უილიამ ფოლკნერის „გარდავედ მოსე“ ამერიკის სამხრეთის შტატების ტრაგედიის ერთი ყველაზე ღრმა და მრავლისმთქმელი რომანია. ამერიკის სამხრეთ შტატებს, როგორც ქვეყანას, უძველესი წყევლა სდევს სტიგმად; ესაა მონობა და რასობრივი დაყოფის დაუძლევლობა.
„გარდავედ მოსეს“ გამოცემისთანავე დაიწყო კამათი – რომანია თუ ნოველების კრებული ეს წიგნიო და დიდხანს არ შემწყდარა. გამოცემიდან შვიდ თვეში ფოლკნერმა გადაამუშავა ნოველები, გადაადგილა და შეავსო, თანამიმდევრულობა და მთლიანობა შესძინა. მერე თავის გამომცემელ სეიკს კომინს გაუგზავნა, რადგან ენდობოდა და იცოდა, არ აურევსო.
1941 წელს, დეკემბერში, ფოლკნერმა სთხოვა გამომცემელს, დალოდებოდნენ, რადგან სურდა მეოთხე თავი დაემატებინა ნოველა „დათვისათვის“, ეს ჩემი საყვარელი და საამაყო ნაწილია და სიფრთხილესა და სიზუსტეს მოითხოვს, რათა შეცდომა არ მოხდესო, ამბობდა იგი. სწორედ ამ თავში აეხდება ფარდა შემზარავ საიდუმლოს, ინცესტს, სისხლის აღრევას, თვითმკვლელობასა და ამპარტავან მცდელობას დანაშაულის ფულით გამოსყიდვისა.
მან აგრეთვე განავრცო „შემოდგომა დელტაზე“, თითქმის სამჯერ გაზარდა. შუა დეკემბრამდე მოათავა დამტებანი. იანვარში ფოლკნერმა მიძღვნა გაუგზავნა გამომცემლობას, „დედილოს, კეროლაინ ბარს“, და წიგნიც დასრულდა.
„გარდავედ მოსე“ ფოლკნერის 1929-42 წლების შემოქმედების მთავარი თხზულებაა. აქ იგი განაგრძობს შესწავლას ოჯახის, ინცესტის, რასის, რასობრივი ქიშპისა და ადამიანისა და ბუნების ურთიერთობისა. რომანის სტრუქტურაა მაკქასლინების ოჯახის გენეალოგია, ყველაზე ჩახლართული საოჯახო ხე იოკნაპატოფას ოლქში. საგულისხმოა კრიტიკოსების მიერ შედგენილი საოჯახო რუკები, რომლებიც გვეხმარება ფოლკნერის მიერ დახატული ოჯახის ტრაგიკული ბედის გაცნობაში.
რომანის მთავარ ნაწილში, „დათვი“, აიზეკ მაკქასლინის ბიძა, ჰუბერტ ბიუჩემი, თავისი დისშვილისათვის მემკვიდრეობად ოქროს მონეტებით სავსე ვერცხლის თასის დატოვებას აპირებს, მაგრამ გავა წლები და თვითონ ჰუბერტ ბიუჩემი ამოაცარიელებს თასს და, როცა დრო მოაწევს, აიკს კალის კრიალა ყავადანი და დაჭმუჭნილი ვექსილებიღა დარჩება.
კრიტიკოსები აქ სამართლიანად ხედავენ კიტსის „ბერძნული ლარნაკის“ ალუზიას, რაკი ნაწარმოებშიც ნახსენებია ეს ლექსი და მიუთითებს უმემკვიდრეობოდ დარჩენასა და „შეჩერებულ მოძრაობაზე“. მაგრამ მრავალნი აქ გაუფასურებელ, ძალადაკარგულ გრაალის თასს ხედავენ, ხოლო აიკს ბერწი მიწის უნუგეშო ყარიბად წარმოსახავენ.
მიწის გაბერწების თემა ტომას ელიოტის „ბერწი მიწის“ საკითხავია. ელიოტმა შუა საუკუნეების ლეგენდა მეოცე საუკუნეში გადმოიტანა.
