ვერგილიუსის სიკვდილი და სიცოცხლე

ვერგილიუსის სიკვდილი და სიცოცხლე
გიგა ზედანია

პუბლიუს ვერგილიუს მარო. “ენეიდა”. ლათინურიდან თარგმნა ლევან ბერძენიშვილმა. ნელი ამაშუკელის სახელობის მთარგმნელთა ფონდი. თბილისი. 2019. 410 გვ.

ჰერმან ბროხი. “ვერგილიუსის სიკვდილი”. გერმანულიდან თარგმნა რუსუდან ღვინეფაძემ. გამომცემლობაალეფი”. თბილისი 2019. 422 გვ

ცენტრალური ევროპის ქალაქში ლათინურის საუნივერსიტეტო გამოცდიდან გამოვედით, კაფეში დავსხედით და ნერვიულობა დავიწყეთ. “ჩვენი მასწავლებლით ვარ ძალიან უკმაყოფილო”, გაგვანდო გერმანელმა კომილიტონმა, “ისე გვასწავლის ლათინურს, გეგონება, მე-19 საუკუნეში ვცხოვრობდეთ, არადა, რამდენი ახალი მიდგომა არსებობს უკვე”. 

სულ პირიქით, მე-19 საუკუნეში დისერტაციებს ჯერ კიდევ ლათინურ ენაზე წერდნენ, ჩვენ კი, მეოცე საუკუნის ბოლო წელს და ახალი მიდგომის პირობებში, ბრუნებაუღლების ჩაბარება გვიწევს”, იყო სწორი პასუხი ამ წუწუნზე. პროგრესი ბევრად უფრო დიდი ჩანს, ვიდრე სინამდვილეშია

ხოლო ამ საუბრის პარალელურად, კინოში გადიოდა პოლანსკისმეცხრე კარიბჭე”, რომლის სიუჟეტის მთავარ მომენტებში პერსონაჟები ნახულობენ ძველ ლათინურ წიგნებში ჩატანებულ მაგიური ძალის მქონე ილუსტრაციებს, ხოლო თავად წიგნებსწვავენ. ალეგორია ნათელზე ნათელი იყოლათინური ენის დაკნინების ფონზე, ენისა, რომელიც დასავლურ ცივილიზაციას საფუძვლად უდევს, თანამედროვე ადამიანს სხვა არაფერი რჩება, თუ არა ვიზუალური ბარბარიზმიდაკმაყოფილდეს ილუსტრაციებით იქ, სადაც, მაღალი ალბათობით, ტექსტი შეუდარებლად უფრო დიდ სიმდიდრეს ფარავს

აი, საქართველოში კი ლათინური არასოდეს დაგვვიწყნია, რადგან ის არც გვცოდნია (ყოველ შემთხვევაში, იმ პერიოდიდან მოყოლებული, რაც ქართული ლიტერატურა გაჩნდა). Latinitas – ესაა ევროპის ის განზომილება, რომელიც ჩვენთვის უცნობია, ან, შეიძლება, უცხოც კი. როდესაც ფილოსოფოსები კოჟევი და აგამბენი ლათინური იმპერიის შექმნაზე საუბრობენ, ისინი გულისხმობენ ევროპას, სადაც ჩვენ არ ვიქნებოდით. საბედნიეროდ, ევროპა მრავალფეროვანია და ჰეტეროგენული. ჩვენ თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ჩვენს თავსშავი ზღვის ევროპადა გავიხსენოთ, რომ იმპერატორმა ავგუსტუსმა დიდი რომაელი პოეტი სწორედ ამ ზღვის სანაპირო ქალაქში გადმოასახლა

დღეს კი ლათინური ქართველი ინტელექტუალებისათვის იგივეა, რაც ფრანგულიქართველი სნობებისათვისლტოლვა ცოდნის გარეშე

ამიტომაც შეუძლებელია არ შევიმჩნიოთ, რომ 2019 წელს ქართულ ენაზე  ლათინურობის შესახებ ორი უმნიშვნელოვანესი წიგნი ითარგმნა: ვერგილიუსისენეიდადა ჰერმან ბროხისვერგლიუსის სიკვდილი”. 

ამ ორიდან პირველი ისეთი წიგნია, ყველამ რომ იცის და თითქმის არავის წაუკითხავს. ლევან ბერძენიშვილის თარგმანი ამ ვითარებას შეცვლის. აქ უნდა ითქვას, რომ ლევან ბერძენიშვილი ძალიან იშვიათია იმ ქართველ მთარგმნელთგან, რომელსაც, ცნობილი ფილმის ფინალი რომ გავიხსენოთ, ჩვენ კი არ ვიმსახურებთ, არამედ რომელიც ჩვენ გვჭირდება. მას არ მოუნდა, კლასიკური ტექსტისათვის არარელევენტური კომენტარების ასობით გვერდი მიემატებინა, რათა შთაბეჭდილება მოეხდინა უვიც მკითხველზე; ის არც იმას ცდილობს, დაგვაბრმავოს საკუთარი ოსტატობით ორიგინალის ხარჯზე, რაც ერთადერთიდა სრულიად უსამართლოგზაა, საქართველოში მოიპოვო კარგი მთარგმნელის სტატუსი

