1950-იანი წლების საქართველოში ერთი უცნაური ამბავი მოხდა, რომელიც ვაჟა-ფშაველას, სტალინს, კანდიდ ჩარკვიანსა და გერონტი ქიქოძეს უკავშირდება; ეს იყო ისტორია, რომელმაც შეძრა იმ პერიოდის საქართველო. ეს ქართული საზოგადოებისთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული მომენტი იყო, ურთულესი მოსახვევი, როდესაც საქართველოს მოუწია იმის აღიარება, რომ ბელადის გემოვნება გადამწყვეტია ბევრ საკითხში, მათ შორის ლიტერატურაში, განსაკუთრებით კი ვაჟა-ფშაველასთან მიმართებაში.
ჩვენ წინაშეა ერთ-ერთი შესანიშნავი ნიმუში იმისა, თუ როგორ შეიძლება, რომ ადამიანმა მნიშვნელოვანი ისტორია ოჯახშივე ჩაიწეროს. საქმე ეხება გელა ჩარკვიანის „ინტერვიუს მამასთან“, რომელშიც ვხვდებით ერთ ფრიად საჩოთირო ამბავს. უფრო კონკრეტულად თუ ვიტყვით, კანდიდ ჩარკვიანის მიერ ვაჟა-ფშაველას, როგორც „ჩამორჩენილ, გაუნათლებელ, სოციალურ საკითხებში გაურკვეველ კაცად“ „მხილებას“. რა თქმა უნდა, ამან შოკში ჩააგდო სრულიად საზოგადოება, ვინაიდან მთელი საქართველო მიხვდა იმასაც, რასაც უნდა მიმხვდარიყვნენ – კანდიდ ჩარკვიანი ამას საკუთარი ნებით არ გააკეთებდა. ნამდვილად არ ვარ ისე განწყობილი, რომ ეს ამბავი კანდიდ ჩარკვიანს ავკიდოთ, მაგრამ ფაქტია – ასეთი იყო ის სისტემა და ფაქტია ისიც, რაც მოხდა და იმას აღარაფერი ეშველება.
კანდიდ ჩარკვიანის წიგნში – „სტალინთან ურთიერთობის ეპიზოდები“ ვკითხულობთ:
„1950 წლის ოქტომბერში სტალინთან, ცივ წყაროზე, ლაპარაკი ჩამოვარდა ქართული ლიტერატურის შესახებ. შევეხეთ ვაჟა-ფშაველასაც, რომლის პოეზიას მე ძალიან მაღალი შეფასება მივეცი. სტალინს თავისი აზრი ვაჟაზე მაშინ არ გამოუთქვამს. მან მხოლოდ ის მთხოვა, რომ მისთვის ვაჟა-ფშაველას თხზულებები გამეგზავნა. სამი დღის შემდეგ ვაჟას ოთხ თუ ხუთტომიანი გამოცემა სტალინის მაგიდაზე იდო.“
როგორც გაირკვა, ვაჟას თხზულებების გაგზავნით კანდიდ ჩარკვიანმა დაღუპა ვაჟა-ფშაველაც, საკუთარი თავიც და გერონტი ქიქოძეც, რომლის წინასიტყვაობაც ახლდა ამ გამოცემას…
„გავიდა თითქმის თვე-ნახევარი და 1950 წლის 30 ნოემბერს, გვიან ღამით, სტალინმა გაგრიდან დამირეკა. შედგა საკმაოდ გრძელი საუბარი ვაჟას პოეზიისა და მსოფლმხედველობის შესახებ…“
საუბრის დროს სტალინმა ხაზგასმით აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდ ჩარკვიანს ვაჟა გენიოსად მიაჩნდა, სტალინი ფიქრობდა, რომ ის გენიოსი არა, მაგრამ დიდი ტალანტი იყო, ჩამორჩენილი მსოფლმხედველობით; ავტორი, რომელიც არც ერთ მასშტაბურ პრობლემას არ სვამს და ფშავლების, ხევსურებისა და ქისტებს უმნიშვნელო დაპირისპირებების გარდა არაფერს აღწერს:
„საქართველოს არც ეკონომიკურ და არც კულტურულ განვითარებას არ ამჩნევს. ასეთი საკითხები მის ყურადღებას არ იქცევს. ვაჟა-ფშაველას ენა – პროვინციულია, არაპოეტური. […] აკაკი წერეთელი, რა თქმა უნდა, მართალი იყო, როცა მას ენას უწუნებდა“.