ელიოტის გავლენა ფოლკნერზე ჯერ კიდევ მის ლექსებში გამოჩნდა. რა თქმა უნდა, იგი კომენტარებსაც გაეცნობოდა და ჯესი ვესტონის წიგნსაც.
„ბერწი მიწის“ პრობლემა ფოლკნერს გადმოაქვს თავის სამშობლოში და იცის, რომ ქვეყანა დაწყევლილია, მიწა – გაბერწებული და ფიქრობს, თუ როგორ უშველოს თავის მიწას, როგორ მოხსნას წყევლა, როგორ დაბრუნდეს იმ მიწაზე, რომელიც ღმერთმა უბოძა მის ხალხს.
ფოლკნერი აიზეკ მაკქასლინს ათქმევინებს, რომ სამხრეთის (ამერიკის შეერთებული სტატების სამხრეთი შტატების) მიწა დაწყევლილია. მიზეზი რთულია, ძნელი და გაურკვეველი:
- მიწას ეუფლებიან, თუმცა კი მიწის დაუფლება შეუძლებელია!
- უსამართლობა შავკანიანთა მიმართ;
- ინცესტი;
- თასის, მემკვიდრეობის გაძარცვა.
ჯესი ვესტონი მიუთითებს, რომ კულტის მსახურმა ქალებმა მოიპარეს თასი და ამის გამო დაისაჯნენ. „გარდავედ მოსეში“ დასჯილი ქალები არიან: იუნისი, ტომი, მენი, ფონსიბა, მოლი, მაგრამ განსაკუთრებით იუნისი და ტომი, როგორც მსხვერპლნი ინცესტისა.
ფოლკნერთან ყველაფერი გართულებული და აღრეულია. იგიც მეოცე საუკუნის ბეჭდით დაბეჭდავს გრაალის ლეგენდას და გვიჩვენებს სრულ დაქვეითებასა და გადაგვარებას უძველესი და თითქოსდა მარადიული ღირებულებებისა.
ვინ არის იაკი? – ნაზარეველი, როგორც თვითონ მიგვანიშნებს, თუ ერთ-ერთი მოგვი, ვინც ყრმა იესოს ეძიებს ფონსიბას სახით? და, თუ აიკია გრაალის თასის მაძიებელი, მაშ რატომ შემოჰყავს ფოლკნერს შავკანიანი პერსივალ ბრაუნლის ყოვლად უმაქნისი, გროტესკული პერსონაჟი თხზულებაში?
შუა საუკუნეების პერსივალი ყველაზე იღბლიანია გრაალის რაინდთაგან, მაგრამ იგი რეგვენია, რაინდული წესების არმცოდნე და გულუბრყვილო. სწორედ ამიტომაა შემოყვანილი პერსივალ ბრაუნლი, ქალაჩუნა, არაფრის მაქნისი, გაიელვებს და გაქრება.
სემ ფადერსი, ბუნი და აიკი მართლაც რომ გრაალის რაინდებივით მოჩანან „დათვში“ აღწერილ ნადირობის სცენებში, მისტიკურ ბებერ ბენს შეჭიდებულნი. კრიტიკოსები მათ გალაჰადს, ბორსა და პერსივალს ადარებენ, როგორც ყველაზე იღბლიანებს. და მათ მართლაც სწყალობთ ბედი; თუკი ბებერი ბენის მონადირებაა წყევლის ახსნა და გრაალის დაბრუნება, ისინი მიზანს აღწევენ, მაგრამ გამარჯვება დამარცხებად შემოუბრუნდებათ; ბებერი ბენის სიკვდილის შემდეგ ძლიერდება წყევლა და მთლიანად იკარგება მიწა.
პერსივალ ბრაუნლი არაა ერთადერთი გადაგვარებული რაინდი. იქვე ჩნდებიან ნაკლებად გროტესკული, მაგრამ ხელმოცარული პერსივალები, ასეთია თუნდაც გევინ სტივენსი, ან ბიძია ბაკი, „იყო“-დან, თავის ნახევარძმა ტომის ტერლიზე რომ ნადირობს და თვითონ აღმოჩნდება მის სოფონსიბას ხელში, რომელიც ერთადერთი წარმატებული მონადირეა ამ ნოველაში, მაგრამ მაინც არ სდებს თავს მონადირედ, ქალბატონად დარჩება და თავის რაინდს წითელ ბაფთას უგზავნის.