არა, “ენეიდის”  ახალი თარგმანი პროზაულია, შინაარსობრივად ზუსტი, ქართული ენის ფლობის მხრივუზადო, მაგრამ უბრალო. ის არ ისახავს მიზნად იმას, რაც 1960-იან წლებში პიერ კლოსოვსკიმ ვერგილიუსის ტექსტის ფრანგული თარგმანით გააკეთაგააუცხოვა ფრანგული ენა, რათა მას საკუთარ თავში მოეცვა ლათინური ლექსის სტრუქტურები, რადგან ეპიკური პოეზია არა მხოლოდ უბრალოდ აღწერს ქმედებებს, არამედ აირეკლავს და ახორციელებს კიდეც მათ. ყველა მთარგმნელი კულტურულ კონტექსტში თარგმნის. ჩვენ, განსხვავებით ფრანგებისგან, “ენეიდისსაბაზისო ტექსტი გვჭირდებოდა. დღეს ჩვენ ის გვაქვს.  

ენეიდაერთერთი უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია იმის გასაგებად, თუ რა არის დასავლური ლიტერატურა კონკრეტულად და დასავლური ცივილიზაცია ზოგადად. ესაა მისი ერთერთი უმნიშვნელოვანესი ლათინური შენაკადის ფუძემდებლური ტექსტი. შემთხვევითი არ არის, რომ დანტეს მეგზური ჯოჯოხეთსა და სალხინებელში ვერგილიუსიალათინური შუა საუკუნეებისათვის „ენეიდა“ ბიბლიის შემდეგ ყველაზე მნიშნელოვანი ტექსტი გახლდათ. „ენეიდა“ ჰომეროსთან დიალოგში იყო ჩაფიქრებული, მაგრამ მან საგრძნობლად შეცვალა ბერძნული მოდელის მახასიათებლები – თუ ოდისევსი სახლში ბრუნდება, ენეასი განადგურებული სახლიდან მიდის. სწორედ ამიტომ ვერგილიუსის გმირის სამყარო უფრო ღიაა, თუმცა მასში ნამდვილად არის ტელეოლოგიური, ფატუმის მიერ დასახული მიზნის აღსრულების მომენტიც. სამაგიეროდ ის მომავალზეა მიმართული – სწორედ რომაელი პოეტის აღმოჩენაა მომავალი, როგორც თხრობის საგანი. მისი წინამორბედები წარსულით უფრო იყვნენ დაინტერესებულნი, ვერგილიუსმა კი წინასწარმეტყველების ფორმის ინტენსიური გამოყენებით ტექსტში შექმნა დაძაბულობა აწმყოსა და მომავალს შორის, რომელიც უნისონში მოვიდა მის გარდაცვალების შემდეგ მალევე გაჩენილ ქრისტიანულ ესქატოლოგიასთან. 

არაფერი აჩვენებს ისე ნათლად გადასვლას კლასიკიდან მოდერნზე, როგორც ენეიდის შემდეგვერგილიუსის სიკვდილის“ გადაკითხვა. თუ უდიდესი რომაული ეპოსი ეპიკურსავე გმირზეა კონცენტრირებული, მეოცე საუკუნის ერთერთი უმნიშვნელოვანესი რომანი პოეტის უკანასკნელ თვრამეტ საათს აღგვიწერს. ლიტერატურა თვითრეფლექსიურობის ხანაშია შესული, მისი მზერა გარეთ კი არაა მიპყრობილი, არამედ შიგნით.  ოღონდ ხელოვნების ნაწარმოების ეს საკუთარ თავზე მიპრყობილი მზერა არ ნიშნავს სამყაროს დავიწყებასხელოვნება იმდენად მნიშვენლოვანია, რომ მასთან მიმართებაში ბევრის გაგება შეიძლება, მაგალითად, იმპერიისა და პოლიტიკის. “ვერგილიუსის სიკვდილიპოლიტიკასა და ხელოვნებას შორის ურთიერთობის შესახებ მედიტაციასაც წარმოადგენს

„ვერგილიუსის სიკვდილი“ 1945 წელს გამოქვეყნდა. ის არის გაგრძელება დიდი მოდერნისტული ავსტრიული ლიტერატურისა, რომელმაც მოგვცა კაფკა, მუზილი და კანეტი. ბროხი ამ ოთხეულიდან ყველაზე მეტად „დაიჩაგრა“ ფართო მკითხველის ყურადღების მიპყრობის კუთხით, თუმცა ის ნამდვილად არ ყოფილა – თუნდაც ამ ოთხეულში – მნიშვნელობით უკანასკნელი. 

