ბარათელი და არავიძეების ოჯახი. ამ ოჯახის უმცროსი წევრი, თორნიკე (მერაბ ნინიძე), ბაბუამისის შესახებ სიმართლის გაგების შემდეგ ბაბუმისისავე ნაჩუქარი თოფით თავს იკლავს, ხოლო აბელი (ავთო მახარაძე) უკვე თავისი ხელით ამოთხრის მამამისის გვამს და ხევში გადააგდებს.

მითოლოგიური ინტერტექსტები და ალუზიებიც ვახსენოთ: ქეთი ბარათელი „ანტი-ანტიგონეა“, ისიც არღვევს დაკრძალვის წესებს სხვა, უფრო მნიშვნელოვანი კანონის შესრულების სახელით (შეგვიძლია დავინახოთ პარალელები ფოლკნერის რომანთან „ნეშტის შემგინებელი“ (1948). ფილმის მომავლის მოდელი ეყრდნობა ჯალათთა შთამომავლების მიერ მათი მამებისა და ბაბუების მიერ ჩადენილი დანაშაულის აღიარების იმედს (მომავლის ამ პროექციას ეკამათება მაგ., ოთარ ჭილაძე რომანში „გოდორი“ (2003). ჯალათებისა და მსხვერპლის რთული ურთიერთობა ჩანს არჩილ ქიქოძის რომანში „სამხრეთული სპილო“ (2016).

მომავლის ეს ოპტიმისტური პროექცია „მონანიების“ ბოლო სცენაში ნაწილობრივ მაინც დგება ეჭვქვეშ. ბოლო სცენიდან ვიგებთ, რომ ეს იმედი – როგორც მთელი მოქმედება – ქეთი ბარათელის ფანტაზიაში ხდება. სინამდვილეში კი ქეთი ბარათელი ტორტების ცხობით ირჩენს თავს, მაშინ, როდესაც ნომენკლატურის მემკვიდრეობა დანაშაულზე დამყარებული ფინანსური, სოციალური და სიმბოლური კაპიტალის მესაკუთრეა.

განსხვავება ფილმის წარმოსახვით და „რეალურ“ შრეებს შორის უმნიშვნელო არ არის: პერესტროიკისეული ტაბუს მოხსნა სტალინური პერიოდის დანაშაულზე სწორედ ამგვარ იმედს ეფუძნებოდა, რომ წარსულის გადაფასება შეძლებდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს ტრანსფორმაციას ისე, რომ მისი საფუძვლებისათვის ხელი არ ეხლო. ეს იმედი უსაფუძვლო გამოდგა. აბულაძის ფილმში წარსულის ჰეროიკულ და მომავლის ოპტიმისტურ ვერსიას უპირისპირდება რეალური მხარე (რომელსაც ნაკლებ ყურადღებას აქცევენ ხოლმე, ან არა და ეს „რეალური“ ნაწილი მთელ ფილმს აზრს უცვლის).

„ტაძრის გზას“, რომელსაც ვერიკო ანჯაფარიძის პერსონაჟი კითხულობს, ქართულ კინოში ასევე ჰყავდა წინამორბედი. ოთარ იოსელიანის „გიორგობისთვის“ ბოლო კადრი სწორედ ეკლესიაა (რომელიც საბჭოთა ცენზურამ აყვავებული ნუშით შეაცვლევინა). რისი სიმბოლოა ეს ეკლესია? ოთარ იოსელიანის ფილმში ღვინო ქართული ტრადიციის, ისტორიული თანმიმდევრობისა და უწყვეტობის მეტაფორაა. ეს ტრადიცია წყდება სწორედ საბჭოთა პერიოდში, ღვინო გეგმის შესასრულებლად ფალსიფიცირდება, ის აღარ ისმევა. ღვინის ფალსიფიცირება ფილმში კორუფციის მეტაფორაა. ეს კორუფცია არა იმდენად ეკონომიკური კორუფციაა – საქართველოში ეს კორუფცია, პირველ რიგში, სწორედ მეღვინეობასთან იყო დაკავშირებული, რომელიც საბჭოთა საქართველოს ჩრდილოვანი ეკონომიკის ერთ-ერთ ბურჯად ითვლებოდა – არამედ ზნეობრივი. ღვინის ფალსიფიკაცია ტრადიციული ქართული ფასულობების დევალვაციას ნიშნავს. ეს დევალვაცია კარგად ჩანს ნიკოს (რამაზ გიორგობიანი) და ოთარის, ორი მთავარი პერსონაჟის, დაპირისპირებაში. თუ დავაკვირდებით, ნიკოს სახლში – ძველი ნივთების გარდა – ბევრი ძველი სურათი კიდია. ამ სურათებზე სავარაუდოდ ნიკოს წინაპრები ინტელიგენტები/არისტოკრატები არიან.

 

? ცალკე ამბავია გვარების სემანტიკა საბჭოთა ხელონებაში. რუსულ საბჭოთა ხელოვნებაში, მაგ. რომანოვი, ნელიდოვი ან პრეობრაჟენსკი ნეგატიური პერსონაჟები არიან, ქართულ ლიტერატურაში კი პირიქით, თავადაზნაურული წარმომავლობა დადებითადაა ხოლმე კონოტირებული.

 

ნიკოს ოჯახის ურთიერთობა ზრდილი და თავაზიანია, მხოლოდ ღვინის ქარხანაში მუშაობის დაწყების შემდეგ აიმაღლებს ნიკო სახლში ხმას.

 

? ქრონოლოგიურად ეს ვერ იქნება ალუზია სტალინურ რეპრესიებზე. ფილმიდან ვიგებთ, რომ ნიკოს მამაც მეღვინე და „კარგი კაცი“ იყო. ნიკო ტრადიციის გამგრძელებელია. ასაკით (1966 წ.) ის, ყველაზე მეტი, 23 წლის იყოს (ჯარსაც თუ ჩავუთვლით), მაშინ მამამისი უფრო ომში დაღუპული გამოვა, ვიდრე სტალინური რეპრესიის მსხვერპლი, მაგრამ აღქმით ნიკოც „ძველი ინტელიგენციის“ შთამომავალია. ალუზია სტალინურ რეპრესიებზე პირდაპირაა ლანა ღოღობერიძის ფილმში „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (1978) – ამ ფილმში ანას როლს რეპრესირებული ქეთევან ორახელაშვილი ასრულებს – და ნოდარ დუმბაძის რომანში „მზიანი ღამე“ (1967).

 

ოთარი, რომელსაც გოგი ხარაბაძე, ქართული კინოს ნეგატიური პერსონაჟების მთავარი განმასახიერებელი ასრულებს, სხვა ოჯახიდანაა. მამამისი, როგორც ჩანს, საბჭოთა ჩინოვნიკია, ოჯახში ურთიერთობა არაა ჰარმონიული, როგორც ნიკოს ოჯახში, ოჯახის წევრები ერთმანეთს უყვირიან. საზოგადოების ეს ორი მიკრომოდელი შეესაბამება სწორედ რევოლუციამდელ და რევოლუციის შემდეგ საქართველოს. გზა, რომელსაც დაადგებიან ფილმის პერსონაჟები, ასევე განსხვავებულია. ოთარი კონფორმისტი და კარიერისტია, როგორც ჩანს, ის ჩაეწერება ღვინის ქარხნის ხელმძღვანელობის ნომენკალტურულ და კორუფციულ სქემებში. ნიკო კი ცდილობს როგორმე გადაარჩინოს ძველი ფასეულობები.