ფოლკნერს თვითონაც დაკარგული აქვს იმედი მიწის ხსნისა, მაგრამ მაინც ხედავს გამოსავლის მსგავსს, თუნდაც აიკის შორეულ მოგზაურობაში, რათა კუთვნილი ფული გადასცეს ფონსიბას (მანამდე ჯეიმზი ვერ იპოვა და ამჯერად გაუმართლებს.) აიკის მოგზაურობა მართლაც რომ ძველი პილიგრიმობის მსგავსია და აქ არის ხსნის იმედი, ამიტომ პლანტაციაზეც უარს იტყვის და დურგლობას მოჰკიდებს ხელს.
ფოლკნერი ორნაირ კაცებს ხატავს თავის რომანებში. უბრალო კაცებს, ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფთ, და გაცივილიზებულებს. ძველი სამხრეთელები ბუნებასთან ჰარმონიაში ცხოვრობენ, ახალი, სხვა ხალხი შორდება ბუნებას და დაღუპავენ მას. ძველებს მიწა უყვართ, ახლებს არ ანაღვლებთ. ფოლკნერს ღრმა, ემოციური კავშირი აქვს მიწასთან და ანთროპომორფული თვალსაზრისით განიხილავს ადამიანისა და მიწის ურთიერთობებს. „გარდავედ მოსეში“ სემ ფადერსია ის ძველი კაცი, ვინც განუყოფელია ბუნებისაგან. იგი ინდიელია, თავისუფალი ადამიანი, მაგრამ მთელი ცხოვრება მონა ზანგად გაატარა. ის ეთაყვანება მიწას, წიგნივით კითხულობს უღრან ტყეს და ეს სიყვარული და ცოდნა აიკ მაკქასლინს გადასცა; თუმცა ისინი ასაკით შორს არიან ერთმანეთისაგან, სულით ერთნი არიან და ძველ ხალხს შორის იგულისხმებიან. ფოლკნერის დადებითი პერსონაჟები, იდეალურს სხვებზე უფრო მიახლოებული კაცები და ქალები, ყველანი ძველი ხალხია, გარდასულნი, ასეთები აღარ არიან იოკნაფატოფაში.
აიკ მაკქასლინმა იცის მიწის ყადრი და იცის, თუ როგორ უნდა მოიქცეს და მოექცეს მიწას. იგი ვაჟკაცი კაცის, ბაკ მაკქასლინის, შვილია და გენეტიკურად გადმოსცემია მიწის სიყვარული და ყადრი; სემ ფადერსის აღზრდილია და მისგან შეითვისა ცოდნა და ფილოსოფია, რომ მიწა, ეს მიწა, ახალი მიწა, ტყე ამერიკის სამხრეთისა, არავისი არ არის; და, როცა ამას დაივიწყებს კაცი, მიწა გაპარტახდება და ტყე დაიქცევა. ბაკმა და მისმა ძმამ, ბადიმ, ნაწილობრივ დაძლიეს სეგრეგაცია და რასობრივი შეზღუდულობა, თუნდაც იმით, რომ შავკანიანები სასახლეში დააბინავეს და თვითონ თავიანთი ხელით აშენებული ქოხი იმყოფინეს. აიკი უფრო შორს მიდის, იგი უარს ამბობს მემკვიდრეობაზე, მიწაზე, რადგან სწორედ მას, ვისაც უყვარს მიწა და ესმის მისი არსი, შეუძლია უარი თქვას, დაშორდეს და ამით უფრო მიუახლოვდეს. კანონითა და სამართლით მიწა და პლანტაცია მისია, მაგრამ იცის, რომ სიმართლე სხვაა და მიწა არავის ეკუთვნის. ამიტომ ეუბნება თავის მამიდაშვილ მაკქასლინს:
„ . . . ჩემი არასოდეს ყოფილა, რომ უარი მეთქვა. არც მამაჩემისა ყოფილა და არც ძია ბადისა, რომ გადმოეცათ და უარი მეთქვა, რადგან არასოდეს ყოფილა პაპაჩემისა, რომ მათთვის გადაეცა და ჩემთვის გადმოეცათ, რომ უარი მეთქვა, არც მოხუცი იკემოტუბისა ყოფილა არასოდეს, რომ პაპაჩემისათვის მიეყიდა, რათა მას მემკვიდრეობით დაეტოვებინა და უარი ეთქვათ. იმიტომ, რომ არც არასოდეს ყოფილა იკემოტუბის მამა-პაპისა, იკემოტუბისათვის რომ გადაეცათ პაპაჩემისა ან ნებისმიერი კაცისათვის მისაყიდად, რადგან რაწამს იკემოტუბიმ აღმოაჩინა, რომ შეეძლო ფულად გაეყიდა, იმწამსვე დაკარგა მისი სამარადისოდ ფლობის უფლება, მამა-პაპიდან გადმოსული და კაცს, ვინც ის იყიდა, არაფერი უყიდია“.