სტალინი ახსენებს გერონტი ქიქოძესაც, რომელიც ვაჟას ტომეულების წინასიტყვაობაში აქებს და ადიდებს ავტორს და აღნიშნავს, რომ ქიქოძე ვერ პოულობს სწორ იდეოლოგიურ ნიშნებს. მთავარი ამხანაგი სვამს ერთ საინტერესო კითხვასაც – მარქსისტია თუ არა გერონტი ქიქოძე. ამასთან დაკავშირებით უფრო კონკრეტულად ცოტა ქვემოთ ვისაუბრებთ.
კანდიდ ჩარკვიანი გამოცდილი ფუნქციონერი იყო და ეს ყველაფერი გაიგო როგორც პირდაპირ ბრძანება; კარგად მიუხვდა უკვე მოხუცებულ ბელადს სურვილს, რომ ბოლოს და ბოლოს ვაჟას გენია უნდა ჩამოქვეითდეს.
ეს თითქოს გაუგებარი ამბავია, რადგან 1935 წელს, 16 ოქტომბერს, სწორედ სტალინის ვიზიტის დროს თბილისში, ვაჟა-ფშაველას ნეშტი მთაწმინდის პანთეონში გადაასვენეს (სტალინი ავადმყოფ დედასთან იყო ჩამოსული; ეს მისი ბოლო ყოფნა იყო თბილისში). მე არ მჯერა და არც ის მგონია, ვინმეს სჯეროდეს, რომ ვაჟა-ფშაველას მთაწმინდაზე გადასვენება ამხანაგი სტალინის ან ლავრენტი ბერიას ნებართვის გარეშე მოხდებოდა. მართალია გადასვენება შედგა თითქმის როგორც საიდუმლო სპეცოპერაცია, ღამით, ხალხის მასების გარეშე, მას არ ახლდა პომპეზურობის ელემენტები, მაგრამ, ფაქტია, რომ იგი შედგა და ვაჟა-ფშაველა აკაკის მახლობლად დაიკრძალა. ისიც მნიშვნელოვანია, რომ, როდესაც სტალინის დედა გარდაიცვალა, იგი სწორედ ვაჟა-ფშაველას გვერდით დაკრძალეს. ბელადი დედის დაკრძალვაზე არ ჩამოსულა, მაგრამ დანამდვილებით ცნობილია, რომ საფლავის ადგილის განსაზღვრაშიც მიიღო მონაწილეობა და თელავიდან მამის გადმოსვენებაზეც კატეგორიული უარი განაცხადა.
ამით დასტურდება, რომ ამ პერიოდში სტალინი მაღალი აზრისა იყო ვაჟაზე, მაგრამ, როგორც ჩანს, უკვე 50-იან წლებში მსოფლიოს მბრძანებელმა, ომში გამარჯვებულმა, საკუთარი გენიით დამძიმებულმა მოხუცმა სტალინმა, მკვეთრად შეიცვალა აზრი.
ეს ის პერიოდია, როდესაც ამხანაგ სტალინს პატრიოტიზმის ტალღამ შემოუტია, როდესაც კვლავ შეუყვარდა ილია ჭავჭავაძე, დაფიქრდა თურქეთის შემადგენლობაში შემავალ ქართულ მიწებზე და ა.შ. ერთი სიტყვით, ის აშკარად ფიქრობს, რომ რამენაირად ვალი მოიხადოს საქართველოს წინაშე, მაგრამ ამ ვალის მოხდაში იგულისხმება ისიც, რომ ერთხელ და სამუდამოდ გააგებინოს ქართველებს, რომ ილია და აკაკი დიდები არიან, ვაჟა-ფშაველა კი ვერ ავიდა ამ სიმაღლეზე!
და აი, აქ იჩენს თავს ამხანაგი სტალინის გაკვირვება გერონტი ქიქოძესთან მიმართებაში და სვამს კითხვას – მარქსისტია თუ არა ქიქოძე? საქმე ისაა, რომ სტალინს საშინლად კარგი მეხსიერება ჰქონდა და ახსოვდა ის სიტყვებიც, რაც გერონტი ქიქოძემ 1915 წელს თქვა ვაჟას შესახებ.