ეკლესიის, როგორც ტრადიციული, ძველი, რევოლუციამდელი საქართველოს მეტაფორა აბულაძის ფილმში თითქოს უფრო სწორხაზოვანია, მაგრამ არც მასთანაა ერთმნიშვნელოვანი. ერთი მხრივ, ჩვენ არ ვიცით, შემორჩა თუ არა ღვთისმშობლის ეკლესია, რომელსაც ვერიკო ანჯაფარიძის პერსონაჟი ეძებს. ვიცით, რომ ვარლამის ქუჩით ამ ეკლესიასთან ვერ მივალთ (ეს სწორი და არასწორი გზის თემა მოგვიანებით აიტაცა ზვიად გამსახურდიამ). მეორე მხრივ, ტორტებს, რომელთაც ქეთი ბარათელი აცხობს, ეკლესიის ფორმა აქვს. „სულიერების“ მეტაფორამ მატერიალური, კომერციული ფორმა მიიღო, სულიერება არის ეკონომიკური კაპიტალის ერთ-ერთი წყარო, თან ისეთის, რომელიც ასე თუ ისე საბჭოთა ჩრდილოვანი ეკონომიკის ნაწილია.

 

5.

საბჭოთა არაფორმალური ეკონომიკა დაგვაბრუნებს „ხურმასთან“. გავიხსენოთ, რომ გალიჩის სიმღერაში „ხურმა“ სტალინთან ერთად საქართველოს ერთ-ერთი აღმნიშვნელი იყო. ქართველი გამყიდველი, გადამყიდველი, დელეცი საბჭოთა ფოლკლორის ფიგურადაც გადაიქცა. 1984 წელს გამოქვეყნდა რუსი მწერლის, ვიქტორ ასტაფიევის მოთხრობა „ციმორების ჭერა საქართველოში“. მოთხრობამ საქართველოში უკიდურესი აღშფოთება გამოიწვია. ასტაფიევის მოთხრობა წაიკითხეს, როგორც რუსი ნაციონალისტის პასკვილი ქართველებზე. ეს შეფასება, ალბათ, ნაწილობრივ მართალიც იყო, მაგრამ ასტაფიევის მოთხრობამ, როგორც ჩანს, მიაგნო ქართული კულტურის მტკივნეულ წერტილს. (ავტობიოგრაფიული) მოთხრობის სიუჟეტი ასეთია: ალალი, ლიტერატურულ ნომენკლატურაში არშემავალი მწერალი საქართველოში ჩამოდის, სადაც მას, ჩვეულებისამებრ, ცუდ სანატორიუმში და ამ სანატორიუმის შიგნით კიდევ უფრო ცუდ ოთახში მოათავსებენ. მის გამოსახსნელად ჩამოდის თანაკურსელი ოთარი, წარმოშობით სვანი. ოთარი რუს კოლეგას „ნამდვილ“ საქართველოს ათვალიერებინებს. რუსის თვალით დანახული საქართველო ქართველებისათვის მიუღებელი აღმოჩნდა. ოთარი, რომელიც მოსკოვში ერთადერთია, ვინც ზამთარ-ზაფხულ, სიცივესა და სიცხეში ჰალსტუხს ატარებს, მუდამ კორექტულია საქციელში ან ჩაცმაში, საქართველოში სხვანაირია. ასტაფევის მოთხრობაში იშლება ქართული კულტურისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი ზღვარი ინტელიგენტსა და ბაზრის მოვაჭრეს შორის: „თუ კურსებზე ის სხვა იყო, საქართველოში კი – სხვა და ჰგავდა ყველასათვის თავმობეზრებულ ტიპს, რომელსაც ქართველსაც კი ვერ დაარქმევ. კაცობრიობის ხეზე მომტვრეული, დახიჭვიანებული ტოტივით ის ყველა რუსულ ბაზარზეა დარჭობილი. მურმანსკისა და ნორილსკის ჩათვლით ის აგდებულად ყვლეფს მიამიტ ჩრდილოელ ხალხს სიდამპლეშერეული ხილით ან ნახევრად დამჭკნარი ყვავილებით. ხარბი, გაუნათლებელი, ისეთი, როგორსაც რუსეთში დამცირებით ეძახიან „კაპიკიან სულსა“, ის ყველგან თავსაა გასული, ყველგან გამობერილი ჯიბეებით, გაქონიანებულივით დაუბანელი ხელებით, ყველგან ფულს ფანტავს, მაგრამ სახლში ცოლს, შვილებს, მშობლებს კაპიკებს უთვლის, ის მანქანების მანიაკია და იმპორტის მონურად მოტრფიალე, რაღაცისთვის, როგორც ჩანს, მოდას აყოლილი დაჰყავს თაისთან ჩასუქებულ ბავშვებს და სასტუმროებში შეგიძლიათ წააწყდეთ ჯინსებში ჩაკვეხებულ, ფუმფულა ლოყებში ჩაძირულ ნამძინარევთვალებიან რვა წლის გოგიას.

[Или на курсах он был один, а в Грузии другой, похожий на того всем надоевшего типа, которого и грузином-то не поворачивается язык назвать. Как обломанный, занозистый сучок на дереве человеческом, торчит он по всем российским базарам. вплоть до Мурманска и Норильска, спренебрежением обдирая доверчивый северный народ подгнившим фруктом или мятыми, полумертвыми цветами. Жадный, безграмотный, из тех, кого в России уничижительно зовут “копеечная душа”, везде он распоясан, везде с растопыренными карманами, от немытых рук залоснившимися, везде он швыряет деньги, но дома учитывает жену, детей, родителей в медяках, развел он автомобилеманию, пресмыкание перед импортом, зачем-то, видать, для соблюдения моды, возит за собой жирных детей, и в гостиницах можно увидеть четырехпудового одышливого Гогию, восьми лет от роду, всунутого в джинсы, с сонными глазами, утонувшими среди лоснящихся щек.]

მიამიტი ჩრდილოელი ხალხი იქით იყოს და ქართველი მწერლის პორტრეტი არაფრით ჰგავს სანდრო ბარათელს, სამაგიეროდ, თუ ქართული ლიტერატურიდან ვინმეს მივამსგავსებთ, სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი იქნება. მეტიც, ასტაფიევის პერსონაჟთან შედარებით სოლომონ ისაკიჩიც კეთილშობილების განსახიერება იქნებოდა. ქართველების აღშფოთება გამოიწვია სწორედ ამ კონტრასტმა რაინდს და მარტვილსა (ინტელიგენციის ავტოპორტრეტს) და ვაჭრუკანას (უცხო კარიკატურას) შორის. მოთხრობის დასაწყისში გაკეთებული ეს დაკვირვება („ქართველები სპეკულანტები არიან“) ღრმავდება მოთხრობის განმავლობაში და კულმინაციას აღწევს გელათის დათვალიერებისას.

გზად ოთარი, რომელიც მთელი გზა ჩუმადაა, ზუგდიდთან ხმას ამოიღებს და სტუმარს ეუბნება, რომ ესაა ყველაზე მდიდარი ქალაქი: „აქ შეიძლება იყიდო მანქანა, წამალი, თვითმფრინავი, კალაშნიკოვის ავტომატი, ოქროს კბილები, რუსული სკოლისა და მოსკოვის უნივერსიტეტის ფრიადოსნის დიპლომი ისე, რომ სიტყვა არ იცოდე რუსულად და, კაცმა რომ თქვას, არც ქართულად“.

[ — Вот самый богатый город Грузии. Здесь можно купит машину, лекарство, самолет, автомат Калашникова, золотые зубы, диплом отличника русской школы и Московского университета, не знающего ни слова по-русски, да и по-грузински тоже].

ზუგდიდის ბაზარი საბჭოთა კავშირისთვის სრულიად არარეალური სურათია: აქ ყველაფრის ყიდვა და გაყიდვა შეიძლება. აქ, სოციალისტური ეკონომიკის შიგნით, ძგერს მეორე, ჩრდილოვანი, არაოფიციალური, საბაზრო ეკონომიკის გული. ჩრდილოვანი ეკონომიკა, რომელსაც ასტაფიევის მოთხრობაში განდევნილი ჰყავს საბჭოთა, პირდაპირ აისახება ფასეულობებზეც. ქართველების ფასეულობები – ვაჭრუკანების ფასეულობებია.