და, მათ, ვინც მიწას ფლობდა, ეგონათ, რომ უკეთ იცოდნენ, მოხუც ქაროთერს, მაკქასლინს, ეგონა, რომ „მიწა იყო მისი, შეეძლო ფლობა და გადაცემა, რადგანაც ძლიერი და სასტიკი კაცი ცინიკური თავდაჯერებით, სიამაყით, მედიდურობითა და მძლავრობითაა განწყობილი იმისადმი, რაც მისია: ისე, როგორც უკეთ იცოდა მაიორმა დე სპეინმა და მისი ნაწილი უდაბური ტყისა უფრო დიდი იყო და ძველი, ვიდრე რომელიმე საბუთი: ისევე, როგორც უკეთ იცოდა მოხუცმა ტომას სატპენმა, ვისგანაც მაიორმა დე სპეინმა იყიდა თავისი ნაწილი, ფულით: ისევე, როგორც იკემოტუბმა, ჩიკასოს ტომის ბელადმა, ვისგანაც ტომას სატპენმა იყიდა თავისი ნაწილი ან რომით, ან რითაც გინდა, იცოდა, თავის მხრივ, რომ ამ ტყის გოჯიც კი არ გახლდათ მისი, რათა გადაეცა ან გაეყიდა.“
მიწის დაუფლების მცდელობა ყოველთვის მარცხით მთავრდება. მიწა დაეუფლება მისი ფლობის მსურველს.
გარდავედ მოსე და უთხარი ფარაონს, გაუშვას ჩემი ხალხიო, დაუბარებს ღმერთი მოსეს. ფოლკნერთან ყველაფერი გადანაცვლებულია, მოხუცი ქაროთერსი მოსე კი არა აბრაამია. აიკი ისააკია, აბრაამის ვაჟი, იგი არაა მსხვერპლი, პირიქით გამარჯვებულია, რადგან აბრაამმა თავისი უფროსი შვილი, მონა აგარისაგან შეძენილი ისმაელი, უარყო; ასევე უარყო მოხუცმა ქაროთერსმა იუნისისა და მათი ქალიშვილის, ტომისაგან მიღებული შთამომავლობა ტომის ტერლის სახით. აიკი და ტომის ტერლი ბიძაშვილ-მამიდაშვილები არიან. ტომის ტერლი გამრავლდება, აიკი უშვილოდ რჩება და ყველას ბიძაა და არავისი მამა. ამავე დროს იგი მოსეცაა, რომელმაც უნდა გაათავისუფლოს მონობაში მყოფი თავისი ხალხი. მაგრამ მხოლოდ აიკი არაა მოსე. სხვა რომანში, „დაუმორჩილებელნი“, ნათქვამია, რომ აიკის მამამ და ბიძამ, ბაკმა და ბადიმ, დროს გაუსწრეს და ადრევე აკეთებდნენ იმას, რისთვისაც თითქოსდა ომი ატყდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ მიწა არ ეკუთვნოდა ხალხს, რომ ხალხი ეკუთვნოდა მიწას და რომ მიწა აძლევდა უფლებას ეცხოვრათ მასზე და გამოეყენებინათ, ოღონდ კარგად უნდა მოქცეულიყვნენ, და თუ კარგად არ მოიქცეოდნენ, მიწა დაიბერტყავდა მათ, როგორც ძაღლი იბერტყავს რწყილებს. ისინი ზანგებს ათავისუფლებდნენ არა ფულის ფასად, არამედ პლანტაციაში შრომის ფასად. აიკი იმიტომ ამბობს უარს მემკვიდრეობაზე, პლანტაციაზე, რომ, მისი აზრით, ეს მიწა საერთოა, მისიცაა და შავკანიანი ნათესავებისაც და ინდიელებისაც, რომელთაც პირველთ ეგონათ, რომ ფლობდნენ მიწას.