საერთოდ, გერონტი ქიქოძეს ურთიერთგამომრიცხავი აზრები ჰქონდა ვაჟა-ფშაველას შესახებ; სტალინისათვის კანდიდ ჩარკვიანის მიერ გაგზავნილი ვაჟას ტომების შესავალში გერონტი ქიქოძე აღფრთოვანებულია ვაჟა-ფშაველას შემოქმედებით და დასძენს, რომ ის არის სრულიად ცალკე მდგომი, აბსოლუტური გენია, რომელიც ვერ ეტევა ვერც სიმბოლიზმში, ვერც ვერანაირ მოძღვრებაში; ქართული ლიტერატურის სრულიად გამორჩეული ავტორია, მარგალიტი ობოლი, რომელიც არც არავის აგრძელებს და არც არავის აფუძნებს. ასე ფიქრობდა ჩვენი სახელოვანი კრიტიკოსი და შესანიშნავი ეროვნული მოღვაწე, გერონტი ქიქოძე ორმოცდაათიან წლებში.
ამავე დროს, იგივე გერონტი ქიქოძე 1915 წელს წერდა, რომ ვაჟა-ფშაველა ჩამორჩენილი ადამიანი იყო; ვერც სემინარიის კურსმა, ვერც უნივერსიტეტის ლექციებმა თანამედროვე სული ვერ ჩაუდგეს. მისი მგრძნობელობა პრიმიტიული დარჩა, მისი ფანტაზია – ველური, მისი მორალი – საშუალო საუკუნეობრივი…
სულ ფორმულებია და, რა თქმა უნდა, ვიღაც იტყვის, რომ ასეა, სწორია, ოღონდ აქ არის ერთი სერიოზული შენიშვნა, დიახ, ვაჟა ფშაველა ასეთი იყო, როგორც არის აღწერილი, უბრალოდ, სიტყვა – ჩამორჩენილი ვაჟას კი არა, იმ ადამიანებს ეხება, ვინც მას ასე ხედავს.
დიახ, გერონტი ქიქოძე, რომლის მსგავსი ინტელექტუალიც რთული საპოვნელია საქართველოს ისტორიაში, ვაჟას ელვარებამ დააბრმავა 1915 წელს, როდესაც გენიოსის შესახებ ასეთ სიტყვებს წერდა. კი ბატონო, საბოლოოდ გაერკვა და აღფრთოვანდა კიდეც ვაჟათი, თუმცა 1915 წელს გერონტი ქიქოძეც სოციალ-დემოკრატების ნააზრევს იყო აყოლილი, ის ვერ მიხვდა, რომ იმ თავისი დახეული ჩოხით ვაჟა ჯერ კიდევ მაშინ იყო ათასგზის უფრო ევროპელი, ვიდრე თუნდაც უამრავი ევროპული ენის მცოდნე გერონტი ქიქოძე.
არავინ იცის, ზუსტად საიდან მოდიოდა ან რით იყო განპირობებული ამხანაგ სტალინის მიერ ვაჟა-ფშაველაზე მიტანილი ამ იერიშის და მისი ამოთხრის სურვილის მიზეზი, მაგრამ სტალინის ბოღმა გასაგებია, მან თავად თქვა, რომ დიდი მოძრაობის დროს ვაჟა-ფშაველა განზე იდგაო… ამ ფრაზით რეალურად იმის თქმა გამოუვიდა, რომ ვაჟა გაუნათლებელი კი არა, ზედმეტად განათლებული იყოო. ანუ, როდესაც დაიწყო დიდი მოძრაობა, როცა აკაკიმ თქვა – „ახალგაზრდებო, აწ კი თქვენ გამოდით, თქვენი ჭირიმე!..“ სოციალ-დემოკრატებმა იგრძნეს, რომ აკაკი, უნდა თუ არა, მათ გვერდითაა, ილია არ მოიწონეს და რაც დამართეს, კი ვიცით და ეს ცალკე საუბრის ამბავია, მაგრამ ოცდაათიან წლებში სტალინმა ილიაც დააბრუნა სოციალ-დემოკრატიისათვის მისაღებ მოაზროვნეთა რიგებში, რაც შეეხება ვაჟას, იგი მათ თავის გვერდით ვერ იგულეს.
კომუნისტები მას ვერც ერთი კუთხით ვერ მიუდგნენ, ვერანაირ ჩარჩოში ვერ ჩასვეს, შესაბამისად, როგორც თავის დროზე განზე მდგომი ვაჟა-ფშაველა, მისი გენია საშიში აღმოჩნდა 50 წლის შემდეგაც კი!