გელათის აღწერაში მოთხრობა პაროდიის, კარიკატურის, პასკვილის რეგისტრიდან უცებ გადაინაცვლებს ამაღლებულ რეგისტრში:

„მარადჟამულია მგლოვიარე გელათის ტაძრის სული. მწუხარე სიჩუმე მისი შუბლშეკრული ხატისა მადლმოფენილია. სიძველის ხსოვნა ადამიანის გულს აქ მაკურნებელი სულით შემოუბერავს მომავლის რწმენისა, ჩვენს მიერ არჩეული მძიმე გზის სამართლიანობისა, რომელიც ისეთ ცხოვრებას მოგვიყვანს, სადაც არ იქნება არც ომი, არც სისხლი, არც ცრემლი, არც უბედურება, არც შური, არც ანგარება და არც დამაბრმავებელი ამპარტავნება.“

Всевечна душа скорбящего Гелатского собора. Печальная тишина его хмурого лика одухотворена. Память древности опахивает здесь человеческое сердце исцеляющим духом веры в будущность, в справедливость нами избранного тяжкого пути к сотворению той жизни, где не будет войн, крови, слез, несчастий, зависти, корысти и ослепляющего себялюбия.

ასტაფიევი, უფრო სწორად კი, მთხრობელი ფაქტობრივად მეფსალმუნის რეგისტრში გადაინაცვლებს. თავი რომ დავანებოთ ასტაფიევის ტექსტის ორაზროვნებას – გაუგებარია, რას გულისხმობს ის, სამოთხეს თუ კომუნიზმს, ნებისმიერ შემთხვევაში, გელათის ძველი სულიერების მემკვიდრედ მას ქართველები არ გამოჰყავს.

ასტაფიევის მოთხრობაშიც ტაძარი სულიერების აღმნიშვნელია, ამ შემთხვევაში ქართული და ზოგადსაბჭოთა ინტელიგენციის მეტაფორიკა ერთნაირია. ოღონდ ქართული და საბჭოთა რუსული დისკურსი ამ მეტაფორას განსხვავებულად აფასებს: ქართული თავს სწორედ ამ სულიერების, ისტორიული მემკვიდრეობის მცველად და წინაპართა ტრადიციის გამგრძელებლად მიიჩნევს, რუსული კი მასში ხედავს ამ ტრადიციის გადაგვარებას.

გელათთან ერთად ასტაფიევს საქართველოს, უფრო სწორად კი ძველი საქართველოს კიდევ ერთი ფიგურაცია, კიდევ ერთი აღმნიშვნელიც ჰყავს ნახსენები: „ვეფხისტყაოსანი“.

მოთხრობის პერსონაჟი გალში სტუმრად მოხვდება რუსული სატირული ჟურნალის კორესპონდენტთან, რომელმაც რუსული არ იცის, მაგრამ ქირაობს ღარიბ რუს მწერლებს და მათ აწერინებს სტატიებს (მოთხრობის გვიან გამოქვეყნებულ ვრცელ ვერსიაში პროტოტიპები, როგორც ოთარის, ისე გალელი კორესპონდენტისა, იოლად გამოიცნობა). ამ ლიტერატორს, რომელსაც, სხვათა შორის, ნაცნობობით, როგორც ჩანს, კრიმინალი ნათესავები თუ ახლობლები ჰყავს გამოხსნილი, რომლებიც კისრულობენ კიდევაც იმ პურმარილს, რომელზეც რუსი მწერალი მოხვდება, ქალიშვილის სახელზე გახსნილი აქვს ანგარიში, რომელზეც ფული შეაქვს იმ გათვლით, რომ ქორწილისათვის მას მილიონი ჰქონდეს. იქვე ერთი გალელი გლეხი დანანებით ჰყვება, რომ წელიწადში 60 000 მანეთი აქვს შემოსავალი (საბჭოთა პროფესორის წლიური შემოსავალი წელიწადში 6000 მანეთი იყო), რადგანაც მოხუცი მშობლები ჰყავს, ხოლო მის მეზობლებს წლიური შემოსავალი 150-200 ათასი მანეთი აქვთ (ვისაც 80-იანი წლების დასავლეთ საქართველო ახსოვს, ეს ციფრები არ გაუკვირდება. არც აღმოსავლეთ საქართველოს გლეხობა ჩამორჩებოდა, თუმცა ვაშლი, ატამი ან ყურძენი ციტრუსებზე მეტ შემოსავალს არ იძლეოდა). გალელი ლიტერატორი ერთ-ერთ რუს სტუმარს შვილების დაქორწინებას სთავაზობს, ფულს კი ახსენებს, ოღონდო, შენიშნავს ნიშნის მოგებით მთხრობელი, „ვეფხისტყაოსნის“ მზითევში გატანება არც კი უფიქრიაო.

შემდეგ ქეიფი გადაინაცვლებს ამ გალელი გლეხის სახლში, რომელიც, მიუხედავად თავისი სიმდიდრისა, მშობლებს, რომლებიც გვერდზე რაღაც ხუხულაში ცხოვრობენ, უწყრება იმის გამო, რომ ტუალეტში სინათლე არ ჩააქრეს.

ამას კი მთხრობელი ასეთ პასაჟს მოაყოლებს:

„ტარიელ, ტარიელ, სადა ხარ ძვირფასო? ნეტავი ვეფხვით, ხმლითა და ხანჯლებით, არა, ჯობია მათრახით შეგიშვას კაცმა გალში ან რუსულ ბაზარში, რომ გაყარო, გააქრო იქიდან მოდურად ჩაცმული შენი ღვიძლი ძმები, რომლებიც ანგარ ვაჭრუკანებად და საქმოსნებად გადაქცეულან [… ] ოთუს ბირად რომ ყიდიან ხილს და ყვავილებს, რომლებიც თვითონ არ მოუყვანიათ და ღვინოს, რომელიც თვითონ არ დაუწურავთ, არამედ ყველაფერი ეს გლეხებისაგან იაფად უყიდიათ, მაგრამ ამას თუ ვინმე ეტყვის, დაახვევინებს ან თვალებში ჩააფურთხებს, ფურთხს მოიწმენდენ და მორთავენ ვაი ვიშს „ღარიბი ხარ? იქნები ღარიბი! მე მდიდარი ვიყავი და მდიდარი ვიქნები!“ მათ შენზე წიგნი არ წაუკითხავთ ტარიელ. ზოგიერთს არც კი გაუგია. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ყველა არარუს ვაჭრუკანას, უფრო კავკასიური გარეგნობისა რუსეთში დამამცირებლად აგინებენ და „ქართველს“ ეძახიან“.

“Витязь! Витязь! Где ты, дорогой? Завести бы тебя вместе с тигром, с мечом и кинжалами, но лучше с плетью в Гали или на российский базар, чтобы согнал, смел бы оттуда модно одетых, единокровных братьев твоих, превратившихся в алчных торгашей и деляг, имающих за рукав работающих крестьян и покупателей; навязывающих втридорога не выращенные ими фрукты, цветы, не куривших вино, а скупивших все это по дешевке у селян; если им об этом скажут, отошьют их, плюнут в глаза, они, утираясь, вопят: “Ты пыл бэдный! Пудэш бэдный! Я пыл богатый! Пуду богатый!” Они не читали книжку про тебя, Витязь. Иные и не слышали о ней. Дело дошло до того, что любого торгаша нерусского, тем паче кавказского вида по России презрительно клянут и кличут “грузином”…

ასტაფიევის მოთხრობაში ერთმანეთს დაუპირისპირდა, გავიმეორებ, ქართველების თვითრეპრეზენტაცია და უცხოს თვალით დანახული სურათი, გინდაც მოვნათლოთ კარიკატურად. თვითრეპრეზენტაციის სარკეში ირეკლებოდა ტარიელისა და ავთანდილის, მერე კი სანდრო ბარათელის მემკვიდრე, ხოლო კარიკატურა გვიჩვენებდა „ხურმას“, ვაჭრუკანას, საქმოსანს, რომლისთვისაც ფულის მეტი არავითარი ფასეულობა არ შერჩენოდა.