მთელი რომანის განმავლობაში აიკი ცდილობს და თითქოს გაარღვევს კიდეც სეგრეგაციის საზღვარს, მაგრამ ნოველაში „შემოდგომა დელტაზე“, როცა კვლავ ჩნდება ძველი ცოდვის კვალი – მისი მამიდაშვილის შვილიშვილი შეიყვარებს მულატ ქალს, მისი ზანგი ბიძაშვილის შთამომავალს, ქალი დაფეხმძიმდება და ბიჭს გააჩენს. კაცი უარს ამბობს ქალსა და შვილზე და ფულს უტოვებს. შეძრწუნებული აიკი ურჩევს ქალს, აიღოს ფული, წავიდეს აქედან და ვინმე შავკანიანს გაჰყვეს ცოლად, რითაც კვლავ უბრუნდება თავის რწმენას, რომ შავკანიანები უფრო გამძლეები არიან და ეგებ გადარჩნენ და წყევლაც მოიხსნას. მაგრამ მთავარს არაფერი ეშველება, თეთრკანიანი ფულით იცილებს თავიდან არასასურველ შავკანიან ქალსა და შვილს. სხვა რაღა უნდა ქნას კაცმა, დამარცხდა და ფულით ცდილობს ცოდვის გამოსყიდვას. ასე იქნებოდა რეალობაში და ასეც დასრულდებოდა სხვა მწერალთან, მაგრამ ფოლკნერი არა მარტო ადამიანური ხასიათების მესაიდუმლეა, არამედ სიუჟეტის დიდოსტატიცაა და ამიტომაც მოაძებნინებს გამოსავალს აიკს, რომ მთლად წყალში არ ჩაეყაროს მთელი ცხოვრების მიზანი, მთლად არ გადაეწუროს იმედი. აიკი დასძლევს ზღვარს რასათა შორის და თავის სანუკვარ ნივთს, გენერალ ქომპსონის მიერ ნაჩუქარ ძვირფას სანადირო საყვირს, გადასცემს პატარა ბიჭს, უფრო სწორად, ბიჭის დედას – ბიჭისათვის, რითაც მას მემკვიდრედ აღიარებს. ბერიკაცს შეძრავს ქალის სიტყვები, სიყვარულზე თუ გსმენია რამეო და აიკი ხვდება, რომ შესაძლებელია სიყვარული რასებს შორის და იმასაც ხვდება, რომ ოდესღაც მართლაც იყვნენ რაინდები და ქალბატონებიც იყვნენ და მათი წყალობით აღწევდნენ ღირსებასა და სიქველეს ნამდვილი ვაჟკაცები.