საშიშია, საშიში ფენომენია ვაჟა-ფშაველა, გენია, რომელსაც შეუძლია ნულიდან ააშენოს ქართული ლიტერატურაც, ქართული აზროვნება! ამაშია მისი საიდუმლო! ვაჟა ისე წერს, თითქოს ბირთვულმა კატასტროფამ გაანადგურა სამყარო და თავიდან იწყებს ყველაფერს – აი ია, იას უთხარით ტურფასა… ვაჟა მოდის საკუთარი პრობლემებით, ალუდა ქეთელაურის პრობლემით, სვამს კითხვას, შესაძლოა თუ არა არსებობდეს ორი ჭეშმარიტება, ეს კი სტალინს სასაცილოდაც კი არ ჰყოფნის, რადგან მარქსიზმით გაფუჭებული გონება ამას ჩამორჩენილობად მიიჩნევს.
არადა, ამ დროს პირიქით, ვაჟა ბევრად წინ უსწრებს თავის ეპოქასაც და, შეიძლება ითქვას, დღევანდელობასაც, სამყაროს ისტორიას. ქრისტემ თქვა – გიყვარდეს მტერი შენი, რაც პრაქტიკულად წარმოუდგენელი რამაა რეალურ ცხოვრებაში; აი, ვაჟა-ფშაველას კი აღმოაჩნდა საშინელი ძალა გაენგრია ეს ჩაკეტილი სივრცე და შეუძლებელი შესაძლებლად ექცია, მან საერთოდ მოსპო მტერი, თქვა, რომ მტერი არ არსებობს! ეს ხომ წარმოუდგენელი იდეაა! მან თქვა, თუ რომელიმე მოძღვრება გამორიცხავს მუცალის ცხონებას, ეს მუცალის პრობლემა არაა, ეს მოძღვრების პრობლემაა! წარმართებიც კი უკეთ ერკვეოდნენ ამ საკითხშიო („ღვთისშვილთ უკეთეს იციან“).
და აი, ამ ვაჟა-ფშაველას გენია საშიშია გარდაცვალების, წლების გასვლის შემდეგაც, ამიტომაც ამხანაგმა სტალინმა მისი „ამოთხრა“ გადაწყვიტა! ჭკვიანი კაცი იყო სტალინი, როგორც წესი, ლუკა რაზიკაშვილად მოიხსენიებდა, რადგან კარგად იცოდა, რომ როდესაც ახსენებ ვაჟა-ფშაველას, მას ალუდა ქეთელაური მოჰყვება თან, ხოლო ლუკა რაზიკაშვილის ხსენებისას, პირველი, დახეული ჩოხა, დაზიანებული თვალი და მისი გაჭირვება გახსენდება, თითქოს ეს ვაჟას პრობლემა იყო და არა ჩვენი საზოგადოების!
ფაქტი ერთია, კანდიდ ჩარკვიანსა და ამხანაგ სტალინს არასდროს ეპატიებათ, რომ საქართველოს ერთ-ერთ უპირველეს გენიოსზე ასეთი სიტყვები თქვეს. არ იციან რას იქმან! ამხანაგმა სტალინმა არ იცოდა, რას აკეთებდა, როგორ შეიძლებოდა ვაჟასთვის ხელის ხლება!
მათ დაავიწყდათ, რომ საქართველოში ბევრი რამ შეიძლება, ბარათაშვილისთვის ხელის ხლება შეიძლება, ამ კუთხით წარმატებით გარჯილან და ქართველ ხალხს უპატიებია; საქართველოში შეიძლება ხელი ახლო რუსთაველს და ქართველი ხალხი ამასაც გაპატიებს, მაგრამ ვაჟა-ფშაველასთვის ხელის ხლება არ შეიძლება, რადგან ქართველი ხალხი ცხოვრობს მიამიტური წარმოდგენით, რომ თავად არის ვაჟა-ფშაველა და ამას არ გაპატიებს!
არ იფიქროთ, თითქოს ამას იმიტომ ვამბობდე, რომ ჩვენ, ქართველები, ღრმად და სერიოზულად ვიცნობთ მის შემოქმედებას. რა თქმა უნდა, არა, ელიტარული პოეტია და ელიტარული მკითხველიც ჰყავს, თუმცა მასობრივ წარმოდგენაში ვაჟა დაახლოებით ისეა წარმოდგენილი, როგორც ფიროსმანი!
და აი, როგორც კი სტალინიზმი წამოყოფს თავს საქართველოში, იმწუთას მოხვდება კბილებში, რადგან სწორედ ის ებრძოდა ყველაზე უფრო ქართულ, ხალხურ მოვლენას. არავინ, არასდროს ყოფილა საქართველოში ხალხთან, ხალხურ პოეზიასთან, ხალხის ფიქრებთან ისე ახლოს, როგორც ვაჟა-ფშაველა, არავინ ყოფილა ხალხის წრიდან! ვაჟა გამონაკლისია, ვინც მას ვერ გაიგებს, ის საერთოდ ვერაფერს გაიგებს საქართველოში!