ასტაფიევი ამას საქართველოში ხედავდა, მაგრამ, როგორც ვნახეთ, ფასეულობების გადახრა „კაცობრიობის ჰუმანისტური იდეალებიდან“ მეშჩანობისა და ვეშჩიზმისაკენ ზოგადი საბჭოთა ფენომენი იყო. ეს წვრილბურჟუაზიული, მეშჩანური ფასეულობები სწორედ საბჭოთა კავშირის წიაღში იშვა, XX საუკუნის დასაწყისის საქართველოში ისინი ჯერ კიდევ მიუღებლად ითვლებოდა. ასტაფიევის მოთხრობაში სკანდალურად და შეურაცხყოფად საქართველომ სწორედ ის ჩათვალა, რომ ის ტარიელად კი არა, ბაზრის გამყიდველად იყო დანახული.

 

6.

სიმპტომატური სწორედ ეს სკანდალურობა იყო. სიმპტომი კი იყო ხარვეზისა რეპრეზენტაციულ მოდელში, რომელიც ჯერ არც კი ჩანდა და თითქმის არც იგრძნობოდა: რამდენად შეესაბამებოდა თვითრეპრეზენტაცია რეალობას? რამდენად რეალური იყო ამბიცია, ქართულ ინტელიგენციას, ან მის კრებით, იდეალიზებულ სახეს წარმოიდგენდა ქართველი ერი? რამდენად ადეკვატური იყო საქართველოს ისტორიის ყალბი ჰეროიკული პათოსით წარმოდგენა, რომელიც სტალინის შემდეგ ქართულ ლიტერატურაში ყველაზე მკაფიოდ 80-იანი წლების ბესტსელერში, ლევან სანიკიძის „უქარქაშო ხმლებში“ გამოჩნდა? რამდენად საფუძვლიანი იყო, საქართველოს (საბჭოთა) ინტელიგენციას თავი წარმოედგინა საქართველოს მთელი ამ ჰეროიკული ისტორიის მემკვიდრედ – დაწყებული მეფე ფარნავაზიდან და დამთავრებული ილია ჭავჭავაძით? ვინ იყო 1980-იანი წლების ქართველი, ტარიელის და სანდრო ბარათელის მემკვიდრე თუ ასტაფიევის მიერ აღწერილი ვაჭრუკანა?

წვრილი ვაჭრუკანები, ფულის ტომრები, საქმოსნები, ცეხავიკები, არტელშჩიკები საქართველოში არათუ რეალურად გამოჩენილიყვნენ, საზოგადოებრივი აღმა სვლაც დაეწყოთ და კულტურული რეპრეზენტაციის სივრცეშიც შემოეღწიათ.

ყველაზე კარგად და დაწვრილებით ეს პროცესი აღწერილი აქვს აკა მორჩილაძეს წიგნში „ჩრდილი გზაზე“. ეს ჩრდილი შეიძლება საბჭოთა „მზიური“ საქართველოს კონტრმეტაფორადაც წარმოვიდგინოთ, იმიტომ რომ, როგორც აკა მორჩილაძე წერს,„საქართველო მასობრივი ქრთამის და „ატნაშენიების“ ქვეყანა […] ჩრდილის ქვეყანა“ იყოო. ანუ ქვეყანა, რომელიც სტალინის შემდეგ, უფრო კი ვასილ პავლოვიჩ მჟავანაძის ხანიდან, ფაქტობრივად აღარ ცხოვრობდა საბჭოთა ეკონომიკის კანონით და გადასულიყო „ჩრდილში“.

ჯერალდ მარსის და იოქანაან ალტმანის ცნობილ სტატიაში „საქართველოს მეორე ეკონომიკის კულტურული საფუძვლები“, რომელიც 1983 წელს გამოქვეყნდა ამერიკულ ჟურნალში „საბჭოთა კვლევები“ (ანუ სწორედ „მონანიებისა“ და „ციმორის ჭერის“ ჟამს), ნათქვამია, რომ ჩრდილოვანი ეკონომიკის წილი საბჭოთა საქართველოში 25%-ზე მეტს შეადგენდა და უფრო დიდი იყო, ვიდრე სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში. თუმცა მკვლევრებს თავიანთი მონაცემები ემიგრანტების – ძირითადად სსრკ-დან გადახვეწილი ებრაელების – გამოკითხვის გზით მოეპოვებინათ. ისინი კი უფრო ვაჭრობდნენ. ამიტომაც სტატიაში ვერაფერს წავიკითხავთ სოფლის მეურნეობაზე, რომელიც, ასტაფიევის მიერ გამოკითხულ გლეხებს თუ დავეყრდნობით, ვაჭრობაში გაკეთებულ ფულს სულაც არ ჩამოუვარდებოდა.

ამავე სტატიაში ნათქვამია, რომ ეს არაფორმალური ეკონომიკა ეყრდნობა არაფორმალურ კავშირებს, ამიტომაც მასზე არ მოქმედებს „ხელმძღვანელობის“ (მაგ., მჟავანაძის შევარდნაძით) ჩანაცვლება. თემას კი გადავუხვევ, მაგრამ ეს დაკვირვება მნიშვნელოვანია პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის გაგებისთვისაც: არსებული სტრუქტურები, ქსელები, კავშირები, არსად წასულა და განაგრძობდა მოქმედებას პოსტსაბჭოთა პერიოდშიც.

არაფორმალური ეკონომიკის მასშტაბები რომ წარმოვიდგინოთ, მოდი, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ასტაფიევის მიერ ნახსენები გლეხების შემოსავლები 60.000-200.000 მანეთი, რაც თვეში 500-1660 მანეთს უდრის. ამას დავუმატოთ მარსისა და ალტმანის ცხრილები, საიდანაც გავიგებთ, რომ პარიკმახერის და „საპოჟნიკის“ საშუალო თვიური შემოსავალი (ოფიციალური ხელფასისაგან განსხვავებული) იყო 400-600 მანეთი, ტაქსისტისა – 800-1000 მანეთი, ქარხნის დირექტორისა – 2.000-10.000 მანეთი, იმპორტული საქონლის საწყობის გამგისა – 3-5.000 მანეთი, ხოლო ექიმის – 15.000 მანეთიდან ზემოთ. ახლა შევადაროთ ეს ყველაფერი ოფიციალურ ხელფასებს: 1979 წელს სსრკ-ში საშუალო ხელფასი იყო 148,74 მანეთი და 1988 წელს გაიზარდა 217 მანეთამდე (მორჩილაძე წერს, რომ დელეცების პურმარილი „არაოფიციალურ“ რესტორნებში კაცზე 100 მანეთი ჯდებოდა). ინჟინერი იღებდა 100-130 მანეთს, ექიმი – 100-150 მანეთს, მედდა – 80-120-ს, მუშები – 200-400 მანეთს (1988 წლის მომატებული ხელფასებით ექიმი და მასწავლებელი იღებდნენ 165 მანეთს, ხოლო მუშები, კვალიფიკაციისდა მიხედვით, 400-600 მანეთს). პარტიულ ბოსებს (მაგ., რაიკომის მდივანს) ხელფასი 450 მანეთი ჰქონდათ, გენერალს – 350, მეცნიერის მუშაკი 500 მანეთამდე აღწევდა, საკავშირო მინისტრსჰჰქონდა 800 მანეთი, ოღონდ „პრივილეგირებულ“ კატეგორიას, რომელშიც შედიოდა პარტიული ნომენკლატურა და ნომენკლატურული ინტელიგენცია, დამატებითი, არაფინანსური სიკეთეებიც ჰქონდა: მაგ., აგარაკი ან სამსახურებრივი მანქანა, რომელიც ფაქტობრივად ისე გამოიყენებოდა, როგორც საკუთარი და სხვადასხვა, ასევე არაფინანსური, დანამატი, სპეცგამანაწილებლები, დეფიციტური პროდუქტები, საგზურები, უკეთესი სამედიცინო მომსახურება და ასე შემდეგ, რომლებიც ფულზეც კი შეგვიძლია გადავიანგარიშოთ (სიმარტივისათვის უბრალოდ გავაორმაგოთ ხელფასი). როგორც ვხედავთ, საქართველოში პარიკმახერს დაახლოებით ისეთი შემოსავალი ჰქონდა, როგორიც, მაგ., ოფიციალურად შეიძლება ჰქონოდა პროფესორს.