რომანის პროტაგონისტი, რაინდი და მსხვერპლი, აიზეკ მაკქასლინი უშვილოა. მან უარი თქვა მემკვიდრეობაზეც და შვილზეც. და სწორედ ესაა მთავრი პრობლემა; უნაყოფობა უშლის ხელს წყევლის მოხსნას. ნოველაში „შემოდგომა დელტაზე“ იგი არა მარტო სანადირო ადგილისაკენ მიიჩქარის, არამედ წყლისკენაც; სურს, რომ მალე მიადგეს დელტას, წყალს, რომელმაც ბერწი მიწა უნდა გაანაყოფიეროს და მოვიდეს ხსნა. ელიოტთანაც ხომ წყალი ენატრებათ, წყლის ჩუხჩუხის გაგონება. და სწორედ წყლიდან მოდის ქალი წვიმაში, მამაკაცის საწვიმარი მოუხურავს და ხელში თბილად გახვეული ბავშვი უჭირავს. ქალი ქაროთერს მაკქასლინის შთამომავალია, აიზეკის პაპისა, ბავშვი მეექვსე თაობაა და დედამისს მეხუთე თაობის ნათესავის, როთ ედმონდსისაგან შესძენია. დასავლურ ქრისტიანულ მსოფლიოში ხუთ თაობაში ნათესაობა აღარ ითვლება და მათ ქორწინებას ეგებ ხსნა და წყევლის მოხსნაც მოეტანა, მაგრამ აიკ მაკქასლინს თავზარს სცემს წარსულის გაცოცხლება, წრებრუნვა მათი ყოფისა და ურჩევნია, რომ ამ კავშირს, რომელიც ისედაც განწირულია, ხელი შეუშალოს, ბიჭი მემკვიდრედ კი აღიაროს, მაგრამ მოიცილოს, შორს გაუშვას ამ მიწიდან და ეგებ წყევლაც მოიხსნას. ამრიგად, წყალი არაა საშველი, არც ნაყოფიერება და ბავშვის გაჩენა. მაკქასლინები განწირულნი არიან. მაგრამ სამხრეთის გადარჩენა მაინც ეიმედება აიკ მაკქასლინს და სჯერა, რომ ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ დაიძებნებიან კაცები, ვინც ქვეყანასაც დაიცავენ და ქალებსა და ბავშვებსაც.
და ეგებ ქალია მხსნელი მიწისა და მომხსნელი წყევლისა; ქალისა არაფერი ვიციო, ამბობს ფოლკნერი, ვერ გავიგე, ვერ ჩავწვდიო და სწორედ ქალს, თავის ძიძას, უძღვნის რომანს და მის დახატვას ცდილობს. ასეთი ქალია ძალუა მოლი ნოველებიდან – „ცეცხლი და კერია“ და „გარდავედ მოსე“; იგი ინარჩუნებს ზნეობას, სიხარბის ცოდვისაგან იხსნის ქმარს, ლუკას ბიუჩემს, და კერიაზე ცეცხლს გადაარჩენს. მოლი ზრუნავს თავის შვილიშვილზე, სადღაც ჩრდილოეთში რომ დასაჯეს სიკვდილით, ჩამოატანინებს მის ნეშტს და მშობლიურ მიწაზე დამარხავს, წინაპრების, მაკქასლინებისა და მათი შავკანიანი ნათესავების მიწაზე. აქ მას კიდევ ერთი დაკნინებული რაინდი ეხმარება, გევინ სტივენსი (გევეინი).
როთ ედმონდსმა გაჰყიდა ჩემი ბენჯამინიო, ეგვიპტეში გაჰყიდაო, ტირის მოლი და აქ უნდა გაგვახსენდეს, რომ ეგვიპტეში გაყიდულმა და იქ გადიდკაცებულმა იოსებმა, როცა ბენიამინის დატოვება გადაწყვიტა თავისთან, ვერცხლის თასი ჩაუდო ბარგში და ქურდობა დააბრალა. და მოლიმ იცის, თუ რა ღირებულება აქვს ვერცხლის თასს, თეთრების მიერ დაკნინებულ თასს; იცის, რომ ამით ძმები უნდა შეარიგოს, და იცის მაშინ, როცა როთ ედმონდსს ვერ გაუგია უბრალო ჭეშმარიტება და თავი მაღლა მოაქვს.
ქალია მთავარი ნოველაში „ცეცხლი და კერია“. ნოველის პროტაგონისტი თითქოსდა ლუკას ბიუჩემია, ქაროთერს მაკქასლინის შთამომავალი, ნამდვილი მემკვიდრე, ვაჟკაცი, ვისაც შეუძლია თეთრკანიანს თვალი გაუსწოროს, შეებრძოლოს და დაამარცხოს. მაგრამ ისიც დაწყევლილია, სიხარბე დასძლევს, გამდიდრებას მოინდომებს და დამარხული ოქროს ძებნას დაიწყებს. უარს ამბობს მიწაზე, აღარ სურს ხვნა-თესვა, მიწის განაყოფიერება, მოსავლის მოწევა და აღება და მზადაა, მიატოვოს მიწა, გააბერწოს და გააპარტახოს. და რომ არა ქალი, მეუღლე, ასეც მოხდებოდა. მოლი იღებს გადაწყვეტილებას, გასცილდეს ქმარს და არ უყუროს მის გადაგვარებას და თავის სიმტკიცით დაამარცხებს ვაჟკაცის ნებას. ეს ნოველა დაბალმიმეტურ კომედიად გვეჩვენება თავიდან, მაგრამ ფინალში დრამატულობა იძალებს და ტრაგედიამდე არაფერი უკლია.