ესაა ვაჟას თავისებურება, უბრალო სიტყვით, უბრალო ამბით გაცნობს ყველაზე ღრმა აზრებს, იმიტომ, რომ გენიოსია, ასეთი რამის მოხერხება მხოლოდ გენიოსებს შეუძლიათ! ამიტომ იყო აკაკი წერეთელს რომ შეშურდა მისი, სხვაგვარად ვერავინ ახსნის ვაჟაზე მის თავდასხმას.
ვაჟა-ფშაველას გენია მის პასუხშიც კარგად ჩანს, საჯაროდ მხოლოდ ის თქვა, ნუ შეგაშინებთ მთიდან ბღავილი ხარისაო, პრივატულ საუბრებში გულნატკენს უთქვამს შვილთან, გულქანთან, რომელიც მისი ისეთივე შედევრია, როგორც „ალუდა ქეთელაური“, – თვითონ რას ფხაჭნიან, ჩემზე რა უნდა ილაპარაკონო.
არც არის გასაკვირი, გენიას კამათი ახლავს თან, ამიტომაც მუდმივად საკამათო იყო ვაჟა-ფშაველა, ამიტომაც იყო ქართველი მხატვრებისთვის საკამათო – ფიროსმანი, არ იყო პროფესიონალიო…
ყველაფერთან ერთად, გასაგებია, რატომაც გააღიზიანა ვაჟამ ყველა, მას ხომ არ ეცვა როგორც პოეტს! ის ხომ არ იქცეოდა, არ ცხოვრობდა როგორც პოეტი! ჩვეულებრივი, ფშაველი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებდა, იყო კიდეც ჩვეულებრივი ფშაველი კაცი, რომელსაც ლუკა რაზიკაშვილი ერქვა, უბრალოდ, რაღაც მომენტში მასში სრულიად აუხსნელი ფენომენი – ვაჟა-ფშაველა იღვიძებდა!
და ვინ დაინახა ლუკა რაზიკაშვილში ვაჟა-ფშაველა? ბარათაშვილის და ვაჟას დასანახად, ჩვენს გადასარჩენად, სტალინის სამსხვერპლოდ ხომ ერთი კაცი გვყავდა საქართველოში – ილია ჭავჭავაძე, რომელმაც ძირითადად აკაკისაც გასაგონად თქვა, ვაჟას მოსვლის შემდეგ და გამო ჩვენ, ძველებმა, კალამი გვერდით უნდა გადავდოთო…
ის საყვედური, რომელიც ვაჟა-ფშაველამ აკაკისგან მიიღო, როდესაც „მარგალიტების მთესველ“ პოეტს ყველაზე მთავარი, ენა დაუწუნა; ვაჟას გაუნათლებლობის, კლასთა ბრძოლის სიმაღლემდე ვერ ამაღლების სიმღერა, სიმღერა, რომელიც სტალინმა დაიწყო და ბევრმა იმღერა; მცდელობა, ვაჟას მორალის სფეროს ნაწარმოებები მიიჩქმალოს და იგი მხოლოდ „ბუნების მესაუდუმლოდ“ გამოცხადდეს, ყველა ეს უნებლიე თუ ნებსითი სიძულვილი არაფერია იმ სიყვარულთან შედარებით, რაც ვაჟა-ფშაველამ საქართველოსგან მიიღო და, რაც მთავარია, რასაც საქართველოსგან და მსოფლიოსგან მიიღებს.
ვაჟა-ფშაველა თანამედროვე ავტორია, მეტიც, იგი მომავლის ავტორია, იგი ასეთად დარჩება მანამ, სანამ ქართულ ენაზე წიგნის წამკითხველი ერთი კაცი მაინც დარჩება მსოფლიოში, ამხანაგმა სტალინმა კი ვაჟასადმი თავისი დამოკიდებულებით ფაქტობრივად გვითხრა, ოცი ათასი წიგნი კი წავიკითხე, მაგრამ იმდენი მაინც ვერ გავიგე, რომ ვაჟას შევწვდომოდიო. მან ვერ გაიგო ვაჟა-ფშაველა და ეს არც არის გასაკვირი, რადგან ისეთი პოლიტიკურად გარყვნილი და სულიერებისგან დაცლილი არსებისთვის, როგორიც ამხანაგი სტალინი იყო, ვაჟა-ფშაველა და მისი კოსმოსური მასშტაბის პრობლემები ზედმეტი ფუფუნებაა!