საილუსტრაციოდ ვრცლად დავიმოწმებ აკა მორჩილაძის „ჩრდილს გზაზე“: „ნამდვილი მეცნიერი, მსოფლიო სახელის საბჭოთა მეცნიერი, ინსტიტუტის დირექტორი, სამსახურში სახელმწიფო მანქანით დადის. ის ოცდაათი წელიწადია იკვლევს. მას პატივს სცემენ, აფასებენ, ეკითხებიან, ითვალისწინებენ. მას აქვს სპეცმაღაზიის საშვი, იაფი საგზურები საუკეთესო კურორტებზე, სახელმწიფო ბენზინი, სახელმწიფო მანქანა, არც მთლად შავი, მაგრამ კარგი, კულტურული აღზრდის და სწავლების საშუალება შვილებისთვის და ამ დროს, მის მეზობელს, რომელსაც ძლივს უსწავლია, მუშაობს ბოსტნეულის სახელმწიფო ბაზაზე და საერთოდაც რასა ჰგავს, აცვია უკეთესი პერანგი, ვიდრე ამ დაფასებულ მეცნიერს, ჰყავს უკეთესი მანქანა, ვიდრე დირექტორის სახელმწიფო მანქანაა, საკვებიც იმ სპეცმაღაზიის უკანა კარიდან გამოაქვს და კურორტზეც ნომერი ზღვის მხარეს მისი შვილებისაა, თუმცა კი არანაირი საგზური არ მიუღია სპეციალური სიიდან. ჰო, და რაც კიდევ უფრო გასაკვირია, ამ ბოსტნეულის ბაზის რიგით თანამშრომელსაც ისეთივე პარტიის მანდატი უდევს ჯიბეში, როგორიც საკავშირო მნიშვნელობის მეცნიერს. ეს რა გამოდის? მაშ აღარ ყოფილა ქვეყანაზე არც ცოდნა, არც განათლება, არც ნიჭი, არც პატიოსნება და სამართლიანობაც აღარა ყოფილა, ყოფილა მარტო მარიფათი და ჩაწყობა“.

აკა მორჩილაძე თავის შესანიშნავ წიგნში „უკანონობით, გადასახადების დაფარვით და სახელმწიფოს ძარცვით“ გამდიდრებული ადამიანების ნელ-ნელა შემოსვლას საზოგადოების იმ ნაწილში, რომელსაც იმხანად ჰქონდა პრეტენზია წარმომადგენლობითი ყოფილიყო, ანუ თავი გამოეცხადებინა ერის სახედ და მის არაფორმალურ წინამძღოლად, „ხანუმას ისტორიას“: ფულისა და ხარისხის ქორწინებას ადარებს. „ძელეცებს და ცეხავიკებს“, – წერს აკა მორჩილაძე, – „არ გააჩნდათ არც ერთი უნარ-ჩვევა, ინტელიგენციის წმინდა ნაწილის თუნდაც კეთილი ღიმილი რომ გამოეწვია, ამიტომ ქორწინება ჭიანურდებოდა. წმინდა ნაწილი ერთხანს მტკიცედ იდგაო“.

მერე კი მორჩილაძე იმასაც აღწერს, როგორც შემოაღწიეს ცეხავიკებმა „ელიტაში“. ეს შემოღწევა კი დაკავშირებული იყო „ელიტის“ ან იმის, რასაც ელიტად მიეჩნია თავი, ფასეულობების ცვლილებასთან.

 

7.

ამ ფასეულობითი ცვლილებების დიაგნოსტიკისთვის, რომელიც ქართულ ლიტერატურასა და კულტურულ რეპრეზენტაციებში ხმამაღლა არა თქმულა (როგორც აკა მორჩილაძე წერს, ეს „უხილავი ამბავი იყო, მთლად ჩრდილს იქით გასული“), „მონანიება“ ვეღარ დაგვეხმარება. საბჭოთა ბურჟუაზიას არა ჰყოლია საკუთარი ბალზაკი. ეს ამბავი მისხალ-მისხალ უნდა ვაგროვოთ საბჭოთა დეტექტივებში, რომლებშიც ეს მდიდარი ცეხავიკები უარყოფით და საბჭოთა ადამიანისათვის საძულველ ადამიანებად ჩანან. მათ კვალს მივაგნებთ მოთხრობებშიც, რომლებშიც აღწერილია საბჭოთა (საბჭოთა ქართველი) ადამიანების ყოფა და, მაგალითად, მათი ნადირობა უნიტაზებზე. ამ კვალს – კიდევ უფრო იშვიათად – მივაგნებთ რომანებშიც, მაგალითად ნოდარ დუმბაძის „თეთრ ბაირაღებში“ ან, გნებავთ, „მარადისობის კანონში“. ეს მიმოფანტული კვალიც ამ ადამიანებს „ჩრდილში“ გვიჩვენებს. ვხედავთ, რომ ისინი არიან, მაინც და მაინც კარგი სახელით და რეპუტაციით არ სარგებლობენ, მაგრამ მოთხრობებში, მაგ., ნოდარ წულეისკირის „წვეულებაში“ ან რეზო ჭეიშვილის „გიაში“ რომანებისაგან განსხვავებით პატარა გარდატეხაც ხდება: იქ უკვე ვხედავთ, რომ ფასეულობა, რომელიც მოიტანა ცეხავიკების ფულმა, დალექილა და მას უკვე არა მარტო ანტაგონისტი, არამედ ჩვეულებრივი ადამიანიც მისდევს, რომელიც უკვე არც საბჭოთა „კაცობრიობის ჰუმანისტური იდეალების მსახურია“ და არც ქართველი რაინდი, ის გადაქცეულა მეშჩანად, რომლისთვისაც ნივთი ან ნივთის მოპოვება გამხდარა ცხოვრების მიზანი. დავინახავთ, რომ ეს გარდატეხა მომხდარა 1960-იანი წლებიდან. იმასაც დავინახავთ, რომ ეს გარდატეხა უკავშირდება იმ დელეცური ფულის შემოსვლას კულტურულ სივრცეში და იმის გაცნობიერებას, რომ ფულით ცხოვრება უფრო იოლია: ყველაფერი უკეთ და უფრო სწრაფად მიიღწევა, ვიდრე შრომით (გავიხსენოთ დიალოგი „კურიერიდან“). ფული უპირისპირდება შრომას: ეს არაა „ბიზნესის“ ან პროტესტანტური ეთიკის ფული, რომელიც ვაჭრობასაც შრომად მიიჩნევს და მას ამქვეყნიურ სიქველედ აჩვენებს. ეს ფული არაა არც ამ „პროტესტანტული ეთიკისაგან“ განსხვავებული XIX საუკუნის ქართველი ჩარჩ-ვაჭრების მევახშური კაპიტალი. ეს „ლომის უკანალიდან“ („თეთრი ბაირაღები“) გამოღებული ფული კორუფციის მანქანაა. ესაა იმ სოციალური ტრანსფორმაციის გამომწვევი კორუფცია, რომელზე ლაპარაკიც იწყება ოთარ იოსელიანის „გიორგობისთვეში”.

 

8.