და რასობრივი გაუცხოების გადალახვასაც მხოლოდ ქალები ახერხებენ; რომანის ბოლო მოთხრობაში, „გარდავედ მოსე“, ისინი არა მარტო დაღუპულს გლოვობენ ერთად, არამედ გამძლეობის იშვიათ, ზნეობრივ მაგალითსაც გვიჩვენებენ. ისინი ერთად გაიზარდნენ, მის ვორშემი და მოლი, დებივით არიან და კანის ფერი ხელს არ უშლით ერთად იგლოვონ და წესიც ერთად აღასრულონ.
2.
უილიამ ფოლკნერი წარსულის სიღრმეებში მიდის წყევლის არსის ჩასაწვდომად (გრაალის თასი, ბიბლია).
მეოცე საუკუნის ქართველი მწერლებიც უღმავდებიან თავისი ქვეყნის ისტორიასა და მითოლოგიას ქვეყნის უიღბლობისა და უბედურების მიზეზების გამოსარკვევად.
ფოლკნერის რომანში ქვეყნის უბედურების მიზეზი მონობაა, აქედან წამოსული რასობრივი შეგუებლობა, რაც წყევლად მოვლენია ამერიკის სამხრეთის შტატებს. და ამის გამოა, რომ პარტახდება მამული, იკარგება მიწა, ნადგურდება ტყე, სხვა ხალხი ეპატრონება.
ქართულ მწერლობაში ერის უბედურება გარეშე მტრის მოტანილია, მაგრამ მიზეზი გარედან მოსული მტრის გამარჯვებისა მხოლოდ მისი ძლიერება კი არაა, არამედ შიდა განხეთქილება და მტრობა.
ასეა „ვეფხისტყაოსანში“, ასეა დავით გურამიშვილთან, ასეა ილიასთან, ყაზბეგთან, ასეა მიხეილ ჯავახიშვილთან, გრიგოლ რობაქიძესთან, კონსტანტინე გამსახურდიასთან, ოთარ ჩხეიძესთან.
უილიამ ფოლკნერის „გარდავედ მოსე“ სტრუქტრულად ყველაზე ახლოს მიხეილ ჯავახიშვილის „გივი შადურთანაა“, ხოლო თემით – კონსტანტინე გამსახურდიას „დიონისოს ღიმილთან“.
წყევლა კონსტანტინე გამსახურდიას „დიონისოს ღიმილის“ მთავარი თემაა.
ესაა საბედისწერო და საშინელი წყევლა მომაკვდავი მამისა, რაც ახდება და კონსტანტინე სავარსამიძე სამუდამო ხეტიალისა და უნაყოფობისათვის გაიწირება, გაუცხოვდება თავისი სამშობლოსაგან; მამა ხედავს, რომ შვილს არ სურს მიწა-მამულზე ზრუნვა და აფრთხილებს წყევლით:
„თუ ამ ოჯახის ფუძე და საძირკველი დაანგრიო, ისე ადუღდეს ჩემგან ნასესხები სისხლი მაგ შენს ძარღვებში, რომ შენვე სძიძგნიდე იმ ჩემს ხორცს მაგ შენს მკლავებზე, როგორც დამშეული ფოცხვერი – ირმის ჩონჩხს.
თუ ჩემი და ჩემი წინაპრების სისხლით და ოფლით მონაგარი მამული გაჰყიდო, ან გაჰფლანგო, ნუმც გაჩვენოს ღმერთმა ის სიხარული, საკუთარი ხელით გამომარგლული სიმინდის აბრეშუმივით ფოჩვისაგან რომ იგრძნობს მეყანე, ნუმც საკუთარი ხელით გასხლული ვაზის გულამომჯდარი ქვითინის სიტკბოება.