ბროხსაც უფრო მისი ტრილოგიით – „მთვარეულნი“ იცნობენ, რომანით, რომელიც ერთი-ერთი ყველაზე ყოვლისმომცველი და ღრმა რეფლექსიაა თანამედროვე საზოგადოებაზე, რომელიც ხელთ გვაქვს. „ვერგილიუსის სიკვდილი“ ბევრად უფრო ეზოთერული და რთული ტექსტია, პოეტური და მეტაფიზიკური, მაგრამ ასევე პოლიტიკური. აქ კომპლიმენტი უნდა ვუთხრათ ქართველ მთარგმნელს, რომელმაც, მთლიანობაში, წარმატებით გაართვა თავი ამ დიდი და დიადი წიგნის თარგმანს, რაც იშვიათი მიღწევაა თანამედროვე ქართულ მთარგმნელობით კონტექსტში. 

ბროხის რომანი 30-იან წლებში იწერებოდა, ნაციზმის აღზევების პერიოდში, როდესაც ბროხმა გამოსცადა დევნა, დაპატიმრება, ემიგრაცია. ამიტომ, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ რომანის ნაწილი პოეტსა და იმპერატორს შორის დიალოგს ეთმობა, ბუნებრივად ვიწყებთ პერიოდის მთავარი კონფლიქტების ძებნას ანტიკურობის შესახებ რომანში. რომანის მთავარი ინტრიგა იმაში მდგომარეობს, გაანადგურებს თუ არა მომაკვდავი ვერგილიუსი თავის მთავარ ნაწარმოებს – რასაკვირველია, „ენეიდას“. ხელოვნების ნიმუშის დამალვის თემა ერთ-ერთი ფუნდამენტურია თანამედროვე ესთეტიკური გამოცდილებისათვის, დაწყებული ბალზაკის „უცნობი შედევრითა“ და დამთავრებული ვენდერსის „ლისაბონური ამბით“ (ბლანშოსა და მრავალი სხვა ავტორის გავლით). მაგრამ ბროხი მოულოდნელ სვლას აკეთებს: ის ხელოვნების გადარჩენის საკითხს პოლიტიკას უკავშირებს. რომანის დრამატული პიკი მოდის იმპერატორსა და პოეტს შორის დავაზე, სადაც ავგუსტუსი არწმუნებს ვერგილიუსს პოემის გადარჩენის აუცილებლობაში. დიქტატორის მიზანი გასაგებია – მას უნდა, ვერგილიუსის წიგნი თავისი მმართველობის ლეგიტიმაციისათვის გამოიყენოს. მკვლევარები ხშირად ხედავდნენ რომაელ დიქტატორში ჰიტლერის პროტოტიპს და უკვირდათ, რატომ გადაწყვეტს საბოლოოდ პოეტი, არ დაწვას „ენეიდა“ და დაუჯეროს რომის მმართველს. 

მაგრამ სწორედ აქ ვლინდება თანამედროვე მკვლევრების სიბრმავე – ბროხი, ისევე როგორც ვერგილიუსი, იმპერიაზე წერს, ოღონდ მისი imperium, ან, რომაელი პოეტი იტყოდა, regere imperio populos, ვერ იქნება მესამე რაიხი. ნაცისტებისგან დევნილმა ბროხმა თავი ამერიკის შეერთებულ შტატებს შეაფარა. იქ ის ხედავდა იმედს „დემოკრატიის იმპერიისა“ და, როგორც ჩანს, ვერგილიუსის კომპრომისიც პოლიტიკასთან ამ ტიპის წესრიგთან გარიგებას ეყრდნობა. არ დაგვავიწყდეს – ვერგილიუსი საუკუნეების განმავლობაში განიხილებოდა როგორც პოეტი, რომელმაც თავის მეოთხე ეკლოგაში ქრისტიანობის დადგომა იწინასწარმეტყველა. ბროხის ვერგილიუსიც ნაზიარებია ამ იმედს და სწორედ ამიტომაც შეიძლება შეეგუოს „პროვიზიონალურ იმპერიას“, რომელმაც სამოქალაქო ომების შემდეგ მშვიდობა მოიტანა. ლიტერატურულ-პოლიტიკური თეოლოგია აქ აღწევს წერტილს, რომელიც პოლიტიკის ესთეტიზაციისა და ესთეტიკის პოლიტიზაციის მიღმაა. 

ამ ორი, ერთმანეთთან ასე მჭირდოდ დაკავშირებული წიგნის ერთდროულად გამოსვლა სასიამოვნოცაა და სასარგებლოც. ცუდი ამ სინქრონულობაში მხოლოდ ერთია – ბროხის რომანი სავსეა პირდაპირი თუ შეფარული ციტატებით ვერგილიუსის ტექსტიდან, რასაც ქართველი მკითხველი ყოველთვის ვერ მიხვდება, რადგან გერმანული ტექსტის თარგმანისას ლათინური ეპოსის ახალი ქართული ვერსიის გამოყენება ვერ მოხერხდებოდა.