სოციალური ტრანსფორმაციის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითს თუ გვინდა მივაგნოთ, უნდა მივაკითხოთ ერთ უცნაურ წიგნს, რომელიც საბჭოთა ქართული ბესტსელერი კი იყო, მაგრამ ქართული ლიტერატურისთვის ატიპური:

ესაა გურამ ფანჯიკიძის რომანში „სპირალი“ (1985). ეს წიგნი იყო უფრო „ხალხის“, ვიდრე „ინტელიგენციის“ საყვარელი რომანი. მაშინდელი ქართულ ეპიკური რომანისთვის ჩვეული საგმირო სიუჟეტის ნაცვლად მისი სიუჟეტი ქართული ლიტერატურისათვის ძალიან იშვიათად სამეცნიერო-ფანტასტიკური იყო. „სპირალი“, რომელიც მართალია სტილით და ლიტერატურული ხარისხით ვერაფრით ჩადგება იმდროინდელი ქართული პროზის მწვერვალების – ოთარ ჭილაძის, ჭაბუა ამირეჯიბის ან თუნდაც ნოდარ დუმბაძის რიგში, იმითაცაა საინტერესო, რომ ის ერთ-ერთი იშვიათი რომანია, რომელიც თანამედროვეობოს ეხება და თან ეხება ისე, რომ არ დაიცვას არც სოცრეალისტური რომანის კონვენცია და არც კომედიის ჟანრში გადავიდეს, რომელიც საბჭოთა რეალობის კრიტიკულად აღწერის ოფიციალურად დაშვებული შესაძლებლობა იყო. ინტენციით არა, მაგრამ სულისკვეთებით „სპირალი“ პერესტროიკის რომანია. მასში ჩანს არა მარტო ფასეულობათა კონფლიქტი „ბაზარსა“ და „ტაძარს“, „ინტელიგენციასა“ და „ცეხავიკებს“ შორის, არამედ სოციალური ტრანსფორმაციაც, რომელიც უკვე მომხდარიყო არაოფიციალურად, ოფიციალურად კი გაფორმება დაიწყო პერესტროიკით და საბოლოოდ ჩამოყალიბდა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ.

რომანში სამი ძირითადადი ფიგურაა: დავით გიორგაძე, 74 წლის გენიალური ასტროფიზიკოსი, რომელიც მსოფლიო მნიშვნელობის აღმოჩენას გააკეთებს (მეხუთე ტიპის გამოსხივებას აღმოაჩენს). ექიმი ზურაბ თორაძე, ასევე მსოფლიო მნიშვნელობის მკვლევარი, რომელიც ტვინის გადანერგვაზე წარმატებულად მუშაობს, და რამაზ კორინთელი, 23 წლის სტუდენტი და შეთავსებით „პრესტუპნიკი“ (ფანჯიკიძის რომანში ისიც ძალიან იშვიათია, რომ მისი ფიგურები ჰუმანიტარები არ არიან ინტელიგენციის თვითწარმოდგენაში გმირი უფრო ჰუმანიტარი ან ხელოვანია ხოლმე). დავით გიორგაძე – რომელსაც შეატყობინებენ, რომ მისმა შვილმა, როგორც ჩანს, ვიღაც გაიტანა მანქანით და მიიმალა – ინფარქტით მოხვდება კლინიკაში, სადაც ზურაბ თორაძე მას სამეცნიერო თვალსაზრისით რევოლუციურ, მაგრამ ეთიკურად საეჭვო გამოსავალს სთვაზობს (ახლა ამ სფეროს ბიოეთიკას ეძახიან). თორაძემ წარმატებით ჩაატარა ტვინის გადანერგვის ექსპერიმენტი ცხოველებზე და ახლა შეუძლია გიორგაძის ტვინი გადანერგოს კომაში ჩავარდნილი კორინთელის სხეულში. გიორგაძე და თორაძე დაწვრილებით განიხილავენ ამ ოპერაციის ეთიკურ მხარეს. ორივეს ესმის, რომ ორი ადამიანისგან იღებენ ერთ ჯანსაღსა და ერთ ავადმყოფს და იმ ავადმყოფ სხეულს ფაქტობრივად ვეგეტატიური არსებობისათვის სწირავენ, ესმით, რომ ეს ოპერაცია სცილდება კანონისა და მორალის ფარგლებს.

რომანის ინტერტექსტებს თუ მივყვებით, იოლად დავინახავთ, რომ ფანჯიკიძის რომანი არა იმდენად სამეცნიერო ფანტასტიკაა, რამდენადაც სოციალური ანტიუტოპია სამეცნიერო ფანტასტიკის ფორმით. დანამდვილებით ვერ ვიტყვი, წაკითხული ჰქონდა თუ არა ფანჯიკიძეს მიხაილ ბულგაკოვის საბჭოთა კავშირში აკრძალული „ძაღლის გული“ (1925). ბულგაკოვის მოთხრობაში პროფესორი პრეობრაჟენსკი მსგავს ოპერაციას აკეთებს: ლუმპენპროლეტარ კლიმ ჩუგუნკინის ჰიპოფიზს გადანერგავს ძაღლის, შარიკას სხეულში. შედეგად ძაღლი გაადამიანურებას იწყებს, ოღონდ მისი ცნობიერება, განათლება და ზნეობა ჩუგუნკინისეულია. სამედიცინო ექსპერიმენტი, რომელიც თითქოს კაცობრიობის კეთილდღეობას უნდა ემსახურებოდეს, გადაიქცევა სოციალურ ექსპერიმენტად და, როგორც სოციალური ექსპერიმენტი, დამღუპველია არა მარტო მისი შემქმნელისათვის, არამედ ზოგადად, საზოგადოებისათვისაც. ბულგაკოვის მოთხრობა სხვა ყველაფერთან ერთად სატირაა რევოლუციისშემდეგ „ახალ ადამიანზე“. პრეობრაჟენსკის ექსპერიმენტი ეპოქათა მიჯნაზე ხდება და ეპოქალურ ცვლილებას აჩვენებს. ფანჯიკიძის რომანში ეპოქალური ცვლილება მოხდა, მაგრამ ის ჯერ გაუცნობიერებელია და რომანის სიუჟეტი მისი გაცნობიერები გარშემო ტრიალებს (შესაძლო ინტერტექსტებს შორისაა მერი შელის „ფრანკენშტაინი“ (1818), რობერტ ლუის სტივენსონის „დოქტორ ჯეკილის და მისტერ ჰაიდის უცნაური შემთხევა“ (1886) და მისი სხვადასხვა ვარიაცია, ალექსანდრ ბელიაევის რომანი „პროფესორი დოუელის თავი“ (1925), კორინთელის ხასიათის მიხედვით წიგნი ახლოსაა ალექსეი ტოლსტოის „ინჟინერ გარინის ჰიპერბალოიდთან“ (1926-1927)). თუ „სპირალს“ წავიკითხავთ, როგორც სოციალურ ანტიუტოპიას, შეგვიძლია დავუშვათ, რომ მისი პერსონაჟი შედგენილი „ეროვნული სხეულია“, რომელშიც ერთიანდება იქამდე დაშორებული ნაწილები: აკადემიკოსი გიორგაძე „ხალხისაგან“ მაქსიმალურად დაშორებულ ინტელიგენციას წარმოადგენს: ის მეცნიერებით ცხოვრობს, სამსახურიდან სახლში მანქანით დადის და წლებია ქუჩაში არ გასულა. გიორგაძე რეალობას არც იცნობს და არც აინტერესებს: იმ ზომამდე, რომ საკუთარი შვილის აღზრდაშიც კი არ მიუღია მონაწილეობა. კორინთელი სტუდენტი და „პრესტუპნიკია“ და წარმოადგენს იმ სოციალურ ჯგუფებს, რომლებიც, საბჭოთა ნომენკლატურული ცნებით რომ ვისარგებლო, „უშრომელი შემოსავლით“ ცხოვრობს, ანუ საბჭოთა ეკონომიკის ჩრდილშია მოქცეული. ეს სოციალური ჯგუფი არ ჩანს (მას არ აკითხავენ ჟურნალისტები, როგორც გიორგაძეს), მაგრამ „მოქმედი“ სწორედ ეს ჯგუფია. ეს ორი სოციალური სფერო ერთმანეთს არ ეხება, ისინი ერთ გეოგრაფიულ სივრცეში თანაცხოვრობენ, მაგრამ სოციალურად არ გადაიკვეთებიან.

სპირალში ეს ორი სოციალური ჯგუფი ერთ სხეულში ერთიანდება.

ინტელიგენციისა ტვინი (რომელსაც ავადმყოფი სხეული აქვს), ხოლო ფულის წილია ახალგაზრდა სხეული რომელსაც (ჯერ მხოლოდ გადატანითი მნიშვნელობით), ტვინი არ აქვს.

პროფესორი თორაძე ვარაუდობს და აკადემიკოს გიორგაძესაც არწმუნებს, რომ ტვინგადანერგილ სხეულში წამყვანი ტვინია, რომ სხეული სრულიად უმნიშვნელო „დეტალია“ და ტვინისათვის მხოლოდ ახალი გარსია, რომელსაც ტვინი ძალიან სწრაფად და უმტკივნეულად შეეჩვევა.