თუ კვამლი ჩააქრო ამ ოჯახში, ისე გაგაქროს წმ. ხახულის ღვთისმშობელმა, როგორც ყინულზე დავარდნილი ნაპერწკალი. და თუ ჩემი გზა დაივიწყო და ტაია შელიას უკუღმართ გზებს მისდიო, ღმერთმა გზა დაგიბნიოს. თუ ჩემი სიტყვა შენი გონების ყამირზე არ დაეცეს, ჩემი შენდამი მობარებული თესლი ისე მოგიშხამოს სუჯუნის წმ. გიორგიმ, რომ ვერც ერთმა დედაკაცმა ვერ გაუძლოს შენი თესლის ნაყოფის შობას. და ყოველი ქალი, რომელსაც შენ გაეკარები, ისე უნაყოფო ქნას წმიდა გიორგიმ და მაცხოვარმა, როგორც ეწერის ჭაობში მდგარი თხმელაა, ზამთარ-ზაფხულ შტოებშემხმარი ყვავილებს რომ ვერ ისხამს.“
კონსტანტინე სავარსამიძის მამა მიწის კაცი იყო, მიწა უყვარდა, მიწის გამო ედავებოდა ყველას. კონსტანტინე სავარსამიძე უარს ამბობს მამის ცხოვრებაზე და ტაია შელაის უკუღმართ გზაზე დგება. და არც ეს გზაა უკუღმართი, ტაია შელია სემ ფადერსივით ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფი კაცია, ხოლო სავარსამიძის მამა კი მაკქასლინ ედმონდსივით – გაცივილიზებული. ტაია შელიამ იცის, რომ მიწას არ შეიძლება დაეუფლო, სავარსამიძის მამა კი მთელი ცხოვრება მიწის დაუფლებას ცდილობს. კონსტანტინე სავარსამიძე მამის სახლს ანგრევს და მის მიწას ყიდის და ამის შემდეგ გადაიქცევა მარადიულ ყარიბად, უნაყოფო არსებად.
საგულისხმოა, თუ რამ აქცია სავარსამიძე მარადიულ ყარიბად – მამის წყევლამ თუ იმან, რომ მამის მიწა გაყიდა და ფული გაფლანგა, ეგებ სწორედ იქაა წყევლა, რომ თუმცა მიწას არ ეუფლება და თითქოსდა ტაია შელიას, ანუ ბუნებასთან ჰარმონიულად მცხოვრები კაცის, გზა უნდა აირჩიოს, მაგრამ არც ამ გზას დაადგება და უმიზნოდ ხეტიალს იწყებს მთელ ქვეყანაზე.
ცხოვრების ნახევარ გზაზე იგი მიხვდება, რომ მამის ანდერძისათვის არ უნდა ეღალატა: „მიტომაც დავიტანჯე, რომ მამის ანდერძს გადავუხვიე; ევროპაში ამ უკანასკნელ წლებში მუდამ ვენახი მეზმანება. ხანდახან გიჟური სურვილი ამიტანს, – დავბრუნდე საქართველოში, მამის ნასახლარი მოვძებნო და ვენახი გავაშენო“. ცხოვრების ნახევარგზაზე კონსტანტინე სავარსამიძე აღიარებს, რომ „მიწა და სისხლი სიკვდილზე უფრო ძლიერია“. მაგრამ უკან დაბრუნება შეუძლებელია.
მამა ეზმანება სავარსამიძეს და ევედრება მამას, ახსნას წყევლა და დაუბრუნოს მიწა და ვენახი, მაგრამ მამასაც აღარ შეუძლია წყევლის ახსნა.
აღარც ტაია შელიას ძალუძს გაჩხიბულ-გათვალულის შველა, თუმცა კი მისკენ მიილტვის კონსტანტინე სავარსამიძე.
ბრძოლაც აღარ შეუძლია სავარსამიძეს და მტერსა და დამპყრობს მხოლოდ ზმანებაში ერკინება.
ამრიგად, წყევლა მიწიდან მოწყვეტაა, ანუ დაწყევლილია კაცი, ვინც მიწას მოსწყდება, რაც, ერთი მხრივ, მისგან გაქცევაში გამოიხატება და, მეორე მხრივ, მიწასთან ჰარმონიაში ცხოვრების ნაცვლად, მისი დაუფლების მცდელობასა და ყიდვა-გაყიდვის ობიექტად გადაქცევაში.