რომანის სიუჟეტი სწორედ მოხუცი აკადემიკოსის ტვინის და ახალგაზრდა დამნაშავის სხეულის სიმბიოზზეა, რომელიც არ გამოდგება არც ისეთი მარტივი, პროგნოზირებადი, გაკონტროლებელი და უმტკივნეულო, როგორც ეს პროფესორ თორაძეს წარმოედგინა ექსპერიმენტის დასაწყისში.

სოციალური ინტეგრაციის ფანჯიკიძისეული მეტაფორა უფრო რთული და თანამედროვეა, ვიდრე XIX საუკუნის ქორწინების მეტაფორა (ამ გზას მიმართავდა XIX საუკუნის ქართული კომედია). ჯერ კიდევ ნატალია აზიანის პიესებში ვნახეთ, რომ ქორწილის მეტაფორით გამოხატული სოციალური ინტეგრაცია სულაც არაა ისეთი ჰარმონიული, როგორადაც ის გვესახება გიორგი ერისთავის ან ავქსენტი ცაგარლის პიესებში (ანაც XIX საუკუნის ინგლისურ რომანებში) და შეიძლება კონფლიქტურიც იყოს. „სპირალში“ კონფლიქტი „ერთ ხორცში“ მიმდინარეობს, ოღონდ უკვე არა გადატანითი მნიშვნელობით.

აკადემიკოს გიორგაძეს ოპერაციის დასრულების შემდეგ მალევე შეეპარება ეჭვი იმაში, რომ ტვინი მართავს სხეულს. შეკითხვა „სხეული წარმართავს ჩემს ტვინს თუ ტვინი წარმართავს სხეულს“ (რომელიც შეიძლება გამოძახილიც კი იყოს მარქსის საბჭოთა კავშირში კლიშედ გადაქცეული ფრაზისა) ფანჯიკიძის რომანისათვის მთავარია, ამიტომ მასზე შეჩერება მომიწევს.

მთელი რომანის განმავლობაში ექიმი თორაძე მის მიერ შექმნილ ახალ ადამიანს მიმართავს, როგორც აკადემიკოს გიორგაძეს – ის რომანის ბოლომდე დარწმუნებულია, რომ სწორედ ტვინი განსაზღვრავს ადამიანს. გიორგაძე კი თორაძის ჰიპოთეზაში მაშინ დაეჭვდება, როდესაც აღმოაჩენს, რომ თურმე სიგარეტი უნდა და ირონიულად პასუხობს ექიმებს: „დეტალებს“ (თორაძე, როგორც გვახსოვს, სხეულს „დეტალებად“ მოიხსენიებს) „ჰქონია თვისებები, საკუთარი მოთხოვნილებები“. ირონია რომანის განმავლობაში გადაიზრდება სარკაზმსა და ზიზღში ექიმის მიმართ იმის პროპორციულად, რამდენადაც გიორგაძე ამჩნევს, რომ სხეულის თვისებებსა და მოთხოვნილებებს ვერ აკონტროლებს. გარდატეხა დადგება იმ მომენტში, როდესაც ახალი ადამიანი, რომელსაც თორაძე გიორგაძეს ეძახის, მას მოსთხოვს, რამაზ კორინთელი დაუძახოს. შეგვეძლო ჩაგვეთვალა, რომ სხეულმა ტვინზე გაიმარჯვა, მაგრამ არც ეს დასკვნა იქნებოდა სწორი.

ლავრენტი არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“ რომ გავიხსენოთ, სოლომონ ისაკიჩი ერთი, ბავშვობაში შეთვისებული, „რაინდული“ ფასეულობის პერსპექტივით აფასებდა თავის ვაჭრულ ცხოვრებას. არდაზიანის რომანი „პოლიფონიურია“ იმ გაგებით, რომ მასში ორი ცნობიერება ეკამათება ერთმანეთს, ოღონდ ერთი მათგანი უფრო პრაქტიკული ეთიკაა, საიდანაც შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნები ბურჟუაზიული ფასეულობების შესახებ, მეორე კი ამ ეთიკისათვის მეტაეთიკის როლს ასრულებს, უფრო მაღალი რანგის ეთიკაა, რომლითაც ეს პრაქტიკული ეთიკა იზომება.

ფანჯიკიძის სპირალში მეტარეფლექსიის ინსტანცია გიორგაძის ტვინია, კორინთელის სხეული კი პრაქტიკულ ეთიკაზეა პასუხისმგებელი. ამიტომაც რომანში ხშირად შევხვდებით შეკითხვებს: „ღმერთო ჩემო, ვინ ვარ მე? ბანდიტი და მკვლელი, გარეწარი, ქურდი?!“.

ეს მეტარეფლექსური ინსტანცია შეიძლება დროებით გაჩუმდეს, მაგრამ არასოდეს იკარგება, ბოლოს კი, რომანის იმდენადვე ხელოვნურ, რამდენადაც მელოდრამატულ ფინალში, სხეულს „დაამარცხებს“ კიდევაც.

სხეულის „თვისებები და მოთხოვნილებები“ სიგარეტით არ ამოიწურება და სიგარეტშიც კი ვლინდება: კორინთელი (განსხვავებით კოსმოსის მწეველი თორაძისგან – ფასი 1 მან.) ეწევა მარტო უინსტონს (ფასი 7 მან.) და სვამს მარტო შამპანურს.

(სასმელების იერარქია საბჭოთა ხანაში ცალკე ამბავია, მაგრამ, მაგ., აკა მორჩილაძესთან წამიკითხავს, რომ ბოთლის ღვინის უხარისხობის გამო „სვეტსკად“ ითვლებოდა შამპანურის წრუპვა. გურამ დოჩანაშვილის მოთხრობაში „ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება“ ანტაგონისტი გერასიმე სწორედ შამპანურს სვამს, ოღონდ ისე, რომ ტარხუნას ურევს და გაზს აცლის).

კორინთელის მატერიალური მოთხოვნილებებიც უფრო მაღალია, ვიდრე აკადემიკოსი გიორგაძისა: როდესაც ექიმი თორაძე კორინთელ-გიორგაძის ჰიბრიდს ფულს მოუტანს და ეტყვის, ეს თანხა აკადემიკოსისთვის შეიძლება საკმარისი არ იყოს, მაგრამ სტუდენტს (რომელსაც სტიპენდია, ისიც ხუთოსნობის შემთხვევაში, 40 მანეთი აქვს) ეყოფაო, პასუხად მიიღებს: „სასტიკად ცდებით, ბატონო მთავარო ექიმო! თქვენს მიერ შემოთავაზებული თანხა თავისუფლად ეყოფოდა აკადემიკოს დავით გიორგაძეს, მესამე კურსის სტუდენტ რამაზ კორინთელს კი ერთი კვირასაც არ ეყოფა. ასე რომ, მიგიწევთ საბოძვარი ხუთჯერ მაინც გამიორმაგოთ!“. კორინთელის ფულადი მოთხოვნილებები გამუდმებით იზრდება: მას ჯერ კარტში წაგებულ 2000 მანეთს მისცემენ, შემდეგ, მისი მეგობრები და „პაძელნიკები“ წინა ძარცვიდან წილს, 17.000 მანეთს მისცემენ, შემდეგი ძარცვიდან „ლიმონი” (ძველი ფულით მილიონი, ანუ 100.000 მანეთი) 5 კაცზე ნაწილდება, ბოლო „ოპერაციიდან“ კი 100.000 $ (რომელიც ხურდავდება 300.000 მანეთზე – ანუ საბჭოთა ოფიციალურ გაცვლითი კურსის ხუთმაგ თანხაზე) 3 კაცზე ნაწილდება. რამდენიმე თვის განმავლობაში – რომანის ხანგრძლივობის მანძილზე – კორინთელის ხელში 150.000 მანეთამდე გაივლის (რომ დავუშვათ, რომ გიორგაძეს ჰქონდა პროფესორის 500 მან + ამდენივე აკადემიკოსობისათვის, გამოდის გიორგაძის 12,5 წლის ხელფასი), ანუ იმდენივე, რამდენიც ჰქონდა გლეხს დასავლეთ საქართველოში ან ექიმს მარსისა და ალტმანის ტაბულის მიხედვით).

კორინთელის სხეული მხოლოდ „თვისებები და მოთხოვნილებები“ არაა. გიორგაძე (მეტარეფლექსიის ინსტანცია) პრაქტიკული ეთიკის ინსტანციას (ანუ იმას, რაც მოქმედებს გიორგაძის ტვინისგან დამოუკიდებლად ან შეიძლება მის წინააღმდეგაც) ეძახის „გენს“: „თქვენ ეხლა გელაპარაკებათ არა აკადემიკოს გიორგაძის გონება, არამედ რამაზ კორინთელის გენი!“. „გენი“ სინამდვილეში მეორე ცნობიერებაა, რომლის კონფლიქტი პირველ ცნობიერებასთან თანდათან ვითარება.

აკადემიკოსისა და ქურდის ჰიბრიდი ორმაგი ცხოვრებით იწყებს ცხოვრებას: ერთი აკადემიური კარიერაა, რომელშიც ახალი კორინთელი შანტაჟსა და დაშინებასაც მიმართავს, მეორე კი კრიმინალური კარიერაა, სადაც კორინთელი უცებ გადაიქცევა კრიმინალური დაჯგუფების ლიდერად და რამდენიმე ოპერაციას წარმატებით გეგმავს და ასრულებს.

ფორმალურად, აღმოჩენები, რომლებიც გიორგაძე-კორინთელს შანტაჟისა და გაყალბების გზით საშუალებას მისცემს უსწრაფესად დაიცვას დიპლომი, საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაცია და უცებ გადაიქცეს ასტროფიზიკის აღიარებულ ავტორიტეტად, გიორგაძის გაკეთებულია. მიუხედავად ამისა, გიორგაძის „გონება“ (მეტარეფლექსიის ინსტანცია) საკუთარ საქციელს მორალურად აფასებს: „რაც დღეს მოხდა, განა აფიორა არ იყო? რაც დღეს ჩავიდინე, ჰგავდა პატიოსანი კაცის, თანაც მეცნიერის, აკადემიკოსის საქციელს?“ – მეტარეფლექსიის შეფასებით მასში ფასეულობითი ცვლილება მოხდა და ახალი სხეული მოქმედებს უკვე არა „გიორგაძის გონების“ ეთიკური სტანდარტებით, არამედ „კორინთელის გენის“ პრაქტიკული ეთიკის მიხედვით. ეს ეთიკა კი ეწინააღმდეგება როგორც უკვე გაცვეთილ „კაცობრიობის ჰუმანისტური იდეალების მსახურებას“, ისე „ეროვნული ფასეულობის“ კოდექსსაც („ტაძარს“). ამ პრაქტიკულ ეთიკაში შეიძლება ფული არ იყოს „მთავარი“, მაგრამ ერთი, რომ კორინთელის ეთიკა ყოველთვის დაკავშირებულია ფულთან ამა თუ იმ ფორმით და მეორე, რომ ეს ეთიკა ფუძნდება სწორედ საბჭოთა და „ეროვნული“ ეთიკის უარყოფის ფორმით, ის ნეგატიური ეთიკაა.

ორი პერსონაჟი, რომლებიც ასტაფიევის კარიკატურაში ჯერ კიდევ დაშლილია, ინტელიგენტისა და საქმოსნისა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით ერთიანდება: ინტელიგენტის „განახლება“ ხდება, ოღონდ ეს „განახლებული“ ინტელიგენტი ნელ-ნელა, მაგრამ განუხრელად იქცევა დამნაშავედ. რომანის ფინალში, როდესაც გიორგაძე-კორინთელი მიხვდება, რომ გიორგაძის შვილი კორინთელის მოკლულია, გიორგაძის „გონება“ ამ პათეტიკურად გაფორმებულ დასკვნას გამოიტანს: „ამ ხელებმა ხომ მოკლეს, ამ სხეულში ჩაბუდებულმა ბოროტმა გენებმა ხომ მოკლა: გენმა, რომელმაც პირველი დღიდანვე დათრგუნა და დაიმორჩილა, თავისი ვნებების სამსახურში ჩააყენა აკადემიკოს დავით გიორგაძის ინტელექტი.“

ფანჯიკიძის რომანში ქართული საზოგადოებისათვის 80-იანი წლების შუაში გაუცნობიერებელი ფასეულობითი დილემა ზედმეტად იოლად წყდება. ახალი სოციალური სხეული, რომელზეც ფანჯიკიძის რომანი გვიყვება, უკვე რეალურად არსებობდა. ამ ახალ სოციალურ სხეულს ჯერ კიდევ მოჰყვებოდა „გონების“ საბჭოთა ინტელიგენციის – მემკვიდრეობა, მაგრამ მოქმედებდა უკვე განსხვავებული ეთიკით: ეს ეთიკა იყო ფულის ეთიკა, რომელსაც კი მოსდევდა XIX საუკუნიდან გადმოყოლილი ნეგატიური „შარავანდედი“, ის ჯერ კიდევ დაკავშირებული იყო დანაშაულსა და ტყუილთან, მაგრამ უკვე საყოველთაო პრაქტიკულ ეთიკად გადაქცეულიყო. დანაშაული აღარ ითვლებოდა სათაკილოდ და ჩვეულებაში გადასულიყო. ფანჯიკიძის ჰიბრიდი ახალი, პოსტსაბჭოთა საქართველოს გმირი გამოდგა.

 

 

[1] “На холмах Грузии лежит ночная мгла…”

 

Я не сумел понять тебя в тот раз,
Когда в туманы зимние оправлен,
Ты убегал от посторонних глаз
И всё же, был прекрасен без прикрас
И это я был злобою отравлен.

И ты меня провёл на том пиру,
Где до рассвета продолжалось бденье,
А захмелелый, головой в Куру,
И где уж тут заметить поутру
В глазах хозяйки скучное презренье.

Вокруг меня сомкнулся, как кольцо
Твой вечный шум, в отливах и прибоях,
Потягивая кислое винцо,
Я узнавал усатое лицо
В любом пятне на выцветших обоях.

И вновь зурна вступала в разговор
И вновь, с бокалом, истово и пылко
Болтает вздор подонок и позёр,
А мне почти был сладок твой позор,
Твоя невиноватая ухмылка.

И в самолёте, по пути домой,
Я наблюдал злорадно, как грузины
В Москву, ещё объятую зимой,
Везут мешки с оранжевой хурмой
И с первою мимозою корзины.

И я не понял, я понять не мог,
Какую ты торжествовал победу,
Какой ты дал мне гордости урок,
Когда кружил меня, сбивая с ног,
По ложному, придуманному следу.

И это всё – и Сталин и хурма
И дым застолья и рассветный кочет –
Всё для того, чтоб не сойти с ума,
А суть твоя является сама,
Но лишь когда сама того захочет.

Когда тускнеют лживые следы
И начинают раны врачеваться
И озаряет склоны Мтацминды
Надменный голос счастья и беды,
Нетленный голос Нины Чавчавадзе.

Прекрасная и гордая страна,
Ты отвечаешь шуткой на злословье,
Но криком вдруг взрывается зурна
И в каждой капле кислого вина
Есть неизменно сладкий привкус крови.

Когда дымки плывут из-за реки
И день дурной синоптики пророчат,
Я вижу, как горят черновики,
Я слышу, как гудят грузовики
И сапоги охранников грохочут.

И топчут каблуками тишину
И женщины не спят и плачут дети,
Грохочут сапоги на всю страну,
А ты приемлешь горе, как вину,
Как будто только ты за всё в ответе.

Не остывает в кулаке зола,
Всё в мёрзлый камень памятью одето,
Всё как удар ножом из-за угла…
На холмах Грузии лежит ночная мгла
И как ещё далёко до рассвета…